ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული
თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა
IX
თავისი პლანეტიდან გაქცევისას იგი ალბათ გარეულ ფრინველთა გუნდს შეუერთდა. იმ დილას მან საგულდაგულოდ დაალაგა თავისი პლანეტა: გულმოდგინედ ამოწმინდა მოქმედი ვულკანები. მას ორი მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ამ ვულკანების ცეცხლზე იმზადებდა დილით საუზმეს. უფლისწულის პლანეტაზე ერთი ჩამქრალი ვულკანიც იყო, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის ასევე გულდასმით ამოწმინდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, „არავინ იცის, რა მოხდება“. თუ ვულკანი კარგადა გაქვს გაწმენდილი, მისი ცეცხლი თანაბრად ანთია და არასოდეს ამოიფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარსა ჰგავს. დედამიწის მკვიდრნი, ძალიან პატარები ვართ და ძალგვიძს ამოვწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის.
მართალია, გამგზავრების წინ ძალიან დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მაინც ამოძირკვა ახლადამოწვერილი ბაობაბის ფესვები. მას ეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრიდა იმ დილით. როდესაც უკანასკნელად მორწყო ყვავილი და სარქველი უნდა დაეხურა, თვალები ცრემლით აევსო.
– მშვიდობით, – უთხრა ყვავილს.
მაგრამ ყვავილმა ხმა არ გასცა.
– მშვიდობით, – გაუმეორა პატარა უფლისწულმა.
ყვავილმა დაახველა. მაგრამ ეს გაციების ბრალი არ იყო.
– სულელი ვიყავი, – თქვა ყვავილმა ბოლოს, – მომიტევე და ეცადე ბედნიერება ჰპოვო.
პატარა უფლისწული გააოცა იმან, რომ ყვავილს საყვედური არ უთქვამს. იგი ადგილზე გაქვავდა, შეცბუნებული და დაბნეული. ვერ გაეგო ამ უჩვეულო სინაზის მიზეზი.
– დიახ, მიყვარხარ, – განაგრძო ყვავილმა – ჩემი ბრალია, რომ ეს არ იცოდი. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენც ჩემსავით სულელი იყავი. გისურვებ ბედნიერებას… ეს მინის სარქველი კი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება.
– კი მაგრამ, ქარი…
– მე ისე გაციებული ვარ… ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ.
მაგრამ ნადირებმა რომ…
– თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო. პეპლები ალბათ, ძალიან ლამაზები არიან. მათ გარდა სხვა ვინღა მომაკითხავს? შენ ხომ შორს იქნები. მეც ხომ მაქვს ბრჭყალები. – და მან თავისი ოთხი ეკალი დაანახა პატარა უფლისწულს.
– ნუღა აყოვნებ, – დასძინა მან, – ეს აუტანელია! რაკი წასვლა გადაწყვიტე, წადი.
მას არ უნდოდა, რომ პატარა უფლისწულს მისი ცრემლები დაენახა. იგი ძალიან ამაყი ყვავილი იყო.