ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული
თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა
V
ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა მან იგი, ანდა, როგორ იმოგზაურა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვებოდა პატარა უფლისწული თავის ამბებს, როცა შემთხვევით სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეული უბედურების ამბავი.
და ამასაც ბატკანს უნდა ვუმადლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო, პატარა უფლისწული შემეკითხა:
– ხომ მართალია, რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს?
– სრული სიმართლეა.
– როგორ მიხარია!
ვერ მივხვდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს. მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა:
– რაკი ეგრეა, ბაობაბსაც რომ შეჭამს?
მე ავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა, ტაძრის ოდენა ხეა და, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს-მეთქი.
სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა:
– ოღონდ სპილოები ერთმანეთის ზურგზე უნდა შეგვესვა…
შემდეგ კი დინჯად განმიმარტა:
– სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა.
– მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს?
– როგორ თუ რატომ! – ისე მომიგო მან, თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს. მე კი თავისმტვრევა დამჭირდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი – ცუდი, მაგრამ თესლი უხილავია. მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში, სანამ გამოღვიძებას არ მოისურვებს. და აი – პატარა თესლი თვალებს მოიფშვნეტს, გაიზმორებს და გაუბედავად აღმართავს მზისკენ მშვენიერ, უწყინარ, პატარა ყლორტს. თუ ეს ბოლოკის ან ვარდის ყლორტია, დე იხაროს, სადაც მოესურვება. მაგრამ თუ იგი ცუდი მცენარეა. მაშინვე უნდა ამოიძირკვოს. პატარა უფლისწული პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა… ეს თესლი მთელი პლანეტის ნიადაგს მოსდებია. ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილებ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაფლეთებად აქციონ იგი!
– მთავარია დისციპლინა, – მითხრა პატარა უფლისწულმა, – როგორც კი დილით ხელ-პირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას. როგორც კი შეამჩნევ ბაობაბის ახლადამოწვერილ ყლორტებს და მიხვდები, რომ ეს ბაობაბია და არა ვარდის ბუჩქი, რომელსაც იგი თავდაპირველად ძალიან ჰგავს, ხელადვე უნდა ამოძირკვო. ეს ძალიან მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ ძალიან ადვილიც.
ერთხელ პატარა უფლისწულმა მირჩია კარგად დამეხატა ბაობაბი, რომ ჩვენი ქვეყნის ბავშვებს უკეთ გაეგოთ ყველაფერი.
„თუ ოდესმე იმოგზაურებენ – მითხრა მან, – გამოადგებათ. ზოგიერთი სამუშაოს სახვალიოდ გადადებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ როცა საქმე ბაობაბს ეხება, დაყოვნება დამღუპველია. მე ერთი პლანეტა ვიცოდი, სადაც ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. მან დროზე ვერ შენიშნა სამი პატარა ბუჩქი და…“
პატარა უფლისწულის მონაყოლის მიხედვით მე დავხატე ის პლანეტა. ძალიან არ მიყვარს მორალისტის ტონით ლაპარაკი, მაგრამ რადგან ბევრმა არ იცის, რა საფრთხე მოელის ადამიანს, თუ იგი ასტეროიდზე მოხვდა, გადავწყვიტე დავარღვიო ჩემი ჩვეულება და ვამბობ: „ბავშვებო! უფრთხილდით ბაობაბს!“ მინდა ჩემს მეგობრებს დავანახო ის საფრთხე, რომელიც მათ დიდი ხანია ემუქრება და ვერ ხედავენ, ისევე როგორც მე ვერ ვხედავდი. ამიტომ ვიშრომე ამდენი ამ სურათზე და არც ვნანობ. იქნებ მკითხოთ, რატომ არ არის ამ წიგნში სხვა ისეთი დიდი ნახატი, როგორიც ამ ბაობაბების სურათია. პასუხი მარტივია: ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ხოლო როცა ბაობაბებს ვხატავდი, შეგნებული მქონდა, რომ ამ სურათის დახატვა აუცილებელი იყო და ეს შეგნება მაძლევდა ძალას.