ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული

თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა

ლეონ ვერტს

პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:

ლეონ ვერტს.
როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

I

ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი.

წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“.

მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1.

ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ – მომიგეს მათ.

მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო:

დიდებმა მირჩიეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნობოდა, თუ გარედან, და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.

ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე.

ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლო გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში.

როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა. მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ – „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს.

II

ასე მარტოდმარტო ვცხოვრობდი და არავისთან შემეძლო გულითადი საუბარი, ვიდრე ერთხელ, ამ ექვსიოდე წლის წინათ, საჰარის უდაბნოში არ მომიხდა იძულებით დაშვება. ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღად დაუზიანდა და, ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეცადა დაზიანებული ნაწილის შეკეთება. ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი-დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა.

ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შერჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:

– თუ შეიძლება… დამიხატე ბატკანი!

– რა?

 – ბატკანი დამიხატე!

ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დიდებმა ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლისა ვიყავი, და მეც ვარაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილით დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული. იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა საკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. როგორც კი მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე:

– კი მაგრამ… აქ რას აკეთებ?

პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:

– თუ შეიძლება… დამიხატე ბატკანი…

როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი. მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. მაგრამ ბუჭუნამ მომიგო:

– ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი.

ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო – ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა:

– არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი – ძალიან დიდი. აქ, ჩემთან, ყველაფერი ძალზე პატარაა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი.

და მეც დავუხატე.

იგი გულისყურით დააქცერდა ჩემს ნახატს და მითხრა:

– არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე.

სხვა დავუხატე.

ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:

– შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს…

ისევ დავუხატე, მაგრამ მან ესეც დამიწუნა.

– ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

უკვე ამევსო მოთმინების ფიალა… ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე.

თანაც დავძინე:

– აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.

– სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?

– რატომ მეკითხები?

– იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.

– მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე…

იგი ისევ დააცქერდა ნახატს:

– არც ისე პატარაა… შეხედე! უკვე ჩასძინებია…

ასე გავიცანი პატარა უფლისწული.

1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button