ბიოგრაფია

დოდო ჭიჭინაძე

1925 წლის 28 თებერვალს ქუთაისში დაბადებულმა ბავშვმა ყვარელში გაახილა თვალი. პირველად აქ იხილა დედა _ ყვარელი, როგორც მშობელი. ნათლია ვახტანგ ტაბლიაშვილის მამა იყო, რომელიც იმხანად ყვარლის ეკლესიის მოძღვარი გახლდათ. პირველი ნაბიჯებიც ყვარლის მიწაზე გადადგა და საშუალო სკოლაც აქ დაამთავრა. პირველი მეგობრებიც ყვარელში ჰყავდა.

ყველაფერი პირველი ყვარელთან აკავშირებს, მაგრამ მისმა თვალისმომჭრელმა სილამაზემ კინოს აზიარა და მთელმა საქართველომ საამაყო შვილად გამოაცხადა.

მსახიობს ნუ ჰკითხავ რომელია შენი ბედნიერი დღეებიო. ის იმდენად ბევრია, რომ ჩამოთვლა ჭირს. რომელი ერთი პრემიერის დღე გავიხსენოთ, მაყურებლისგან ნაჩუქარი რომელი ერთი ვარდის თაიგული, აღტაცება და სიხარული. აღარას ვამბობთ იმ სახელშეურქმეველ ბედნიერებაზე, რომლითაც სიყვარული ასაჩუქრებს ადამიანს, მაგრამ ქალბატონ დოდოს ყველასგან გამორჩეული ბედნიერი დღე აჩუქა ბედმა 1949 წელს.

ქართული კინოსა და თეატრის მომავალი აღიარებული ვარსკვლავი, ბედმა მწვანილის საყიდლად გზად მიმავალი გოგონა აპოვნინა რეჟისორს. მიზნის მისაღწევად დახმარება ამ ფილმის სცენარის ავტორს სიმონ ჩიქოვანს სთხოვეს.

პოეტის მეუღლე _ ქალბატონი მარიკა ასათიანი, დოდოს მამის მკვიდრი დეიდაშვილი აღმოჩნდა. ბატონ სიმონს უთქვამს: თავი დაანებეთ მაგ საქმეს, მგონი მამამისი თავისი ქალიშვილისთვის გაგიჟებულია, კინოში არ გამოუშვებსო. მამის პასუხი კი ასეთი ყოფილა: რასა ჰგავს, ერთი გახუხული, შავტუხა გოგო, რაში უნდა გამოიყენოო. კინოსტუდიაშიც გახმაურდა შეშფოთებულად და ცოტა შურითაც ნათქვამი: “ყვარლიდან ჩამოუყვანიათ ვიღაც ერთი სოფლელი გოგო, რაში უნდა გამოიყენოო”. ამ მითქმა-მოთქმებს მაშინ დაესვა წერტილი, როცა სტუდიაში კირა ანდრონიკაშვილი შევიდა და შველივით დამფრთხალთვალება, მოკრძალებული გოგო გადაკოცნა და როლზე დამტკიცება მიულოცა.

ვისაც რა უნდოდა ის ეწოდებინა “გახუხული და ყვარლიდან ჩამოყვანილი ვიღაც სოფლელი გოგო”. იმ ხანად მის მეგობრებში ამბობდნენ: ჩვენ კი, სრულიად პატარა ბავშვები, ვისაც გვქონდა ბედნიერება ყვარლის მეორე საშუალო სკოლის მაშინდელ უზარმაზარ ეზოში შეგვემჩნია ის ღვთაებრივი სილამაზე, რომელსაც დოდო ჭიჭინაძის გარეგნობაში ეპოვა თავშესაფარი, თითქოს ვგრძნობდით, რომ უკვალოდ არ ჩაივლიდა ეს სილამაზე და, მართლაც შვიდი წლის შემდეგ, როცა ჩვენ იგივე სკოლა დავამთავრეთ, დოდო ჭიჭინაძე უკვე ქართული კინოს ვარსკვლავად და მარადისობაში გადასულ სილამაზედ მოგვევლინა, რომელსაც პირველი პარტნიორობა გიორგი შავგულიძესთან ერგო. დამწყები მსახიობისთვის ეს ქუდბედია.

ქეთევანს ეთერი მოჰყვა. ამ ფილმში მისი პარტნიორები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, თემურ ხელაშვილი. ამას მოჰყვა ფილმები: ბაშიაჩუკი, ცისკარა, ნინო და სხვა, დოდო ჭიჭინაძის სცენურმა ხელოვნებამ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კედლებში 55 წელზე მეტი განვლო.

მსახიობის შემოქმედებაში თეატრალური წარმოდგენები მძლავრობს. ის სიკვდილამდე სცენაზე უნდა იყოს!.. ვეთანხმებით ამ ჭეშმარიტებას, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მარად უბერებელია ხელოვანის გული. ქალბატონ დოდოს სულში მუდამ ცოცხლობდა შირინის ნაზიმ ჰიქმეთის ლეგენდა სიყვარულზე, ზეინაბი ვაჟა-ფშაველას მოკვეთილში. ივდითის ურიელ აკოსტა, ანასი გოთუას _ ერეკლე მეორე, ევრიპიდეს მედეა.

ივდითმა განსაზღვრა დოდო ჭიჭინაძის, დრამატული ხასიათი. თხუთმეტი წელი არ გაუხდია ანას კაბა სცენაზე. მსახიობის მიერ განსახიერებული როლები, მისივე სულის პირმშონი არიან, რაც მსახიობის ხასიათის მრავალფეროვნებაზე და მის ამაღლებულ სულიერ ცხოვრებაზე მიგვანიშნებს.

მედეამ, ისევე როგორც ჯარისკაცის ქვრივმა, დიდი აღიარება მოუტანა ქალბატონ დოდოს. ამბობდა: მე ვარ ქალი, რომელსაც სურვილი მაქვს ხელში იარაღი ავიღო და დავიცვა ჩემი სამშობლოო. ჩემი ოცნება იყო მეთამაშა ქეთევან წამებული, ვერ ვეღირსეო, სინანულით ამბობდა იგი.

აღიარება გვიანია, რადგანაც, როგორც ქართული კინოსა და თეატრის კორიფეებმა ხმამაღლა განაცხადეს: ჩვენ, ქართული საზოგადოება, კინო და თეატრი, მარად ვალში ვართ უნიჭიერესი და უმშვენიერესი ქალბატონის წინაშე, რომლის სახელიც ყოველთვის გაანათებს ცას და რომელსაც საქართველოს ცა- ფირუზ-ზურმუხტი ჰქვია.

საქართველოს სახალხო არტისტის _ დოდო ჭიჭინაძის სახელი იარსებებს მანამდე, სანამ ქართული ჯიში და გენი ცოცხლობს.

ვანო პატარქლიშვილი,
ნონა მურვანიძე.

გაზეთი “კავკასია”, 2010 წ.

Source
http://www.nplg.gov.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button