ესესაკითხავი

ზვიად გამსახურდია – საქართველოს სულიერი მისსია

ძვირფსო მეგობრებო! ერთი ლექციის ფარგლებში ყოვლად შეუძლებელია ესოდენ რთული თემის ჩატევა და ამიტომ ამ ლექციას ექნება უფრო მიმოხილვითი ხასიათი, უფრო ზოგადად მოგახსენებთ ყოველივე იმას, რაზეც გვიფიქრია, გვიმუშავია მე და ჩემს მეგობრებს წლების მანძილზე, აგრეთვე ცალკეული გამოკვლევების შედეგებს როგორც აქ, საქართველოში, ასევე დასავლეთში.
ლექციის გეგმა ასეთი იქნება: თავდაპირველად ვისაუბრებთ ქართველთა ეთნოგენეზისზე. მე ვიცი, რომ დასავლელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ამით და გავაშუქებთ უფრო ისეთ მომენტებს, რომლებიც შეიძლება მათთვის არ იყოს ცნობილი და რომლებიც ნაკლებად შუქდება დასავლეთის დღევანდელ მეცნიერებაში. და, გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატურის მრავალწლიანი ბატონობის პერიოდში მრავალი რამ ქართული კულტურის ისტორიაში იყო მიჩქმალული, დამახინჯებული და ტაბუირებული. ერთგვარი მეცნიერული ტაბუ იყო ამ საკითხზე დადებული, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება, ვინაიდან არც ისე ადვილია იმ ავადსახსენებელი ეპოქის ჰიპნოზის შედეგების მოცილება თავიდან. მრავალი საკითხი გაყალბებულია და საბჭოთა იმპერიული მეცნიერების მიერ უზურპირებული, თავისი ინტერესებისადმი დაქვემდებარებული. ყოველივე ამის გავლენის ქვეშ, სამწუხაროდ, მოქცეულნი არიან ქართველი მეცნიერებიც. მე არ მინდა მათი კონკრეტულად დასახელება, ისინი ჯერ ვერ ბედავენ კვლევა განავითარონ იმ მიმართულებით, რაც ნათელს მოჰფენდა ამ საკითხებს. ამას ყველაფერს ძალიან დიდი და შორს მიმავალი მიზეზები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით დიდი კამპანია იყო გაჩაღებული ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის წინააღმდეგ.
აგრეთვე მიჩქმალულია დასავლეთის ისეთი დიდი მეცნიერების გამოკვლევები იბერთა ეთნოგენეზისის სფეროში, როგორიც არის ვილჰელმ ჰუმბოლდტი და სხვანი. ეს იმის გამო ხდებოდა, მეგობრებო, რომ სურდათ ქართველი ერისათვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი. საბჭოთა მეცნიერებამ, კერძოდ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა, შექმნეს თეორია იმის შესახებ (არსებობს სტალინის თეორია ამასთან დაკავშირებით), რომ თურმე ქართველი ერი, როგორც ასეთი, შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერად მეცხრამეტე საუკუნეში, რომ მანამდე იგი თურმე არც ერი ყოფილა და არც არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნეში შემოვიდა ჩვენში კაპიტალიზმი და ვითომდაც ამან განაპირობა ქართველი ერის ერად ქცევა. ეს არის მარქსისტული თეორია, რომელიც დღემდე ბატონობს და რომელიც ზოგიერთ ჩვენს მეცნიერს დღემდე ვერ მოუცილებია თავიდან და კვლავ ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ეს ყველაფერი ისახავდა შორს მიმავალ მიზნებს.
სინამდვილეში როგორია ვითარება ქართველთა ეთნოგენეზისთან დაკავშირებით? მეოცე საუკუნეში ჩვენი მეცნიერების დიდი კორიფეების აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მიერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართველი ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსული საბჭოთა მეცნიერება. ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, მიჩქმალული იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები. რაში მდგომარეობს ამ გამოკვლევათა არსი და რად არ ვითარდება თანამედროვე ეთნოლოგიური, ენათმეცნიერული კვლევა ამ მიმართულებით?
საქმე ის გახლავთ, რომ ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის ვფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი – ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასსა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასსა, ანუ უძველესი კავკასიური რასსა, უძველესი მედიტერიანული რასსა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში.
ეს არის გავრცელების არეთლი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასსისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება და თუ ეს ენაკავები ღებულობდნენ ცალკე ენების ხასიათს, ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ როგორც ურთიერთმონათესავე ენები. ამიტომ დამკვიდრდა ტერმინი პროტოიბერიული, რომელთანაც არის დაკაშირებული უცველესი მოსახლეობა, როგორც მოგახსენეთ, პირინეებისა, იტალიისა, კერძოდ, ბასკური, ლუზიტანური, ტურდეტანული, ეტრუსკული, პელაზგური და სხვა, რასაც ნიკო მარრის შტუდიებით დაემატა მცირე აზიაში, მესოპოტამიაში უძველესი იბერიული ტომების – სუმერების ენის გამოკვლევა და, აგრეთვე, დიდი ქართველი მეცნიერის მიხეილ წერეთლის გამოკვლეული გენეტიური ნათესაობა სუმერულსა და თანამედროვე ქართულს შორის.
ნიკო მარრის და, სხვათაშორის, სომეხი მეცნიერების ობიექტური წარმომადგენლების გამოკვლევითაც (მაგალითად, ღაფანციანის გამოკვლევით) მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ მოდგმას და მესხები, ანუ მოსხები, კაპადოკიელები, კოლხები, ტაოხები და სხვანი არიან ამ მოდგმის წარმომადგენლები. როგორც ხედავთ, ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში ქართველური ან პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო საკუთრივ საქართველო, საკუთრივ ქართველი ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან. იბერიულს აქვს მრავალი განშტოება და დღესდღეობით შემორჩენილია პირინეულ-იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიურ-იბერიული, ანუ ქართული და მისი მონათესავე ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში. დანარჩენი კი ამჟამად ასიმილირებულია ინდოევროპული კაცობრიობის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, არის გვიან მოსული ევროპის კონტინენტზე. კერძოდ მეორე ათასწლეულის შემდეგ, ხოლო პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზნეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასსისა, მისი რიცხობრივი შემცირება, მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ.
ამ დროიდან და უფრო გვიან წამოიწევს წინ ხეთური და ძველბერძნული, ელინური სამყაროები. მაგრამ აქ ხდება კულტურათა სინთეზირება: პალიომედიტერანულ, ანუ პროტოიბერიულ მოდგმასთან დაკავშირებულია პირველადი კულტურები მინოსისა, ეგეოსური კულტურები, კოლხური (ძველკოლხური), რომელიც უაღრესად მჭიდროდ არის მინოსურთან დაკავშირებული. ხოლო შემდგომ, უკვე მეორე ათასწლეულიდან იწყება წამოწევა ხეთური სამყაროსი, რომელიც უკვე ინდოევროპული სამყაროა, აგრეთვე ძველბერძნული სამყაროსი, რომელიც ვედური ტომიდან მომდინარეობს და მოსულია იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შემდგომ აღმოცენდა ძველბერძნული კულტურა და ძველბერძნული სამყარო, ხოლო პირველადი მოსახლეობა ძველი საბეძნეთისა, ძველბერძენი ისტორიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, განასზღვრულია როგორც პელაზგური, პელაზგური, ანუ პროტოიბერიული. პელაზგები არიან ერთ-ერთი განშტოება პროტოიბერებისა, ისევე როგორც ეტრუსკები და სხვა ხალხები, ისევე როგორც კოლხები. კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური სამყაროები მონათესავე სამყაროებია, უფრო სწორად, ერთ სამყაროს წარმოადგენენ და ეს ყოველივე აირეკლა ჰომეროსის დიად ეპოსში და ამის შესახებ უკვე ძალზე სერიოზული გამოკვლევებია თანამედროვე მეცნიერებაში, რომელსაც რატომღაც სათანადო პოპულარიზებას არ უწევენ.
დასავლეთში ამ მიმართულებით მოღვაწეობს ცნობილი მეცნიერი ფურნეე, რომელსაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა წინა ბერძნულის, ანუ პულაზგურის და ქართველურის შესახებ. საქართველოში ნაყოფიერად მოღვაწეობს ამ მიმართულებით პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, რომელსაც აქვს აგრეთვე მნიშვნელოვანი მიგნებები „ილიადაში“ მოხსენებულ ტომთა ეთნოგენეზისის გამოკვლევისა, თუ როგორ იყო როლი ქართველური, პროტოქართული ტომებისა ტროას ომში, “ილიადაში“, და გამოვლენილია გენეტიური ნათესაობა ქართული ენისა ეტრუსკულთან, ქართველური ტომებისა ლიკიელებთან, კარიელებთან და მცირე აზიისა და ეგეოსის მთელ სამყაროსთან და, უპირველეს ყოვლისა–ტროასთან. ტროა უფრო ძველი კულტურული სამყაროა, ვიდრე ელინური სამყარო, ვინაიდან ელინები ლაშქრობენ ტროაში საკრალური, მისტერიული სიბრძნისა, ანუ პალადიუმის მოპოვებისათვის. ტროა არის იგივე კოლხური სამყარო, ვინაიდან ტროელებთან აქაელების დავის დროს ტროელები ხსნიან ელენეს მოტაცებას, როგორც ერთგვარ შურისძიებას ადრე მათ მიერ მედეას მოტაცებისათვის.
ტროელები უხსნიან აქაველებს, რომ ისევე როგორც ადრე მათ მოიტაცეს ქალი, ე. ი. მედეა, ამჟამად მათ მოიტაცეს ელენე, რომელიც ამდენად კოლხების მიერ არის მოტაცებული. ტროელები და კოლხები ერთი და იმავე მოდგმის ხალხია და მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი, მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკუთვნის ამ მოდგმას. აი, ასეთი შორს მიმავალი დასკვნები აქვს თანამედროვე მეცნიერებას, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ხდება ყოველივე ამის ტაბუირება და ხდება ინდოევროპელების როლის წინ წამოწევა იმ არქაულ, პრეისტორიულ ეპოქაში, არადა ჩვენ ვიცით, რომ ინდოევროპული მოდგმა ძირითადად აღზევდა მეორე ათასწლეულიდან. და ტროას ომი, „ილიადა“ ფაქტიურად არის პერიოდი, როდესაც ინდოევროპული მოდგმა უკვე მძლავრობს მცირე აზიაშიც და საბერძნეთშიც და პელაზგურ მოდგმას უკვე დეკადანსი ემუქრება, თუმც ტროას ომის უდიდესი გმირი–აქილევსი წარმოშობით პელაზგია, ე. ი. ქართველური მოდგმის წარმომადგენელია, ხოლო აგამენონი და მენელაოსი არიან წმინდა ელინური წარმოშობის ადამიანები და ელინური სამყაროს წარმომადგენლები. აქ არის აშკარა კონფლიქტი ელინურ სამყაროსა და პროტოქართულ სამყაროს შორის. ტროა ეს არის პროტოქართული სამყარო, ელინური სამყარო კი აქაველებია.
ამ კონფლიქტში იკვეთება ერთი რამ, რომ ამ ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის პალადიუსის მოტაცება, რომელიც სიმბოლურად ტროასეული ცხენის მეშვეობით ხორციელდება. მართალია, სიმბოლურად აქ არის ქალის მოტაცების მოტივი, მაგრამ ელენე, ანუ ელენე არის სიმბოლო ძველი წარმართული სოფიისა (სიბრძნის, სოფიას მოტაცება და შემდეგ მისი კვლავ გამოხსნა გავრცელებული მოტივია ანტიურ პოემებში), ხოლო ცხენი, როგორც მოგეხსენებათ, ინტელექტის სიმბოლოა ძველ ეპიურ პოეზიასა და მითოსში. აქაველთა, ელინთა მისსია–ინტელექტის განვითარება–არის უკვე ახალი ეტაპი ცნობიერებისა, ხოლო ძველკოლხური, ტროიანული, პელაზგური კულტურა ეს არის ნათელმხილველური კულტურა, რომელიც უსწრებს წინ ინტელექტისმიერ, აზროვნებით კულტურას. ძველბერძნული მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვითარებაში იგი განმარტავდა როგორც საიზმს, ე. ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას. შემდგომდროინდელი ბერძნული მითოლოგიიდან ჩვენ ვიცით, რომ პერსევსმა და სხვა გმირებმა ნათელხილველური, პელაზგური კულტურა გადაიყვანეს აზროვნებით კულტურაზე, კერძოდ, ინტელექტისმიერ ელინურ კულტურაზე.
ყოველივე ამასთან არის დაკავშირებული აგრეთვე პრომეთეს მითი. ვინ არის პრომეთე? საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ მითოსი და მითოლოგია არ არის იდენტური ცნებები. მითოსი არის მითების სამყარო, ხოლო მითოლოგია არის ამ მითების სამყაროს განმარტება, მნიშვნელობა, ანუ ლოგოსი, მითოსის ლოგოსი. ასე რომ, ძველბერძნული მითების სინამდვილე შექმნილია პელაზგების მიერ, ხოლო ელინების მიერ იგი არის სისტემატიზებული და ინტერპრეტირებული. ჰომეროსი და ჰესიოდე არ არიან შემოქმედნი ძველბერძნული მითებისა, ისინი არიან პელაზგური ეპოქის მითოსის სისტემატიზატორები, განმმარტებელნი. ისინი არიან მითოლოგოსები, ხოლო პელაზგური ეპოქის მითოსის შემოქმედთა, მითოგრაფოსთა სახელებმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაგრამ მოაღწიეს ღვთაებებმა, მითოსის პერსონაჟებმა. ძირითადი ღვთაებები ძველბერძნული პანთეონისა წარმოშობით პელაზგურნი არიან.
მათ შორისაა ზევსი. არსებობს პელაზგური ქტონური ზევსი, რომლის კულტიც მუხასთან არის დაკავშირებული; ჰერა ანუ ჰაერა, რომელიც არის უძველესი პელაზგურ-იბერიული ქალღმერთი; აგრეთვე დემეტრე, რომლის ფუძის განმარტებისას აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი მიანიშნებდა იმაზე, რომ „დე“ ფუძე სავსებით უცხოა ძველბერძნული ენისათვის. „მეტერ“ მართალია დედას ნიშნავს, მაგრამ „დე“ არის სუფთა იბერიული წარმოშობის ფუძე, „დე“, ანუ „დედა“, დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სახე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სხე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთი შეერწყა ძველბერძნულ ქალღმერთს. ეს არის ძველბერძნული პანთეონი, თუ შეიძლება ითქვას, დამყნილი პროტოქართულ, პროტოიბერიულ, ანუ პელაზგურ პანთეონზე.
ახლა რაც შეეხება პრომეთეს. პრომეთეს მითი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის ევოლუციის თვალსაზრისით და, ამავე დროს, ქართველთა ეთნოგენეზისის თვალსაზრისით, ვინაიდან პრომეთეს მითი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავშირებულია კავკასიასთან და შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვა კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტია ბერძნულ მითოლოგიაში. მითოსის პერსონაჟთა მისსია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა (როგორც მოგეხსენებათ, მითები იქმნებოდა ძველ მისტერიებში ქურუმების, ხელდასხმულების, ადეპტების მიერ) ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტიანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, „პრო-მეთელ“ ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას, ეპიმეთე–მისი ძმა–ნიშნავს თანადროულ, განსჯისმიერ აზროვნებას.
რა არის პრომეთე? პრომეთე არის იმ კაცობრიობის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა განავითაროს წინასწარმეტყველური, ანუ ინტუიტიური აზროვნება, ხოლო ეპიმეთე, რომელმაც უნდა განავითაროს განსჯითი, ანუ ინტელექტუალური აზროვნება. ვისი ძეა პრომეთე? იგი არის ძე იაპეტოსისა. იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს, ე. ი. ის, რაც მიისწრაფვის ზევით, სულიერი სამყაროსაკენ. ე. ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერი სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება. როგორც პლუტარქე აღნიშნავს, ძველბერძნული და საერთოდ მითები შეიძლებოდა განემარტათ თორმეტ სხვადასხვა დონეზე. ე. ი. თითოეულ მითს შეიძლება ჰქონდეს 12 სხვადასხვა ახსნა. ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში. ხოლო განთავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის დატყვევებული ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. განთავისუფლებული პრომეთე არის განთავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის განთავისუფლება. ეს არის ერთი ასპექტი პრომეთეს მითისა, მისი სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი.
მეორე ასპექტი არის ეთნოლოგიური ასპექტი. კერძოდ, პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნებისა. ასეთია ეს მოდგმა. ხოლო ზევსი, ამ თვალსაზრისით, განასახიერებს იმ მოდგმას, რომელიც უფრო გვიან არის მოსული საბერძნეთში და რომელიც ძალადობით ამკვიდრებს თავის კულტს და მიაჯაჭვავს პრომეთეს კავკასიის კლდეზე. რა იყო მიზეზი პრომეთეს მიჯაჭვისა კავკასიის ქედზე? მიზეზი იყო ის, რომ კორინთოში ურთიერთს შეხვდნენ ორი კულტურის, ორი რასსის წარმომადგენელნი–ერთნი პრომეთესთან, ხოლო მეორენი ზევსთან დაკავშირებულნი. ე. ი. აქ სიმბოლურად აირეკლა შეხვედრა ორ კულტურას შორის, ორ რასსას შორის; ერთი იყო მკვიდრი, პირველადი მოსახლეობა იმჟამინდელი საბერძნეთისა, ხოლო მეორე–მოსული, ანუ ინდოევროპული, ელინური. პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები ამ შეხვედრის დროს მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას.
მოატყუებენ იმ გაგებით, რომ მათი ინტელექტი, მათი აზროვნება იყო უფრო წინ წასული, ამიტომ მათ შესძლეს ზევსის ქურუმთა მოტყუება. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის კულტურა, რომელიც მოსულ ინდოევროპელებს დახვდათ – პელაზგური კულტურა – უფრო მაღლა იდგა მათზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც. შემდეგ კი ინდოევროპელებმა ელინური აზროვნებითი კულტურა უმაღლეს საფეხურამდე განავითარეს, მაგრამ ჯერ ის პერიოდია, როდესაც პირველად შეხვდა ეს ორი რასსა, ორი მოდგმა ერთმანეთს და პრომეთეს ქურუმები დაანაწილებენ ხარს იმგვარად, რომ ზევსის ქურუმებს და ზევსს შეხვდებათ ძვლები და ქონი, ხოლო მათ ხარის საუკეთესო ნაწილები. ესეც სიმბოლურია. სიმბოლურია, ვინაიდან აქ მსხვერპლის ორგვარ გაგებასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ზევსის ქურუმები ისე წარმოსახავენ საქმეს, თითქოს მათ შეგნებულად მოიტყუეს თავი. შემდეგ ზევსი მიმართავს პრომეთეს:
–იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამდაგვარად?
ზევსი გვიან ხვდება იმას, რაც პრომეთემ ქმნა. აქედან გამომდინარე, განსაზღვრულია პრომეთეს რაობა და შემდგომ ამისა ზევსი აღარ აძლევს ცეცხლს კაცობრიობას და პრომეთეს მიაჯაჭვავს კავკასიის ქედზე, ვინაიდან მან კაცობრიობას მისცა ის ცეცხლი. ცეცხლი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო ადამიანის „მე“-სი. თქვენ იცით, რომ ოთხ ელემენტს შორის – ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი – ადამიანის „მე“-ს, თვისებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი. ის, რომ ზევსი აღარ აძლევს მეობას კაცობრიობას, რომ კაცობრიობა მოკლებულია „მე“-ს, ხოლო პრომეთე აძლევს ცეცხლს კაცობრიობას, ე. ი. მეობას, ასახავს მისტერიალური კულტურის განვითარების გარკვეულ საფეხურს, როდესაც ადამიანებმა მიიღეს „მე“ ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლით და პრომეთეს მიჯაჭვა არის სწორედ ის ეტაპი (სხვათა შორის, ამას ნიშნავს აგრეთვე ტიტანების დამარხვაც ტარტაროსში ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლის შემდეგ), როდესაც ადამიანის სული და მისი „მე“ ჩამოდის სულიერი სამყაროდან ფიზიკურ სხეულში და ადამიანს ებადება „მე“ ცნობიერება. აი, ეს არის პრომეთეს მიერ კაცობრიობისათვის ცეცხლის მიცემა, ვინაიდან „მე“-სგან მოდის ყოველგვარი კულტურა, ისევე როგორც ცივილიზაცია მოდის ცეცხლის გამოყენების სწავლისაგან და ამგვარი სიმბოლოებით ჩვენ ვხვდებით, რომ პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე.
პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი, ერთი მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს. კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ ფიზიკურზე მიჯაჭვული აზროვნება გაანთავისუფლა ჰერაკლემ.
რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა. საერთოდ, ძველბერძნული მისტერიები თავისი ხასიათით პროფეტური იყო. ძველი საბერძნეთის ცენტრალური მისტერიები „ელოიზისის“ მისტერიები იყო. სიტყვა „ელიოზის“ ძველბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მოწევნადს, მოვლინებადს, წინასწარ განჭვრეტას მომავლისას. ჰერაკლეს სახე არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა, რომელიც დაკავშირებულია ნელეოლობასთან, სულის აქტივობასთან და კერძოდ იმასთან, რასაც ქრისტიანობაში სასუფევლის ძალით აღება ჰქვია, ვინაიდან ქრისტიანული ინიციაციის არსი იესო ქრისტემ განმარტა როგორც სასუფევლის აღექა ძალისხმევით („სასუფეველი იიძულების“). ამრიგად, ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ როგორც ინიციაციის სხვადასხვა საფეხურები, სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეები, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს განთავისუფლება, ანუ აზრის განთავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა.
ეთნოლოგიური თვალსზრისით, როგორც მოგახსენეთ, მითებს აქვს ასეთი განმარტებაც და მითოლოგია და ეთნოლოგია უაღრესად მჭიდრო კაშირშია. ეს არის განთავისუფლება იმ მოდგმისა, რომელიც ზევსის, ანუ ინდოევროპული მოდგმის მიერ იქნა მიჯაჭვული, ანუ ლოკალიზებული კავკასიაზე. ე. ი. პრომეთეს მითში აირეკლა აგრეთვე პროტოქართული მოდგმის, პროტოიბერიული მოდგმის წარსული და მომავალიც. ჰერაკლე, როგორც მოგახსენეთ, არის სიმბოლური გამოხატულება ახალი ინიციაციური კულტურისა, კერძოდ, ქრისტიანული კულტურისა და, სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ თანამედროვე სულიერ მეცნიერებაში არის ასე, არამედ შუასაუკუნოებრივ ღვთისმეტყველებაშიც. ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშიც კი ვხვდებით ჩვენ ისეთ ძეგლებს, სადაც მინიშნებულია, რომ ჰერაკლე არის წინასახე ქრისტესი. კერძოდ, მის მიერ კვერთხით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტიანობის წინასახედ. აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი კლასიკურ პერიოდში, ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები.
ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო როგორც ოქროს საწმისის ძიება. ხოლო ოქროს საწმისი, როგოც მოგეხსენებათ, იყო კოლხეთში. თავდაპირველად ოქროს ვერძი საბერძნეთიდან არის წასული კოლხეთში, მაგრამ ეს იმ პერიოდის საბერძნეთია, როდესაც იქ ყვავის პელაზგური კულტურა, კერძოდ, პელაზგური არგოსის კულტურა. შემთხვევითი არ არის, რომ ხომალდსაც „არგო“ ჰქვია და „არგო“ თავისი ძირით კოლხეთიდან მომდინარეობს–არგო, არგვეთი, ეგრისი, „გრ“ – ფუძე; ესეც კოლხეთია. ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემონახული იყო მხოლოდ კოლხეთში და აღარ არსებობდა უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე, აღარც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ისევე როგორც კრეტაზე წასვლა თეზეოსის არის აგრეთვე იმ სიბრძნის მოპოვება, რომელიც ელინურ საბერძნეთში იმჟამად აღარ არსებობდა.
აი, დავუკვირდეთ, უდიდესი გმირები საბერძნეთისა – თეზეოსი, ჰერაკლე და იაზონი (სხვათა შორის , ჰერაკლეც ახლავს არგონავტების ხომალდს) იმ ქვეყნებში ლაშქრობენ სულიერი სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელნიც წარმოშობით პროტოქართული, პროტოიბერიული იყო. ასეთი არის მისონური კრეტა (სხვათა შორის, „მინოს“ ნიშნავს აზრის მატარებელს, მოაზროვნეს) და თეზეოსის ჩასვლა მინოსში, მის მიერ მინოტავრის მოკვლა, ლაბირინთოსში შესვლა და მისი ლაბირინთოსიდან გამოსვლა არის სწორედ იმ მისონურ კულტურასთან ზიარება, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ძველბერძნული კულტურა, უფრო ამაღლებულია მასზე. ასევეა ძველკოლხური კულტურა, რომელიც რომელიც იმჟამად უფრო მაღალ დონეზე იყო, ვიდრე საბერძნეთის კულტურა. (შემთხვევითი როდია, რომ მინოსს ცოლად ჰყავდა აეტესის დაი, პასიფაე). ასე რომ ამ გმირების ლაშქრობები მუდამ ქართველურ ქვეყნებთანაა დაკავშირებული. ჰერაკლეც ასევე მიდის პირინეის იბერიაში ჰესპერიდების ბაღნარში ვაშლების მოსაპოვებლად.
ამავე დროს, ორფეოსის შესახებ მითიც მოგვითხრობს, რომ ორფეოსის მთავარი მიზანი იყო პელაზგი წინაპრების კულტის აღორძინება. ორფეოსი წარმოშობით პელაზგია, ძე ვაგრისი (ორფეოსის მამის სახელი, სხვათაშორის, პირდაპირ ემთხვევა კოლხეთის სახელს: ეგრისი – ეგრი). მისი მიზანი იყო აღორძინება იმ პელაზგური კულტურისა, რომელიც ელინურ პერიოდში გადაგვარდა და დაკნინდა.
რაც შეეხება არგონავტების ლაშქრობას, როგორც წეღან მოგახსენეთ, აქ არის მოცემული ძველბერძნული, დორიული ინიციაციის სხვადასხვა ეტაპები და შემთხვევით არ არის, რომ დირიული, აქტიური ინიციაცია დაკავშირებულია კოლხეთთან და კოლხურ სამყაროსთან. ხოლო შუა საუკუნეებში თვით ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშიც კი გერმანე კონსტანტინოპოლელ პატრიარქის მიერ არის შექმნილი ძეგლი „სასწაულნი მთავარანგელოზთანი“, რომელშიც აღწერილია არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში, რომელსაც მფარველობს მიქაელი, ქრისტიანული მთავარანგელოზი, და არგონავტებს გამოეცხადებათ „ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი“, ანუ მიქაელ მთავარანგელოზი და ჯწინასწარმეტყველებს მათ მომავალში გამარჯვებას. აი, დაუკვირდით, როგორი გაგებაა წარმართული მითისა ერთი შეხედვით ეგზოტერული ეკლესიის წარმომადგენელთან – გერმანე პატრიარქთან. ე. ი. „ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი“ არის მიქაელ მთავარანგელოზი და არგონავტების ლაშქრობა დაკავშირებულია მიქაელის მისსიასთან, რომელიც არის უმთავრესი მზიური მთავარანგელოზი ქრისტიანობისა, ძალი ღვთისა, როგორც მას განმარტავენ (მნიშვნელოვანია, რომ გერმანე პატრიარქი წარმოშობით კოლხი, ლაზი იყო).
აი, ასეთი კავშირები არსებობს წარმართულ და ქრისტიანულ ინიციაციას შორის, რაც დაკავშირებულია უძველეს პროტოქართულ მისტერიალურ ცენტრებთან. იაზონი, როგორც ფიგურა, როგორც გმირი, პინდარეს მეოთხე ოდაში მოხსენიებულია ვეფხისტყაოსნად.
ე. ი. იაზონი არის აგრეთვე ვეფხისტყაოსნის გმირი. ის არა მხოლოდ ოქროს საწმისის მომპოვებელა, არამედ ვეფხისტყაოსნიც გმირი არის და, საერთოდ, ვეფხისტყაოსანი გმირებიც დაკავშირებული არიან უძველეს, პროტოქართულ სამყაროსთან, თუმც ვეფხისტყაოსანი ქურუმები ეგვიპტის მისტერიებშიც გვხვდება. სხვათა შორის, ტროელი პარისიც ვეფხისტყაოსანია, ტროაშიც გმირებს ვეფხის ტყავი მშსავთ. დიონისეს პროცესიებს, სხვათა შორის, მიუძღვის ვეფხი. თავად დიონისეც ვეფხისტყაოსანია. ასე რომ, ვეფხის ტყავი უძველესი ტოტემური სახეა იაფეტური კაცობრიობისა, კავკასიური რასსისა.
ახლა მინდა დავუბრუნდე დასაწყისს, როდესაც ვმსჯელობდით უძველეს პროტოიბერიულ მოდგმაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ მეცნიერებაში დამკვიდრდა აკადემიკოს ნიკო მარრის ტერმინი – იაფეტური მოდგმა, იაფეტური ენა. რას ნიშნავს ეს?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს გაგება სემიტური კაცობრიობის, სემიტური ენებისა, სემიტური მოდგმისა. არსბობს გაგება ქამიტური მოდგმისა, რომელიც უკავშირდება ძველ ეგვიპტეს, აფრიკას. და არსებობს აგრეთვე საფეტური მოდგმა. ეს სამი ძმა ბიბლიაში სიმბოლურად ასახავს ატლანტურ, წარღვნამდელ კაცობრიობისას. კერძოდ, ნოე ასახავს ატლანტუურ, წარღვნამდელ კაცობრიობას, ე. ი. კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ატლანტიდის წარღვნამდე არსებობდა. ხოლო მისი ძენი არიან უკვე ატლანტიდის შემდგომი კახობრიობის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ამათი შტო არის იაფეტური და, სხვათა შორის, იაფეტი ძველი აღთქმისა დაკავშირებულია ძველი ბერძნული მითოლოგიის იაპეტოსთან. შემთხვევითი არ არის, რომ პრომეთეს მამა იაპეტოსია. მისი იდენტურია იაფეტი და ყოველივე ამასთან დაკავშირებულია აგრეთვე პლანეტა იუპიტერი და იუპიტერის რასსა, ანუ თეთრი რასსა.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეზოტერიზმში რასსები დაკავშირებულნი არიან მნათობებთან. იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან – შავი, ვენერასთან – წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ სწორედ ეს იაფეტური, პროტოევროპული, პროტოიბერიული კაცობრიობა. აი, ასე უკავშირდება იუპიტერის რასსის მისსიას პროტოევროპული, ანუ პალეოკავკასიური, მედიტერანული რასსის მისსია. ეს ყოველივე, რაც შეეხება ანტიურ, წარმართულ ეპოქას, პერიოდს.
ახლა რაც შეეხება ქრისტიანულ პერიოდს. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა – ანდრსია და სვიმონ კანანელი – პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. რა როლი აქვა ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში, კერძლდ, მიქაელური ქრისტიანობის განვითარებაში და რატომ ეწოდება გეორგია საქართველოს?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ მიქაელ მთავარანგელოზი არის არსება, რომელსაც ჰყავს პროტოტიპები ანტიურ ეპოქაში, ქრისტემდელ ეპოქაში. ეს არის არსება, რომელიც გვევლინება ნაყოფიერების ღვთაებათა მცველ, ამინდის, ჭექა-ქუხილის ღვთებათა სახით, როგორც ძველ ინდოეთში ინდრა, მესოპოტამიურ სამყაროში მარდუკი, პალეოკავკასიურ სამყაროში ტარჰუ, ამინდისა და ჭექა-ქუხილის ვეფხისტყაოსანი ღვთაება. მას გამოქვაბულებში ყოველთვის ვეფხის ტყავით მოსილად გამოსახავდნენ. ვეფხის ტყავი არის ატრიბუტი იმ არსებისა, რომელსაც ანტიურობაში იცნობდნენ როგორც ინდრას, მარდუკს, ტარჰუს, ქრისტიანობის ეპოქაში კი იცნობენ როგორც მიქაელს და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგი არის მიწიერი ასპექტი მიქაელისა. მიქაელი არის სულიერი სამყაროს ასპექტი, აზროვნებათა ასპექტი, ხოლო წმინდა გიორგი არის მიქაელის ასპექტი ისტორიულ პლანში, ფიზიკურ სამყაროში. რატომ უკავშირდება საქართველოს სახელი გეორგიას? წინადადების გაგრძელება ნათელს ჰფენს ამ მეგობრობის არსსაც: „ყოველივე საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ ერს“. როგორც ლაზარე-იოანე იყო მფლობელი კაცობრიობის ყოველი ეზოტერული საიდუმლოსი, ანუ საიდუმლო სიბრძნისა, ასევეა დამარხული, ე. ი. შემონახული ყველა ეს საიდუმლო საქართველოში, ქართველ ერში და არეკლილია მის ენასა და კულტურაში. მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ლაზარე და საქართველო იყვნენ მფლობელნი იესო ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, როგორც ამას ამტკიცებს ზოგი მკვლევარი, ვინაიდან იოანეს სახარების თვალსაზრისით, ვერც ლაზარე და ვერც რომელიმე მოციქული ვერ იქნებოდა მფლობელი ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, რამეთუ თავად მაცხოვარი ეუბნება თავის რჩეულ მოწაფეთა წრეს იოანეს სახარების ფინალში:
„ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღა ძალგიც ტვირთუად“ (იოანე 16. 12), რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა თავის მოწაფეთათვის თავისი ეზოტერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა. მას სურდა მეტის გადაცემა, მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისთვის მომწიფებულნი (ეს ლაზარესაც ეხება). გარდა ამისა, იოანესეული თვალსაზრისით, ქრისტეს ყველა საიდუმლოს არა თუ მისი მოწაფენი, მთელი სამყაროც ვერ დაიტევს: „და არიან სხუანიცა მრავალ, რომელი იქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ“ (იოანე 12. 25).
ასე რომ, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ სიმდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შეძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის საერთოდ. მართალია, ძეგლში ნახსენები ნათლისღება ქრისტიანული ინიციაციაა, საიდუმლო სიბრძნესთან ზიარებაა, მაგრამ აშკარად ნაძალადევად გვეჩვენება ცდა „ქებაის“ გნოსტიკური ხასიათის ძეგლად გამოცხადებისა და მისი IV საუკუნით დათარიღება. სხვა რომ არ იყოს რა, გნოსტიკური ძეგლი წმ. ნინოსა და წმ. ელენე დედოფალს, ორთოდოქსული ეკლესიის ბურჯებს, ავტორიტეტებად არ მოიხსენიებდა, არამედ დაიმოწმებდა ბასილიდეს, ვალენტინუსს ან სხვა გნოსტიკოსებს და არა ეკლესიის შვილებს.
გნოსტიციზმი მართალია, სწვდებოდა სახარების სულიერ სიღრმეებს და საიდუმლოებებს, მაგრამ ვერ იაზრებდა სწორად იესო ნაზარეველის მიწიერი ცხოვრების ფაქტებს, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ სიკვდილს ჯვარზე. გნოსტიკოსნი ხედავდნენ ქრისტეს ღვთაებრივ მხარეს, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ მის ადამიანურ მხარეს. ამის შედეგად, მათი აზრით, ჯვარს ეცვა არა რეალური სხეული ქრისტესი, არამედ ე. წ. „მოჩვენებითი სხეული“, ხოლო ზოგი გნოსტიკოსის აზრით, ჯვარს ეცვა სვიმონ კვირინელი და არა ქრისტე. ასე ასწავლიდა, მაგ., გნოსტიკოსი ბასილიდეს (იხ. ე. ბოკი, სახარების კომენტარები, ტ. II, შტუტგარტი, 1971, გერმ. ენაზე). ყოველივე ამის გამო გნოსტიციზმში ვერ იარსებებდა ქრისტესეული ნათლისღების, სიკვდილით ნათლისღების იმგვარი გაგება, როგორიც გვხვდება იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში. გარდა ამისა, ძეგლში გვხვდება კიდევ ერთი ნიუანსი, რომლისთვისაც დღემდე არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება და რომელიც გამორიცხავს მის მიკუთვნებას რომელიმე არაორთოდოქსული მიმდინარეობისადმი. ეს არის ძეგლის ყველა ხელნაწარში დავით წინასწარმეტყველის მოხსენიება „წ. წინასწარმეტყველად“, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა.
გარდა ამისა, თუ „ქებაი“ ერეტიკული მოძღვრების შემცველია, მაშ რა საწაულით გადარჩენილა და შემონახულა საუკუნეთა მანძილზე ეს ნაწარმოები, ისიც სინას მთის მონასტერში ღიად, აშკარად, ნუთუ იქ არ აღმოჩნდა არც ერთი მცნობი ერეტიკული მოძღვრებისა? ვით „შეეპარა“ „ყოვლისგამანადგურებელ“ ეკლესიას ერეტიკული თხზულება?
ხსენებული გამოკვლევის ავტორი „ქებაის“ უწოდებს ესქატოლოგიური მისტიკის ნიმუშს. ეს გამოთქმა უნდა დაზუსტდეს. კერძოდ, „ქებაი“ არის იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის კომენტარი, ეგზეგეზა ესქატოლოგიური მისტიკის თვალსაზრისით. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ორთოდოქსია ებრძოდა ყოველგვარ ეზოტერიზმს და ინიცინაციურ სიბრძნეს. ამგვარი მტკიცებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთის ეკლესიაზე . უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არეოპაგიტული ტრაქტატები შეიქმნა აღმოსავლური ეკლესიის წიაღშივე, ხოლო „საიდუმლო ღვთისმეტყველება“, რომელზედაც საუბრობს დიონისე არეოპაგელი, არის იგივე ეზოტერული მოძღვრება, ანუ საიდუმლო სიბრძნე, რომელიც ყოველთვის დაწერილი სახით როდი არსებობდა, არამედ ზეპირი გადმოცემის, ე. წ. „ლოგიას“ სახით, აგრეთვე წიგნების სახით, რომელთაც ეწოდებათ „დაფარული“ წიგნები, ე.წ. „აპოკრიფები“.
აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი აბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით… დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“ (სულიწმინდის შესახებ, გვ. 322). მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ სიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი, XXV, § 29, გვ. 103).
მსგავსი თვალსაზრისი აქვს აგრეთვე გამოთქმული იოანე ოქროპირს ზიარების შესახებ, გრიგოლ ღვთისმეტყველს ნათლისღების შესახებ თავის მეორმოცე ჰომილიაში, ასევე სხვა მამებს ეკლესიისას. გერმანელი მეცნიერი ავგუსტი ჩამოთვლის ბერძნულ ტერმინებს, რომელთაც ხმარობდნენ ეკლესიის მამები ეზოტერული წესის აღსანიშნავად: ეპიკრიფის, სიოპე, გნოზის, მისტერიოკრიფია, დოგმა, ტროპოს, პაიდეას და სხვა. ასევე ლათინი მამების ტერმინებს: ოკულტაციო, რეტიცენცია საკრორუმ, სილენციუმ საკრუმ, არკანუმ და სხვა. არსებობს აგრეთვე შუა საუკუნეობრივი საეკლესიო ტერმინი ეზოტერიზმის აღსანიშნავად „დისციპლინა არკანი“, ე. ი. საიდუმლო დისციპლინა. ყოველივე ამის საუკეთესო დადასტურებაა „ქებაი“-ს დარი ძეგლის არსებობა ეკლესიის წიაღშივე.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, „გნოზისი“ ეკლესიის მამების ერთ-ერთი ტერმინია მათი ეზოტერიზმის აღმნიშვნელი, თუ ამგვარ გნოზისს დავუკავშირებთ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“, მაშინ ეს მისაღები იქნება, ეკლესიასთან დაპირისპირებულ გნოსტიკოსთა მოძღვრებას კი ვერ გავაიგივებთ ამ ძეგლთან. მაგალითად, თვით ანტონ პირველიც კი ხმარობდა ტერმინ „გნოზისს“ ანალოგიური მნიშვნელობით თავის „ღვთისმეტყველებაში“, სადაც ამბობს, რომ „გონება-მზე“ პეტრიწმა შემოიღო – „გნოსისინი აზნაურთა და თავისუფალთა ცნობათანი“.
ასე რომ, ამ სიტყვას თვით ანტონ კათალიკოსიც არ თვლიდა ეკლესიისათვის უცხოდ. ხსენებული გამოკვლევის ავტორის (ე. ჭელიძის) თქმით, III-IV საუკუნის ორთოდოქსიმ მთლად მოსპო გაგება ნათლისღებისა ვითარცა საიდუმლოსი და რომ მას შემდეგ ქრისტიანულმა ნათლისღებამ ეკლესიაში მიიღო მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა (გვ. 12-128). სინამდვილეში მეოთხე საუკუნის ეკლესიის მამა კირილე იერუსალიმელი თავის „მისტაგოგიურ კათეხიზმოში“ წერს, რომ, მართალია, ნათლისღებისას სამგზის წყალში ჩაძირვა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას, მაგრამ ეს მიბაძვა ქრისტესი არ არის მხოლოდ ხატი, სახე, „ეიკონ ჰე მიმეზის“, ვინაიდან თავად ნათლისღება არის რეალობა, რომლითაც ჩვენ რეალურად ვღებულობთ ხსნას (კირილე იერუსალიმელი, მისტაგოგიური კათეხიზმო, პარიზი, 1966. ფრანგ. ენაზე, გვ. 114). შემდეგ კირილე იერუსალიმელი განაგრძობს, რომ ნათლისღება არის ცოდვათა მიტევება რეალურად და განწმენდა რეალურად და ა. შ. ასე რომ, ნათლისღება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი საიდუმლოა, მისტერიონია. ნათლისღება სიმბოლურ ხასიათს ატარებს მხოლოდ პროტესტანტულ ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა საიდუმლონი, ხოლო პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების პრაქტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.
ავტორი ადამიანის არსების სამწევროვნების შესახებ მოძღვრებას, ანუ ტრიქოტომიას (რომელსაც იგი შეცდომით ადამიანის პიროვნების სამნაწილოვნებას უწოდებს) გნოსტიკოსტა საკუთრებად თვლის. სინამდვილეში ეს მოძღვრება უფრო ადრე ჩამოყალიბებულია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (1 კორ. 2. 14, 5. 44-17) და მას იზიარებს აღმოსავლეთის ეკლესიაც, ხოლო კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო იგი მხოლოდ მერვე საეკლესიო კრებაზე მეცხრე საუკუნეში და დატოვა დიქოტომია, ანუ ორწევროვნება (სამშვინველისა და სხეულისა). უცნაურად ისმის, აგრეთვე, ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ თურმე „ქრისტიანობის მიღებით ქართული ენა მოკვდა“ (გვ. 138), მაშინ როდესაც სწორედ ქრისტიანობის მიღების შემდეგ დაიწყო ქართული ენისა და მწერლობის არნახული აღორძინება.
ხოლო ქართული ენის ქრისტიანობამდელი სიცოცხლისა და აყვავების რაიმე დოკუმენტი თუ ეგულება ავტორს სადმე, ეს უდიდესი აღმოჩენა იქნებოდა. ასეთი შეხედულება არც იოანე-ზოსიმეს უნდა მივაწეროთ, ვინაიდან შეუძლებელია მას არ სცოდნოდა, თუ რა მოუტანა ქართველ ერს, ქართულ ენასა და მწერლობას ქრისტიანობამ.
ახლა დავუბრუნდეთ ისევ გამოთქმას „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. როგორც ითქვა, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შესძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის – რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ.
ამ სიბრძნის არსს ასე განმარტავდა პავლე მოციქული: „არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისას საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სიდიდებლად ჩუენდა“(1კორ.2. 7). ასევე ესმოდათ ეს ერთიანობა იუსტინე ფილოსოფოსს, ბასილი დიდს, ნეტარ ავგუსტინეს და სხვათა. სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელყოფს. თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და ქრისტიანობას შორის. ასე მაგალითად, კატაკომბების ფერწერაში გავრცელებულია მოტივი, სადაც ქრისტე ფიგურირებს როგორც მისტერიათა იეროფანტი კვერთხით ხელში, რომელითაც იგი აცოცხლებს მიცვალებულ ლაზარეს, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ანტიკური ინიციაციის კერების პრაქტიკა ინიციატის სამდღიანი სატაძრო სიკვდილისმაგვარი ძილისა, რომლისგანაც მას აცოცხლებდა იეროფანტი (რაც ხდებოდა მისტერიებში დაფარულად), ქრისტემ სახალხოდ განახორციელა ლაზარეს აღდგინებით.
ასე რომ, ლაზარეს ინიციაცია ანტიური ინიციაციის გზის ახალი ეტაპი იყო. ასეთივე ღრმა კავშირი არსებობდა მზის („სოლ ინვიქტუსის“) ანტიკურ კულტსა და ქრისტიანულ კულტს შორის. არსებობს ადრექრისტიანული გამოსახულებები, სადაც „სოლ ინვიქტუს“ ფიგურირებს როგორც ქრისტე, სააღდგომო ლიტურგიის შემსრულებელი (იხ. ე. ზაუსერი, ადრექრისტიანული ხელოვნება, მიუნხენი, 1966 წ. გვ. 393, გერმ. ენაზე).
პროტო-ქართული მოდგმა და კულტურა პრეისტორიული ხანიდან უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისტერიათა კულტურასთან. უფრო მეტიც, იგი იყო შემქმნელი ამ მისტერიათა, იყო მათი კულტურტრეგერი, რაც მოსჩანს არგონავტების მითიდან, აგრეთვე ანტიურობის მწერალთა და ისტორიკოსთა სხვა წყაროებიდან, აგრეთვე „ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ფარნავაზის ინიციაცია სულიერი მზის მიერ, აგრეთვე ქვაბში საუნჯის პოვნა, რაც საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა. შემდგომში საქართველო ეზიარა ახალ, ქრისტიანულ სიბრძნეს, ქრისტიანულ ინიციაციას „ახალი ნინოს“ მეშვეობით.
აი, რას გულისხმობს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამბობს, რომ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია. ღვთისმშობელი, სოფია, ანუ ზეციური დედა ეზოტერული თვალსაზრისით არის დედა მისტერიებისა, იზიდა, „მაგნა მატერ“ ყველა ანტიური რელიგიებისა და კულტებისა. ხოლო პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება, სულიწმიდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება აგრეთვე პარაკლეტი, ანუ ნუგეშინისმცემელი (იხ. მ. პარმენტიერი, წმ. გრიგოლ ნოსელისეული დოქტრინა სულიწმიდისა. „ეკლეზიასტიკოს ფაროს“, ალექსანდრიის საპატრიარქოს ჟურნალი, 1976, ტ. 60, გვ. 697)
იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამცნობს თავის მოწაფეებს, რომ მომავალში სულიწმიდამ უნდა ამხილოს სოფელი ცოდვისათვის და ამავე დროს უნდა მოჰმადლოს რჩეულებს ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნე:
„არამედ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე ნუგეშისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ, ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაი დასჯილ არს“ (იოანე 16. 7-11).
ამრიგად, სახარების მიხედვით, სულიწმიდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მოსავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას.
ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცა საღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ტვირთვა“ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათ ამ სიბრძნეს: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაი ესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე 16.12–13). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ მოსვლისას ქართველ ერსა და მის ენას ეკისრება იმ მისსიის აღსრულება, რომელიც გააჩნიათ, იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის გაგებით, ერთი მხრივ, ქრისტესა და მიქაელ მთავარანგელოზს, ხოლო მეორე მხრივ, სულიწმიდას და გაბრიელ მთავარანგელოზს, ვინაიდან სულიწმიდის ნების განმცხადებელი, მისი „პირი“ არის გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმაც ახარა ღვთისმშობელს სულიწმიდით ჩასახვა და რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე სულიწმიდის მომავალ მისსიასთან. ასევე ითვლება მიქაელი ძის, ანუ ქრისტეს „პირად“.
აი, რატომ არიან დავითის IV საუკუნის სტელებზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით! სხვათა შორის, ხსენებული აღმოჩენის შესახებ გ. აბრამიშვილი და ზ. ალექსიძე გაკვრით აღნიშნავდნენ, რომ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში „ენა“ ხალხსაც ნიშნავს, თუმცა ამ დებულებას აღარ უკავშირებენ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“.
ბრდაძორის მეექვსე საუკუნის სტელაზე, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას: სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ იმ ეპოქის საქართველოში იცოდნენ ეზოტერული საიდუმლო ლაზარესა და იოანეს იგივეობისა, ვინაიდან აპოკალიპსისში მეორედ მოსვლის მოვლენების აღწერისას ლაზარე სავსაბით არ არის ნახსენები, ხოლო იოანე ესქატოლოგიური ხილვით ჭვრეტს თავისთავს მიქაელ მთავარანგელოზის გვერდით მეორედ მოსვლის დადგომის ჟამს (გამოცხ. 19, 9-21). ასე რომ, ბრდაძორის სტელაზე გამოსახული ლაზარე იგივე იოანეა.
ლექცია წაკითხული “იდრიატის“ ფესტივალზე თბილისში. ფილარმონია, 2 მაისი, 1990 წელი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button