![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/04/SpaceX-ის-ოპერაციების-დირექტორმა-განაცხადა-რომ-Starlink-ი-გლობალურ-დაფარვას.jpeg?fit=750%2C438&ssl=1)
SpaceX-ის ოპერაციების დირექტორმა განაცხადა, რომ Starlink-ი გლობალურ დაფარვას ხუთი გაშვების შემდეგ მიაღწევს
ბოლო სამი თვის განმავლობაში SpaceX-მა განახორციელა Starlink-თანამგზავრების რვა წარმატებული გაშვება – დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანა 480 აპარატი. 6 აპრილს, ბოლო ამგვარი მისიისას SpaceX-ის პრეზიდენტმა და ოპერაციების დირექტორმა Gwynne Shotwell-მა განაცხადა, რომ გლობალური დაფარვა მიღწეული იქნება რამდენიმე თვეში.
Satellite 2021 LEO Digital Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ SpaceX იმედოვნებს ზღვარის გადალახვას რამდენიმე თვეში, როდესაც ჯამში შეასრულებს Starlink-თანამგზავრების 28 რეგულარულ გაშვებას. აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს შედგა 1.0 თანამგზავრების 23-ე წარმატებული გაშვება, რომელთა პირველი ნაწილი ორბიტაზე 2019 წლის ნოემბერში გავიდა. 250 კმ სიმაღლეზე გაშვებულ იქნა კიდევ 60 თანამგზავრი.
![image.jpeg](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_04/image.jpeg.6be8405ee1f39bad60d1c91d3b629199.jpeg?w=780&ssl=1)
საერთო ჯამში, ამ 17 თვეში გაშვებული 1383 თანამგზავრიდან დაახლოებით 1369 კვლავ ორბიტაზეა და მათგან სულ მცირე 1356 მუშაობს. 900-ზე მეტმა მიაღწია საბოლოო ორბიტას და მუშა მდგომარეობაშია. კიდევ 400 მათგანი იმყოფება 550 კილომეტრი სიმაღლის საექსპლუატაციო ზონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით ქვემოთ საპარკინგე ორბიტაზე.
![image.jpeg](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_04/image.jpeg.ab163b5cc3cdc74817b941b68a723586.jpeg?w=780&ssl=1)
SpaceX-ის დაფარვის ზონა მარტის დასაწყისისთვის (809 თანამგზავრი)
SpaceX დაახლოებით ორი კვირის მანძილზე შეაჩერებს Starlink-ის გაშვებას, რათა მთლიანად კონცენტრირდეს პილოტირებულ Crew-2 მისიაზე. როგორც ცნობილია, Starlink-ის დაჩქარებულ გაშვებას კომპანია აპრილის ბოლოს დაუბრუნდება. თუკი ამ დროიდან SpaceX დაიცავს 2021 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს და თანამგზავრებს გაუშვებს ყოველ 12 დღეში, Starlink-28-ის გაშვება შედგება დაახლოებით ივნისის ბოლოს, შესაძლოა უფრო ადრეც. ამის შემდეგ საჭირო იქნება თითოეული თანამგზავრის ფუნქციონირების შემოწმება და მათი მიღწევა სამუშაო ორბიტამდე.
![image.jpeg](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_04/image.jpeg.392f8cdb4c8419b802b67d481d54099b.jpeg?w=780&ssl=1)
Falcon 9-ის გაშვება მისია Starlink 14-ის დროს. 14 მარტი. SpaceX
თუკი არ მოხდება თანამგზავრების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მწყობრიდან გამოსვლა ან სამიზნე ორბიტაზე გასვლა მეტისმეტად დიდ დროს არ წაიღებს, SpaceX-ს ექნება საკმარისი რაოდენობის აქტიური სატელიტები (დაახლოებით 1700), რათა მოხდეს მსოფლიოს დაფარვა სატელიტური ქსელით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში.