პირველი დასაკეცი iPhone გამოვა დაახლოებით 2023 წელს და იგი iPad Mini-ს ზომის იქნება
ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo ვარაუდობს, რომ Apple 2023 წელს გამოუშვებს დასაკეც iPhone-ს. ექსპერტმა სიახლე გაახმაურა შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან მიიღო იგი.
სავარაუდოდ, ეკრანის ზომა იქნება 7.5-8 დუიმამდე. ეს ცნობა განსხვავდება ამ დრომდე გავრცელებული ვარაუდისგან, რომ დისპლეი iPhone 12 Pro-ს ზომის იქნებოდა.
დიაგონალის ზომის მიხედვით ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოწყობილობა Samsung Galaxy Fold-ის მსგავსი იქნება – ვერტიკალური ხაზითა და ჰორიზონტალური მოტრიალების ფუნქციით. ახალი მოწყობილობისთვის ეკრანს ვინ დაამზადებს, ამჟამად უცნობია. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპანია ეკრანებზე მუშაობს LG-სა და Samsung-თან ერთად.
ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ დასაკეცი სმარტფონის გამოშვება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა Apple ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარებასა და წარმოების ოპტიმიზაციას. მან აღნიშნა, რომ პროდუქტის ოფიციალური გამოშვება ჯერ დაგეგმილი არ არის და კომპანია მასზე მუშაობითაა დაკავებული.