გართობაენიგმაუცნაურიფილოსოფია

ფილოსოფიური დილემები, რომლებიც აუცილებლად დაგაფიქრებთ

● პატიმრის დილემა
ცნობილია, როგორც თამაშის თეორიის პრობლემა, მასში დაკავებულს უწევს რთული არჩევნის გაკეთება: დუმილი ან აღიარება. სიტუაცია ასეთია: ორი დამნაშავე დააკავეს და იზოლირებულ საკნებში მოათავსეს ბანკების ძარცვის ბრალდებით. გამომძიებელი თითოეულს ასეთ წინადადებას სთავაზობს – შეგიძლია, ყველაფერი აღიარო ან დუმილის უფლება გამოიყენო. თუ შენ აღიარებ და შენი პარტნიორი ჩუმად იქნება, ყველა ბრალდებას მოგიხსნი, მას კი დიდი ხნით პატიმრობა ელის. მსგავსადვე, თუ ის დაწერს აღიარებით ჩვენებას და შენ ჩუმად იქნები, ის გათავისუფლდება და შენ დაისჯები. თუ ორივე გამოტყდებით, ვერ გაგათავისუფლებთ, მაგრამ სასჯელი ხანგრძლივი არ იქნება. ხოლო თუ არცერთი გამოტყდებით, მხოლოდ სიმბოლურ სასჯელს მიიღებთ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის.

რომელია სწორი არჩევანი – აღიარება თუ დუმილი? ყველაზე ოპტიმალური, ცხადია, ორივე დამნაშავის დუმილია, მაგრამ ღირს გარისკვა იმის იმედით, რომ მეორეც ასე მოიქცევა?

● ნეირომეცნიერი უფერო სამყაროში
მერი არაჩვეულებრივი მეცნიერია, რომელიც, უცნობი მიზეზების გამო, მთელი ცხოვრების განმავლობაში გარესამყაროს აკვირდება შავ-თეთრ ოთახში არსებული შავ-თეთრი ეკრანიდან. მას ფერები არასდროს უნახავს. მერი იკვლევს მხედველობის ნეიროფიზიოლოგიას და მისთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი ფიზიკური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა ვხედავთ მწიფე პომიდვრებს, ფირუზისფერ ცას, როცა ვიყენებთ სიტყვებს „წითელი”, „ლურჯი” და ა.შ. მან იცის, ცის დანახვისას რომელი ტალღების კომბინაცია ახდენს თვალის ბადისებრი გარსის სტიმულირებას და როგორ იწვევს ეს ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით ხმის იოგების შეკუმშვას, რომლის შემდეგაც წარმოვთქვამთ: „ცა ლურჯია”. რა მოხდება, როცა მერის გამოუშვებენ შავ-თეთრი ოთახიდან ან ფერად ტელევიზორს მისცემენ? შეძლებს ახალი ინფორმაციის აღქმას თუ ვერა? რამდენად დიდია იმის შანსი, რომ აკადემიური ცოდნა პრაქტიკული ცოდნითაც გამყარდება?


● ხოჭო ყუთში
ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტეინი გვთავაზობს ერთგვარ წარმოსახვით ექსპერიმენტს, რომელიც მე-20 საუკუნეში აქტიურად განიხილებოდა და აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. წარმოვიდგინოთ ინდივიდთა ჯგუფი, თითოეულს აქვს ყუთი და მასში მოთავსებულია რაღაც, რასაც პირობითად ვუწოდებთ „ხოჭოს”. ყველა ინდივიდს ეკრძალება სხვა ყუთში ჩახედვა და ხოჭოს აღწერს მხოლოდ იმის მიხედვით, რასაც თავის ყუთში ხედავს. თუკი ვეცდებოდით, სიტყვა „ხოჭო” შეგვეტანა ენის ლექსიკურ მარაგში, ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან არაა გამორიცხული, ყველას სხვადასხვა რამ ჰქონოდა ყუთში, ზოგს კი – საერთოდ არაფერი, ზოგანაც შეიძლება მუდმივად ცვალებადი რამ იყო. სიტყვა „ხოჭო” ამ შემთხვევაში არა კონკრეტულ რამეს აღნიშნავს, არამედ – რა არის ჩემს ყუთში. ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ხოჭო ჩვენი გონების მსგავსია, ჩვენ არ ვიცით, რა ტრიალებს სხვის გონებაში და რას როგორ აღიქვამენ. როდესაც რამეს თავიანთ შეგრძნებებზე დაფუძნებით გვიხსნიან, ვფიქრობთ, რომ გავიგეთ, მაგრამ ნამდვილად ასეა?

● ჩინური ოთახი
ფილოსოფოსი ჯონ სირლი გვთხოვს, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ინგლიური ენა იცის, ზის მარტოდმარტო ოთახში და თან აქვს ინსტრუქცია, თუ როგორ უპასუხოს ჩინური იეროგლიფებით დაწერილ წერილს. წერილებს ის ოთახის მიღმა მყოფი პიროვნებისგან იღებს კარის ღრიჭოდან. კარებს იქით მყოფნი ჩინური წერილის საპასუხოდ ისევ ჩინურ იეროგლიფებს იღებენ, რომელიც აზრობრივად შეესაბამება წინამორბედ წერილს. სირლი ამ წარმოსახვითი ექსპერიმენტით იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ თუკი კომპიუტერული პროგრამა ადამიანს ესაუბრება, ეს არ ნიშნავს, რომ ის აზროვნებს ან ოდესმე იაზროვნებს, არამედ მოქმედებს ზემოაღნიშნული პრინციპით. შესაბამისად, კომპიუტერი წარმოადგენს სუსტ ხელოვნურ ინტელექტს (რომელიც ჩინური ენის გაგების სიმულაციას ახდენს), ხოლო ძლიერი ხ.ი. (მოაზროვნე მანქანა) გამოირიცხება, რადგან პროგრამა ვერ მისცემს მას ცნობიერებას, აზროვნების უნარს. შესაბამისად, ტიურინგის ტესტი, რომელიც მოწყობილობის ინტელექტს ზომავს, უსარგებლო მეთოდია. თუმცა დღესდღეობით ეს არგუმენტი არ ითვლება ძლიერი ხელოვნური ინტელექტის საწინააღმდეგო არგუმენტად, რადგან ის ეხება მხოლოდ ციფრულ კომპიუტერებს და არა მომავლის მოწყობილობებს, ასევე განიხილავს მხოლოდ ერთ მაგალითს და არა მანქანების შესაძლებლობების სრულ სპექტრს.


● გამოცდილების მანქანა
ფილოსოფოს რობერტ ნოზიკის „გამოცდილების მანქანა” გვაძლევს მინიშნებას, რომ უკეთესი იქნება, „მატრიცის” მსგავსად, საკუთარი თავი ჰედონისტურ მდგომარეობაში გადავიყვანოთ. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს მოწყობილობა, რომელიც თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გამოცდილებას ჩაგინერგავთ. უმაღლესი დონის ნეიროფსიქოლოგები მოახდენენ თქვენი ტვინის სტიმულირებას ისე, რომ გეგონებათ, თითქოს შედევრულ ნაწარმოებს ქმნით, ეცნობით ახალ ადამიანებს, ან რაიმე სხვა გზით იღებთ სიამოვნებას. მთელი დროის განმავლობაში მოთავსებული იქნებით ავზში, ტვინზე კი ელექტროდები იქნება მიერთებული. მაგრამ ეს არ გეცოდინებათ და იფიქრებთ, რომ რასაც განიცდით, რეალურად ხდება. დათანხმდებოდით ამ წინადადებას და მოახდენდით მთელი თქვენი ცხოვრების რეპროგრამირებას? ერთი მხრივ, იქნებით წარმოსახვით სამყაროში, სადაც არ იქნება ტანჯვა, მეორე მხრივ, ეს მხოლოდ ილუზიაა და თქვენი რეალური მე გათიშულია.

● ობობა პისუარში
ტომას ნაგელი თავის ესეში „დაბადება, სიკვდილი და ცხოვრების აზრი” აღწერს ერთი პატარა სევდიანი ობობის ცხოვრებას, რომელიც ბინადრობდა პრინსტონის (სადაც ტომასი ლექციებს კითხულობდა) მამაკაცების საპირფარეშოს პისუარში. ობობას აშკარად ცუდი იღბალი ჰქონდა, რადგან საშინელ ადგილას ცხოვრობდა და ყველა მის საბინადროს აშარდავდა, რაც სავარაუდოდ არ მოსწონდა. იქნებ მას ამოსვლა სურდა? ამას თავად ვერ მოახერხებდა და ვერც ვინმეს ეტყოდა. ამიტომაც ერთ დღეს ტომასმა ხელსაწმენდი ქაღალდი აიღო და ობობას გაუწოდა. ობობა ფეხებით მოეჭიდა და ტომასმა ის იატაკზე დასვა. უცხო გარემოში აღმოჩენილი არსება უძრავად იყო. ტომასმა მსუბუქად უბიძგა ხელსახოცით, მაგრამ ის არ გაინძრა. იგივე მდგომარეობაში იყო 2 საათის შემდეგაც, ხოლო მეორე დღეს ფეხები ჰქონდა შეკუმშული, როგორც მკვდარ ობობებს ახასიათებთ ხოლმე. ასე იწვა ერთი კვირა, სანამ იატაკი არ მოწმინდეს.

ტომასს ცხადია, სიკეთის გაკეთება სურდა, რათა ობობას უკეთესი სიცოცხლე და ნორმალური გარემო ჰქონოდა, მაგრამ საპირისპირო აღმოჩნდა – მისმა ქმედებამ ობობა იმსხვერპლა. ეს მაგალითი გვაფიქრებს არამარტო ცხოველების, არამედ ჩვენი ცხოვრების აზრზეც. საიდან ვიცით, ვის რა სურს ან რა სჭირდება რეალურად? რამდენად სწორია ქველმოქმედების კეთება და ამ გზით სხვის ცხოვრებაში ჩარევა, როცა შეიძლება შედეგი საპირისპირო იყოს?


● ტროლეიბუსის პრობლემა
ფილიპა ფუთის დილემა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს უმტკივნეულო გამოსავალი: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობაა ტროლეიბუსის (ტრამვაის, მატარებლის) ხაზების მიმართულების დარეგულირება. უეცრად გამოჩნდა ტროლეიბუსი, რომელსაც დაკარგული აქვს კონტროლი. გზა ორად იყოფა, პირველზე 5 ადამიანია, მეორეზე კი – მხოლოდ ერთი. თუ არაფერს გააკეთებთ, ტროლეიბუსი 5 ადამიანს დაეჯახება, მაგრამ თუ მიმართულებას შეუცვლით, ერთ ადამიანს იმსხვერპლებს. როგორ მოიქცევით?

ახლა წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ერთი გზაა და 5 პოტენციური მსხვერპლი. თქვენ შეგიძლიათ, ხელი კრათ მსუქან ადამიანს, რომელთან შეჯახებაც ტროლეიბუსს გააჩერებს, მაგრამ მას მოკლავს. როგორ მოიქცევით? თუკი უარს იტყვით მის გაწირვაზე, შეგიცვლით თუ არა გადაწყვეტილებას იმის გაგება, რომ სწორედ ამ მსუქანმა ადამიანმა დააბა რელსებზე ის 5 უდანაშაულო მსხვერპლი? ნებისმიერ ვარიანტში ეს დილემა გვაყენებს არჩევნის წინაშე – გავხდეთ ერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზი თუ ხელი არ შევუშალოთ 5-ის დაღუპვას?

__________________________________________

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button