თანამგზავრულ ინტერნეტ Starlink-ის სიჩქარე მიმდინარე წელს 300 მბ/წამამდე გაიზრდება
SpaceX-ის ხელმძღვანელ ილონ მასკის თქმით მიმდინარე წელს კოსმოსური კომპანია უზრუნველყოფს Starlink-ის ქსელის სიჩქარის გაორმაგებას, ხოლო თანამგზავრული ინტერნეტით პლანეტის სრული დაფარვა მოხდება 2022 წელს.
„წელს სიჩქარე გაორმაგდება და მიაღწევს დაახლოებით 300 მბ/წმ-ს, შეყოვნება კი შემცირდება დაახლოებით 20 მილიწამამდე“ – უპასუხა მასკმა ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 77-დან 130-მდე მბ/წმ-ს.
მონაცემთა გადაცემის შეყოვნება (პინგი) – ეს არის დრო, რომელიც გადამცემის მხრიდან სიგნალს სჭირდება ამ სიგნალის მიმღების სისტემაში გადასაცემად. რაც ნაკლებია შეყოვნება, მით უფრო სწრაფად და სტაბილურად მუშაობს ქსელური კავშირი. შეყოვნების მაღალ მაჩვენებელს ხშირად თან ახლავს ხარვეზები ინტერნეტთან დაკავშირებისას, ქსელის აპლიკაციების „გაჭედვა“, DNS სერვერთან კომუნიკაციის გათიშვა და ა.შ.
მომდევნო თვითში მასკმა აღნიშნა, რომ Starlink-ის ქსელი მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი გახდება 2021 წლის ბოლოსთვის, ხოლო SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტით პლანეტის სრული დაფარვა მოხდება მომდევნო წელს. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა თანამგზავრული სერვისების მსგავსად Starlink უპირველს ყოვლისა ორიენტირებულია მცირედ დასახლებული რაიონების მაცხოვრებლებზე, სადაც სადენიანი ინტერნეტის გაყვანა არაპრაქტიკული და ძალიან ძვირადღირებული ამოცანაა.
SpaceX-ის შეფასებით, Starlink-ის ქსელის სრულად ამოქმედება, რომელიც ორბიტაზე მყოფი რამდენიმე ათასი თანამგზავრისგან იქნება შემდგარი, კომპანიას დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. ქსელი ყოველწლიურად კომპანიას მოუტანს დაახლოებით 30 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს, ანუ დაახლოებით იმაზე ათჯერ მეტს, რასაც SpaceX იღებს ძირითადი საქმიანობისგან – რაკეტების წარმოება-გაშვებიდან.