გოდერძი ჩოხელი ვარდისფერი კაცი
ფერისცვალება დღიდან მეორე კვირაზე, ყვითელი ფარდაგები გამოჰფინა შემოდგომამ. საზამთროდ აიწეწა ცხვარ-მეცხვარე. საჯიხვის წვერზე გამოჩნდა თოვლი და ნიკორა შუბლით ჩამოანათა შემოდგომის ყვითელ სამეფოში. თოვლის დანახვაზე უფრო აჩქარდნენ მწყემსები. დიდი ფაფახები დაიხურეს და ქვენამთის გადასასვლელისაკენ გარეკეს ცხვარი.
ბურსაჭირის ჭალამდე გააცილეს გუდამაყრელმა დედაკაცებმა საზამთრო საძოვრებისკენ მიმავალი ქმრები.
_ აბა, თქვენ იცით და თქვენმა ქალობამა! _ ვითომ სხვათაშორის ჩაილაპარაკეს კაცებმა. მერე თითო ჭიქა ჟიპიტაურით მგზავრის ანგელოზი განადიდეს და სტვენით და ჩიე_ ჩიეს ძახილით გადაიარეს ქვენა მთა.
დაწყნარდნენ მთები, ყვითელი თავ-თმანი ჩამოიწეწეს ტყეებმა. საჯიხვის მთაზე სთვლემდა მიდამოს დასაზვერად მოსული თოვლი. ნიკორა შუბლით კლდის გაცრეცილ ბეჭს დაჰყრდნობოდა და მილულვილი თვალებით მიდამოს ეალერსებოდა. მერე, როგორც იქნა, გაბედა და ნება-ნება ჩამოუყვა მთის ფერდს. თან რაღაცნაირი მქისე მოწყენილობა ჩამოჰყვა ციდან.
მოიწყინეს სოფელში უქმროდ დარჩენილმა დედაკაცებმა. შეგროვდებოდნენ ხოლმე რომელიმე ბანზე და ზოგი მატყლს სჩეჩავდა, ზოგი ფარტნებს ართავდა, ზოგი ქსოვდა და ზოგიც ჯარას ატრიალებდა. გასათხოვარ გოგოებს კალოებში საქსოვი დაზგები გაემართათ და ზოგნი ფარდაგებს ქსოვდნენ და ზოგნიც _ საჩოხე შალებს.
ისხდნენ დედაკაცები და ჭორაობდნენ. ჭორაობდნენ და თან ვიღაცის მოსვლას ელოდნენ. წამდაუწუმ დედურის გორს გაჰყურებდნენ. იმ გორის ფხას შიშველი გზა მოუყვებოდა, რომელზედაც არც ამვლელი ჩანდა და არც ჩამვლელი. მაგრამ ისე მოუთმენლად გაჰყურებდნენ ამ გზას დედაკაცები, რომ ვიღაცა აუცილებლად უნდა მოსულიყო.
აღარც თოვლი აპირებდა სოფლამდე ჩამოსვლას. კვირაის გორზე იჯდა და ნისლს იხვევდა.
დაიღალნენ ლოდინით დედაკაცები.
_ აღარ მოვიდა, აღარ მოშავდაო, _ ჩიოდნენ.
მერე ვიღაცამ ჭორიც მოიტანა: _ მომკვდარაო.
არ დაუჯერეს. ისევ დედურის გზას გაჰყურებდნენ და მოელოდნენ.
_ მოდის, მოდის! _ დაიძახა ერთ დილით ბანის წვერზე გადმომდგარმა გარახტინამ და თავშალგაშლილი გადაენთო დედურისაკენ. ბანის პირებზე გადმოდგნენ სხვებიც.
დედურის გორზე ვიღაც ზურგზე ტვირთმოკიდებული კაცი გამოჩნდა და იმის შესახვედრად გამოსულ დედაკაცებს რომ მოჰკრა თვალი _ თქვენი ამბროსუკუნა გენაცვალოთო! _ ისეთი ხმით დაიღრიალა, მთები შესძრა და მოღუშული ცა სათოვლელად გაემზადა უცებ.
თოვდა გულდაგულ. აღარაფრისა აღარ ეშინოდათ დედაკაცებს, ერთ მაღალ ბანზე შეგროვილიყვნენ და თავიანთ ამბროსუკუნას ეხვეოდნენ ჟრიამულით.
ამბროსის ზურგიდან ტვირთი ჩამოხსნეს და საპატიო სკამზე დასვეს. ისეთი დიდებით მიიღეს ეს ტანისამოსშემოგლეჯილი, ნათრევ-ნაწვალები ცალთოლი კაცი, თვით იმპერატორსაც კი შეშურდებოდა იმისი სამფეხა სკამი. იჯდა და წამდაუწუმ იძახოდა:
_ თქვენი ამბროსუკუნა გენაცვალოთ, აი!
თან ცალი თვალით ისე ათვალიერებდა დედაკაცებს, უბედურებას გადარჩენილი მამალი რომ ათვალიერებს ხოლმე დედლებს, მელიამ ხომ არაფერი მომტაცაო. და რომ დარწმუნდა, არავინ აკლდა, მოხსნა პირი თავის ტომარას:
_ ეს შავი ფერი.
_ ეს მწვანე.
_ ეს ყვითელი.
_ ლურჯი.
_ ვარდისფერი არ წამოგიღია? _ მოუთმენლად იკითხა ბერის დედაკაცმა. ამბროსაი ვარდისფერის ხსენებაზე შეკრთა და თვითონაც ვარდისფერმა
მწუხარებამ გადაუარა სახეზე.
_ ვარდისფერი? _ იკითხა შეშფოთებულმა და თითქოს სიზმარეული ხილვებიდან გამოერკვაო, დაბნეულმა თქვა:
_ არა, ვარდისფერი არ წამომიღია, არა.
_ მაშ, რაღა შავ ქვას მოველოდი შენგან, _ გამწარდა ბერის დედაკაცი, შუბლზე ჩიქილა ჩამოიწია და სხვა დედაკაცების გასაგონად თქვა:
_ მივწერ კაცს ცხორში წერილს და გადმოვატანინებ. ვარდისფერსაც მივწერ და თაგვისფერსაც, _ მერე წამოდგა, კაბის ბოლო ნიშნის მოგებით გაიქნია_ გამოიქნია და სახლში წავიდა.
ამბროსას კი დედაკაცები ეხვეოდნენ და ისიც იღებდა ტომრიდან ახალ_ ახალ ფერებს.
_ ეს ძაღლისფერიო.
_ ეს მგლისაო.
_ თქვენი ამბროსუკუნა გენაცვალოთ, ეს კურდღლისფერი თქვენთვის გავაკეთებინეო.
ყველა ფერიდან ამბროსაი თითო ბუწკს იღებდა და ახალ თოვლს აყრიდა ზემოდან. ახლომახლო ისე აფერადდა თოვლი, თითქოს “საქორწილო ჯარზე” გასაკრავი ფარდაგი ყოფილიყოს, ანდა რომელიღაც შაჰინ_ შაჰის ფეხმოსართხმელი
ხალიჩა, რომელზედაც ცალთოლი ამბროსია იჯდა და თავის თაყვანისმცემლებს ათასნაირ ფერებით უხარებდა თვალსა და გულს. სულ ბოლოს ნარინჯისფერი ამოიღო და თქვა:
_ გენაცვალოთ თქვენი ამბროსუკუნა!
ერთი ბუწკი ფერი კიდევ მოაყარა თოვლს და ცალი თვალი შემოატარა ირგვლივ.
*
მთელი თვე ღებვაში გაატარა ამბროსამ. ზოგს საფარდაგე ხიფები მოჰქონდა და ზოგს საჩოხე შალი. ზოგს სამგლოვიარო ჩიქილას უღებავდა და ზოგს საქორწილო ჯეჯიმის ნართებს. მთელი გუდამაყრის ხეობა ამბროსაის ფერებით შეღებილი დადიოდა, თოვლსაც კი მაგისფერი ედო ალაგ_ ალაგ.
ათასნაირ ფერად_ ფერად ყვავილებს აქარგავდნენ ფარდაგებზე გასათხოვარი ქალწულები. ყვითელ ფერზე ლურჯ იებს ქარგავდნენ, ტყვიის ფერზე შავი ძაფით აქარგავდნენ გულისსწორის სახელებს. ლომებს ქარგავდნენ და სალ კლდეებზე შემომსხდარ მხარკვერიან არწივებს ტყვიისფერ სიჭრუღეს აქსოვდნენ ფრთებში.
სადღაც დასაკარგავში გაცეული მოწყენილობა ამბროსაის წასვლას ელოდა. ის კი ცალ თვალს აბრიალებდა და ათასნაირი ლაღი ფერებით ქარგავდა ზამთარს.
*
საზამთრო იალაღებიდან, თითო თვით, დასასვენებლად მოვიდნენ სახლში მწყემსები, დაკერტილები, დაბეჩავებულები.
ჩააცვეს ცოლებმა ჭრელ_ ჭრელი წინდები, დაქარგული ახალუხები. დაიპრანჭნენ ისინიც, გაიარ_ გამოიარეს, რა ლამაზები ვყოფილვართო, გადაიგრიხეს ულვაშები. მიიპატიჟეს ერთმანეთი და გააჩაღეს ქეიფი: ჭრელებმა, დაქარგულებმა, ულვაშებგადაგრეხილებმა.
_ რა რიგები ვართ ეს ტივლები, _ თავს იქებდა გამიხარდაი.
ერთი კვირა ქეიფში გაატარეს, მერე სმაც შესწყინდათ და სოფელში გაიარ_ გამოიარეს. ამბროსას წააწყდნენ და გაიკვირვეს.
_ ეს რა კარგი რამ უშოვნიათ დედაკაცებსაო, _ თქვა გამიხარდიამ და სხვებსაც მოეწონათ.
_ უსაქმურობამ შეგვაწუხა, გავირთავთო.
თანდათან შეაჩვიეს ენა ამბროსას:
_ ჩვენი ცხოვრების დამჭრელებელოო.
_ ჩვენო გამშავებელოო.
_ შე ტყვიისფერო და შე მგლისფეროო.
ზოგს საალერსო სიტყვებიც კი დასცდებოდა ხოლმე:
_ შე გაზაფხულო და შე ზაფხულოო.
და უხაროდა ამბროსას. უხაროდა და ღებავდა.
*
იმ დილით წყალკურთხევა იყო. მკვდრების დღე. დილაუთენია გავიდა ხალხი არაგვზე. დაუნთეს სანთლები მიცვალებულის სულებს და წყალი აკურთხეს. თუნგებსა და თულუხებს ავსებდნენ და თოვლში ღვრიდნენ. ციოდა და ჟიპიტაურს აძალებდნენ ერთურთს. დიდი და პატარა წყალსა ღვრიდა. სანთლები ლიცლიცებდნენ ხინკლიან ხონჩებზე.
სოფელში მარტო ამბროსაიღა იყო. კალოში იჯდა და თავის ქათმებს ეალერსებოდა. ეს ქათმები შეღებვის საფასურად მიეცათ დედაკაცებს და ისინიც ისე მისჩვევიყვნენ, რომ ზოგი მხრებზე ეჯდა, ზოგი მუხლებზე.
_ ჩემო ჭრელებო და ჩემო ბიბილოიანებოო, _ ეალერსებოდა.
_ ჩემო ნაცარავ და ჩემო ტყვიისფერაო.
თითქოს ესმითო ისე რუკრუკებდნენ ქათმები.
_ თქვენი ამბროსუკუნა გენაცვალოთო!
მერე უცებ შეკრთა ამბროსაი. ბერს მოჰკრა თვალი, ამღვრეული თვალებით უყურებდა ბორწნელიდან. კარგა ხანს უყურა და მერე სადღაც წავიდა.
შეშინდა ამბროსაი, ცუდი რაღაც იგრძნო გუმანით. თავისი ქათმები ტომარაში ჩასხა და გაპარვა დააპირა. მთვრალ ხალხს გავერიდებიო, იფიქრა.
ის იყო სოფლის ორღობე ჩაათავა, რომ ბერის ყვირილი შემოესმა უკანიდან. მოიხედა და რა ხანჯალამოწვდილი ბერი დაინახა, სირბილით გავარდა თოვლიან გზაზე. გზა მოყინული იყო და ფეხები უსხლტებოდა. გრძნობდა, როგორ თანდათან უახლოვდებოდა ბერის ხმა. მერე იმ ხმას სხვა მთვრალი კაცების ხმაც შეუერთდა: _ ამბროსაი გაიქცაო, _ ყვირილით გამორბოდნენ წყლიდან.
მირბოდა ამბროსაი და მისდევდა მთვრალი ხალხი. ტვირთის ზიდვა უჭირდა და ბარბაცებდა. მერე უკანმოუხედავად იგრძნო როგორ წამოეწია ბერი, როგორ დაუქნია ქათმებით სავსე ტომარას ხანჯალი და შეეშინდა, მომკლავსო, იფიქრა. ტომარას ხელი უშვა და თოვლში ჩაიხვია. კარგა ხანს თოვლში პირქვე ჩამხობილი იწვა. მთვრალი ხალხის სიცილი და ქათმების კრიახი მატარებლის ბორბლებივით გადადიოდა მაგის თავზე და უთელავდა სხეულს.
დედაკაცები ეხვეწებოდნენ მთვრალ ქმრებს:
_ ცოდვა_ მადლი აღარ იცითუა!
და გულში ესიამოვნა ეს ხმა ამბროსას, _ თქვენი ამბროსუკუნა გენაცვალოთო, _ გაიფიქრა თავისთვის. მერე, როგორც იქნა, გაბედა და წამოიხედა. ბერი იჯდა და ქათმებს აჭრიდა თავებს, ისინი პტკნიალებდნენ და წითლად ღებავდნენ მიდამოს.
_ რა მღებავი ქათმები ჰყოლია ამ კაცსაო, _ იცინოდა ბერი.
მერე წაიყვანეს ამბროსაი სოფელში. დედაკაცებს ქათმები მოახარშვინეს და გამართეს ქეიფი. ამბროსაიც დასვეს სუფრაზე და თან ანუგეშეს:
_ რა ცხვირ_ პირი ჩამოგტირის, შე კაი კაცო, შენა. შენი გაზრდილი ხო არ იყო ის ქათმები, ჩვენი იყო.
_ არა ტყუის ბერი.
_ რო მოხვედი და მთელი გუდამაყარი გადაგვიღებე, რასა ფიქრობდი. თუ, წახვალ და დაიკვეხებ: _ გუდამაყარში სულ ჩემგან შეღებილი ხალხი დადისო.
_ არ გამოგივა, შე მგლისფერო, არა!
რაღაცა ცუდს გრძნობდა ამბროსაი. მუდარის თვალით შესცქეროდა დედაკაცებს, იმათ კი ქმრების შიშით ხმა ვეღარ ამოეღოთ და გამტკნარებულები ისხდნენ.
_ შავღებოთ. _ დაიძახა ბერმა.
_ რა ფრად? _ იკითხა გამიხარდამ.
_ ვარდისფრად.
ვარდისფერის გაგონებაზე ისევ იმ სიფითრემ გადაუარა სახეზე ამბროსას, პირველად რომ ჰკითხა ბერის დედაკაცმა, ვარდისფერი არ მოიტანეო.
_ ვარდისფრად არ ივარგებს, _ თქვა მწარიამ.
_ ვითომ რატომ არ ივარგებს, _ გაბრაზდა ბერი.
_ იმიტომ რო, ვარდისფერი არ მომწონს.
_ შენ არ მოგწონს, მაგრამ ამბროსას მოსწონს.
_ არ მომწონს ვარდისფერი, _ ამოღერღა გაფითრებულმა ამბროსამ.
_ ერთი ამას დამიხედე, სარჩევშიც რო შამივიდა, _ გაბრაზდა ბერი. სახლში გაიქცა და “ცხვრიდან” მოტანილი ვარდისფერი მოიტანა.
გახადეს ამბროსას ტანსაცმელი და მოამზადეს საღებავი.
_ მე ჩემი ნაწილი შავად უნდა შავღებო, _ აუშარდა ბერს მწარია.
_ მე კიდევ ყვითლად. _ თავისი წილი მოითხოვა გამიხარდამ.
ვერ მორიგდნენ… ზოგი ყვითელს იძახოდა, ზოგი მწვანეს, ზოგი ტყვიისფერს, ვისაც რა მოსწონდა და ვისაც რა ფერი ეცვა. ბოლოს წილი ყარეს: ზოგს ამბროსაის ხელი ერგო, ზოგს ფეხი, ზოგს თავი, დადგნენ და თავის_ თავის საყვარელ ფერზე შეღებეს. ბერმა თავის ნაწილი ვარდისფრად შეღება.
_ შე ტყვიისფერო და შე მგლისფეროო.
_ შე გაზაფხულო და შე ზაფხულოო.
_ ჩვენ რო გვიღებავდი, ჩვენ ღებვა არ ვიცოდით თუ რა გეგონა.
_ მე ხომ ვარდისფრად არაფერი შემიღებიაო, _ ამოიკვნესა ამბროსამ და ვარდისფრად შეღებილ ადგილზე, სირცხვილისაგან აწითლებულმა, ლურჯი ხელები დაიფარა.
_ ვარდისფერი შენი დასაწუნებელი ფერი არ არიო, _ იწყინა ბერმა.
მანამდე არ ჩააცვეს ტანსაცმელი, მანამ სიცილით გული არ იჯერეს. მერე თქვეს: _ კაცო, ესე ხო არ გავუშვებთ, ჩვენი სირცხვილია, სხოგან რას იტყვიან.
_ გავრეცხოთ, _ თქვა გამიხარდამ.
_ ჩვენ რატო გავრეცხოთ, არაგვი აქ არ მოდის?!
_ ვარდისფერს არაგვს კი არა, არავის არ გავარეცხინებ, _ შედგა ცივ ქვაზე ბერი.
_ მა რა ვქნათ, კაცო, ჩვენი სირცხვილია. თუ ეგე გულით გინდოდა, რაღა შუა ნაწილს აფერადებდი ვარდისფრად.
_ ვარდისფერს არ გაგარეცხინებთ, _ გადაუწურა იმედი ბერმა.
რაღა ექნათ, წაიყვანეს არაგვზე და თავ_ თავისი ნაწილი გარეცხეს. მარტო ვარდისფერიღა დაუტოვეს ტანზე.
იმ ღამეს ციებამ შეუტია ამბროსას და მამლის ყივილამდეღა გაჰ_ ყვა ცოდვილი სული.
რო კვდებოდა, მხოლოდ ეს სთხოვა ხალხს:
_ სამარეში მაინც ნუ ჩამატანთ, ხალხო, ვარდისფერს.
ეგ იყო იმის უკანასკნელი სიტყვები.
*
არავინ იცოდა, საიდან იყო მოსული ან ჰყავდა ვინმე გულშემატკივარი თუ არა.
გაიკითხ_ გამოიკითხეს, მაგრამ არც სხვაგან იცოდნენ.
მარტო ის იცოდნენ, რომ ვარდისფერი არ უყვარდა, სხვა არაფერი.
კარგა ხნის მერე გამოჩნდა კაცი, რომელმაც მარტო ის დაამატა:
_ მგონი ვარდობის თვეში ცოლი გარდაეცვალა და ალბათ ეჯავრებოდა ეგ ფერიო.
სხვა არ იციან არაფერი.
ანდა, სხვა რა უნდა იცოდნენ.
დადიან ახლა, უფეროები, ულაზათოები, ჯღუნაი ბერსა ჰგავს, ბერი _ კოფიას,
კოფია _ მწარიას…
_ რა ჩამოკერტილები დავდივართ, ეს ტივლები! _ ჩივის გამიხარდაი.
შორიდან ძლივსღა სცნობენ ცოლები.