ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი ძვლების სევდა

ვისაც კი ერთხელ მაინც, ზაფხულში ბურსაჭირის ფერდობი უნახავს, იმას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ სამოთხე ნახა. შუა ფერდობზე მდინარე მოჰქუხს, მდინარის იქით_ აქეთ ათასნაირი ყვავილებით მოქარგული კალთებია გადაშლილი და რაც უფრო ზემოთ და ზემოთ აუყვები ამ ფერდობებს, თეთრად გადაპენტილ დეკიანებში შეხვალ. ფერდობსა და ფერდობს შორის მოქცულ ტაფობებში პატარა, ლურჯად მოლივლივე ტბებია ჩამდგარი. ფერდობის ერთ მხარეს თითქმის ცაზე წვერით მიბჯენილი ჭიუხია წამოყუდებული. იგი არ ავლენს სიცოცხლის არავითარ ნიშანწყალს, როცა მის გარშემო ყველაფერი ყვავის, ყველაფერი ცოცხლობს: ყვავილები, წყაროები, ყორნები, რომლებიც მოკამკამე ლურჯი ცის ფონზე შავად დაფრენენ და არწივები, სააქაოს მეფე-მბრძანებლები. ქვემოთ ლოდებში მჩქეფარე მდინარე, რომელიც დროდადრო ლოდებს ადგილს უცვლის, თითქოს ეუბნება: უქმად ნუ ჰგდიხართ, იმოძრავეთ, სააქაოში ხართ, სააქაოს სიცოცხლე უხდებაო და ლოდებიც უჯერებენ, გადაგორდებიან და გაჩერდებიან. მარტო ეს ჭიუხი დგას უმოძრაოდ, თითქოს სიცოცხლესთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. თითქოს ეს მხოლოდ იმიტომ დგას, რომ მიგვანიშნოს:

_  აქ დედამიწაა!

_  იქ ცაა!

მერე?

მერე და ვინ გაყო ცა და დედამიწა?

_ იმან, ვინაც სიცოცხლე და სიკვდილი გაყო, _ ამბობს ჭიუხი. კი არ ამბობს, თავისი დგომით, თავისი უმოძრაობით მიგვანიშნებს ამას.

ჭიუხის ქვემოთ, კლდეში გაჭრილი უღელტეხილია.

ქვენამთის გადასასვლელი.

აი, სწორედ ამ უღელტეხილზე გადადიან მგზავრები, გადადიოდნენ უძველესი დროიდან, გადადიან ახლა და ალბათ სანამ ეს ჭიუხი აქ იდგება, სანამ ეს უღელტეხილი იქნება, სანამ ბურსაჭირის ფერდობზე ყვავილებს გაზაფხულობით აყვავება არ მოსწყინდებათ, ივლიან მგზავრები, გადაივლიან და გადმოივლიან ქვენამთის გადასასვლელს.

ზაფხულია და ყვავის ბურსაჭირის ფერდობი.

გალობს სიცოცხლე.

ირგვლივ ყველაფერი ზეიმობს.

მხოლოდ…

მხოლოდ გადმოსასვლელის ქვემოთ, პატარა გორაზე ერთი ლოდის ქვეშ, მიწაში მყოფი კაცის ძვლები არიან სევდიანად.

ეს საფლავი ერთადერთია ამ არემარეში, უპატრონო, მიტოვებული და მიუსაფარი. არავინ იცის, ვისია ეს ძვლები, რა ერქვა ამათ პატრონს. ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ მგზავრი ყოფილა, ქვენამთის უღელტეხილიდან გადმოვარდნილა და მკვდარი

სამადლოდ მიუბარებიათ მიწისათვის. ეს ლოდი დაუდვიათ ზემოდან. ეს არის ერთადერთი საფლავის ლოდი ამ არემარეში. ლოდის ერთ კუთხეში მიწა გამოთხრილა და შიგნიდან ძვლები იმზირებიან გარეთ. იმზირებიან სევდიანად, გულის მომკვლელად, თითქოს რაღაცას ევედრებიან გარეთ მყოფთ, რაღაცას სთხოვენ.

ვინ იყო ამათი პატრონი?

სად მიდიოდა?

სად დაიბადა და რატომ ჩაჰბარდა აქაურ მიწას?

იქნებ ჰყავდა დები, ძმები, უხაროდათ ერთმანეთთან ახლოს ყოფნა, ერთმა დედამ შობა ისინი… რა თქმა უნდა, ახლა აღარც ისინი არიან ცოცხლები. იქნებ მათი ძვლები ერთურთის გვერდით განისვენებენ. მარტო ეს ძმა აღარ მიუვიდათ სახლში და ელოდნენ. იქნებ თავისი და_ ძმების ძვლებთან ახლოს ყოფნას ითხოვენ ეს სევდიანი ძვლები. ანდა, იქნება, ბედმა ამათი პატრონის და_ ძმებიც სხვადასხვა მხარეს მიმოფანტა და აღარც მათი ძვლებია მიწაში გვერდიგვერდ ჩასვენებული, თავის დედასთან ახლოს, რომელმაც შვა ისინი.

რას გაიგებ წუთისოფლისას, ბრუნავს, ბრუნავს და ჩვენც გვატრიალებს.

თანაც ყვავის.

ყვავის და ლამაზია.

ისეთივე ლამაზი, როგორც ბურსაჭირის ფერდობი, ათასნაირი ყვავილებით მოჩითულ_ მოქარგული, სიცოცხლით სავსე და მხიარული.

მხიარული და მოზეიმე.

მოზეიმე, რადგან გარშემო სიცოცხლე ფეთქავს.

მხოლოდ ძვლები, აქაურ ლოდებს შორის ერთადერთ ლოდს ქვემოდან გამომზირალი ძვლები არიან სევდიანად, რაც კაცს გულს გიკლავს, მაგრამ რჩება იმედი, იმედი იმისა, რომ ღმერთი მაღალია და ამ ძვლების პატრონისა და მისი და_ ძმების სულებს ერთად შეჰყრის იმ ქვეყანაზე. იქ დაუხვდებათ მშობელი დედა და გაიხარებს. გაიხარებს, როგორც ხარობს და ლაღობს სამოთხესავით მშვენიერი ბურსაჭირის ფერდობი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button