მოთხრობასაკითხავი

აკა მორჩილაძე – მეფე და მე

(ავტობიოგრაფიის ნაწყვეტი)

ჩვენი ბავშვობის გაცინებული უფროსი, პარადებზე დანახული კაცი.

ცხოვრებაში სულ ერთხელ დავინახე მეფე. თბილისობის დროს, რომელიღაც აღდგენილი სახლის აივნიდან გადმოდგა და ხალხს ყანწი დაანახა. იმ დროს ერთი მუშა კაცი, მგონი ქურთი იყო, ცდილობდა, ხალხში შეეღწია და მეფე კარგად დაენახა. ვიღაც გალსტუკიანმა და ულვაშიანმა კაცმა ჯერ ხელი ჰკრა, მერე კიდევ წიხლიც მიაყოლა ფერდში. იმ ქურთს ხელში ეჭირა ქაღალდის პარკი, უფრო სწორად იღლიაში ამოედო. წაიქცა, გაუვარდა პარკი და იქედან გადმოვარდა სქელ ქაღალდში გახვეული ხორცის ნაჭერი.

მე მაშინ ვიყავი ცამეტი წლის. შეიძლება უფრო პატარაც. რაღას გაიხსენებ, როდის აღადგინეს ის სახლები? თუნდაც უფრო პატარა ვყოფილიყავი, შვიდი წლის ვიყავი და მეფე იყო, ოცდაჩვიდმეტის ვარ და ისევ მეფეა. მგონი მადლობა უნდა ვუთხრა, სტალინის დროს ბევრმა ვერ გაუძლო ოცდაათ წელიწადს. ანუ ვინც შვიდის იყო, იმათგან ბევრი ვერ გახდა ოცდაჩვდმეტის. ვინც გახდა, უმეტესობა ტიროდა, სტალინი მოკვდაო.

მე ვარ უბედური ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაირგვარი ღირსების თხელ-თხელ წიგნებს წერს და ახლა ამ ქვეყნიდან ძალიან შორს არის, სხვა ქვეყანაში, სადაც შუქის ფულს მეზობლისგან არ სესხულობს ხოლმე. ამბები აქეთ ექოდ უფრო აღწევს ხოლმე, საკომპიუტერო ხაზები ცუდია და ტელეარხების დაჭერა ჭირს. რაღაც ნაწყვეტებს თუ მოვკრავ ყურს.

თუმცა ტელევიზორით ამბების შეტყობას დიდი ნაკლი აქვს. ამბავზე კი არ ფიქრდები, არამედ იმ ამბავზე, რომელიც ტელევიზორში მოისმინე. ამიტომ ამას ისედაც არ მივდევ. ახლა შინ დაბრუნება კიდევ ჩემგან მეტიჩრობა იქნებოდა, რომელი მოღვაწე მე ვარ, ანდა ბრანეპოეზდის უფროსი, რომ რევოლუციას შევუერთდე. მე არც ინტელიგენტი ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, მუშა გახლავართ და ვამაყობ ამით. ყველა ჩემი წინაპარი გლეხი იყო, უკანასკნელ სამას წელიწადს მაინც. მანამდე აზნაურებიც რევიათ და დადიანის ძროხის მკვლელობის გამო, ანუ დადიანთან ქიშპობის გამო გაუგლეხებიათ.

ამ აბდაუბდის წერა გაუთავებლად შემიძლია, რადგან მეფეებზე წერა და ლაპარაკი დიდ იდიოტობად მიმაჩნია. ჩემთვის, რა თქმა უნდა.

უბრალოდ, ძალიან შორს კი ვარ, მაგრამ მაინც ვხედავ რაც ხდება.

ერთხელ, როცა კიტოვანის გვარდია რკონში გავიდა და გვარდიის სხვა ნაწილებმა კი გამსახურდიას უერთგულეს, მთავრობის სახლთან ხალხი ირეოდა: უფრო ამბის გასაგებად, ვიდრე მიტინგის მოსაწყობად. იქ მოვხვდით მე და ჩემი ამხანაგი და იქვე ერთი შავებში ჩაცმული პატარა ხნიერი ქალიც იყო. გამოკითხვა-ლაპარაკში გვითხრა, შვილო, ახალგაზრდების სიცოცხლის გამო მეშინიაო, ძალიან მეშინიაო, ამბობენ ომი მოხდება და ისევ მეფე ჩამოვაო. ახ, რა მტკიცედ დავარწმუნეთ, რომ მისი წინააღმდეგიც ვიყავით. რას ამბობ, დედი-თქო, ეგ ხომ უკვე გამოვიარეთ-თქო, ვინ ჩამოუშვებს-თქო, ჩვენ გვინდა რო საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული იყოს-თქო. ბიჭები ვიყავით. თუმცა რაღა ბიჭი, ერთი შვილი კი მყავდა უკვე.

ის ქალი მერე იჯდა დელისთან და პატარა მუყაოს ყუთში ნამცხვრები ელაგა. იქით ვმუშაობდი და ყოველდღე მიწევდა მის წინ გავლა. მიწა გამსკდომოდა, მერჩია, ახლაც სირცხვილისგან არ ვიცი, სად დავიმალო. მაშინ, მთავრობის სახლთან, დაღუპული შვილის სურათი გვაჩვენა და კარგად დამამახსოვრდა ეს საბრალო ქალი. როგორ შევხედავდი? ეს რომ ვუთხარი, იმის მერე ხომ მეფის დამკვირვებლად გამამწესეს სამსახურიდან. ყველანი გაგვამწესეს ბიჭები, ნაირგვარ უბნებზე. რომელი მებრძოლი ვარ? წავედი. ჩემი უბანი იყო ონკოლოგიური საავადმყოფო, საიდანაც გვიან ღამით ფეხით დავბრუნდით მთა-მთა მე და ერთი პატიოსანი ექიმი. დიდი მადლობელი ვარ ამ დღისათვის. ნამდვილი სირცხვილი ვისწავლე, ნამდვილად მომაკვდავი ადამიანები ვნახე, რომელთაც საარჩევნო ყუთს ჩრიდნენ. ეს სიმწარე დაუვიწყარია. როგორღა შემეხედა იმ კეთილი ქვრივისთვის თვალებში?

უკვე ისევ მეფობა იყო. ჩავუვლიდი, გავიხედავდი განზე და გამახსენდებოდა, როგორ მოვატყუე. კარგა მაგარი სილა ვჭამეთ. მე ვჭამე და თქვენი არ ვიცი. სილა კიდე ის სიტყვა არ არის. ის ქალი აღარ დამინახია ბოლო დროს. ვიხოცებით ქართველები.

მე ვიცი, რაც გვხოცავს. კარგად ვიცი. მამაჩემი ჩემ თვალწინ გარდაიცვალა.

არ მეშინია იმ ლაპარაკების. ეს გავა, ის გამოვა, ეს დავკარგეთ, იმას დავკარგავთ. დავით აღმაშენებელი რო გამეფდა, საქართველო იმერეთი იყო. წაღვლისთავი-გეგუთი, გეგუთი-წაღვლისთავი, სხვა მარშრუტი არ არსებობდა. საქართველო უკვდავია, ყოველგვარი რომანტიკის გარეშე. ამ უკვდავებას ცუდი ისა აქვს, რომ თავის თავზე არ ზრუნავს. მისი ზოგიერთი მკვიდრი კი თავისი ქვეყნის უკვდავების შემხედვარე წარმოიდგენს ხოლმე, რომ თვითონაც უკვდავია. ეს ემართებოდათ მეფეეებსაც, პოეტებსაც, გენერლებსაც და მეჯღანეებსაც.

იმ მოხუცი ქალის ამბავმა ბევრად უფრო იმოქმედა ჩემზე, ვიდრე ომებმა. მე არ მიომია. მე კაცის მოკვლა არ შემიძლია და ამის არ მრცხვენია. პოზიციის გამოსახატავად ომში წასვლა კი სისულელეა. ომში სასროლად მიდიან. იმ დროს, როცა ომი იყო, მე ეროტიკული სურათებით გამოტენილ გაზეთს ვაკეთებდი. ოთხ ნომერში მაინც იყო ეროტიკული ფოტოები. აი, რა დამემართა. იმ მოხუცის მოტყუებაზე არანაკლებ ცუდი ამბავი. ამ საქმეზე იმიტომ დავთანხმდი, რომ ორმოცდაათი დოლარით მეტი მქონოდა. აი, რა დღეში ჩავვარდი. მაშინ დავწერე წიგნი, „მოგზაურობა ყარაბაღში“, რადგან ვეღარაფრით მოვითმინე, რომ არ დამეწერა.

აი, რა დამემართა. ორი ვითომდა უბრალო, თუმცა მარადიული ჭრილობა.

მე არავის ვაბრალებ. სიტყვაც შენია და ქცევაც უბრალოდ ვხვდებოდი, როგორ ვიცვლებოდი. მე და ერთი კაი ძმაბიჭი მყავდა გოგია, სპირტს ვსვამდით და გაწეპილ შაქრიან თხილებს ვაყოლებდით. ეს შეიძლება ტკბილადაც მოგაგონდეს, მაგრამ ტკბილად ვერ მაგონდება.

საერთოდ, ტკბილად ძნელად მოიგონებ რამეს. ვინც იმ დროს ტკბილად მოიგონებს და ის საბრალოა.

მე ერთ რამეს მივხვდი: ჩვენ, ქართველები, ჩიტები ვყოფილვართ. ჩიტები ვიყავით და მოგვატყუეს, მიგვიჩვიეს საკენკით, აგერ მოდი, ეს მოკენკე ბიძიაო და ამ კენკვა-კენკვაში ფრენა დაგვავიწყდა. სულ მიწაზე ვიყავით და ფრენა რაღაში გვინდოდა. ქათმებად გადავიქეცით. ქათამს კიდევ აჭმევენ, კვერცხს აართმევენ და მერე კიდევ კოხტადაც დაკლავენ. გიყურებიათ ხომ ქათმის დაკვლისთვის: თავი კუნძზე და ნაჯახი. ბასრიც არ არის სავალდებულო.

როგორია, რო მიხვდები, რომ ქათამი ხარ?

როგორც ვხედავთ, მეფე აღარ მინახავს. ორი წლის წინათ 26 მაისს მოსაწვევი მომივიდა, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მობრძანდით სამეფო დარბაზობაზეო. აკაკი წერეთელი არ მივიდა ნიკოლოზ მეორესთან და მე რაღატო უნდა მივსულიყავი; აკაკის კი არ ვადარებ თავს, მარგამ არ მინდოდა, იმიტომ, რომ ის შავებიანი ქალი მოვატყუე, თორემ მეფეს კი არ მივუწვევივარ. იმან საერთოდ არ იცის, ვინ ვარ და საერთოდ რატომ უნდა იცოდეს. მეფის მოგონილმა ქვეყანამ მიმიწვია.

ასე რომ, ცხოვრებაში მეორედ გავუშვი მეფის ნახვის შესაძლებლობა.

ალბათ ვეღარც ვერასდროს ვნახავ. მისი ნახვა მის ტერიტორიაზე ყოფნას ნიშნავს. მის ტერიტორიაზე კი ერთი კაცია. მეფეებში ასეა. გინდაც მოლიერი იყო, როცა მეფესთან ხარ, იქ მარტო მეფეა. ეს ერთხელ წამომცდა ერთ კაი ნაცნობთან, რომელიც პოლიტიკასთან ახლოა და პატიოსანი კაციც არის. მე ვუთხარ, დავტოვოთ მეფე სულ მარტო და არა მარტო ჩვენს გარემოცვაში-მეთქი. არაო, როგორ შეიძლება ესაო, დემოკრატიაო და მთელი ამბავი. არ ვიცი, არ ვიცი.

ამასობაში კიდე წიგნებს ვწერდი. მეტს და მეტს. მგონი ეს იყო საუკეთესო, რაც გამომივიდოდა და მგონი ამით შეიძლებოდა, რომ სიჩუმით რაღაც მეთქვა. არასდროს არავის შემოუტევია, ეს რატომ დაწერე და ის რატომ დაწერეო. არ დაუშლიათ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის არ დაუშლიათ და სხვისთვის დაუშლიათ. ესე იგი, მეც დამიშალეს. ამ წიგნებს ვწერდი და თანდათან ისე გამოვიდა, რომ მწერლებიც ხომ უნდა გაიცნო. ბევრი კარგი ხალხი იყო მათში და ახლაც არის. მაგრამ კდევ ერთ რამეს მივხვდი: მე რომ შვიდ წელზე მეტის ვიყავი, საქართველოში მწერლები მღვდლები თუ ეგონათ. ნამდვილ მღვდლებს ერთეულები თუ მიუგდებდნენ ყურს, იმათ სანაცვლოდ კი სახალხო მღვდლებად მწერლები იყვნენ. მეფის დროს იყო ესეც და ბევრს ახლაც ჰგონია. მთელს მსოფლიოში კი სხვანაირადაა. ჰემინგუეი ლოთი და ტრაბახა იყო, ტომას დე კუინსი – ნარკომანი. არც მინდა ჩამოთვლა. მივხვდი რომ იქაც ძველი ამბავია და ახლებშიც ძველი ამბავია, ოღონდ ახლებურად. ანუ თუ კაცი სახლში არ ჩაიკეტე, ეს ცხოვრება კოჭის გორების მეტი არაფერი იქნება.

ხშირად, უპატიოსნესი ადამიანებიც კი სხვას ვერაფერს აკეთებენ, კოჭის გორების მეტს. ამ კოჭის გორებაში კი ეს პატიოსნება ილევა კაი შაქარყინულივით. მეფეებს უყვართ შაქარყინული.

საერთოდ, კოჭობანა კარგი თამაშია და იქ არის, რომ ისე გაუგორებ, რომ იმან კარგად მოარტყას თავისი კოჭი. ანუ უთმობ. მაგრამ მე მგონია, რომ ამით იმ ადამიანს კი არ უთმობ, ცხოვრებას, მეფეს.

კაცია და ხასიათი, მე დიდოსტატი გამოვდექი ამ კოჭის გორების და ზრდილობის. სანამ მთლად გულთან არ მოვა, ხო იცი, რომ წაუყრუებ და წაუყრუებ. ჩვენ იმიტომ ვუგორებთ კოჭს ერთმანეთს, რომ მეფეს ვუგორებთ. მგონი, გაუგებრად დავწერე.

მოკლედ, თუ შენს თავს არ უთხარი ჯერ ტყუილი, სხვას როგორღა ეტყვი?

მე ასეთი ხასიათი გამომადგა, სულ მინდა რომ ადამიანში კარგი დავინახო. მხოლოდ კარგი და მეტი არაფერი. როცა ადამიანს მის კარგზე ელაპარაკები, ის უკეთესი ხდება. ცუდი ის არის, რომ ადამიანს რაც კარგი აქვს, იმაზე არაფერს ეუბნები და რაც არ უვარგა იმას უქებ. კაცს თუ უთხარი, მაგარი თამადა ხარო, იმას წყინს იმიტომ, რომ მართლა მაგარი თამადაა. იმას უნდა უთხრა, რომ კარგი ექიმი ხარ-თქო. კარგი ექიმი კი არ არის.

სწორედ ეს არის კოჭის გორება.

ამ კოჭის გორებას რომ გავეჩვიე, ძალიან შევწუხდი. ვიღა არ დამირეკავდა ხოლმე, კარგიც და ცუდიც, შემოიარე ჩვენსა, კოჭის გასაგორებლადო.

მომკლა ამ ნახევრადსიმართლეების ლაპარაკმა. ნახევრადსიმართლემ წამიღო და ვითომ სიმშვიდემ, არაფერი, ვითომც არ ყოფილაო. ერთი ის იყო, რომ წიგნებს ვწერდი და იქ კი ნამდვილად არ ვიტყუებოდი. სულ მავიწყდება ეგ ამბავი, როცა წიგნის წერას დავიწყებ. წიგნები უკვე იყიდებოდა და ზუსტად იმდენი შემოსავალი მოჰქონდა, რომ სახლში საჭმელი გექნებოდა, გადასახადების ფულს კი ხან ისესხებდი , ხან რაღაც ჰონორარი გამოვარდებოდა.

ახლაც ასეა, რატომ იყო?

ერთი იმის ოხერი დედაც. ფული რა სალაპარაკოა? მდიდარი სასუფეველში ვერ მოხვდება. მგონი ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის შენებას ჯობს ის ქონება გლახაკებს დაურიგო. ბორხესის ერთი გმირი ამბობს, კაცი რომ დღეში ხუთ წუთზე მეტს იფიქრებს ქალზე და საჭმელზე, ის კაცი აღარ არისო.

ეს იქით იყოს.

ამ კოჭის გორებას ტელევიზორშიც მოვყვებოდი ხოლმე, რადგანც იმწამსვე ამოვიცანი, რომ ტელევიზორი ის ადგილი არ არის, სადაც კაცი გულწრფელი იქნება ჩვეულებრივ დროს. ახლა აღარ ვიცი, რის ამბავს გიყვებით, მგონი იმისას, რასაც მეფის დროებაში ცხოვრება ჰქვია. მგონი ასეა, მაგრამ მერე ტელევიზორში გამოსვლაც შევწყვიტე და ორ წელიწადს იქ გამოუსვლელობაც მოვახერხე. კოჭის გორებას მთლად ვერ გადავეჩვიე, მაგრამ სადაც ძალიან საგორებელი იყო, აღარ მივდიოდი და ამით უკეთესად გავხდი.

ამას წლები დასჭირდა. უფსკრული კი ადამიანებს შორის იზრდებოდა. ზოგი იქით, ზოგი აქეთ. ამ უფსკრულზე ხშირად მაინც ხერხდება კოჭის გადაგდება, პირდაპირ მოითხოვენ ხოლმე, გამდოაგორეო. აღარ ვაკეთებ. სულ ცოტა დამრჩა და მასაც მოვერევი.

შიგნით, გულ-გვამშია ეს ომი.

დიდად გულადი არ ვარ, მაგრამ არ მეშინია ციხის, წამების, დახვრეტების და ასეთი რამეების. ვგრძნობ, რომ არ მეშინია. სამაგიეროდ, მეშინია მაწანწალა ძაღლების. მორალისტობაზე თავს არ ვდებ. ჭკუას ვერავის ვასწავლი, ვერც მოვუწოდებ იმიტომ, რომ მიქარულები მაქვს. ის საწყალი შავებიანი ქალი გაიხსენეთ. ეროტიკული ფოტოების არ მრცხვენია, არც იმის შემრცხვებოდა, წამალს რომ ვიკეთებდე, ვინაიდან წიგნებს ვწერ, მღვდელი კი არა ვარ. მე ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც მწერალს, თუკი მოუნდება, წამალს გაიკეთებს და არ შერცხვება, მინისტრი კი ვერ გაიკეთებს წამალს იმიტომ, რომ მინისტრისთვის წამლის გაკეთება არ შეიძლება.

მე მჯერა, რომ ჩვენ ჩიტები ვიყავით და ქათმებად გადაგვაქციეს. მაგრამ ქათამსაც შეუძლია გაფრინდეს, თუ ძალიან ეცდება. ბევრს იწვალებს, მაგრამ მაინც. მერე ეგებ წიწილებსაც ასწავლოს. ეს ძველმოდური შედარებაა, მაგრამ ასეა.

ამ ბრძოლაში, როგორც ერთი ჩემი ამხანაგი იტყვის, იდენტიფიკაცია დავკარგე. შეიძლება ითქვას, თითის ანაბეჭდებიც სხვა მაქვს. ჩემი ქვეყანა მოგონილი ქვეყანაა. კარგად ვიცი, ვინც მოიგონა. იმან, ვინც ერთხელ ყანწით დავინახე აივანზე. მე თვითონაც მოგონილი კაცი ვარ. მე მოვიგონე საკუთარი თავი. ეს კარგია კაცისთვის, რომელსაც ამბების გამოგონება და წიგნების წერა უყვარს. მაგრამ ეს ანგრევს კაცს. ჰო უნდა იყოს ჰო და არა უნდა იყოს არა. სხვანაირად შენ მოგონილი კაცი ხარ. მე ვიბრძვი, რომ ჰო ჰო იყოს… ამას ვერავინ ხედავს, მაგრამ ეს მძიმე ბრძოლაა, თუმცა გმირული ამაში არაფერია, ვინაიდან გმირობას მაყურებელი და ამბის მიმტანი სჭირდება… ჩემი თავის მოგონებაში სწორედ ის კაცი დამეხმარა, ვინც ეს ქვეყანა მოიგონა. ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის, არც იმ საბრალო ილია ჭავჭავაძის, რომელსაც, როცა არ დაეზარებათ, მაშინ შეანჯღრევენ ხოლმე, არც მიხა ხელაშვილის, არც სხვა ვინმესი, ვინც მიყვარს და ვაფასებ. ამ ქვეყანას მოუკლეს ავთანდილები, მეგობრის დასახმარებლად წასული ბიჭები, ამ ქვეყანას მოუკლეს ტარიელები, მართლა შეყვარებული ბიჭები, ამ ქვეყანას არც თინათინები დაუტოვეს და არც ნესტან დარეჯანები. ერთი კოშკში გამოკეტილი ქალიც კი არ შეარჩინეს, რათა რომელიმე რაინდი მის გათავისუფლებას ცდილიყო. თუ ქალი არ არის, რაინდი საიდანღა მოვა?

და რახან ეს არ იყო და რახან მოგონილია კოჭის გორება, ცრუ ღიმილები და უბედურება, როგორი გამოვიდოდა ჩემს მიერ მოგონილი საკუთარი თავი? საშინელი გამოვიდოდა.

და ვებრძვი ამას.

მგონი მეფეზე ვწერდი და საკუთარ თავზე კი გამომივიდა. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ მე ვარ მთავარი. მე, ნაფეხურების მტვერი კი არა, მე, ადამიანი.

მე ვგრძნობ, რომ მალე თავისუფალი ვიქნები. ბევრ რამეს მივხვდი და აწი აღარ ვისესხებ ას დოლარს იმისთვის, რომ დროზე ავიღო უცხოური პასპორტი, რისთვისაც ქრთამია საჭირო.

საიდან სად გადახტაო. ვეცდები, ვიწვალებ და თავისუფალი მარტო პარიზში, ტრიესტში, ჰალიკარნასში და ლონდონში კი არ ვიქნები, არამედ იქ, სადაც მითხრეს, თუ საკუთარი თავი არ მოიგონე, არაფერი გამოგივაო.

მერე ალბათ იმ საბრალო ქალისაც აღარ შემრცხვება, დელისთან რომ იჯდა და რომ აღარ ზის. მობოდიშებაც გამოვა, ალალი და წრფელი.

ის ეროტიკული ფოტოებით გამოძეძგილი გაზეთის ბეჭდვაც სასაცილოდ დამირჩება, ზედმეტი ოცდაათი დოლარისთვის რომ შეიქნა აუცილებელი. მეფეს მაინც არ ავკიდებივარ შაურიანზე. არც მეფეს და არც მის მოხელეებს. მერე ათასი რამ, ათიათასი: მუშა კაცი ვარ, ჭიანჭველა კი არა. შამშლია, ხაია მიმიცია, გული მტკენია და გულის ტკენას უჯობნია. მთავარია, ალალად იყო. როცა ალალად ყოფნა ლამის დისიდენტობას ნიშნავს, ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. როცა შენი მეგობრის ბიძაშვილის ქმარი იდიოტია, შენ კი ძალიან გიყვარს შენი მეგობარი და ამიტომ, იმ ბიძაშვილის ქმარსაც უსმენ იდიოტივით, რომელიც მაშინ გასუქდა, როცა შენი ძმაკაცი ცოფიანი ძაღლის ნაკბენმა მოკლა შუა ქალაქში, როგორ გიყვება რაღაცეებს თავისი კარგი კაცობის შესახებ, შენ ვერაფერს მოერევი. ეს ქვეყანა არ არის. ამიტომ, მე საკუთარი უფსკრული მაქვს. მგონია, რომ იქ კოჭის გადაგდება უფრო და უფრო ძნელია.

პიესაა თუ მიუზიკლი, ცნობილი ამბავია, მოკლედ, ფილმიც არის. ძველ ვერსიაში იულ ბრინერი თამაშობს სიამის მეფეს. „მეფე და მე“ ჰქვია და იქ ინგლისელი გადია სიამის გულმხეც მეფეს აკეთილშობილებს, ისე, რომ ამ მეფეს ბოლოს შეუყვარდება ეს ჟღალთმიანი ქალი. მე არ ვიცი, ვის შევუყვარდები და ვის შევძულდები და საერთოდ, აღარ მაინტერესებს ეს ამბავი იმიტომ, რომ ღმერთმა დამიფაროს, მეფეებს ვუყვარდებოდე. ნებისმიერს. ცას არავინ გამოეკერება. და ადამიანზეც არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ჯერ გამოგონილ მხეცებს უნდა მოვერიოთ საკუთარ თავში და მერე ეს საზიზღრად გამოგონილი ქვეყანაც აზრს დაკარგავს.

მეფეებზე მინდოდა ლაპარაკი. მეფეებზე და კაცებზე. ჩემი ამბავი კი გამომივიდა.

ხომ ვამბობ, ძალიან შორს ვარ ქალაქიდან, რომელშიც ყოველთვის ვეძებდი რაღაცას და მგონი ვპოულობდი. ამბები ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოდის. მაგრამ ვინ არ იცნობს თავის ქვეყანას? ჩამოსვლა მეტიჩრობა იქნებოდა, სიტყვით მაინც ვერსად გამოვალ. რაც დავწერე, სიტყვით მაინც ვერ იტყვი, მესამე წინადადებაზე უტოპიას ეძახიან. მე კიდევ უტპისტების და ანარქისტების უფრო მჯერა, ვიდრე მოწესრიგებული გონების მქონე ბურჟუების. იმიტომ, რომ უტოპისტებმა ძალიან კეთილი სამყაროები მოიგონეს და არა ისეთი რამეები, მეფეები რომ იგონებენ ხოლმე.

რა მიხვედრა უნდა: გამოგონილ ქვეყანაზე ჯიქურ მივიდნენ. ამ დროს არ არის საკუთარი გამოგონილი თავების სწორების დრო. ის თუ დაინგრა, მერე შენშიც დაინგრევაო: ალბათ ასეთი აზრიც არის.

მე არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ამ ას დოლარად ნაყიდ პასპორტს არ ჩავაბარებ პირველსავე საპოლიციო უბანში, რათა ლტოლვილის სტატუსი მივიღო. რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ თავში გამოგონილის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის შეიძლება. უბრალოდ, ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი. ეგებ იმაზეც კი, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, მაგრამ უნდა თქვა. იმიტომ, რომ სხვანაირად თავისუფალი ვერ იქნები.

აქ, სადაც ახლა მე ვარ, გენიოსი – გენიოსია, მამათმავალი – მამათმავალი, ქურდი – ქურდი, შინაგან საქმეთა მინისტრი კი ბრმაა და ძაღლით დადის, თუმცა არავინ ამბობს, რომ ის არ არის ნამდვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ახლა ერთი ლორდის წიგნს ვკითხულობ, რომელიც ყალბი ჩვენებისთვის ოთხი წლით ჩასვეს. ციხის დღიურია. ის ისევ ლორდია, ისევ მაგარი კაცია და ისევ ამობენ, რომ იცრუა და დაისაჯა, თუმცა მას საკუთარი თავი არ მოუგონია. არ ჭირდებოდა. ვინაიდან ეს ქვეყანა სხვებმა გამოიგონეს – მათ, ვინც მოახერხა, რომ როცა მეფის გვერდით იყვნენ, იქ მხოლოდ მეფე არ ყოფილიყო.

არ ვიცი.

აქ, მგონი, პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია და პოლიტიკა ვერაფერს გადაწყვეტს. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს. ყველამ. მაშ შორის მეფემაც. მეფეც ხომ ადამიანი იყო ოდესღაც.

მგონი ბებერ მეზურნეებშია, შვილოო, ამათ ყველას შვილები დაეხოცათო და შენ ეხლა რა უნდა უთხრა ისეთი, რო გული ატკინოო. აი, რაღაც ამგვარია.

უინსტონ ჩერჩილი უწოდებდა მაჰათმა განდის გაცოფებულ ნახევრადშიშველ ფაკირს. ჩერჩილი, მაჰათმა განდის. ცალ-ცალკე წარმოიდგინეთ ეს ორი კაცი.

ვინცხა იმის არ იყოს, ეხლა შენ მე რა უნდა მითხრა ისეთი, რო მეწყინოს.

მეფე კი მიმავიწყდა გზადაგზა.

მგონი კარგი ნიშანია.

„24 საათი“, 15 ნოემბერი, 2003 წელი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button