დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – უნიჭო დუბლიკატი

მისის პეტერე საბერძნეთის პატარა კუნძულზე შვილის, ჩვიდმეტი წლის უილიარდის ხათრით ჩამოვიდა. ახალგაზრდა კაცს ძალიან აინტერესებდა ძველი ბერძნული კულტურა და ხელოვნება. ქალბატონი სიამოვნებით დაისვენებდა კანში ან სადმე ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მაგრამ შვილი ძალიან უყვარდა. ის კი არა, სცადა, საკუთარ თავში სიძველეების ინტერესი გაეღვიძებინა, მაგრამ მეორე ექსკურსიის შემდეგ, თავის ტკივილი მოიმიზეზა და სასტუმროში დარჩა. ბიზანტიური მოზაიკის სანახავად კლდეზე ფეხით ხეტიალი, ბოლო წვეთი იქნებოდა მისი მოთმინების ფიალაში…

მისის პეტერემ ამოიოხრა და სასაუზმოდ ვერანდაზე გავიდა. მაგიდასთან რამდენიმე ადამიანი იჯდა. მისტერ ტომპსონი მოსაუბრედ არ გამოდგებოდა – მეტისმეტად სიტყვაძუნწი და თავდაჭერილი ჩანდა. მხოლოდ გაეცნო და სულ ეს იყო. იქვე ისხდნენ დედა-შვილი იულიამსები

– სხვათა შორის, ქალიშვილი კარგად უგებდა უილიარდს. ხელოვნებაზე მსჯელობდნენ ხოლმე. მისის პეტერეს ვერ გაეგო, რატომ იცვამდნენ ეს ქალები უცნაურ სამოსს – ბერძნული ტუნიკების მსგავსს სარაფნებს… და კიდევ იყო ერთი, მელოტი ჯენტლმენი, თავაზიანი ღიმილით. მისის პეტერეც მას მიეკედლა. ისიც ხალისით აჰყვა საუბარში, თან მისტერ ტომპსონს აკვირდებოდა.

„რაღაც ნაცნობი სახე აქვს, თითქოს სადღაც მინახავს, მაგრამ შეიძლება, მეშლება…“

ილაპარაკეს ცოტა ხელოვნებაზე, ცოტა უილიარდზე, ცოტა მისის პეტერეს განსვენებულ ქმარზე… შუადღისას მისის პეტერე აივანზე წიგნით ხელში განმარტოვდა და სწორედ იქ მიუტანა შიკრიკმა წერილი. კონვერტი ისეთი ჭუჭყიანი იყო, მისის პეტერემ ძლივს გახსნა და ორად მოკეცილი ფურცელი ამოიღო. შინაარსი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: „… ქალო! ამას რომ მიიღებ, იცოდე, შენი შვილი ჩვენ გვყავს. ტყვეა, მაგრამ არაფერი დაუშავდება. კარგად მოვექცევით, თუ მისი დედა, ანუ შენ, ჩვენს ყველა მითითებას შეასრულებს. 10 000 ფუნტი სტერლინგი უნდა

გადაიხადო და შვილი დაგიბრუნდება. იფიქრე, ქალო, იფიქრე – ფულს თუ არ მოგვცემ, მოგკლავთ. ფულის მაგივრად შენი ბრილიანტის ყელსაბამიც გამოდგება. ვიცით, რომ თან გაქვს. პოლიციაში მიხვალ და ვინმეს მოუყვები? – ჯერ ორივე ყურს მოვაჭრით და გამოგიგზავნით, მერე მკვდარს ნახავ.

დიმიტრიუს შეუბრალებელი“

მისის პეტერე არ იყო სუსტი ქალი, მაგრამ ამ წერილმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ერთი სული ჰქონდა, მთელი სასტუმრო ფეხზე დაეყენებინა და მშველელისთვის ეხმო… ბრილიანტები არაფრად უღირდა, მაგრამ მისი ბიჭი, მისი არაჩვეულებრივი შვილი მაინც რომ მოეკლათ?! ბევრი მსგავსი ისტორია გაეგონა. ლამის პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა, რომ სასტუმროს ჰოლში თავის დილანდელ თანამოსაუბრეს გადააწყდა. მან გაუღიმა. მერე უცებ, მაჯაზე მოჰკიდა ხელი და ვერანდაზე გაიხმო.

– რა მოხდა, მისის პეტერე? ვხედავ, რაღაც ნამდვილად მოხდა.

– ო, ღმერთო, არც კი ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა.

– უნდა თქვათ. მე შევეცდები, გიშველოთ.

– კი მაგრამ, როგორ?

– ო, მისის, ეს ჩემი პროფესიაა. მე პარკერ პაინი ვარ.

ვერანდაზე ვიღაცის ჩრდილი გაკრთა. კაცი სწრაფად წამოდგა და იქაურობა დაათვალიერა.

– მომეჩვენა, რომ აქ, ახლა ტომპსონი იყო. კარგი… თქვენი შვილის გამო ხართ შეშფოთებული?

– დიახ. როგორ გამოიცანით?

– უკვე გვიანაა. ის კი არ ჩანს. დედამისის თვალებში გამოუთქმელი შიშია. გავაგრძელო?!

– არა. აი, ნახეთ! – მისის პეტერემ წერილი გაუწოდა. პაინმა ჩაახველა.

– ვიღაც კარგად არის ინფორმირებული. ბრილიანტები მართლა თან გაქვთ?

– დიახ. ჩემმა ქმარმა მიყიდა. იშვიათი ბრილიანტებია, მაგრამ ჩემი შვილის სიცოცხლე გაცილებით ძვირად მიღირს.

– ეს გასაგებია, – მაგრამ მაინც დასანანია, ასეთი განძი ვიღაც შანტაჟისტებს დაუთმოთ. გული არ გწყდებათ?

– რას მირჩევთ? ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო?

– არა. ერთი იდეა მაქვს. აქ კარგ იუველირს ვიცნობ. დავურეკავ, მოვიყვან და თქვენს ბრილიანტებს ყალბი თვლებით შევაცვლევინებ. ვერავინ მიხვდება.

– დიახ. როცა მეორე წერილს მივიღებ, მაშინ მეცოდინება, ყელსაბამი სად უნდა მივიტანო.

– ძალიან კარგი. მე ახლა სასტუმროს ადმინისტრატორის ოთახიდან დავრეკავ. თქვენ ყურადღებით იყავით, რომ არავინ მომისმინოს.

მისის პეტერემ შეთქმულივით დაუქნია თავი. მიუახლოვდნენ თუ არა ადმინისტრატორის მაგიდას, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, მათ წინ მისტერ ტომპსონი გაჩნდა. მისი ჭკვიანი, მოუსვენარი თვალები დაკვირვებით ათვალიერებდნენ მისის პეტერეს და პარკერ პაინს. მისის პეტერემ ტომპსონს ხმამაღლა გაუბა საუბარი და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა იმ მიდამოებში მდებარე კერძო ვილებზე, რომელიმე ხომ არ ქირავდებაო? ტომპსონმა უთხრა, მეც მაინტერესებდა ეგ ამბავი და მითხრეს, აქ ერთი ამერიკელი აქირავებს ვილას, მაგრამ ამჯერად გაქირავებულიაო… მერე გაუღიმა და წავიდა.

იმავე საღამოს, გვიან პარკერ პაინის მეგობარი იუველირი მივიდა. პაინმა პეტერეს ყელსაბამი გამოართვა. ორი საათის შემდეგ კი, უკანვე დაუბრუნა, პატარა, შავ ტომსიკასთან ერთად.

– ტომსიკაში თქვენი ბრილიანტებია. აბა, როგორი ნამუშევარია. მისის პეტერემ ხელი ხელს შემოჰკრა.

– წარმოუდგენელია! ვერაფრით მიხვდები, რომ ყალბი თვლებია.

– ახლა დაველოდოთ, როდის და სად მოითხოვენ ყელსაბამის გადაცემას.

– უკვე მივიღე წერილი, – მისის პეტერემ მეორე, პირველზე არანაკლებ ჭუჭყიანი კონვერტი გამოიტანა, – იცით, სად არის რაღაც ორაკული?

– დიახ. ხომ არ გნებავთ, ყელსაბამი იქ მე მივიტანო? მისის პეტერემ სიხარულით დაუქნია თავი.

– ო, როგორი მადლობელი ვიქნები. მინდოდა, მეთხოვა და ვერ ვბედავდი.

– არაფერზე ინერვიულოთ. მალე დავბრუნდები, თანაც თქვენს ვაჟთან ერთად…

დილის შვიდ საათზე, მისის პეტერეს ნომრის კარი დაუკაკუნებლად გაიღო. ქალს მთელი ღამე კოშმარები ესიზმრებოდა და ზღურბლზე მისტერ ტომპსონის დანახვაზე მთელი ხმით იყვირა.

– როგორ ბედავთ, სერ?!.. ახლავე მიბრძანდით აქედან!

– მომიტევეთ, მადამ, ასეთი ადრიანი ვიზიტისთვის, მაგრამ… ქალს უცებ გონება გაუნათდა.

– ესე იგი, არანაირი ავაზაკები არ ყოფილან… ჩემი შვილი თქვენ მოიტაცეთ… მისტერ ტომპსონის უკან ქალმა საკუთარი შვილი დაინახა.

– უილიარდ, საყვარელო…

– დედა, უსამართლო ნუ იქნები, ამ კაცმა მე გადამარჩინა.

– რანაირად? როგორ?

– მადამ, კინაღამ თაღლითების მსხვერპლი გახდით. ინებეთ თქვენი ყელსაბამი, ის ტომსიკა კი, თქვენმა „მეგობარმა“, ვინმე პარკერ პაინმა რომ მოგცათ, გადააგდეთ. ყალბი ქვებია.

მისის პეტერეს თვალები გაუფართოვდა.

– ეს როგორ მოხდა?

– იცით, რაშია საქმე? – გაეღიმა მისტერ ტომპსონს, – როცა ინკოგნიტოდ მოგზაურობ და უცებ გესმის, შენი სახელით როგორ ეცნობა ვიღაც საეჭვო ჯენტლმენი ქალბატონს, ბუნებრივია, კარგს არაფერს იფიქრებ. დანარჩენი კი ლოგიკის საქმეა. ნაძირლების ამოცნობა ხომ ჩემი პროფესიაა.

– არამზადა! – ესღა აღმოხდა ქალს, – მე კი როგორ მივენდე…

– ქალბატონო, ბერძნები სტუმართმოყვარე ხალხია და მათ ძალიან უყვართ ტურისტები, მით უმეტეს, არანაირი „დიმიტრიუს შეუბრალებელი“ ამ მიდამოებში არ არსებობს. შეგიძლიათ, მენდოთ. მე კი, როგორც ვატყობ, ინკოგნიტოდ მოგზაურობაზე უარის თქმა მომიწევს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button