ჯორჯ როულენდი ბიძამ გააბრაზა. მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო და, მემკვიდრეობის დაკარგვის შიშით, კარგა ხანს მშვიდად იტანდა მოხუცის აბეზარ ხასიათს. მაგრამ, შობის წინა საღამოს კლუბში მეგობრებთან ცოტა მეტი დალია და მეორე დღეს სამსახურში წასვლა დაეზარა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სერ როჯერს როულენდისთვის, რომ ძმისშვილი კარგად გამოეთათხა. ჯორჯი ნაბახუსევი გახლდათ, ამიტომ ბევრი არ უფიქრია, გაცეცხლებულმა თავისი ნივთები მოხვეტა, პროვინციაში როულენდების საგვარეულო მამულის გასაღები აიღო და სახლიდან წავიდა… მოხუცი არც კი ამდგარა თავისი საყვარელი სავარძლიდან, თავისთვის კი ჩაიბურტყუნა
– არა უშავს, გამოგელევა ფული და მომადგებიო…
სახლიდან გაქცეულმა ჯორჯმა უცებ ისეთი შვება იგრძნო, რომ რკინიგზის სადგურამდე ღიღინ- ღიღინით მივიდა. ვატერლოოს ვაგზალი თითქმის ცარიელი იყო. თავს ფუფუნების უფლება მისცა და პირველი კლასის კუპეს ბილეთი იყიდა. ხავერდის ბალიშებზე ნებივრად მოკალათდა და ფანჯარა ჩამოსწია… დაიძრა თუ არა მატარებელი, გამაოგნებელი რაღაც მოხდა: კუპეში ქარიშხალივით შეიჭრა ქალიშვილი, მისი სავარძლის ქვეშ უცერემონიოდ შეძვრა და ტუჩებზე თითი მიიფარა. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაგრამ ჯორჯმა მოასწრო მისი გარეგნობის შეფასება და იმის შემჩნევა, რომ წარმოუდგენლად ლამაზი იყო. ქალიშვილი დაიმალა თუ არა, კუპეში შუა ხანს მიტანებული მამაკაცი შევარდა ქოშინით.
– სად არის? – იკითხა აგრესიული ხმით.
– ბატონო ჩემო, როგორ იქცევით? უცერემონიოდ მივარდებით ჩემს სამფლობელოში! მე ამ კუპეს ბილეთი ვიყიდე და თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, შემომეჭრათ და მყუდროება დამირღვიოთ. ახლავე გამცილებელს დავუძახებ!
– ქალიშვილი… ის ხომ აქ შემოვიდა! თქვენთვისთვე აჯობებს, თქვათ, – კაცი უკან დახევას არ აპირებდა.
– ახლავე მიბრძანდით აქედან! მე სერ ჯორჯ როულენდი ვარ და მწარედ განანებთ ამ თავხედობას!
კაცმა ხმადაბალი გინებით დატოვა ვაგონი. ჯორჯმა ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩახტა მატარებლიდან და ერთხანს როგორ მისდევდა ბაქანზე. მერე გაუჩინარდა.
– შეგიძლიათ, გამოხვიდეთ, თქვენ ის ვეღარ შეგაწუხებთ. ქალიშვილი სავარძლის ქვემოდან გამოძვრა.
– ო, რომ იცოდეთ, როგორი მადლობელი ვარ თქვენი! ძალიან დამეხმარეთ.
– როგორ გეკადრებათ, განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, მხოლოდ ჩემი ჯენტლმენური ვალი მოვიხადე.
ჯორჯი თვალებს არ უჯერებდა. ასეთი სილამაზე არასოდეს ენახა. ქალიშვილი ზეციურ არსებას ჰგავდა ოქროსფერი თმითა და ნაცრისფერი თვალებით. ჯორჯმა იფიქრა, რომ ასეთი ქალისთვის ეშაფოტზეც კი თვალის დაუხამხამებლად ავიდოდა.
– ალბათ, მიზეზი გაინტერესებთ, ხომ ასეა?
– არა, არაფერი არ მაინტერესებს, აბსოლუტურად არაფერი.
– ის კაცი ბიძაჩემია, მე კი ერთი პატარა ქვეყნის პრინცესა ვარ. მაგათ, ანუ ბიძაჩემს, უნდა, რომ მდიდარ ნავთობმაგნატზე გამათხოვოს. ამით ჩვენი ქვეყანა საგარეო ვალებს დაფარავდა. ვიცი, რომ ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ, არ მინდა, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ფულის ტომარასთან გავატარო. მე სიყვარული მინდა.
ჯორჯს შეაჟრჟოლა. საიდანღაც მოვარდნილმა გრძნობამ ფეხის თითებიც კი გაუთბო.
– საგვარეულო მამულზე და ახალგაზრდა ვიკონტზე რას იტყვით? – ჰკითხა ათრთოლებული ხმით.
ქალიშვილმა გადაიკისკისა.
– ელეონორა-ვიქტორია მქვია. სად არის თქვენი საგვარეულო მამული?
– გარეუბანში, როულენდში. წამოხვალთ ჩემთან ერთად? ახლა სწორედ იქ მივდივარ.
ქალიშვილმა ისევ გადაიკისკისა. ჯორჯის გული საბოლოოდ იყო განგმირული და მონადირებული.
– ელეონორა… ვიქტორია… რა შესანიშნავია! ესე იგი, პრინცესა ხართ?
– დიახ და ეს ჩემი ჯვარია, – ამოიოხრა ქალიშვილმა – შეგიძლიათ, კიდევ ერთი სამსახური გამიწიოთ?
– ო, ჩემო ძვირფასო, თუნდაც ათი იყოს… ასი… ათასი…
– არა, არა, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. მხოლოდ ერთი და, პირობას გაძლევთ, ხმას აღარ ამოვიღებ.
– რას ბრძანებთ, თქვენ რომ ლაპარაკობთ, ჩიტების ჭიკჭიკი მესმის.
– ვაგონ-რესტორანში მინდა გასვლა და მეშინია, ბიძაჩემს ჩასაფრება არ ჰქონდეს მოწყობილი. გამომყვებით?
– დიახ, რა თქმა უნდა… დიახ… – ჯორჯი მეცხრე ცაზე იყო სიხარულით. მან თავისთვის უკვე გადაწყვიტა, რომ უფლის ამ საჩუქარს ხელიდან არ გაუშვებდა და თან წაიყვანდა როულენდში… ბიძა, ალბათ, გადაირეოდა სიხარულით, მემკვიდრეობასაც დაუტოვებდა და ძვირფას საჩუქარსაც მიართმევდა პრინცესას…
ელეონორა ვაგონ-რესტორანში შევიდა. ჯორჯმა აქაც ჯენტლმენობა გამოიჩინა და მისთვის მსუბუქი ლანჩი შეუკვეთა ყავასთან ერთად. ელეონორა ხელების დასაბანად გავიდა… ჯორჯი სკამზე ცქმუტავდა. მან უკვე ისიც წარმოიდგინა, როგორ გაემგზავრებოდა იმ პატარა სახელმწიფოში თავის პრინცესასთან ერთად. ესეც რომ არ ყოფილიყო, მარტო იმის გაცნობიერებას, რომ ეს შესანიშნავი არსება მის გვერდით დაიძინებდა და გაიღვიძებდა, ნეტარების მწვერვალზე აჰყავდა. ტკბილი ოცნებების ბურანში გახვეულმა ვერ გაიგო, დრო როგორ გავიდა. უცებ მატარებელში ჩოჩქოლი ატყდა. გამცილებლები, ვიღაც შავებში ჩაცმული მამაკაცები, გარბოდნენ და გამორბოდნენ.
– კი მაგრამ, რა ხდება? – იკითხა ჯორჯმა ისე, რომ საეჭვო არაფერი უგრძნია.
– პრინცესა ელეონორა-ვიქტორია გაქურდეს – მისი ძვირფასი მარგალიტები მოიპარეს.
ჯორჯი შეშლილივით წამოხტა. იმ წუთში ვერც კი გაიაზრა, რატომ იცოდა თითქმის მთელმა მატარებელმა პრინცესის იქ ყოფნის შესახებ.
– პრინცესა გაქურდეს? ჩემი პრინცესა?
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ორი კუნთმაგარი ჯეელი აქეთ-იქიდან ამოუდგა. სიტყვაც არ ათქმევინეს, ისე მიაბრძანეს საკუთარ ვაგონში. იქაურობა უკვე გადაექოთებინათ და ერთმა ტანდაბალმა მამაკაცმა, რომელშიც ჯორჯმა დილანდელი დაუპატიჟებელი სტუმარი იცნო, შავი ხავერდის კოლოფი ცხვირწინ დაუტრიალა.
– ასეც ვიცოდი, თანამზრახველები ხართ! ელიზაბეტ მეინს ძალიან ეადვილება შენისთანა ყმაწვილი კაცების გაბრიყვება. აბა, სად არის მარგალიტები?
– რომელი მარგალიტები? რა სისულელეს მელაპარაკებით! არანაირ ელიზაბეტ მეინს მე არ ვიცნობ. ვიცი მხოლოდ პრინცესა ელეონორა-ვიქტორია, რომელიც თქვენგან დავიცავი და რომელიც ჩემი მეუღლე გახდება – ჩემთან ერთად იცხოვრებს როულენდის მამულში.
– სულელი ნუ ხართ! აღიარეთ, რომ გაგაცურეს. ნამდვილი პრინცესა სამოცდათექვსმეტი წლისაა და წარმოდგენა არ აქვს როულენდის მამულზე. ან იტყვით, სად წაიღეთ ის, რაც ამ ფუტლარში იდო, ან ახლავე დაგაპატიმრებთ!
ჯორჯს სუნთქვა შეეკრა. არაფრით უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ზეციური არსება ქურდი და თაღლითი იყო…
ტანდაბალმა კაცმა ამოიოხრა:
– ისევ დაგვისხლტა ხელიდან. მე კი თითქმის დავიჯერე, რომ შემეშალა და საქმე კეთილშობილ ბატონთან მქონდა… სხვა გზა არ მრჩება, უნდა დაგაპატიმროთ…