მის მარპლთან სტუმრობა განსაკუთრებით უყვარდა მისტერ პატერიკს, რომელიც პროფესიით კერძო დეტექტივი იყო და ხშირად აწყდებოდა ბურუსით მოცულ, საინტერესო საქმეებს. იმ საღამოსაც ჩაიზე ესტუმრა. ბუხართან, დიდ სავარძელში, თავად დიასახლისი იჯდა; იქვე, პატარა მაგიდის გარშემო კი ისხდნენ მისი სტუმრები: სერ ჰენრი კლინტერონი, ჯოის ლამპერი – სიმპათიური მხატვარი და ღვთისმსახური პენდერი. პატერიკის გამოჩენა ყველას გაუხარდა. ჩანდა, საინტერესო თემაზე მსჯელობდნენ. სერ ჰენრი ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ჩადენა ყველა ადამიანს შეუძლია; ჯოისი ეწინააღმდეგებოდა; მოძღვარი ჩუმად იჯდა, მის მარპლი კი იღიმებოდა.
– არსებობენ ადამიანები, რომელთა დანაშაულისადმი მიდრეკილებაში ეჭვი არ შეგეპარება, –
თქვა სერ ჰენრიმ, – ალღო მაქვს ისეთი, მაშინვე ვხვდები, ვინ შეიძლება, იყოს მკვლელი.
– დარწმუნებული ხართ, სერ ჰენრი? – თვალები მოჭუტა მისტერ პატერიკმა.
– აბსოლუტურად.
– მაშინ, ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც საკმაოდ დიდხანს იყო ბურუსით მოცული და ჩვენც კი საგონებელში ჩაგვაგდო. სულ რამდენიმე დღეა, რაც შემთხვევით გაიხსნა. სხვათა შორის, ყველას შეუძლია, საკუთარი ვერსია შემოგვთავაზოს. დაახლოებით ერთი წლის წინ უბედური შემთხვევა მოხდა – ოჯახი კიბორჩხალის კონსერვით მოიწამლა, სულ სამი ადამიანი: ცოლ-ქმარი
– მისის და მისტერ ჯეისები და ცოლის კომპანიონი, ვინმე მისის კლარკი. გამოძახებულმა ექიმმა ნახა, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ცოლი იყო, რომელსაც საშინელი მუცლის ტკივილები ჰქონდა. ექიმმა სახლში აფრინა კურიერი და ოპიუმის აბები მოატანინა, მაგრამ, საბრალოს ვეღარაფერი უშველა – ის გარდაიცვალა. ეს ამბავი უბედურ შემთხვევად დარჩებოდა, რომ არა სასტუმროს ცნობისმოყვარე დამლაგებელი. ქალაქგარეთ, სადაც მისტერ ჯეისი პერიოდულად ჩადიოდა თავისი ბიზნესის გამო, მისი ნომრის საწერ მაგიდაზე მელანშერჩენილი საშრობი იპოვა. დამლაგებელმა ცოტა იცელქა, ან, შეიძლება, საქმეც არაფერი ჰქონდა და სარკის მეთოდით მასზე ბუნდოვნად აღბეჭდილი წარწერა ამოიკითხა – „მთლიანად დამოკიდებული ვარ ცოლზე… მისი სიკვდილის მერე მე ვიქნები… რამდენიმე ათასი…“ მერე გაზეთში უბედური შემთხვევის შესახებაც წაიკითხა… როგორც ჩანს, ფანტაზია საკმაოდ მრავალფეროვანი ჰქონდა და პოლიციაში გაიქცა. მისტერ ჯეისის წერილი საკმარისი აღმოჩნდა გამოძიების დასაწყებად. გვამის ეგსჰუმაციამ და ხელმეორე ექსპერტიზამ მართლაც დაადასტურა, რომ ქალი დარიშხანით იყო მოწამლული. აგორდა სკანდალი. გაირკვა, რომ მისტერ ჯეისი სუსტი სქესის წარმომადგენელთა დიდი მოყვარული იყო და ექიმის ქალიშვილთანაც კი ჰქონდა რომანი. ცოლის სიკვდილმა მას ცხრა ათას ფუნტამდე მემკვიდრეობა დაუტოვა, თუმცა, მისი ბრალეულობის დამტკიცება ძნელი აღმოჩნდა. წერილის არსებობა არც უარუყვია, მაგრამ, თქვა, რომ ის წერილი საფრანგეთში მცხოვრებ ძმას მისწერა, რომელიც ფინანსურ დახმარებას სთხოვდა. მისტერ ჯეისი ერთ-ერთ ფარმაკოლოგიურ კომპანიაში მუშაობდა წარმომადგენლად და, ბუნებრივია, დარიშხანზეც მიუწვდებოდა ხელი. თუმცა, ეს ბრალის დასამტკიცებლად არ გამოდგებოდა. ერთი შეხედვით, ტრივიალური შემთხვევაა, მაგრამ, გამოძიება ჩიხში შევიდა.
– რატომ? – თქვა სერ ჰენრიმ, – ქმარს მოტივიც ჰქონდა და საშუალებაც. მას შეეძლო, დარიშხანი კერძში შეერია.
– დრო არ ჰქონდა. იგი ზუსტად ვახშმის წინ ჩამოვიდა მივლინებიდან და პირდაპირ სუფრას მიუჯდა. ამას ადასტურებენ მისი ცოლის კომპანიონი ქალი და ახალგაზრდა მზარეული ქალიშვილი.
– აჰა, სახლში მზარეული ქალიც იყო? თქვენ ეს არ გითქვამთ, – შენიშნა მის მარპლმა, – რომელიც ყურადღებით უსმენდა, – შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, კიდევ რა ჭამეს ვახშმად?
– დიახ, რა თქმა უნდა, – მისტერ პატერიკმა თვალები მოჭუტა, – კიბორჩხალები, კრემიანი ფუნთუშები და მწვანე სალათა.
– ეგ რომელი ფუნთუშები, ზემოდან ხაშხაშმოყრილი? – რატომღაც, დააკონკრეტა მის მარპლმა.
– დიახ, სწორედ ისინი. მაგრამ, ეს ფუნთუშები მხოლოდ ცოლ-ქმარმა მიირთვა, რადგან კომპანიონი ქალი დიეტაზე იყო.
– საინტერესო შემთხვევაა, – თქვა მოძღვარმა, – ფაქტია, რომ ის უბედური ქალი ვიღაცამ მოწამლა. იქნებ, ეს სწორედ მისმა კომპანიონმა გააკეთა?
– გამორიცხულია, – გააპროტესტა სერ ჰენრიმ, – ჯერ ერთი, კომპანიონ ქალს მოტივი არ ჰქონდა და, მეორეც – ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მსუქნები მკვლელები არ არიან. მათში ჭარბად არის ბედნიერების ჰორმონი, რაც მკვლელობას გამორიცხავს.
– ვერ დაგეთანხმებით, – საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მხატვარმა, – მისტერ პატერიკმა თქვა, რომ კომპანიონი ქალი დიეტაზე იყო. იქნებ ამან მას ნერვულ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედა? მოტივსაც მოგახსენებთ: მას შურდა იმ ქალის, რომელსაც ჰქონდა ოჯახი და ჰყავდა ქმარი. შური ძალიან სერიოზული გრძნობაა, შეიძლება, მკვლელობაც ჩაგადენინოს.
– მაგრამ, მისის ჯეისის სიკვდილის შემდეგ ის ქუჩაში რჩებოდა და ახალი სამსახური უნდა მოეძებნა. ვერ დავეთანხმები ამ ვერსიას, – სერ ჰენრი თავისაზე იდგა, – გეუბნებით, მკვლელი ქმარია, მან მოწამლა ცოლი. თქვენ ექიმის ქალიშვილი დაგავიწყდათ, რომელთანაც მას რომანი ჰქონდა. ვფიქრობ, ან თანამზრახველად აქცია და ცოლი მისი დახმარებით მოიშორა თავიდან, ან, შეყვარებულ ქალიშვილს უცებ მოუვიდა მკვლელობის იდეა, როცა მამამ მასთან კურიერი გაგზავნა ოპიუმიანი აბებისთვის, ქალიშვილმა შემთხვევა ხელსაყრელად ჩათვალა და მას დარიშხანი გაუგზავნა. ალბათ, იფიქრა, რომ უკვე დაქვრივებული საყვარელი მამაკაცი სამუდამოდ მისი გახდებოდა. მისტერ პატერიკ, გამოვიცანი? ჩემი ვერსია აღმოჩნდა მართალი?
მისტერ პატერიკმა ღიმილით გააქნია თავი.
– შეუძლებელია! – აღმოხდა სერ ჰენრის. თქვენ, უბრალოდ, არ გინდათ, აღიაროთ.
– კრემიანი ფუნთუშები! თქვენ კრემიანი ფუნთუშების შესახებ დაგავიწყდათ, – გაიცინა მის მარპლმა და მას ყველამ გაოცებით მიაპყრო თვალი, გარდა მისტერ პატერიკისა, რომელმაც მის მარპლს მოწიწებით გახედა.
– მე დიასახლისის ალღო მაქვს და მისტერ ჯეისის მსგავს ტიპაჟებსაც კარგად ვიცნობ. როგორც კი თქვით, რომ ის მექალთანე იყო, სახლში კი ახალგაზრდა მზარეული ქალი ჰყავდაო, მაშინვე ვიფიქრე, რომ ამ ხელსაყრელ ვარიანტს ის ხელიდან არ გაუშვებდა. მათ რომანი ჰქონდათ. საწამლავი კი ფუნთუშებზე მოყრილ ბურთულებში იყო.
– ჰო, მაგრამ, ფუნთუშები ხომ ყველამ ჭამა?!
– არა, ისინი არ უჭამია კომპანიონ ქალს, რომელიც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიეტაზე იყო, ქმარმა კი, რადგან წინასწარ იცოდა ამის შესახებ, ფუნთუშებიდან ბურთულები ჩამოფერთხა.
– მის მარპლ, თქვენ საოცრება ხართ! – აღფრთოვანება ვერ დამალა მისტერ პატერიკმა, – ყველაფერი სწორედ ასე იყო! მზარეული გოგო შეყვარებული იყო ბატონზე და, როცა დაორსულდა, ქალბატონის მოკვლის იდეაც მაშინ გაუჩნდა. ბუნებრივია, ბატონმაც წააქეზა –
შეჰპირდა, რომ ცოლის სიკვდილიდან ერთ თვეში მასზე იქორწინებდა, მაგრამ, მოატყუა – მემკვიდრეობა მიიღო თუ არა, მიატოვა და რომანი მსახიობ ქალთან გააბა. საწყალი გოგო მშობიარობას გადაჰყვა და მასთან ერთად მისი შვილიც დაიღუპა. სიკვდილის წინ კი მან ყველაფერი მოყვა.
– ნაძირალა! იმედია, სახრჩობელა არ ასცდება! მის მარპლ, გაიმარჯვეთ. დიასახლისის ლოგიკა უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჩემსაზე.
– ძვირფასო, ეს მხოლოდ გამოცდილებაა. ჩემი ერთი ახლობელი რომ გარდაიცვალა, მხოლოდ მერეღა გაირკვა, რომ მის ქმარს საყვარელი და ამ საყვარელთან ორი შვილიც ჰყოლია. ამ ტიპის მამაკაცი ყველა ერთნაირია.