მის მარპლს უყვარდა, როცა მასთან ინსპექტორი ჯეპი მიდიოდა და საკუთარი მარცხის შესახებ უყვებოდა. ამჯერადაც რაღაც ამბის გასამხელად მივიდა – ოლდ-ჰოლში ქურდობა მოხდა. ამ ძველისძველ, ვიქტორიანული ეპოქის შენობაში ოთხი მობინადრე ცხოვრობდა. ერთი ფლიგელი მდიდარმა, ექსცენტრიკულმა შუა ხნის ქალბატონმა დაიკავა, რომელსაც ჩიტები ისე ძალიან უყვარდა, რომ ბაღში მათ ნადიმებსაც კი უწყობდა; მეორე ბინაში გადამდგარი მოსამართლე და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. მესამეში – ახალგაზრდა წყვილი შესახლდა. რაც შეეხება მეოთხე საცხოვრებელ ფართს, სახლის მფლობელმა ის ორ, შინაბერა დას მიაქირავა. მეზობლებს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ და, შესაბამისად, არც ეკონტაქტებოდნენ. შინაბერა დებს ერთადერთი მოსამსახურე გოგო ჰყავდათ, რომელიც დიდ კმაყოფილებას არ გამოთქვამდა თავისი ქალბატონების მიმართ და მათი უცნაურობების შესახებაც ყველასთან ყვებოდა. ორი დიდან უფროსი იყო მის ლავინია, რომელიც გულმოდგინედ ზრუნავდა თავის ორი წლით უმცროს დაზე – ემილიზე. ემილია იმით იყო გამორჩეული, რომ საკუთარი თავი უმძიმეს ავადმყოფად ჰყავდა გამოცხადებული. იმდენ შესაძლო და ვირტუალურ დაავადებას იგონებდა, სხვა ადამიანი მის ადგილას, მკვდარი თუ არა, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მაინც იქნებოდა. მაგრამ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მის ემილიას ერთხელაც არ მიუმართავს დოქტორი ჰეიდოკისთვის, იჯდა თავის ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და საკუთარი დის გარდა არავის ეკონტაქტებოდა. მის ლავინია კი ყველას უმტკიცებდა, ჩემი დაიკოს შემთხვევა განსაკუთრებულია და, საწყალი, საშინლად იტანჯებაო… მერე, მოულოდნელად, დებმა ძვირფასი ყელსაბამი დაკარგეს და ქურდად ლამის მოსამსახურე გოგო გამოაცხადეს. საწყალი გლედისი კინაღამ მოკვდა ნერვიულობით. შეიძლება, ცოტათი ქარაფშუტა კი იყო, მაგრამ, მის პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ყელსაბამი გამოჩნდა – სამკაულების ყუთის ერთ-ერთ უჯრაში, კუთხეში იყო მიგდებული. თუმცა, გლედისი მაინც გაუშვეს იმ ბრალდებით, რომ მთელი ჭურჭელი დაამტვრია. ინსპექტორი ჯეპი თავს იტეხდა ამ ყველაფრის გამო: ნუთუ ყელსაბამი მართლა მოსამსახურემ მოიპარა, მერე კი შეშინებულმა დააბრუნა? თუ გლედისი ქურდი იყო, მაშინ, უახლოეს მომავალში, ოლდ-ჰოლში კიდევ ექნებოდა მსგავს შემთხვევას ადგილი. მის მარპლმა მოინახულა დები და ლავინიას მოსამსახურის ამბავი „შეაპარა“. ურჩია, დღეს პატიოსანი მოსამსახურის შოვნა ისეთი ძნელია, ორი-სამი თეფშის გატეხას კი უნდა შეელიოო. გლედისის
მშობლებს ვიცნობ, პატიოსანი, წესიერი ხალხიაო… მის ლავინიამ ჯიუტად გააქნია თავი და ჯეპის სიტყვები გაიმეორა. ყელსაბამი მაგან აიღო და მერე დააბრუნა: ამიტომ, ვეღარ ვენდობითო. ბოლოს კი მისის მარპლს ჰკითხა, ჩემს საწყალ დას ხომ არ მოინახულებთ, გაუხარდებაო…
მის ემილიას ოთახში მუქი ფერის ფარდები ბოლომდე იყო დაშვებული, თავად ავადმყოფი კი საწოლზე იწვა და სიბნელეში სახე წესიერად არ უჩანდა. მის მარპლს სუსტი ხმით გადაუხადა მადლობა ყურადღებისთვის. მის მარპლმა მხოლოდ მისი გახუნებული, ყვითელი თმის აწეწილი ბუჩქი გაარჩია ბალიშზე… და, კიდევ, არწივისებური ცხვირი. ოთახის ჰაერი ოდეკოლონის, ქაფურისა და მიქსტურების სუნით იყო გაჟღენთილი. მის ემილიმ მომენტით ისარგებლა და კიდევ ერთხელ იწუწუნა თავის მძიმე მდგომარეობაზე და იმაზე, როგორ ტვირთად აწვა თავის დას.
რამდენიმე დღეში მთელ დასახლებას იმედი გაუცრუა ცნობამ იმის შესახებ, რომ დებმა მაინც იპოვეს ახალი მოსამსახურე, თანაც, უმწიკვლო რეპუტაციით. ყველას ეგონა, რომ ოლდ-ჰოლში მისვლას არავინ გარისკავდა, მაგრამ, სიტუაცია საეჭვოდ სწრაფად ჩადგა კალაპოტში. მის მარპლი ყოყმანით აქნევდა თავს, როცა დების ახალი მოსამსახურის ქება-დიდება ესმოდა. მერი ჰიგინსი – სკინერების „საგანძური“ – ოცდაათი წლისა თუ იქნებოდა. საკმაოდ სანდომიანი გარეგნობა ჰქონდა, შავი თმა და ჯანმრთელი, გადატკეცილი კანი. თანაც, ძალიან გემოვნებით, აკურატულად იყო ჩაცმული. მის მარპლმა ერთხელ ნახა ის და კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეჭვი, რომ ახალი მოახლე უჩვეულოდ უნაკლო იყო. სამაგიეროდ, დები იყვნენ აღფრთოვანებულები. ლავინია ყვებოდა, ჩემს დას მერი ისე უვლის, ლამისაა, ცხოვრების ხალისი დაუბრუნდესო. მის მარპლმა ინსპექტორი თავისთან დაიბარა და უთხრა:
– ეჭვი მაქვს, ეს მერი ჰიგინსი მალე აორთქლდება. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ყველაზე სერიოზულ უსიამოვნებას სწორედ ასეთი უნაკლო ადამიანისგან უნდა ელოდე, თანაც, სრულიად მოულოდნელად.
მის მარპლის „წინასწარმეტყველება“ ახდა: ზუსტად ოცდაერთი დღის შემდეგ „მერი-საოცრება“ გაქრა – ისე აორთქლდა, როგორც ვარდის ფოთლიდან დილის ნამი; თანაც, მარტო კი არ გაქრა, თან სოლიდური რაოდენობის განძეულიც გაიყოლა. იმ დღესვე ნათელი გახდა, რომ დების მოსამსახურემ მეზობლებთანაც „წაიმუშავა“ – როგორც ჩანს, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ოთხივე ბინის გასაღებების ასლების გაკეთება. ახალგაზრდა მისის დევერიემ თავისი საყვარელი ბრილიანტები დაკარგა, რომელიც ქორწილის დღეს აჩუქა მეუღლის ოჯახმა. ბრილიანტებთან ერთად გაუჩინარდა მისი ძვირფასი ქურქიც. მოსამართლემ და მისმა ცოლმა ძვირფასეულობა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაკარგა. ყველაზე მეტად კი მაინც მისის კარმაიკლი დაზარალდა: მას თავისი ჩიტებისთვის ყველაფერი საუკეთესო ემეტებოდა და გალიები მთლიანად ოქროთი და ძვირფასი თვლებით ჰქონდა მოჭედილი. მისის კარმაიკლი ოქრო-ბრილიანტს იმდენად არ დარდობდა, რამდენადაც თავის საყვარელ ჩიტუნიებს. დარდისგან ლოგინადაც კი ჩავარდა. მის ლავინია გამუდმებით ტიროდა. მისი დის ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ უკვე ოთახიდანაც აღარ გამოდიოდა. ინსპექტორი ჯეპი შეშლილივით
დარბოდა აქეთ-იქით. მოსამსახურე თითქოს ცამ ჩაყლაპაო და, სწორედ ამ დროს, მის მარპლმა ის ჩაიზე დაპატიჟა. მასპინძელს თვალები საეჭვოდ უბრწყინავდა.
– რა ოსტატურად არის მოფიქრებული, არა, ჯეპ?
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, მის მარპლ.
– ამ ქურდობაზე მოგახსენებთ და უზადო რეპუტაციის მოახლეზე. მის კვალს ხომ ვერ მიაგენით? ჰოდა, ვერც მიაგნებთ, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.
– რაო?! ეგ როგორ?!
– ახლავე მოგიყვებით. შეიძლება, შოკშიც ჩავარდეთ, მაგრამ ფაქტს ვერსად წაუვალთ – ქურდი მის ემილია.
ჯეპი გველნაკბენივით შეხტა:
– მის მარპლ, ეს წარმოუდგენელია!
– სრულიად წარმოსადგენი და რეალურია. ჯერ მომისმინეთ. დავიწყოთ იმით, რომ
„სასოწარკვეთილი“ დები ლონდონში გადასაბარგებლად ემზადებიან. არგუმენტები გულის ამაჩუყებელი აქვთ – მათ მორალური პასუხისმგებლობა აწუხებთ, მეზობლები რომ დააზარალეს. თანაც, მის ლავინიამ თქვა, რომ ამ ამბავმა მისი და სიკვდილის პირას მიიყვანა და კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია სჭირდება.
– ჰო, ყველა მის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს.
– ჰოდა, ძაღლის თავიც მანდ არის დამარხული. ეს დები გაქნილი თაღლითები არიან. როცა მათთან ბოლოს ვიყავი სტუმრად, პალტო მერიმ მომაწოდა, მოსამსახურემ. მე ხელჩანთა სპეციალურად დავაგდე ძირს, ისიც მერიმ მომაწოდა და, ბუნებრივია, თითების ანაბეჭდებიც დატოვა. ჩანთას ახლავე მოგართმევთ და ადვილად დარწმუნდებით, რომ მეზობლების ბინაში აღმოჩენილი თითების ანაბეჭდების იდენტურია. მე ეჭვი მის ემილიზე ადრევე გამიჩნდა. ის საცოდავი გოგო, პირველი მოახლე, ტყუილად კი არ მოიშორეს თავიდან. ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, თანაც, უმნიშვნელო დეტალებამდეც კი. ერთადერთი, მე ვერ გამითვალისწინეს. გინახავს ავადმყოფი, რომელიც ექიმს არასოდეს აკითხავს? მის ემილი წესიერად თვალით არავის უნახავს. მუდმივად ჩაბნელებულ ოთახში, ლოგინში მწოლარე იღებდა სტუმრებს. ქერა თმა კი მხოლოდ პარიკი იყო. ავადმყოფის ნიღაბს მიღმა, ჩემო ძვირფასო ჯეპ, ახალგაზრდა და ჯან- ღონით სავსე არსება იმალებოდა. გეუბნებით, თავს დავდებ, რომ მის ემილის პარიკი ახურავს. იმაზეც თავს დავდებ, რომ მის ემილი და მისი სუპერმოწესრიგებული მოსამსახურე ერთად არავის უნახავს, იმიტომ, რომ ისინი ერთნი არიან – ერთი ქალი ორ როლში. ახლა თქვენ ყველაფერი იცით, ჯეპ და იმოქმედეთ – ლონდონის მატარებლის გასვლამდე ერთი საათია დარჩენილი…