არტურ პაიკს, ცნობილ თეატრალურ კრიტიკოსს მოსწონდა, რომ ადამიანების ბედი მასზე იყო დამოკიდებული. საკმარისია, რომელიმე სპექტაკლზე გამანადგურებელი რეცენზია დაწეროს, რომ შეიძლება, მსახიობის, რეჟისორის, თუ დრამატურგის კარიერას ჯვარი დაესვას.
იმ საღამოს პაიკს ბევრი საქმე ჰქონდა. გვიან დაწვა, თუმცა მის იმედს, სადილამდე არ ამდგარიყო, ასრულება არ ეწერა. ძილი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. მზად იყო, ადამიანი, ვინც ძილი დაუფრთხო, შუაზე გაეგლიჯა, მაგრამ ყურმილში ქალის ნაზი ხმა გაისმა:
– მისტერ პაიკ?
– დიახ, – ფრთხილად უპასუხა მან, – ვის ველაპარაკები?
პაიკი სასწრაფოდ წელში გასწორდა. უცებ გამოფხიზლდა. დიდი ხანია ასე სწრაფად არ გაუღვიძია. ალბათ, მხოლოდ ახალგაზრდობაში, როდესაც ეჩვენებოდა, რომ მისთვის მიუღწეველი აღარაფერია. ახლა ქალები მას ძალიან იშვიათად ურეკავდნენ. მამაკაცმა შეთხელებულ თმებზე ხელი მექანიკურად გადაისვა, თითქოს თანამოსაუბრე გვერდით ეჯდა. მხრებშიც ახალგაზრდულად გაიშალა.
– ბარბარა გარდნერი გაწუხებთ, – თავი წარუდგინა გოგონამ, – ვშიშობ, აღარც გახსოვართ…
„შუაღამის სიმღერაში”, რომელიც გასულ წელს „მაგნუმში” დადგეს, მთავარ როლს ვასრულებდი. თქვენ ჩვენს სპექტაკლზე და განსაკუთრებით ჩემს თამაშზე გამანადგურებელი რეცენზია დაწერეთ. რა თქმა უნდა, ახლა ვხვდები, რომ თქვენ მართალი იყავით და მე არცთუ ისე კარგად ვითამაშე. თავიდან ძალიან გავბრაზდი და რეპორტიორებს თქვენზე უამრავი ცუდი რამ ვუთხარი, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი გავაანალიზე, სრულად გეთანხმებით. არ დამიჯერებთ და ამის შემდეგ მშვიდად აღარ მძინავს. სინდისი დიდხანს მაწუხებდა და აი, ბოლოს და ბოლოს სითამამე მოვიკრიბე და დაგირეკეთ. მაპატიეთ, მისტერ პაიკ, თქვენს მიმართ უსამართლო ვიყავი.
ბარბარა გარდნერი, როგორ შეეძლო დაევიწყებინა! რა თქმა უნდა, მას უცებ გაახსენდა ეს მაღალი, ცეცხლოვანი შავგვრემანი ქალი ბრწყინვალე ფიგურით. თითებს ჩაიკვნეტ! მასში ყველაზე მეტად მაღალი მკერდი და გრძელზე გრძელი ფეხები მოეწონა. ეს ქალი მას დღემდე ეროტიკულ სიზმრებში ეცხადებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ ცოტათი გადაამლაშა, – აღიარა
არტურ პაიკმა. დებიუტანტისთვის ბარბარამ ცუდად არ დაიწყო. მას კარგად ახსოვდა „შუაღამის სიმღერაც” და ისიც, რომ ბარბარა კარგად თამაშობდა. თუმცა, თეატრალურ სამყაროში არსებობდა დაუწერელი კანონი, რომელიც არ დაარღვია: ახალბედებმა პირველივე სპექტაკლში საქებარი რეცენზიები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ. თეატრში მთავარია, ქებაში არ გადააჭარბო. არტური ამ აზრს სრულად იზიარებდა. ვარსკვლავურმა დაავადებამ არაერთი იმედისმომცემი მსახიობი დაღუპა. ასე რომ, გარკვეულწილად, მან ამ ქალს სამსახურიც კი გაუწია, როდესაც გააკრიტიკა.
მეორე დღესვე, როდესაც გაზეთში მისი რეცენზია გამოჩნდა, „შუაღამის სიმღერა” რეპერტუარიდან მოხსნეს. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. არტური კმაყოფილი იყო, რომ ამ დრომდე შეეძლო მაყურებელთა აზრის ფორმირება და ათეულობით ადამიანის ბედის განსაზღვრა. რამდენიმე მსახიობმა მის „შხამიან ისარს” ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მერე რა, თუ მათ სიკვდილში ვიღაცეები, მას და მის რეცენზიებს ადანაშაულებდნენ? მას ეს საყვედურები სულაც არ ადარდებდა. პაიკი დარწმუნებული იყო, რომ მსახიობს უფლება არ აქვს ცუდად ითამაშოს და მისი აზრით, სუსტი ხასიათის ადამიანების ადგილი სცენაზე არ არის. თუ ადამიანი ცუდ გამოხმაურებაზე ასე მტკივნეულად რეაგირებს, თეატრში არაფერი ესაქმება. დიდხანს მაინც ვერ გაძლებდნენ. ასე რომ, თეატრს მათი სიკვდილით არაფერი დაუკარგავს.
ახსოვდა, რომ ბარბარა გარდნერი მაშინ დიდი ხნით გაქრა სცენიდან. არტურმა მაშინ გაიფიქრა კიდეც, ჩემის სტატიის გამო თავი ხომ არ მოიკლაო… და აი, ზარი. ესე იგი, ცოცხალია…
– მისტერ პაიკ, მისტერ პაიკ! – ფიქრებიდან ბარბარას ხმამ გამოარკვია, – გესმით ჩემი?
– რა თქმა უნდა, მესმის. საბოდიშო არაფერი გაქვთ. კარგად მესმის, მაშინ რასაც განიცდიდით. ლანძღვა-გინება ბევრჯერ მომისმენია. მართალია, კრიტიკოსი ვარ, მაგრამ ჩემი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უკვე დიდი ხანია, ყურადღებას აღარ ვაქცევ. სხვანაირად დიდხანს ვერ გაძლებ.
– ძალიან კეთილი ხართ. მინდა, ჩემი დანაშაული როგორმე გამოვისყიდო. მინდა ბოდიში პირადად მოგიხადოთ. ხვალ შობაა. ერთი იდეა მაქვს. მოდი, დღეს საღამოს ერთად ვივახშმოთ. მე ნიუ-არკში ვცხოვრობ. ჩვენს „პალას ოტელში”. მისი ხელოვნებით დასატკბობად არა მარტო ნიუ-იორკიდან ჩამოდიან. გარწმუნებთ არ ინანებთ.
პაიკი უცებ არ დათანხმებულა. ნიუ-იორკიდან ნიუ-არკამდე, მინიმუმ, ორი საათის სავალი იყო, ხოლო ბროდვეიზე რვა საათზე „ძველი ისტორიის” პრემიერაა. ნორა ამსტერსია მთავარ როლში. ასეთ სპექტაკლს ვერაფრით გამოტოვებდა. აუცილებლად ექნება რეცენზია დასაწერი. მეორე მხრივ, ძალიან სიამოვნებდა, რომ ასეთი ლამაზი ქალი ეპატიჟებოდა. არჩევნის წინაშე რომ აღმოჩნდა, დიდხანს არ უყოყმანია. რა თქმა უნდა, ვახშამი აირჩია. როგორ შეეძლო, ასეთ ქალთან ვახშამი უნიჭო ამსტერსის რეცენზიაზე გაეცვალა, რომელსაც წესიერად თამაშიც კი არ შეეძლო. მისი წარმოსახვა ერთმანეთზე უკეთეს სურათებს ხატავდა. თუ გაუმართლებს, საქმე ვახშმით არ დამთავრდება და ნიუ-არკში ღამის გათევაც მოუწევს. უკვე დაავიწყდა, ბოლოს როდის დარჩა მთელი ღამით ქალთან.
– მაშინ – თანხმობის მიღების შემდეგ უთხრა ბარბარამ, – „პალას ოტელის” რესტორანში შევხვდეთ. ცხრის ნახევარზე. რესტორანში ვივახშმოთ, ხოლო ყავა ჩემთან სახლში დავლიოთ.
არტურ პაიკმა ყურმილი დადო, სავარძელში გადაწვა და ტკბილ ოცნებებს მიეცა. რა თქმა უნდა, დროდადრო ისიც წერდა რეცენზიებს, ისე რომ სპექტაკლი ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა, ეს, რაც შეიძლება, იშვიათად გაეკეთებინა. ეს ძალიან სარისკო საქმე იყო. თუ გაგიგებდნენ, შეიძლება დრამატურგმა, მსახიობებმა, გაზეთმაც, სადაც მუშაობ, უბრალოდ, სასამართლოში გიჩივლონ. ასეთი რამ მის რამდენიმე ნაცნობს უკვე დაემართა. ხმაურიანი პროცესი ისეთ დარტყმას აყენებს რეპუტაციას, რომ ჩათვალე, კრიტიკოსის კარიერას წერტილი დასმული აქვს. კარიერას და რეპუტაციას კი არტურ პაიკი ძალიან უფრთხილდებოდა. თუმცა, იგი ჩავარდნას არ აპირებდა. ნორა ამსტერსს, რომელსაც დიდი ხანია, ვერ იტანდა, უნიჭო და ადვილად გამოსაცნობ მსახიობად მიიჩნევდა. ასეთებს შთაგონების შემოტევა არასოდეს ემართებათ და საკუთარ თავს არ ახტებიან. ამსტერსის მსგავსი მსახიობები ყოველთვის ერთნაირად ცუდად თამაშობენ. მას არ სჭირდება დღეს სპექტაკლის ნახვა, რომ მის უნიჭობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდეს. სწრაფად ისაუზმა და რეცენზიის დასაწერად დაჯდა. ერთ საათში სტატია უკვე მზად იყო. შემდეგ ჯეკ ანდერსს დაურეკა. ჯეკი ზედმეტი კითხვების გარეშე დათანხმდა, რეცენზია რედაქციაში ზუსტად თერთმეტ საათზე მიეტანა. როდესაც სტატიას სპექტაკლის დამთავრებიდან ნახევარ საათში მიიღებენ, ყველა იფიქრებს, რომ ახალი დაწერილია.
შეხვედრის ადგილზე ცოტა ადრეც კი მივიდა. რესტორანში შევიდა. ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. ბარბარა ძალიან აგვიანებდა. პაიკმა უკვე რამდენიმე ჭიქა მარტინი გამოცალა. ბოლოს ადგა და ტელეფონებთან მივიდა. დიდხანს ფურცლავდა სატელეფონო ცნობარს, მაგრამ ბარბარა გარდნერის სახელი და გვარი ვერ აღმოაჩინა. მხრები აიჩეჩა და სატელეფონო სადგურში დარეკა. იქაც უპასუხეს, რომ მათთან არანაირი ბარბარა გარდნერის ნომერი არ იყო.
– სულელი! – წამოიძახა მან და ყურმილი დაახეთქა.
ისეთი მთვრალი იყო, რომ ნიუ-იორკში დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. საბედნიეროდ, სასტუმროში თავისუფალი ნომრები აღმოჩნდა. პორტიემ ზედა სართულზე, პენტჰაუზში მოათავსა, საიდანაც ქალაქის მშვენიერი ხედი იშლებოდა.
რა თქმა უნდა, პაიკი მიხვდა, რომ ბარბარა გარდნერი მასთან ვახშმობას საერთოდ არ აპირებდა. ეს სულელური ხუმრობა, მისი შურისძიება იყო. სულელმა ქალმა სამაგიეროს გადახდის სხვა საშუალება ვერ მონახა, გარდა იმისა, რომ მოხუცი მეორე ქალაქში ჩამოეყვანა. იგი არა მარტო ქალზე, არამედ საკუთარ თავზეც ბრაზობდა. პაიკი საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ ბარბარა ძალიან ინანებდა ამ საქციელის გამო. თავი ბალიშზე როგორც კი დადო, მაშინვე ჩაეძინა.
მეორე დილით არტურ პაიკს თავი საშინლად სტკიოდა. ტელევიზორი წვალებით ჩართო. სწორედ კულტურის ახალ ამბებს აცხადებდნენ. „… ხმამაღალი წარმატება. ახალგაზრდა, მაგრამ იმედისმომცემი მსახიობი ბარბარა გარდნერი, რომელმაც გუშინ ბროდვეის სპექტაკლში „ძველი ისტორია” მთავარი როლი შეასრულა, ბისზე ათჯერ გამოიძახეს. გუშინ დილით ნორა ამსტერსი, რომელსაც მისის უოლტერსი უნდა ეთამაშა, ავარიაში მოხვდა. იგი დუბლიორმა, ბარბარა გარდნერმა შეცვალა. კრიტიკოსები ვენის თეატრალურ კაბადონზე ახალი ვარსკვლავის გამოჩენის შესახებ ალაპარაკდნენ…”
როდესაც ამ სიტყვების აზრი მის ტვინამდე დავიდა, არტურ პაიკს სუნთქვა შეეკრა. თავის ტკივილის მიუხედავად, უცებ მიხვდა ბარბარა გარდნერს რაში დასჭირდა მისი ნიუ-იორკიდან გამოტყუება.
შემდეგ თავისი დაწერილი რეცენზია გაახსენდა, რომელსაც ახლა, ალბათ, ხალხი გაკვირვებული კითხულობს. გუშინ ეშმაკობის ხასიათზე იყო და ამიტომაც, ნორა ამსტერსს კარგადაც გადაუარა. პაიკმა იქედნურად დაწერა, რომ მის უნიჭობას მაყურებელი უკანა რიგებშიც კი ვერ დაემალაო.
ფიქრი დიქტორის ხმამ შეაწყვეტინა, თავისი გვარი რომ გაიგონა, ეკრანს შეხედა. დიქტორი აცხადებდა, რომ ცნობილ თეატრალურ კრიტიკოსს არტურ პაიკს, მალე სასამართლოში დაიბარებდნენ. გაზეთის რედაქციამ, სადაც მუშაობდა, დრამატურგმა და მსახიობებმა სასამართლოში უჩივლეს.
პაიკი ტელევიზორთან მიხოხდა და გამორთო. შემდეგ როგორღაც ფანჯრამდე მიაღწია, გამოაღო და… გადააბიჯა.