დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – დანაშაული სამხილით

– ჯორჯ პრიტჩარდი ბრწყინვალე ადამიანია, – დაიწყო თხრობა პოლკოვნიკმა ბანტრიმ, – მისი ცოლი, საცოდავმა უკვე დაგვტოვა, მისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იყო. ის ისეთი ავადმყოფების რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ყველას სისხლს უშრობენ: დილიდან საღამომდე წუწუნებდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ჯორჯი მუდამ მის სრულ განკარგულებაში უნდა ყოფილიყო. თუმცა, რაც უნდა გაეკეთებინა ქმარს, ყველაფერს უწუნებდა. შემიძლია, დავიფიცო, რომ ჯორჯის ადგილზე, ყველა ნაჯახს აიღებდა და იმ ქალს ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებდა ტანჯვისგან. მისის პრიტჩარდს სხვადასხვა ჯურის ნათელმხილველების, წინასწარმეტყველებისა და მკითხავების სწამდა და ჯორჯი ამასაც მშვიდად იტანდა.

მომვლელები მასთან დიდხანს არ ჩერდებოდნენ. მისის პრიტჩარდი მათ ხელთათმანებივით იცვლიდა. თუმცა, იყო ერთი ახალგაზრდა ექთანი, რომელსაც მკითხავებისა და წინასწარმეტყველების სჯეროდა და, ალბათ, ამიტომ, ის მისის პრიტჩარდს მგონი, უყვარდა

კიდეც. შემდეგ, მოულოდნელად, გული მასზეც აიცრუა და ერთ-ერთი ძველი მომვლელით შეცვალა, რომელიც ერთხელ უკვე გაგდებული ჰყავდა. მედდა კოპლინგი ხანში შესული ქალი იყო. აღელვება არასდროს ეტყობოდა და მისის პრიტჩარდის ისტერიკებს იოლად უმკლავდებოდა.

როდესაც მისტერ პრიტჩარდი საღამოს სადმე მიდიოდა, მას სამუშაო საათების შემდეგაც სთხოვდა ხოლმე დარჩენას. იმ დღესაც გოლფის სათამაშოდ უნდოდა წასვლა, მაგრამ, გაირკვა, რომ კოპლინგი ნათესავთან მიდიოდა, თუმცა მისტერ პრიტჩარდი დაამშვიდა:

– დღეს ჩვენ საჭირონი არ ვიქნებით. თქვენმა ცოლმა სახლში მედიუმი, ვინმე ზარიდა მოიწვია. როგორც ვიცი, მას რეკომენდაცია ჩემმა წინამორბედმა, მედდა კარსტერსმა გაუწია. თქვენმა ცოლმა მთხოვა, მედიუმთან წერილი მიმეწერა და მომეწვია.

ჯორჯი დამშვიდდა და გოლფის სათამაშოდ წავიდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ცოლი უკიდურესად აღელვებული დახვდა. დივანზე იწვა და ცხვირთან წამდაუწუმ მიჰქონდა სურნელოვანი მარილით სავსე ფლაკონი.

– ჯორჯ! – წამოიძახა მან, – ხომ გეუბნებოდი, რომ ეს სახლი არ მომწონს-მეთქი! როგორც კი ის ქალი შემოვიდა, გამოაცხადა: „აქ ბოროტებაა, ბოროტება და ხიფათი!” შეგიძლია, გაიცინო, მაგრამ ზარიდამ პირდაპირ მითხრა, ეს სახლი მოგკლავსო. ასევე, ამ იებზე მიმითითა და მითხრა, რომ სახლში არავითარი ლურჯი ყვავილი არ უნდა გავაჩერო – ლურჯი ფერი თქვენთვის სიკვდილიაო.

ამ ამბიდან ორ დღეში ცოლმა ჯორჯს წერილი აჩვენა, რომელმაც ის ძალიან ცუდ გუნებაზე დააყენა. წერილში ეწერა: „მომავალი დავინახე. დამიჯერეთ, დრო მოვიდა… სავსე მთვარის გეშინოდეთ. ლურჯი ფურისულა – გაფრთხილებაა, ლურჯი ვარდი – საფრთხე, ლურჯი ნემსიწვერა – სიკვდილი…”

ჯორჯს უნდოდა, გაეცინა, მაგრამ ცოლს რომ შეხედა, გადაიფიქრა და თქვა:

– ეგ ქალი, უბრალოდ, შენს შეშინებას ცდილობს, მერი. ხომ იცი, რომ არც ლურჯი ფურისულა არსებობს და არც ლურჯი ნემსიწვერა?!

მისტერ პრიტჩარდის ყველა მცდელობა, ცოლი ამ ყველაფრის უაზრობაში დაერწმუნებინა, უშედეგო აღმოჩნდა. ის კი არა, მისის პრიტჩარდი ამტკიცებდა, ზარიდა ვიღაცას მაგონებსო.

გავიდა კიდევ ოთხი დღე და პირველი ინციდენტი მოხდა: მისის პრიტჩარდის ოთახი მთლიანად მოდური შპალერით იყო გაწყობილი – ყვავილები, ყვავილები და კიდევ ყვავილები. ამ ყვავილების ზღვაში ერია ვარდისფერი და ყვითელი ფურისულებიც… იმ დილით მისის პრიტჩარდმა ზარის რეკვა მანამდე არ შეწყვიტა, ვიდრე მასთან ოთახში მოახლე არ ავიდა. ქალი საწოლში წამომჯდარიყო და თითს ისტერიკულად ურტყამდა შპალერს. იქ კი, ფურისულებს შორის ერთ-ერთი, ახლა უკვე ლურჯი გამხდარიყო. ჯორჯი შეეცადა, ცოლი დაერწმუნებინა, რომ ეს ყვავილი აქ ადრეც იყო, მაგრამ ვერ მოახერხა. ამას ისიც დაერთო, რომ იმ ღამეს სავსემთვარეობა იყო და მისის პრიტჩარდს შიშისგან გონი ჰქონდა დაკარგული.

– იმ დღეს მისის პრიტჩარდის დასაწყნარებლად, მეც ვიყავი მისული, – სიტყვა ჩამოართვა ქმარს მისის ბანტრიმ, – მაგრამ, არაფერი გამომივიდა. სახლისკენ რომ მოვდიოდი, ჯინ ინსტოუს შევხვდი და ახალი ამბავიც ვუამბე. ვუთხარი, მისის პრიტჩარდი იმდენად ცრუმორწმუნეა, რომ სავსებთ შესაძლებელია, შიშისგან მოკვდეს-მეთქი. ჯინმა კი პირდაპირ მომახალა:

– იქნებ ასე უკეთესიც იყოს. განა მაგ ქალის ცხოვრებას ცხოვრება ჰქვია? ქმარსაც სიცოცხლეს უმწარებს.

შოკში ჩავვარდი და ძლივს ამოვღერღე: – ჯორჯი მას ისე მოთმინებით ექცევა.

იმან კი: – ჰო, ჯორჯი შექებას ნამდვილად იმსახურებს, მიმზიდველი ტიპია. მათი ბოლო მომვლელიც ასე ფიქრობდა. როგორ ერქვა? მგონი, კარსტერსი? სიმპათიური გოგო იყო. ჰოდა, ცოლმა გააგდო კიდეც.

ძალიან არ მომეწონა, როგორი ტონით წარმოთქვა ეს ყველაფერი ჯინმა. უნებურად გამახსენდა, რომ მის ინსტოუ და მისტერ პრიტჩარდი ერთ დროს… ანუ, მოვლენები სხვანაირად რომ განვითარებულიყო… არადა ისინი ერთმანეთს ისე უხდებოდნენ. ინსტოუ ულამაზესი ქალია. სხვათა შორის, ისინი მერეც მეგობრობდნენ…

– იქნებ, თხრობა დამასრულებინო, – უთხრა ცოლს მისტერ ბანტრიმ, – გასაგებია, რომ მას შემდეგ მისის პრიტჩარდი სულმოუთქმელად ელოდა მომდევნო სავსემთვარეობას. როდესაც დრო მოვიდა, ქმარი და მოახლე აიძულა, შპალერი ზედმიწევნით გამოეკვლიათ. როცა დარწმუნდა, რომ იქ ვარდები ვარდისფერი, ან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, წითელი იყო, ოთახიდან ორივენი დაითხოვა და კარი ჩაკეტა. მაგრამ, დილით ერთი ვარდი ლურჯი დახვდათ. ამ ამბავმა ჯორჯიც კი შეძრა, თუმცა ყველას არწმუნებდა, რომ ეს ვიღაცის სულელური ხუმრობა იყო. თავად კი მშვენივრად იცოდა, რომ ცოლმა კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა და ცვლილებაც ყველაზე ადრე შეამჩნია, მანამდეც კი, ვიდრე მედდა კოპლინგი მოვიდოდა.

გავიდა კიდევ ერთი თვე. მისის პრიტჩარდი დაწყნარდა და დამშვიდდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბედს შეეგუა. მთელი დღები იჯდა და შპალერზე წითელ ნემსიწვერებს ათვალიერებდა. სახლში მდგომარეობა აბსოლუტურად გაუსაძლისი ხდებოდა. მისის პრიტჩარდის განწყობა მომვლელსაც გადაედო. სავსემთვარეობამდე ორი დღით ადრე ის ჯორჯთან მივიდა და ცოლის სახლიდან წაყვანა სთხოვა. ჯორჯი გაცოფდა:

– ყველა ყვავილიც რომ გალურჯდეს და ეშმაკის სახე მიიღოს, ამისგან არავინ მოკვდება! – უყვირა მან ქალს. ეჭვი მაქვს, ჯორჯი ფიქრობდა, რომ ამ ყველაფერს თავად ცოლი უწყობდა.

იმ ღამეს მისის პრიტჩარდი ისევ საძინებელში ჩაიკეტა. იგი არაბუნებრივად მშვიდი იყო. ყოველთვის დილის 8 საათზე იღვიძებდა, მაგრამ დილით ზარი არ დაირეკა. მომვლელი ავიდა და კარზე დაუკაკუნა. პასუხი რომ ვერ მიიღო, ჯორჯს დაუძახა. მან კარი შეამტვრია. ლოგინზე გართხმული სხეული ეჭვს აღარ ტოვებდა. როგორც მერე ექიმმა განაცხადა, მისი გული რვა საათის წინ გაჩერდა. მისის პრიტჩარდის ხელთან საყნოსი მარილის ფლაკონი ეგდო, ხოლო კედელზე ერთი წითელი ნემსიწვერა უკვე ლურჯი გამხდარიყო. ექიმმა შეამჩნია, რომ ოთახში გაზის მსუბუქი სუნი იდგა. გაზის ონკანი ოდნავ მოტრიალებული აღმოჩნდა, თუმცა სუნი ისეთი სუსტი იყო, ეს სიკვდილის მიზეზი ვერაფრით გახდებოდა.

ყველა ჩურჩულებდა, რომ ცოლი მისტერ პრიტჩარდის მოკლული იყო. რაც შეეხება წინასწარმეტყველ ზარიდას, იგი ამ ამბის შემდეგ არავის უნახავს. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და რაც ყველაზე საინტერესოა, იმ ახალგაზრდა მომვლელს, კარსტერსს, ვინც თითქოს ზარიდას რეკომენდაცია გაუწია, ამ ქალის შესახებ საერთოდ არაფერი გაეგონა.

– და მისტერ პრიტჩარდმა ცოლად მის ინსტოუ მოიყვანა? – იკითხა მის მარპლმა.

– სიმართლე გითხრათ, – უპასუხა მისტერ ბანტრიმ, – ჩვენ ამას ველოდით, მაგრამ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და ისინი, მგონი, ერთმანეთს აღარც ნახულობენ.

– ჩემი აზრით, – განაცხადა მისის ბანტრიმ, – წინასწარმეტყველი ზარიდა გადაცმული მის ინსტოუ იყო. თქვენც ხომ ეს იფიქრეთ, მის მარპლ? – არა, მთლად ასე არაა, – თქვა მის მარპლმა, – საქმე ისაა, რომ, მე თუ ვინმეს მოკვლა მომინდებოდა, მარტო შიშის იმედად არ ვიქნებოდი, რაიმე უფრო სანდოს შევარჩევდი.

– თუ ვინმეს ჯორჯზე გაქვთ ეჭვი, – თქვა მისტერ ბანტრიმ, – მე ეს წარმოუდგენლად მეჩვენება, მიუხედავდ იმისა, რომ ექთანიც მას ადანაშაულებს. პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ, ნათელია, რომ ცოლის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ჯორჯს აკისრებს.

– საერთოდ, გამოცანის პასუხი ფურისულებში იმალება, – თქვა მის მარპლმა, – მისტერ ბანტრიმ თქვა, რომ ზოგი ნემსიწვერა ყვითელი იყო, ზოგი – ვარდისფერი. თუ ვარდისფერი ფურისულა გალურჯდა, მაშინ ყველაფერი გასაგებია, თუ ყვითელი…

– ვარდისფერი, – დაემოწმა მისის ბანტრი და მის მარპლს გაკვირვებულმა შეხედა.

– მაშინ, გასაგებია, – ამოიოხრა მის მარპლმა, – ამ მედდებს რას გაუგებ…

– თქვენ მხედველობაში მედდა კარსტერსი გყავთ? – ჰკითხა სერ ჰენრიმ.

– არა, სხვა – მედდა კოპლინგი. ხომ სწორედ ის მსახურობდა მათ სახლში ადრე. ჰოდა, მისტერ პრიტჩარდი ძალიანაც მოეწონა. ვფიქრობ, მის ინსტოუს არსებობის შესახებ მას ეჭვიც არ ჰქონდა. როდესაც გაიგო, შურისძიება გადაწყვიტა, თუმცა, წერილმა გასცა – იმ წერილმა, რომელიც მან ვითომდა მისის პრიტჩარდის თხოვნით გაუგზავნა წინასწარმეტყველს. წინასწარმეტყველი კი მოვიდა, მაგრამ, შემდეგ გაირკვა, რომ მითითებულ მისამართზე იგი საერთოდ არ ცხოვრობდა. გასაგებია, რომ მედდა კოპლინგს არანაირი წერილი არ დაუწერია. გამოდის, ზარიდა თავად იყო. სარისკო ნაბიჯი კი გადადგა, რადგან მისის პრიტჩარდს შეეძლო, ეცნო, მთელი ეს ლურჯი ყვავილები და გაფრთხილებები კომუფლაჟი იყო… თუ კალიუმციანიდს საყნოსი მარილის ფლაკონში ჩაასხამ და იქ დადგამ, სადაც დგას ხოლმე… გახსოვთ, თქვენ თქვით, რომ ფლაკონი ქალის ხელთან იპოვეს. ხოლო როდესაც მისტერ პრიტჩარდი ექიმის გამოსაძახებლად დაბლა

ჩავიდა, მედდამ ბოთლი შეცვალა და გაზის ონკანი ცოტათი მოუშვა – გაზი ნუშის სუნს კარგად ახშობს. გამიგია, რომ კალიუმციანიდი ორგანიზმიდან ძალიან მალე გამოდის.

– რაც შეეხება ყვავილების გალურჯებას? – იკითხა მის ჰელერმა.

– მედდებს ყოველთვის თან აქვთ ლაკმუსის ქაღალდი. მჟავასგან ქაღალდი წითლდება, ხოლო ტუტესგან – ისევ ლურჯდება. ასეთ გაწითლებულ ქაღალდს შპალერზე ყვავილზე გადააგლისავ და, როდესაც საცოდავი ქალი თავის საყნოს მარილს გამოიყენებს, ნიშადურის სპირტის ორთქლი ასეთ ყვავილს მაშინვე გაალურჯებს – გენიალური იდეაა!

– ისე ყვებით, თითქოს იქ იყავით, – აღფრთოვანება ვერ დამალა სერ ჰენრიმ.

– ერთადერთი, რაც მაშფოთებს, – გააგრძელა მის მარპლმა, – ეს მისტერ პრიტჩარდი და მის ინსტოუა. მათ ხომ, ალბათ, ერთმანეთზე აქვთ ეჭვი… ხომ ხედავთ, აღარც კი ხვდებიან.

– შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, – გაიღიმა სერ ჰენრიმ, – მე თავიდანვე მქონდა რაღაც, თქვენთვის შემონახული. მედდა კოპლინგი ცოტა ხნის წინ მოხუცი პაციენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იმ საცოდავმა მას ქონება დაუტოვა. დანაშაული კალიუმციანიდით ჩაიდინა, რომლითაც საყნოსი მარილი შეუცვალა – როგორც ხედავთ, მეთოდი იგივეა. ასე, რომ მისტერ პრიტჩარდსა და მის ინსტოუს შეუძლიათ, საკუთარი ეჭვები როგორც სიზმარი, ისე დაივიწყონ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button