დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ვითომ შემთხვევითობა

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, – დაიწყო მოყოლა ექიმმა ლოიდმა, – ალბათ იცით, კანარის კუნძულები. იმ დროს სწორედ იქ გადავედი საცხოვრებლად. კლიენტურაც გავიჩინე და მშვენივრად მოვეწყვე. იქ ათასი ჯურის ხალხს შეხვდები. ერთ დღეს სასტუმრო „მეტროპოლში“ ორი ინგლისელი ქალი გაჩერდა. მეგობართან ერთად ვსადილობდი, როცა ისინი პირველად დავინახე. ერთი მერი ბარტონი იყო მეორე – მის ეიმი დარანტი. მათი სახელები შემდეგ გავიგე, თორემ იმ დღეს ყურადღება არც მიმიქცევია.

მეორე დღეს მე და ჩემი მეგობრები კუნძულის მეორე ბოლოში წავედით საბანაოდ. მხოლოდ საღამოს დავბრუნდით, სანაპიროზე ხალხი დაგვხვდა შეგროვილი. მე რომ დამინახეს, სასწრაფოდ მიხმეს. თურმე, ორი ქალი ბანაობდა, ერთ-ერთმა ძალიან შორს გაცურა და იძირებოდა. მეორე მისაშველებლად წავიდა და ისიც კინაღამ დაიხრჩო. კიდევ კარგი, ნავი იყო და ორივე ნაპირზე გამოათრიეს.

მაშინვე იქ გავჩნდი. თავიდან ისინი ვერც ვიცანი. ერთი იწვა, მეორე კი მისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას ცდილობდა. როდესაც ვუთხარი, რომ ექიმი ვიყავი, შვებით ამოისუნთქა. ვურჩიე, სასწრაფოდ ნომერში ასულიყო და მშრალი ტანსაცმელი ჩაეცვა, თავად კი მის მეგობარს მივუბრუნდი. თუმცა ყველა ჩემი მცდელობა, მისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა, უშედეგო აღმოჩნდა.

სასტუმროში წავედი, რომ მისი მეგობრისთვის სამწუხარო ამბავი მეცნობებინა. მან ეს ამბავი საკმაოდ მშვიდად მიიღო. ეტყობა, შოკი ისეთი ძლიერი იყო, რომ მომხდარს ბოლომდე ვერც აცნობიერებდა.

– ჩვენ დაახლოებით ოცი წუთი ვიცურეთ, – დაიწყო მან, – ორივე კარგად ვცურავთ. ბოლოს ვიგრძენი, რომ ვიღლებოდი და ნაპირისკენ გამოვბრუნდი. ეიმიმ მითხრა, რომ კიდევ ცოტა ხანს დარჩებოდა. უცებ გავიგონე, საშველად მიხმობდა. ორივე ფსკერისკენ წავედით. ნავით მოსული მამაკაცი რომ არა, არც კი ვიცი, რა მოხდებოდა.

მის ბარტონს ვთხოვე, დაწვრილებით მოეყოლა დაღუპულის შესახებ, რომ ესპანეთის პოლიციას აღარ დაებარებინა და მსგავსი ფორმალობები ამერიდებინა მისთვის. დაღუპულს ეიმი დარანტი ერქვა. ხუთი თვე ხდებოდა, რაც მის ბარტონის კომპანიონი იყო. ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ. ეიმს საკუთარი ბავშვობისა და ნათესავების გახსენება არ უყვარდა. მათ შესახებ მის ბარტონმა ბევრი ვერაფერი მითხრა. იცოდა მხოლოდ, რომ ეიმი ადრე დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ იკისრა. ოცდაერთი წლის შემდეგ, თავი თავად გაჰქონდა. მომხდარის შესახებ მეთევზეები და სხვა მცხოვრებნიც გამოვკითხე. ერთმა ქალმა საინტერესო რამ მითხრა, თუმცა მაშინ მას ყურადღება არ მივაქციე. ირწმუნებოდა, რომ მის დარანტი საერთოდ არ იძირებოდა, როდესაც შველას ითხოვდა. პირიქით, მეგობარი მიცურდა, თმაში სტაცა ხელი და წამოათრიაო. ეს იმით ავხსენი, რომ ნაპირიდან ისე კარგად არ ჩანს, ზღვაში რა ხდება. მის ბარტონი, ალბათ, ცდილობდა, გათავისუფლებულიყო, რომ ერთად არ დაღუპულიყვნენ. ეს კი შეიძლებოდა ვიღაცას ისე მოჩვენებოდა, თითქოს ერთი მეორის დახრჩობას ცდილობდა.

იმის გამო, რომ ეიმი დარანტს ნათესავები არ დარჩა, მის შესახებ რამის გაგება გაჭირდა. მხოლოდ ორი მომენტი მეჩვენებოდა საეჭვოდ: ის, რომ ეიმი დარანტის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და იმ ქალის სიტყვები. თანაც, რატომღაც ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდა მის ბარტონის სახე, როდესაც მე მისი გარდაცვლილ მეგობრის სხეულიდან თავი ავწიე და გავხედე. მობრუნდა და მის სახეზე დიდი სასოწარკვეთა ამოვიკითხე. მაშინ ეს ბუნებრივად მივიჩნიე. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან პირადული არაფერი არ აკავშირებდათ. მათ შორის არც მეგობრობა იყო. მის ბარტონს არავითარი მიზეზი არ ჰქონდა ასე გადარეულიყო. კომპანიონის სიკვდილს შეეძლო, იგი დაემწუხრებინა და მეტი არაფერი. მაშინ საიდან გაჩნდა ეს

მტანჯველი შეშფოთება? ერთი აზრი არაფრით მასვენებდა… იქნებ, ის ქალი მართალს ამბობდა? იქნებ, მერი ბარტონმა მართლა დაახრჩო ეიმი დარანტი? დაუკვირდით: ისინი წყლიდან ამოჰყავთ, არც მაშველები და მით უმეტეს, არც ექიმები არ არიან… და ამ დროს მოვდივარ მე, ადამიანი, რომელსაც იგი ყველაზე ნაკლებად ელოდება – ექიმი! ვიდრე იგი კუნძულზე იყო, ყველანაირად ვეხმარებოდი. მიუხედავად ამისა, იგი აშკარად გრძნობდა, რომ მას ეჭვის თვალით ვუყურებდი. კუნძულზე სულ ორი კვირა დარჩა.

– შემთხვევით, ეგ ქალი ამ ხნის განმავლობაში ცოტათი ხომ არ მოსუქდა, არ შეგიმჩნევიათ? –

ჰკითხა ექიმს მის მარპლმა.

– არ მიფიქრია მაგაზე… მგონი კი… თუმცა, ეს ამბავი აქ არ დამთავრებულა. მისი გამგზავრების შემდეგ, გაზეთებში ასეთი რამ წავიკითხე: „ეს კორნოულის ერთ-ერთ კერძო კურორტზე მოხდა. ცოტა დამსვენებელი იყო. ამიტომ, ვინმე მის ბარტონის უცნაური ქცევა მალევე ყველას სასაუბრო თემა გახდა. იგი მთელი ღამეები თავის ოთახში დადიოდა, საკუთარ თავს ხმამაღლა ელაპარაკებოდა და მეზობლებს დაძინებაში ხელს უშლიდა. შემდეგ ადგილობრივ მღვდელთან მივიდა და განუცხადა, რომ დანაშაული ჩაიდინა. მერე კი, უცებ წამოხტა და წავიდა. თქვა, რომ მოგვიანებით შეივლიდა. მღვდელმა ეს ვიზიტი მის უცნაურობას დააბრალა და არანაირი ზომისთვის არ მიუმართავს.

მეორე დილით კი მის ბარტონი გაქრა. მის ნომერში ასეთი შინაარსის ბარათი იპოვეს: „გუშინ ვცდილობდი, ყველაფერი მოძღვრისთვის მომეყოლა… უფლება არ მომცეს. იმან ამიკრძალა. მითხრა, რომ ყველაფრის გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – სიკვდილი. სიკვდილი სიკვდილის წილ. მე მისი ბედი უნდა გავიზიარო და ზღვაში დავინთქე. ვფიქრობდი, გარემოებები გამამართლებდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. ეიმისგან შენდობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მივიღებ, თუ მის კვალს გავყვები… გთხოვთ ჩემს სიკვდილში არავინ დაადანაშაულოთ. მერი ბარტონი.”

ნაპირზე, ერთ-ერთ გამოქვაბულში მისი ტანსაცმელი იპოვეს. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქალმა ტანზე გაიხადა და ზღვაში შეცურა. იქ ძალიან ძლიერი დინებაა… გვამი ვერ იპოვეს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მერი ბარტონი გარდაცვლილად ჩაითვალა. რადგან არანაირი ანდერძი არ დაუტოვებია, მთელი მისი ქონება – ის კი ძალიან მდიდარი ქალი იყო, უახლოეს ნათესავს ერგო. მის ბიძაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრობდა. გაზეთებმა მისი გარდაცვალება და კანარის კუნძულებზე მომხდარი ტრაგედია უმალვე ერთმანეთს დაუკავშირეს. კომპანიონის დაღუპვა, შერყეული ფსიქიკა და… მერი ბარტონის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ სტანდარტული გადაწყვეტილება გამოიტანა: თვითმკვლელობა დროებითი ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე.

ასეთია ეიმი დარანტის და მის ბარტონის ტრაგედია. აქ ფარდა ეშვება.

სიჩუმე სერ ჰენრიმ დაარღვია.

– მოდით, ექიმი ლოიდის გამოცანა ამოვხსნათ. რატომ მოკლა მერი ბარტონმა თავისი კომპანიონი?

– მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, – სწრაფად გამოეხმაურა ჯეინ ჰელერი, – ათასი მიზეზის მოფიქრება შეიძლება… იქნებ კომპანიონმა უბრალოდ წყობიდან გამოიყვანა… ან ეჭვიანობა. მართალია, ექიმ ლოიდს მამაკაცი არ უხსენებია, მაგრამ თავად ხვდებით – გემი, მოგზაურობა… ბევრს აღარ გავაგრძელებ!

– მეც მაქვს რამდენიმე ვერსია, – თქვა მისის ბანტრიმ, – თუმცა, რადგან მდიდარმა ქალმა მოკლა თავისი ხელქვეითი, ანუ უფრო ღარიბი, ფულის ვერსია გამოირიცხა.

საუბარი მის ჰელერმა გააწყვეტინა:

– რა თქმა უნდა, თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი! შანტაჟი! კომპანიონი მას აშანტაჟებდა. არ მეთანხმებით, მის მარპლ?

– არა, – დაიწყო მის მარპლმა, – როდესაც ექიმმა ლოიდმა ეს ორი ინგლისელი ქალი პირველად დაინახა, მას არანაირად არ ეცოდინებოდა, რომელი რომელი იყო. ვფიქრობ, ეს ოტელშიც არ იცოდნენ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვეოდა, მაგრამ, რადგან მეორე დღესვე ერთი დაიხრჩო, მეორეს რომ ეთქვა, მის ბარტონი მე ვარო, ეჭვს ვერავინ აიღებდა. მისის ბანტრიმ სწორად შენიშნა, მდიდარმა ღარიბი რატომ უნდა მოკლასო. ცხოვრება გვკარნახობს, რომ უფრო ლოგიკური პირიქით იქნება. მას მის ბარტონის ტანსაცმლის ჩაცმა მოუწია. ტანსაცმელი ალბათ, პატარა მოუვიდა, რის გამოც შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ, რომ მან წონაში მოიმატა. ამიტომაც ვკითხე ექიმს.

– ჰო, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ეიმი დარანტისთვის თავისი უფროსის მოკვლას? ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ სხვის როლს მუდამ ვერ ითამაშებდა და ტყუილი, ადრე თუ გვიან, გამოაშკარავდებოდა..

– როლის თამაში მას მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდა, – შეახსენა მის მარპლმა. – ეს თვეები მან მოგზაურობაში გაატარა და ცდილობდა, შორს ყოფილიყო იმ ადამიანებისგან, ვისაც მისი ცნობა შეეძლო. გარკვეულ ასაკში ქალები ერთმანეთს ემსგავსებიან. ვფიქრობ, ვერავინაც შეამჩნია, რომ პასპორტში მისი სურათი არ იყო. ხომ იცით, ეს საპასპორტო სურათები! როდესაც მის წერილსა და ნაპირზე დატოვებულ ტანსაცმელს პოულობენ, არავის უჩნდება კითხვა: სად არის გვამი? ამ ქალმა სხვადასხვა მინიშნებით ოსტატურად მოახერხა ყველას ყურადღება სხვა მხარეს გადაეტანა. თუმცა, ეს ხომ არსს არ ცვლის: გვამი ვერ იპოვეს, ეს ყველაზე მთავარია… ვფიქრობ, იგი უბრალოდ თავის ავსტრალიაში გაემგზავრა.

– როგორც ყოველთვის, თქვენს სიმაღლეზე ხართ, მის მარპლ, – შენიშნა ექიმმა ლოიდმა, – ამ ისტორიამ კიდევ ერთი სიურპრიზი შემომთავაზა. მის ბარტონს, ან ეიმი დარანტს, როგორც გენებოთ, ძალიან არ გაუმართლა. ერთი პერიოდი გემზე ვმუშაობდი ექიმად და ერთხელ მელბურნში, როდესაც ხმელეთზე გადავედი, პირისპირ შევეჩეხე ქალს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ კორნუოლში „დაიხრჩო”. იგი მიხვდა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და თამამი ნაბიჯი გადადგა: ყველაფერი მომიყვა… იგი ცხრა და-ძმიდან უფროსი იყო. ძალიან ღარიბები იყვნენ. ინგლისში კი, მათი მდიდარი ბიძაშვილი ცხოვრობდა და მას მის ბარტონი ერქვა. მშობლების სიკვდილის შემდეგ ბავშვებმა მას დახმარებისთვის მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. სამ პატარას მკურნალობა სჭირდებოდა. სწორედ მაშინ, ეიმი ბარტონის თავში მკვლელობის გეგმა მომწიფდა. იგი ინგლისს გაემგზავრა და გარკვეული დრო გუვერნანტად მსახურობდა. საჭირო რეკომენდაციების მიღების შემდეგ მან შეძლო ეიმი დარანტის სახელით მის ბარტონთან მუშაობა დაეწყო. მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს უნდა დალოდებოდა       დანარჩენი იცით. ყველაფრის დასრულების შემდეგ იგი ავსტრალიაში

დაბრუნდა და მემკვიდრეობაც მიიღო.

– თქვენ როგორ მოიქეცით, ექიმო? – ჰკითხა მისის ბანტრიმ.

– კანონის თვალსაზრისით, მე საკმარისი მტკიცებულებები არ მქონდა. მასთან სახლში ვიყავი, მისი ოჯახი გავიცანი          ძალიან მეგობრული ოჯახია. ისინი თავიანთ დას უბრალოდ,

აღმერთებდნენ და ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რა საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ვერაფრის დამტკიცებას შევძლებდი, ღირდა კი მათი ცხოვრების დანგრევა საკუთარი ამბიციების გამო? ესეც არ იყოს, ვიცოდი, რომ ამ ქალის დღეები დათვლილი იყო. არაფერი შემიცვლია. მის

ეიმი დარანტი ჩვენი შეხვედრიდან ნახევარ წელიწადში გარდაიცვალა. მოინანია, თუ არა დანაშაული სიკვდილის წინ, არ ვიცი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button