როგორც იქნა დამასკოშია! ხვალ კი უზარმაზარი ექვსბორბლიანი ავტობუსი ბაღდადისკენ წაიყვანს. გზაში მთელი 36 საათი უნდა გაატარონ… მისტერ პარკერ პაინთან ერთად ბაღდადისკენ კიდევ ათი მოგზაური მიემგზავრებოდა: გენერალი პოლი, მის პრაისი და მისი ახალგაზრდა ძმისშვილი, საჰაერო ძალების სამი ოფიცერი, მისტერ სმერტჰესი, მისტერ ჰენსლი და სომეხი ქალი მცირეწლოვანი ბავშვით, გვარად პენტემიანი.
გამგზავრებამდე გზის უსაფრთხოებაზე ბჭობდნენ. ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური საჰაერო ძალების ერთ-ერთი ოფიცერი – რურკი აღმოჩნდა:
– ახლაც ხდება, რომ ბანდიტები ავტობუსს ცხრილავენ, ასევე, შეიძლება, ადამიანი დაიკარგოს. მაშინ მის მოსაძებნად ჩვენ გვაგზავნიან. ამას წინათ ერთი კაცი იცით, როგორ დაიღუპა? ავტობუსი ორმოში ჩავარდა, მას კი ეძინა და თავი ჭერს მიარტყა.
მერე ახალგაზრდა მის პრაისი რურკს, რომელიც მის მირათ გულგრილი აშკარად არ იყო, სასეირნოდ გაჰყვა. მათ ჰენსლი და სმერტჰესიც მიყვნენ, ორივენი ერთ სამსახურში მუშაობდნენ და მეგობრებიც იყვნენ. სმერტჰესი იტონის კურსდამთავრებულთა ჰალსტუხს ატარებდა. მისტერ პარკერ პაინი ფრანგულენოვან გაზეთებს მიუბრუნდა, თუმცა იქ საინტერესო ვერაფერი იპოვა, გარდა ერთი ცნობისა, სადაც ვინმე სამუელ ლონგის შესახებ იყო მოთხრობილი. მას სხვადასხვა მაქინაციებით სამი მილიონი დაეგროვებინა და ჭორების თანახმად, ახლა სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა.
საღამოს მისტერ პარკერ პაინი „გართობის სასახლეში“ შევიდა, სადაც ვიღაც ქალები მუცლებს უხალისოდ ათამაშებდნენ. მოულოდნელად დარბაზში მან სმერტჰესი შენიშნა. მთვრალი იყო. მისტერ პაინი გვედით მიუჯდა.
– ახლა პალმის არაყს მოიტანენ, – უთხრა სმერტჰესმა და თავი მწუხარედ გააქნია, – სულ დავიბენი. თუმცა, ვნახავდი, ჩემს ადგილზე თავს როგორ იგრძნობდით. ხომ არ გავცემ? მეორე მხრივ, სხვა რა გზა რჩება? – შემდეგ პარკერ პაინს გაკვირვებულმა შეხედა, – თქვენ ვინ ხართ? რას საქმიანობთ?
– ადამიანების ნდობას ვიმსახურებ, – რბილად უპასუხა მისტერ პარკერ პაინმა.
– როგორ? თქვენც? – სმერტჰესმა მას გაკვირვებით შეხედა.
– მგონი, თქვენ რჩევა გჭირდებათ.
– წადი შენი… – აფეთქდა კაპიტანი სმერტჰესი. ეს ჩემი საქმეა და სხვას არავის ეხება.
მისტერ პარკერ პაინმა თავი მწუხარედ გადააქნია და სმერტჰესის შემთხვევა უიმედოების კატეგორიაში ჩაწერა.
ავტობუსი დამასკოდან დილის შვიდ საათზე გავიდა. საღამო ხანს უკვე მიტოვებულ ფორტ რუტბის მიაღწიეს. დასვენების დრო დადგა. ავტობუსი მხოლოდ შუაღამეს დაიძრა. ახალგაზრდა მის პრაისი საკუთარი ჩემოდნების მოძებნას ითხოვდა. დარდობდა, სათადარიგო წინდები არ მაქვსო.
– არც არაფერში დაგჭირდებათ. თუ ავტობუსი ტალახში ჩაეფლო, მისი ამოყვანა კაცებს მოგვიწევს, – გამოეპასუხა მას სმერტჰესი.
– მე ზედმეტ წინდებს ყოველთვის ჯიბით ვატარებ, განაცხადა ჰენსლიმ და ხელი პიჯაკის ჯიბეზე მიირტყა, ყოველი შემთხვევისთვის.
მგზავრობას სასიამოვნო არ ეთქმოდა. საშინელი გზა იყო და დროდადრო მგზავრებიც ავტობუსთან ერთად ხტოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მისტერ პარკერ პაინის გარდა, ყველამ დაიძინა. პარკერსაც, ის იყო ჩასთვლიმა, რომ ავტობუსი ისე შეხტა, მგზავრებმა თავები ლამის ჭერს ასცხეს. ავტობუსმა გზა განაგრძო და მალე პაინსაც დაეძინა.
იმან გამოაღვიძა, რომ იგრძნო, ავტობუსი აღარ მოძრაობდა. თვალები გაახილა და აღმოაჩინა, რომ ავტობუსი მართლაც გაჩერებულა და ვიღაც-ვიღაცეები უკვე დაბლაც ჩასულან. ავტობუსი ლაფში ჩაფლულიყო. მძღოლები და მგზავრების ნაწილი მის ამოთრევას ცდილობდნენ.
– ის პატარა სომეხი და სმერტჰესი სად არიან, აქ მოიყვანეთ, მოგვეხმარონ, – დაიძახა რურკმა, –
სმერტჰესს არც გაუღვიძია, რა ენაღვლება.
მფრინავი მის გასაღვიძებლად ავტობუსში ავიდა და რამდენიმე წუთში უკან რომ დაბრუნდა ხმა შეცვლილი ჰქონდა.
– მგონი, ავად გახდა. ექიმი სადაა?
კიდევ ერთმა მფრინავმა, მაიორმა ლოფტუსმა თავი ასწია. ის ხომ სამხედრო ექიმიც იყო. მისთვის მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა.
– მკვდარია, – წყნარად თქვა მან, – ეტყობა, თავი მიარტყა, როდესაც ავტობუსი შეჯანჯღარდა.
მალე მაიორმა ლოფტუსმა თავისი ვერდიქტი გამოაცხადა:
– ტანზე არანაირი ჭრილობა არ აქვს. როგორც ვვარაუდობდი, ალბათ, სიკვდილი თავის მირტყმამ გამოიწვია.
– დარწმუნებული ხართ, რომ ეს შემთხვევითობა იყო? – მოულოდნელად ჰკითხა მისტერ პარკერ პაინმა.
– მხოლოდ ერთადერთი ალტერნატივა არსებობს: ვიღაცამ კეფაში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რაღაც რეზინის კეტის მაგვარი.
– ამას მხოლოდ ის თუ გააკეთებდა, ვინც მის უკან იჯდა, – განაცხადა გენერალმა პოლმა.
– მის უკან ჰენსლი იჯდა, – თქვა რურკმა, – მაგრამ ეს გამორიცხულია. ისინი მეგობრები იყვნენ.
– იცით, – გაუბედავად დაიწყო მესამე მფრინავმა, კაპიტანმა უილიამსონმა, – რუტბიში, როდესაც ავტობუსში დავბრუნდი, ავტობუსის გვერდით ორი ადამიანი გაჩერდა. ერთ-ერთი სმერტჰესი იყო, მეორე ვერ გავარჩიე. სმერტჰესი ეუბნებოდა: მე მხოლოდ ბაღდადამდე ვიქნები ჩუმად. ამიტომ, გირჩევნია, მალე აორთქლდეო.
– მე მაქვს სათქმელი, – განაცხადა მისტერ პარკერ პაინმა და დამასკოს ერთ-ერთ კლუბში მასსა და სმერტჰესს შორის გამართული საუბრის შესახებ მოყვა.
– არ ვიცი უნდა ვთქვა, თუ არა, – გაუბედავად დაიწყო ექიმმა, – გავიგონე, სმერტჰესმა როგორ უთხრა ჰენსლის: „ხომ ვერ უარყოფ, ჩვენ გადაჭარბება რომ გაქვს“. რამდენადაც მახსოვს, ისინი ერთ დეპარტამენტში მსახურობდნენ…
– ეს არაფერს ნიშნავს, მკვლელი ის სომეხი ვირთხაც შეიძლება, იყოს, – თქვა ვიღაცამ.
– ის ძალიან პატარაა, – დარწმუნებით თქვა რურკმა. – ესეც რომ არ იყოს, არც ერთ სომეხს არ ეყოფა გამბედაობა, ვინმე მოკლას.
– ექიმო, – თქვა მისტერ პარკერ პაინმა, – თქვენ რეზინის ხელკეტზე საუბრობდით. რითი შეიძლებოდა, ის შეეცვალათ?
ექიმი დაიხარა და ქვიშა აიღო.
– აქ საკმარისი ქვიშაა, – შენიშნა მან.
– და თუ მას წინდაში ჩაყრი და კარგად გატენი… – ფრთხილად დაიწყო რურკმა.
აქ ყველას ჰენსლის სიტყვები გაახსენდა: „მე ყოველთვის თან დამაქვს ზედმეტი წინდები.“
ჰენსლი ბოლთას ცემდა მოშორებით. ყველამ იცოდა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ და გვამთან რომ ვერ მოდიოდა, არც გაჰკვირვებიათ.
– მაიორო ლოფტუს, – მიმართა პარკერ პაინმა ექიმს, – რამდენადაც მახსოვს, ჰენსლის ზედმეტი წინდები პიჯაკის ჯიბეში ჰქონდა. პიჯაკი ავტობუსში ჰკიდია. იქნებ გეპოვათ?
ლოფტუსი დამჯერედ შეტრიალდა და ავტობუსში ავიდა. უკან მალევე დაბრუნდა და წინდები მოიტანა. ერთ-ერთზე ქვიშა იყო შერჩენილი.
– ახლა უკვე ვიცი! – წამოიძახა პარკერ პაინმა, – გვამი უნდა დავათვალიერო, თუ წინააღმდეგი არ ხართ, – მიმართა ექიმს.
ისინი გვამთან მივიდნენ. მისტერ პარკერ პაინი სმერტჰესის ჰალსტუხს მიაჩერდა.
– ეტყობა, ამასაც იტონი დაუმთავრებია, – ჩაილაპარაკა მან. შემდეგ დაიხარა, ჰალსტუხი მოუშვა და საყელოც გახსნა. კისერთან გვამს წითელი ლაქა ემჩნეოდა.
– იცით, ექიმო, ეს კაცი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით სულაც არ მოუკლავთ. – თქვა მან. – იგი პირდაპირ თავის ქალის ფუძესთან მიყენებული დარტყმითაა განგმირული.
– ვერც შევამჩნიე!
– იმიტომ, რომ საკუთარმა ვერსიამ ძალიან გაგიტაცათ, – ჩაილაპარაკა მისტერ პარკერ პაინმა, რადგან კაცი თავში ჩარტყმით მოკლეს, კისრის ნახვა რა საჭირო იყო? თან, ისეთი პატარა ჭრილობაა, რაღაც ძალიან წვრილი იარაღი იხმარეს. მსხვერპლმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრო.
ამ დროს რურკიც მოვიდა.
– ჰენსლის უდანაშაულობაში ახლახან დავრწმუნდი, – უთხრა მას მისტერ პარკერ პაინმა, – სმერტჰესი თავში ჩარტყმით არ მოუკლავთ, იგი რაღაც წვრილი საგნით განგმირეს. გახსოვთ, ჩემი და მისი საუბრის შესახებ მოგიყევით. ჩემ ხუმრობაზე – ადამიანებთან ნდობაში შევდივარ- მეთქი, მან წამოიძახა: „როგორ თქვენც?“ უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, ხაზინის ფული გაფლანგო და შემდეგ ვიღაცის ნდობის მოპოვება სცადო. ასეთი საქციელი უფრო სხვას მიესადაგება… მაგალითად, გაქცეულ სამუელ ლონგს.
– ეს წარმოუდგენელია!
– რატომ? თქვენ რა იცით, თქვენს თანამგზავრებზე გარდა იმისა, რაც თავად თქვეს? პასპორტის გაყალბებას რა უნდა. სმერტჰესი იტონში სწავლობდა, – ლონგიც. ასე რომ, სმერტჰესი მას იცნობდა. მას შეეძლო იგი ეცნო. დიდხანს იტანჯებოდა, ვერ ხვდებოდა, რა ექნა. ბოლოს კი გადაწყვითა ლონგისთვის დრო ბაღდადამდე მიეცა. ბატონებო, სულ დამავიწყდა, ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ, მაიორი ლოფტუსი, იგივე სამუელ ლონგი.
ლოფტუსი შეკრთა.
– ყველაფერი თქვენმა უაზრო ვერსიამ გაამარტივა, – განაგრძო პარკერ პაინმა, – თითქოს სმერტჰესი ავტობუსის ჭერზე თავის მირტყმით მოკვდა. ასეთი შემთხვევის შესახებ გუშინ რურუკი ყვებოდა. თქვენ გაიფიქრეთ: „რა მარტივია!“, აქ თქვენს გარდა ექიმი არავინაა, რაც უნდა გეთქვათ, ყველა დაგიჯერებდათ. თანაც, თქვენ ნამდვილი ლოფტუსის ჩემოდანი გქონდათ, სადაც უამრავი წვეტიანი ნივთია. გითხრათ, ეს როგორ მოხდა? თქვენ სმერტჰესისკენ ბრუნდებით, რაღაცაზე ელაპარაკებით, კისერში დარტყმას აყენებთ, შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთი გარდაცვლილთან ხმადაბლა ლაპარაკობთ. ავტობუსში ბნელა. ვის მოუვა თავში რამეზე იეჭვოს? მერე გარდაცვალების საკუთარ ვერსიას გვთავაზობთ. მას მაშინვე უარყოფენ და თქვენ ახალ ვერსიას თხზავთ. ულიამსონი თქვენი და სმერტჰესის საუბარს იმეორებს. ყველა ფიქრობს,
რომ სმერტჰესის თანამოსაუბრე ჰენსლი იყო. თქვენ პატარა, მაგრამ საკვანძო დეტალს ამატებთ გადაჭარბების შესახებ. თუმცა, მაინც ჩავარდით. მე თქვენ ჰენსლის წინდების მოტანა გთხოვეთ, ოღონდ თქვენ ჩემი სიტყვები ვერ გაიგეთ. მე ეს წინდები უკვე დათვალიერებული მქონდა და მათში არანაირი ქვიშა არ იყო. ქვიშა თქვენ ჩაყარეთ.
მისტერ სამუელ ლონგმა სიგარეტს აუჩქარებლად მოუკიდა.
– გნებდებით, – თქვა მან, – როგორც ჩანს, ბედმა ამჯერად მიმუხთლა. ლოფტუსი ეგვიპტეში გავიცანი. მე ის, ფაქტობრივად, ვიყიდე. ჩემთვის რა არის ოცი ათასი ფუნტი? თქვენ შემოგიერთდით და ბედი არ გინდა?! – სმერტჰესს ცხვირით შევეჯახე. ასეთი დებილი ცხოვრებაში მეორე არ მინახავს. ძალიან არ უნდოდა ჩემი გაცემა. დამთანხმდა, ბაღდადამდე მოვიცდიო, მაგრამ მერე რა იქნებოდა? შანსიც კი არ მრჩებოდა. ამიტომ, მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ეს რომ თქვა, მოულოდნელად სახე დაემანჭა. შექანდა და მიწაზე დავარდა.
– სავარაუდოდ, რომელიღაც მჟავა იყო სიგარეტში, – ფლეგმატურად შენიშნა მისტერ პარკერ პაინმა, – საცოდავმა თავისი უკანასკნელი სცენა გაითამაშა.