დეტექტივილიტერატურამოთხრობა

აგათა კრისტი – მოწამვლის თეორია

სერ ჰენრიმ, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სკოტლანდ-იარდის კომისარი იყო, ღრმად ამოისუნთქა, ფეხი ფეხზე გადაიდო და დაიწყო:

– ერთი წლის წინ ამის შესახებ გაზეთებშიც წერდნენ. საქმე ვერ გახსნეს და, წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღის წინ ახსნა თავისით ჩამივარდა ხელში… ვახშმობდნენ სამნი – დაკონსერვებული ხამანწკები მიირთვეს. მალე სამივე ცუდად გახდა. ექიმი გამოიძახეს, ორი „გამოძვრა“, ხოლო მესამის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა, ერთი შეხედვით, ტრივიალურია: სიკვდილი

ჩვეულებრივი საკვებით მოწამვლამ გამოიწვია – ასე ჩაწერეს გარდაცვალების მოწმობაში. თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა.

– ჭორები გავრცელდა, არა? – იკითხა მისის მარპლმა, – ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.

– დიახ, ჭორები გავრცელდა. მე ახლა დრამის მონაწილეებს გაგაცნობთ: ცოლ-ქმარი მისტერ და მისის ჯონსები და ცოლის კომპანიონი, მის კლარკი. მისტერ ჯონსი ფარმაცევტული ფირმის კომივოიაჟერი, საინტერესო კაცია, 50 წლის. ცოლი 45 წლის წყნარი ქალია, მისი მეგობარი მის კლარკი კი, სიცოცხლის მოყვარული მსუქანა – 60 წლისაა.

საქმე მოულოდნელად გართულდა: წინა ღამით მისტერ ჯონსს ბირმინჰემში დარჩენა მოუხდა. სასტუმროს ნომრებში პრეს-პაპიეებზე იმ დღეს შეცვალეს საშრობი ქაღალდები. მისი გამგზავრების შემდეგ, მოახლემ, რომელიც ოთახს ალაგებდა, უსაქმურობისგან სარკის დახმარებით საშრობზე გადასული სიტყვების ამოკითხვა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მისტერ ჯონსი წერილს წერდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მისის ჯონსის გარდაცვალების შესახებ გაზეთებში გამოჩნდა განცხადება, მოახლემ თავის დაქალებს უამბო იმის შესახებ, რაც წაიკითხა:

„მთლიანად ცოლზე ვარ დამოკიდებული… მისი სიკვდილის შემდეგ მე… ვიქნები…, ასობით და ათასობით…“ მოახლეების წარმოსახვა მაშინვე ამუშავდა. მათთვის ყველაფერი ცხადი გახდა: მისტერ ჯონსმა ცოლის მოშორება და ასობით ათასი ფუნტის დაპატრონება გადაწყვიტა. ქალაქში, სადაც ჯონსები ცხოვრობდნენ, ერთ-ერთ მოახლეს უცებ ნათესავებიც აღმოაჩნდა, რომლებსაც მან მაშინვე გაუზიარა თავისი ეჭვი. მათ კი, თავის მხრივ, ეს ეჭვები თავისებურად განავრცეს. მისტერ ჯონსისა და ექიმის 33 წლის ქალიშვილის ურთიერთობის შესახებ სკანდალიც მომწიფდა. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე პეტიცია შემოვიდა და ჩვენც თანხმობა განვაცხადეთ მისის ჯონსის გვამის ექსჰუმაციაზე. განმეორებითმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი დარიშხანით მოწამვლა გახდა. ახლა სკოტლანდ-იარდი დაინტერესდა, როგორ მოხვდა დარიშხანი ქალის ორგანიზმში.

ბუნებრივია, მთავარი ეჭვმიტანილი ქმარი იყო, რომელიც მდედრობითი სქესის მიმართ გულგრილობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ცოლის სიკვდილს მისთვის, მართალია, ასობით ათასი ფუნტი არ მოუტანია, მაგრამ რვა ათასი კი დარჩა. გავარკვიეთ ისიც, რომ მას ექიმის ქალიშვილთან ურთიერთობა მართლაც ჰქონია, მაგრამ ისინი მისის ჯონსის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დაშორებულან. ექიმის განცხადებით, როდესაც ის ჯონსებთან გამოიძახეს, მუცელი სამივეს სტკიოდა, მაგრამ მისის ჯონსის მდგომარეობა ყველაზე მძიმე იყო და მან მაშინვე მსახური გაგზავნა სახლში ოპიუმის მოსატანად, რომ მისთვის როგორმე გაეყუჩებინა ტკივილი. ვახშამზე ხამანწკების გარდა, სალათა, კრემიანი ნამცხვარი, პური და ყველი ეწყო.

ექიმმა მოახლეც გამოკითხა, მაგრამ იგი მხოლოდ ტიროდა და იმეორებდა, რომ კონსერვები ვიზუალურად სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა.

ასეთია ფაქტები. თუ ჯონსმა ცოლს შხამი ჩაუყარა, საეჭვოა, ეს ვახშმის დროს გაეკეთებინა, რადგან სამივემ ერთი და იგივე ჭამა. და კიდევ: იგი ბირმინჰემიდან მაშინ დაბრუნდა, როდესაც მაგიდა უკვე გაწყობილი იყო. შესაბამისად, ჯონსი ვერ შეძლებდა საჭმელში შხამის წინასწარ ჩაყრას.

– კომპანიონი? – იკითხა ჯოისმა. – ის სიცოცხლის მოყვარული ქალი?

– იგი არც ჩვენ დაგვვიწყებია, – თქვა სერ ჰენრიმ, – მაგრამ მას არანაირი მოტივი არ ჰქონდა. მისის ჯონსმა მას ერთი ცენტიც კი არ უანდერძა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდეგ მისის კლარკს ყველაფრის თავიდან დაწყება და ახალი სამსახურის ძებნა მოუხდა. მალე ჩემმა ერთმა თანაშემწემ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა: ვახშმის შემდეგ მისტერ ჯონსი სამზარეულოში შევიდა და განაცხადა, რომ მისი ცოლი თავს ცუდად გრძნობს და ბრინჯის ნახარში მოითხოვა, რომელიც თავადვე წაუღო მას საძინებელში. მოკლედ, სახეზეა მოტივი, იგი ფარმაცევტულ ფირმაში მუშაობდა და შხამზეც მიუწვდებოდა ხელი!

რეიმონდ ჰეტსმა სერ ჰენრის გახედა:

– მაშინვე რატომ არ დააპატიმრეთ?

– ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, – გაიღიმა სერ ჰენრიმ, – უკვე ვაპირებდით მისტერ ჯონსის აყვანას, როცა მის კლარკმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ნახარში არა მისის ჯონსმა, არამედ მან დალია.

გაირკვა, რომ იგი საღამოს, ჩვეულებისამებრ, მისის ჯონსის საძინებელში შევიდა.

– „რაღაც თავს ვერ ვგრძნობ კარგად, – უთქვამს მისის ჯონსს, – ამ სოკოს ჭამა არ ღირდა. ალბერტს ნახარშის მოტანა ვთხოვე, მაგრამ აღარ მინდა.“

– სულ ტყუილად, – უპასუხია მისის კლარკს, – შესანიშნავი ნახარშია. გლედისი დიდებული მზარეულია. სიამოვნებით დავლევ, – და მისის კლარკს მაშინვე დაულევია მთელი ნახარში და ჩვენი ვერსიაც იმის შესახებ, რომ მისის ჯონსი ქმარმა მოწამლა, ნამსხვრევებად აქცია. ამასთან, ჯონსმა მოახერხა, აეხსნა საშრობ ქაღალდზე აღბეჭდილი სიტყვების მნიშვნელობა – მან თქვა, რომ წერილს ძმას სწერდა ავსტრალიაში, რომელმაც ფული სთხოვა სესხად. მან კი შეახსენა, რომ მთლიანად ცოლზეა დამოკიდებული და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ თუ დაეხმარება. ამან ჩვენი ვერსია მთლიანად გააქარწყლა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ სკოტლანდ-იარდმა ამ ისტორიის ამოხსნა მაინც შემთხვევით შეძლო. სამ-ოთხ დღეში ამის შესახებ გაზეთებშიც დაიწერება.

– მოდი, მანამდე ჩვენ ვცადოთ მისი ამოხსნა, – წყნარად თქვა ჯოისმა, – ჩემი აზრით, დამნაშავე კომპანიონია. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მოტივი არ ჰქონდა? მსუქანი, ბებერი, ულამაზო… – ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო, ჯონსი ჰყვარებოდა. ასევე, შეეძლო, მისის ჯონსი სხვა მიზეზითაც სძულებოდა. წარმოიდგინეთ, როგორია, იყო კომპანიონი: მუდამ უნდა ეცადო პატრონს ასიამოვნო, ზედმეტი არ უნდა წამოგცდეს, ყოველდღე ხმისამოუღებლად უნდა გადაყლაპო წყენა. ბოლოს ვეღარ გაუძლო ამდენს და პატრონი მოკლა. ალბათ, დარიშხანი ნახარშში ჩაყარა და მერე განაცხდა, რომ თავად დალია. თქვენ რას იტყვით, მისტერ პეტერიკ?

– რთული სათქმელია, – ჩაფიქრებით წარმოთქვა ადვოკატმა, – მე მაინც ქმარზე ვფიქრობ. რაც შეეხება მისის კლარკს, იგი, როგორც ჩანს, რაღაც მიზეზით მას ხელს აფარებს. შესაძლოა მათ მოილაპარაკეს კიდეც. ვთქვათ, მას მშვენივრად ესმის, რომ, თუ მისტერ ჯონსს გაასამართლებენ, იგი სიღარიბეში აღმოჩნდება, ამიტომ თანხმდება, რომ დაკითხვის დროს ნახარშთან დაკავშირებით მოიტყუოს და თქვას, რომ თავად დალია. შეიძლება, ამაში გადაუხადეს კიდეც.

– ვერც ერთს ვერ დაგეთანხმებით, – წარმოთქვა რეიმონდმა, – თქვენ ექიმის ქალიშვილი დაგავიწყდათ! ჩემი ვერსია ასეთია: სამივემ თავი ცუდად იგრძნო. დაუძახეს ექიმს რომელმაც, როგორც გახსოვთ, ბიჭი სახლში ოპიუმის მოსატანად გაგზავნა და, ვინ აძლევს მას ოპიუმს? რა თქმა უნდა, მისი ქალიშვილი. მას ჯონსი უყვარს და ხვდება, რომ შეუძლია, ჯონსი თავისუფალი კაცი გახადოს, ამიტომ დარიშხანის აბებს ატანს.

– სერ ჰენრი, ჩვენ ჩვენი ვერსიები ვთქვით. ახლა სინამდვილე გვითხარით!

– ერთი წუთით, – თქვა სერ ჰენრიმ. – ჩვენ ჯერ მის მარპლისთვის არ მოგვისმენია.

მის მარპლმა თავი გადააქნია.

– რა სევდიანი ისტორიაა, – თქვა მან, – მე მაშინვე მისტერ ჰარგრევი გამახსენდა. მისი ცოლიც ვერაფერს ხვდებოდა, ვიდრე ქმარი არ მოკვდა. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვა, როცა კაცმა მთელი ქონება ვიღაც ქალს დაუტოვა, ვისთანაც ხუთი შვილი ჰყავდა. ოდესღაც ეს ქალი მათთან მოახლედ მსახურობდა, შემდეგ კი მისტერ ჰარგრევმა მას მეზობელ სოფელში სახლი უქირავა…

– საყვარელო დეიდა, რა შუაშია აქ მისტერ ჰარგრევი? – გააწყვეტინა რეიმონდმა.

– მე, უბრალოდ, მომეჩვენა, რომ გარემოებები ერთმანეთს ემთხვევა… განა არა? – მორიდებულად იკითხა მის მარპლმა, – ვვარაუდობ, რომ გოგონამ ყველაფერი აღიარა.

– რომელმა გოგომ? – გაოცდა რეიმონდი.

– გლედის ლინჩმა, მზარეულმა, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, ჯონსს ჩამოახრჩობენ, რომ საცოდავი გოგო მკვლელად აქცია. უბრალოდ, ვშიშობ, რომ მასაც სიკვდილით დასჯიან.

– რაღაც გეშლებათ, მის მარპლ, – რბილად წარმოთქვა მისტერ პეტერიკმა.

– ყველაფერი ხომ ნათელია, – დარწმუნებით წარმოთქვა მის მარპლმა, – სიტყვები „ასობით და ათასობით“ – საშრობ ქაღალდზე… შემდეგ კი – ნამცხვარი დესერტად… ეს ხომ ცხადია!

– რა არის ცხადი? – სულ გაშტერდა რეიმონდი.

– ჩვეულებრივ, მზარეულები ამ ხაშხაშის მარცვლებს კრემიან ნამცხვრებს აყრიან. როდესაც კრემიანი ნამცხვრების შესახებ გავიგონე, მაშინვე „ასობით და ათასობით“ გამახსენდა ჯონსის წერილიდან – დარიშხანი ხომ მარცვალში იყო! ჯონსმა ის გოგოს დაუტოვა და ნამცხვარზე მოყრა უბრძანა.

– მაგრამ, როგორ? – წამოიძახა ჯოისმა. – ნამცხვარი ხომ ყველამ ჭამა!

– არა, – თქვა მის მარპლმა, – კომპანიონი დიეტაზე იყო, თავად ჯონსმა კი მხოლოდ ნამცხვრის ზედა ფენა მიირთვა, კრემი არ უჭამია. ყველაფერი გათვლილი იყო, მაგრამ, რა უგულობაა!

ყველამ სერ ჰენრის შეხედა.

– მის მარპლმა ათიანში მოარტყა, – წყნარად ჩაილაპარაკა მან, – გლედისი, როგორც ხდება ხოლმე, დაფეხმძიმდა და ჯონსმა ცოლის მოშორება გადაწყვიტა. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ. გლედის ლინჩი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა – მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც ვერ გადარჩა. და, რადგანაც ჯონსს ამასობაში უკვე სხვა ქალი ჰყავდა ნაპოვნი, სიკვდილის წინ გლედისმა ყველაფერი აღიარა.

– მშვენიერია, დეიდა! – წამოიძახა რეიმონდმა.

– საყვარელო, ჯონსისნაირები მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ, – თქვა მის მარპლმა, – როგორც კი გავიგე, რომ სახლში კოხტა მზარეული ქალი იყო, მაშინვე გავიფიქრე, რომ ჯონსს არ შეეძლო მისთვის გვერდის ავლა. საცოდავი პატარა გოგო და, ცოლიც, რა თქმა უნდა!…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button