დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – განკარგულება საიქიოდან

– ამბავი ჩემს ძველ კლიენტს ეხება, – დაიწყო თხრობა მისტერ პატერიკმა, – მე მას საიმონ კლოუდის სახელით მოვიხსენიებ. იგი ძალიან შეძლებული ადამიანი იყო. მისი ერთადერთი შვილი ომში დაიღუპა, რომელსაც პატარა გოგონა დარჩა. ბავშვის დედა მშობიარობას გადაჰყვა. ბუნებრივია, გოგონა ბაბუასთან იზრდებოდა, ბაბუას კი მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა დაემართა, როდესაც გოგონამ 12 წლის ასაკში ფილტვების ანთება აიკიდა და გარდაიცვალა.

შეიძლება ითქვას, საიმონ კლოუდი ცხოვრებას ინსტინქტურად განაგრძობდა. მალე მისი ერთ- ერთი ძმაც გარდაიცვალა, რომელმაც შვილებს თითქმის არაფერი დაუტოვა. საიმონ კლოუდმა ბავშვები თავისთან წაიყვანა. ასე აღმოჩნდნენ მის სახლში გრეისი, მერი და ჯორჯი. მალე ჯორჯისთვის ბანკში სამსახურიც გამოიძებნა, გრეისი გათხოვდა – ცოლად ვინმე ფილიპ ჰაროლდს გაჰყვა, მერი კი სახლში დარჩა და ბიძაზე ზრუნვას განაგრძობდა. საიმონ კლოუდი ჩემთან მოვიდა და ანდერძის შედგენა მთხოვა. ამ ანდერძით, მთელი მისი ქონება დებსა და ძმას შორის თანაბრად იყოფოდა.

დრო გადიოდა. ერთხელ მისტერ კლოუდი შემთხვევით სპირიტული სეანსებით დაინტერესდა და ამან თანდათან ძალიან გაიტაცა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მან ამერიკელი ქალი, ვინმე ევრიდიკა პლატი გაიცნო, რომელიც თავს მედიუმს უწოდებდა. საქმე სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებდა. ამ თაღლითმა ქალმა საიმონ კლოუდზე ძალაუფლება მოიპოვა. ქალი მუდმივად მის სახლში იყო და დაუსრულებლად მართავდა სეანსებს, რომელთა დროსაც, საიმონს, რომელსაც ჭკუის დაკარგვამდე ენატრებოდა შვილიშვილი, მისი სული ევლინებოდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ საქმეზე, მით მეტად ვშფოთავდი. მიყვარდა ახალგაზრდა კლოუდები – მერი და ჯორჯი და მშვენივრად ვხვდებოდი, რით შეიძლებოდა ეს მათთვის დამთავრებულიყო.

ჩემთვის ცხადი იყო, რომ მისის პლატი ამ სახლში, ფაქტობრივად, დასახლდა. ამას გარდა, მან მალე თავისი ქმარიც ჩამოიყვანა – მისტერ აბესალომ პლატი. მათი დანახვაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, თუ რას წარმოადგენდა ეს წყვილი, საიმონი კი აღფრთოვანებული იყო. ევრიდიკა პლატი ღმერთმა გამომიგზავნაო – მითხრა, – მას ფული კი არა, მხოლოდ ადამიანების დახმარება აინტერესებსო. პატარა კრისტი (ასე ერქვა მის გარდაცვლილ შვილიშვილს) შვილივით უყვარსო. ისიც კი მითხრა, თითქოს კრისტიმ მას აცნობა, რომ ბედნიერია იქ, დედასთან და მამასთან და რომ ძალიან უყვარს მისის პლატი. ჩემს არანაირ შეგონებას ნაყოფი არ გამოუღია, პირიქით, მოხუცი გამიბრაზდა კიდეც.

მალე კლოუდი ლოგინად ჩავარდა. ერთ დღესაც თავისთან დამიძახა. ის ლოგინში იწვა და მივხვდი, რომ სიცოცხლე ბევრი აღარ დარჩენოდა.

– მე მალე მოვკვდები, – მისუსტებული ხმით წარმოთქვა მან, – სიკვდილის წინ კი, მინდა, ვალი მოვიხადო იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე მეტი გააკეთა. მინდა, ანდერძი გადავწერო. აქ მე უკვე დავწერე, რაც მინდოდა – მან ქაღალდი ამოიღო. ნაწერი ძლივს გავარჩიე: თავის ძმისშვილებს ხუთ-ხუთი ათას ფუნტს უტოვებდა, ხოლო დანარჩენ ქონებას – ევრიდიკა პლატს, „სიყვარულით და მადლიერებით“. აღშფოთებული ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი.

კლოუდმა მოსამსახურეებსაც დაუძახა. მაშინვე მოვიდნენ მოახლე ემა კონტი – შუახნის ქალი და მზარეული ლუსი დევიდი – მათ ანდერძი უნდა დაემოწმებინათ. კლოუდმა ემას უჯრიდან კალმის ამოღება უბრძანა. მოახლემ უჯრა გამოაღო.

– არა, მაგაში არაა! – გაღიზიანებულმა წამოიძახა მოხუცმა, – ვითომ არ იცი, რომ ყოველთვის მარცხენა ყუთში დევს!

– არა, სერ, ზუსტად მარცხენაში არ დევს, – უპასუხა მოახლემ.

– ესე იგი, იქ არ ჩადე, სადაც საჭირო იყო! – ჩაიბურტყუნა მოხუცმა, – ვერ ვიტან, როდესაც საგნებს თავის ადგილზე არ დებენ!

ბუზღუნის მიუხედავად, მან ჩემ მიერ ჩასწორებული, ანდერძის „შავი“ ვარიანტი გადაათეთრა და ხელი მოაწერა, ამის შემდეგ ემა კონტმა და ლუსი დევიდმაც იგივე გააკეთეს. ანდერძი დავკეცე და ლურჯ კონვერტში ჩავდე, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს. ემამ თვალებით მკითხა – წავიდეო? მე თავი დავუქნიე. მოულოდნელად ემა შეჩერდა და იატაკიდან რაღაც აიღო. ეს იყო ცისფერი კონვერტი. რომელიც, როგორც ჩანს, ჯიბიდან ამომივარდა. მან მომაწოდა და მეც პალტოს ჯიბეში ჩავიდე.

მერი კლოუდი ჰოლში შემხვდა. ჩაის დალევა შემომთავაზა და პალტოს გახდაში მომეხმარა. შემდეგ მისი ძმა ჯორჯიც შემოვიდა. მან პალტო გამომართვა და ოთახის მეორე ბოლოში, სკამზე დადო. დაახლოებით საათის მეოთხედის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე და პალტოსთვის გავედი. ოთახში მისის პლატი იყო. იგი იმ სკამის გვერდით, რომელზეც ჩემი პალტო იდო, მუხლებზე ჩაჩოქილიყო და რაღაცას აკეთებდა. როდესაც დამინახა, გაწითლდა და ფეხზე წამოხტა.

– ეს ხალიჩა, სულ იკეცება, – დაიწუწუნა მან, – იყოს ისე დაფენილი, როგორც არის და მორჩა!

მე უხმოდ ავიღე პალტო, ჩავიცვი და მხოლოდ მაშინ დავინახე, რომ ანდერძიანი კონვერტი იატაკზე ეგდო. მე ის ისევ ჯიბეში ჩავიდე, დავემშვიდობე და წამოვედი.

კანტორაში რომ დავბრუნდი, ჩემს კაბინეტში შევედი და ანდერძი ჯიბიდან ამოვიღე. კონვერტი ჯერ ისევ ხელში მეჭირა, რომ მდივანი შემოვიდა და მითხრა, ვიღაცას ჩემთან ტელეფონით საუბარი სურდა. რადგან ჩემი აპარატი გაფუჭებული იყო, მდივანთან მისაღებში გავედი და იქ ხუთ წუთს გავჩერდი. როდესაც ლაპარაკი დავასრულე, მდივანმა მითხრა, რომ ჩემი ნახვა ვინმე მისტერ პლატს სურდა, რომელიც კაბინეტში მელოდებოდა.

მისტერ პლატი მაგიდასთან იჯდა. იგი წამოხტა, ხელი მხურვალედ ჩამომართვა და დიდი მონოლოგი წარმოთქვა. ის საკუთარი თავისა და ცოლის გამართლებას ცდილობდა. მას ეშინოდა, რომ ხალხი ჭორაობას დაიწყებდა, ამიტომ, რაღაცეებს ბოდავდა: რომ, ყველამ იცის, მის ცოლს როგორი მგრძნობიარე გული აქვს, როგორი კეთილი ზრახვები ამოძრავებს და ასე შემდეგ. ბოლოს ვაგრძნობინე, რომ მისი ვიზიტი უადგილო იყო და ისიც წავიდა. ერთბაშად გამახსენდა, რომ ანდერძი მაგიდაზე დავტოვე. ავიღე, დავაწებე კონვერტი და სეიფში შევინახე.

ორი თვის შემდეგ მისტერ საიმონ კლოუდი გარდაიცვალა. და, რა მოხდა?! როდესაც კონვერტი გავხსენი, იქ ცარიელი ქაღალდი დამხვდა. ორი თვე დაბეჭდილი კონვერტი ჩემს სეიფში იდო და მას ვერავინ მიეკარებოდა. მაინც, ვის შეეძლო ამის გაკეთება, ვის ინტერესებში იყო და ვის ჰქონდა ამისი საშუალება? როდესაც მე მერისთან და ჯორჯთან ერთად ჩაის ვსვამდი, მისის ევრიდიკა პლატს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ მეორე ოთახში ჩემი პალტოს ჯიბიდან კონვერტი ამოეღო და ანდერძის შინაარსს გასცნობოდა. ის, რომ კონვერტი იატაკზე აღმოჩნდა და არა ჯიბეში, იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ასე მოხდა. ანუ, ფაქტია, მას ჰქონდა საშუალება, რომ ანდერძი გაენადგურებინა, მაგრამ არ ჰქონდა მოტივი – ანდერძი მის სასარგებლოდ იყო დაწერილი და, თუ გაანადგურებდა, ქონების გარეშე დარჩებოდა. მის ქმარსაც ჰქონდა ანდერძის განადგურების საშუალება, როდესაც იგი ჩემს კაბინეტში მარტო იჯდა, მაგრამ მოტივი არც იმას ჰქონდა. ასე რომ, გვყავს ორი ადამიანი, ვისაც ანდერძის შეცვლის საშუალება ჰქონდა, მოტივი კი

– არა… და, ორი ადამიანი, ვისაც მოტივი ჰქონდა, სამაგიეროდ, საშუალებას იყვნენ მოკლებულნი. რაც შეეხება მოახლეს, მასაც შეეძლო, ეს გაეკეთებინა, მაგრამ მან კონვერტი მაშინვე მომაწოდა და ამისთვის დრო არ ჰქონდა. ასეთია ჩემი პატარა გამოცანა. აბა, რას ფიქრობთ?

მის მარპლმა ქაღალდზე რაღაც დაწერა და მისტერ პატერიკს გადასცა. მან წაიკითხა და მის მარპლს შეხედა.

– გასაოცარია! – ჩაილაპარაკა მან, – თქვენთვის საერთოდ არსებობს ამოუხსნელი ამოცანა?

– უბრალოდ, მე ყველა ეს ფოკუსი კარგად ვიცი, – უპასუხა მის მარპლმა.

– მგონია, ანდერძი ჯორჯ კლოუდმა შეცვალა, როდესაც პალტო მიჰქონდა, – განაცხადა რაიმონდ უეტსმა.

– მე ვფიქრობ, რომ – გოგონამ! – გააპროტესტა ჯოისმა, – ალბათ მოახლემ, მას ყველაფერი უამბო, მან კი სხვა ცისფერი კონვერტი იპოვა და შეცვალა.

ადვოკატმა თავი გააქნია:

– იქიდან განვაგრძობ, სადაც გავჩერდი: – ნელა დაიწყო მისტერ პატერიკმა, – ჩიხში აღმოვჩნდი. ალბათ, თავად ვერასოდეს მივხვდებოდი, რა მოხდა, მაგრამ ამოხსნეს და, თან, ძალიან დელიკატურად. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, მე ფილიპ ჰაროლდთან ერთად ვსადილობდი და მან ასეთი რაღაც მიამბო.

„ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც ნათესავისგან დიდი მემკვიდრეობის მიღების იმედი ჰქონდა, გაარკვია, რომ ამ ნათესავმა ქონების დატოვება ერთი უღირსი ადამიანისთვის გადაწყვიტა. სახლში მოახლე იყო, რომელიც კანონიერი მემკვიდრეების ერთგული გახლდათ. კაცმა მოახლეს სპეციალური მელნით გავსებული კალამი მისცა. გოგოს ის საწერი მაგიდის უჯრაში უნდა ჩაედო, მაგრამ, არა იქ, სადაც საერთოდ ინახავდნენ კალამს, არამედ ოდნავ გვერდზე, რათა ის, შემთხვევით სხვას არ ეპოვა. როდესაც მის პატრონს დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუნდებოდა, მოახლეს მისთვის სწორედ ის კალამი უნდა მიეცა, რომელიც ჩემმა ნაცნობმა გადასცა. გოგომაც დავალება ზუსტად შეასრულა. თქვენ, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს არ იცნობთ“, – გამიცინა ჰაროლდმა და მეც თავი დავუქნიე.

მიხვდით, საქმე რაშია?! კალამი სიმპატიკური მელნით იყო შევსებული – სახამებლის ხსნარში დამატებული იოდი. ის გარეგნულად მელნისგან არ განსხვავდება, უბრალოდ, ამ სითხით ნაწერი სამ-ოთხ დღეში ქრება.

მის მარპლმა გაიღიმა.

– სიმპატიკური მელანი, – თავი დააქნია მან, – ძველი ტრიუკია. რამდენი სისულელე დამიწერია მისი მეშვეობით, როდესაც ქარაფშუტა გოგო ვიყავი! ისე, ეს თქვენი მხრიდან მთლად პატიოსანი საქციელი არ იყო, მისტერ პატერიკ, მაგრამ ადვოკატისგან, თანაც ოჯახის ერთგულისგან, მეტს რას უნდა ელოდო?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button