დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – უაზრო კაპიტალდაბანდება

– თქვენ რა, ფული უაზროდ არასოდეს დაგიბანდებიათ? – ვკითხე ერთხელ პუაროს.

– არა, „მონ ამი“, – მიპასუხა პუარომ. – საერთოდ არასდროს დამიბანდებია. მართალია, 14 ათასის აქცია მაქვს „ბირმის საბადოებში”, მაგრამ მათში პენიც არ გადამიხდია. პირიქით, ეს თანხა ჩემი პატარა რუხი უჯრედების მუშაობის საფასურია. გინდათ, ეს ისტორია მოისმინოთ?

– რა თქმა უნდა, მინდა.

– ეს საბადოები ბირმის შუაგულში მდებარეობს. მათ თავიდან ჩინელები ამუშავებდნენ, ვიდრე მუსლიმანების აჯანყება მოხდებოდა. 1816 წლისთვის საბადოები მიტოვებული აღმოჩნდა. ჩინელები იქ ვერცხლითა და ტყვიით მდიდარ ქანებს მოიპოვებდნენ. იმის გამო, რომ ძველი მაღაროები წყლით და გადამუშავებული ქანებით იყო სავსე, ტყვიის საბადოს პოვნის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს ერთ-ერთი სინდიკატის წარმომადგენელი ერთ-ერთი ჩინური კლანის კვალზე გავიდა, რომელსაც, სავარაუდოდ, დღემდე ჰქონდა შემორჩენილი ჩანაწერები საბადოს ადგილმდებარეობის შესახებ. იმ დროს კლანის მეთაური ვინმე ვუ ლინგი იყო. მოძებნეს ეს ვუ ლინგი და მან დაადასტურა, რომ მართლაც ფლობდა ასეთ დოკუმენტს და თანახმა იყო გაეყიდა ის. მაგრამ, მოითხოვა, მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან ეწარმოებინა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ იგი თავად წავიდოდა ინგლისში და კომპანიის დირექტორებს შეხვდებოდა.

– ვუ ლინგი ინგლისში გემ „ესანტათი” გაემგზავრა, რომელიც ნოემბრის ცივ და ნისლიან დღეს საუთჰემპტონის პორტში შევიდა. „ესანტას” დასახვედრად კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი – მისტერ პირსონი გაემგზავრა, მაგრამ ნისლის გამო მისმა მატარებელმა დააგვიანა და, როდესაც მისტერ პირსონი პორტში მივიდა, ვუ ლინგი უკვე ლონდონისკენ მიმავალ ექსპრესში იჯდა.

დირექტორთა საბჭო დილის 11 საათზე შეიკრიბა. 12-ის ნახევარზე, როდესაც ვუ ლინგი აღარ გამოჩნდა, მდივანმა სასტუმროში დარეკა და გაარკვია, რომ იგი ერთი საათის წინ მეგობართან ერთად გასულიყო. ვუ ლინგი არც შეხვედრაზე მივიდა და ღამით სასტუმროშიც აღარ დაბრუნდა. ორ დღეში კი ტემზაში ჩინელის გვამი იპოვეს. არც გვამის ტანსაცმელში და არც სასტუმროს ნომერში, საბადოებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ აღმოჩნდა.

მე მისტერ პირსონმა მიმიწვია. მართალია, ვუ ლინგის სიკვდილით შეძრული იყო, მაგრამ მთელი ფიქრები მაინც დოკუმენტების მოძიებისკენ ჰქონდა მიმართული. გავარკვიეთ, რომ მგზავრობის დროს ვუ ლინგს მხოლოდ ორ მგზავრთან ჰქონდა ურთიერთობა: ერთი იყო ვინმე დაიერი, რომელსაც არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა; მეორე კი – ბანკის ახალგაზრდა თანამშრომელი ჩარლზ ლესტერი. საბედნიეროდ, პოლიციის კარტოთეკაში ორივეს სურათი აღმოჩნდა. ლესტერი ეჭვქვეშ არ იდგა, აი, დაიერის საქმე კი სხვაგვარად იყო.

სასტუმროს მომსახურე პერსონალმა ფოტოზე ვუ ლინგი უცებ იცნო. შემდეგ დაიერის სურათი ვაჩვენეთ, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, პორტიე დარწმუნებით გვიმტკიცებდა, რომ იგი არ იყო ის ადამიანი, რომელმაც სასტუმროში იმ დილით ჩინელს მოაკითხა. მაშინ, უფრო ფორმალობის დასაცავად, მას ლესტერის ფოტო ვუჩვენე. პორტიემ მაშინვე იცნო: დილის 11 საათზე მოვიდა, ვუ ლინგი იკითხა და მასთან ერთად წავიდაო.

საქმე წინ მიიწევდა. ჩარლზ ლესტერს მივაკითხეთ. მისი მონათხრობი მოკლე აღმოჩნდა: 10 საათსა და 30 წუთზე, როგორც „ესანტაზე” შეთანხმდნენ, მან სასტუმროში ვუ ლინგს მიაკითხა, თუმცა ჩინელი არ გამოჩნდა. მის მაგივრად მისი მსახური ჩამოვიდა და აუხსნა, რომ პატრონი სადღაც გავიდა. მერე იქ გაყოლა შესთავაზა, სადაც მისი ნახვა შეიძლებოდა. ლესტერი დასთანხმდა და მსახურმა ტაქსი გამოიძახა. თუმცა, როცა ცხადი გახდა, რომ ისინი პორტის დოკებისკენ მიემართებოდნენ, ლესტერმა რაღაც ცუდი იგუმანა, ტაქსი გააჩერა და გადმოვიდა. როგორც ის ირწმუნებოდა, ამის მეტი არაფერი იცოდა. მაგრამ, მალე გაირკვა, რომ მისი მონათხრობი მთლად ზუსტი არ იყო. ჯერ ერთი, ვუ ლინგს არანაირი მსახური არ ჰყავდა. მეორეც, პოლიციამ იპოვა ტაქსის მძღოლი, რომელმაც იმ დილით ორი კაცი წაიყვანა. ლესტერი შუა გზაზე არ ჩამოსულა. მან ჩინელი ჯენტლმენი ჩინური კვარტლის ცენტრში, ლაიმ-ჰაუსის რაიონში, მეტად საეჭვო დაწესებულებაში წაიყვანა. ლონდონის პოლიციამ იცოდა, რომ ეს დაწესებულება ოპიუმის მწეველთა თავშესაფარი იყო. ორივე კაცი შიგნით შევიდა, ერთი საათის შემდეგ კი მხოლოდ ერთი გამოვიდა. ტაქსისტმა ფოტოდან იმ ერთში ჩარლზ ლესტერი ამოიცნო. მალევე გაირკვა, რომ ლესტერი აზარტული თამაშების მოყვარული იყო და ვალებიც ბლომად ჰქონდა. დაწესებულების მეპატრონე, ბუნებრივია, ყველაფერს უარყოფდა: არც ვუ ლინგი და არც ლესტერი უნახავს ოდესმე და მასთან ოპიუმსაც არავინ ეწეოდა. ლესტერს მისმა ჩვენებამ ვერ უშველა. იგი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ საბადოებთან დაკავშირებული ვერანაირი დოკუმენტი ვერ აღმოაჩინეს. საეჭვო დაწესებულების მეპატრონეც დაიჭირეს, ჩხრეკამ შედეგი ვერც იქ გამოიღო. ოპიუმის ნამცეციც კი ვერ იპოვეს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მეგობარი პირსონი ძალიან აღელვებული იყო. იგი ჩემს ოთახში წინ და უკან დადიოდა და ცხოვრების უსამართლობაზე მოთქვამდა.

– ნუთუ არც თქვენ გაქვთ რაიმე იდეა, მუსიე პუარო?

– სამწუხარო ისაა, რომ ბევრი იდეა მაქვს. ის, რომ ორი მამაკაცი საეჭვო დაწესებულებამდე მივიდა, მხოლოდ ტაქსისტის ჩვენებიდან ვიცით. შემდეგ, მათ თავისუფლად შეეძლოთ გადმოსულიყვნენ ტაქსიდან, შესულიყვნენ სახლში, შემდეგ უკანა გასასვლელიდან გამოსულიყვნენ და სადაც სურდათ, იქით წასულიყვნენ.

პუაროს მოსაზრებამ მისტერ პირსონი სახტად დატოვა. მეორე დღეს მან კიდევ გაიგო ახალი ამბები: მისმა აგენტებმა გაარკვიეს, რომ იმ დღეს ორი მამაკაცი მართლაც შევიდა იმ საეჭვო სახლში, მაგრამ იქიდან მდინარესთან არსებულ პატარა სასაუზმეში გავიდნენ. დაინახეს, როგორ

შევიდნენ ისინი იქ და შემდეგ როგორ გამოვიდა იქიდან მარტო ლესტერი. აქ, პირსონს გაუგონარი იდეა მოუვიდა: მას არაფერი უნდოდა, გარდა იმისა, რომ წავსულიყავით იმ სასაუზმეში და ადგილზე გვეწარმოებინა გამოძიება. საღამოს პირსონი მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი მოვიდა. ჩემს გარეგნობაშიც შევცვალე რაღაცეები და წავედით.

მივედით. მისტერ პირსონმა საუბარი რაღაც გაურკვეველ, მეზღვაურებისთვის ნაცნობ ენაზე დაიწყო. ეს ყველაფერი პატარა დაწესებულებაში ხდებოდა, სადაც უამრავი ჩინელი იმყოფებოდა. ჩვენთან ეშმაკური ღიმილით. მოვიდა კაფეს მეპატრონე, წაგვიყვანა სადღაც სარდაფში, შემდეგ კიბით ქვევით ჩაგვიყვანა, ბოლოს ერთ ოთახში აღმოვჩნდით. იქ ჩამოვსხედით და პატარა ბიჭმა მოსაწვევი მოგვიტანა. ჩვენც ისეთი სახე მივიღეთ, ვითომ ვეწეოდით და ნელ-ნელა ტრანსში ვვარდებოდით. როგორც კი მარტონი დავრჩით, მისტერ პირსონმა დამიძახა და მეორე ოთახში იატაკზე ხოხვით გავიდა. იქ უკვე ყველას ეძინა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ოთახი გავიარეთ, ვიდრე ორი მამაკაცის ხმა არ გავიგეთ. ჩვენ გავჩერდით და ყური მივუგდეთ. საუბარი ვუ ლინგს შეეხებოდა.

– „რა მოუვიდა დოკუმენტებს?“ – იკითხა ერთმა.

– „მისტერ, იმათმა ყველაფერი წაიღო, – უპასუხა მეორემ, ნამდვილად ჩინელმა. – მათ თქვეს იმათი იმედიან ადგილზე დადება, სადაც ვერავითარი პოლისა ვერ ნახულობს”

„ჰო, მაგრამ ის ხომ დააკავეს?“ – თქვა ისევ პირველმა ხმამ.

„უკვე გამოუშვეს. პოლისა დარწმუნებული არ არის, რომ მისი ბრალია”…

იქიდან მშვიდობიანად გამოვაღწიეთ. ლაიმ-ჰაუსს რომ გამოვცდით, პირსონმა ამოისუნთქა:

„კარგია, რომ ყველაფერი დამთავრდა, – განაცხადა მან. ვფიქრობ, ახლა ადვილად შევძლებთ იმის პოვნას, რასაც ვეძებდით.”

„ნამდვილად, – დავეთანხმე მე – ასეთი მასკარადის შემდეგ…”

– და არც არანაირი სირთულე აღარ ყოფილა, – მოულოდნელად დაასრულა პუარომ თხრობა.

კვანძის ასეთმა გახსნამ მაიძულა, თვალები დამეჭყიტა.

– მაგრამ სად იყო დოკუმენტები?

– მის ჯიბეში.

– ვის ჯიბეში?

– მისტერ პირსონის!

ჩემი გაკვირვება რომ შენიშნა, განაგრძო.

– ჯერ ისევ ვერ გაიგეთ? მისტერ პირსონი, ისევე, როგორც ჩარლზ ლესტერი, ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული. მან გადაწყვიტა, ჩინელისთვის დოკუმენტები მოეპარა. სინამდვილეში ის შეხვდა მას საუთჰემპტონში. მასთან ერთად ლონდონში ჩამოვიდა და პირდაპირ ლაიმ ჰაუზში წაიყვანა. ეჭვი მაქვს, მისტერ პირსონი იმ დაწესებულების ხშირი სტუმარი იყო და კარგი ნაცნობობაც ჰქონდა. ეჭვი მეპარება, მას მკვლელობა დაეგეგმა. მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რომელიმე ჩინელს დირექტორთა საბჭოს წინაშე თავი ვუ ლინგად გაესაღებინა და დოკუმენტების სანაცვლოდ ფული აეღო. მაგრამ სინამდვილეში უფრო ცუდი რამ მოხდა. აღმოსავლური აზროვნებისთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა ვუ ლინგის მოკვლა, ვიდრე მისი სადმე დამალვა. პირსონის ჩინელი თანამზრახველები ასეც მოიქცნენ, თანაც იგი არც გააფრთხილეს. ახლა, წარმოიდგინეთ მისტერ პირსონის მდგომარეობა. შეიძლებოდა, ვიღაცას იგი მატარებელში ვუ ლინგთან ერთად დაენახა, ხოლო მოტაცებასა და მკვლელობას შორის ძირეული განსხვავებაა. ჩინელი, რომელიც სასტუმროში ვუ ლინგის განსახიერებას განაგრძობდა, მისი ხსნა იყო. ერთი ეგაა, გვამი ძალიან სწრაფად იპოვეს. როგორც ჩანს, ვუ ლინგმა პირსონთან მისი და ლესტერის შეთანხმება ახსენა, რომლის თანახმადაც ისინი ერთმანეთს სასტუმროში უნდა შეხვედროდნენ. პირსონი მშვენიერ შანსს ჩაეჭიდა, რომლითაც მას შეეძლო, ეჭვი სხვისკენ მიემართა. უკანასკნელი ადამიანი, ვინც ვუ ლინგთან ერთად ნახეს,

ლესტერი უნდა გამხდარიყო. ორეულს უბრძანეს, ლესტერს ვუ ლინგის მსახურად გასცნობოდა და, რაც შეიძლება სწრაფად წაეყვანა ლაიმ-ჰაუზში. იქ, როგორც ჩანს, ლესტერი დაათვრეს, სასმელში რაღაც შეურიეს და, როდესაც ერთ საათში გარეთ გამოვიდა, აღარაფერი ახსოვდა. ვუ ლინგის სიკვდილის შესახებ რომ გაიგო, პანიკაში ჩავარდა და გადაწყვიტა, საერთოდ უარეყო, რომ ლაიმ-ჰაუზში იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირსონს აწყობდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ იგი დაწყნარდა? არაფერიც. ჩემმა საქციელმა ის გაანერვიულა და მიიღო გადაწყვეტილება, ამ ისტორიაში ბოლო შტრიხი შეეტანა. იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიგონა, რომ ის მასკარადი მოაწყო. იფიქრა, რომ გამასულელა და სახლში საოცრად კმაყოფილი დაბრუნდა. დილით კი კარი გააღო და პარმაღზე ინსპექტორი მილერი დაინახა, რომელმაც ის გაჩხრიკა და დოკუმენტები იპოვა და ყველაფერი დასრულდა. ასე მწარედ გადაიხადა იმის გამო, რომ გაბედა და თვით ერკიულ პუაროსთან თამაში გადაწყვიტა! თუმცა ამ საქმეში ერთი სირთულე მაინც იყო.

– რომელი? – დავინტერესდი მე.

– ინსპექტორი მილერი. სულელი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ ჯიუტიც აღმოჩნდა. ბოლოს ყველა ჩემი დამსახურება მიიწერა, თუმცა რაღაც მაინც მერგო – „ბირმის საბადოების” დირექციამ, ჰონორარის სახით, 14 ათასი აქცია გადმომცა. არც ისე, ცუდია, არა?!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button