შეიქმნა მასალა, რომელიც იმიტირებს კუნთების ძირითად ფუნქციას
რა დაემართება რკინის რობოტს ტრენაჟორებზე ვარჯიშისას? უფრო მეტად ძლიერი იგი ვერ გახდება, რადგან მისი ლითონის დეტალები სწრაფად ცვდება და გარკვეული დროის შემდეგ კონსტრუქცია უბრალოდ დაიშლება. ამ კუთხით ადამიანებს მეტად გაუმართლათ – კუნთები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დაზიანებული ქსოვილები ახალი, უფრო მტკიცე ბოჭკოებით იცვლება. მეცნიერებს ამ დრომდე არ გამოსდიოდათ, შეექმნათ ადამიანის კუნთების იდენტური მასალა, თუმცა იაპონელმა მკვლევარებმა ამ მხრივ დიდი გარღვევა მოახდინეს.
მაქსიმუმი, რასაც მეცნიერებმა მიაღწიეს – შექმნეს თვითაღდგენის უნარის მქონე მასალა. მათ ვერ შეძლეს შეექმნათ უფრო მტკიცე მაკავშირებლები იქამდე, სანამ კვლევაში არ ჩაერთო ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი პროფესორ ცზიანპინ გუნის ხელმძღვანელობით. მათ შექმნეს სტრუქტურა, რომელსაც თეორიულად არის ისეთივე მტკიცე, როგორიც გულის კუნთის ქსოვილია.
ახალი მასალის ფუძეს წარმოადგენს ჰიდროგელი. იგი 85%-ით სითხისგან შედგება და მასში გახსნილია მონომერები, რომლებიც არსობრივად იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც ამინომჟავები – ცოცხალ ქსოვილში.
როგორც მკვლევარები მოელოდნენ, გაჭიმვისას მასალის პოლიმერები რღვევას იწყებენ. დარღვეული პოლიმერული ჯაჭვის ბოლოს ჩნდება ქიმიური ნაწილაკები, რომლებიც აკავშირებენ მონომერებს და ქმნიან ახალ, უფრო მტკიცე პოლიმერულ ჯაჭვს. რამოდენიმე გაჭიმვის შემდეგ მასალის სიმტკიცე ორნახევარჯერ გაიზარდა, სიმყარე 32-ჯერ, მასამ კი 86%-ით მოიმატა.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს შესანიშნავი მოქნილობისა და გამძლეობის ახალი მასალების შექმნას. ეს მასალები შესაძლებელია გახდეს ეგზოჩონჩხების კომპონენტები და აგრეთვე გამოყენებულ იქნას ადამიანებში დაზიანებული კუნთოვანი ქსოვილების აღსადგენად.