Mythbusterმეცნიერებაფაქტები

მითი ტვინის 10%-ის გამოყენებაზე

გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ ადამიანები იყენებენ ტვინის მხოლოდ 10 პროცენტს, ხოლო გამორჩეულ ადამიანებს (გენიოსებს) შეუძლიათ ეს მაჩვენებელი 20%-მდე აიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის განმსაზღვრელი ფაქტორების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მცდარია შეხედულება, რომ ტვინის დიდი ნაწილი უხმარია და ადამიანს მისი ათვისება არ შეუძლია. სხვადასხვა მეთოდებით ტვინზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ აქტიურია მისი დიდი (თუ არა ყველა) ნაწილი.

ტვინი საკმაოდ რთული სტრუქტურაა. მას მუდმივად უწევს ერთდროულად უამრავი მოქმედების შესრულება, რომელთაგან ზოგი ჩვენი მითითების გარეშე ხორციელდება (მაგალითად, შინაგანი ორგანოების მუშაობა, სისხლის ცირკულაცია), ზოგსაც უშუალოდ ჩვენგან იღებს (მაგალითად, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, გამოსავლის ძიება და ა.შ.). ტვინი წარმოადგენს ჩვენი ყველა გრძნობის, განცდისა და მოქმედების წყაროს, ის ინახავს სხვადასხვა გამოცდილებიდან მიღებულ ინფორმაციას, მისი მეშვეობით გვაქვს მეხსიერებისა და საკუთარი თავის აღქმის უნარი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რატომ წარმოადგენს ბევრისთვის ტვინი მისტიკურ ორგანოს. ამის შედეგია ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაც, რომ ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ, ხოლო 100%-ის ათვისების შემთხვევაში ვიქცევით გენიოსებად, დავიმახსოვრებთ პის მნიშვნელობას მე-20000 ციფრის ჩათვლით და შევიძენთ ტელეკინეზის უნარს.

მითის წარმოშობას უკავშირებენ ამერიკელ ფსიქოლოგსა და მწერალს უილიამ ჯეიმსს, რომელმაც „ადამიანის ენერგიებში” აღნიშნა, რომ „პოტენციური გონებრივი და ფიზიკური რესურსებიდან ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ”. ტვინის 10%-ის გამოყენებით ხსნის ზოგიერთი იმას, რომ მას არ უმართლებს, შესაბამისად ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ სხვა უფრო მეტ მოცულობას ითვისებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მცდარია.

ტვინის 10%-ის გამოყენების მითი მარტივად ბათილდება მეცნიერული ფაქტებით:
● თუკი ტვინის 90% უხმარია, მაშინ მათი დაზიანება სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა იწვევდეს. მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ფაქტიურად არ არსებობს ტვინის უბანი, რომლის დაზიანებაც არ აისახება რომელიმე უნარის დაქვეითებაში ან წართმევაში. უმნიშვნელო ზიანსაც კი შეიძლება დიდი უკუეფექტი ახლდეს თან.
● ტვინის სკანირება აჩვენებს, რომ რასაც გინდა ვაკეთებდეთ, ეს ორგანო მუდმივად აქტიურია. ნებისმიერ მომენტში რომელიმე უბანი სხვებზე მეტი დატვირთვით მუშაობს, მაგრამ უფუნქციო არცერთია, თუკი ცხადია, ორგანიზმს არ გადაუტანია ტვინის დაზიანება.
● ტვინი ყველაზე ხარჯიანი ორგანოა – ის სხეულის მასის მხოლოდ 2-3%-ს იკავებს, მაგრამ მის მიერ ათვისებული ენერგიის მეხუთედს (20%) მოიხმარს. თუკი 90% უხმარია, ბუნებრივი სელექციის კანონები უპირატესობას მიანიჭებდა მომცრო და იგივე ფუნქციების ტვინის მქონე ინდივიდებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ევოლუცია ნაკლებად განავითარებდა ასეთ მნიშვნელოვან ორგანოს ამდენი „ხარახურით”.
● ტვინის ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ანალიზი საშუალებას იძლევა, ცოცხალი ადამიანის ტვინის მოქმედებას დავაკვირდეთ. დაკვირვება აჩვენებს, რომ ძილის დროსაც კი ტვინის ყველა უბანი რაღაც დონეზე აქტიურია.
● სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების გადასამუშავებლად ტვინში სხვადასხვა რეგიონებია გამოყოფილი. მათი ფუნქციონირების კვლევა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და უფუნქციო არეები არ აღმოუჩენიათ.
● არსებობს მიკროსტრუქტურული ანალიზის მეთოდი, როდესაც ტვინში შეჰყავთ პატარა ელექტროდი და ცალკეული უჯრედის აქტიურობას აკვირდებიან. უჯრედების 90% რომ უსარგებლო იყოს, ეს მეთოდი აუცილებლად დაადგენდა.
● ტვინის იმ უჯრედებს, რომლებსაც ფუნქცია აღარ აქვთ, დეგენერაცია (დაქვეითება, გადაგვარება) ახასიათებთ. ტვინის 90% რომ უხმარი იყოს, გაკვეთა გამოავლენდა მასიური დეგენერაციის ნიშნებს.

ეს მითი გაბათილდა ცნობილ გადაცემაში „MythBusters”, 2010 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდში.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button