პოეზია

ელგუჯა მარღია – ლექსები

შეხვედრა

ზღვა მოდის ჩემთან…მე მას ვიხსენებ,
ზღვაო,ვარ ისე, არა მიშავს რა,
იქნებ დაწყნარდე და დაისვენო,
მეც გავყუჩდები, როგორც ნიჟარა.

მინდა, შენ სუნთქვას მივაყურადო,
შენი მზითა და ზეცით გავერთო,
რომ ერთმანეთი კვლავ მოვინატროთ
მოწყენილებმა უერთმანეთოთ.

შენთან ვარ უკვე, ზღვაო, ზღაპარო,
რომ ნაფოტივით მშვიდად მარწიო…
ჩემი წუხილი შემოგაპარო,
შენი ტკივილიც გავინაწილო.

ასე ცოდვილი და უხეირო
ჩემი ცხოვრება მაინც რა იყო…
შენ შეგიძლია, სუსტი სხეული
მკვდარი თევზივით სადმე გარიყო.

სადმე გარიყო…ჩემი ეჭვები
და ოცნებებიც ისე გაფანტო,
როგორც ნაპირზე ჭრელი კენჭები,
მიმობნეული უმისამართოთ.

ზღვა მოდის ჩემთან…მე მას ვიხსენებ,
ზღვაო,ვარ ისე,არა მიშავს რა,
იქნებ დაწყნარდე და დაისვენო,
მეც გავყუჩდები,როგორც ნიჟარა.

ბავშვობის მდინარის-ენგურის მონატრება

ვერ ბრუნდებიან სათავისკენ ორაგულები,
ქვირითობისას…მერე მშვიდად ვეღარ კვდებიან;
როგორც პატიმარს წართმეული თავისუფლება,
ძველი სილაღე და სიურჩე მოგნატრებია.

მახსოვხარ ოდით მქუხარე და დაუდეგარი,
თევზით მდიდარი, აყვავებულ ჭალით ზვიადი…
დაპატარავდი ისე, როგორც შენი ქვეყანა,
დაპატარავდი მეგობარო და დაჩიავდი…

შენი ხმა უკვე აღარ მესმის, დიდი ხანია,
შენი შრიალი…და გაბმული შორი ძახილი…
და დაღონებულს,ზღვისკენ შვებით მიგიხარია,
ზღვამ ჩაგიხუტოს მდუმარე და პატივაყრილი.

ზღვა არის შენი სამუდამო,მყუდრო სავანე,
შეგისრუტავს და სილურჯეში აითქვიფები…
ტანზე მზის სხივთა დაგეყრება იასამანი,
ხსოვნის რექვიემს გიმღერებენ თეთრი ნიმფები.

ეტიუდი

საოცარია ზამთრისპირის
დილა სისხამი:
კაკლის ხეები ნაყოფივით
ჩიტებს ისხამენ…
და ბუხრის კვამლიც
იტოტება,მიიკლაკნება
ნაკადულივით ცის წიაღში
და… იკარგება.
ძაღლი ყეფს…
შორით ხრიწიანად ყივის მამალი…
თვლემს ირგვლივ თეთრი მდუმარება-
თოვლის ტრამალი.

წუხილი

ცივა. ბუხართან ვზივარ
მთვრალი და მობუზული;
მამა აბოლებს…
დედაჩემი ჩუმად ბუზღუნებს…
რამ გამოლიოს
საფიქრალი და საწუხარი?..
რაღაც ვერ ათბობს ძველებურად
ოთახს ბუხარიც…
სერავს ყიამეთს
ლამპის შუქი, ჭრაქის ციმციმი,
არც ძველებური ქეიფია,
აღარც სიცილი…
იხსენებს მამა
უწინდელი დროის პურ-მარილს –
სანატრელიც კი გამიხდაო
უკვე სტუმარი,-
წუხს… და სოფელი –
ლხინის შემწე, ჭირის გამტანი,
ისეთი ცივი მეჩვენება,
როგორც ზამთარი.
ზამთრისპირის საღამო
ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,
თბილისს გადავხედო მთაწმინდიდან…
თოვს და ჰაერივით ეს ქვეყანაც
თითქოს ცოდვებისგან გაიწმინდა.

უცებ ნოემბერმა გააოცა,
ყველა უბანი და ყველა ქუჩა…
თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ,
ლამის სატკივარიც გააყუჩა.

თუმცა მარადიულ ცოდვის ტალახს,
შენც ვერ მოგვაცილებ, ნატვრისთვალო…
მინდა, თოვლში ვიდგე, თოვლში, ახლა,
მინდა, ფანტელები დავითვალო…

ბარდნის გაბმულად და ნება-ნება,
ფანტელს მონატრების დარდიც მიაქვს…
ახლა ადვილია პატიება,
ახლა შეყვარებაც ადვილია…

ახლა ლამაზია ეს ქვეყანა,
თოვლის მკლავებში რო გაირინდა…
ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,
თბილისს გადავხედო მთაწმინდიდან…
ცრემლის სერენადა

მოხეტიალე, ვით ბედუინი,
შენ მაინც სხვისთვის არ გემეტები;
და იცრემლები… თითქოს ბუდიდან,
ამოფრენილან თეთრი მტრედები.
ისე ვილევი და ვიფანტები,
როგორც სველ თოვლზე ნაფეხურები…
ჰა, ჩემი სულიც – თოვლის ფანტელი,
სავსე ქარებით და ბეღურებით…

ციკლიდან ,,ჩუმი ძახილი”

ციკლიდან ,,ჩუმი ძახილი’’, რომელიც
ნატო კორსანტიას წიგნის-,,წართმეული ხმების’’
შთაგონებით დაიწერა.

გზა

უცხო მგზავრივით ეპარები
მშობლიურ წიაღს;
ზამთრისპირია, დაუფარავს
ნამქერს გზაწვრილი…
აქ ახლა ცივი ქარები ქრიან,
ამ მიწას ახლა
წართმეული მამული ჰქვია,-
შენი სულის და ხორცის ნაწილი…
აქვეა რეჩხი,
მომლოდინე შენი ედემი,
უწინდელივით აღარ ყეფენ
სოფლის ძაღლები…
და შორიახლო ხეთა
მკრთალი სილუეტები
ჩანან, ვით თოვლში
თავდახრილი ბაირაღები…
გადაქანცული გულში ჩუმად
ნაბიჯებს ითვლი,
თანდათანობით ერთგულების
მძიმდება ტვირთი…
მიძინებული ვარსკვლავები
თვალებს ახელენ,
გაფხიზლებს შიში, როგორც ზამთრის
სუსხი და ყინვა…
და იფურცლება ხსოვნის წიგნი,
ცრემლები გამხელს,
ჩამომარცვლული გაუსაძლის
ტკივილის მძივად…
ვეღარ იქნები ბედნიერი
ამ მიწის გარეთ,
ვეღარ იქნება სხვა სამყოფი
შენი სახლივით…
მიაყურადე…მოთქმასავით
გადააქვთ ქარებს
მიტოვებული საფლავების
უხმო ძახილი.

ხეჭეჭურები

შემოპარვიათ თუმცა სიბერე,
არ ეშინიათ მაინც წაქცევის…
და დარაჯობენ ფუძეს ხეები,
ვით მგლოვიარე სახლიკაცები.

გავერანებულ სამოსახლოებს
და გადახვეწილ ყველა ახლობელს,
ვინ იცის, როგორ ელოდებიან,
ვინ იცის, მართლა რასა ნაღვლობენ.

ფესვებს მიწა და მიწას ფესვები
სტკივათ და ხეებს აკრთობთ სიცხადე…
და, საცა არი, სოფლის სამდურავს
მწარე ნაყოფად გამოისხამენ.

მათ ყოველივე იქნებ იციან,
ქვეყნად რა ცოდვის კალო ტრიალებს…
რადგან ღალატი არ შეუძლიათ,
დგანან მომავლის მემატიანედ.

ვინ იცის, წარსულს როგორ ნატრობენ,
იქნებ აღსასრულს გრძნობენ თვითონვე…
და ზეზეულად თუმცა კვდებიან
სიკვდილის მერეც ხსოვნას გვითბობენ…

მწუხრი

ვინ დაარისხებს ახლა ზარებს
გამოღმა, გაღმა…
უჭირისუფლოდ დარჩენილმა
რაღა ქნას ხალხმა…
მიყურადება უნდა ტკივილს,
მოთქმას და ძახილს,
თორემ, საცაა, უიმედო
იხუვლებს ხალხი…
დადუმებულა მოქვის ზარი,
ზარი ილორის,
ზარი ბიჭვინთის,
ზარი ლიხნის,
ზარი ათონის…
ოქროს ბარძიმში თუმც ერთობის
ბრწყინავს მირონი…
რაღა ქნას ხალხმა-
მიტოვებულს ვინ ჰყავს პატრონი…
დადუმებულან, გარინდულან
ძველი ტაძრები,
გადანაცრულა არემარე
მწველი ხანძრებით…
შეუბღალიათ წინაპართა
ძვალშესალაგი,
გაუწირიათ ქართველობა,
როგორც ზვარაკი…
შენ რას ჩურჩულებ,
შენ რას იტყვი,
ზარო ბედიის..
ჩამოწოლილა შენს ფრესკებზე
მწუხრის მერდინი…
როდისღა, ზარო,
მწუხრი როდის უნდა გაფანტო,
რომ ერთიანი საქართველო
ისევ დაბადო.

ნაბადი

მიდი და მოისხი ნაბადი,
მოირგე კვლავ ჯაჭვის პერანგი……
მომხდურს არასოდეს დანებდე,
შენი საყდრითა და სენაკით…

მიდი და მოისხი ნაბადი,
გიხდება ჩოხაც და ყაწიმიც…
და მთების ხრიოკი უბიდან,
ზეცაში აფრინე არწივი.

მიდი და მოისხი ნაბადი,
იმღერე ,,ლილეო’’… ,,ვარადა’’…
მაშინ დამიმარცხდი ბაზალეთს,
როცა დაივიწყე მარაბდა…

მიდი და მოისხი ნაბადი,
ადიდე უფალი, ჯვარ-ხატი…
ისე უკვდავია იმედი,
როგორც ფიროსმანის ნახატი…

მიდი და მოისხი ნაბადი,
დალოცე იყალთო, გელათი…
ქართული როკვებით დამათვრე,
გამჟღინთე სურნელით კელაპტრის.

მოდი და მომასხი ნაბადი,
მეცა ვარ ამ ქვეყნის ზვარაკი…
გულში მძვინვარებენ ავდრები,
სადღაც დამეკარგა ქალაქი…

მოდი და მომასხი ნაბადი,
მამღერე გმირული ,,შავლეგო’’…
ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან,
ზარი გადარჩენის დავრეკო!!!

მებადურები
მინაწერი რამაზ სურმანიძის
წიგნზე ,,ლაზეთის ლეგენდა’’

ზღვა ახასხასდა, როგორც ხავერდი,
ზედ გაფენილი ფიანდაზებით…
ღამის განთქმული მებადურები,
ეშურებიან სადღაც ლაზები.
თვალსაწიერზე მოჩანს ქვაომხა,
ხავსმოდებული თვლემს ქვამარგალი…
ეს მთვარეა თუ ცაში ნასროლი,
და გალეული იატაგანი…
თუ ამოჰყვება ბადეს სუაკი,
ანკესს-მორუნი, ჭინოს- სარგანა…
შორს დარჩა სარფი და კვარიათი,
დამსგავსებული უფლის აგარაკს…
საით მიდიან ნეტა ლაზები,
ოქროს ბილიკით, ლაბირინთებით…
რამ ააკვნესა ასე პილილი,
რამ გააცოცხლა თვალწინ მითები.
რამ გააღვიძა ყველა ლეგენდა,
თავბრუდამხვევი, თავზარდამცემი…
რამ აამღერა ეს ბარტყლოდებიც,
როგორც მომავლის ჯარისკაცები.
ზღვა ალივლივდა- ლურჯი ხავერდი,
ზედ გაფენილი ფიანდაზებით…
სად იჩქარიან ძველი კოლხები,
სად მიცურავენ ერთად ლაზები…

ახავაი

ზურა ჯაფარიძის დატირება…

ახავაი, ჯაფარიძე,
ახავაი, ზურა…
მოვა დრო და ჩაგეხვევი,
ისევ ძველებურად…
მაგრამ ჯერე დასაცლელი
დამრჩა ბედის სურა…
ახავაი, ჩქიმი ჯიმა,
ახავაი, ზურა…
აქ, კაცობა დაგვიტოვე,
იქ, ნათელი გხურავს…
ახავაი, ჯაფარიძე,
ახავაი, ზურა…
,,ხევსურეთში წამოდიო’’,-
ვერ წამოველ მაშინ…
რა ვიცოდი, სამუდამოდ
დარჩებოდი მთაში…
გაგითოვდა… იფარება,
არე თეთრი ფარჩით…
გეხვეწნენ და ხახაბოში,
ვაი, აღარ დარჩი…
იჩქაროდი მარტო მგზავრი,
ბედს მიანდე თავი…
რა იცოდი, თურმე გზაზე
გისაფრდება ზვავი…
სუსხიანი ქარაშოტი,
ქარგავს ყინვის ყვავილს…
რა იცოდი, რომ ქარონი,
გელოდება ნავით…
რა იცოდი, ალალ-მართალს
გაგწირავდა თოვლი…
ახავაი, ვერ გიშველე,
ჯერ არ გამოგლოვილს…
რა იცოდი, გიღალატებს,
დაუღლელი მუხლი…
ახავაი, ვინ გაიგებს,
შენს მაშინდელ წუხილს…
ჯიმა, იქნებ, დაისვენე,
მოგერია რული…
ახავაი, ცივ ღამეში,
დარჩი განწირული…
ზეცა შავად იქუფრება,
ზვავი ზათქით მოდის…
და არაგვში გადაჩეხილს
გულში გიკრავს ლოდი…
ირეკება გლოვის ზარი,
ხევსურეთს და თბილისს…
სამოთხეში მიუხვედი,
დედას ვაჟიშვილი…
აწი აღარ გაგრძნობინებს,
შენ ობლობას დედა…
და მარადი სიყვარულით,
გაიხარებთ ერთად…
,,ხევსურეთში წამოდიო’’,-
რა ვიცოდი მაშინ…
სიკვდილისკენ იჩქაროდი,
მე კი ბარში დავრჩი…
ახავაი, ჯაფარიძე,
ახავაი, ზურა…
შენი თოვლის როიალიც,
ზვავში ჩამარხულა…
რა იცოდი, რა ვიცოდი,
გაგწირავდა თოვლი…
ახავაი, ვერ გიშველე,
ჯერ არ გამოგლოვილს…
ცოტა დაგრჩა სამშვიდობოს,
ახავაი, ცოტა…
ვერ გაექეც ბედისწერას,
აღარ შეგიცოდა…
შენ უფალმა წაგიყვანა,
ჯიმა, ცათა შინა…
სამუდამოდ გაპოვნინა,
მთის წიაღში ბინა…
მთაში დარჩა შენი სული,
ამაყი და ლაღი…
დღეს არდოტის გზაზე წყაროს,
ეწაფება ხალხი…
შენმა სულმა ამოხეთქა,
ცივანკარა წყაროდ…
აქ, ახარებ მოგზაურებს,
იქ, ნათელში ხარობ…
ახავაი, ჯაფარიძე,
ახავაი, ზურა;
მოვა დრო და ჩაგეხვევი,
ისევ ძველებურად…
მაგრამ ჯერე დასაცლელი,
დამრჩა ბედის სურა…
ახავაი, ჩქიმი ჯიმა,
ახავაი, ზურა…

*ახავაი(მეგრ.)- გლოვისა და გაოგნების აღმნიშვნელი გამოთქმა…თითქმის იგივეა, რაც ,,ვაი”
* ჩქიმი(მეგ.)-ჩემი
*ჯიმა(მეგ.)-ძმა

უფლის ნებით…
გენო კალანდიას წიგნზე – ,,ისევ რეკვიემი’’- მინაწერი
,,მშვიდობით!-გულზე გეფინოს მზეებრ
შაბათი…ჩემი ხსოვნის შაბათი.’’
(ლექსიდან ,,შაბათის რეკვიემი’’)

მე თქვენ ხილვებს მივსდევ, აფხაზეთში მივალ…
მწველი რეკვიემით უკვე სნეული ვარ;

რა წუხილით წერეთ…რა ტკივილი რანდეთ…
და პოეტის ლოცვა აღავლინეთ ცამდე;

თვალი მიადევნეთ გაუსაძლის კადრებს,
ერთი კაცის გული, როგორ იტევს ამდენს?!.

კვლავ უყურებთ ცხადად ჭუბერსა და საკენს,
არ მრთელდება რადგან გაბზარული სარკე…

სულში ჩამეღვარა, დარდად ჩამეღვენთა,
იმ შაბათის წვიმა… იმ შაბათის სევდა;

იმ შაბათის ზარი… იმ შაბათის ელდა,
ის შაშვი და ქალი, რო მოთქვამდნენ ერთად…

მე თქვენ ფიქრებს მივსდევ, ტანჯვის გზებით მივალ,
რაც ღალატით დავთმეთ… გაყიდული მტკივა;

გაირინდა სივრცე…გაიყინა წამი,
ვაი, ვიწამლები მეც შაბათის შხამით…

და თქვენსავით ახლა მზის წიაღში ვჩქარობ,
სადაც ჩვენი რიწა მოლოდინით ხარობს…

სადაც მაფშალია სევდიანად გალობს,
გველოდებით ვიცი, ოჩამჩირევ, გალო;

განა იმედების კელაპტრები ჩაქრა,
ისევ ჩაგვიხუტებს ტყვარჩელი და გაგრა…

შენ, სოხუმის წვიმავ…შენ, ზღვის ნიავ-ქარო,
დაგეწაფოთ მინდა, ვით მწყურვალი წყაროს;

მინდა გვესალბუნოთ, მინდა დაგიჩოქოთ,
მინდა გესაუბროთ, მოგვენატრეთ როგორ…

თქვენთან ხეტიალი და სიმღერა მინდა,
ნიჟარების სითბო წამოვკრიფო ზღვიდან…

შენ, აფხაზო ღვიძლო, ძუძუმტეო ჩემო,
უბეში გყავს გველი, ერთგულებას ჩემობს…

ზღვა-ხმელი სურს მოსკალს, თვალში გაყრის ნაცარს,
გაიღვიძე მალე, ჩემო აფხიარცა…

ნუთუ დაგავიწყეს მოძმე ჩონგურის ხმა,
გულმა იგრძნოს გული, სისხლი იცნოს სისხლმა…

შენ მოყვასის ნიღბით მოსეულო მტერო,
მართლა გამარჯვება აღარ დაიჯერო…

მოუარე შენსას, ტუნდრასა და ტრამალს,
მე ჩემ ძუძუმტესთან, გასაყოფი რა მაქვს…

გაიღვიძე მალე, ჩემო აფხიარცა…
დავუაროთ ერთად ხორუმი და ფარცა…

ვაგუგუნოთ, ძმებო, ვარადა და რერო,
ლაჟვარდები ვხატოთ, სიყვარულზე ვწეროთ…

ჩვენი ტკივილები უნდა გავამრთელოთ,
ისევ ერთიანი იყოს საქართველო!

როგორც გვახსოვს უწინ, როგორც იყო ადრე,
ერთად ვუმკურნალოთ ჩვენ წყლულსა და დარდებს;

ერთად გავლაღდებით, ერთად გავიხარებთ,
გავათენებთ ერთად იმ შაბათის ღამეს…

ერთად გავშლით სეფას, ერთად დავკლავთ ქაცარს,
ერთად ავატირებთ ჩონგურ-აფხიარცას.

ერთად გვაპკურებენ ბარძიმიდან მირონს,
გაბრწყინდება ზღვა და ზეცა უნაპირო…

ასეთია უფლის ნება-განაჩენი,
ერთად შევსვათ ყანწი ჩვენი გადარჩენის…

***

ტრიო
ნოდარ ტაბიძეს

გალაკტიონთან ერთად
და ტიციანის გვერდით…
წელგამართული მეტად,
ხართ მადლიერი ხვედრის.
ასეთი არის ბედი,
უფლის რჩეულთა ბედი…
რასაც კი ინატრებდა,
ამქვეყნად არაერთი…
ქმნის უკვდავების ტრიოს,
ტაბიძეების ჯიში…
და ზმანებებში რიონს,
ხელებში აჰყავს ჭყვიში…
გეძახით, როგორც ადრე,
სიყრმის ფერადი ვანი…
სადაც ამაღლდა ცამდე,
პატარა ეზო-კარი…
როგორც დაღლილი დენდი,
გაეპარებით ქალაქს…
იქ, რიონისპირ დედა,
ისევ დაეძებს გალას…
თქვენ ის ძახილიც გესმით:
,,სადა ხარ გატუნია”…
ღამით აბოდებს ლექსი,
ფშანში გატრუნულ ნიავს…
ბუდობს გარშემო სათნო,
დაუვიწყარი ხმები…
და განა ღვინო გათრობთ,
მარადისობით თვრებით…
იქ კიპარისი ღელავს,
მთვარე ანათებს ბადრი…
და იღვენთება ნელა,
გულსმოწოლილი დარდი…
წელგამართული მეტად,
ხართ მადლიერი ხვედრის…
გალაკტიონთან ერთად
და ტიციანის გვერდით.

***

ევასადმი

დასაბამიდან შეუცნობი შენ ხარ სამყარო,
ჩემო ტკივილო-ხორცშესხმულო თიხის ნაწილო…
შენ შეგიძლია, პირველყოფილ ვნებით დამღალო,
გამანებივრო სიყვარულით… მერე გამწირო.
ბავშვივით ნაზად მომეფერო, მეოქროპირო,
თვალებში ცოდვის ცივი ცეცხლი ამიღაღანო…
დაუპყრობელი მწვერვალები დამაპყრობინო,
რომ მომანატრო არყოფნა და ყოფნას გამყარო.
ცაზე ვარსკვლავი,ზღვაში კენჭი დამათვლევინო,
შენ შეგიძლია, შენ, სამოთხის ბაღის სურნელო…
თან ერთდროულად ყველა შხამი დამალევინო,
ყველა სულელზე უფრო მძაფრად გამასულელო.
შენ შეგიძლია, ამაღზევო ან დამამიწო,
გაუთენარი ღამეებიც გამათევინო…
რომ სამუდამოდ სიკვდილიც კი გადამავიწყო,
ანდა ამკიდო მძიმე ჯვარი და მათრევინო…

***

ქორწილი პალურში

გელა კაპანაძის, ბაჩანა მოლაშხიას,
ირაკლი კუპატაძისა და ჩემი მონაწილეობით
1.
ყელს იღერებს ქორწილი,
ვით სისხამზე მამალი…
ტოლუმბაშით, ბილბაშით
და რჩეული ამალით…
ხვიჩა ბოში-უსუპი,
ნანა ცირა-ყამარი…
მორევია ორთავეს,
სიყვარულის წამალი…
სიტყვა წამოფრინდება,
როგორც მტრედი ფრთამალი,
ყანწზე დასვამს ბულბულებს,
ლხინის მხედართმთავარი…
ტოლუმბაში გულუხვი,
ბრწყინავს ლექსის ჯავარით…
ჯამსაც ეშხით გალოკავს,
ვით ირემი ქვამარილს…
ლაღობს გახარებული,
მასპინძელიც, სტუმარიც…
სხვა გემო და ლაზათი,
აქვს პალურულ პურ-მარილს…
ჭირშიც შეხიდებული,
გახალისდა სოფელი…
ნეფე-პატარძალი გვყავს,
ერთმანეთის სწორფერი…
გათამამდა ბახუსი,
სეფას ასდის ალმური…
სიყვარულით დამთვრალან,
ეროსიც და ამურიც…
გენაცვალე, ჯილაგო,
მენძელო და მაყარო…
ლამაზი ჩანს აქედან,
არეული სამყარო…

2.
კაპანაძე, ჯიმაგე,
დამილიე, ღვინო…
მერე გათენებამდე,
ტკბილად ვიღიღინოთ:
,,ართი კოჩიქ ქუმორთუ დო
ოსურს გირიგენქია…
ოსურ მარა, მუ ოსური,
გვალო გაკეთენცია’’…
და ეს ღამე კოლხური,
ნაბადივით გავთელოთ…
კარგი ვიცით მოლხენაც,
მეგრელებმა-ქართლელო…
გაშლილი გვაქვს გულები,
ისე, როგორც სეფა…
სტუმრის დამოყვრებამდე,
ვიცით დაფასება…
ჩვენი ძმობის სიმღერა,
რაკი მოგვგრის შვებას…
შენგან დაწუნებული,
ღვინოც დაილევა…

3.

საღამოა ნაქები,
მშვიდი, შემოდგომური…
ტოლუმბაში_ბილბაშის,
შერკინება ლომური…
მოაქვთ ხარისთავები,
როგორც ნაალაფარი…
მთვარე ისე ლაპლაპებს_
გეგონებათ ლამპარი…
გენაცვალე ნერჩო და
შემოგევლე, ჯალაბო…
ბევრი სადღეგრძელო მაქვს,
ბევრიც სალაპარაკო…
მერიქიფევ, ბატონო,
ვინ გაჯობებს სისხარტით…
სიყვარულით დავთვერი,
შენ კი ღვინოს მისხამდი…
თუმც არა ვარ შედანი,
ხელში ყანწი მიჭირავს…
და არც გულბაათი ვარ,
რომ დამათროს ჭინჭილამ…
ვიბრძვი მეომარივით,
ჩემი ხმლით და ფარითა…
მე ვერავის დავუთმობ,
ამ ვეება ხარის თავს…

4.

გენაცვალე ბილბაშო,
არ ყოფილხარ ჯაბანი…
ლექსად გავახმაურე,
ეს ლამაზი ამბავი…
კარგი შემხვდი მეტოქე,
პურადი და გულადი…
გაძლებისთვის გვირგვინსაც,
თავზე დაგახურავდი…
შეირგე და შემარგე,
სუფრის ხვავი, ბარაქა…
თუ არ დამიზავდები,
გამოგაცლი არაქათს…
იმ მეორე ხარის თავს,
განა შეგეცილები…
ასეც ხდება, ბრძოლაში
ზავდებიან გმირები…
გავახარეთ ჯალაბი,
მექორწილე კრებული…
და სოფელი დავტოვეთ,
მართლაც გაკვირვებული…
თავზე დაგვთენებია,
გაუმარჯოს ალიონს…
უფლის სადიდებელი,
ერთი ყანწიც დავლიოთ…

5.
კაპანაძე, ჯიმაგე,
თურმე ჩაგძინებია…
ნუთუ ვერ დაინახე,
სოფლად რა ცირებია…
დამიჯექი გვერდით და
დამილიე ღვინო…
ძველებური სიმღერა,
ერთად ვიღიღინოთ:
,,ვაი, შური საყვარელი,
რინა მუში მამარდარე,
რინაშ ნება ქორდასნი,
ქანა მუში მაფართარე…’’

***

იმედი

,,იმედი სადაა და შენ უნდა გამოიგონო
ხალხის იმედი”…(,,დათა თუთაშხია”)

მოვა დრო და ყველაფერს,
მშვიდად რომ განიკითხავ,
ვის რა ადგილს მიუჩენ,
თავად უწყი, ღმერთო…
სიტყვა მშვენიერია,
საქმე-უფრო მთავარი,
ქვეყნისა და ხალხისთვის
მართლა სასიკეთო…

ამ არეულ მონასტერს,
ნეტა, რა ეშველება,
ვაი, როგორ ღრმავდება
ცოდვის ძველი ხარო…
მინდა, რომ მიხაროდეს,
მაგრამ ამ სიხარულშიც
უფრო მეტი დარდია,
ფიქრი სამწუხარო.

ტყუილი და მართალი
ისე ალუფხულია,
ძველებსაც და ახლებსაც,
მიჭირს, გულით ვენდო…
თაბაგარის ხელშია,
ახლა ზებოს იმედი,
სულანჯიას ოცნებაც,
დღემდე უიმედო…

ამ უძირო ხაროდან,
ნეტა, ვინ ამოგვიყვანს,
თვალი დაიწყნაროდა
აზრი დაიმშვიდო…
შე საბრალო სიმართლევ,
რა მძიმე ლოდს მიათრევ,-
ახალ მწვერვალისაკენ
გაფრენილო ჩიტო…

დღითი დღე და თანდათან,
(თუმცა შენ თავს მართმევენ)
უნდა გაგიფრთხილდე და
უნდა გაყურადო…
შენ, თაობის იმედო,
ჩიტო, ფრთამოტეხილო,
წინ სხვა სიმაღლეა და
სივრცე სანავარდო…

***

ვედრება

შემოგღაღადებთ დღემდე, ციერო,
თითქო თვალები ცაში სახლობენ…
ყოვლად ბრძენო და ყოვლად ძლიერო,
შენ სათნოებას მიგვაახლოვე.

ბრმებს ლოცვა, როგორც მზე, მოგვაშიე,
რომ სამუდამოდ მადლი გვფარვიდეს…
გამოგვარიდე ტანჯვას საშინელს
ჯოჯოხეთისას…გამოგვარიდე.

****

საით ესწრაფვის მზერა გაბმული,
მზერაში მღვრიე ტალღის დგაფუნი
სად შეაწყდება ჯებირს…
ნუთუ ჩამოწვა ღამე ლუსკუმი,
ნუთუ მარადი ქვია უფსკრული
მიწას, რომელზეც ვრჩებით.

დაფიქრებული, შორსგამხედავი
აპოკალიფსის თეთრი მხედარი
სად შეაჩერებს თეთრონს…
გარდუვალია რაკი სასჯელი,
ყოვლის მეუფე, ყოვლის განმსჯელი-
რითი გვიშველი ღმერთო!

შემოსალტვია ტაძარს ურჩხული
და ბიწიერთა ლოცვა-ჩურჩული
ცამდე ვერ აღწევს ჩვენი…
ურწმუნოების გამო, ღალატის,
ბედმა გვარგუნა ტანჯვა მარადი,
ცეცხლი, მარადჟამს მწველი.

საით ესწრაფვის მზერა გაბმული,
მზერაში მღვრიე ტალღის დგაფუნი
სად შეაწყდება ჯებირს…
ნუთუ ჩამოწვა ღამე ლუსკუმი,
ნუთუ მარადი ქვია უფსკრული
მიწას, რომელზეც ვრჩებით.

***
ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს,
ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს…
და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე,
ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში.
მარტომგზავრივით მბორგავებს ბნელში,
რაღას გვიმზადებს განმსჯელი ყოვლის…
დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში,
როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი…

მასკარადი

განათებული ჩანან ხედები…
შენ მთვარის სულში რომ იხედები,
ცას უერთდები, ვით განთიადი…
ყოვლის წამლეკი, ყოვლის მმოსრავი,
მიწდება ყველა გვირგვინოსანი-
მარადიული ფარავს წყვდიადი…

ვინ თქვა მერმისი სისხლის გარეშე,
სიცოცხლე, როგორც მზე მოთარეშე,
თავისუფალი იყო მსახური…
ყოვლის მქირდავი, ყოვლის მგმობელი,
რაზე ხარხარებს ბრბო ულმობელი,
დრო-წარმავალი და უსახური.

ბნელში მზაკვართა მზერა იელვებს,
ვერ ურიგდები სიცარიელეს,
გეწვის თვალებში ცეცხლი-ფაფარი…
ამ ხარო-დილეგს ვერ ურიგდები,
გძმობენ ჰაშიშით მთვრალი რინდები,
აქ რომ ვერ ნახეს თავშესაფარი.

გაყვითლებული, როგორც ფოთოლი
ანდა კვირტები, ჯერაც თოთონი,
დაიკარგები მთების უბეში…
ვინ დაგვამსგავსა მთელი ცხოვრებით,
მაწანწალები და მათხოვრები,
ქვეყნად რომ ვეღარ ჰპოვეს ნუგეში…

ფრთონავს სანთელი…სითბო ღვთიური
და სიყვარული მარადიული,
სად ჩაიშრიტა, ღამისმთეველი…
ქრება კერპები ათასნაირთა,
ღმერთო მაღალო, რისთვის? საიდან?
მაინც ამდენი ფარისეველი.

ო, მითიური სუნთქავს ნერგალი,
ნერგალი…როგორც შხამით ეკალი,
მოწამლულია ცოდვით ჰაერი;
მადლის მტვირთველი არ ჩანს არავინ
და სიკვდილივით გულშემზარავი
აბელის გვერდით დგება კაენი.

განათებული ჩანან ხედები…
შენ მთვარის სულში რომ იხედები,
ცას უერთდები, ვით განთიადი…
ყოვლის წამლეკი, ყოვლის მმოსრავი,
მიწდება ყველა გვირგვინოსანი-
მარადიული ფარავს წყვდიადი…

***

მოწამლული მერიდიანი

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე,
როგორც ტკივილი უსაფეხურო…
ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს,
როდემდე უნდა იცადო გარეთ!
გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე…

გისოსებსშორის ლომის სიარულს
არჩევს ცხოვრება-მკაცრი სატირა…
ღვთისმშობლის ხატი თუ აატირა
ორსახოვნებამ შენმა, იანუს!
გისოსებსშორის ლომის სიარულს…

კოჭლი დროება მართავს მასკარადს,
აჩხავლებულა ყვავების გუნდი…
რაში გჭირდება, მონარქის მუნდირს
თუ როგორ ირგებს ვინმე მასხარა…
კოჭლი დროება მართავს მასკარადს…

და მარყუჟივით გახრჩობს მანტია,
პირსისხლიანი ბორგავს იუდა…
იცი, იუდას მოყვრად ვინ უნდა,
რადგან გაცემა და ღალატია.
შენ მარყუჟივით გახრჩობს მანტია…

ცრუმორწმუნენი ჩუმად კვნესიან,
საოცრებაა თავის გატანა,
სულში გიძვრება როცა სატანა,-
მართალ ნაბიჯებს ზომავს მესია!
ცრუმორწმუნენი მაინც კვნესიან…

ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ
ვერ მოიმაგრა ფესვი სრულიად…
მერიდიანი მოწამლულია
და გასაჭირი ყველას ეყოფა!
ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ…

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე,
როგორც ტკივილი უსაფეხურო…
ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს,
როდემდე უნდა იცადო გარეთ!
გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე….
რიგისპურობა

***

დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის
სანდრო ბერიძისა და ჩემი მონაწილეობით
ერგე, 2 ივლისი, 2004 წელი

ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან,
სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…

ამ გარემომ დამატყვევა, უცებ მომაჯადოვა,
სიტყვით რაღას გავაკვირვებ ფერადსა და ხატოვანს…

აქ თავს უნდა ჩავუღრმავდე, თვალი რომ ავუხილო,
ალალი და მალამოა მასპინძელის პურ-ღვინო…

მასპინძელო მხიარულო, ნაქები გაქვს საუფლო,
ცასთან ისე ახლოსა ხარ, ლამაზი ჩანს ცა უფრო…

აქ სხვა სხივი იბადება, ქრის სხვაგვარი ნიავი,
და აქ აღარ მეშინია ღალატის და სიავის;

აქაც გალობს მაფშალია, ჩემი სიყრმის ფრინველი,
აქ აჭარას ესიტყვება ამერიც და იმერიც…

აქ სხვა დილა გათენდება, სხვა იქნება სისხამი,
მომღერალი ჩანჩქერის ხმა, იდუმალი ტყის ჩქამი…

შევაბიჯებ სიჩუმეში, როგორც წმიდა საყდარში
და ბუნების ვრცელ ბიბლიას სასოებით გადავშლი…

ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან,
სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…

***

განშორების სერენადა

უნდა წავიდე…დაგშორდე უნდა,
წავიდე ისე, როგორც მიდიან…
თუმც განშორების ტანჯვა დიდია,
ამ ტანჯვას ნუღარ მიიტან გულთან.
ნუღარ გამკიცხავ…როგორც ჩვევიათ,
ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს,
თუმც შენი ტანჯვა ისევ ჩემია,
შენ ჩემი წასვლით უნდა გადარჩე…
გასაუბრება ჩემ კატა ბადუსთან ზამთრის სუსხიან საღამოს

ჩემსავით დაეძებ შენც ერთგულ მეგობარს,
დაღლილი მავანთა ჭორით და ყბედობით;
მეგობარს, რომელიც უსიტყვოდ გენდობა,
მეგობარს, რომელსაც უსიტყვოდ ენდობი.
მეც ბევრჯერ დამიგო საწუთრომ ხაფანგი,
და ბევრჯერ გავები მახეში შენსავით…
სიცოცხლე ხანდახან ჩირადაც არა ღირს,
რას იზამ, ნანატრი ცხოვრებაც ეს არი!
მეც ბევრჯერ დამტოვეს ქარსა და ყინვაში,
ვყოფილვარ უაზროდ ტალახში ნათრევი…
შენსავით ცოდვილი-მართალთა წინაშე,
შენსავით მართალი და ბევრის დამთმენი…
მეც ბევრმა მიმტრო და უღმერთოდ ჩამწიხლა…
ცრუ ენით დაგესლილს და ფეხქვეშ გათელილს
მეგონა ქვეყანა დილეგი და ციხე,
სადაც ვერ ჩააქრეს იმედის სანთელი…
მეგონა…თუმცაღა დღესაც ხომ ასეა,
ძნელია გარჩევა მართლის და ტყუილის…
კნავილი რა არის?-ირგვლივ რო ფარსია,
ხანდახან ძაღლივით მინდება ყმუილი…
რამდენიც გინდოდეს, იყეფე, იკნავლე,
თუ გინდა ქუჩაში გავარდი გიჟივით…
და ცამდე მართალიც, თუ გინდა, იყავი,
მაინც ვერ აგცდება ღრენა და შიმშილი…
მაინც ვერ მოთოკავ მიმავალ ქარავანს,
შე მართლა სულელო, რას ჩხავი, რო ჩხავი?…
ხანდახან მგონია, ცოცხალიც არა ვარ,
ერთი მე ამათი მკვდარიც და ცოცხალიც…
ჩემსავით გღალატობს ხანდახან ნერვებიც,
ხანდახან კაცივით გჭირდება ალერსი;
გჭირდება სითბო და გჭირდება ფერება
და, როცა კნავიხარ, უმწეო ხმა მესმის.
უმწეო ხმა მესმის…და ორი ფუღური-
თვალები უძირო, უძირო ჭასავით,
თვალები, რომელსაც სულ უნდა უყურო,
ივსება ფარული ცრემლით და სამსალით…
და, როგორც აქამდე, მრავალი ზამთარი
უაზრო ყოფაში გავა და ჩაივლის…
ვის ესმის, ანდა ვის ტკივა და ადარდებს,
ეს ჩემი ყეფა და ეს შენი კნავილი…

*********

ხან სიყვარული წვიმასავით
უეცრად მოდის,
იშლება, როგორც პეიზაჟი,
ლამაზი ხედი…
ძვირფასო ევა!-
მე ჩავიდენ ამაღამ ცოდვას,
ვიცი, რომ ვეღარ შემაჩერებს
ადამის ხვედრიც.
შენ გქვია ლტოლვა-
ცოდვის შიშზე რაღაცით მეტი-
და ყველა მითზე იდუმალი,
ცოცხალი მითი…
მე ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს და
აღმდგარი მკვდრეთით,
ვებღაუჭები სიყვარულის
ჩამოშლილ ქვითკირს
რადგანაც იგი წვიმასავით
უეცრად მოდის,
მოდის და მერე გვაზიარებს
რაღაცას ნამდვილს…
ვიქნები შენი დონ ჟუანი…
ჩავიდენ ცოდვას,
დავრჩები ასე უეცარი
წვიმების ბარდი…

****************
შემოგეჩვია მწუხარება და ფორიაქი
და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,
როგორც თრიაქი…
ფიქრი, რომელიც ხან გაფითრებს,
ხანაც გაოცებს…
ფიქრი ყოფითზე,
სიცოცხლეზე,
სასაფლაოზე…
ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა…
როცა მთვარეა,
ფიქრი მთვარეს შეეკედლება.
როცა თოვაა,
(თოვა ზამთარს როგორ შეჰფერის…)
გახმიანდება ფიქრი,
როგორც ლექსის რეფრენი…
ამ წყვდიადიდან
სინათლისკენ მიემართები,
მოაქჟამამდე გზას გინათებს
ფიქრი-სანთელი.
ფიქრი-ოცნება,
ფიქრი-ლოცვა,
ფიქრი-ვედრება.
…ახლა ქარია,
ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.
…რადგანაც მიწა საესავი
ბრმა და ყრუ არი,
ცაში მთავრდება ფიქრიანი
გზა უტყუარი…

***

ოდა ყვარელს

მომეგება ყვარელი,
თბილი და საყვარელი.
მგოსნის ენით ბუნება,
მართობს, მეჩურჩულება…
მეუფლება მთლიანად,
თან მიქარვებს იარას.…
მეც ამ მთების შვილი ვარ,
უცხო მგზავრი კი არა.
ამიტომაც ყვარელმა,
თბილმა და საყვარელმა,
უცებ გამითავისა,
როგორც მთვარემ ღამის ცა…
ზვრებს ღიღინით ჩავუვლი,
რა უსაზღვრო ზვრებია…
ოქრო ქინძმარაული,
როგორ მომნატრებია.
ღვინომ ლაზათიანმა,
ყელში ჩაიყარყაროს…
აზარფეშის ტრიალმა,
დამავიწყოს სამყარო…
შორით ყვარლის მთები და
კუდიგორას გზებია…
ნაცრისფერი ნისლები,
მთებზე იძენძებიან…
რა საამო დარი დგას,
რა სამოთხის ხმებია…
თუმც ხანდახან დურუჯიც,
მოქნეული ხმლებია…
ისე აიქაფება,
ისე გადიდგულდება…
მაგრამ ნადურუჯალსაც
აქვს ნაქები ბუნება…
ეფერება საფერავს,
მადლიანი შლამითა…
წამლობს, ეალერსება,
დღისითაც და ღამითაც…
ზვრებს ღიღინით ჩავუვლი,
თვალწარმტაცი ზვრებია…
ოქრო ქინძმარაული,
ვის არ მონატრებია.
მუდამ ბარაქიანი,
ლაღი, ალერსიანი,
თბილი და საყვარელი,
მომეგება ყვარელი.

***

ძახილი

მერაბ კოსტავას

როგორ გაუცხოვდი და როგორ გაუდაბურდი,
ეს ბარაბას გზა არი, გევედრები დაბრუნდი!…

როცა უფრო საშიში მოჩანს წინ რუბიკონი,
ნეტა, რამ დაგავიწყა ერწუხი და დიდგორი…

ნეტა, რამ დაგავიწყა უფლის ყველა იგავი,
ისე მოგითარეშეს, თითქოს სხვისი იყავი…

მართლაც რაღაცნაირი, გახდი უფრო ველური,
აღარც გორდა გიჭრის და აღარც დავითფერული.

აღარ მღერის ფრანგული, არ კისკასებს შიმშერი,
თბილი სიტყვის სალბუნიც უკვე ვეღარ გიშველის.

ხალიბისგან ნაწრთობი სული გქონდა მარადის,
ასე რამ გაგიბზარა მტკიცე ფარ-მუზარადი…

ვხედავ, შადიმანების ორგულობა-ღალატით,
როგორც შაგრენის ტყავი, ისე დაპატარავდი…

სადღა არი ფიცხელი შეძახილი სამასი,
თავდადება ცოტნესი…ერთგულება საბასი…

როგორ გაუცხოვდი და როგორ გაუდაბურდი,
ეს ბარაბას გზა არი, გევედრები, დაბრუნდი.

იცრემლება ტაძარი ნატყვიარი ფრესკებით,
ნუთუ ამ სინამდვილეს წარიტაცებს ქვესკნელი…

ნეტა, რამ დაგანათლა ტანჯვა და ფათერაკი,
ნეტა, რამ ჩაგირღვია მტკიცე ჯაჭვის პერანგი…

გაოხრებდნენ აქამდე, შენ კი მაინც გასძელი,
ნუთუ არ გესიზმრება თორელი და მხარგრძელი…

ხნავდი, სამკალს იმკიდი, თან ჭრილობებს იხვევდი,
გეშინია თითქოსდა წარსულისკენ მიხედვის…

სხვა სახმილით იწვოდი და სხვა ფიქრით ღელავდი,
სხვა სინათლეს აფენდი ეგვიპტით თუ ელადით…

აღარც ამირანი და არც ზღაპრული ყამარი,
ნუთუ არ გესიზმრება დავითი და თამარი…

შენ, სისხლისგან დაცლილი, დღემდე მაინც მოხვედი,
ნეტა რამ დაგავიწყა იბერია…კოლხეთი…

რტოებჩამოსხეპილსაც მოგითხარეს ფესვები,
თუ სიმღერით კვდებოდი, ცოცხლდებოდი ლექსებით…

შენი ვეფხისტყაოსნით. შენი დავითიანით,
უფლის მადლით მოსილი მენატრები მთლიანი…

მენატრები შეკრული, უძლეველი, დიადი,
ლაღი-დარუბანდითგან ვიდრე ნიკოფსიამდი…

ასე ხელებგაწვდილი, სხვა ოცნებით გართული,
მენატრები ამაყი, მდიდარი და ქართული…

თუმცა ერთადერთი ხარ, თუმცა მეიმედები,
ნეტა, ამ ჯოჯოხეთში სად ვეძებო ედემი…

სხვა სიმაღლეს ელტვოდი და სხვა აზრით ელავდი,
სიბრძნით გაბრწყინებული ფაზისით და გელათით…

იყალთო და ვარძია კვლავ გმოსავენ დიდებით,
როგორც ლეგენდები და ზღაპრები და მითები…

გაოხრებდნენ აქამდე, შენ კი დღემდე გასძელი,
ფუძესმოწყვეტილები გეძახიან ტაძრები:

როგორ გაუცხოვდი და როგორ გაუდაბურდი,
ეს ბარაბას გზა არი, გევედრები დაბრუნდი!

***

ცოდვის ტალახი…

საიდან მაინც ამდენი შხამი,
საიდან მაინც გესლი ამდენი…
რამ შეგვაზიზღა ცხოვრება-წამი,
რამ აგვიყმუვლა კარზე ავდრები…
რამ ჩააღამა ტაძარში ნისლი,
რამ შეგვაქცია მტარვალთან ზურგით…
რამ აგვიმღვრია სინათლის ისრებს
გადამსხვრეული თვალების შუქი…
რამ შეგვაჩვია მარადის პირშავ
მტერს, აქამომდე მოსულნი ბორგვით…
რამ ჩაგვიმწყვდია სხეულში შიში,
როგორც დილეგში შეშლილი მოგვი…
საიდან მაინც ამდენი რისხვა,
სამარადჟამო სიბნელის მგვრელი…
რამ ჩაგვიგუბა თვალებში სისხლი,
რამ ააცეკვა მზერაში გველი…
რამ ჩაგვიწიხლა ჯვარი და ხატი,
სული, რომელიც უმწეოდ ხვნეშის…
რამ მოგვანატრა სიმშვიდე…ანდა
რამ შეგვატოვა ართვალებს ხელში…
…ღმერთო! ცოდვილი სამყარო იხსენ,
ვინძლო, ვედრება ისმინო ჩემიც…
თუმცა თვალები გაგვირბის ცისკენ,
ყველანი მაინც ტალახში ვრჩებით…
ვინ…
აღარც მითი და აღარც ლეგენდა,
მოკლეს ოცნება, რაც გვიხაროდა…
ვინ გამოგვიყვანს ამ დილეგიდან,
ვინ ამოგვათრევს, ნეტა, ხაროდან.
მზერა გამცემი და ალმაცერი,
ვინ ჩაგვისაფრა, როგორც ღალატი…
სად მიგვლალავენ ქონდრისკაცები,
ეშმას ტრაპეზი და მასკარადი…
ვინ დააწვეთა სისხლი ღიმილზე,
ვინ ჩაგვიწიხლა ყოფნა–ხალისი…
იქნებ დასრულდა გზა და იღვიძებს,
დღემდე მთვლემარე აპოკალიფსი.
იქნებ მორჩა და იქნებ დამთავრდა
ყოფნა…გაიხსნას ცა უტყუარი,
ვინ არის კაცი იგი მართალი,
ვინ არის კაცი იგი მტყუანი,-
ღმერთმა განსაჯოს…ვინ გაგვითენოს
ღამე ლუსკუმი და უსიერი…
რას მოასწავებს ცოდვისმტვირთველო,
ეშმას ასეთი მშვიდი იერი.
აღარც მითი და აღარც ლეგენდა,
მოკლეს ოცნება, რაც გვიხაროდა…
ვინ გამოგვიყვანს ამ დილეგიდან,
ვინ ამოგვათრევს, ნეტა, ხაროდან.

***

ჭყვიშში დაბადება
მალხაზ მამფორიას გახსენება

მდუმარეა სასაფლაო… ვაყურადებ ქარის შრიალს,
შე, ალალო, მამფორია, ცაში სუფრა გაგიშლია…
აწი აღარ გაგამხნევებს, გაგართობს და გაგაბრაზებს,
ჯიმა თვალებცრემლიანი, ჩვენი გელა კაპანაძე.
ზამთრისპირზე ბორანიდან რიონს ვინღა გადაცურავს,
შენებურად ვინ იმღერებს: ,,კაცი ვარ და ქუდი მხურავს’’…
ვინ გამოცლის ღვინითა და სიყვარულით სავსე სურას,
ანდა ვინღა გაგვაოცებს, გულიანო, ძველებურად…
სამერმისოდ შემართული, ასე რაღამ დაგაწყნარა,
რეკავს, როგორც გლოვის ზარი, დედაშენის ,,ვაი, ნანა…’’
ბილიკ-ბილიკ, ყანა-ყანა, ოცნებებში ნასათუთევს
ჩაეხუტე გალაკტიონს… ტიციანიც ჩაგიხუტებს…
ზოგი ადრე, ზოგი გვიან, მეგობრები, ვინც კი კვდება,
იქცევიან სასმისებად, ყანწებად და ხელადებად,
იქცევიან მონატრებად, სანთლებად და კელაპტრებად,
რჩება ხსოვნის სადღეგრძელო და ტკივილი გვემატება.
მდუმარეა სასაფლაო…კიპარისებს ქარი არხევს,
უკვდავების საუფლოა მიწა, შენ რო დაიმარხე…
რას გაუგებ წუთისოფელს…ცაში გიჯობს ხეტიალი,
მაგრამ ჭყვიშში დაბადება, სიკვდილზედაც მეტი არი…

***

მოგზაური
ეძღვნება გურამ დოჩანაშვილის დომენიკოს…

საით, ჩემო, დომენიკო,
გულუბრყვილო რაინდო…
ეს ქვეყანა უკეთური,
კეთილს როგორ დაგინდობს.
ეს ქვეყანა გულცივია,
სითბოს ვერ გიწილადებს…
წყვდიადს როგორ გაანათებს,
მაგ თვალების სინათლე.
რაც არ უნდა ცრემლი ღვარო,
ამ ურიცხვი განძითაც…
შენ სიყვარულს ვერ იყიდი,
სიყვარული გაძვირდა…
შენ სიმართლეს ვერ იპოვი,
ამ სოფელში, იცოდე…
ობოლსა და მშიერ-მწყურვალს,
არვინ არ შეგიცოდებს…
ამ ქალაქშიც ყველას თვისი,
გასაჭირი ეყოფა…
გულში არვინ ჩაგიხუტებს,
უღალატო მეგობარს.
საით, ჩემო დომენიკო,
გულნამცეცა, გულდიდავ…
საით, ბიჭო, აფრენილო,
მარტოობის ბუდიდან.
ბოროტმა არ გივერაგოს,
ავსულმა არ გაგთვალოს…
საით, ნათლით შემოსილო,
უფლის მადლით გამთბარო.
როგორც იქნა, გაგეღიმა,
მიეჩვევი ღიმილსაც…
ტერფს გისუსხავს ცივი მიწა,
თვალებს გილბობს თბილი ცა…
სხვას აღმერთებს შენი სატრფო,
უკვე დიდი ხანია…
გაფრენილან ოცნებებიც
როგორც ანა-მარია…
თუმც ვერასდროს ვეღარ დათმობ,
თვალხილული იმ ერთას…
გულის ფსკერზე გისვენია,
სიყვარული იმედად.
თურმე იყო საარაკო,
დღეს სადღაა არაკი…
საით მიდის ქარავანი,
შენი ლამაზ-ქალაქის.
აქ სხვა ხალხი ზარ-ზეიმობს,
სხვა ფიქრით და ოცნებით…
აღარც ყარაჩოღელი ჩანს,
აღარც ძველი მგოსნები.
ქათქათა და მართალია,
ზეცა უკიდეგანო…
მეშინია, შეუბღალავს,
მტერი არ მიეკაროს.
არ ყოფილხარ არასოდეს,
ართვალი და ჯაბანი…
ვით ბერმუხა წინაპრები,
ბრძენი პაპის-პაპანი…
რაღას იზამ, უიღბლობა,
გულმართალთა ხვედრია…
როგორც ჩუმი პილიგრიმი,
ვერ მოიშლი ხეტიალს.
გზა- სავალი არ ილევა,
ლამისაა დამუნჯდე…
ოხვრით მზერას გააყოლებ,
იავარქმნილ საუნჯეს…
ღირსეულად უნდა ვლიდე,
რადგან უფლის კაციხარ…
თიხისაგან მოზელილი,
რომ მიიქცე კვლავ თიხად.
შუბლი ქარებს მიუშვირე,
მამის ნაამბორალი…
თუ გააღწევს, ნეტა ლეთას,
შენი ბედის ბორანი.
გაადალახე რუბიკონი,
გაარღვიე ტინები…
იობივით წამებულიც,
ბედს ნუ აუტირდები.
რასაც ღმერთი არ ისურვებს,
არ იქნება აროდეს…
გინდა, ღვთისგან ბოძებული,
მცირედითაც ხარობდე.
საით, ჩემო დომენიკო,
გულუბრყვილო რაინდო…
ეს ქვეყანა უკეთური,
კეთილს როგორ დაგინდობს.
…მყუდრო არის შენი ბინა,
შენი ფიქრის სენაკი;
თუმც დაგყვება მზვერავივით,
ტანჯვა და ფათერაკი.
მტერი… მტერი იუდაა,
გამცემი და ვერაგი…
ტანს გისუსხავს ცრემლებისგან,
დაკემსილი პერანგი.
უნდა მარცვლო ნება-ნება,
სიტყვის კრიალოსანი…
და შეწირო ღმერთს მადლობა,
ვედრებით და ოსანით.
თვალს გაახელს ალიონი,
როგორც ბავშვი აკვანში…
და ცხოვრების ვრცელ ბიბლიას,
სასოებით გადაშლი…
აენთება ჩირაღივით
შენი ედელვაისი…
სულშიც წამით დაივანებს,
იმედი და ხალისი.
ბედი ისე გათამაშებს,
ვით ზღვა სავსე კიდობანს…
ნეტა მართლა რას გვიქადის,
ცოდვის ეს წყალდიდობა.
ეს ქვეყანა უკეთური,
კეთილს როგორ დაგინდობს…
საით, ჩემო, დომენიკო,
გულუბრყვილო რაინდო.

***

მხიარული რთველი

(ეძღვნება ჩემ თანაკურსელებს…)

შენ გამახსენე მანავი,
ჩემო, დაბახიშვილო…
გულგაღეღილი მარანი
და გულჩინჩხალა ღვინო…
აცეკვებული წალამი,
აცრემლებული მწვადი…
შენ გამახსენე, მანანა,
ის ლაღი წელიწადი…
ოქროცურვილი სოფელი,
მზე შემოდგომის მადლი…
შენი ალალი მშობლები
და მოფერება მათი…
ზვარს შესეული ბიჭები,
მერცხალა გოგონები…
ახლა ქვევრივით ვივსები,
ლამაზი მოგონებით…
მზეზე მბრწყინავი ცვარ-ნამი,
კახეთის ცა და რთველი…
შენ მომანატრე მანავი
და სტუდენტობა ჩვენი…

2010 წ. 10 აგვისტო

***

ოდა ოდას!

(მეგრული სიმღერის მოტივზე; ციკლიდან: ,,სოფლის ჩანახატები’’)

მე რაც ახლა მაბადია,
ან აქამდე რაც კი მქონდა…
მირჩევნია ნაბადივით
გათელილი ძველი ოდა…
იმ ოდაში სხვანაირი
სიყვარული ნადიმობდა…
და ბაბუას მარანივით,
მხიარული იყო ოდა…
ბაბაჩია მერეკელა,
ვარსკვლავებით იცინოდა…
ბარბანჩია იყო კერა
და გულთბილი ჩემი ოდა…
ბირკული რო ბირკულობდა,
ბოკონი რო ბოკონობდა…
სიბერითაც დიდგულობდა
და როკივით იდგა ოდა…
სხვანაირი წვიმა წვიმდა,
სხვანაირი ქარი ქროდა…
იმ პატარა აივნიდან,
თვალი ცისკენ გამირბოდა…
დაბზარული კრამიტიდან,
ალიონი იღიმოდა…
ჭირვეული ამინდივით
მოქუფრულიც მახსოვს ოდა…
წლებისაგან ფერწასული,
ჟამმა აღარ შეიცოდა…
იმ ოდიდან მე წარსულის
მონატრება მეძახოდა…
ის სიმღერაც ყურში ჩამრჩა:
,,ჰოუ, ნანა, ჩქიმი ცოდა’’…
სადღა არი ჩამიერი,
ბაბუშული ძველი ოდა…

2010 წ. 12 ივლისი

***
საით მიერეკება
ზედაზნიდან ქარი
ღრუბლებს…ან ეს ღრუბლებიც,
საით მიიჩქარის…
სხვის ცაში არ იქროლო,
ჩემი ზეცის ქარო…
სხვის მიწაზე ვინ ხარობს,
შენ რომ გაიხარო…
ჩემი ზეცის ღრუბლებო,
ზედაზენზე დარჩით…
და ზეციურ მხედრობას,
წარუძეხით მარშით…
ჩემო ზღვავ და ხმელეთო,
თუ არ მოგიარე…
ბობოქარი ჩაგითრევს,
ბოლოს ოკეანე…

2010წ. 29 ივლისი

***

მიპატიჟება

(ციკლიდან ,,სოფლის ჩანახატები”)

წამო, განახო, ჩემი პალური,
ბავშვობა-აქვე გადამალული…
ჩემი ნერჩი და ჩემი სავანე,
მე რო ნიადაგ ზრუნვას მავალებს…
წამო, განახო ვრცელი ცარგვალი
და ჩაგახუტო ნაღდი მარგალი.
განახო ცის და მიწის კავშირი,-
კავკასიონი ლაღად გაშლილი…
წამო, შევახტეთ ცხენებს უბელოს,
მშობლიურ კერას სული ვუბეროთ…
განახო ტყის და ყანის შრიალი
და ვარსკვლავების იალ-კიალი…
გავშალოთ ტაბლა ლაზათიანი,
ვიკითხოთ ლადო ასათიანი…
მამისეული ვწრუპოთ ადესა,
მერე ენგურზე გავშლით ბადესაც…
განახო, რაც არ გქონდა ნანახი,
როგორ მოჰყვება ბადეს კალმახი.
როგორ თენდება…როგორ ღამდება…
რა მიხარია და მენატრება…
წამო, განახო ჩემი აკანი,
ვიგრძნოთ სურნელი სათიბ-სამკალის…
მოგასმენინო მამლის ყივილი
და ბეღურების ჟივილ-ხივილი…
მოგასმენინო შაშვის გალობა,
განახო, ღმერთმა, რაც გვიწყალობა…
განახო, თუ სად მედგა ჯარგვალი,
სად საზედაშე თვლემდა ლაგვანი…
განახო მზის და მთვარის ქორწილი,
სახლი ალალი და დალოცვილი.
რაც არ გინახავს, წამო, განახო,
მინდვრად ნახირი როგორ ბალახობს.
განახო, ფურებს როგორ წველიან,
დედის ხელებს რომ მიწის ფერი აქვს…
განახო ყველი, თოთო ბავშვივით,
სვენებ-სვენებით ამოყვანილი…
მე რომ ამ ლექსის წერას მკარნახობს,
წამო, მთა-ბარი ჩემი განახო…
და წალენჯიხა, რითაც ამაყობს,
ჩემი გულუხვი ხალხი განახო…

2010 წელი, 15 ივლისი

***

ციკლიდან ,,სოფლის ჩანახატები”

ამ შარაზე გაუვლია ჩემ ბავშვობას,
და მართალი პოეზიაც ზეცამ შობა…

მზე ხომ დედა არის ჩემი, მთვარე-მამა,
ვარსკვლავების სიყვარული გულით დამაქვს…

ჭიშკარი რომ გაიღება, ეზო მღერის,
მეხუტება მოჯგირე და მეზობელი.

მეზობელო, თვალის ჩინო და სინათლევ,
თავანკარა წყაროსავით მოგინატრე.

შემომხედე, სიხარულის ცრემლი მცვივა,
სიყვარულით სნეული და აცრილი ვარ.

მამლის ყივილს ჩააბოხებს ძაღლის ყეფა,
ოდაბადემ შემაყვარა მე ცხოვრება.

ფეხშიშველას მირბენია ამ მდელოზე,
ამ ზეცაში ვნახულობდი ანგელოზებს.

ცას ასწყდება ვარსკვლავები, როგორც ღილი,
ჩემი ფუძის ანგელოზიც აქ მიღიმის.

მარწყულებდა ჭის წყალი და წყარო ცივი,
ოდაც მედგა უფლისაგან დალოცვილი.

მოხუცივით ირწეოდა ძველი ოდა,
მღეროდა და სვდიანიც იღიმოდა.

ნეტა, როდის დამთავრდება ჩემი შარა,
ვერ ვიხილო, რაც ბავშვობამ შემაყვარა.

2010 წ. 21 ივლისი

***
სევდასადმი

შენ სამუდამოდ ჩემთან დარჩები
და ძველმანივით გაგანიავებ…
მე ჩემსას გეტყვი და შენც ბავშვივით,
გამაკვირვე და რამე მიამბე…

მიამბე, როგორ მარტოა იგი,
ერთურთი როგორ დავიმეგობრეთ…
როგორ თარეშობს წყეული ფიქრი
და გვაყაჩაღებს, როგორც მეკობრე…

ვიქნებით ასე მომთმენიც, მშვიდიც,
ერთმანეთი ხომ ღმერთმა გვარგუნა…
არ შეკრთე, როგორც უმწეო ჩიტი,
აღარ დაგაფრთხოს გულის ბრაგუნმა.

ამ ცისქვეშეთში ყველანი ვცოდავთ,
განსჯიან ბოლოს ცოდვილს და მართალს…
ჩვენ ყველაფერი ვიკმაროთ ცოტა,
სიყვარულის და სიცოცხლის გარდა…

2010 წ. 25 ივლისი

***
ჩემო წალენჯიხა

სხვა სული გაქვს და სხვა ფერი, სხვანაირად მელი…
ალიონზე მაფშალია სხვანაირად მღერის…
სხვა მზე გათბობს… სხვანაირი იცი წვიმაც, ნისლიც…
სხვანაირი ფერება და სიყვარული იცი…
სხვანაირი მასპინძელი გამიოცებ სტუმარს,
გულს გაუღებ, როგორც ჭიშკარს, ჩაიხუტებ უმალ…
მამაპაპურ ტაბლას გაშლი, იმ დალოცვილ ტაბლას,
არ იკმარებ ქაცარსა და ჩამოკიდებ ქაბლას…
აგვამღერებ,აგვაცეკვებ და აგვაფრენ მაღლა,
დარდს და წუხილს გაგვიქარვებ, დაგვავიწყებ დაღლას…
სამცაცხვიდან სხვანაირი გეფინება მადლი,
ფეხშიშველა მაცხოვარი თეთრ ღრუბლებზე დადის…
სხვანაირი მერეკელა, ზეცა ლაკადური,
სხვანაირად მორაკრაკე შენი ნაკადული…
სხვანაირი ენგური და სულ სხვა ჭანისწყალი,
სხვანაირი გუთნისდედა, ქედგამწევი ხარი…
სხვანაირი ოდაბადე, სხვა მიწა და კერა,
სხვანაირი ბავშვობა და ჩემი ბედისწერა…
გენთოს, როგორც კელაპტრები, შენ ხომ ტაძარიც ხარ,
ჩემი ლექსის სტრიქონები, ჩემო წალენჯიხა.

თბილისი

16 ივნისი, 2011 წ.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button