ახალ გააზრებათა თანამედროვე მცდელობანი
ღეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე რომ გაბატონებულან. ის, რასაც შეუცვლელად ვთვლიდით, დაიკარგა და სამუდამოდ განადგურდა, მის ადგილას რაღაც გაუგონრად ახლის გაჩენაზე ვოცნებობთ.
ცივილიზებული სამყაროს უდიდესი ნაწილისათვის განადგურდა და დაიკარგა ყველანაირი ცხოვრებისეული წესრიგის, კულტურისა და ზნეობრიობის ორივე ფუნდამენტი: რელიგია და ტრადიცია. ამ უკანასკნელის დაკარგვას ყველა მშვიდი დამკვირვებელი ულაპარაკოდ აღიარებს. ჩვენს ცხოვრებას ერთიანად აკლია ტრადიცია, ტრადიციულად გადმოცემული, გაღვთაებრიებული, დაუწერელი შეთანხმება იმის თაობაზე, რაც ადამიანთა შორის წესად და მართებულობად შეიძლება ჩაითვალოს.
თუ ამ დანაკარგის ძირითადი მიზეზი რელიგიის ფორმათა უკუსვლაში, ეკლესიის ავტორიტეტის განადგურებაშია საძიებელი, – ცხოვრებაში მიმდინარე გარეგანმა ცვლილებებმა, პირველ რიგში კი ტექნიკის საშუალებით ცხოვრებისა და ადამიანური შრომის მექანიზაციამ არანაკლები წვლილი შეიტანა ამ ამბავში. ფაბრიკის მუშამ შეუძლებელია თავისი გლეხი წინაპრების წეს-ჩვეულება დაიცვას, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
საკმარისია პატარა მოგზაურობა, რათა წეს-ჩვეულებათა დამხობაში ცოცხალი მაგალითებით დარწმუნდე. ყველაგან, სადაც კი ინდუსტრიალიზაცია ჯერ ჩანასახობრივ სტადიაზეა, სადაც გლეხური და წვრილქალაქური ტრადიცია უფრო ძლიერია, ვიდრე ტრანსპორტისა და მუშაობის თანამედროვე ფორმები, იქ ეკლესიათა ძალაუფლება და გავლენაც ძლიერია, და სწორედ ყველა ამ ადგილას ვხვდებით მეტ-ნაკლებად გაუნადგურებელს იმას, რასაც ოდესღაც წეს-ჩვეულება ერქვა. აი, ამგვარ “ჩამორჩენილ” მხარეებში ჯერ კიდევ ვპოულობთ მოქცევის, მისალმების, საუბრის, საზოგადოებრივი დასაფეხურების, დღესასწაულების, თამაშების ფორმებს, რომლებიც დიდი ხანია დაიკარგა თანამედროვე ცხოვრებაში. დაკარგული წეს-ჩვეულების სუსტ შემცვლელად დღევანდელ საშუალო ადამიანს აქვს მოდა. მოდა აწვდის ადამიანს სეზონიდან სეზონამდე, ყოვლად აუცილებელ რეცეპტებს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, სტყორცნის მოდურ გამოთქმებს, კვიმატობებს, ცეკვებს, მელოდიებს – სულ არაფრობას ალბათ სჯობია, მაგრამ წმინდა წყლის ყოფითი და წარმავალი ღირებულებებია. აღარ არსებობს სახალხო თამაშები, არამედ – სეზონის მოდური მასლაათი; აღარ არსებობს ხალხური სიმღერა, არამედ – უკანასკნელი თვის შლაგერი.
რაც საშუალო ადამიანისთვის წეს-ჩვეულებაა, ანუ გულის გამახარი და მოხერხებული სვლა ტრადიციისა და კონვენციის წინამძღოლობით, ის უფრო ღრმა ადამიანური მოთხოვნილებისათვის არის რელიგია და ფილოსოფია. ადამიანს მხოლოდ იმის მოთხოვნილება როდი აქვს, რომ წეს-ჩვეულებებში, ტანისამოსსა და საუბარში, სპორტსა და ტრადიციაში რაღაც ვარგისი, სანიმუშო ფორმა, რაღაც იდეალი, – თუნდაც ეს მოდის ერთდღიანი იდეალი იყოს – მართავდეს და მიუძღვებოდეს. თავისი არსის უფრო ღრმა შრეებში ადამიანი იმის მოთხოვნილებასაც გრძნობს, თავის საქმიანობასა და მცდელობებში, თავის ყოფიერებაში, ცხოვრებასა და სიკვდილის გარდუვალობაში რაღაც აზრი დაინახოს, იგი ესწრაფვის, იხილოს, რომ მისი ქმედება და მისწრაფება მხოლოდ წამიერი სარგებლობიანობით კი არ არის მართული, არამედ რაღაც ღრმა აზრითაა გამართლებული, მაღალი იდეალითაა გაბრწყინებული და გამოწვეული. ეს რელიგიური და მეტაფიზიკური მოთხოვნილება, ისეთივე ძველი და მნიშვნელოვანი, როგორც ჭამის, სიყვარულის, ჭერის მოთხოვნილებაა, უზრუნველყოფილ, დაცულ და მშვიდ ეპოქებში ეკლესიისა და წამყვან მოაზროვნეთა სისტემების საშუალებით კმაყოფილდება. დღევანდელის მსგავს პერიოდებში თავს იჩენს საყოველთაო მოუთმენლობა და გულისგატეხა როგორც ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობათა, ასევე სწავლულ-ფილოსოფთა მიმართ; და უსასრულოდ დიდია ახალ ფორმულირებათა წყურვილი. ამ ნიშნითაა აღბეჭდილი ჩვენი დროის სულიერი ცხოვრება: ნამემკვიდრევი სისტემების შესუსტება, ადამიანური ცხოვრების ახალ განმარტებათა შმაგი მცდელობა, ურიცხვი ხალხმრავალი სექტის აყვავება, წინასწარმეტყველების, საკრებულოთა დამფუძნებლების ამოფრქვევა, კარგად ნაპატიები ცრუმორწმუნეობის ზრდა-განვითარება, რადგანაც არასულიერ, ზედაპირულ, აზროვნებისაგან განმდგარ ადამიანსაც შენარჩუნებული აქვს ის უძველესი მოთხოვნილება, იცოდეს თავისი ცხოვრების აზრი და როდესაც იგი ამ აზრს ვეღარსად პოულობს, მაშინ ნადგურდება წეს-ჩვეულება, და კერძო ცხოვრება ველურად მზარდი ეგოიზმითა და ზეაღმავალი სიკვდილის შიშით მართული ხდება. ყველა ეს ნიშანი ადვილი ამოსაცნობია იმისთვის, ვისაც დანახვა სურს, – სანატორიუმებში, ყოველ საგიჟეში, იმ მასალაში, რასაც ყოველი დღე აწვდის ფსიქოანალიტიკოსებს.
მაგრამ ჩვენი ცხოვრება ეს არის უწყვეტი ქსოვილი განუხრელი აღმა და დაღმა სვლისა, დაქვეითებისა და ხელახლა ქმნისა, დაცემისა და აღდგომისა, და ჩვენი კულტურის გაპარტახების სავალალო ნიშნებს უპირისპირდება სხვა, უფრო ნათელი ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებენ მეტაფიზიკური მოთხოვნილების ახალ გამოღვიძებაზე, ახალი სულიერების აღმოცენებაზე, ჩვენი ცხოვრებისთვის ახალი აზრის მინიჭების ვნებიან მცდელობაზე. თანამედროვე პოეზია სავსეა ასეთი ნიშნებით, და არანაკლებ – თანამედროვე ხელოვნება. მაგრამ დაღმავალი კულტურის ღირებულებათა ერზაცის მოთხოვნილება განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება რელიგიურობისა და თემების ახალ ფორმათა მოთხოვნილების სახით. და აქ რომ არ იგრძნობა ნაკლებობა უგემოვნო და მყვირალა, უვარგისი და საშიშიც კი ერზაცის ფორმებისა, – ესეც თავისთავად ცხადია. თვლა აღარა აქვთ ნათელმხილველებსა და რელიგიის დამაარსებელთ, შარლატანები და ცრუპენტელები წმინდანებად ცხადდებიან, პატივმოყვარეობა და მომხვეჭელობა შმაგად დააცხრა ამ ახალ, მრავლისაღმთქმელ სფეროს – მაგრამ სასაცილო და გულსაკლავმა გვერდითმა მოვლენებმა თავგზა არ უნდა აგვიბნიოს. თავისთავად ეს სულის გამოღვიძებაა, ველური ძალები ღმერთის ახალი მონატრებისა, ომითა და გაჭირვებით გაღვივებული ციებ-ცხელება, სასწაულებრივი ძალისა და ცეცხლოვანების შემცველი მოვლენა, – რისი საკმარისად სერიოზულად აღქმა არ შეგვიძლია. იმ გარემოებამ, რომ ამ ძლევამოსილი, სულიერი მონატრების ნაკადის გვერდით, მრავალი ყოჩაღი საქმოსანიც დაფუსფუსებს, რელიგიის ბიზნესი რომ წამოუწყიათ, ხელი არ უნდა შეგვიშალოს შევიცნოთ ამ მოძრაობის სიდიადე, ღირსება და მნიშვნელობა. უამრავი ფორმითა და განშტოებებით, გულუბრყვილო სპირიტუალიზმიდან ნამდვილ ფილოსოფიურ სპეკულაციამდე, პრიმიტიული, საბაზრო რელიგიური ერზაცებიდან ცხოვრების ნამდვილად ახალი განმარტების წინათგრძნობამდე, – მიიგრაგნება ეს გოლიათური ნაკადი მთელ დედამიწაზე და მოიცავს ამერიკული ჩჰრისტიან შციენცე-ს და ინგლისურ თეოსოფიას, მაზდეანობასა და ახალ სუფიზმს, შტაინერის ანტროპოსოფიასა და ასობით მსგავს აღმსარებლობას. ეს ნაკადი დედამიწის ირგვლივ დაატარებს გრაფ კაიზერლინგს და მიჰყავს იგი დარმშტატულ ცდებთან, უგროვებს მას ისეთ სერიოზულ და მნიშვნელოვან თანამშრომლებს, როგორიც რიხარდ ვილჰელმია, და ამის გვერდით წარმოშობს სულთამხილავთა, გლეხების გამომჭერთა და მასხარათა მთელ ჯარს. მე ვერ გავბედავ, გავავლო ზღვარი ერთის მხრივ, ჯერ ისევ საკამათო და მეორეს მხრივ, უკვე გროტესკად ქცეულ მოვლენებს შორის, მაგრამ თანამედროვე საიდუმლო ორდენების, ლოჟების, ძმობათა აშკარად საეჭვო დამფუძნებლების, ამერიკული მოდური რელიგიების თამამ ზედაპირულობათა, უდრეკი სპირიტისტების უაზრობათა გვერდით ვხედავთ განსაცვიფრებელ მიღწევებსაც, როგორიც, მაგალითად, წმინდა ბუდისტური ტექსტების ნოიმანისეული, დიდი ჩინელების რიხარდ ვილჰელმისეული თარგმანებია. ასევე ლაო-ძის მოულოდნელი დაბრუნების დიდებული ფაქტი, ლაო-ძისა, საუკუნეთა მანძილზე ევროპაში უცნობი რომ იყო და უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ურიცხვი თარგმანის სახით თითქმის ყველა ევროპულ ენაში გამოჩნდა, და თავიც დაიმკვიდრა ევროპულ აზროვნებაში. ისევე, როგორც ესოდენ უცნაური გერმანული რევოლუციის ქაოსსა და აღმაშფოთებელ ვაინაჩრობაში აღმართულია რამდენიმე სპეტაკი, კეთილშობილი, დაუვიწყარი ფიგურა ლანდაუერისა თუ როზა ლუქსემბურგის სახით, ასევე თანამედროვე რელიგიური ექსპერიმენტების ველურ, ამღვრეულ ნაკადში გამოირჩევა რიგი კეთილშობილი სპეტაკი პიროვნებებისა: მაგალითად, ისეთი თეოლოგი, როგორიც არის შვეიცარელი მღვდელი რაგაცი, ან ხანდაზმულობაში კათოლიციზმზე მოქცეული ფრედერეკ ვან ედენი; ისეთი კაცები გერმანიაში, როგორიც განუმეორებელი ჰუგო ბალია, ერთ დროს დრამატურგი და დადაიზმის მთავარი დამაარსებელი რომ იყო, შემდეგ კი ომის მამაცი მოწინააღმდეგე და გერმანული ომის მენტალიტეტის კრიტიკოსი, ბოლოს კი განდეგილი და შემთხზველი საოცარი წიგნისა: “ბიზანტიური ქრისტიანობა”. და ებრაელებიც რომ არ დაგვავიწყდნენ, – მარტინ ბუბერი, ვინც აღრმავებს თანამედროვე ებრაელობის მიზნებს, და ვინც ხასიდიზმის ღვთისმოსაობა, რელიგიათა ბაღის ეს ერთ-ერთი უძვირფასესი ყვავილი თავის წიგნებში გააცოცხლა და ხელახლა გვაჩუქა.
“და მერე” – იკითხავს ზოგი მკითხველი, საით მივყავართ ამ ყოველივეს, რა იქნება შედეგი? რა არის საბოლოო მიზანი? რა საყოველთაო მოვლენას უნდა ველოდოთ ამ ყველაფრისგან? შეუძლია რომელიმე ამ ახალ სექტას მსოფლიო რელიგიად გადაქცევა? აღმოაჩნდება რომელიმე ახალ მოაზროვნეს უნარი, ახალი, დიადი ფილოსოფიის შექმნისა?”
ზოგ წრეში ასეთ შეკითხვებს დადებითად პასუხობენ. ახალ მოძღვრებათა ზოგი მიმდევარი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, გამსჭვალულია სიხარულით, გამარჯვებაში დარწმუნებულ მოწაფეთა განწყობილებით, თითქოს ჩვენი ეპოქის დანიშნულება მესიის დაბადება იყოს; თითქოს ეს ეპოქა მოწოდებული იყოს, ერთი კულტურული პერიოდისთვის სამყაროს ახალი სიცხადეები, ახალი რწმენა, ახალი მორალური ორიენტირები მიანიჭოს. ეპოქის ზოგი მოხუცი, გულგატეხილი კრიტიკოსის შავბნელ, საპანაშვიდო განწყობილებას საწინააღმდეგო პოლუსივით შეესაბამება ახლად მოქცეულთა ახალგაზრდული მორწმუნეობა. და ეს ახალგაზრდული ხმები ბებრულ ბუზღუნზე უფრო საამურად ჟღერს. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მორწმუნეები ცდებიან.
დიახაც გვმართებს, ჩვენი დროის მოწადინებას, ამ მოხეთქილ ძიებას, ამ ნაწილობრივ ბრმადვნებიან, ნაწილობრივ ფხიზელ და გაბედულ ექსპერიმენტებს მოწიწებით შევეგებოთ. გინდაც ყველა მათგანს მარცხი ეწეროს, ისინი მაინც რაღაც უმაღლესი მიზნისკენ მიმართულ, სერიოზულ მცდელობებს წარმოადგენენ. და გინდაც ვერც ერთმა ვერ გაუძლოს დროს, ამ დროში ხომ შეუცვლელ ამოცანას ასრულებენ. ყველა ეს ფიქცია, რელიგიური წარმონაქმნი, ახალი სარწმუნოებრივი მოძღვრება, – ეხმარება ადამიანებს, იცხოვრონ, ისინი ეხმარებიან ადამიანს, მძიმე და საეჭვო ცხოვრება არა მხოლოდ აიტანოს, არამედ მაღალი აზრიც მიანიჭოს და წმინდად შერაცხოს. და ისინი კეთილშობილური სიმულაციის გარდა სხვა არც არაფერს რომ წარმოადგენდნენ, არც ეს იქნებოდა ძალიან ცოტა. მაგრამ ეს მცდელობები ხომ უფრო მეტს, უსასრულოდ მეტს ნიშნავს. ისინი ქმნიან იმ სკოლას, რომლის გავლითაც ჩვენი დროის ელიტამ უნდა იმოძრაოს. რადგან ყოველგვარ კულტურასა და სულიერობას ორგვარი ამოცანა აკისრია: მიანიჭოს ადამიანთა სიმრავლეს სიმშვიდე და იმპულსი, ანუგეშოს ისინი, მათ ცხოვრებას რაღაც აზრი დაუდოს საფუძვლად, – და შემდეგ მეორე, უფრო იდუმალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა: შეაძლებინოს ზრდა უმცირესობას, დიად, ხვალინდელ და ზეგინდელ სულებს, უზრუნველყოს მათი წამოწყებების დაცულობა, მათზე ზრუნვა, მიაგოს მათ ჰაერი სუნთქვისთვის. ჩვენი ეპოქის სულიერება უსასრულოდ განსხვავდება იმ სულიერებისაგან, რომელიც ჩვენ, უფრო ხანდაზმულებმა მემკვიდრეობად მივიღეთ. იგი უფრო მძვინვარეა, უფრო ველური, ტრადიციისგან უფრო დაცლილი, ბევრად უარესად განსწავლული, და მცირერიცხოვანი მეთოდების მფლობელი. მაგრამ მთლიანობაში დღევანდელი სულიერება, მისი ძლიერი მიდრეკილებით მისტიურისაკენ, სულაც არ არის იმ ეპოქის უკეთესად აღზრდილ, უფრო განსწავლულ სულიერებაზე უარესი, როცა ხანშიშესული ლიბერალიზმი და ახალგაზრდა მონიზმი წამყვან მიმართულებებდ გვევლინებოდა. პირადად ჩემთვის, – უნდა ვაღიარო, – დღევანდელ წამყვან მიმართულებათა სულიერება, შტაინერიდან კაიზერლინგამდე, რამდენიმე გრადუსით უფრო რაციონალურიც კია, შედარებით ნაკლებ გაბედული, ნაკლებ ფართო, ნაკლებად მზად იმისათვის, რომ ქაოსში, ქვესკნელში ჩაეშვას და იქ, ფაუსტის “დედებთან” მონატრებულ საიდუმლო მოძღვრებას მიაყურადოს, მოძღვრებას ახალი კაცობრიობის შესახებ. არცერთ დღევანდელ წინამძღოლს, რა გონიერი და განსულიერებულიც უნდა იყოს იგი, არ გააჩნია ნიცშეს დიაპაზონი და მნიშვნელობა, ვის ნამდვილ მემკვიდრეებადაც ჩვენ ჯერ ვერ ვიქეცით. ათასობით ერთმანეთის გადამკვეთი ხმები და გზები ჩვენი დროისა გვიჩვენებენ ერთ ძვირფას საერთო ნიშანს: თავდადების დაძაბულ მონატრებას, განსაცდელიდან აღმოცენებულ ნებას და ისინი ყოველივე დიდის წინაპირობანი არიან.
1926 წ.