Deutsche Bank აამოქმედებს კასტოდიალურ სერვისს კრიპტოვალუტებისთვის
ფინანსური კონგლომერატი Deutsche Bank გეგმავს აამოქმედოს მსხვილ ინვესტორებზე ორიენტირებული, კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი სამეურვეო სერვისი. სიახლე გამომდინარეობს 2020 წლის დეკემბრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშიდან.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ Deutsche Bank Digital Asset Custody-ს პროტოტიპი მიზნად ისახავს იყოს ”სრულად ინტეგრირებული პლატფორმა ინსტიტუციური მომხმარებლებისა და მათი ციფრული აქტივებისთვის, რაც უზრუნველყოფს უპრობლემო ურთიერთქმედებას უფრო ფართო კრიპტო ეკოსისტემასთან”.
ანგარიშში კონკრეტული კრიპტოვალუტები არ არის მითითებული, ნახსენებია მხოლოდ ახალი სერვისის შექმნის მიზანი – „მომხმარებლებისთვის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აქტივების ცხელი და ცივი შენახვის ინსტიტუციური დონის გადაწყვეტილებების შეთავაზება”.
სერვისის ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება. საბოლოო ჯამში იგი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს არა მხოლოდ შეინახონ, არამედ შეიძინონ და გაყიდონ ციფრული აქტივები პრაიმ-ბროკერებისა და საიმედო ბირჟების საშუალებით. ახალი პროდუქტი ორიენტირებულია აქტივების მმართველებზე, საოჯახო ოფისებზე, კორპორაციებსა და კრიპტოვალუტების ფონდებზე.
Deutsche Bank-ის სერვისი უზრუნველყოფს დამატებით მომსახურებებს – საგადახდო დახმარებას, ლენდინგ და სტეიკინგ სერვისებსა და აქტივების მართვას.
Deutsche Bank-ის ციფრული აქტივების მეურვეობის შემოსავლის წყარო იქნება თანხების ფლობის საფასური, მოგვიანებით კი – სავაჭრო და სხვა მოსაკრებლები.
ფინანსურმა გიგანტმა კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულა. მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის გაშვება მოსალოდნელია 2021 წელს და საპილოტე პროექტში მონაწილოებას მიიღებენ მსხვილი კომპანიები.