საკითხავიწერილები

ზურაბ კაკაბაძე – “ბუნების დაცვის ერთი უცნობი ასპექტის შესახებ”

ცნობილია ე.წ. „ეკოლოგიური კრიზისის“ პრობლემა: ინდუსტრიული პროცესების შედეგად ბუნება მეტისმეტ გარდაქმნებსა და, ბოლოს, გადაგვარებას განიცდის ისე, რომ მასში თანდათანობით ისპობა სიცოცხლის ელემენტარული პირობები. ცნობილია აგრეთვე, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ბუნების დაცვის სასარგებლო მოძრაობა აღიძრა. ბუნების დაცვა ინდუსტრიული პროცესების კონტროლირებასა და გონივრულად წარმართვას გულისხმობს. ხოლო იოლი გადასაწყვეტი არაა ის, თუ სახელდობრ რაში უნდა გამოიხატებოდეს ინდუსტრიული პროცესების, ინდუსტრიული პროგრესის გონივრულად წარმართვა. სხვათა შორის, ხშირად საკითხი ზედმეტად გამარტივებულად და გაიოლებულად აქვთ ხოლმე წარმოდგენილი; ფიქრობენ, მაგალითად, საქმეს იმით უშველონ რომ ჰაერისა და წყლის დამანაგვიანებელი საწარმოები, ფაბრიკები და ქარხნები ჰაერისა და წყლის მოხმარების თვალსაზრისით განსაკუთრებულად ვარგისი უბნებისაგან მოშორებით ააშენონ; ამასთან, ავიწყდებათ, რომ თუკი ასეთი საწარმოების მშენებლობის ტემპი არ შენელდა, რამდენიმე ხანში ვერცერთი უბანი, ვერც ვარგისი და ვერც უვარგისი, ვერ დარჩება მათ გარეშე… ზოგჯერ ფიქრობენ საქმეს ჰაერისა და წყლის გამწმენდი და, საერთოდ, ინდუსტრიული პროცესების საზიანო შედეგების გამანეიტრალებელი ტექნიკური საშუალებების, აპარატების გამოგონებითა და დანერგვით უშველონ – ავიწყდებათ, რომ მოსალოდნელია, თვითონ ამ ახალ ტექნიკურ საშუალებებს, აპარატებს აღმოაჩნდებათ, თავის მხრით, გაუთვალისწინებელი სახიფათო შედეგები… ინდუსტრიული პროცესების გონივრულად წარმართვა და, ამგვარად, ბუნების დაცვა ერთობ რთული საქმეა და იგი ბევრად უფრო რადიკალურ ღონისძიებებს მოითხოვს, ვინემ ზოგჯერ წარმოგვიდგენია. ასეთი რადიკალური ღონისძიების სახით ხშირად ასახელებენ ინდუსტრიული პროგრესის შეკვეცასა და შენელებას, რისთვისაც სხვადასხვა გზას მიუთითებენ ხოლმე. ფიქრობენ, მაგალითად, რომ აუცილებელია ინდუსტრიული პროგრესის პირობებში ხელოვნურად შექმნილ საჭიროებათა მხილება და, ამგვარად, შესაბამის ხელოვნურ მოთხოვნილებათა ნეიტრალიზება. ამასთან განმარტავენ კიდევაც, თუ სახელდობრ რა იგულისხმება ხელოვნურად შექმნილ საჭიროებებში და განმარტებული ილუსტრაციის სახით, მაგალითად, ასეთ ანეკდოტს მოგვითხრობენ: ერთ პატარა ქალაქში მოქალაქეები მოკლებული იყვნენ საკუთარ ავტომანქანებს, ისინი მაინცდამაინც არცა გრძნობდნენ საამისო საჭიროებას, ვინაიდან მანძილების შედარებითი სიმცირის გამო მისვლა-მოსვლას ფეხითაც იოლად ახერხებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ დიდი ქალაქიდან ინდუსტრიული პროგრესისა და, სახელდობრ, ავტოქარხნის მშენებლობის იდეა შემოიტანა. იდეა გავრცელდა და, ბოლოს, განხორციელდა კიდევაც – ქალაქში ავტოქარხანა ააშენეს, ამას, გასაგებია, თან მოჰყვა ქალაქისა და მასში სამოძრაო მანძილების ზრდა. რამაც, თავის მხრივ, მოქალაქეებისათვის საკუთარი სწრაფმავალი ტრანსპორტის საჭიროება წარმოშვა. რამდენიმე ხანში დიდი ქალაქიდან ავტოქარხნის მასშტაბის ზრდის იდეა იქნეა შემოტანილი; ქარხანა გაიზარდა და, მასთან ერთად, გაიზარდა ქალაქი, გაიზარდა მასში სამოძრაო მანძილები. ამან, თავის მხრით, გაზარდა საკუთარი ავტომანქანის ყოლის საჭიროება – აქამდე თუ ოჯახში ერთი საერთო მანქანა კმაროდა, ახლა ოჯახის თითოეულ წევრს ცალკე მანქანა დასჭირდა… ასე ხელოვნურად, ავტომანქანების წარმოების შედეგად, იქნა ნაწარმოები მათი საჭიროება.

ანეკდოტი ანეკდოტია, ხოლო ერთი რამ ცხადია: ხელოვნური ნივთების წარმოების ზრდა ხშირად ქმნის ამ ნივთების საჭიროებას; ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამა თუ იმ ნივთის საჭიროება მხოლოდღა ინდუსტრიული პროპაგანდის მეოხებითაა წარმოქმნილი და, ამგვარად, ფიქტიური, მოჩვენებითი ხასიათისაა.

ამასთანავე ფიქრობენ, რომ ხელოვნური საჭიროებებისა და შესაბამისი მოთხოვნილებების წარმოქმნის ნეიტრალიზება საკმარისი არაა ბუნების ზედმეტი გარდაქმნებისა და, ამგვარად, მისი გადაგვარების ასარიდებლად; რომ საამისოდ კიდევ აუცილებელია, რათა კაცობრიობამ ბუნებრივ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ბუნების ძალებისა და მოვლენების, პროცესების არსებითი და რადიკალური გარდაქმნების გარეშე გამოყენება ისწავლოს; გულისხმობენ, რომ ასეთი გამოყენების შესაძლებლობები ბუნებაში დაუშრეტელია…

შესაძლოა, სადავო იყოს ზემოდასახელებული მოსაზრებები შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალის თაობაზე, ხოლო ერთი რამ ცხადია: კაცობრიობა მხოლოდ მაშინ შეძლებს ინდუსტრიული პროცესების გონივრულად წარმართვას და, ამგვარად, ბუნების დაცვას, თუკი თავდაპირველად მთელი თავისი სიგრძე-სიგანით გაითვალისწინებს ბუნების გარდაქმნებისა და გადაგვარებისაგან წარმოქმნილ ხიფათს და თუკი ამ ხიფათის დაძლევისათვის ბრძოლის საკმარისი პათოსით გაიმსჭვალება.

ხსენებული ხიფათი, სხვათა შორის, ერთ შედარებით უცნობსა და ფარულ ასპექტს შეიცავს, რომლის გამომჟღავნება და გაცნობიერება, საფიქრებელია, საგრძნობლად გააძლიერებს ბუნების დასაცავად აღძრულ მოძრაობას…

კაცობრიობისათვის სრულიად არ კმარა ელემენტარულ დონეზე სიცოცხლე და, მაშასადამე, სიცოცხლის ელემენტარული პირობების შენარჩუნება; მას აგრეთვე კულტურის შენარჩუნება და განვითარება სჭირდება.

ხოლო კაცობრიობის კულტურის შენარჩუნება და განვითარება ეროვნულ კლუტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს. ეს რომ ასეა, ამაში, სხვათა შორის, იოლად შეგვიძლია დავრწმუნდეთ: დავიწყოთ კულტურის უდაბლესი ფენიდან – კერძის მომზადების კულტურიდან; გავიხსენოთ, ვთქვათ, ქართული საცივი, რუსული ბლინები, იტალიური სპაგეტი და სხვ. წარმოვიდგინოთ, რომ ხსენებული კერძები ისე „შეერწყნენ“ ერთმანეთს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული, თავისებური გემო დაჰკარგეს და მხოლოდღ ერთმანეთისაგან განუსხვავებელი საერთო, „საშუალო“ გემო შემორჩათ – აშკარაა, რომ ეს „საშუალო“ კერძი ბევრად უფრო უგემური აღმოჩნდება დასახელებულ კერძებთან შედარებით და ვერასგზით ვერ აანაზღაურებს მათს თავისებურებებს… ყოველივე ეს, კიდევ უფრო მეტის ძალით, ითქმის კულტურის ფენებზე; კაცობრიობისათვის, რა თქმა უნდა, აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება, ვთქვათ, ქართული რუსული და ნეაპოლიტანური ხალხური სიმღერების განუმეორებელი თავისებურებანი რომ დაიკარგოს და მხოლოდღა ის შემოგვრჩეს, რაც მათ შორის საერთო და „საშუალოა“…

სავსებით აშკარაა, რომ ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის წაშლა და დაკარგვა, მათი ნიველირება, ანუ ერთ საერთო „საშუალო“ კულტურად შერწყმა კაცობრიობის კულტურის უკიდურეს გაღარიბებასა და, მაშასადამე, აუნაზღაურებელ ზარალსა და დანაკლისს მოასწავებს; ხოლო ამ თავისებურებებისა და სხვადასხვაობის შენარჩუნებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობასა და ფაქტორს ბუნებრივ გარემოთა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის დაცვა შეადგენს.
საქმე ისაა, რომ ბუნება, ბუნებრივი გარემო, თუ გნებავთ უბრალოდ ლანდშაფტის დონეზე, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მასში საუკუნეთა განმავლობაში მცხოვრები ხალხის ხასიათისა და კულტურის თავისებურებათა ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ეს რომ ასეა, ამაში იოლად დავრწმუნდებით, როცა ბუნებრივი გარემოსა და მასში მობინადრე ხალხის კულტურის თავისებურებათა შედარებით განხილვას მოვახდენთ.

ბუნება რამდენადმე სხვადასხვაგვარია საქართველოს ფარგლებს შიგნით და, ამის შესაბამისად, რამდენადმე სხვადასხვაგვარია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. როცა კახეთში ჩახჩახა მზით განათებულსა და მკვეთრად გამოკვეთილს, ცისაკენ ამაყად მზირალს, მხრებმაღალსა და ძვალმაგარ კავკასიონის მთებს შევყურებ, ასე მგონია, კახურ „მრავალჟამიერს“ ვისმენ. ხოლო იმერეთში „დაბინდულ ქლიავის ფერი“ მთების ხილვისას რამდენადმე სხვაგვარი მელოდია მომესმის – ნაკლებად მკვეთრი და „ჩახჩახა“, ნაკლებ შემართული, რიხიანი და ომახიანი, უფრო რბილი, ნიუანსობრივი, ნახევარ ტონებში ნათქვამი, ლირიული…

„დაბინდულ ქლიავის ფერი“ მთების გახსენებისას გალაკტიონის პოეზია გაგვახსენდება – სხვათა შორის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მხატვრული სახე გალაკტიონს ეკუთვნის, არამედ აგრეთვი იმიტომაც, რომ ასეთი მომეტებულად მისი ლირიკის „ფერები“: ბინდდაკრული, მიმქრალი… ხოლო ამისაგან გასხვავებით გიორგი ლეონიძის ლექსი, კახეთის პეიზაჟის შესაბამისი, მკვეთრი, ჩახჩახა „ფერისაა“…

ერთობ საგრძნობი და ხელშესახებია გურული ლანდშაფტისა და სიმღერების ურთიერთშესაბამისობა: მწვანედ აქოჩრილ, ხუჭუჭა მთებსა და გორაკებზე მკვირცხლად „მორბენალი“, მიხვეულ-მოხვეული ბილიკები და ნაკადულები, შესანიშნავ ვიზუალურ ფონს ქმნიან კრიმანჭულიანი სიმღერებისათვის…

ყოველივე ამის შემდეგ ერთბაშად ტიპიური რუსული სიმღერები რომ გავიხსენოთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვეკარგება გურული და, საერთოდ, ქართული პეიზაჟი და მისა დგილს ვცეული, უბოლოო რუსული ტრამალი, სტეპი დაიკავებს.

ამ სახელდახელო მინიშნებების მიხედვითაც საკმარისად ნათელი უნდა იყოს ბუნებისა და მის წიაღში საუკუნეთა მანძილზე მცხოვრები ხალხის ხასიათისა და კულტურის თავისებურებათა შორის შინაგანი კავშირი. რა თქმა უნდა, ერის ხასიათისა და კულტურის თავისებურებათა ჩამოყალიბებას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს და, მაშასადამე, ბუნება, ბუნებრივი გარემო ამ მხრივ ერთადერთი არაა; მაგრამ ისიც ცხადია, რომ იგი ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა ვიგულვოთ. უდავოა, რომ სხვაგვარია იმ ხალხის ხასიათი და კულტურა, ვისაც მთების გარემოცვაში უცხოვრია და სხვაგვცარი – იმ ხალხისა, ვისი ბინაც საუკუნეთა მანძილზე თვალუწვდენელი ტრამალები ყოფილა. ასევე, სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენენ სწრაფი და მდორე მდინარეები მათ ნაპირას მცხოვრები ხალხის ხასიათსა და კულტურაზე და ა.შ. და ა.შ.
ხოლო რახან ასეა, რახან ბუნების სხვადასხვაობა კულტურათა სხვადასხვაობას განაპირობებს, რახან ბუნების თავისებურება მის წიაღში მცხოვრები ხალხის ხასიათისა და კულტურის თავისებურებას განსაზღვრავს, ნათელი უნდა იყოს, რომ ბუნების, ბუნებრივი გარემოს გადაგვარება შესაბამისი ხალხის ხასიათისა და კულტურის, მისი ეროვნული სახის გადაგვარებას მოასწავებს. თუკი, მაგალითად, მოხდება ისე, რომ თავაშვებული, უკონტროლო ინდუსტრიული პროცესების შედეგად მთები ტრამალებად „ჩამოქვეითდებიან“, ხოლო სწრაფ მდინარეებს, ვთქვათ, ელსადგურებით მოთოკავენ, „დაიმონებენ“ და დაამდოვრებენ და ა.შ. თუკი, ინდუსტრიის ერთგვაროვანი მოთხოვნების თანახმად, ბუნება ბოლოს და ბოლოს, ერთგვაროვან სახეს მიიღებს, მაშინ თანდათან წაიშლება და დაიკარგება ეროვნულ კულტურათა თავისებურებანი და სხვადასხვაობა…

ხოლო ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის წაშლა და დაკარგვა, როგორც ვთქვით, აუნაზღაურებელი დანაკლისია კაცობრიობისათვის. იგი კაცობრიობის ცხოვრების გაღარიბებასა და გაღატაკებას მოასწავებს ისევე, როგორც სიღარიბისა და სიცარიელის მომასწავებელია ფერთა შეხამების შენაცვლება ერთი საერთო „საშუალო“ ფერით.

ამიტომაც გასაგები უნდა იყოს, რომ ბუნების დაცვისათვის აღძრული მოძრაობის აზრი არ ამოიწურება სიცოცხლის ელემენტარული პირობების დაცვის ამოცანით; კიდევაც რომ მოხერხდეს, ბუნების დიდი გარდაქმნების მიუხედავად, სიცოცხლის ელემენტარული პირობების შენარჩუნება, გადასაწყვეტი დაგვრჩება ერის სიცოცხლის გადარჩენის პრობლემა.

წერილი მოგვაწოდა ლევან თურმანაულმა

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button