ქვეცნობიერის საიდუმლოებები
თქვენს თავებში გამოუკვლევი სამყარო იმალება. მასში ინახება ყველანაირი ინფორმაცია – რა იცით, რას გრძნობთ, ფიქრები, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გაქვთ. დღესდღეობით მეცნიერება ჩვენი გონების მიუწვდომელ სიღრმეებს იკვლევს, რათა დაადგინოს მისი რეალური ძალა და ქვეცნობიერის საიდუმლოებები ამოხსნას.
ქვეცნობიერი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი შიშებისა და სურვილების წყაროსა და სიზმრების სათავეს, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ალტერ ეგო იმალება. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერების კვლევების შედეგად აშკარა ხდება, რომ ქვეცნობიერი აკონტროლებს ცხადში მიმდინარე ყველა მომენტს. თუკი სრულად შევიცნობთ ჩვენი გონების იდუმალ მხარეებს, შეგვეძლება გავხდეთ უფრო ჭკვიანები, ჯანმრთელები და შემოქმედებითები, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.
მარკუს რაიხლი ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნეირომეცნიერია. მას უყვარს ტვინის სხვადასხვა ფუნქციების – ხედვა, სმენა, მეხსიერება, კუნთების კონტროლი – ერთმანეთთან შედარება, რადგან მისთვის საოცრებაა, თუ როგორ ახდენს ტვინი ამ რთული სისტემების გაერთიანებას ისე, რომ მიიღოს ჰარმონია და არა ქაოსი. წლების განმავლობაში ტვინების კვლევის შემდეგ მარკუსმა აღმოაჩინა მთელი გონებრივი ქსელი, რომელიც ახდენს მოძრაობების კოორდინირებას ჩვენს გრძნობებზე დაყრდნობით და წყვეტს მოქმედებას, როცა ვწყვეტთ ფიქრს. როცა რაიმე დავალების შესრულებას ვიწყებთ, ტვინის გარკვეული ნაწილები ითიშება, მაგრამ იგივე რეგიონები მკვეთრად აქტიურდება, როდესაც მშვიდ და მოდუნებულ მდგომარეობაში ვართ. ტვინის ამ სექციებს მარკუსი „არამიზნობრივ ქსელს” უწოდებს, რადგან ისინი მოქმედებენ მაშინ, როდესაც არაფერს ვაკეთებთ.
ფრთხილი ანალიზის შედეგად მარკუსმა დაადგინა, რომ არამიზნობრივი ქსელი საჭიროა იმის განსაზღვრისთვის, რა მოხდება შემდგომში. როგორც ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი ახდენს ჯგუფის ორგანიზებას, ასევე აკონტროლებს არამიზნობრივი ქსელი ტვინის ყველა ფუნქციას, ისე რომ გონება და სხეული მუდმივად ჰარმონიაში იყვნენ. მაგრამ არის თუ არა ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის ცნობიერი გონების მსახური?
შვედი ნეირომეცნიერი ჰენრიკ ერსონი დიდი ხანია დაინტერესებულია იმ საკითხით, თუ როგორ აკონტროლებს ტვინი ჩვენს სხეულს და რატომ გვაქვს სხეულის, როგორც ჩვენი ნაწილის აღქმა. ტვინში მიმდინარეობს უამრავი პროცესი, რომლებზეც წარმოდგენაც არ გვაქვს, რადგან ქვეცნობიერის დონეზეა. ჰენრიკს ექსპერიმენტის თვალახვეული მონაწილეები შეჰყავს სპეციალურ ოთახში, სადაც ორი საწოლია, ერთი მათთვის და ერთი თოჯინისთვის. ექსპერიმენტის მონაწილეებს ის სპეციალურ სათვალეს უკეთებს, რომელიც მიერთებულია ვიდეოკამერასთან. როდესაც ისინი ტანზე დაიხედავენ, დაინახავენ არა თავის, არამედ თოჯინის სხეულს. ამის შემდეგ ჰენრიკი პაციენტისა და თოჯინის სხეულებს ერთდროულად ეხება, პაციენტი ხედავს და გრძნობს კიდევაც შეხებას, ამიტომ ტვინი ტყუვდება და ფიქრობს, რომ რასაც ხედავს, მისი სხეულია. სავარაუდოდ ტვინი ქმნის ჩვენი სხეულის ერთგვარ შინაგან მოდელს, რაც გრძნობის ორგანოებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება.
მას შემდეგ, რაც ტვინი მოტყუვდა და ცრუ რეალობა მიიღო, ჰენრიკი იწყებს გამოცდას, რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეცნობიერი. ის იღებს მოზრდილ დანას და ემზადება თოჯინას სხეულზე დარტყმისთვის. ექსპერიმენტის ობიექტი კრთება და შიში ეუფლება. მას შემდეგაც კი, როდესაც პაიენტი ხვდება, რომ ეს მხოლოდ ხრიკია, ილუზიის გამეორებისას ტვინი ისევ აგრძელებს თავდაცვით რეაქციას. მისი ცნობიერი აღქმა ვერ ჯობნის ქვეცნობიერში მიმდინარე მოვლენებს.
ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ რაღაც ისე ვერ არის? ჩვენს უმეტესობას გამოუცდია, მაგრამ საიდან მოდის ეს შეგრძნება? ეს შეიძლება იყოს ჩვენი ქვეცნობიერის გზავნილი, რომ მან იცის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერის ჯოშუა ბრაუნის კვლევა აჩვენებს, რომ ცნობიერში აღქმული სიფრთხილის ზომები ტვინის თავდაცვითი მექანიზმის მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებაა. რაც რეალურად გვიცავს ზიანისგან, ჩვენი ქვეცნობიერია.
ჯოშუამ დაიწყო იმის შესწავლა, თუ როგორ იწვევს ჩვენი ქვეცნობიერი გონება უსიამოვნო გრძნობას, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ის ატარებს მარტივ ექსპერიმენტს: ეკრანზე ჩნდება ისარი, რომელიც მარჯვნივ ან მარცხნივ არის მიმართული. ექსპერიმენტის მონაწილემ შესაბამისად მარჯვენა ღილაკს უნდა დააჭიროს იმ შემთხვევაში, თუკი ისარი მარჯვნივაა მიმართული და პირიქით. თუმცა არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი: ზოგჯერ ნახევარი წამის განმავლობაში ჩნდება საპირისპირო მხარეს მიმართული ისარი, ექსპერიმენტის მონაწილე კი მთავარი ისრის მიმართულების შესაბამის ღილაკს უნდა დააწვეს. გამოსახულება 1 წამის განმავლობაში რჩება ეკრანზე, ამიტომ სწრაფი გადაწყვეტილება შეიძლება მცდარი იყოს, ხოლო ნელი მოქმედება დროის გასვლას ნიშნავს. ამგვარი ტესტი ცნობიერისთვის ძნელი გასავლელია, ამიტომ საქმეში შინაგანი გრძნობები უნდა ჩაერთოს.
ანალოგიურ ტესტებს ჯოშუა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობითაც ახორციელებს. სკანირება აჩვენებს, რომ ტვინის ერთ-ერთი მონაკვეთი აქტიურდება, როცა პიროვნება ფიქრობს, რომ მან შესაძლოა, შეცდომა დაუშვას. ეს მონაკვეთია ტვინის სარტყლისებრი ხვეულის წინა ნაწილი. მაშინაც კი, როცა ადამიანი შეცდომას არ უშვებს, ეს უბანი შეიძლება გააქტიურდეს და წარმოშვას შეცდომის დაშვების მოლოდინი. ჯოშუა ფიქრობს, რომ სწორედ სარტყლისებრი ხვეულის წინა ნაწილი იწვევს უსიამოვნო წინათგრძნობებს. თუმცა მას მხოლოდ სხეულის დაცვის ფუნქცია არ გააჩნია. რიგ შემთხვევებში ეს შეგრძნება უამრავ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი.
1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს, ინგლისური გემების ფლოტი ქუვეითის სანაპიროდან 30 კმ-ის მოშორებით იყო განლაგებული. მარტოდმარტო მყოფი საზღვაო ოფიცერი მეთვალყურეობდა ერთ-ერთი გემის სარადარო მოწყობილობას, რომელიც მოახლოებული საფრთხის აღმოჩენაზე იყო პასუხისმგებელი. მოულოდნელად რადარის ეკრანზე სიგნალი გამოჩნდა, რაც ორიდან ერთის მანიშნებელი იყო: მოკავშირე თვითმფრინავი დაბომბვის შემდეგ უკან ბრუნდებოდა ან ერაყს ჭურვი გამოეშვა ფლოტის მიმართულებით. ოფიცერი არჩევნის წინაშე დადგა: გაეცა ბრძანება ცეცხლის გახსნაზე, რაც პირველი ვარიანტის შემთხვევაში გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, ან არაფერი მოემოქმედა, რაც ჭურვის შემთხვევაში გემზე მყოფი ასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. ოფიცერს 1 წუთზე ნაკლები დრო ჰქონდა და ისღა დარჩენოდა, ინტუიციას მინდობოდა. საბოლოოდ მან ცეცხლი გახსნა და 800-იოდე მეტრის მოშორებით მდებარე უცნობი ობიექტი გაანადგურა.
აღელვებულ ოფიცერს ცოტა ხანში რადიოს მეშვეობით დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ეს ჭურვი იყო და არა მეგობრულად განწყობილი თვითმფრინავი. ინციდენტი ექსპერტებმა განიხილეს და საბოლოო დასკვნაში აღნიშნეს, რომ მოკავშირე თვითმფრინავი რადარზე გამოჩნდებოდა პირველივე წრეზე, ჭურვი კი – მესამეზე, როცა გემებს მიუახლოვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არცერთ სახელმძღვანელოში არ ეწერა და განსხვავების პოვნა შეუძლებელი იყო, ოფიცრის ტვინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ასობით სიცოცხლე იხსნა. წარსულში მომხდარი შეტაკებებიდან მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ტვინში შენახული იყო ინფორმაცია, როგორი წინაპირობა აქვს სასიკეთო მოვლენას და როგორი – საზიანოს. შესაბამისად სარტყლისებრი ხვეულის წინა ნაწილმა ეს მოვლენა აღიქვა, როგორც საფრთხე.
ტვინი მუდმივად ახდენს ასეთი სიგნალების დამუშავებას. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მან მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რა მოხდა, ან ახლა მიიღო გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით ტვინს უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია გადახარშული. ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის წინ გვისწრებს და გვატყობინებს, რა გავაკეთოთ, სანამ ამის გააზრებას მოვასწრებთ.
სხეულის ენა ქვეცნობიერის მშობლიური ენაა. ჩვენი მოძრაობა, ხმის ტონი ქვეცნობიერი სიგნალების გამოხატულებაა და შესაძლოა გარშემომყოფებზე დიდი გავლენაც იქონიოს. რა მოხდება, თუკი ეს ენა გაიშიფრება? რას ვეუბნებით რეალურად ერთმანეთს?
ადამიანები ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს – საუბრობენ, ურეკავენ, გზავნიან ელექტრონულ წერილებს, იყენებენ ტვიტებსა და მესიჯებს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორს ალექს პენტლენდს გააჩნია გარკვეული მოსაზრება, თუ როგორ ვუკავშირდებით რელურად ერთმანეთს. ის ფიქრობს, რომ სიტყვები სულაც არაა მნიშვნელოვანი. მან მოინდომა შეესწავლა, როგორ გადაეცემა უნებლიე სიგნალები ერთი ადამიანიდან მეორეს და შექმნა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ზომავს ხმის ტონს, ანუ როგორ ვამბობთ და არა რას ვამბობთ, ასევე გარკვეულ სიგნალებს სხეულის ენიდან. ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტები შეკრიბა. დავალება შემდეგში მდგომარეობდა: კომიქსების წიგნიდან ყველას უნდა ამოეღო თითო ფურცელი და შემდეგ ხელახლა აეწყოთ, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთისთვის არ ენახებინათ. სანამ ექსპერიმენტის მონაწილეები სიტყვიერად ცდილობდნენ კომიქსების ნაწილების ერთმანეთისთვის ახსნას, მათზე მიერთებული მოწყობილობა გარკვეულ ცვლილებებს აფიქსირებდა. როგორც აღმოჩნდა, ქვეცნობიერ სიგნალებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად გაართმევდა თავს ჯგუფი დაკისრებულ მოვალეობას. მათ კომიქსი უშეცდომოდ ააწყვეს, თუმცა პენტლენდისთვის მთავარი არა შედეგი, არამედ ინფორმაციის გაცვლის პროცესი იყო. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც ძლიერი და მკვეთრი ტონით საუბრობდნენ, სხვებში კომპეტენტურად აღიქმებოდნენ.
მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ქვეცნობიერზე და ამის შედეგად განვკურნოთ სხეული და გავაძლიეროთ გონება. გარშემო უამრავი რამაა, რასაც სტრესის გამოწვევა შეუძლია – პიკის საათები, პოლიტიკური დაძაბულობა, ფინანსური გაჭირვება. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და იწვევს ავადმყოფობას, რიგ შემთხვევებში – სიკვდილს. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს სტრესის ეფექტის განელება ყველანაირი წამლის გამოყენების გარეშე? რა მოხდებოდა, სხეულს რომ გონებით ვკურნავდეთ?
მასაჩუსეტსის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი ჰერბეტ ბენსონი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ავადმყოფობა როგორც ფიზიკური, ისე გონებრივია. 1980-იანებში ბენსონი გაემგზავრა ჰიმალაებში, რათა ტიბეტელ ბერებს დაკვირვებოდა. 4500 მ სიმაღლეზე მაცივარივით ცივ მონასტერში ბერები იხდიდნენ და სველ ზეწრებში ეხვეოდნენ, რაც მედიტაციის ერთ-ერთი ფორმაა, სახელად ტუმო. ჰერბერტმა შენიშნა, რომ ბერები ახერხებდნენ კანის ტემპერატურის გაზრდას რამდენიმე გრადუსით, როცა სხეულის ტემპერატურა იგივე რჩებოდა. ტუმოს მეშვეობით ისინი ებრძვიან უარყოფით ფიქრებს, ორგანიზმში კი წარმოიშობა სითბო, რომელიც გაყინულ ზეწრებს აშრობს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახერხებენ ამ შინაგანი ცეცხლის გაჩენას ბერები. მეცნიერები ეჭვობენ, რომ მედიტაცია ააქტიურებს ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც ორგანიზმის ტემპერატურაზეა პასუხისმგებელი. ჰერბერტი დაინტერესდა, შეეძლო თუ არა ტვინს, ანალოგიური გზით დაემარცხებინა დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული სტრესი?
ჰერბერტი თვლის, რომ სტრესი წარმოიშობა მაშინ, როცა აქტიურდება ჩვენი ინსტინქტური რეაქცია, ამ დროს ტვინის ლიმბური სისტემა დიდი რაოდენობით ჰორმონებს გამოყოფს. ამ სტრესის ჰორმონების მეორადი ეფექტი უჯრედებზე ზეწოლაა, რის დიდი ხნით გაგრძელების შემთხვევაშიც შეიძლება მივიღოთ მძიმე შედეგი, როგორიცაა გულის დაავადებები, ართრიტი, კრონის დაავადება. ჰერბერტმა შეიმუშავა სტრესთან საბრძოლველი 8 კვირიანი თერაპია, რომელიც დღეში 15 წუთიან მედიტაციას მოიცავდა. თერაპიამდე და შემდგომ ჰერბერტი პაციენტებისგან სისხლის ანალიზს იღებდა და ეძებდა ცვლილებებს იმ გენების აქტიურობაში, რომლებიც უჯრედებზე ზეწოლას აკონტროლებენ. თერაპიის შემდგომ ეს გენები პასიურ მდგომარეობაში გადადის, ანუ ჩვენ შეგვიძლია, გენების აქტიურობა ვაკონტროლოთ.
ჰერბერტის კვლევა ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ქვეცნობიერის კონტროლი, რათა შედეგად მივიღოთ გარკვეული სამედიცინო სარგებელი. მისი დადებითი მხარე, გარდა იმისა, რომ მეცნიერულად დასტურდება, ისაა, რომ გაცილებით იაფი ჯდება წამლებსა და მითუმეტეს ოპერაციებთან შედარებით. მაგრამ თუკი ჩვენი შინაგანი გონება ჩვენი ექიმიცაა, კიდევ რა მხრივ შეგვიძლია ცხოვრება გავიუმჯობესოთ?
ყოფილხართ ოდესმე ისეთ სიტუაციაში, როცა ერთი შეხედვით მარტივი პრობლემის გადაჭრას ცდილობთ, მაგრამ ერთ ადგილზე ჩერდებით და წინ ვერ მიიწევთ? იცით, რომ პასუხი სადღაც თქვენს გონებაშია, მაგრამ ვერ პოულობთ. შესაძლოა, ის რაც გჭირდებათ, მხოლოდ პატარა ბიძგი იყოს.
ალან სნაიდერი სიდნეის უნივერსიტეტის გონების ცენტრის ხელმძღვანელია. მისი კვლევის ერთ-ერთი სფერო პრობლემის გადაჭრის უნარის საზღვრებია. წარმოიდგინეთ, მოგაწოდეს პატარა ბურთულებით სავსე ქილა და გადმოყრის გარეშე დათვლა გთხოვეს. შეძლებთ? ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ დეტალებში არც ისე კარგად მუშაობს – ჩვენ აღვიქვამთ მთლიანობას და არა ნაწილებს, ტყეს და არა ცალკეულ ხეებს. მაგრამ რა მოხდებოდა, ყველა დეტალზე რომ გვქონდეს წვდომა? ალანი ფიქრობს, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომია ეს კოგნიტიური უნარი, რადგან ზოგიერთ ადამიანს ის უკვე გააჩნია.
აუტიზმი ნეიროგანვითარების ფუნქციის დარღვევაა, რომელიც სოციალური და კომუნიკაციური თვისებების განვითარებას ხელს უშლის. თუმცა აუტისტთა 10% სავანტია (სავანტი – გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი, რომელიც ერთ ან რამდენიმე სფეროში ექსტრაორდინარულ, გენიალურ შესაძლებლობებს ამჟღავნებს) და დიდ შედეგებს აღწევენ მათემატიკაში, მეხსიერების საკითხებში, მუსიკასა და ხელოვნებაში. სწორედ ასეთი ადამიანები აღიქვამენ სამყაროს ნაწილებად და არა როგორც ერთ მთლიანს. მათ აქვთ წვდომა ქვეცნობიერ დეტალებსა და პროცესებზე, რომლებიც ჩვენც გაგვაჩნია, თუმცა ცნობიერი აღქმის მიღმაა.
ალან სნაიდერმა აღმოაჩინა, რომ აუტისტი სავანტების ტვინებს აქვთ ერთი საერთო რამ – მარცხენა საფეთქლის წილის გაუარესება, სანაცვლოდ კი მკვეთრად განვითარებული მარჯვენა საფეთქლის წილი, რაც ალანის აზრით, ხელს უწყობს ახალი იდეების წარმოშობას. ალანმა მოინდომა, აღმოეჩინა ყველა ადამიანში დამალული სავანტი და უჩვეულო იდეა მოუვიდა: მან შექმნა მოწყობილობა, რომელიც ტვინში სავანტების მსგავს აქტიურობას გამოიწვევდა. ის ტვინის მარჯვენა მხარეს გზავნის მცირე დადებით ელექტრულ იმპულსებს, ხოლო მარცხენა მხარეს – უარყოფითს. ამ პროცესს ტრანსკრანიალური სტიმულაცია ეწოდება. შედეგი გასაოცარია: სტიმულირების შემდეგ ადამიანი პასუხს პოულობს იმ ლოგიკურ მათემატიკურ ამოცანებზე, რომლებსაც მანამდე ვერ ხსნიდა.
ალანის შექმნილი მოწყობილობა დროებით ცვლის ტვინის მუშაობის სპეციფიკას და აძლევს მას სავანტების შესაძლებლობებს. შესაძლოა, ოდესმე ასეთი მოწყობილობა ყველას ჰქონდეს და საშუალება მოგვეცემა, სამყაროს ახალი თვალითა და თავისუფალი გონებით შევხედოთ. თუმცა ალანის კვლევები მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ტვინის რეალურ პოტენციალთან შედარებით. ქვეცნობიერი უფრო მეტია, ვიდრე ფიქრებისა და ემოციების არქივი. ის მთავარ როლს თამაშობს ჩვენი ორგანიზმის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და გადარჩენაში. ჩვენ შეგვიძლია, მისი მონაცემები გავაუმჯობესოთ და დროებით გენიოსებად ვიქცეთ. მაგრამ შესაძლებელია იგივეს გაკეთება დროის უფრო ხანგრძლივ პერიოდში? შეგვიძლია ტვინის სამუდამოდ შეცვლა და მუდმივი სტიმულირება, რათა უფრო სხარტები და ჭკვიანები გავხდეთ?
მაიკლ ვაისენდი ნეირომეცნიერია გონების კვლევის ინსტიტუტში, რომელიც ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში მდებარეობს. ის თანამშრომლობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებთან, რათა გააუმჯობესოს მზვერავთა გონებრივი შესაძლებლობები. სამხედრო ტექნიკოსები ახდენენ უპილოტო საფრენი აპარატებიდან მიღებული მონაცემების ანალიზს და ეძებენ შესაფერის მონაკვეთებს, რათა განახორციელონ დაბომბვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დავალება, სადაც ერთმა შეცდომამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს და მტრის საარტილერიო დანადგარის ნაცვლად მოკავშირეთა გადამზიდი გაანადგუროს. მხოლოდ ადამიანები ახდენენ საფრენი აპარატებიდან მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაციას, რადგან კომპიუტერი ჯერჯერობით არ განვითარებულა იმ დონეზე, რომ ბუნდოვან ნაცრისფერ გამოსახულებაზე სამიზნეების გარჩევა შეძლოს. როგორც წესი, რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური წვრთნაა საჭირო ამ საქმეში დასახელოვნებლად. პრობლემა კი იმაშია, რომ საჭირო კადრების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა გარკვეულ პერიოდში ექსპერტებად ჩამოყალიბებაა შესაძლებელი. ამის მიზეზი პროფესიონალის დონემდე მისაღწევად გასავლელი ხანგრძლივი პროცედურებია.
მაიკლს იდეა გაუჩნდა: მან მოახდინა დაკვირვება ტვინზე იმ მომენტში, როცა ექსპერტები სამიზნეებს ეძებდნენ და აქტიური რეგიონების კვლევას შეუდგა. ამის შემდგომ ტრანსკრანიალური სტიმულაციის აპარატის დახმარებით სტაჟიორების ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც ამ საკითხში მნიშვნელოვანია, ელექტრული იმპულსებით დაიწყო ზემოქმედება, რათა ენახა, შეძლებდნენ თუ არა ამ გზით ახალი უნარების უფრო სწრაფად გამომუშავებას. მან შენიშნა, რომ ახალბედებში საფეთქლის წილის მედიალური ნაწილი პასიური იყო, ხოლო ექსპერტებში პირიქით – შეინიშნებოდა საკმაოდ მაღალი აქტიურობა. ამიტომაც მაიკლმა ელექტრული იმპულსები მიმართა ამ რეგიონისკენ. თუკი თავიდან ახალბედები შეცდომას ხშირად უშვებდნენ, 30 წუთიანი იმპულსირების შემდეგ უმეტესად შეცდომის გარეშე ახერხებდნენ მტრის საბრძოლო დანადგარების ამოცნობას. ტრანსკრანიალური სტიმულაციის მეშვეობით ახალბედების დონე ექსპერტისას უტოლდებოდა. ის ახალბედები, რომლებიც ამ ექსპერიმენტში იღებდნენ მონაწილეობას, საშუალოდ ორჯერ მეტ სამიზნეს პოულობდნენ სხვა ახალბედებთან შედარებით. მოგვიანებით მაიკლმა აღმოაჩინა, რომ ეს ეფექტი დროებითი არ ყოფილა – ახლად შეძენილი უნარ-ჩვევები ტვინში სამუდამოდ რჩებოდა მიუხედავად იმისა, რომ სტიმულირება აღარ ხდებოდა.
ძნელი წარმოსადგენი არაა, რისი მიღწევა შეიძლება ამ ტექნოლოგიით – სკოლის მოსწავლეები მისი მეშვეობით უმაღლეს მათემატიკას დაეუფლებიან, ბავშვები პიანინოზე ურთულეს ნაწარმოებებს შეასრულებენ და ა.შ. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, დადგინდეს, ტვინის რომელი უბანი უნდა გააქტიურდეს და ტრანსკრანიალური სტიმულაციის აპარატი რამდენიმე წუთში ექსპერტად გაქცევთ. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ორი გონება გვაქვს – პირველი ცნობიერ ფიქრებს აკონტროლებს, მეორე კი ჩრდილშია, მაგრამ არასდროს წყვეტს მოქმედებას. ის გვიცავს ზიანისგან, კურნავს ჩვენს სხეულს, გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ უფრო სწრაფად და ვიყოთ მეტად შემოქმედებითები. ქვეცნობიერის რამდენიმე საიდუმლო უკვე ამოხსნილია და ვინ იცის, მისი საბოლოოდ გაშიფრვის შემთხვევაში რის მიღწევას შევძლებთ?!
მომზადებულია Discovery Channel-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.