ლიტერატურამოთხრობა

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი – “მაგიური ვერაზანო”

(ციკლიდან “ემიგრანტული მოთხრობები”)

– ხანდახან ცხოვრება მოსაბეზრებელია, ამ ხიდის ყურება კი არასოდეს მოსწყინდება კაცს! – გაიფიქრა სალვადორემ და მაქანა ისეთ ადგილას გააჩერა, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა ვერაზანო. თუმცა იქვე შენიშნა, რომ სიციცხლე თავად არასდროს მობეზრებია. ჰმ, ჩაეცინა და ხიდს სიყვარულით სავსე თვალებით მიაშტერდა. უზარმაზარი რკალივით გაწოლილა ვერაზანო მდინარე ჰადსონზე, მისი ცისფრად შეღებილი თაღები ცას ერწყმის. წყალში ორი თეთრი გემი გარინდებულა, თითქოს სამუდამოდ ჩაუშვიათ ღუზა. ღრუბლის პატარა ქულა ტაატით მიცურავს ხიდის ქვეშ. ერთადერთმა ჩიტმა კი თაღებს გადაუფრინა და ამწვანებული კუნძულ სტეიტენ აილენდისაკენ გაფრინდა. სალვადორემ ნაცნობ პეიზაჟს ვეღარ მოსწყვიტა თვალი, ფანჯარა ბოლომდე ჩასწია და წყლის სასიამოვენო სუნი ღრმად შეისუნთქა.
არა, მხოლოდ იქაურობის ბრალი როდია სალვადორეს ასეთ გუნებაზე მოსვლა. ფილოსოფიურ ხასიათზე ის გუშინდელი ახალი ამბების მოსმენის შემდეგ დადგა და მისდა გასაკვირად, ყველაფერის გაანალიზება დაიწყო. მაგალითად, საკუთარი თავი ამ ხიდს შეადარა, მასავით ამაყი, ლამაზი და გაძნეულია, ამიტომაც ესმით ერთმანეთის. წარმოუდეგნელია ნიუ იორკი ვერაზანოსა და სტეიტენ აილენდის გარეშე. ისევე როგორც ვერ წარმოუდეგნია ნიუ იორკი საკუთარი თავის გარეშე. – ამ დროს კი მოვა ვიღაც ფარისეველი, დაეპატრონება შენს გულს, შენს ქონებას და სიცოცხლეს გამოგასალმებს!… – ეს უკვე ხმამაღლა წამოიძახა, ბრაზისა და აღშფოთებიაგან მოიბუზა, საზურგეს მაგრად მიეკრა და სკამიდან ქვევით ჩაცურდა. ამ უზარმაზარ ხიდთან შედარებით, რომელსაც ორი წუთის წინ თავს უტოლებდა, უსაზღვროდ უსუსურად იგოძნო თავი. მაგრამ სულაც არ შურს მისი, პირიქით უყვარს, უყვარს ვერაზანო და კვლავ მისი იმედი აქვს, იცის, რომ ეს ჩუმი, მარადიული მეგობარი არასოდეს უღალატებს.
– სალვადორე ისევ ამოცურდა ზევით, საზურგე გადასწია, ზედ გადწვა, მთელი სხეულით მოდუნდა და ფიქრებით შორს გაფრინდა. თითქოს თავისი ცხოვრების სურათები კინოფირივით უკან გადაახვია და შემდეგ აჩქარებული კადრივით თავიდან გამოიარა.

. . .

– სადვადორე, სალვადორე, სადილი მზადაა, სალვადორე!.. – სიმღერასავით ჩაესმა დედამისის ხავერდოვანი ხმა. – “სიცილიური აქცენტი ხომ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა” – გაეღიმა გახსენებაზე და თვალწინ დაუდგა ბეი რიჯის ძველი სახლის კიბეზე გამომდგარი დედა, მისი ლამაზი, ამაყი სახე, გადაკალმული წარბები და შავი კაბა, რომელიც თითქოს შეერწყა მის ტანს მამის სიკვდილის შემდეგ.
სალვადორე ვერ შორდება თავის პირველ მანქანას. თავს ევლება, წმედნს, აპრიალებს, გარს უვლის, აკვირდება და ეფერება… მისთვის ეს არის ძვირად ღირებული ფუფუნების საგანი, ხელოვნების ფასდაუდებელი ნაწარმოები, მიუწვდომელი განძი, რომელიც აგერ, მის ეზოში დგას და მის საკუთრებას წარმოადგენს.
– მარია, მარია! ამოდით, სადილი გაცივდა… – ახლა მარიას ეხვეწება დედამისი.
მარია, სალვადორეს პირველი სიყვარული, როგორც ყოველთვის, დაღამებამდე მის გვერდითაა, სანამ დასაძინებლად შინ არ წავა. ის სულ რაღაც ორ ნაბიჯზე ცხოვრობს, მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად. მათი სახლიდან მუდამ ხმამაღალი იტალიური ლაპარაკი ისმის. ალბათ ამიტომ ამ შორეულ კონტინენტზე მარიას ხასიათშიც და გარეგნობაშიც ისევ ასხივებს მედიტირანიული მზის მცხუნვარება. მასში შერწყმული ორი კონტრასტული ფერი – შავი და თეთრი – ხაზს უსვამს მის მომაჯადოებელ სილამაზეს.
სალვადორე იმ საღამოს პირველად გადასჭრის ვერაზანოს საკუთარი მანქანით. ქარი უბერავს და გიშერივით შავი თმა ტალღებივით უღელავს მარიას თეთრ მხრებზე. სალვადორე საოცრად ბედნიერია ამ წუთში. საყვარელი გოგოსა და საოცნებო სანქანასთან მიჯაჭვულს, სურს გაუთავებლად გაგრძელდეს ეს წუთები.
– შენ ხარ ყველაზე ლამაზი გოგო ამ ქვეყანაზე, შენ გაქვს ყველაზე მომაჯადოებელი თვალები დედამიწის ზურგზე, შენ გაქვს… – მაგრამ სანამ ამ სიტყვებს ეტყვის და მოეხვევა, მარია პირზე აფარებს სიფრიფანა თითებს და ეუბნება:
– ვიცი, რომ მე ვარ ყველაზე ლამაზი გოგო ამ ქვეყანაზე, რომ მე მაქვს ყველაზე მომაჯადოებელი თვალები დედამიწის ზურგზე, რომ ჩემი კანი სპილოსძვლისფერი და გაჭვირვალეა და რომ შენ გიყვარვარ სიგიჟემდე… ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. მაგრამ, სალვადორე, მითხარი რაიმე ახალი, ისეთი რამ, რაც ჯერ არ გითქვამს!…
– ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელთა მოსმენას ბრუკლინში ბევრი გოგო ინატრებდა, – პასუხობს გაკვირვებული სალვადორე.
– კარგი, მაშინ მე გეტყვი! – წამოიძახებს მარია, ღრმად ამოისუნთქავს და მტკიცედ განაცხადებს, – სალვადორე! გადავწყვიტე ცოლად გამოგყვე.
– რაო?
– ჰო! გადავწყვიტე ცოლად გამოგყვე… – უეცრად სალვადროეს ყელზე მოეხვევა და სწრაფად, სულმოუთქმელად ყურში ჩასჩურჩულებს, – რა თქმა უნდა, თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები. ისედაც შენთან ვარ მთელი დღე, მე და დედაშენსაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემს სახლში სივიწროვეა. შენთან კი წყნარად ვიქნებით, მე, შენ და დედაშენი. მერე ბავშვებიც გვეყოლება…
სალვადორე მარიას სიტყვას შეაწყვეტინებს და აღშფოთებული წამოიძახებს:
– მარია! საიდან მოგივიდა თავში ასეთი სისულელე?!
– სიმართლე გითხრა, დიდი ხანია მინდოდა მეთქვა… – გულწრფელად ეუბნება მარია.
– თუ დიდი ხანია გინდოდა გექთვა, რაღა მაინცდამაინც დღეს მეუბნები, როდესაც მაქანა ვიყიდე?.. – სალვადორესაც ეუცხოება თავისი ხმა, თითქოს საკუთარ სხეულში სხვა ადამიანი ჩასახლებოდეს.
– იმიტომ, რომ დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი მეჩვენე… დიახ, განსაკუთრებულად ბედნიერი… – ჩაილაპარაკებს მარია და უცბად ხმას აუწევს, – რა შუაშია მანქანა? რატომ ახსენე მანქანა? – მარია ბრაზისაგან წამოენთება, თვალებიდან ცეცხლისმფრქვეველ ალს დააკვესებს და მთელ ტანში გრიგალივით უცბათ მოვარდნილი ძალით მწვავე სილას სალვადორეს ლოყაზე ღრმა კვალად აღბეჭდავს.
– შენ მე შეურაცხყოფა მომაყენე! შენ მე შეურაცხყოფა მომაყენე! – იკივლებს მარია, – მიმიფურთხებია შენი მანქანისათვის! – გადმოხტება და წიხლებს დაუშენს მანქანას, რაც სალვადორეს გულს უფრო მწარედ ხვდება, ვიდრე ის სილა, რომელიც მარიამ უთავაზა. სალვადორე მიხვდა, რომ საყვარელ არსებას გული ატკინა, ამიტომ თავის გასასმართლებლად ჩაიბურტყუნებს:
– მაპატიე, მზად არ ვარ ცოლისათვის…
მარიას ვეღარაფერი დააშოშმინებს. ვეღარც სალვადორე დაივიწყვებს დაუფიქრებლად წამოსროლილ ამ ფრაზას. სიცოცხლის მანძილზე კიდევ არაერთხელ გაიმეორებს, – მაპატიე, ჯერ მზად არ ვარ ცოლისათვის!..

მას შემდეგ სალვადორეს მარია აღარ უნახავს, მარიამ აღარ ისურვა მასთან შეხვედრა. მეგობრის პირით შემოუთვალა – არ მინდა, დრო ტყუილუბრალოდ დავკარგოო. სალვადლრეს გაახსენდა, როგორ გაბრაზდა ამის გაგონებაზე, – მას მხოლოდ გათხოვება უნდა, მე მას საერთოდ არ ვუყვარვარ! – წამოიძახა აღშფოთებულმა.
სალვადორეს აღარ უცდია მარიასთან შეხვედრა. სამი თვის შემდეგ კი გაიგო, რომ ნიუ ჯერსში გათხოვილა. – აკი ვამბობდი მხოლოდ გათხოვება უნდა-მეთქი, კიდევ ერთხელ დაასკვნა და შეეცადა მარიაზე აღარ ეფიქრა. როგორც საერთოდ ჩვეოდა ყველაფერი უსიამოვნოს მივიწყება. მას შემდეგ მარიაზე აღარაფერი სმენია, მისი ოჯახის წევრებიც თანდათან გაიფანტნენ ბეი რიჯიდან.

ყოველთვის “რეჯინა პაჩიას” სახელობის ეკლესიაში დადიოდა ბრუკლინში, მაგრამ შარშან შობას რატომღაც წმინდა პატრიკის ტაძარში, მანჰეტენზე გადაწყვიტა წასვლა. სწორედ იქ შემთხვევით გადაეყარა მარიას, ამდენი წლების შემდეგ მათ უცბათ ამოიცნეს ერთმანეთი.
– სალვადორე! – წამოიძახა მარიამ.
– მარია…– თქვა სალვადორემ.
– ღმერთო ჩემო, სულ არ შეცვლილხარ… – აღმოხდა მარიას და წამით თვალებში ცრემლები გაუბრწყინდა.
– არც შენ, მარია… – უთხრა სალვადორემ და ნაღვლიანად შეავლო თავლი. მის წინ სულ სხვა მარია იდგა. შავი, გრძელი თმის ნაცვლად, მოკლე, ყვითელ “ჰაილაითს” ატარებდა. რა თქმა უნდა, ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაც მოესწრო და ამიტომ, ერთ დროს ფართო თვალები ახლა დაგრძელებოდა. ჩვილივით სუფთა კანი არაბუნებრივ იერს აძლევდა. გამხდარ სხეულზე სათითაოდ დაუთვლიდით კუნთებს, რაც ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგი იყო. სალვადორემ ქალში იმ მედიტირანიული მშვენების ნატამალიც კი ვეღარ აღმოაჩინა, ერთ დროს ასე რომ აღმერთებდა. მის წინ იდგა შეძლებული ფენის, გაურკვეველი ასაკის, ტიპიური ნიუ იორკელი ქალი.
– სალვადორე, ვიცი, რომ ძალიან კარგად ხარ… ისიც ვიცი, რომ არასოდეს დაქორწინებულხარ. რატომ, სალვადორე, რატომ? – ჩაეკითხა მარია, მაგრამ აღარც მოუსმინა, ისე გააგრძელა.
– ისევ ბრუკლინში ხარ, არა?
– კი…
– საოცარია, როგორ ცხოვრობ ბრუკლინში, საოცარია… ვერ წარმომიდგენია, რომ ერთ დროს ბრუკლინში ვცხოვრობდი…
– ოჰ, რას ამბობ! მე ბეი რიჯის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებ… ვერაზანო გახსოვს? – ჩაეკითხა სალვადორე ქალს და თვალები აუციმიციმდა.
– მძულს ვერაზანო! – წამოიძახა მარიამ, მაგრამ წამიერად მოზღვავებული გრძნობა სადღაც შორს შეაჩერა და ისევ მონოტონური ტონით გააგრძელა.
– მესამეჯერ გავთხოვდი. ჩემი პირველი, ნიუ ჯერსელი ქმარი მალე დაიღუპა, მეორე – უვარგისი გამოდგა და, რა თქმა უნდა, გავცილდი. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. საშობაოდ ჩამოვედი, თორემ ზამთარს ფლორიდაში ვატარებთ, ჩემ ქმარს იქ დიდი საკუთრება აქვს. ნიუ იორკში, პარკ ავენიუზე, პენტ-ჰაუზში ვცხოვრობთ. საერთოდ, ბევრს ვმოგზაურობთ. ჩემი შვილები გაფანტულები არიან და მათ ვეტსუმრებით ხოლმე. მყავს ხუთი შვილი და 12 შვილიშვლი…
მარიამ როგორც კი შვილები ახსენა, სალვადორე გასაქცევად მოემზადა. ეს იყო საშინელად მოსაწყენი თემა, რის გამოც ყველა კარგავდა მას, როგორც მსმენელს. ნაცნობ-მეგობრები კი ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთ შვილებზე ელაპარაკათ და დაწვრილებით აღეწერათ მათი საქმიანობა თუ წარმატებები. სალვადორე უყურებდა მათ და ფიქრობდა, რატომ ჰგონიათ, რომ ვინმე შეჰნატრის მათ მოსაწყენ, ერთფეროვან ცხოვრებას? რატომ ჰგონიათ, რომ ბებერი, სკლეროზიანი ცოლის ყურება, რომელიც კაცს გამოუდმებით ერთი და იგივეს ჩასჩიჩინებს სჯობს ლაღ, თავისუფალ, ნავარდს? ან განა გამიჭირდებოდა მეც მყოლოდა ერთი ჩვეულებრივი ნიუ იორკელი ყეყეჩი შთამომავალი, რომელიც სადილზე მშობლებს მხოლოდ იმიტომ ხვდება, რათა თავი გამოუჭედოს მათ თავის ბოსზე ლაპარაკით?! სალვადორე იძულებული შეიქნა, ასეთი თავდასხმებისაგან თავდასაცავი სტრატეგია შეემუშავებინა. როგორც კი ამ თემას შეეხებოდა საუბარი, საათს დახედავდა და იტყოდა,
– ჩემი ბიზნეს პარტნიორი მელოდება, შეხვედრა მაქვსო და გაიქცეოდა. დროთა განმავლობაში ეს ჩვევა, ინსტიქტად გადაექცა. ამიტომ მარიამ შვილები და შვილიშვილები ახსენა თუ არა, მან თავისდაუნებურად საქმიანი შეხვედრა მოიმიზეზა და მიუხედავად იმისა წინ პირველი სიყვარული იდგა, მარიას შუბლზე ეამბორა და სასწრაფოდ გაეცალა.
სალვადორე ხალხს შეერია და გეზი დარბაზის სიღრმისაკენ აიღო, თან პირჯვარი გადაიწერა. იმ წუთში ღმერთს მადლობა შესწირა, თავის დროზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის, რომ ის ბებერი ქალი მისი ცოლი არ იყო. შემდეგ სწრაფად მოტრიალდა, ლაბადა გულდასმით შემოიფუთნა, რადგან გარეთ საკმაოდ ციოდა და წმინდა პატრიკის ეკლესიის კიბე ჩაირბინა.
ამ შეხვედრამ და წარსულის გახსენებამ სალვადორეს უსიამოვნო გრძნობები აუშალა. ამიტომ სანამ მეხუთე ავენიუს გადაირბენდა, გარაჟში შევარდებოდა და თავის ძვირად ღირებულ მანქანას დაქოქავდა, შეეცადა ყველაფერი თავიდან ამოეშალა.

ეს მოხდა ექვსი თვის წინ, სალვადორეს კი სწორედ დღეს მოუნდა წარსული ამბების გაანალიზება. “იქნებ მხოლოდ ის იყო ერთადერთი ქალი რომელსაც მართლა ვუყვარდი? ობოლი ბიჭი დღეში 15 საათი ვმუშაობდი, ის კი იჯდა ჩემს ღარიბულ ერთოთახიან ბინაში დედაჩემთან ერთად და საათობით მელოდებოდა…” – ჩაფიქრდა სალვადორე. უცნაურია, რატომ ახსოვს მარიასთან ყოველი შეხვედრა, საუბარი. სხვა ქალები? ფრაგმენტულად აგონდება რაღაც ისტორიები, სახეები, მაგრამ სახელებს ვეღარ იხსენებს. თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავდა. მხოლოდ ის, რომ ვერც ერთმა ვერ გაბედა სილა გაეწნა სალვადროესათვის, ესეც კმაროდა მათ დასავიწყებლად…
ნეტავ სად არიან ეხლა? – გაიფიქრა და ვერაზანოს გახედა, მის წარსულს ხომ ასე ახლო კავშირი აქვს აქაურობასთან. რამდენჯერ გაქროლებულა მათთან ერთად ამ ხიდზე სტეიტენ აილენდისაკენ დროის მოსაკლავად თუ სიცოცხლით დასატკბობად. ყურში თითქოს მათი ხმებიც კი ჩაესმა, კისკისი, საალერსო სიტყვები, უკანა გზაზე კი საყვედურები, ტირილი, კივილიც კი. სალვადორეს სიამოვნებისაგან გააკანკალა. არა! ვერავინ უძლებს ვერაზანოს მაგიურ ძალას, ვერავინ. ეჰ, როგორი უსუსური არსებები იყვნენ! ალბათ ზოგი გათხოვდა, ზოგი – დაბერდა. ვინ იცის, ზოგიერთი ცოცხალიც აღარ არის, ავტოკატასტროფით ან კიბოთი დაიღუპნენ. ისევ ჩაეცინა, მაგრამ ამჯერად ამაყად – იბრძოდნენ სალვადორეს მოსაპოვებლად და ვერ მოიპოვეს.”ვერ მო-ი-პო-ვეს!” – დამარცვლით გაიმეორა მან და მადლიერი მზერა ესროლა ვერაზანოს, რომელსაც ამაში ლომის წილი ედო. შემდეგ თავი სწორკუთხა სარკეში შეათვალიერა. მართალია, თმა შეღებილია, კრიალა კბილები – ხელოვნური, მაგრამ არის ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც არ იცვლება – მისი თვალები და თანმაგზავრების ასაკი. ისინი მუდამ ახალგაზრდები და ლამაზები რჩებიან.
და აი, ისიც… მოდის, ოქროსფერი თმა გაუშლია და შორიდანვე უცინის სალვადორეს. ჯინსები და ცაზე რომ ღრუბელი მოცურავს, ისეთი ქათქათა ბოტასები აცვია. სალვადორემ ისეთი ბიძგი იგრძნო, თითქოს მთელი ძალით რაღაც დაეჯახა და მისი გადმოგდება სურდა. ორივე ხელით საჭეს ჩააფრინდა და უყურებს, როგორ მოდის მისკენ სილამაზე, ახალგაზრდობა, რომელმაც უნდა გაუხანრგძლივოს სიცოცხლე, შთაბეროს უკვდავება. მასთან უნდა გაატაროს ის დარჩენილი წლები, რომელიც იქნება აუცილებლად ლამაზი, ხანგრძლივი და… სალვადორეს გული მოეკუმშა, რადგან ისევ გუშინდელი ამბავი მოაგონდა. ამ სილამაზემ შეიძლება სიციცხლე მოუსწრაფოს, ბინები, ბიზნესი, ფული, ლაღი ცხოვრება წაართვას და “მორავაიანის” სასფლაოზე გაისტუმროს.
მონიკამ კარი გამოაღო, მანქანაში ჩახტა და სალვადორეს ლოყაზე აკოცა, თან გაოცებული თვალები შეანათა. სალვადორემ იგრძნო, როგორ წამოვიდა ზღვისფერი სხივები ქალის თვალებიდან და შერცხვა თავისი ეჭვებისა. გაუბედავად შეხედა მის ანგელოზის სახეს და სიყვარულით აღსავსე თვალებს.
– სალ, რა ხდება? ფერი არ გადევს, სულ გაყინულხარ…
სალვადორემ უცბათ მთელი არსებით შეიგრძნო, რომ ეს გოგო არ ემეტებოდა ვერაზანოზე გადასაყვანად. – არა! არა! მოხდეს რაც მოსახდენია… თუნდაც მხოლოდ ფული უნდოდეს ჩემგან… მისი ხელით სიკვდილიც ტკბილი იქნება. – თავის სიცოცხლეში პირველად გაუელვა ამგვარმა აზრმა და მანქანა სასწრაფოდ დაქოქა. უნდა, გაეცალოს აქაურობას, რაც შეიძლება სწრაფად, რათა ეს მაცდური ვერაზანო აღარ დაინახოს, მაგრამ რა ხდება? მაქანა აღარ ემორჩილება, მისი სურვილის საპრირსპირო მხარეს მიდის და ხიდისაკენ მეიქანება.
– სალ, რა ხდება, რა მოგდის? – ეკითხება შეშფოთებული მონიკა. – სალ სად მივდივართ, რატომ არაფერს ამბობ, სალ?…
აი, მანქანამ კიდევ ერთხელ მოუხვია და ხიდზე გავიდა, ირგვლივ ულამაზესი ხედი გადაიშალა. ისინი ზევით, ცაში არიან დაკიდული და სტეიტენ აილენდისაკენ მიქრიან.
– სალ, რატომ? – მონიკას ხმა უკანკალებს და თვალებში ცრემლები უბრწყინავს. – სალ? შენ ხომ მეუბნებოდი, რომ ჩვენ არასოდეს გადავივლიდით ამ ხიდზე ერთად, რომ არასოდეს წავიდოდით ერთად სტეიტენ აილენდზე? მოაბრუნე, გეთაყვა, მოაბრუნე!
სალვადორეს ესმის მონიკას მუდარა, მისი თვალები ერწყმის ცას, ცრემლები ჰადსონს, მაგრამ რა? მაგიური ძალა დაუნდობლად მიაქროლებს მათ მაქნანას ვერაზანოზე, კუნძულისაკენ, რომლეიც ახლოვდება და ახლოვდება.
– სალ, ხომ მეუბნებოდი, ცუდად მაქვს დაცდილი ეს ხიდიო, სალ, ჩვენ ხომ ქორწილი გვაქვს მალე…
აი, ხიდიც გათავდა, ისინი კუნძულზე არიან, სალვადორემ იგრძნო, როგორ დაემორჩილა საჭე და სულ მალე თავისი საყვარელი იტალიური რესტორნის ეზოში შეუხვია, მანქანა გააჩერა და მონიკასკენ მთელი ტანით შებრუნდა. მის გვერდით ყოველთვის მოცინარი, ვარდისფერი მონიკას ნაცვლად, გაფითრებული, გატანჯული და მობუზული პატარა გოგო ზის, რომელსაც ცრემლების ნაპერწკლები უბრწყინავს ლოყებზე.
– მაპატიე, მაპატიე, ძვირფასო! – აღმოხდა სალვადორეს და მონიკას ხელები ჩაბღუჯა, – იმ საშინლ ახალ ამბებს მოვუსმინე გუშინ, მეც არ ვიცი რა დამემართა. მთელი ღამე არ მძინებია, შიშმა და ეჭვებამა შემიპყრო, კინაღამ შევიშალე, მაგრამ მაინც არ მინდოდა აქ წამოსვლა, გეფიცები, არ მინდოდა…
– ახალ ამბებს? რომელ ახალ ამბებს, არაფერი მესმის, სალ…
– გუშინ ტელევიზორში ვიღაც იტალიელი კაცი აჩვენეს, ბეი რიჯიდან, რომელსაც ახალგაზრდა ცოლი მოწამვლას უპირებდა – ხმას აუწია სალვადორემ, რადგან ძალიან გაუჭირდა ამის თქმა. – ეს კაცი ეკრანიდან მიმართავდა ცოლს, აღარ ახსენო ჩემი სახელი და არასოდეს მითხრა, მიყვარხარო…
– კი, მაგრამ ცოლი სად იყო? – მონიკა თითქოს გამოფხიზლდა.
– ალბათ უკვე ციხეში, მისი ფოტო აჩვენეს, ახალგაზრდა იყო და ძალიან ლამაზი… შენსავით ლამაზი…
– სალ, დაივიწყე ეს სისულელე… რამდენჯერ გთხოვე, რადგან ნიუ იორკში ცხოვრობ ახალ ამბებს ნუ უსმენ მეთქი. ეს შენზე ძალიან ცუდად მოქმედებს და არა მარტო შენზე, ყველაზე, ყვე-ლა-ზე, – და მონიკამ სალვადორეს თმის თითებით ვარცხნა დაიწყო. – აქ კაცს ცოლის მოყვანისაც შეეშინდება, მეტროში ჩასვლის, სამსახურში წასვლის. საშინელებები, საშინლებები… – კვლავ ამ სიტყვებს იმეორებდა მონიკა, როდესაც სალვადორემ ხელჩაკიდებული იტალიურ რესტორანში შეიყვანა.

. . .

მონიკა წითელ ღვინოს წრუპავს და კისკისებს, სალვადორე კი “ანჯელ ჰეა კაპელინის” ჩანგალზე ახვევს.
– მიკვირს, “ფეტუჩინო ალფრედო” რომ არ შეუკვეთე, – ეუბნება მონიკა, – მაინც, რა სასაცილო სახელია “ფეტუჩინო ალფრედო” არა, სალ! ოჰ, რა კარგი ყოფილა ეს კუნძული, სალ. სად იყავი აქამდე? ნიუ იორკი და ცრუ რწმენა? ეგ ხომ მარტო მივარდნილ სოფლებშია. ხიდს რა შეუძლია, ხიდი ხომ უსულოა, რკინაა, ბეტონი. ხიდი არაფერ შუაშია, სალ, შენი ქალები იყვნენ ბატისტვინები… – კისკისებს მონიკა და ღვინოს იმატებს.
– მგონი ძალიან ბევრს სვამ მონიკა…
– ოჰ, ნუ ხარ ძუნწი, შეუკვეთე “მერლოტი” – კიდევ ერთი ბოთლი “მერლოტი” შეუკვეთე რა?
– შენ ხომ არასოდეს არ სვამდი? – ეუბნება გაკვირვებული სალვადორე და მაინც უკვეთავს “მერლოტს”.
მონიკა გაუთავებლად ლაპარაკობს, სალვადორე უსიტყვოდ მისჩერებია, მაგრამ არაფერი ესმის. თავისი წარსულის ფილოსოფიურ განჭვრეტას განაგრძობს. მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ მონიკა ზუსტად იმ შობის ღამეს გაიცნო, როდესაც დილით ეკლესიაში მარიას შეხვდა. რა საოცარი იყო ის დღე! ყოველივე ამას ალბათ რაღაც უხილავი კავშირი აქვს ერთმანეთთან, გაიფიქრებს და კვლავ მოგონებები მოეძალება.

სალვადორე თავს არ უტყდებოდა, თორემ რაც დედა გარდაეცვალა, დღესასწაულებზე ყოველთვის მარტო რჩებოდა. ეს ბუნებრივიც იყო, ყველა ხომ თავის ოჯახთან ატარებდა ამ განსაკუთრებულ დღეს? ამიტომ ასეთ დროს ბარებს შეაფარებდა ხოლმე თავს. ისედაც უყვარდა ღამის კლუბებეში ხეტიალი. ბრუკლინის ის უბრალო ადგილები იზიდავდა, სადაც მუშაობით გადაღლილი ახალგაზრდობა უქმეებზე გასართობად იკრიბებოდა. სალვადორე ცოტას დალევდა, წაიცეკვებდა და, რაც მთავარი იყო ყოველთვის ჰქონდა შანსი ახალგაზრდა გოგოების გაცნობისა, რომლებიც ბოიფრენდების ძებნაში თვალების ცეცბის დროს სალვადორესაც გადააწყდებოდნენ ხოლმე.
იმ დღესაც გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. მარიას შეხვედრით მოვგრილი უსიამოვნო განწყობილება ვერა და ვერ მოიშორა. კარგად გამოიპრანჭა და ბრუკლინის ისეთი ღამის კლუბისაკენ გასწია, სადაც გასართობად ხელი ყველას მიუწვდებოდა, შესვლა მხოლოდ 10 დოლარი ღირდა.
შესასვლელში დაცვამ მოწიწებით დაუკრა თავი, როგორც ძველ ნაცნობს. სალვადორემ შედგა თუ არა ბარში თავისი გაპრიალებული ფეხსაცმელები, თავი შინაურად იგრძნო. საშობაო განწყობილება იყო და განსაკუთრებული სიხალისე ეტყობოდა ყველას. გოგოები საგანგებოდა იყვნენ გამოწყობილები და თვალებსაც განსაკუთრებით აბრდღვიალებდნენ. საცეკვაო დარბაზი ხალხით ივსებოდა, სალვადორემ ფეხი აუწყო ნაცნობ მუსიკას და დახლისაკენ გაემართა. ვითომ შემთხვევით ხალმხმრავალ ბართან ორი გოგოს შუაში ჩაიჭედა და საყვარელი სასმელი – “ჯონი ვოლკერი” ყინულით შეუკვეთა. ამ დროს გვერდით მდგომი გოგონა მთელი ტანით მოუბრუნდა, მარჯვენა ხელზე დააჩერდა და ხმამაღლა დაიწყო მისი ბეჭდების დათვლა.
– ერთი, ორი, სამი, ოთხი… ოჰ, ღმერთო ჩემო! თქვენ იტალიელი ხართ და თანაც ბერბიჭა! – წამოიძახა მან. სალვადორემ გაკვირვებით შეათვალიერა ეს თავხედი და უეცრად მიხვდა, რომ რაც უნდა ეთქვა, ყველაფერს აპატიებდა, – ძალიან ლამაზი და ძალიან ახალგაზრდა იყო. ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობის ცისფერი თვალები და ოქროსფერი თმა კაბასთან ერთად უბრწყინავდა.
– ამაყობთ, რომ იტალიელი ხართ?
– ვამაყობ, რომ ნიუ იორკელი ვარ! თანაც ბრუკლინელი და ბეი რიჯელი! რამდენი წლის ხართ? – დაუბრუნა კითხვა სალვადორემ.
– თქვენ რა, პოლიციელი ხართ? შესასვლელში იმხელა ლომები დგანან ვერაფერს გამოაპარებ. ასე რომ არასრულწლოვანი არ ვარ.
– დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებოდით რაიმე სასმელით…
– გმადლობთ, მე უკვე მაქვს.
– ეს რა არის? – ჩააშტერდა სალვადორე.
– ფორთოხლის წვენია.
– მერედა ალკოჰოლი?
– ალკოჰოლი არ მიყვარს.
– მერედა ცეკვა, დროს ტარება?
– ეს ჩემთვის პრობლემა არ არის.
– მაშ, რატომ არ ცეკვავთ?
– აი – და გოგომ მარჯვენა ფეხი ასწია. – ახალმა ფეხსაცმელმა მომიჭირა და ბუბუ გამომიყვანა.
– ძალიან ვწუხვარ თქვენი ბუბუსათვის, – უთხრა სალვადროემ და ირგვილვ ქურდულად მიმოიხედა, თან გაიფიქრა, ეს რა კარგი ვარიკა გამომიჩნდაო.
– მარტო ხართ?
– მარტო? – წამოიძახა მონიკამ, – განა ვგავარ ისეთ ქალს, რომელიც ბარში მარტო დადის და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, რომ ვინმე დაითრიოს? მე არ ვეძებ ბოიფრენდებს, დაე, ბოიფრენდებმა მეძებონ მე!
– ე.ი. გულისსწორი არ გყავთ, – ჩაილაპარაკა თავისთვის კმაყოფილმა სალვადორემ.
– ხუთ მეგობართან ერთად ვარ, საშობაო წვეულების შემდეგ წამოვედით. ყველას პარტნიორი გამოუჩნდა და ცეკვავენ, მე კი ჩემი ბუბუს გამო…
– იცით რა, თქვენს მტკივან ფეხს სწორედ ბებერი პარტნიორი სჭირდება. ხომ არ დავმსხდარიყავით იქით, რბილ სავარძელზე და უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი? – ამის თქმა უნდოდა სალვადორეს, მაგრამ თავი შეიკავა, იქნებ ვერ ხვდება ჩემს ასაკსო და უთხრა – უფრო მოსახერხებელია სკამებზე გადავინაცვლოთ და იქ გავაგრძელოთ ჩვენი საინტერესო საუბარიო… – გოგოს პასუხს აღარ დაელოდა, დასტაცა მის ფორთოხლის წვენს ხელი და გადაჭედილ დარბაზში ფუმფულა სავარძლებისაკენ დაიწყო გზის გაკვლევა.
მონიკა კოჭლობით მისდევდა, თან თავის მეგობრებს ხელებით უხსნიდა, არაფერია, უბრალოდ ვერთობიო, რომელთაც რა თქმა უნდა არ გამოეპარათ მისი უჩვეულო პარტნიორი, თან სალვადორეს ეუბნებოდა
– დედაჩემი მეუბნება, რადგან ღმერთმა ინება და ბრუკლინში დაიბადე, შანსი მოგეცემა მისთხოვდე ორი ერთვნების მამაკაცს, ერბაელს ან იტალიელს. მაგრამ არჩევანი აუცილებლად ებრაელზე შეაჩერეო.
– კი, მაგრამ რატომ? – მოუბრუნდა სალვადორე.
– დედაჩემი მეუბნება, ებრაელები კარგი ქმრები არიან, იტალიელი კაცები კი გაგტანჯავენ, ქალებთან კურკური და ცოლის ღალატი უყვართო…

ამის გახსენებაზე სალვადორეს ჩაეცინა,– მაინც არ დაუჯერა დედის დარიგებას – გაიფიქრა მან, მოგონებებიდან რეალობას დაუბრუნდა და უკვე გვარიანად შეჭიკჭიკეულ მონიკასკენ გადაიხარა.
– ძვირფასო, უკვე წასვლის დროა, – უთხრა და მიმტანს საკრედიტო ბარათი გაუწოდა.
– ოჰ, მგონი პირველად დავთვერი ჩემს სიცოცხლეში, სალ!
– არაფერია! – სალვადორემ ხელი მოხვია მონიკას, რათა რესტორნიდან გაეყვანა. უკვე აშკარა გახდა მათი ინტიმური დამოკიდებულება და ასაკის სხვაობის გამო ყველამ უნებურად მათკენ მიიხედა. სალვადორეს ესიამოვნა კიდეც ცნობისმოყვარეთა მზერა.
– სალ, ალბათ ძალიან ცუდად ვიქცევი, არა?
– სულ რაღაც ორი წუთის წინ თეფშები დალეწე და უშვერად იგინებოდი, – უთხრა სალვადორემ, თან მონიკა ამოიღლიავა რომ მანქანასთან მიეყვანა.
– ოჰ, არა! მართლა? – გაიძახოდა მონიკა.
– რომ არა ჩემი ნაცნობობა და პატივისცემა, პოლიციას დაუძახებდნენ.
– მოიცა, მოიცა, პოლიციაზე გამახსენდა – და ისევ შეჩერდა მონიკა, თუმცა სალვადორე მანქანისაკენ ჯიუტად ეწეოდა, თან გულიანად ხარხარებდა.
– მოიცა სალ, რაღაც უნდა გითხრა… რომ არ გითხრა ვერ მოვისვენებ… აღშფოთებული ვარ შენი მონაყოლით… იმ ბებერ იტალიელ კაცზე რომ მოყევი. განა სულელი არ არის ის ქალი, რომელიც ქმრის მოკვლას გადაწვყეტს და ვერ მოკლავს. სალ? ისიც ბებერ და გმოჩერჩეტებულ ქმარს. გეფიცები, მართლაც, მართლაც აღმაშფოთებელი და გულდასაწვყეტია…
მონიკას უეცრად საყრდენი გამოეცალა და წაბარბაცდა. ეს იმიტომ, რომ სალვადორემ ხელი უშვა და უკან გადახტა. მონიკამ დაბინდული თვალები მოისრისა, რომ უცხო კაცი კარგად დაენახა, რადაც უცბათ სალვადორე გადაიქცა. ცვილის ქანდაკებასავით გათეთრებული სახე “მადამ ტუსოუს” მუზეუმში გამოფენილი გილიოტინაზე სიკვდილმისჯილი ადამიანის თავივით გაფითრებოდა და უფრო მეტი ტრაგიზმი და არაადამიანური ტანჯვა ეხატა.
– სალ, რა მოხდა?! – აღმოხდა მონიკას, ხელები მისკენ გაიშვირა და ნაბიჯი გადადგა, რათა ყელზე ჩამოკიდებოდა, მაგრამ მათ შორის მანძილი უფრო გაიზარდა.
– შენ ვერ გამიგე კარგად, სალ! შენ ვერ გამიგე, ოჰ, ღმერთო ჩემო… სალ! სალ!
მაგრამ სალვადორე უკვე მანქანისკენ მიისწრაფოდა, კრიჭაშეკრული მიუჯდა საჭეს და კარი ისე მიიხურა, მოინკა მიხვდა, რომ სამუდამოდ…
–არა, სალ! არა! – იყვირა გამოფხიზლებულმა, – არ წახვიდე, სალ, არა…
მანქანა ერთბაშად მოწყდა ამდგილს, მისკენ ხელებგაშვერილმა მონიკამ კი ორი ნაბიჯი ძლივს გადადა, მერე ჩაიკეცა, სახე ხელებში ჩარგო და მწარედ ატირდა.
. . .

გამყიდველი ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა უცნობ კაცს, რომელიც ბარბაცით შევიდა პატარა “დელიში” და წყლებითა და წვენებით სავსე მაცივრის გმაოღებას შეეცადა. თუმცა თითქოს ძალა არ ეყო და სასომიხდილი ცივ მინას ლოყით მიეკრო. – მთვრალია? – გაუელვა გულში გამყიდველს. – მის ასაკში? – და დაკვირვებით შეათვალიერა. უცნობს უძვირფასესი პიჯაკი ეცვა, ბრილიანტის თვლიანი ბეჭედები მის გალაქულ ფრჩილებზე ათინათს გამოსცემდა. ისეთი მოვლილი იყო, რომ თავიდან ფეხებამდე ბრწყინავდა. საგულდაგულოდ შეღებილი შავი თმა კიდევ უფრო თვალნათელს ხდიდა მის ნაოჭებს და იმ სასიამოვნო ხიბლს უკარგავდა, რასაც მისი ასკის კაცს ჭაღარა თმა აძლევს.
– არა, ამას უსახლკაროსი არფერი უგავს, პირიქით, საკმაოდ მდიდარი უნდა იყოს – გაიფიქრა გამყიდველმა, – მაგრამ შეიძლება უკვე გაკოტრდა, რა გასაკვირია, ამ ქვეყანაში დღეს მილიონერი ხარ, ხვალ შეიძლება “დელის” გამყიდველად მოგიწიოს მუშაობა…
– დახმარება ხომ არ გინდათ? – ჰკითხა უცნობს ძნელად გასარჩევი ინდური აქცენტით.
– წყალი – აღმოხდა უცნაურ კლიენტს.
– “პოლანდ სპრინგი” თუ გაზიანი წყალი?
– მნიშვნელობა არ აქვს…
გამყიდველმა მაცივრიდან წყალი გამოიღო.
– მგონი თავს ვერ გრძნობთ კარგად, იქნებ სკამი ამოგიტანოთ, სარდაფში გვაქვს ერთი სკამი.
– არა, მადლობთ, რა ღირს?
– დოლარი და 50 ცენტი.
– მე მხოლოდ საკრედიტო ბარათი მაქვს… – მაგრამ მაინც მოიქექა ალალბედზე ჯიბეები, იქნებ სადმე ორი დოლარი აღმომაჩნდესო.
– ასეთ მცირე თანხას ბარათით ვერ ავიღებ – შეწუხდა გამყიდველი. – იცით რა, არ არის საჭირო ფული…
კაცმა უარის ნიშნად ხელები გაასავსავა.
– გქონდეთ, გქონდეთ, – მრავალმნიშველოვნად დაამშვიდა გამყიდველმა.
– გმადოლბთ!.. – აღმოხდა სალვადორეს. “დელიდან” გავიდა თუ არა, წყლიანი ბოთლი მოიყუდა და არეული ნაბიჯით მანქანისაკენ გაემართა. ხელი გულზე მიედო, რადგან საშინელი სპაზმი თითქოს გულის ამოგლეჯას ცდილობდა. მანქანში ჩაჯდა და გეზი ვერაზანოსაკენ აიღო.

ხიდზე რომ გავიდა, უკვე ბინდდებოდა. ეს დრო განსაკუთრებით უყვარდა სალვადორეს. არაერთხელ მდგარა ჰადსონის ნაპირზე და უცდია დაღამებისათვის, ვერაზანოს გაბრწყინება რომ დაენახა. მრავალჯერ დამტკბარა ამ სურათის ხილვით… და აი ახლაც, თითქოს ხიდს ჯადოსნური ჯოხი შეახესო, უცბად მილიონი ნათურა ბრილიანტივით აბრჭყვიალდა ვერაზანოზე. სალვადორემ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს გულიდან მძიმე ტვირთი მოეხსნა. ფანჯარა ბოლომდე ჩასწია, სტეიტენ აილენდიდან მონაბერი ნიავი ღრმად შეისუნთქა, მხრები ახალგაზრდულად შეათამაშა და წელში გასწორდა. იმდღევანდელი უსიამოვნების გონებიდან გამოდევნას ცდილობდა, თუმცა ყურში გამუდმებით ჩაესმოდა მონიკას მუდარა…
შუქი ლიცლიცით ეცემოდა ირგვლივ და კაცის სახის გამომეტყველება ძნელი გასარჩევი ხდებოდა. ვერაზანოს კი ბოლო არ უჩანდა… სალვადორე მიაქროლებდა მანქანას ბეი რიჯისაკენ სადაც ელოდებოდა უზარმაზარი სახლი და მარტოობა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი
2002 წლის გაზაფხული,
ნიუ იორკი

გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრაში” 2006 წელს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button