უჩვეულო ფაქტები პლაცებოს ეფექტის შესახებ
ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ფენომენებიდან პლაცებოს ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ნაკლებად ამოხსნილი მოვლენაა. მასზე ყველას გვსმენია, მაგალითად ის, რომ შეგვიძლია ავადმყოფობებისგან განვიკურნოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვჯერა, ასე მოხდება. სხვა სიტყვებით, ვატყუებთ ორგანიზმს და ვაჯანსაღებთ მას, რაც ტვინის ძლევამოსილებას ამტკიცებს. თუმცა ამის გარდა არსებობს პლაცებოს ეფექტის გარკვეული ასპექტები, რომელთა ახსნა ექიმებისა და მეცნიერებისთვისაც კი რთულია.
● პლაცებო ცხოველებზეც მოქმედებს.
ფარმაცევტული კომპანიები ისევე ატარებენ წამლის ეფექტურობის გამოცდას ძაღლებზე, როგორც ადამიანებზე. ეპილეფსიით დაავადებულ ძაღლებს ისინი ჰყოფდნენ ორ ჯგუფად, ერთს აძლევდნენ წამალს, მეორეს კი პლაცებოს. როგორც აღმოჩნდა, ძაღლებზე ადამიანების მსგავსი ეფექტი მიიღება, რადგან პლაცებოს ჯგუფში მყოფ ცხოველებს დადებითი შედეგები აღენიშნებოდათ. ციმბირულ ზაზუნებზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ გააძლიერა აზრი, რომ ცხოველებსაც ახასიათებთ პლაცებოს ეფექტი, რაც დამოკიდებულია გარემოსა და ორგანიზმში არსებულ ენერგიაზე. როდესაც ზაზუნებს აჯერებენ, რომ ახლა ზამთარია, მათი იმუნოსისტემა გადადის მძინარე მდგომარეობაში, რათა ძალები დაზოგოს.
● ანტიდეპრესანტები უსარგებლოა.
დეპრესია რომ არც ისე სასიამოვნო მოვლენაა და მას პირდაპირი კავშირი აქვს ტვინის ქიმიასთან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათი მკურნალობის მეთოდი ხშირად ანტიდეპრესანტებია, რადგან აქვს გარკვეული ეფექტი და უკუაგდებს დეპრესიას მომხმარებელთა უმეტესობაში. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ პლაცებოსაც იგივე ეფექტი აქვს, თანაც გვერდითი მოვლენების გარეშე. ეს სიახლე ერთი მხრივ, არც ისე სასიამოვნოა ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომლებიც ანტიდეპრესანტების პოპულარობის დაკარგვის შემთხვევაში მილიარდობით დოლარს დაემშვიდობებიან. მეორე მხრივ, ეს აღმოჩენა იმედისმომცემია მათთვის, ვისაც გონებრივი ავადმყოფობა აწუხებს – ამ დაავადებების დამარცხება ქიმიკატების გარეშე იქნება შესაძლებელი.
● პლაცებოს ეფექტმა შეიძლება დაგათროთ.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქალს გაცილებით ნაკლები ალკოჰოლი სჭირდება დასათრობად, ვიდრე მამაკაცს, რადგან მათი ორგანიზმი ნაკლებად ამტანია. თუმცა შეიძლება საქმე სხვა რამეში იყოს. როგორც ჩანს, ჩვენ მარტივად შეგვიძლია თავი დავირწმუნოთ, რომ დავთვერით. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათ, ვისაც სჯეროდა, რომ არაყს სვამდა (სასმელი კი რეალურად ლიმონიანი ტონიკი იყო), ნელ-ნელა უქვეითდებოდა მსჯელობის უნარი, აჩვენეს ცუდი შედეგები მარტივ ტესტებში და დაუქვეითდათ IQ.
● საცხოვრებელი ადგილი პლაცებოზე მოქმედებს.
ამერიკელები უფრო ხშირად ავლენენ იპოქონდრიის (ავადმყოფური შიში, გამოწვეული ჯანმრთელობაში დაეჭვებით) ნიშნებს, ვიდრე სხვა რომელიმე ერი. თუმცა ეს გასაკვირი არცაა – ამ ქვეყანაში ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით სხვადასხვა წამლის რეკლამებს და სატელევიზიო სივრცეშიც არც ისე ცოტა ადგილი უჭირავთ. ამის გამო ამერიკელების გონება უფრო დიდ ეფექტს ანიჭებს ისეთ წამლებს, რომლებიც ნემსით ხვდება ორგანიზმში, ევროპელები კი პირიქით – პლაცებო აბებზე უკეთ რეაგირებენ, ვიდრე პლაცებო ინექციაზე. როგორც ჩანს, კულტურული ფაქტორები სერიოზულ გავლენას ახდენს პლაცებოს ეფექტზე. საცდელ ექსპერიმენტში წყლულის მოსარჩენად გამოყენებული წამლები უკეთ მოქმედებდა გერმანიაში, ვიდრე ბრაზილიაში. მაგრამ რაც შეეხება ჰიპერტონიის (მაღალი არტერიული წნევა) წამლებს, ყველაზე ნაკლები გავლენა გერმანელებზე ჰქონდა. კულტურული შტრიხები აყალიბებენ ჩვენს იმედებს, შიშებსა და მოლოდინებს, რაც შესაბამის ზღვარს უწესებს პლაცებოს ეფექტს.
● პლაცებო მოქმედებს მაშინაც, როცა იცი სიმართლე.
პლაცებოს მთავარი საიდუმლო თითქოს იმაშია, რომ პაციენტმა არ იცის სიმართლე, იღებს უმოქმედო აბს და ჰგონია, რომ მორჩება, რაც ხშირად მართლება კიდეც. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ პლაცებოს ეფექტი აგრძელებს მოქმედებას მას შემდეგაც, როცა პაციენტი აღმოაჩენს, რომ მას სიმართლეს უმალავდნენ, რაც კიდევ უფრო ხლართავს სიტუციას. წესით როცა ადამიანი იგებს, რომ ის პლაცებოს იღებს, ტვინმა უნდა შეწყვიტოს ტყუილზე დაფუძნებული მოქმედება ან შეასუსტოს მაინც. მაგრამ შედეგი საპირისპიროა – პოზიტიური ეფექტი გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო თუ შორეულ მომავალში წამლის ნაცვლად ექიმები პაციენტებს დაურიგებენ შაქრის აბებს და ეტყვიან კიდეც ამის შესახებ, პაციენტები მიიღებენ უმოქმედო აბებს და გამოჯანმრთელდებიან.
● პლაცებოს ეფექტი აქვს ინფექციებსაც.
ექიმების ჯგუფი დაინტერესდა, რა შედეგს გამოიღებდა ასთმით დაავადებული ადამიანების პარაზიტი ჭიებით დასნეულება. პაციენტები მათ ორ ჯგუფად გაყვეს, ერთი ჯგუფის წევრებს რეალურად ასნეულებდნენ პარაზიტი ჭიებით, მეორე ჯგუფში კი უბრალოდ აფიქრებინებდნენ პაციენტებს, რომ ისინიც დაინფიცირდნენ. პირველ ჯგუფში შემავალ ადამიანებს რეალური გამოკეთება აღენიშნებოდათ, თუმცა იგივე ეფექტი იყო მეორე ჯგუფშიც. ცხადი გახდა, რომ მთავარი მოქმედი ფაქტორი ორივეგან პლაცებოს ეფექტი ყოფილა. გასაკვირია და კვლევის დასრულების შემდეგ მონაწილეთა ნაწილმა პარაზიტი ჭიების ორგანიზმში დატოვება არჩია, რადგან სურდათ, დადებითი შედეგები მომავალშიც გაგრძელებულიყო.
● პლაცებოს ჰყავს ბოროტი ტყუპისცალი, სახელად ნოცებო.
თუკი ჩვენი მოლოდინი წამლის ეფექტურობაზე მართლდება, იგივე შეიძლება მოხდეს გვერდითი ეფექტების საკითხშიც. ერთ-ერთი გამორჩეული კვლევა ნოცებოს ეფექტის შესასწავლად იტალიაში ჩატარდა, სადაც ლაქტოზის მოყვარულ და მოძულე ადამიანებს დაალევინეს ჩვეულებრივი სითხე, რომელიც ლაქტოზად გააცნეს. შედეგი დამაფიქრებელი იყო: ლაქტოზის მოძულეთა 44%-სა და მოყვარულთა 26%-ს აღენიშნებოდა გასტროინტესტინალური დისკომფორტის სიმპტომები. ეს სიახლე განსაკუთრებით მამაკაცებისთვისაა საშიში: თუკი ექიმთან ვიზიტის შემდეგ ფიქრობთ, რომ თქვენი მამაკაცური ღირსება გიღალატებთ, არის შანსი, რომ ასეც მოხდეს. კვლევაში, რომელშიც გაგანიერებული პროსტატის მქონე მამაკაცები იღებდნენ პრეპარატ ფინასტერიდს, ნახევარს აფრთხილებდნენ, რომ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტი იყო ერექციული დისფუნქცია, მეორე ნახევარს კი არაფერს ეუბნებოდნენ. პირველ ჯგუფში მყოფთა 44%-ს მართლაც აღენიშნა ეს ეფექტი, მეორე ნახევარში კი იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 15% იყო. ერთმა პაციენტმა, რომელიც საცდელ კვლევაში მონაწილეობდა, 26 პლაცებოს აბი გადაყლაპა თვითმკვლელობის მცდელობისას. ცხადია, აბები უმოქმედო იყო, მიუხედავად ამისა, სისხლის წნევა სერიოზულად დაეცა.
● ფერადი პლაცებო უფრო ეფექტურია.
ადამიანებს გვიყვარს ფორმები და ფერები. ქვეცნობიერ დონეზე ეს ორი რამ დიდ გავლენს ახდენს ჩვენზე, ამავე დროს ჩვენი აღქმა, თუ როგორი იქნება წამლის ეფექტურობა, საზღვრავს საბოლოო შედეგსაც. აღქმა კი დიდწილად დაფუძნებულია წამლის ზომაზე, ფორმასა და ფერზე. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ დეპრესიის მკურნალობისას ყვითელი ფერის აბები ყველაზე მეტად ეფექტურია, ხოლო წითელი აბები ადამიანებს ფხიზლად ამყოფებს და ამხნევებს. მწვანე აბები მოუსვენრობას აცხრობს, თეთრი კი კუჭთან დაკავშირებულ დაავადებებს შველის, მაგალითად წყლულს. რაც უფრო მეტ პლაცებო აბს იღებს ადამიანი, მით უფრო ეფექტურია შედეგი – ვინც დღეში ოთხჯერ იღებს, უკეთესი შედეგი აქვს დღეში ორჯერ მიმღებთან შედარებით. ასევე ბრენდული სახელის მქონე აბებს უკეთესი შედეგი აქვს იმ წამლებთან შედარებით, რომლებსაც წარწერა საერთოდ არ აქვთ.
● პლაცებო ოპერაციებიც საკმაოდ ეფექტურია.
წარმოიდგინეთ, რომ დაშავდით სერიოზულად და ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა. თქვენ გადაიტანეთ შესაბამისი პროცედურები, რომლის შემდეგაც გამოკეთდით და ტკივილიც გაქრა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი თვის შემდეგ ექიმი გიმხელთ სიმართლეს – ოპერაციას რეალურად არაფერი შეუცვლია და მდგომარეობა იგივე დარჩა, მხოლოდ ნატკენი ადგილი გაჭრეს, რომ გეფიქრათ, თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სწორედ ასეთი რამ მოხდა სამედიცინო ექსპერიმენტებისას, რამაც აჩვენა, რომ ოსტეოართრიტისას ჩატარებული ცრუ ოპერაციები შეიძლება ნამდვილივით ეფექტური იყოს. ყველაზე კარგი სიახლე ალბათ ისაა, რომ პლაცებო ოპერაციები გაცილებით იაფია, ვიდრე ნამდვილი.
● წლების გასვლასთან ერთად პლაცებო უფრო ეფექტური ხდება.
პირველად პლაცებოს ეფექტი 1700-იან წლებში შენიშნეს, თუმცა მისი რეალური ქვეტექსტების აღქმა მხოლოდ 1970-იანებში მოხერხდა. მას შემდეგ აშკარა ხდება, რომ რაც უფრო მეტი ტესტირება ხდება პლაცებოზე, მით უფრო იზრდება მისი ეფექტი დროის გასვლასთან ერთად. შესაძლოა ამის მიზეზი ჩვენი სოციალური მდგომარეობა იყოს – ადამიანები პროფესიონალ ექიმებზე დიდ იმედებს ამყარებენ. სამედიცინო ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება სიკვდილიანობა და მედიცინა უფრო ძლიერდება. შუა საუკუნეებში მოსახლეობა ნაკლებად ენდობოდა ექიმებს, რადგან ამის მიზეზი არ ჰქონდათ – სერიოზული სამედიცინო პროცედურების უმეტესობა პაციენტის სიკვდილით სრულდებოდა. თუმცა დღეს სიტუაცია მკვეთრად სხვანაირია – სულ უფრო მეტად იზრდება ექიმებისადმი რწმენა, რაც შესაბამის ეფექტს ახდენს პლაცებოზეც.