ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი – “განსაკუთრებული “შიშ-ქაბაბი”
(ციკლიდან “ემიგრანტული მოთხრობები”)
– ისევ იგვიანებს ის საძაგელი გოგო თხუთმეტი წუთით, შემდეგ კი ოცი წუთი გამოცვლას უნდება, თითქოს არ ეკადრებოდეს მეტროში მიმტანის ფორმით ჩასვლა! – გამოსცრა კბილებში მუჰამედმა, თან გაალმასებულმა კარისაკენ გაიხედა. მინებიანი ვიტრინებიდან მოჩანდა “ატლანტიკ-ავენიუს” მიმდებარე ქუჩა, სადაც ძველისლველი, მოჟამული სახლების ფონზე ორი შავი ბიჭი აქეთ-იქით უაზროდ დაეხეტებოდა.
– მეგობარო, მეგობარო! – დაიძახა კბილებჩამტვრეულმა ბებერმა კლიენტმა, რომელიც იმ ნიუ-იორკელთა რიგს მიეკუთვნებოდა, ყველა ქვეყნის სუფრის ჭაშნიკი რომ იციან, – ერთი თქვენი თაფლივით ტკბილი ფაქლავა მომიტანე, რომ დღევანდელმა დღემ ტკბილად ჩაიაროს, ჩაიც არ დაგავიწყდეს, რომ კარგად გადავყლაპო…
მუჰამედმა ბებერს საუზმე უხალისოდ დაუხეთქა მაგიდაზე.
– მართლა, სად არის ის ლამაზი მიმტანი, ყველაფერი დიდი რომ აქვს? იმის ხელით მოტანილი ფაქლავა სულ სხვა არის, ხომ იცი, არა, ხომ იცი?! ხა, ხა, ხა…
მუჰამედი ამ კაცთან ლაზღანდარობის გუნებაზე ნამდვილად არ იყო. ამიტომ შეკითხვაზე უშნოდ დაიღრიჯა და ისევ ვიტრინებს მიაჩერდა, – უკვე თორმეტის თხუთხმეტი წუთია, მაგრამ მაინც არ ჩანს. აი, თავხედობაც ამას ჰქვია! რამდენჯერ გავაფრთხილე, არ დაიგვიანო-მეთქი და ისევ იგვიანებს! – ბრდღვინავდა გულში.
– შუადღე მშვიდობისა! შუადღე მშვიდობისა! – დაიწყეს შემოსვლა კლიენტებმა…
– შუადღე მშვიდობისა! – ცალყბად პასუხობდა მუჰამედი.
– სად არის თქვენი მშვენიერი მიმტანი? – კითხულობდნენ ისინი.
– იგვიანებს, ისევ იგვიანებს… – იღრიჯებოდა მუჰამედი.
– წარმომიდგენია, რა ხასიათზე უნდა იყო, როდესაც ცხვირწინ იმავე ბიზნესს გაგიხსნიან. მეც ასე დამემართა, სამრეცხაო რომ მქონდა “ფლატბუშ ავენიუზე.”?! ადგნენ და ქუჩის მეორე მხარეს არ წამომიჭიმეს? მაგრამ ჩავძირე, დედას გეფიცებით ჩავძირე, ხა, ხა, ხა… – ყველას გასაგონად წამოიძახა ფაქლავიანმა, რომელიც ტკბილ ნამცხვარს ნება-ნება ციცქნიდა, რათა სიამოვნება დიდხანს გაეგრძელებინა.
მუჰამედმა ლამის ცხვირში მიაფარა ფაქლავიანი თეფში ამ ენაჭარტალა მოხუცს. არადა, სწორედ მაზოლზე არ დაადგა ფეხი? თვითონაც ხომ კარგად იცოდა, რისთვის ჰქონდა ნერვები მოშლილი?! აბა, როგორია, აწყობილი საქმე და რეგულარული შემოსავალი დაგეშალოს?! ალბათ ასეც იქნება… მერედა, ვინ გეკიდება მტრად? ისევ შენიანი. ამ ქუჩაზე განა საკმარისი არ იყო ერთი არაბული რესტორანი, მის ცხვირწინ მეორე რომ არ წამოეჭიმათ? მართალია, მუჰამედს იმედი აქვს, რომ ძველი კლიენტურა კვლავაც მისი ერთული დარჩება, მაგრამ რა მოხდება ხვალ, როცა ისინი პირველად გააღებენ რესტორანს, კაცმა არ იცის. შემოსავლის 50% თუ არა, 30% – იც რომ მოაკლდეს, მაინც გვარიანი დარტყმა იქნება მისი ოჯახისთვის. მიმტანიც აღარ გაუჩერდება. – დილის თერთმეტიდან დაღმის თერთმეტამდე ასი დოლარის “ტიპი”4 ძლივს გროვდება, 60 ან 70 დოლარად 12 -13 საათი ვინღა იმუშავებს? გამოდის ფული ჩემი ჯიბიდან უნდა დავუმატო. რაც ძალზე ცუდია… – ეს გაიფიქრა თუ არა კვლავ მაია გაახსენდა და კბილები გააღრჭიალა.
– რამდენი ხანია, რაც ამ რესტორანს ფლობ ძმაო? – თანაგრძნობით ჰკითხა ერთმა კლიენტმა.
– ცხრა წელია… – ჩაფიქრებით უპასუხა მუჰამედმა და ჯერ სიტყვა არ დემთავრებინა, რომ კარში წითელ შარვალში გამოწკეპილი მაია გამოჩნდა, რომელმაც ვითომც აქ არაფერიაო, განაცხადა – დილა მშვიდობისა!
– ეს იყოს უკანასკნელი დაგვინება, კიდევ დაიგვიანებ და გაბრძანდები აქედან! – დაიღრიალა მუჰამედმა, თან ხელები აექავა, ისევე მოუნდა ეს გოგო მიეთეთქვა, როგორც წინა ღამეს მითეთქვა თავისი ცოლი.
მაიამ დიდი თვალები დააფახულა, უხერხული სცენის შემსწრე განაბულ კლიენტებს გადახედა, რომელთაც მუჰამედის ყვირილზე ლუკმა ყელში გასჩხერვოდათ და მშვიდად განაცხადა.
– ჩემი ბრალი არ არის, მატარებელი გვირაბში გაიჭედა. საოცრებაა, ნიუ იორკში ექსპრესით თუ იმგზავრე, უფრო დიგვიანებ, ვიდრე ლოკალური მატარებლით, რადგან ექსპრესი ყოველთვის გვირაბში იჭედება.
– ჰოდა, ამიტომ ნახევარი საათით ადრე უნდა გამოხვიდე სახლიდან, ჩემს ხარჯზე კი არ უნდა იჯდე გვირაბში! – შეუღრინა მუჰამედმა.
– ცამეტი საათი აქ ვარ, ერთი საათი გზაში და ნახევარი საათიც რომ დავუმატო, სახლში როდისღა ვიყო? – ისე სხაპასხუპით მიაყრა მაიამ, იმ წუთის გამოთვილს ნამდვილად არ ჰგვადა.
– აბა, ბინის ქირას რიღასთვის იხდის? – ახორხოცდნენ კლიენტები.
– აბა, აბა! ქალი კაცს ასე არ უნდა უტლიკინებდეს ენას და ისიც უფროსს! – დაიღრიალა მუჰამედმა.
– მე რომ მაგისი ბოსი ვიყო, სულ არ ვამუშავებდი, ხა, ხა, ხა!… – წამოიძახა ბებერმა და გადაიხარხარა. მას სხვებიც აჰყვნენ და მაიას ხარბი თვალი მიაპყრეს, რომელიც ჩაფიქრებული მიგოგმანობდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, თან გულში მუჰამედის სიტყვებს ბურტყუნებდა – ქალი კაცს ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს!… მაგას მე თავისი ცოლი ხომ არ ვგონივარ?!… მაგას მე არაბეთიდან ხომ არ ვგონივარ?!… ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, ქალი და კაცი თანაბარია, ჰმ!… – თუმცა ტანსაცმლის გამოცვლა დააჩქარა და სულ რაღაც ათ წუთში გმოცხადდა შავ, შემოტკეცილ შარვალსა და თეთრ, საკმაოდ გულამოჭრილ ბლუზაში, რომელში ჩაჭყეტვაც ყველა კლიეტს უყვარდა.
– რა არის ეს, ეს არის მიმტანის ფორმა?! რამდენჯერ უნდა გითხრა ნორმალურად ჩაიცვი-მეითქი. ხვალ თეთრი პერანგითა და შავი ქვედატანით მოხვალ!
– კაბით? – თვალები ერთი იმდენად გაუფართოვდა მაიას, – კი, მაგრამ კაბა რომ არ მაქვს! …
– იყიდი! და საერთოდ, ჩემი საქმე არ არის, რა გაქვს და რა არ გაქვს. მოხვალ მიმტანის ფორმით! ეს რესტორანია, სცენა კი არ არის!…
მაიამ თავი გულდახურურულ პერანგსა და გრძელ ქვედატანში რომ წარმოიდგინა, ლამის გული შეუღონდა, კლიენტები კი უფრო მეტად შეწუხდნენ.
– ადრე არასოდეს გითქვამს, რომ სხვა ფორმა ჩამეცვა…
– მითქვამს, მითქვამს, მაგრამ შენი გონება მუდამ სხვაგან დაფრინავს, აქ სამუშაოდ კი არა, ფულის გულისათვის მოდიხარ!
დამწუხრებულმა მაიამ მაგიდებს მიაშურა, რათა გული გადაეყოლებინა ხალხთან ბაასით.
– საით! საით?! – ისევ უხეშად დაუძახა მუჰამედმა, – ბანკში წადი და ფული გადაახურდავე, პატარა ბიჭივით მე ვირბინო? ვიცი, რომ ჩემი ბიზნესი ფეხებზე გკიდია!
მაიამ ოცდოლარიანების შეკვრა აიღო და დაფიქრებული ქუჩაში გავიდა.
– რა ბზიკმა უკბინა ამ კაცს დღეს? არ არის ღირსი, ყველაფერი სახეში მივაყარო და წავიდე? არა, მაინც რამდენი მოვუთმინე, ამდენი მამაჩემისთვისაც არ მომითმენია…
ქუჩა გადაჭრა და ახლადწამოჭიმულ რესტორანს ჩაუარა, სადაც უკვე დიდი აბრაც იყო გამოკრული, – ხვალიდან ფართოდ გაიღება კარი ყველასათვის, მობრძანდით და ჩვენი განსაკუთრებული “შიშ – ქაბაბი” მიირთვითო.
– ააა, ვიცი, რაზედაც არის გაწიწმატებული, ამ ახალი რესტორნის გამო შეიძლება ბიზნესი ჩაუვარდეს – გაიფიქრა და თან შიგნით შეიჭყიტა.
– არა უშავს, კარგად გაუკეთებიათ. ყველაფერი ახალი და წკრიალაა. ალბათ სასიამოვნო იქნება აქ მუშაობა, მაგრამ ამათი აქ დამკვიდრება ჩემთივსაც ცუდია, კლიენტები თუ მოგვაკლდება, “ტიპები” შემიმცირდება, 12 -13 საათი კაპიკებისთვის ვიდგე ფეხზე? ეს ვაჟბატნი კი, მოფერების ნაცვლად, მიყვირის და მამცირებს, თანაც ხალხის თვალწინ – მაია ბრაზისაგან წამოენთო. ამ ფიქრებით და იმის იმედით, იქნებ მუჰამედი ჩაწყნარდაო, უკან დაბრუნდა.
– რა უყურადღებო ხარ, რატომ არ მკითხე, რამდენი შეკვრა ოცდახუთცენტიანი მინდოდა? – შეუღრინა ისევ მუჰამედმა.
მაიას თვალები თავისი კლიენტებისაკენ გაექცა. უკვე გვიანი საუზმის დრო იყო და რესტორანი ხალხით ივსებოდა. ისინიც მოუთმანლად ელოდებოდნენ თავიანთ სათაყვანო მიმტანს.
– დღესაც იმავეს ინებებთ!? – დაუძახა ერთ-ერთს და ის იყო სამზარეულოსაკენ უნდა გაცქრიალებულიყო შეკვეთის მისაცემად, რომ მუჰამედმა ცხვირწინ დიდი “ვინდექსი”5 დაუხეთქა.
– შეხედე, რას ჰგავს კარი. ამას ყოველდღე უნდა წმენდდე. შეხედე ნათითურებს. დღეიდან ყოველ დილას რომ მობრძანდები, გაწმენდ, გაიგე?!
– ხალხს, ხალს რა ვუყო?… – ჩაიბურტყუნა მაიამ.
– ხალხს მე მივხედავ, მაგაზე ნუ წუხართ, ქალატონო!… – ღვარძლიანად უპასუხა მუჰამედმა.
– კი, მაგრამ ტიპები, ტიპები ვის დარჩება? – უნდოდა ეკითხა მაიას, მაგრამ ამის ნაცვლად, ერთი ღრმად ამოიოხრა და დაბოღმილი შეუდგა ნათითურების წმენდას.
– ოჰო, კარგი საქმე მომიმატა. წმენდა რომ მინდოდეს, დამლაგებლად ვიმუშავებდი. თან ამის გაწმენდას ხომ აზრიც არ აქვს, ორ წუთში ისევ დასვრიან თავიანთი ქონიანი თითებით, თითქოს უზარმაზარი სახელური არ ჰქონდეს კარს. – ფიქრობდა გულში. ხოლო როცა ერთმა კლიენტმა თანაგრძნობის გამოსახატავად წამოიძახა, – მაგის ხელებმა ასეთი სამუშაო არ უნდა შეასრულოსო,– მაიას შეურაცხყოფისა თუ ბოღმისაგან ცრემლები გადმოსცვივდა და საკუთარი თავი ძალიან შეეცოდა.
– შუადღე მშვიდობისა, ლამაზო, ასე ბევრს რატომ მუშაობ?
აი, სწორედ ის შემოვიდა, ვისზეც ლოცულობდა, არ მომისწროსო. მისი ფავორიტი კლიენტი, რომელსაც სამწუხაროდ მუჰამედი ერქვა, მაგრამ ძალიან განსხვავდებოდა ბოსი მუჰამდისა და სხვებისგანაც. მუდამ გაწიკწიკებული პიჯაკით და “ლაფტაფით” ხელში შემოირბენდა ხოლმე. მაიას განსაკუთრებით მოსწონდა მისი ჩაცმის სტილი, ბრინჯაოსფერ კანსა და მწვანედ მოლივლივე თვალებს, პერაგებს რომ უფარდებდა. სხვებივით მხოლოდ “ბოიფრენდებზე” კი არ ეკითხებოდა, არამედ მის გეგმებზე, – რას აპირებს, რომელ კოლეჯში უნდა შესვლა, რა ხდება მის ქვეყანაში. მაიას გასაკვირად, კარგადაც ერკვეოდა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებში. ასეთი მეგობრული მოკითხვების შემდეგ, ჩაიც რომ დაელია, მაინც 10 დოლარის ტიპს დაუტოვებდა და გულთბილად გამოეშვიდობებოდა. მაიას გული მხლოლდ იმაზე წყდებოდა, რომ ამ კაცს ხელზე ოქროს მსხვილი ნიშნობის ბეჭედი ჰქონდა წამოცმული. თუმცა იმაშიც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი ცოლი, ბოსი მუჰამედის ცოლივით ჩადრით არ დადიოდა და 24 საათი სახლში არ იყო გამომწყვდეული.
ერჩივნა, მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყო, როცა ამ გამსაკუთრებულმა კლიენტმა კარის გაცხარებული წმენდის დროს მოუსწრო. მოკითხვაზე პასუხად რაღაც წაიბურტყუნა, ცუდ მუჰამედს გადახედა და ასეთმა აზრმა გაუელვა – აი, ამ წუთში შეასხამს სახეში “ვინდექსს,” შეაყრის ხელსახოცებს და გაიქცევა… მაგრამ რა ქნას, თვის ბოლოა და ბინის ქირა, შუქის, გაზის, ტელეფონის გადასახადები აქვს გასასტუმრებელი. თითქოს პირი შეკრესო, გუშინ ყველა ერთად მოვიდა. იქით ცდუნებას ვერ გაუძლო და საშემოდგომოდ მოდის ჟურნალებიდან იმდენი ტანსაცემლი გამოიწერა, რომ საკრედიტო ბარათის ვალიც კარგა ბლომად დაუგროვდა. ეჰ, ამოიოხრა მაიამ და დაძმარებულმა ნათითურების წმედა განაგრძო. ამ დროს მოესმა, როგორ უთხრა მისმა მეგობარმა მუჰამედმა მის მტერ მუჰამდს – მაიას დაველოდები, შენ ნუ შეწუხდები შეკვეთის აღებაზეო. ამას კი გესლიანი პასუხი მოჰყვა – მაია თქვენთვის კარგა ხანს ვერ მოიცლისო.
– ჰმ, ეს მახინჯი ახალ საქმეს მიმზადებს, ნეტავ რა ჯანდაბა უნდა გამოიგონოს? იმედია, ცხრა წლის გატიტყნილ კედლებს არ გამაწმენდინებს. თანაც, ყველა უბედურებასთან ერთად, დღეს როგორც ვატყობ, უფულოდ მომიწევს სახლში წასვლა. ერთი უყურეთ, როგორ იჯიბავს ჩემს საცოდავ კაპიკებს?!
– ხედავ, რა წუმპეა კარადაში? რაც მოხვედი, იმის შემდეგ ხელი აღარ დაგიკარებია. ეს წვენები გამოიღე და ყველაფერი კარგად დაასუფთავე. გინდა ქალაქის სანიტარულმა სამსახურმა რესტორანი დამიხუროს?
კარადის პირველი უჯრა, სადაც წვენებს ინახავდნენ, იატაკთან იმდენად ახლოს იყო, რომ იქამდე მაიას შემოტკეცილი შარვალი არასოდეს უშვებდა. ახლაც გაჭირვებით ჩაიკუზა და ხვნეშა-ხვნეშით დაიწყო ქილების გადმოლაგება. სისხლი თავში მოაწვა, მოეჩვენა, რომ საგანგებოდ დავარცხეილი თმა დაეშალა და გაეწეწა. ამასობაში კეთილმა მუჰამედმა საუზმე დაამთავრა, მოულოდნელად მასთან მიიჭრა, დაიხარა, ხელზე ხელი თანაგრნობით მოუჭირა, ათდოლარიანი ჩაუკუჭა და სასწრაფოდ დატოვა რესტორანი.
ამ სცენამ მაიას საოცრად აუჩუყა გული. ეს კაცი გმირად წარმოიდგინა, თავისი თავი კი პრინცესად, რომელიც ურჩხულს ჰყავს დატყვევებული. – მაგიდაზე დატოვების ნაცვლად მე მომიტანა და ხელში ჩამიდო, ის რომ არ დაპატრონებოდა. დროდადრო კეთილი ადამიანები რომ არ გხვდებოდნენ, ნიუ იორკში ცხოვრება მართლა გაუსაძლისი იქნებოდა, – გაიფიქრა და მორჩა კიდეც საქმეს. წელში გასწორდა იმ იმედით, იქნებ მეშველაო, მაგრამ ამ დროს ცოცხით ხელში მისკენ მომავალი მუჰამედი დაინახა.
ცოცხს ისე მოათრევდა, აშკარად ეტყობოდა, კვლავ ახალი საქმე გამოუჩინა. მაიამ ინატრა თუ რატომ აღარ ჰქონდა ხელთ “ვინდექსი” რომ მუჰამედის დაჭყეტილი თვალები ქიმიური საშუალებით დაებრმავებინა. ირგვლივ თვალი მოავლო და სწორედ იმ დროს, როდესაც მუჰამედმა პირი დააღო საყვირლად, ხელსახოცების დიდი გროვა მიაყარა სახეში, რასაც იქვე დახლზე გადააწყდა – შე მახინჯო, შენი მონა კი არ ვარ, ასე რომ მეპყრობი! ამერიკაში მონობა დიდი ხანია გადავარდა! ახლა გავხდი ცუდი? ის კარგია ყველას რომ უხარია ჩემი დანახვა და მეკითხებიან საიდან ხარ და რა გქვიაო?… – წამოიძახა დაულაგებელი ფრაზები, თუმცა მიხვდა, ჯობდა შეეხსენებინა მუჰამედისათვის, როგორ ქედმოხრილად ემსახურებოდა მარტოდ მარტო 20 მაგიდას, მაგრამ უკვე გვიანი იყო… ის თავისი ჩანთით კარისკენ გარბოდა, რათა რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა ამ დაწყევლილ რესტორანს…
. . .
უეცრად გახურებულ სხეულზე სასიამოვნო სიგრილე იგრძნო. ვერც კი გაიგო როდის დაუშვა კოკისპირულად წვიმამ. ატირებულმა გზა გადაირბინა, ქუჩის მეორე მხარეს ვიტრინას ოთახში გამომწყვდეული ჩიტივით მიაწყდა და თვალებზე ხელები აიფარა… მისი ცხარე ცრემლების ნაკადული “ატლანტიკ- ავენიუსაკენ” მიმავალ ნიაღვარს შეუერთდა. იმ წუთში მიხვდა, რომ მუჰამედზე კი აღარ იყო გულმოსული, არამედ საკუთარ თავზე, – რატომ ვერ მოითმინა და დაკარგა სამსახური?!…
– რატომ ტირით ლამაზო?… – უეცრად ვიღაცამ ძალიან ახლოს, ყურთან ჩასჩურჩულა, მაიამ აიხედა და ელდა ეცა. უცნობი ძალიან ჰგავდა მუჰამედს, ულვაშებიც იგივე მოდაზე დაეყენებინა, ოღონდ მისგან განსხვავებით კეთილად იღიმებოდა.
– ვინ შეიძლება აწყენინოს თქვენისთანა ანგელოზს? – კვლავ ჩაეკითხა ის.
მაიამ კაცს უნდოდ შეავლო თვალი, მაგრამ თანაგრძნობით აღსავსე შავად მოელვარე თვალები რომ დაინახა, მიხვდა, იმ წუთში რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვინმესთვის გული გადაეშალა…
– ჩემს ბოსს ვეჩხუბე, ხელსახოცები მივაყარე და სამსახური დავკარგე… – ამიოსლუკუნა, რესტორნისკენ მიუთითა და უფრო მწარედ ატირდა.
– კარგია, რომ ხელსახოცები ესროლეთ და მეტი არაფერი – ღიმილით უთხრა კაცმა და მუჰამედის რესტორნისკენ ქედმაღლურად გაიხედა – თუ დამპირდებით, რომ გაბრაზებისას მეც მხოლოდ ქაღალდის ხელსახოცებს მომაყრით, მე გავხდები თქვენი ბოსი… გავიცნოთ ერთმანეთი, მუჰამედი მქვია – უთხრა, ხელი ჩამოართვა და გაოცებულ მაიას ახალ რესტორანში შეუძღვა…
. . .
– მეგობარო, მეგობარო, ერთი ეს მითხარი, რატომ აქვს თქვენს მიმტანს ყველაფერი დიდი? ხა, ხა, ხა… – გადაიხარხარა ბებერმა კლიენტმა და ფაქლავიანი თეფში თავისკენ მიიცურა, რომელიც მოწიწებით მიართვა მუჰამედმა ჩაისთან ერთად.
– ეს ჩაი ნამდვილად უკოფეინოა? არ შეგეშალოს და კოფეინიანი არ მომიტანო, თორემ მაშინ ნახეთ ჩემი აღელვება, როცა თქვენს მიმტანს დავინახავ, ხა, ხა, ხა… – არ ცხრებოდა ბებერი.
– ვფიქრობ საერთოდ უნდა აკრძალოს მუჰამედმა კოფეინიანი ჩაისა და ყავის გაყიდვა თავის რესტორანში. განსაკუთრებული “შიშ-ქაბაბის” გარდა, აქ ისედაც იმდენი რამაა ასაღელვებელი… – მხარი აუბა ბებერ კლიენტს ერთმა შუახნის კაცმა. ამ დროს მუჰამედი კეთილად იღიმებოდა და მაგიდებს შორის დაქროდა. გვიანი საუზმისთვის რესტორანი ელვის სისწრაფით ივსებოდა ხალხით, მათ მოუთმელნლდ გადაჰქონდათ მზერა კარიდან კედლის საათისაკენ, რომელიც თერთემტ საათსა და ოც წუთს უჩვენებდა.
– სადაც არის მოვა, სადაც არის გამოჩნდება… ალბათ მატარებელი შეფერხდა, ხომ იცით ნიუ იორკის მეტრო?… – აშაშმინებდა მუჰამედი უნებისყოფო კლიენტებს, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, როდის დაინახავდნენ მაიას.
– არ არის სასწაული?! – წამოიძახა უცბად ბებერმა. – ეს ფაქლავა ზუსტად ერთი ინჩით დიდია იმ მუჰამედის ფაქლავაზე… – და დატკბილული ორი თითი მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა, საითაც ყველამ უნებური მზერა მიაპყრო…
გზის იქით მოჩანდა გამოცარიელებული რესტორანი. მუჰამედი ახლადშეძენილი დიდი წითელი ბუზის სახოცით დასდევდა განწირულ ბუზს, რომელიც ის-ის იყო შეფრინდა “ატლანტიკ ავენიუდან”. აგვისტოს ნიუ იორკის საშინელ ხვატში თუ რატომ გააღო ფანჯარა, ამის მიხვედრას ხომ დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. უბრალოდ, ბიზნესის დაცემის გამო, მეორე დღე იყო, რაც კინდიციონერი გამორთო, რათა ეკონომია გაეკეთებინა.
ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი
2001 წელი, აგვისტო
ნიუ იორკი
2008 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრაში”, აგრეთვე ემიგრანტულ ჟურნალ “თანამემამულეში”.