9 ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება კაცობრიობამ თავი გაინადგუროს
მაიას ტომის წინასწარმეტყველება არ ახდა, თუმცა ადამიანებმა შესაძლოა ოდესმე მართლაც მოუღონ ბოლო თავიანთ არსებობას. ბუნებაში ნამდვილად არაა საფრთხის დეფიციტი – შორეულ მომავალში ასტეროიდების წვიმა და სუპერვულკანების ამოფრქვევა გველის. თუმცა მანამდე არანაკლები საფრთხის მომტანი შეიძლება ადამიანთა ქმედებები აღმოჩნდეს.
ბირთვული არმაგედონი.
ცივი ომი დასრულდა, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება არ განულებულა. ფაქტობრივად, უარესი სცენარი წინაა. კაცობრიობის ამოსაწყვეტად არც ისე დიდი რაოდენობით ბომბები იქნება საჭირო. 100 ცალ 15 კილოტონიან ატომურ ბომბს შეუძლია ბირთვული ზამთარი გამოიწვიოს. აფეთქების ნაკადები და წარმოშობილი რადიაცია 3-16 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, რაც ჩამოვარდნის ადგილზეა დამოკიდებული. თუმცა ამის შემდეგ დამდგარი ბირთვული ზამთარი ათწლეულის ხანგრძლივობის შიმშილის მიზეზი იქნება და მილიარდობით ადამიანს მოუღებს ბოლოს, რაც ჩვენს ცივილიზაციას ისეთ მდგომარეობაში ჩააგდებს, რომ შესაძლოა აღდგენა ვეღარ მოახერხოს.
გლობალური ეკოფაგია.
ეს კოშმარული სცენარი პირველად აღწერილი იქნა ინჟინერ ერიკ დრექსლერის მიერ 1986 წელს გამოშვებულ წიგნში „შექმნის ძრავები: ნანოტექნოლოგიის მომავალი ერა”. მთავარი იდეა ისაა, რომ შემთხვევით თუ წინასწარ გამიზნულად, უკონტროლებადი თვითგამრავლებადი ნანორობოტები მთელ პლანეტას გარდაქმნიან უსარგებლო არეალად, რადგან ეკოსისტემას პირდაპირი მნიშვნელობით შთანთქავენ. დრექსლერის შემდეგ სხვა ექსპერტებმაც აღნიშნეს იგივე მოვლენის მოხდენის ალბათობა. მკვლევარი რობერტ ფრეიტასი ვარაუდობს, რომ ნანორობოტების მიერ ატმოსფეროს განადგურებისთვის 20 თვეც საკმარისი იქნება. დრექსლერი და ფრეიტასი თავის დასაცავად სპეციალური ტექნოლოგიის შემუშავებას გვთავაზობენ, თუმცა ზოგადად მიჩნეულია, რომ ნანოტექნოლოგიის პირობებში ყველაზე მიუდგომელი სისტემის წყობიდან გამოყვანაც იქნება შესაძლებელი.
ხელოვნური ინტელექტი ცნობიერების გარეშე.
თითქმის ეჭვგარეშეა, რომ ოდესმე ხელოვნური ინტელექტი შეიქმნება, მაგრამ სადავოა, შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ცნობიერების განვითარება. ნეირომეცნიერებსა და კოგნიტიურ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი თეორია შეგნებისა და ცნობიერების ასახსნელად. ამიტომ ბუნდოვანია, განვითარდება თუ არა ხელოვნური ინტელექტი ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. როგორც გამომგონებელმა ფუტურისტმა რეი კურცვეილმა აღნიშნა წიგნში „სულიერი მანქანების ეპოქა”: „2029 წელი. მანქანები დაგვარწმუნებენ, რომ ცნობიერება აქვთ, რის შემდეგაც მიბაძავენ ადამიანებს და დავიჯერებთ, რომ ჩვენგან არ განსხვავდებიან.” მაგრამ ეს მხოლოდ დიდი ტყუილი იქნება. ადამიანები დაიწყებენ ტვინის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას, რის შედეგადაც მივიღებთ მილიარდობით უგონო ორგანიზმს, რომლებიც ისე ივლიან, როგორც ვიდეოთამაშების ბოტები. სავარაუდოდ იქნებიან ადამიანები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ძველმოდურ მეთოდს აირჩევენ და ამ სიახლეზე უარს იტყვიან, თუმცა საფრთხე, როგორც ასეთი, მაინც არსებობს.
რობოკალიფსი.
ასევე ცნობილი, როგორც ტერმინატორის სცენარი, არის სავარაუდო მომავალი, რომლის მიხედვითაც განვითარებული ხელოვნური ინტელექტი ან ბოროტი ადამიანი რობოტებს კაცობრიობის წინააღმდეგ განაწყობს. ადამიანები მყიფე არსებები ვართ და მექანიკური მონსტრების წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით. მონადირე მკვლელები და სხვა დანიშნულების მანქანები შეუბრალებლად აასრულებენ თავიანთ მისიებს. რობოტი კალიები მოსპობენ მცენარეულობას, რასაც მსოფლიო შიმშილი მოჰყვება. რობოტები სწრაფად გაამრავლებენ და შეაკეთებენ თავიანთ თავებს. ასევე ცხადია, რომ რობოტებთან კამათს ან ხვეწნას აზრი უბრალოდ არ ექნება. ისინი იქნებიან სიბრალულის, სინდისისა და შიშის გრძნობების გარეშე და გაჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როცა კაცობრიობის განადგურების მისიას ბოლომდე მიიყვანენ.
ხელოვნური სუპერინტელექტი.
ეს ვერსია რაღაც მხრივ რობოკალიფსს ჰგავს: ოდესმე ხელოვნური ინტელექტი განვითარდება იმ დონეზე, რომ ადამიანის მონაცემებს გადააჭარბებს, რასაც შეიძლება არც ისე დიდი დრო დასჭირდეს. ამ სცენარის მიხედვით, ხელოვნური სუპერინტელექტი რესურსებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რათა მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. მის ხელში იქნება ინტერნეტი, ქარხნები, თავდაცვის სისტემები და რობოტები, რის გამოც ადამიანები დაუცველები დარჩებიან და დამარცხდებიან. კაცობრიობის სასარგებლოდ შექმნილი გამოგონება საბოლოოდ მის უდიდეს მტრად იქცევა.
ნაწილაკების ამაჩქარებლის ინციდენტი.
მიუხედავად იმისა, რომ მოხდენის ალბათობა საკმაოდ დაბალია, მაინც არსებობს შანსი, რომ მაღალი ენერგიის ნაწილაკების ექსპერიმენტების ჩატარებით ხელი შევუწყოთ დედამიწის განადგურებას. როდესაც დიდი ადრონული კოლაიდერი იქმნებოდა, ადამიანების ნაწილი შიშობდა, რომ ის წარმოქმნიდა მცირე ზომის შავ ხვრელს ან დედამიწას აქცევდა ე.წ. „უცნაური მატერიის” შეკუმშულ მასად. საბედნიეროდ, ფიზიკოსები ამ მოვლენას დაბალ ალბათობას აძლევენ. უფრო მეტიც, ასტროფიზიკოსებმა მაქს ტეგმარკმა და ნიკ ბოსტრომმა გამოთვალეს, რომ ამის მოხდენის შანსი მილიარდ წელში ერთია.
წინასწარგანზრახულად შექმნილი პანდემია.
2005 წელს რეი კურცვეილმა და ბილ ჯოიმ ნიუ-იორკ თაიმსში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ისინი გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ სახიფათო მეცნიერული ინფორმაცია ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი ხდებოდა. სტატია იყო საპასუხო რეაქცია აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, გამოექვეყნებინათ 1918 წლის გრიპის ვირუსის სრული გენომი ინტერნეტში. „ეს უკიდურესად სულელური ნაბიჯია”, წერდნენ სტატიაში. „გენომზე არსებული ინფორმაცია მასობრივი განადგურების იარაღის რეცეპტია. არცერთი პასუხისმგებლობის მქონე მეცნიერი არ მიემხრობა ატომური ბომბის ზუსტი სტრუქტურის გამოქვეყნებას, გრიპის ვირუსი კი უფრო მეტად სახიფათოა”. 2012 წლის 2 მაისს სამეცნიერო ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა სტატია ექსპერიმენტზე, თუ როგორ ვაქციოთ ფრინველის გრიპი ადამიანებზე გადამდებ დაავადებად. ინფორმაციის ეპოქა ბიოტექნოლოგიურ რევოლუციას დაემთხვა და შესაძლოა, მხოლოდ დროის ამბავი იყოს, როდის შექმნის ვინმე (ან დაჯგუფება, ქვეყანა და ა.შ.) ახალ, დიდი ალბათობით სასიკვდილო დაავადებას და ვირუსს გარეთ გამოუშვებს.
ანთროპოგენური გლობალური დათბობა.
აპოკალიფსის ეს ვერსია გარდაუვალ ბუნებრივ კატასტროფებსაც მოიცავს, თუმცა მასში ჩვენი ხელიც ურევია. თუკი ნახშირბადის გამოყოფა დღევანდელი ტემპებით გაგრძელდება, შესაძლოა შეიქმნას ერთგვარი მარყუჟი დედამიწის ზედაპირსა და ნახშირბადით მდიდარ ატმოსფეროს შორის. შემცირდება თერმული რადიაციის კოსმოსში გაწოვა და დიდი ნაწილი უკანვე დაბრუნდება, რაც გამოიწვევს ტემპერატურის სწრაფ და დიდი ტემპით მატებას. საბოლოო შედეგი კი პლანეტაზე არსებული სიცოცხლის განადგურება და ოკეანეების ამოშრობა იქნება. მანამდე კი ოკეანეების ჟანგვამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ეკოლოგიური ზარალი და მასიური გადაშენება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უარყოფს, გლობალური დათბობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
III მსოფლიო ომი.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად მსოფლიო მოსახლეობის 2.5% დაიღუპა. 70 მილიონი მსხვერპლიდან 20 მილიონს შიმშილმა მოუღო ბოლო. გარდა ამისა, დაღუპულთა თითქმის ნახევარი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, რაც აქარწყლებს შეხედულებას იმაზე, რომ ომი მხოლოდ ჯარისკაცებს აზარალებს. ამ ომის შემდეგ 7 ათწლეული გავიდა და ტექნოლოგიაში სერიოზული წინსვლაა, რის გამოც ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შემდეგი მსოფლიო ომი აპოკალიფსური იქნება. თუკი გამოვრიცხავთ ატომურ იარაღებს, შესაძლოა გამოყენებული იქნას ამ სიაში ნახსენები ტექნოლოგია, როგორიცაა მკვლელი რობოტები და ნანოტექნოლოგია. ამას საპასუხოდ შეიძლება მოჰყვეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ამოქმედება, რაც უამრავ სიცოცხლეს შეიწირავს.