თომას მანი – დოქტორი ფაუსტუსი
კიდევ ერთი რომანი თომას მანის “ქართულ თაროზე”
თომას მანი, “დოქტორი ფაუსტუსი” (რომანი). გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო კარლო ჯორჯანელმა. ნოდარ კაკაბაძის ბოლოსიტყვაობით. რედაქტორი ნოდარ კაკაბაძე. მხატვარი სპარტაკ ცინცაძე. “მერანი”, თბ., 2002.
თომას მანს აქვს ერთი უჩვეულო ჟანრის თხზულება, რომლის სახელწოდებაა “დოქტორ ფაუსტუსის” შექმნის ისტორია. ერთი რომანის რომანი”. მასში მწერალი მოგვითხრობს, როგორ იწერებოდა “დოქტორი ფაუსტუსი”, მსოფლიო რომანისტიკის შედევრი. და ეს “რომანი რომანზე” არანაკლები ინტერესითა და გატაცებით იკითხება, ვიდრე თვით რომანი.
ამგვარად, ჩვენ ვიცით, როგორ იწერებოდა “დოქტორი ფაუსტუსი”.
მაგრამ ნეტა როგორ ითარგმნებოდა იგი ქართულად?
ვინც ამას ნაჩქარევად ჩამითვლის უქმ შეკითხვად, დიდად შეცდება – ქალბატონმა ნელი ამაშუკელმა 1985 წელს მეტად საინტერესო თხზულება გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ თარგმნიდა ფრანც კაფკას “პროცესს”. ქალბატონი დალი ფანჯიკიძეც ხომ რა ხანია დიდი წარმატებით მუშაობს ამ ჟანრში – მაგალითად, ნაშრომში “თარგმანი და მკითხველი” (1975 წ.) იგი “ბუდენბროკების” თარგმნის ამბავს მოგვითხრობს. ეს ნაშრომები გარდა იმისა, რომ მომავალ მთარგმნელთა დაოსტატებას უწყობენ ხელს, ამავე დროს აფართოებენ ჩვენს წარმოდგენას შემოქმედებითი პროცესის შესახებ და ამის გამოც ერთობ საყურადღებონი არიან.
ამგვარი ნაშრომი, სამწუხაროდ, ჯერ არ დაუწერია ბატონ კარლო ჯორჯანელს, ღვაწლმოსილ გერმანისტს, მთარგმნელსა და ენათმეცნიერს, რომლის თარგმანები – როგორც დაუვიწყარ გოგი ჯორჯანელთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად შესრულებული – ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლასიკას განეკუთვნება. მაგრამ ვიცი, რომ ბატონ კარლოს გამოსაცემადაა აქვს გამზადებული თავისი ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობის პროცესში შედგენილი ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, რომელიც – თუ მზის შუქი იხილა -, დარწმუნებული ვარ, ყველა ლიტერატორის სამაგიდო წიგნი გახდება. (ამ ყაიდის ლექსიკონები ძალზე საჭიროა სწორედ დღეს, როცა სასაუბროცა და სამწერლო ქართულიც ჩვენს თვალწინ ასე დამჭლევდა და გაღარიბდა).
თომას მანი ამბობდა, ყოველი ახალი რომანის დაწერა ჩემთვის გერმანული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება არისო. შესაბამისად, მისი რომანების ქართული თარგმანები ქართული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება უნდა იყოს. ვიდრე გავარკვევდეთ, ასეთია თუ არა სარეცენზიო თარგმანი, მანამდე ერთ ადგილს მოვიტან იქიდან, იმას, სადაც დახასიათებულია კარგი მთარგმნელი – იქნებ იდეალურიც კი. ეს გახლავთ რიუდიგერ შილდკნაპი, მთავარი გმირის, კომპოზიტორ ადრიან ლევერკიუნის ოპერათა ლიბრეტოების ავტორი. მთხრობელის სიტყვით, შილდკნაპს ინგლისური ტექსტები გერმანულ ენაზე “უაღრესად კეთილსინდისიერად გადმოჰქონდა, სტილის ფაქიზი შეგრძნებითა და გემოვნებით. თავგადაკლული იღვწოდა თარგმანის სიზუსტისათვის, ისეთი ენობრივი საშუალებების გამოძებნისათვის, რომლებიც დედნის ენობრივ საშუალებათა შესატყვისნი იქნებოდნენ”.
ეს დახასიათება თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ “დოქტორ ფაუსტუსის” ქართულად მთარგმნელის მიმართაც.
როცა Krippenreiter-ის გადმოსაქართულებლად (სიტყვისა, რომელიც არ არის “დუდენში”) “ქელეხუტას” (გვ. 217) მიაგნებ (სიტყვას, რომელიც არ არის ქეგლ-ში და მუქთ პურმარილებს დაჩვეულ ადამიანს ნიშნავს), როცა იშვიათად ხმარებულ rodomontierende-ს სანაცვლოდ თარგმანში ასევე იშვიათ სიტყვას “პეიტრულს” დასვამ გავრცელებული “მეტიჩრულის” ნაცვლად (“გამსჭვალული იყო გარდასული ეპოქის გმირობით და პეიტრული ეტიკეტით” – გვ. 209), როცა winzig-ს აღწერითი ფორმით კი არ გადმოიტან – “ძალიან მცირეს” ან “ძალიან პატარას” კი არ დაწერ მის სანაცვლოდ, არამედ უმართებულოდ მივიწყებულ კოლორიტულ სიტყვას “ჟიჟმატს” შეუფარდებ (“მჭიდროდ ნაწერი, ჟიჟმატი ჩამატებებითა და შესწორებებით აჭრელებული [ბარათი]” – გვ. 163), როცა prezioes-ის სათარგმნელად, რაც მანერულს ნიშნავს, ძალზე გამომსახველ “მეტიკვნიტას” გააცოცხლებ, რომელსაც ვაჟა-ფშაველაც იყენებდა (“…აკადემოსის ჭალის მეტიკვნიტა შეთქმულთა წინაშე…” – გვ. 279), როცა Fluesterdienst-ს “ჭორბიუროს” მიუსადაგებ (გვ. 437), ხოლო allzu gelehrig-ს – “ჭკუისკოლოფას” (გვ. 623), როცა თარგმანში თამამად შემოუშვებ სასაუბრო მეტყველებიდან ნაცნობ ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, როგორიცაა “მოახოხმარიკა” (“ნატურალური სიდიდის ნახატიც მოახოხმარიკა” – გვ. 426), “გამობზაკუნებული” (“ხალხიდან გამოსულსა და ძველბიურგერულ ყაიდაზე გამობზაკუნებულ ქალს…” – გვ. 426), “ჩიხომახო” (“სააბაზანო ოთახი არ გაგვაჩნია, არც ვატერკლოზეტი, მათ ნაცვლად სოფლური ჩიხომახოები გვაქვს სახლის გარეთ” – გვ. 328), “აზიზ-მაზიზი” (“აზიზ-მაზიზი, მელანქოლიური და თავიდანვე ცხოვრების მოშიში” – გვ. 370), “ნაყე-ნაყედ” (“ნაყე-ნაყედ იცოდა ლაპარაკი” – გვ. 254; დედანშია “…in sanft schleppender Sprache…”), “გაპეწენიკებული” (“სულ გაპეწენიკებული რაღაცები გამოგივათ, თუ მაგის გემოვნებას მისდიეთ” – გვ. 262; “გაპეწენიკებულ რაღაცებს” ორიგინალში Artigkeiten შეესაბამება), ან როცა ამგვარ სიტყვათწარმოებას მიმართავ – “ვისაც საძრახისად მიაჩნია თავი მოიკარგკაცოს…” (გვ. 308) – ეს უკვე უმაღლესი მთარგმნელობითი პილოტაჟია.
რომანში რამდენიმეგზის შემოდის აქტიურად არქაიზებული ენობრივი პლასტი. ჯერ იგი პროფესორ კუმპფის მეტყველებაში იჩენს თავს, რომელსაც “დალოცვილ ძველგერმანულ ყაიდაზე” უყვარდა ლაპარაკი. შემდეგ მისი მეტყველების პაროდირებას ახდენს ადრიან ლევერკიუნი მთხრობელისადმი – თავისი სიყრმის მეგობრისადმი – ლაიფციგიდან მიწერილ ბარათში, რომლის ტექსტი მთარგმნელს შესაბამისად “დალოცვილ ძველქართულ ყაიდაზე” გადმოაქვს: “ფრიად პატივცემულო, ღრმად განათლებულო, უსაყვარლესო და უმოწყალესო უფალო მაგისტრო და ბალისტიკუსო! გულითად მადლობას გწირავთ, რომ მზრუნველობას იჩენთ და უსტარი გამომიგზავნეთ…”.
ენის არქაიზება “დოქტორ ფაუსტუსში” რამდენიმე მხატვრული ფუნქციას ასრულებს. “ერთი მხრივ, ეს არის ხალხური წიგნის ენა, რათა ამით აღდგენილ იქნეს ძველი მაგიკოსის და ალქიმიკოსის ეპოქის კოლორიტი… მეორე მხრივ, ვთქვათ, შუასაუკუნეების სტილის პაროდირება ადრიანის მიერ მეგობრისადმი მიწერილ ბარათში ნართაულად მიუთითებს ადრიანის არსებობისთვის დამახასიათებელ, მისთვის ორგანულ ელემენტებს… ლევერკიუნი ამ თავისი არქაული ენითაც ემიჯნება თანადროულ ადამიანებს, სინამდვილეს და ცხოვრებას. და ბოლოს ოდნავ არქაიზებული ენა ქმნის შუა საუკუნეების ატმოსფეროსა და კოლორიტს, რაც შეესაბამება ნაცისტური გერმანიის გადაჩეხვას შუასაუკუნეობრივ-ინკვიზიტორულ ბარბაროსობაში” (ნ. კაკაბაძე).
არქაიზების კიდევ ერთი მიზანდასახულობა მეგობრისადმი მიწერილ ბარათში სწორად ამოიცნო ადრესატმა – ამით ადრიანმა გაიიოლა იმ სათაკილო თავგადასავლის ჩემთვის მბობა, რომელიც უცხო ქალაქში გადახდენია თავსო (იგულისხმება საროსკიპოს ეპიზოდი). ამგვარად, არქაიზაცია აქ სათქმელის ევფემიზაციასაც ემსახურება. მაგრამ არქაიზების სტილისტიკურ ხერხს ამ ეპიზოდში უფრო შორსგამიზნული ფუნქციაც ეკისრება – იგი წინასწარ გვამზადებს ბოლო და უმნიშვნელოვანესი თავისათვის, როცა აღსასრულის წინ ადრიანმა მის მიერვე დაძახებულ საზოგადოებას აღსარება უნდა გაანდოს და ეშმაკთან ხელშეკრულების დადებით ჩადენილი ცოდვა მოინანიოს. ამ სულისწამწყმედელი ამბის თხრობასაც სტილის არქაიზებით იიოლებს:
“ასე რომ, უწყოდეთ, – განაგრძობდა მაგიდასთან მჯდომი, – გულკეთილებო და სათნონო, რომელნიც თქვენი ზომიერი ცოდვილიანობით ღმრთის (ისევ გაასწორა და თქვა “ღმერთის”, მაგრამ მერე კვლავ პირველ ფორმას დაუბრუნდა) – ღმრთის მადლითა და წყალობის იმედითა ხართ, უწყოდეთ, რაც დიდი ხანია გულში მაქვს დამარხული და ახლა კი აღარ მინდა დაგიმალოთ, სახელდობრ ის, რომ ოცდაერთი წლისა სატანას შევუუღლდი”.
სათქმელის შინაარსზე არანაკლებ სათქმელის გამოხატვის ფორმა აცბუნებთ აქ მსმენელთ – ვერ გაურკვევიათ, ხუმრობად მიიღონ ეს ყოველივე თუ სერიოზულად.
ადრიანის მიერ საკუთარი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის დაგმობა, სიკეთისა და სიყვარულის ქადაგება, მხატვრული ტექსტისთვის შეუფერებელ პროპაგანდისტულ მოწოდებად გამოჩნდებოდა, რომ არა ეს არქაულ-სტილიზებული ფორმა, რის გამოც ძნელია დაბეჯითებით ითქვას, ირონიულ-პაროდიულ ტექსტთან გვაქვს საქმე თუ ეს გულწრფელი სინანულია:
“თუ ვინმე ეშმაკს სტუმრად მოუხმობს, რათა მისი მეოხებით წინ გაიჭრას, სულს ცოდვით იმძიმებს, ეპოქის დანაშაულს თავად კისრულობს და შეჩვენების ღირსია. რამეთუ ნათქვამია: იფხიზლეთ და თვალი არ მოხუჭოთ! მაგრამ ეს ზოგს როდი ეპრიანება. ნაცვლად იმისა, რომ ჭკვიანურად ზრუნავდეს Qქვეყნის სასიკეთოდ, რათა ამ დედამიწაზე ადამიანმა უკეთ იცხოვროს, რათა ადამიანთა შორის ისეთი წესრიგი დამყარდეს, რომელიც მათ მშვენიერ ქმნილებებს კვლავ მყარ საფუძველზე დააყენებს და პატიოსნად დამკვიდრების საშუალებას მისცემს, ზოგი სწორი გზიდან უხვევს და ჯოჯოხეთურ ზარხოშს ეძლევა, სულს იწყმედს და სანაგვეზე ხვდება, ვითარცა მძორი და ლეში”.
არაფერი ისე უცხო არ არის თომას მანისთვის, ამ “გამოუსწორებელი” დიალექტიკოსისა და დიდი ხელოვანისთვის, როგორც სიკეთისაკენ სწორხაზოვანი მოწოდება და ბოროტების სწორხაზოვანი გმობა. მაგრამ ამ რომანს ხომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროს და მის მომდევნო წლებში წერდა, ემიგრაციაში მყოფი, სამშობლოდან მისთვის ესოდენ საძულველ ნაციზმს გამორიდებული. იმ დროს მას, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავშეფარებულს, ომით დაქანცული და გაჩანაგებული მსოფლიო დაძაბული უგდებდა ყურს და იმედიან სიტყვას ელოდა მისგან… ამ ეპიზოდში იგი თავისი და თავისი პერსონაჟის მთავარი სათქმელის პროპაგანდისტულ პათოსს გამოხატვის მანერით მნიშვნელოვნად ანეიტრალებს.
არ მაგონდება სხვა ნაწარმოები, სადაც არქაულ სტილურ ელემენტს მსგავსი ფუნქცია ჰქონდეს დაკისრებული.
ახლა კი, მოდით, იმ ძირითადი სტილური პლასტის ნიმუშიც ვნახოთ, რომლის ფონზე უნდა წარმოჩნდეს არქაიზებულ პასაჟთა ზემოთ აღნიშნული ნიუანსები. ის ეპიზოდი შევარჩიე, სადაც სტუდენტური ექსკურსიებია აღწერილი. იგი ყურადღებას იქცევს თომას მანისთვის დამახასიათებელი (დავწერე ეს სიტყვა და გამახსენდა ფრაზა ამავე რომანიდან: “ჩვენ ხომ მუდამ გვახალისებს ის, რაც დამახასიათებელია”), დიახ, ეს ეპიზოდი ყურადღებას იქცევს მოვლენის თომას მანისთვის დამახასიათებელი სკრუპულოზური ანალიზით, მისი “მისწრაფებით კრიტიკული სიზუსტისადმი” (დალი ფანჯიკიძე), რაც ამ შემოქმედის თავისებური და განთქმული ირონიის საფუძველია:
“…ზურგჩანთააკიდებულნი… მთელი დღე დავეხეტებოდით მომთაბარე ქარგლებივით, საჭმელს სოფლის ფუნდუკებში შევექცეოდით, ხშირად კი პირდაპირ მიწაზე ვშლიდით სუფრას, სადმე ჭალის პირას, ღამე კი არაერთხელ გაგვითენებია ვისიმე საბძელში… ქალაქელთა და გონებრივ მუშაკთა ასეთ წამიერ ზიარებას პრიმიტიულ სოფლურ ცხოვრებასთან, დედამიწასთან, როდესაც იცი, რომ, რაც უნდა იყოს, სულ მალე ისევ დაუბრუნდები შენთვის ჩვეულ “ბუნებრივ” ნებიერ ბიურგერულ ყოფას, ასეთ ნებაყოფლობით უკან დახევასა და სისადავეს მუდამ მეტ-ნაკლებად აზის ხელოვნურობის, ბატონკაცურობის, დილეტანტიზმისა და კომიზმის დაღი, რასაც ჩვენ დიახაც ვგრძნობდით და რაზედაც მიუთითებდა ალბათ ის გულკეთილი, მაგრამ დამცინავი ღიმილი, რომლითაც შეგვათვალიერებდა ხოლმე ზოგიერთი გლეხი, როდესაც ქვეშაგებად ჩალას ვთხოვდით”.
ვნახოთ აგრეთვე რამდენიმე ჩინებული ფრაზა, ჩინებულადვე თარგმნილი, რომელნიც კონტექსტს მოწყვეტილნიც წარმატებით აგრძელებენ ღირსეულ არსებობას, ვითარცა აფორიზმები ან პარადოქსული თქმანი:
“ჩემი აზრით, თეოლოგია საერთოდ არასოდეს არ შეიძლება ახალი დროისა იყოს, რაც მას დიდ უპირატესობად უნდა ჩავუთვალოთ”;
“პიკანტურიც კი ნაკლებად პოპულარული ხდება, როდესაც ერთობ დახვეწილია”;
“განდგომილება რელიგიური აქტია, ყოველივე ღმერთში არსებობს და ღმერთშივე ხდება, განსაკუთრებით კი მისგან განდგომა”;
“თავისუფლებას მუდამ აქვს საკუთარი თავის წინააღმდეგობად გადაქცევის დიალექტიკური მიდრეკილება”;
“ჭეშმარიტი ვნება მარტო ორაზროვან ამბებში არსებობს და ისიც, როგორც ირონია”;
“საზღვრების გავლება უკვე მათ გადალახვას ნიშნავს”.
ნებისმიერი თარგმანის დახვეწა დაუსრულებლად შეიძლება და სარეცენზიო თარგმანში მეც ჩავასწორებდი ზოგ რამეს.
505-ე გვერდზე, იქ სადაც ადრიანთან გამომცემლის ვიზიტზეა საუბარი, ვკითხულობთ: “…ლევერკიუნს სთხოვა: – იქნებ გამანდოთ, ამჟამად რაზე მუშაობთო, – ადრიანმაც ორატორია დაუსახელა. – პირველად? ეჭვი მეპარება! – დასძინა სტუმარმა და აღარ მოეშვა, ვიდრე…”
“პირველად? ეჭვი მეპარება!” – ეს სტუმრის სიტყვები არ არის, ისინი მთხრობელს ეკუთვნის და გულისხმობს: ეჭვი მეპარება, რომ ამ ორატორიის შესახებ სტუმარს პირველად ახლა, ავტორისაგან შეეტოო. წინა ფრაზაც – “ადრიანმაც ორატორია დაუსახელა” – შესაბამისად ასე უნდა გადაკეთდეს: “და ორატორიის ამბავი მოისმინა” (იგულისხმება, რომ ადრიანისგან მოისმინა).
ერთგან რიუდიგერ შილდკნაპზე ნათქვამია: “წამდაუწუმ იცოდა ხოლმე თქმა: – კაი იქნებოდაო. ეს გამოთქმა ფორმულასავით ჰქონდა…” (გვ. 216).
ეს “ფორმულასავით” გამოთქმა დედანში, ცხადია, ყოველთვის უცვლელად მეორდება (man sollte), თარგმანში კი, 243-ე გვერდზე, მისი ახალი ვარიანტია: “ურიგო არ იქნებოდა”. საჭიროა ამათი უნიფიცირება, მით უფრო, რომ იქვე ვკითხულობთ: “- სულ შილდკნაპივით დავიწყე ლაპარაკი, ურიგო არ იქნებოდა-მეთქი! ვინ იცის, რამდენი რამე არ იქნებოდა ურიგო!” (ეს ადრიან ლევერკიუნის სიტყვებია).
ასევე აუცილებელია შილდკნაპის მიერვე ამოჩემებული მეორე ფრაზის – Besichtigen Sie jenes – უნიფიცირებაც, რომელიც თარგმანის 215-ე, 257-ე და 276-ე გვერდებზე სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება.
ერთგან ვკითხულობთ: “განსაკუთრებით სოლომონ “ბრძენზე” იყო ამხედრებული და ისე გაწიწმატებით ესხმოდა თავს, რომ…” (გვ. 364). ადვილად შესამჩნევი უხერხულობა რომ თავიდან ავიცილოთ, უმჯობესია ასე დაიწეროს: “…სოლომონ “ბრძენის” წინააღმდეგ იყო ამხედრებული…”.
ორ ადგილას უმართებულებულოდ არის ნახმარი ზმნა “გახლავთ”: “…უპასუხა: ასეთ ქალბატონს არ ვიცნობო, მაგრამ თავის მხრივ აღარ შეჰკითხვია, ვინ გახლავთო” (გვ. 505) და – “აი ის ბატონი, მაგიდას რომ უზის, ვინ გახლავთო” (გვ. 640). ორივე შემთხვევაში “ვინ გახლავთო”-ს ნაცვლად უნდა იყოს “ვინ არისო”.
მსგავსი წვრილმანი ლაფსუსები და კორექტურული შეცდომები კიდევ შევნიშნე ამ დიდებულ ნაღვაწში, მაგრამ მათზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ და იმასღა შეგახსენებთ, რომ “დოქტორი ფაუსტუსი” რიგით მეხუთეა თომას მანის ქართულად გამოცემულ რომანთაგან. მას წინ უსწრებდა დალი ფანჯიკიძის თარგმნილი “ბუდენბროკები”, “ჯადოსნური მთა”, “ფელიქს კრული” და შალვა პაპუაშვილის მიერ გადმოქართულებული “ლოტე ვაიმარში”; მეექვსე – “იოსები და მისი ძმები” – ახლა იბეჭდება ჟურნალ “საგურამოში” (ნანა გოგოლაშვილისა და ირაკლი სურგულაძის თარგმანი). რამდენჯერმე გამოვიდა ქართულად თომას მანის მოთხრობების და ახლახან ესეების კრებულიც (თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ). ასე რომ, დიდი გერმანელი მწერლის გამოცემათა “ქართული თარო” უკვე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.ლევან ბრეგაძესტატია გამოქვეყნდა 2002 წელს
© “წიგნები – 24 საათი”