ბიბლიის გამოცანები: დაკარგული ქალაქები
ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი გვიამბობს ლეგენდარულ ქალაქებზე, რომლებიც ღმერთმა გაანადგურა. სოდომი და გომორი ცეცხლისა და გოგირდის წვიმამ ფერფლად აქცია, იერიქონის კედლები კი საყვირების ხმამ დააქცია. გამოგონილია ეს ისტორიები თუ რეალური? ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა გარკვეული მინიშნებები აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვმიუტანელი მტკიცებულებები, რომ ადგილი ჰქონდა კატასტროფულ მოვლენებს. მაგრამ რას უჭერს ისინი მხარს – ბიბლიურ მონათხრობს თუ სხვა, ნაკლებად მისტიკურ ამბებს?
დაახლოებით 4000 წლის წინ სოდომისა და გომორის მაცხოვრებლებს სამარცხვინო რეპუტაცია ჰქონდათ, თუმცა ბიბლია არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რის გამო მოხდა ეს. დაბადების წიგნი უბრალოდ ამბობს, რომ „ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს”. მოგვიანებით ნახსენებია სიძულვილიც, რაც არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ იყო ეს ხალხი. მაგრამ თუკი ბიბლია ბუნდოვანია სოდომელების მიერ ჩადენილ ცოდვებზე, სავსებით ნათლად გვიამბობს მათ თავს დატეხილ სასჯელზე. „აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი”. მოგვიანებით ბიბლია გვამცნობს, რომ სოდომისა და გომორის განადგურების შემდეგ გადარჩენილმა ადამიანებმა თავს უშველეს და ქალაქი მიატოვეს. თუკი მსგავს რამეს მართლაც ჰქონდა ადგილი, სავარაუდოდ მოხდებოდა მკვდარი ზღვის სიახლოვეს, სადაც ამჟამად ცარიელი და უკაცრიელი ტერიტორიაა.
დაბადების წიგნის მიხედვით, ყველაფერი დაიწყო აბრაამის პერიოდში, მოსეს ეგვიპტიდან გამოსვლამდე საუკუნეებით ადრე. აბრაამი მომთაბარე ტომების პატრიარქი იყო და ქალაქებს ერიდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაა სოდომსა და გომორზე მცირე ინფორმაცია. ბიბლია გვამცნობს, რომ მომთაბარეები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს საძოვარი მიწების გამო. დავის გადასაწყვეტად აბრაამმა და მისმა ძმიშვილმა ლოტმა გადაწყვიტეს, გზები გაეყოთ. ლოტი სოდომის მახლობლად დასახლდა. „გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე.” ასე რომ ლოტის გადასვლისას სოდომი უკვე დასახლებული იყო. სოდომი წარმოადგენდა ბრინჯაოს ხანის ტიპიურ ქალაქს, დაახლოებით 1000 მაცხოვრებლით. დღემდე არავის აღმოუჩენია იმის მტკიცებულება, რომ ეს ბიბლიური ქალაქი ოდესღაც მართლაც არსებობდა.
1924 წელს არქეოლოგი უილიამ ოლბრაიტი მკვდარი ზღვისკენ გაეშურა. მასთან მყოფ მკვლევარებს ბიბლიური ტექსტის დახმარებით სოდომისა და გომორის აღმოჩენა სურდათ მკვდარი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. კვლევის დასასრულს ისინი წააწყდნენ ბაბ-ედ-დრას – ბრინჯაოს ხანის ტერიტორიას, თუმცა არ არსებობდა მინიშნება, რომ ის ქალაქი იყო. უფრო მეტიც – ის სასაფლაოს ჰგავდა. ოლბრაიტს იმ მომენტში არ გააჩნდა საკმარისი რესურსები, რომ გათხრები ეწარმოებინა და დაახლოებით 50 წელი გავიდა, ვიდრე ამ ადგილს ხელახლა მიუბრუნდებოდნენ.
1967 წლის გათხრებს ხელმძღვანელობდა არქეოლოგი პოლ ლეპი. გათხრებში მონაწილეობას იღებდა ტომას შაუბიც, რომელიც შემდგომში კიდევ ბევრჯერ ეწვია ამ ადგილს და აღმოაჩინა სასაფლაო, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო ბრინჯაოს ხანის სტანდარტებითაც კი. აქ წააწყდნენ ასობით ჭურჭელს, ჩონჩხსა და ძვლებს. ასევე იყო ოქროს სამკაულები, კერამიკის 700-მდე ნატეხი, ტანსაცმელი და ხის უცნაური სარები, რომლებიც ერთად იყო შეკრული და გვამის დასაწვენად გამოიყენებოდა, რათა სასაფლაომდე მიეტანათ.
ეს გასაოცარი აღმოჩენა იყო – სასაფლაო, რომელიც 1000 წლის განმავლობაში მოქმედებდა, მათ შორის სოდომის განადგურებისა და აბრაამის პერიოდში. თუმცა ვერაფრით უკავშირებდნენ მას სოდომს, გარდა ერთი რამისა – ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2350 წელს გარდაცვლილთა დასაფლავება მოულოდნელად შეწყდა, მიზეზი კი გაუგებარი იყო. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ აღარ სახლობდნენ აქ ადამიანები. შესაძლოა, წყლის მიწოდება შეწყდა და მთავარი წყარო დაშრა, ან გარემო და კლიმატი შეიცვალა. შესაძლოა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს თავს დაესხნენ მტრები და სრულად ამოჟლიტეს.
შემდეგი რამდენიმე სეზონის განმავლობაში არქეოლოგებმა გააფართოვეს კვლევის არეალი და უფრო აქტიურად ეძებდნენ დაკარგულ ქალაქს. მალე მათ აღმოაჩინეს ადამიანთა დასახლების კვალი იმ გორაკზე, რომელიც სასაფლაოს გადაჰყურებდა. აქ აღმოაჩინეს ქვები და თიხის ნაკეთობები. არქეოლოგების სამწუხაროდ, დაკარგული ქალაქები, როგორც წესი, მიწისქვეშ მდებარეობენ. სწორედ ამიტომ აღმოაჩინეს ტომას შაუბმა და მისმა კოლეგებმა ბრინჯაოს ხანის კედლის ნარჩენები, რომელიც გორაკზე მდებარეობდა. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლებოდა ქალაქისთვის მიეგნოთ. მალე გაჩნდა მნიშვნელოვანი კითხვაც: სოდომი აღმოაჩინეს თუ გომორი?
არქეოლოგებმა თხრა განაგრძეს და მალე დასახლებასაც წააწყდნენ. ერთ აღმოჩენას მეორე მოჰყვა და მალე არქეოლოგები მიხვდნენ, რომ რაღაც უნიკალური იპოვეს – იმ ქალაქის საძირკველი, რომელიც აბრაამის პერიოდის იყო, შეიძლება უფრო ძველიც, თანაც იქ მდებარეობდა, სადაც სავარაუდოდ ბიბლიური სოდომი. სასაფლაოს მსგავსად, ქალაქმაც მოულოდნელად განიცადა გაუდაბნოება იმავე დროს. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? იყო თუ არა მსგავსი რამ ჩვეულებრივი მოვლენა ბრინჯაოს ხანაში? რა აკავშირებდა ბაბ-ედ-დრას სოდომთან? ალბათ გასაკვირი არაა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა.
1960-70-იან და მომდევნო წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა აბრაამის პერიოდის რამდენიმე დასახლება აღმოაჩინა, მათგან ყველაზე დიდი ბაბ-ედ-დრა იყო. ერთი შეხედვით, ეს იგივე სოდომი უნდა ყოფილიყო. თუმცა მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ნასახლარები უმეტესად ძვ.წ. მესამე ათასწლეულით თარიღდებოდა და 4000 წლის წინ იყო მიტოვებული. ამ პერიოდში კი მოსახლეობა ქანაანელები იქნებოდა.
ბიბლიის მწერლები ქანაანელებს არც ისე დადებითად წარმოაჩენენ. აბრაამის ტომის წევრები სავარაუდოდ ხვდებოდნენ ქალაქში დასახლებულ ქანაანელებს და მათ გარყვნილ და უწესო ადამიანებად თვლიდნენ. ეს მიესადაგება სოდომელების აღწერასაც. ხოლო ლოტმა საბოლოოდ უარი თქვა კარვებით მოგზაურობაზე და ქალაქში დასახლდა.
ბიბლია გვამცნობს, რომ აბრაამი ცხოვრობდა ჰებრონის მახლობლად, ქანაანის სამხრეთით. მას ანგელოზები გამოეცხადნენ და ამცნეს, რომ სოდომისა და გომორის განადგურებას აპირებდნენ. აბრაამმა ჰკითხა ღმერთს, თუ დაინდობდა ქალაქს მასში კარგი ადამიანების აღმოჩენის შემთხვევაში. მას იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა თავისი ძმისშვილის, ლოტის მსგავს ადამიანებს. საბოლოოდ ის 10 მართალ ადამიანზე შეუთანხმდა ღმერთს.
სოდომის მოსანახულებლად ანგელოზები გაემგზავრნენ. როდესაც ლოტის სახლს მიადგნენ, სოდომის ერთადერთმა კეთილმა მაცხოვრებელმა ისინი სახლში შეიპატიჟა. მათ ივახშმეს ლოტთან, მის ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად. თუმცა სხვა სოდომელები ასეთი სტუმართმოყვარეები არ აღმოჩნდნენ – მათ ანგელოზებთან სექსი მოინდომეს. ლოტმა მათ წინააღმდეგობა გაუწია… და სანაცვლოდ რაღაც შესთავაზა: „ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.”
სოდომელებმა ლოტის შემოთავაზება უარყვეს, რის გამოც ანგელოზებმა ისინი დააბრმავეს. ეს შემთხვევა ღმერთისთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა და ქალაქის განადგურება გადაწყვიტა. ლოტის ოჯახი სოდომს გაერიდა და ორმა ქალაქმა მალე საშინელი რისხვა იწვნია.
არის თუ არა ბიბლია ისტორიულად ზუსტი წიგნი, ამაზე დავა საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა. გამონაკლისი არც სოდომისა და გომორის ამბავი ყოფილა. ბიბლიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს რეალური ისტორიაა, მოწინააღმდეგეები კი რომელიმე კატასტროფული მოვლენის გაზვიადებულ ვარიანტად თვლიან.
ცხადია, ქალაქის განადგურება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სხვადასხვა მიზეზების გამო ისტორიის განმავლობაში რამდენიმე ქალაქი განადგურებულა, მათი სახელები კი ადამიანთა მეხსიერებაში რჩებოდა. ტროა და კართაგენი ომმა შეიწირა, იგივე ბედი ეწია ჰიროსიმასა და ნაგასაკის. ბუნების რისხვამ პომპეი 6 მეტრი სისქის ფერფლის ქვეშ მოაქცია, როცა ვულკანი ვეზუვი ამოიფრქვა. 1906 წლის მიწისძვრამ სან-ფრანცისკო მიწასთან გაასწორა, ქარიშხალმა კატრინამ ნიუ-ორლეანის 80% წყალქვეშ მოაქცია. სადაზღვევო კომპანიები ასეთ მოვლენებს „ღმერთის შემოქმედებას” უწოდებენ, ბრინჯაოს ხანის ადამიანებს კი ამაში ეჭვიც არ შეეპარებოდათ.
მრავალი გამანადგურებელი ბუნებრივი კატასტროფა არსებობს, თუმცა სოდომისა და გომორის შემთხვევას ერთ-ერთი მათგანი ყველაზე მეტად ესადაგება. როდესაც ცეცხლის წვიმაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში გვახსენდება ვულკანი. მისი ძალა ხშირად ასოცირდებოდა ღმერთის რისხვასთან. მიწისძვრა, ცეცხლის სვეტები, ფერფლისა და ქვების წვიმა, პიროკლასტური ნაკადები, რომლებიც ადამიანებს ადგილზევე ანადგურებს – სავსებით ესადგება სოდომისა და გომორის შემთხვევას. მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ბიბლიურ დროში მკვდარი ზღვის სიახლოვეს ადგილი ჰქონდა ვულკანის ამოფრქვევებს. თუმცა არსებობს მინიშნებები, რომ ხდებოდა სხვა სახის გეოლოგიური ცვლილებები, რაც ამ არეალს ანადგურებდა. ამ ძალამ გაანადგურა კიდევ ერთი ქალაქი მკვდარი ზღვიდან არც ისე შორს – იერიქონი.
ბიბლიის მიხედვით, ებრაელმა ლიდერმა იესო ნავეს ძემ იერიქონი დაიპყრო მას შემდეგ, რაც ქალაქის კედლები მისტიკურად ჩამოინგრა. თუმცა შესაძლოა, ამ ყველაფერს სავსებით ბუნებრივი და არც ისე მისტიკური ახსნა ჰქონდეს. როგორც აღმოჩნდა, იერიქონი აგებული იყო სეისმურად აქტიურ რეგიონში და ყოველ საუკუნეში 1-2 მიწისძვრა მაინც ხდებოდა, ზოგჯერ შესაძლოა 6-იც. სან-ფრანცისკოს მსგავსად, ისიც არახელსაყრელ ადგილას იყო გაშენებული.
იერიქონი ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებადი ქალაქია მსოფლიოში. აქ ადამიანები 10 000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და დღემდე ცხოვრობენ. მას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს და უძველეს ნანგრევებს ათვალიერებს. კედლებზე აშკარად ჩანს მიწისძვრის კვალი, რომელიც შესაძლოა უჭერდეს ან არც უჭერდეს მხარს ბიბლიურ ვერსიას.
როგორც ბიბლია გვიამბობს, იესო ნავეს ძის ჯარი მდინარე იორდანეს შორეულ მხარეს შეიკრიბა. იესო ნავეს ძე მომთაბარეებთან ერთად აღმოსავლეთით დაბანაკდა და ეძებდა გზას, რომ მდინარე გადაეკვეთა. მოულოდნელად მიწისძვრა მოხდა, შემდგომ განვითარებული მოვლენები კი აშკარად მოგვაგონებს მოსეს ეგვიპტიდან გამოსვლის ეპიზოდს: წყალი ორად გაიყო და იესო ნავეს ძემ თანმხლებ პირებთან ერთად მშრალ მიწაზე გაიარა. თუმცა ამ სასწაულს შესაძლოა, ბუნებრივი ახსნა ჰქონდეს.
როდესაც დამიას რეგიონში მიწისძვრა ხდება, წარმოიქმნება მასიური ზვავი, რომელიც მდინარეს 1-2 დღის განმავლობაში კეტავს. დინება ჩერდება, წყალი გუბდება და მშრალი მიწა ჩნდება. შესაძლოა თუ არა, ეს ყველაფერი დამთხვეოდა იესოს მოქმედების მომენტს? დიახ, რადგან ბიბლია გვამცნობს, რომ მოვლენებს ადგილი ჰქონდა გაზაფხულზე, მოსავლის აღების პერიოდში. თუმცა ალყისთვის ეს საკმაოდ ცუდი პერიოდი იყო: ქალაქს საკმარისად ჰქონდა საკვები, ნათესებში კი არაფერი იყო დარჩენილი ჯარის გამოსაკვებად.
შემდეგ მომხდარ მოვლენებს სასწაულის ელფერი აქვს: 6 დღის განმავლობაში ებრაელები გარს უვლიდნენ ჩაკეტილ იერიქონს. მეშვიდე დღეს მათ ბუკებს ჩაჰბერეს და ყიჟინა დასცეს, რასაც კედლების ნგრევა და ქალაქის დაპყრობა მოჰყვა. ახსნა ამასაც მოეძებნება: მიწისძვრის მოხდენამდე დამახასიათებელია გრგვინვის მსგავსი ხმა. თვითმხილველები მას თვითმფრინავის ან ელვის ხმას ადარებენ ხოლმე. ბიბლია ამბობს, რომ კედლების ჩამონგრევის შემდეგ „ავიდა ხალხი ქალაქში”, რაც შესაძლოა ესადაგებოდეს გარკვეულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, როგორიცაა ტელის საძირკველში ნაპოვნი ჩამოქცეული კედლები. როგორც ეტყობოდა, ეს იყო სქელი, აგურისა და ტალახისგან ნაშენები კედლები, რომელთა ნგრევის პერიოდი ემთხვევა იერიქონის განადგურებას. ამან ქალაქში ბუნებრივი დაქანება შექმნა, რაც დამპყრობლებს მასში შეღწევას გაუადვილებდა.
ებრაელებმა ქალაქი გადაწვეს, თუმცა არ გაუძარცვავთ. ეს ესადაგება ნანგრევებში აღმოჩენილ ხორბალსა და ქერს. მარცვლეულით სავსე ჭურჭელი იმაზე მიანიშნებს, რომ მოსავალი ახალი აღებული იყო, როგორც ბიბლია ამბობს. მაგრამ რატომ დატოვეს ეს ყველაფერი იერიქონში და შემდეგ ცეცხლს მისცეს? ბიბლია ახსნას გვთავაზობს – მარცვლეული უნდა დამწვარიყო, როგორც ღმერთისადმი მიძღვნილი მსხვერპლი.
არქეოლოგების უმეტესობა თანხმდება, რომ ბიბლიურ დროში იერიქონი მინიმუმ ერთხელ განადგურდა, მაგრამ თარიღი იესო ნავეს ძის ალყას არ ესადაგება. იერიქონი ცეცხლმა მოიცვა ძვ.წ. 1500-1475 წლებს შორის პერიოდში და დამნაშავეებად ეგვიპტელები გვევლინებიან. რაც შეეხება ძვ.წ. მე-13 საუკუნეს, ამ დროს იერიქონს კედლები არ ჰქონდა, შესაბამისად, ვერაფერი დაინგრეოდა, ხოლო ტერიტორია მოსახლეებისგან უმეტესად დაცლილი იყო. გამოდის, რომ იესო ნავეს ძემ გაანადგურა ის, რაც იმ დროს არ არსებობდა.
მიუხედავად იმისა, განადგურდა თუ არა იერიქონი ისე, როგორც ბიბლია ამბობს, ერთი რამ ფაქტია: აქ ხშირად ხდებოდა მიწისძვრები. იერიქონის ქვეშ გამავალი სეისმური ხაზი გრძელდება სამხრეთით და შესაძლოა გადიოდა სოდომსა და გომორზეც.
5000 წლის წინ ადამიანებს არ გააჩნდათ რაციონალური ახსნა, თუ რატომ ხდებოდა ბუნებრივი კატასტროფები და რატომ ექცეოდა სტიქია ასე უმოწყალოდ დედამიწას. ქარიშხლები, ტორნადოები, წყალდიდობები და მიწისძვრები თითქოს უმიზეზოდ ხდებოდა. მსგავსი მოვლენები განსაკუთრებით ხშირი იყო ბიბლიურ ტერიტორიებზე და ზოგჯერ ლანდშაფტი ერთ ღამეში ტრანსფორმირდებოდა. შეიძლებოდა, მდინარეს მიმართულება მკვეთრად შეეცვალა, რის გამოც ადამიანებს უწევდათ, ხელახლა გაეყვანათ გზები და აეშენებინათ სახლები, ზოგჯერ 12-15 წელიწადში ორჯერაც. სამყარო ძალიან ქაოსური ჩანდა, რის მაგალითსაც ვხვდებით უძველესი ქალაქის, მაშკან-შაპირის ნანგრევებში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.
ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაშკან-შაპირის ამბავი გახდა სოდომისა და გომორის ლეგენდის შექმნის შთაგონება. მიზეზის დანახვა ძნელი არაა: მაშკან-შაპირს რაღაც მისტიკური შეემთხვა, იმდენად უცნაური რამ, რომ ქალაქი აღარასდროს აღუდგენიათ და ადამიანებით მეტად აღარ დასახლებულა. სოდომისა და გომორის მსგავსად, მაშკან-შაპირიც ცეცხლის წვიმამ გაანადგურა. ეს ქალაქი აგურისა და ტალახისგან იყო ნაშენები, რაც მართალია, აალებადი მასალა არაა, მაგრამ ხანძრის მასშტაბები მაინც შთამბეჭდავი იყო – მან ქალაქის მინიმუმ მესამედი მოიცვა და ცხოველებისგან მხოლოდ ძვლები დატოვა.
დღესდღეობით ჩვენ ისეთი რამ ვიცით მაშკან-შაპირზე, რაც ძველი პერიოდის ადამიანებს არ ეცოდინებოდათ და შესაძლოა, ამით აიხსნას, თუ რა მოხდა რეალურად. მაშკან-შაპირი, ისევე როგორც ტიგროსისა და ევფრატის რეგიონში 4000 წლის წინ აგებული თითქმის ყველა ქალაქი, მდებარეობდა ბუნებრივი აირისა და ნავთობის აუზებზე. პრობლემაც სწორედ ამაშია – თუკი მიწისძვრა შესაბამისი მიმართულებით განვითარდება, ბუნებრივი აირი გაფართოებას დაიწყებს და მიწიდან ამოხეთქავს, ისევე როგორც ვულკანის ამოფრქვევისას ხდება, საბოლოოდ კი ვიღებთ ბუნებრივი აირის შადრევნებს. ბუნებრივ აირს ნავთობი მოჰყვება, რაც ჯამში სასიკვდილო კომბინაციას ქმნის. ერთადერთი, რაც მას სჭირდება, არის პატარა ნაპერწკალი, თუნდაც ქოხში დანთებული ცეცხლიდან.
ეფექტი შთამბეჭდავი იქნება – გიგანტური საწვავის ბომბის აფეთქება, რომელიც სწრაფად ვრცელდება ქალაქში. ქუვეითის ხანძრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რამხელა ზიანი მოაქვს მსგავს მოვლენას. ამასთან, მას ახლავს მუქი შავი კვამლი, რომელიც მზეს აბნელებს და ვარსკვლავებს ფარავს, გარშემო კი ყველგან მური იყრება. ერთადერთი, რასაც დაინახავთ, არის მიწიდან ამომავალი და ცისკენ მიმართული უზარმაზარი ალები, ცეცხლის ჩანჩქერები, რომლებიც ქალაქს ანათებს. ქალაქი ისეთმა რამემ გაანადგურა, რასაც ვერავინ ვერაფრით ახსნიდა, გარდა ცეცხლისა და გოგირდის მოშველიებით. შეიძლებოდა თუ არა, მსგავსი რამ დამართნოდა სოდომსა და გომორს? დიახ.
მკვდარი ზღვის მიდამო და ახლომდებარე არეალი არამარტო ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწისქვეშა საბადოებით გამოირჩევა – ამ ტერიტორიის ნიადაგი მდიდარია კუპრითა და გოგირდით. ნავთობი, აირი, კუპრი და გოგირდი, ამას დამატებული სეისმურად აქტიური ზონები – სოდომისა და გომორის, ასევე ბაბ-ედ-დრას მოსახლეობა ფაქტიურად ბომბზე ცხოვრობდა. თუკი მაშკან-შაპირის სცენარი აქაც განმეორდა, თავიდან რყევები უნდა მომხდარიყო. ყველაფერი დაიწყებოდა ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით, რასაც რხევები და ქანაობა მოჰყვებოდა. ეს იქნებოდა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, თუმცა განსაკუთრებით ძლიერი მიწისძვრისას წუთ-ნახევარიც გრძელდება.
მიწისძვრა გამოათავისუფლებდა ბუნებრივ აირსა და ნავთობს, ზედაპირზე კი კუპრისა და გოგირდის გროვები ამოიფრქვეოდა. სავარაუდოდ მოსახლეები ამ დროს სახლში საჭმელს ამზადებდნენ და ცეცხლი ენთოთ, რომელიც გამოთავისუფლებულ მასას მოეკიდებოდა და ბრინჯაოს ხანის უდიდესი კატასტროფა მოხდებოდა. აირი წვას დაიწყებდა, ნავთობი, კუპრი და გოგირდი კი აგიზგიზდებოდა. ცეცხლი მთელ ქალაქს მოიცავდა. ამ არეალში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი ცოცხლად დაიწვებოდა.
მოშორებით მყოფი ადამიანები, როგორიც იყო ლოტი და მისი ოჯახის წევრები, რაღაც უჩვეულოს და განმაცვიფრებელს შენიშნავდნენ. ბიბლიის მიხედვით, ცოდვილი ქალაქების განადგურებისას ლოტმა და მისმა ნათესავებმა გეზი ცოღარისკენ აიღეს. ანგელოზებმა ისინი გააფრთხილეს, უკან არ მოეხედათ, მაგრამ ლოტის ცოლმა ყურად არ იღო რჩევა, ალმოდებულ ქალაქს თვალი შეავლო და მაშინვე მარილის სვეტად იქცა. თუმცა ბაბ-ედ-დრაში, რომელსაც ზოგი სოდომად თვლის, ცეცხლით განადგურების ნიშნები არ მოიპოვება. ამის ნაცვლად, ქალაქი სავარაუდოდ დასავლეთიდან შემომავალი დამპყრობელი არმიის მსხვერპლი გახდა. მასიური ხის ჭიშკრის მოსაშლელად მის სიახლოვეს ცეცხლი დაანთეს. უცნობია, შეაღწიეს თუ არა ქალაქში, თუმცა არმიამ ქალაქს ნამდვილად მიაყენა დიდი დარტყმა.
ამჟამად შეუძლებელია იმის გარკვევა, როდის მოხდა ეს თავდასხმა და რა ბედი ეწია მოსახლეობას. მხოლოდ ის ვიცით, რომ ძვ.წ. 2350 წელს აქ უკვე აღარავინ ცხოვრობდა და არც სასაფლაო ფუნქციონირებდა. ლოტისა და მისი ქალიშვილების მსგავსად, გადარჩენილი ბაბ-ედ-დრელები ბედის ანაბარად დარჩნენ.
ბიბლიაში სოდომისა და გომორის ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს, არც ლოტის შემთხვევაში, რომელმაც ახლობლებთან ერთად დააღწია თავი ამ კატასტროფას. ლოტმა ცოღარში გადაინაცვლა, თუმცა აქ ცხოვრების ეშინოდა. ლოტმა და მისმა ქალიშვილებმა გამოქვაბულს შეაფარეს თავი. სამყაროსგან მოკვეთილმა და შესაძლოა გარყვნილი ქალაქის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ქალიშვილებმა საკუთარი მამის ცდუნება გადაწყვიტეს. მათ ლოტი ღვინით დაათვრეს და შემდეგ მასთან სარეცელი გაიყვეს. ორივე დაორსულდა და მათი ვაჟები გახდნენ ქანაანელთა ორი ახალი ტომი მამამთავრები, რომლებიც შემდგომ ებრაელებმა დაიპყრეს.
ბიბლია ცოღარს თანამედროვე ქალაქ საფისთან ათავსებს, ბაბ-ედ-დრადან 50 კმ-ით სამხრეთით. 1989 წელს ბერძენმა არქეოლოგმა აქ ისეთი რაღაც აღმოაჩინა, რაც ათასი წლის განმავლობაში დაფარული იყო – ბიზანტიური მონასტერი, აშენებული გამოქვაბულის წინ, მიძღვნილი წმინდა ლოტისადმი. ბიზანტიელები ფიქრობდნენ, რომ ეს სწორედ ის გამოქვაბული იყო, სადაც ლოტმა თავის ქალიშვილებთან ერთად შეაფარა თავი. მართალია, ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუმცა არის საინტერესო დეტალი: გამოქვაბულში იმ პერიოდის ნასახლარებს მიაგნეს. ამ გამოქვაბულში ადამიანები ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ, ისევე როგორც ბაბ-ედ-დრაში.
ბაბ-ედ-დრას სამხრეთით ტომას შაუბმა და მისმა კოლეგამ მეორე დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გორაკის თავზე ქვის უცნაური ფორმირება შენიშნეს, რაც საბოლოოდ ქალაქის გალავანი აღმოჩნდა. კერამიკის ნამტვრევების შესწავლამ ისინი დაარწმუნა, რომ ნამდვილად ადრეული ბრინჯაოს ხანის ქალაქს მიაგნეს. მათ ამ ადგილს ნუმეირა უწოდეს. ბაბ-ედ-დრას მსგავსად, მასაც კედელი ერტყა გარშემო, თუმცა უფრო პატარა იყო და მაქსიმუმ რამდენიმე ასეულ ადამიანს დაიტევდა. ბაბ-ედ-დრასგან განსხვავებით, ნუმეირა აშენებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მიატოვეს. სავარაუდოდ ის 1 საუკუნეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში იყო დასახლებული და მას შემდეგ აქ აღარავის უცხოვრია.
ორი დასახლება, ერთი დიდი და ერთი პატარა, დაშორება კი რამდენიმე საათის სავალ მანძილს შეადგენს. იყო თუ არა ნუმეირა სოდომის ძმობილი ქალაქი, გომორი? მრავალი ადამიანის გონებაში ბაბ-ედ-დრა და ნუმეირა დაკარგული ბიბლიური ქალაქების მთავარ კანდიდატებად იქცნენ. ნუმეირას ანალიზი აჩვენებდა, რომ მოსახლეები აქედანაც გაიქცნენ და არასდროს დაბრუნებულან, მაგრამ ეს არ მომხდარა ომის გამო. ქალაქში არ არის კედლების ნგრევის ნიშნები ან იარაღების ნარჩენები, არც დახოცილ ჯარისკაცთა სხეულები. ამის ნაცვლად, აქ დახვდათ ორი ჩონჩხი, რომლებიც გაჭყლეტვით დაიხოცნენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი იყვნენ ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც კოშკის ჩამოქცევამ იმსხვერპლა. მათი სიკვდილი მოულოდნელი იყო და არც დაუმარხავთ, ამასთან ეს მოხდა ქალაქის არსებობის ბოლო დღეებში. შესაძლოა, ისინი კოშკის მცველები იყვნენ და როცა კოშკი დაინგრა, ხალხი ქალაქიდან გარბოდა, ამიტომ მათი დაკრძალვისთვის არ ეცალათ. მეცნიერებმა მომხდარში დამნაშავედ მიწისძვრა მიიჩნიეს. შესაძლოა, მოსახლეობა წინასწარმა რყევებმა დაზაფრა და უსაფრთხო ადგილისკენ იღეს გეზი, რათა თავი გადაერჩინათ. მცირეოდენი, შესაძლოა გუშაგები, ქალაქში დარჩა და დაიღუპა.
ნუმეირას ნანგრევებში აღმოაჩინეს კიდევ ერთი რამ, რაც ბიბლიურ ამბავს მოგვაგონებს. განსხვავებით მისი ძმობილი ქალაქისგან, ნუმეირა ცეცხლმა გაანადგურა. არქეოლოგებმა 30-40 სმ სისქის ფერფლის ფენა აღმოაჩინეს, ასევე ნამსხვრევები და ყოველდღიური ნივთების ნარჩენები. ასე რომ ხანძარი საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო და მთელი არეალი მოეცვა. თუკი ცეცხლს თან ახლდა ბუნებრივი აირის აფეთქებები, კუპრისა და გოგირდის წვა, შედეგები დაუვიწყარი იქნებოდა.
ამ კატასტროფების შემდეგ ორივე ქალაქში დარჩებოდა ჩონჩხები, რომლებსაც ათასობით წლების განმავლობაში ჩაუვლიდნენ მოგზაურები და მოისმენდნენ ისტორიებს, თუ როგორ დაიხოცნენ ისინი. საუკუნეების მანძილზე მომთაბარეების თაობებში ეს ამბები ცხადია, ცვლილებებს განიცდიდა და საბოლოოდ შეიძლებოდა ისეთი ფორმა მიეღო, რომ რეალურს მკვეთრად აცდენოდა. ეჭვგარეშეა, რომ 4000 წლის წინ რაღაც მოხდა, მაგრამ ის, თუ კონრეტულად რა იყო ეს – მიწისძვრა, შემოსევა, ცეცხლი ან სამივეს კომბინაცია, ალბათ არასდროს გვეცოდინება.
მიუხედავად ამისა, არის ერთი რამ, რაც სათვალავში ჩასაგდებად ღირს: სიტყვა „სოდომი” წარმოდგება ებრაული სიტყვიდან „ს’დომ”, რაც „დამწვარს” ნიშნავს. ხოლო გომორის საწყისია სიტყვა „ამორა”, რაც „დამარხულად” ან „ჩაძირულად” ითარგმნება. ძნელია მოიძებნოს სხვა სიტყვები, რომლებიც უკეთ აღწერდნენ ბაბ-ედ-დრასა და ნუმეირას იმ პერიოდში, როცა ისინი განადგურდნენ. ასე რომ შესაძლოა, ბიბლიის ავტორები ნამდვილ ამბავს ყვებოდნენ, ოღონდ ისე, როგორც თავად ესმოდათ. რეალობის მათი ვერსია მოიცავდა სექსსა და კატასტროფებს, ცოდვებსა და ღმერთის რისხვას. ეს არის ამბავი, რომელიც ათასობით წელია, არსებობს და შესაძლოა, ყველაზე დიდი მორალური ისტორია იყოს, უდიდესი გაკვეთილი გარყვნილების წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში იქნება ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი საგანი ადამიანთათვის.
მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.