გამორჩეული ადამიანებიუცნაური

სერიულ მკვლელთა ყველაზე ცნობილი წყვილები

სერიულ მკვლელად ითვლება ისეთი პიროვნება, რომელსაც ჩადენილი აქვს სამი ან მეტი ადამიანის მკვლელობა 30 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მკვლელობის მიზანი, როგორც წესი, ფსიქოლოგიური კმაყოფილების განცდის მიღებაა. ხშირად მსგავს შემთხვევებში სექსუალური ელემენტებიც ფიგურირებს, თუმცა FBI-ის მიხედვით, სერიული მკვლელობის მოტივები უმეტესწილად მოიცავს სიბრაზეს, მღელვარებას, ფინანსური სარგებლის მიღებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს. მსხვერპლებს ხშირად გარკვეული შტრიხები აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგალითად ფიზიკური აღნაგობა, რასა, ეროვნება, საქმიანობა, სქესი ან ასაკობრივი ჯგუფი. კაცობრიობის ისტორიაში ასეულობით სერიული მკვლელი ყოფილა და ხანდახან 2 ან მეტი ადამიანი მოქმედებდა ერთდროულად, რაც რიგ შემთხვევებში საკმაოდ წარმატებული იყო. წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ წყვილს სერიული მკვლელებიდან.


● პოლ ბერნარდო და კარლა ჰომორკა
პოლმა და კარლამ ერთმანეთი 1987 წელს გაიცნეს, 1991 წელს კი იქორწინეს. ქორწინებამდე 6 თვით ადრე კარლამ გადაწყვიტა, მისი დის ქალწულობა პოლისთვის „ეჩუქებინა”. პოლს აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ კარლას ქალიშვილობა მანამდე ჰქონდა დაკარგული, ვიდრე მას გაიცნობდა და ამ გზით მისი კეთილგანწყობის დაბრუნება სურდა. 1990 წელს, შობის წინა დღეს, ალკოჰოლისა და ჰალოტანის ნაზავით კარლამ თავისი 15 წლის და, ტემი, გააბრუა და პოლთან ერთად ვიდეოფირზე აღბეჭდა, თუ როგორ აუპატიურებდნენ უმწეო გოგონას. ტემის ორგანიზმმა მიღებულ გამაბრუებელ საშუალებებს ვერ გაუძლო და ღამით საკუთარ ნარწყევში დაიხრჩო. შემთხვევას არ მისცემია მკვლელობის სტატუსი, ამიტომ, ისე როგორც ბოლო 3 წლის განმავლობაში, პოლმა და კარლამ მშვიდად განაგრძეს საქმიანობა. ამჯერად მათ ვიდეოკამერით 14 წლის ლესლი მაჰაფისა და 15 წლის კრისტენ ფრენჩის გაუპატიურება და მკვლელობა გადაიღეს. პოლიცია მალე დაინტერესდა პოლით, რადგან 1990 წელს მომხდარი გაუპატიურებების კვლევისას მის დნმ-ს წააწყდნენ. 1993 წელს პოლისგან ნაცემმა კარლამ პოლიციელებს ინტერვიუ მისცა. იმავე წლის მაისში მას მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1995 წელს კი მკვლელობების დეტალური ახსნა-განმარტებაც ჩააბარა. სასამართლოზე კარლა დაუპირისპირეს პოლს და ეს უკანასკნელი დამნაშავედ ცნეს 1-ლი ხარისხის მკვლელობებში, მძიმე ფორმით სექსუალურ ძალადობასა და სხვა სახის ფიზიკურ შეურაცხყოფებში. მას მიესაჯა სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა შეწყალების უფლების გარეშე. კარლამ 2005 წლის 4 ივლისს დატოვა ციხე.


● იენ ბრეიდი და მაირა ჰინდლი
იენი და მაირა, ასევე ცნობილი, როგორც „ჭაობის მკვლელები”, 1963-1965 წლებში მოქმედებდნენ. მათი პირველი ცნობილი მსხვერპლი გახდა 16 წლის პოლინ რიდი. მაირამ ის ფურგონში შეიტყუა იმ მოტივით, რომ დახმარება სურდა დაკარგული ხელთათმანის აღმოსაჩენად და სედლვორტის ჭაობიანი ტერიტორიისკენ წაიყვანა. მისვლისას იენი თავს დაესხა გოგონას და გააუპატიურა, მაირა კი იდგა და მშვიდად ადევნებდა თვალს. საქმეს რომ მორჩა, იენმა პოლინს თავში ნიჩაბი ჩაარტყა, ყელი გამოჭრა და ადგილობრივ ჭაობში დამარხა. ანალოგიური მეთოდით წყვილმა სიცოცხლეს გამოსალმა მინიმუმ 5 ბავშვი, ასაკით 10-დან 17 წლამდე. ჯერ მაირას ფურგონში შეიტყუებდნენ მსხვერპლს, შემდეგ სადმე მიყრუებულ ადგილას ან თუნდაც თავიანთ სახლში მიიყვანდნენ, აუპატიურებდნენ, ამცირებდნენ და საბოლოოდ კლავდნენ. მაირამ ერთხელ ჩაიწერა კიდეც, როგორ გამოსალმეს სიცოცხლეს 10 წლის ლესლი დაუნი, ხოლო იენს 9 ფოტო ჰქონდა, სადაც თოკებით შეკრული, პირაკრული და გაუპატიურებული გოგონები იყვნენ აღბეჭდილი. ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა 17 წლის ედვარდ ევანსი. ის რკინიგზის სადგურიდან სახლში წაიყვანეს და მაირას 18 წლის სიძის, დევიდ სმიტის, თვალწინ იენმა ნაჯახით გაუპო თავი. დევიდი იენს დაეხმარა გვამის დამალვაში, შემდეგ კი ცოლთან, მაირას დასთან დაბრუნდა და მომხდარი უამბო. ამის შემდეგ დევიდმა პოლიციაში დარეკა და მათაც მოუყვა ნანახის შესახებ. 1965 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე იენმა აღიარა 5 მკვლელობა და განაცხადა, რომ მაირა „იმას აკეთებდა, რასაც უბრძანებდა”. 1966 წლის 6 მაისს იენი დამნაშავედ ცნეს 3 მკვლელობაში, მაირა კი – ორში. ორივე მათგანს სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2002 წელს მაირა ციხეში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც განაჩენის წინააღმდეგ შეტანილ ყველა სარჩელზე უარი მიიღო. რაც შეეხება ბრეიდს, ის მკაფიოდ აცხადებდა, რომ არ სურდა გათავისუფლება და მოითხოვდა, სიკვდილის ნება მიეცათ. მას გონებრივი აშლილობა დაუდგინდა და ეშვორტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობს.


● ჯერალდ და შარლინ გალეგოები
ჯერალდი და შარლინი მკვლელი ცოლ-ქმარი იყო და 1978-1980 წლებში მოქმედებდნენ დასავლეთ აშშ-ში. ჯერალდი მუდმივად დომინირებდა შარლინზე, კარნახობდა, რა ჩაეცვა, როგორ მოქცეულიყო და აიძულებდა, ნებისმიერი გამომუშვებული ფული მისთვის მიეცა. მიუხედავად ამისა, ის აღფრთოვანებული იყო ქმრით, განსაკუთრებით მაშინ, როცა „ახალგაზრდა, ერთჯერად სექსუალურ მონებზე” იწყებდა საუბარს. ეს ფანტაზია 1978 წელს კოშმარად იქცა 17 წლის რონდა შეფლერისა და 16 წლის კიპი ვოტისთვის. ჯერალდი და შარლინი Dodge-ის ფურგონით მიადგნენ სავაჭრო ცენტრს, საიდანაც შარლინმა გოგონები გამოიტყუა მარიხუანას მიცემის პირობით. თუმცა მათ მხოლოდ ჯერალდი აღმოაჩინეს, რომელსაც იარაღი ჰქონდა მომარჯვებული. ცოლ-ქმარმა გეზი აიღო სიერა-ნევადის მთიანი რეგიონისკენ, სადაც ჯერალდმა ორივე გოგონა გააუპატიურა, მოგვიანებით კი დახოცა და სხვადასხვა ადგილზე დამარხა. ეს სცენარი ჯერალდმა და შარლინმა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეს. მთლიანობაში მათ დახოცეს 9 გოგონა, რომელთაგან ზოგი 13 წლის იყო და ერთიც – ორსული, ასევე ერთ-ერთი გოგონას შეყვარებული. კრეიგ მილერი და მერი ელიზაბეტ საუერსი წყვილის ხელში ჩავარდნილი ბოლო მსხვერპლები იყვნენ. კრეიგი ჯერალდმა გზის პირას მოკლა, შემდეგ კი მისი მეგობარი გოგონა გაიტაცა. თუმცა მოკლულის მეგობრებმა პოლიციას აცნობეს მომხდარზე და ავტომობილის სანომრე ნიშანიც შეატყობინეს, რამაც სამართალდამცავები კრიმინალთა კვალზე გაიყვანა. 1984 წელს შარლინმა ჩვენება მისცა ჯერალდის საწინააღმდეგოდ იმ პირობით, რომ კალიფორნიაში არ გაასამართლებდნენ. მას მხოლოდ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჯერალდი კი გაასამართლეს კალიფორნიაშიც და ნევადაშიც და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. 1999 წელს მან მოიპოვა განაჩენის გადახედვის უფლება, მაგრამ სასჯელი ისევ ძალაში დარჩა. შარლინმა ციხეს 1997 წელს დააღწია თავი, ჯერალდი კი სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადდა და 2002 წელს გარდაიცვალა.


● ვოლფგანგ აბელი და მარკო ფურლანი
ვოლფგანგი და მარკო 1977-1984 წლებში იტალიაში მოქმედი სერიული მკვლელები იყვნენ. დანაშაულის ადგილზე ყოველთვის ტოვებდნენ პატარა ბარათს, სადაც იყო მკვლელობის ახსნა და იტალიური ხელმოწერა „ლუდვიგი”, ფონზე კი ნაცისტური არწივი და სვასტიკა ეხატა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მათი მსხვერპლები იყვნენ დაბალი რანგის ადამიანები და უნდა განადგურებულიყვნენ. დამნაშავე წყვილის ხელში ხვდებოდნენ ჰომოსექსუალები, მეძავები და ნარკომანები – ასეთები, ვოლფგანგისა და მარკოს თქმით, „უარყოფდნენ ჭეშმარიტ ღმერთს”. დუეტი მრავალ საშინელებას ჩადიოდა და ხშირად ცვლიდა მოქმედების ტაქტიკას. ერთხელ ნარკოტიკებზე მიჯაჭვული ბოშა ცოცხლად დაწვეს, ჰომოსექსუალ ოფიციანტს დანა 34-ჯერ ჩაარტყეს, ნაჯახით აჩეხეს 51 წლის მეძავი, ჰომოსექსუალ მღვდელს შუბლში ლურსმნები ჩააჭედეს და ა.შ. 1997 წელს წაყენებული 27 ბრალდებიდან ისინი 10-ში დამნაშავედ ცნეს. მრავალი აპელაციის შემდეგ მათი სასჯელი განისაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთით. მარკო ციხიდან 2009 წელს გამოვიდა, ვოლფგანგი კი მომავალ წელს გათავისუფლდება.


● ფრედ და როზმარი ვესტები
მკვლელობების უმეტესობას ადგილი ჰქონდა 1973-1979 წლებში, თუმცა ყველაფერი 1971 წელს დაიწყო. შარმანი, ფრედის პირველი ცოლის ქალიშვილი სხვა მამაკაცისგან, როზმარიმ მოკლა მაშინ, როცა ფრედი ციხეში იჯდა ქურდობისთვის. იმავე წლის აგვისტოში, როცა ფრედი გაათავისუფლეს, გოგონას დედა, რენა ვესტი გამოჩნდა და შვილის წაყვანა მოითხოვა, თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს (ითვლება, რომ ფრედმა მოკლა). ფრედისა და როზმარის უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ. ორივე ისეთ ოჯახში იყო გაზრდილი, სადაც მამას თავის ქალიშვილებთან ჰქონდა სექსი, ამჯერად კი როზმარი ქმრის თანხმობით იყოფდა მამამისთან სარეცელს. 1972 წელს როზმარიმ მეძავობას მიჰყო ხელი, მალევე კი ფრედმა თავისი 8 წლის გოგონა გააუპატიურა, რაც შემდეგ მრავალჯერ გაიმეორა. 1979 წელს გოგონა დაორსულდა, მაგრამ აბორტი გაიკეთა და სახლიდან წავიდა. ვესტებმა თავიანთი ქალიშვილების სისტემატური გაუპატიურება დაიწყეს, თან ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ. 1973-1979 წლებში მათ 9 გოგონა დახოცეს, მათ შორის მდგმურები, მეგზურები, მეზობლის ბავშვები და თავიანთი შვილი. ჰიზერ ვესტი მას შემდეგ გახდა მამის „ტრფობის” ობიექტი, რაც მისმა უფროსმა დამ ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით ფრედმა განაცხადა, რომ მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონია, მხოლოდ სურდა „მისი სახიდან წაეშალა ის დამცინავი გამომეტყველება”, რომელიც ჩხუბისას ჰქონდა აღბეჭდილი. 1994 წელს ჰიზერის გაუჩინარების საქმის კვლევისას პოლიციამ მოიპოვა ჩხრეკის ორდერი და შიდა ეზო გადათხარეს. მალე მიაგნეს ადამიანის ნაჩენებსაც. ფრედი დამნაშავედ ცნეს 10 ადამიანის მკვლელობაში, თუმცა დამატებითი ძიებისას მე-11 შემთხვევაც ამოტივტივდა. როზმარი 10 მკვლელობის ჩადენაში დაადანაშაულეს. 1995 წელს ფრედმა ციხეში მოიკლა თავი, როზმარის კი სინანულის განცდა არასდროს ჰქონია და დღემდე სამუდამო პატიმრობას იხდის.


● ჩარლზ სტარკვეტერი და კერილ ენ ფუგეიტი
1958 წელს 19 წლის ჩარლზი და 14 წლის კერილი ორი თვით გაემგზავრნენ ავტომობილით, რათა სასაკლაო მოეწყოთ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 იანვარს ჩარლზი კერილს სახლში ესტუმრა, მაგრამ იქ არ დახვდა და შელაპარაკება მოუწია მის დედასა და მამინაცვალთან – ველდა და მერიონ ბარლეტებთან. მათ ჩარლზს მოსთხოვეს, გოგონასგან თავი შორს დაეჭირა, თუმცა მან იარაღი ამოიღო და ორივე ადგილზე დახოცა. სახლში მისვლისას კერილ ენი დაეხმარა ჩარლზს გვამების გადამალვაში. 6 დღის შემდეგ, როცა სიტუაციას საეჭვო ელფერი მიეცა, კერილის ბებიამ პოლიციაში დარეკა. ჩარლზი და კერილი გაიქცნენ და ორთვიანი მკვლელობების სერია დაიწყო. მათ გაძარცვეს, მოკლეს და გააუპატიურეს 7 ადამიანი. პოლიციელებმა ისინი მაშინ აიყვანეს, როცა ეკამათებოდნენ მოტოციკლის მძღოლს, რომელიც მათ დასახმარებლად იყო გაჩერებული. შერიფის მოადგილის გამოჩენისას კერილ ენი მისკენ გაიქცა ყვირილით: „ეს სტარკვეტერი იყო! მას ჩემი მოკვლა სურს!” ჩარლზმა გაქცევა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა და დანებდა. 1959 წლის 25 ივნისს მას ელექტროსკამზე სიკვდილი მიესაჯა, ხოლო კერილ ენს განაჩენად სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა გამოუტანეს, მაგრამ 1976 წელს „სანიმუშო ქცევის გამო” გამოუშვეს და ჯამში 17 წელი მოიხადა.


● კორლი, ჰენლი და ბრუკსი
1970-1973 წლებში ტეხასში დინ კორლმა 13-დან 20 წლამდე ასაკის მინიმუმ 23 ბიჭი დახოცა. მათ შეპყრობასა და გაუპატიურებაში დახმარებას უწევდა მოზარდთა დუეტი – ელმერ ჰენლი და დევიდ ბრუკსი. ყოველ ახალ მსხვერპლზე, რომელსაც დინის სახლში შეიტყუებდნენ, თითოეული გასამრჯელოდ 200 დოლარს იღებდა. სახლში შეტყუების შემდეგ მათ ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით აბრუებდნენ გულის წასვლამდე, ხელებს ბორკილებით უკრავდნენ ან უბრალოდ ძალის გამოყენებით აკავებდნენ, შემდეგ საწოლზე აბამდნენ და იწყებოდა გაუპატიურების, ცემის, წამებისა და გაგუდვით ან იარაღით სიკვდილის სერია. ზოგჯერ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეც გრძელდებოდა. 1973 წლის 8 აგვისტოს ერთ-ერთი ჩხუბის დროს ელმერმა დინს ესროლა და მოკლა. იმ მომენტში ის მხოლოდ 17 წლის იყო. ამჟამად ელმერ ჰენლის მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 სიცოცხლის ვადით, დევიდ ბრუკსი კი მხოლოდ ერთ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


● ჰენრი ლუკასი და ოტის ტული
უცნობია, როდის დაიწყეს მკვლელობების სერია ჰენრიმ და ოტისმა, თუმცა მათ ქმედებებს 1983 წელს მოეღო ბოლო. მათ ერთმანეთი უფასო სასადილოში გაიცნეს 1973 წელს და მალევე საყვარლები გახდნენ. ოტისი სექსუალურ სიამოვნებას იღებდა ცეცხლის ყურებით და ხშირად აჩენდა ხანძარს მიტოვებულ შენობებში, რის გამოც 1983 წელს დააპატიმრეს კიდეც. მალე მას უკან მიჰყვა ჰენრი – იარაღის უკანონო ტარებისთვის. ციხეში ყოფნისას ჰენრი ჩადენილი მკვლელობებით ტრაბახობდა. ოტისი ამას თავიდან უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით შეუერთდა და დანაშაულებზე ისიც ალაპარაკდა. ცხადია, ამან პოლიციის ყურამდე მიაღწია და წყვილი დაკითხეს. მათი სახელი ფიგურირებდა 600-მდე მკვლელობაში და იცოდნენ დეტალები, რომლებიც მხოლოდ დანაშაულის ჩამდენისთვის იქნებოდა ცნობილი, თუმცა შემთხვევების ნაწილი უარყოფილ იქნა, რაც, ზოგიერთის აზრით, იმის გამო იყო, რომ პოლიციამ თავიდან ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა დაკითხვისას. ჰენრისა და ოტის მეშვეობით აღმოაჩინეს უგზო-უკვლოდ დაკარგული 246 ადამიანის სხეული, წყვილი გამოტყდა 108 ადამიანის მკვლელობაში. როგორც ჩანდა, ისინი მსხვერპლს არ გამოარჩევდნენ რასის, სქესის, ეროვნების ან რაიმე მსგავსი ნიშნით. ასევე არ ჰქონიათ მკვლელობის გამორჩეული მეთოდი. ზოგს გასროლით კლავდნენ, ზოგს – დახრჩობით, მუშტებით, ხელკეტით და ა.შ. სასამართლომ ოტისი 6 მკვლელობაში მიიჩნია დამნაშავედ, მათ შორის იყო 6 წლის ადამ უოლშის შემთხვევაც, რომელიც ვერ დადასტურდა, თუმცა ოტისმა დაწვრილებითი ჩვენება მისცა, რომელიც არსებულ მონაცემებს დაემთხვა. ჰენრი ლუკასი ბრალდებულად ცნეს 11 ადამიანის მკვლელობაში. ორივე მათგანს განაჩენად გამოუტანეს სიკვდილით დასჯა, რომელიც შემდგომ სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა. ოტისი 1996 წელს გარდაიცვალა ღვიძლის უკმარისობით, ჰენრი კი 2001 წელს – გულის უკმარისობით.


● ლიაო ჩენგ-შინი და ჰსუი ჩენგ-შენი
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ჩინეთის ქალაქ ჩანგშოუში დააპატიმრეს სასტუმროს ორი მეპატრონე, რომლებსაც მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. პოლიციას მიღებული ჰქონდა ანონიმური წერილი ადგილობრივი მოსახლეობისგან და იმ ადამიანებისგან, რომელთა ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ და ვერაფრით ახერხებდნენ პოვნას. გამოძიებამ სამართალდამცავები პირდაპირ მიიყვანა იმ სასტუმრომდე, რომელთა მეპატრონეებიც იყვნენ ლიაო ჩენგ-შინი და ჰსუი ჩენგ-შენი. მალე ბევრი დეტალი გამოვიდა სააშკარაოზე. აღმოჩნდა, რომ ლიაოსა და ჰსუის გაეძარცვათ და მოეკლათ 79 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სასტუმროში დაბინავებული სტუმარი იყო. ორივემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ლიაომ კი ისიც განაცხადა, რომ საშუალოდ დღეში ერთ ადამიანს კლავდა. ორივე მათგანი 1945 წელს დასაჯეს სიკვდილით.


● დელფინა და მარია გონსალესები
კრიმინალი დები მექსიკის ქალაქ გუანახუატოში მოქმედებდნენ გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში. 60-იანი წლების შუახანებში პოლიციამ აიყვანა გატაცებაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მეძავების მაჭანკლად („მამაშა”) მუშაობდა. დაკითხვისას მან პოლიციელებს დელფინასა და მარიაზე მიუთითა და აუხსნა, რომ არასწორ კვალზე იდგნენ. დების სახლსა და ახლომახლო მიდამოში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს 11 მამაკაცისა და 80 ქალის გვამი, ასევე რამდენიმე ემბრიონი. დელფინასა და მარიას დაკითხვისას საშინელი ამბები გაირკვა. როგორც აღმოჩნდა, ისინი იბირებდნენ გოგონებს იმ პირობით, რომ მოსამსახურეებად იმუშავებდნენ, რეალურად კი მეძავობას აიძულებდნენ. ძალის გამოყენებით მათ კოკაინითა და ჰეროინით აბრუებდნენ, რომ მუშაობაში პრობლემა არ შექმნოდათ. როცა დაავადდებოდნენ, დაუძლურდებოდნენ, აღარ ექნებოდათ მიმზიდველი შესახედაობა ან ვეღარ დააკმაყოფილებდნენ კლიენტებს, კლავდნენ და შემდეგ მარხავდნენ. ასევე ხოცავდნენ იმ მამაკაცებს, რომლებსაც თან დიდი ოდენობით თანხა ჰქონდათ. დები 1964 წელს გასამართლეს და თითოს 40 წელი მიუსაჯეს. დელფინა ციხეში გარდაიცვალა, მარიამ კი სასჯელი მოიხადა და ციხიდან გამოვიდა, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button