პოეზია

ბელა ჩეკურიშვილი – to be continued

მზესუმზირები
(სურათი პირველი)
თუკი გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ, მიხარია ხის ჩრდილებზე გადაბიჯება, ახალი მძივი და კიბეც ისე ავირბინე, თითქოს გემის ანძაზე ლურჯი დროშა აასრიალეს, მოიწყენთ და გასაქცევად სასწრაფო საქმეს მოიმიზეზებთ.
ვიცი, უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა იმის მოსმენა, როგორ ვიქეცი დიდი, ყვითელი, შავგულა ყვავილიდან წვრილ-წვრილ მარცვლებად და ახლა, სადღაც ქუჩის კუთხეში, მუჭა-მუჭა ვიყიდები.
ამ სიტყვის შემდეგ, ალბათ, უკვე ქურთუკს გაიხდით, სკამს მოაბრუნებთ და სიგარეტსაც მოუკიდებთ თვალის მოწკურვით.
მერე კი ხმას ისე შეიცვლით, თითქოს თოვლმა ჭადარს ტოტი ჩამოატეხა და კენწეროზე შემომჯდარი ყვავი დააფრთხო.
გაყინულ ცას შეფრენილი ყვავის ზაფრით უსასრულოდ გაიმეორებთ, რომ მზის ყურება ყველას უყვარს, მაგრამ სახელის მითვისება? სიკვდილამდე? თან უსიკვდილოდ? ვის შერჩენია?
ხოლო როცა თქვენი გულწრფელი მღელვარება თანაგრძნობის ხიდად იქცევა, სადაც უსინათლო მუსიკოსები გარმონს უკრავენ,
მეც შემრცხვება და უხეირო მასპინლობა რომ არ დამწამოთ, ჩემს ახალ მძივს, ანძის ლურჯ დროშას, ხეების ჩრდილებს და ნაბიჯებს ამ ჩრდილებზე კარს უკან დავმალავ და სადარბაზოს წინ მზესუმზირის ჩენჩოებად მოვიფანტები.

სოკოები

(სურათი მეორე. დაუმთავრებელი)

გაგვაფრთხილეს,
რომ ქუდებზე დავიწეროთ რიცხვები და
პროცენტები, რამდენ გრადუს შხამს გავცემთ და ვუძლებთ,
როგორც ტყეში სოკოები, ფეხებითაც უნდა გვიცნონ, ფერითაც და ხალებითაც,
რომ იოლად გვიპოვნონ და წაგვშალონ და გადაგვრეცხონ
და მერე კი, ფოტოებად მიგვაწებონ ფურცლებს.
გაგვაფრთხილეს,
ცამეტიდან ავირჩიოთ მეცამეტე
საწოლი და პერსონაჟი. სურვილი კი მივაჭედოთ კარებს.
არ გავბედოთ გადა-რბენა, გადა-ვარდნა, გადა-ფრენა, გადა-მალვა, გადა-ქცევა,
და მარტივი მოძრაობით მოვახერხოთ იმ დღეების გამოსყიდვა,
ორშაბათს რომ გვათხოვეს და შაბათამდე გვპარეს.
გაგვაფრთხილეს…

მოქცევა

(სურათი მესამე. ვიდეო არტი)

დღეს მოქცევაა,
გარეთ გამომაქვს და გაყრი რაც ჩავყლაპე, წაგართვი, გაგაცალე, უნებლიეთ ხელს გავაყოლე, გამატანე.
გამომაქვს უკვე მონელებული და დაგლეჯილი, ნაკუწებად ქცეული, სახეცვლილი და გაყრი, რადგან მოხვედი, დგახარ, მიყურებ და ფეხსაც არ იცვლი.
ვხედავ, შენთვის სიმშვიდეზე უფრო მეტია იმის გაგება, ვინ (რა) შევირგე, რა (ვინ) ჩავითრიე, თვალს და ყურს რა გამოგაპარე, რას დავხარბდი, რაზე გავიყიდე, რით გამაბრიყვეს.
მოქცევაა და მაღლა ამომაქვს ვერჩაკიდებული ხელები, ვადაგასული სურვილები, სამაშველო რგოლების ვირტუალური ანალოგები, საკვირაო წირვა და პური და ფსალმუნის ტექსტი ამ წირვიდან, ახალშობილის ყიფლიბანდი, შავი თავსაფარი და ვერცხლის ბეჭედი გადარეცხილი წარწერით – `ფილიპე~.
მოქცევაა, ვიცვლი რჯულს და ცხოვრების წესს, სისხლის ჯგუფს, პერანგს, ტელეფონის ნომერს, საქმროს, სარკის ორეულს,
ვექცევი მავნე გავლენის ქვეშ, გამჭვრივალე შუშის კოლბაში, ხის კენწეროზე, ვეშაპის კუჭში, საპატრულო პერიმეტრის გარშემო, ბოლოს _ მჭედლის გაშლილ მკლავებში და მიჭერს და მადნობს, როგორც რკინას, ვერცხლს, სპილენძს, თითბერს… …
(აქ ვიღაც მაინც გამოერევა, რომელიც იტყვის, რომ საზოგადოებაში ასე მოქცევა არ შეიძლება)…

ორნი

(ფოტოკოლაჟი)

მუხლებს
შეუძლიათ იყურონ კაბის ქვემოდან და არ მოიწყინონ,
შეუძლიათ გარეთ გამოიჭრან და იქათქათონ,
ყვავილის მსგავსად გადაიშალონ, ანდა გიმნაზიელებივით მორცხვად შეტყუპდნენ და იკეკლუცონ.
ხელები,
ზოგჯერ როგორც მტრედები, სხდებიან დამორცხვებულ მუხლებზე და ითვლიან, ზოგჯერ კი, ლიანებივით ეხვევიან და სრიალებენ, სრიალებენ, სრიალებენ, გადადიან საზღვარს, არ უყურებენ დროს და არ იციან სიტყვა `სხვისი~.
ბურთი კი, რომელიც დაგორავს მუხლებსა და ხელებს შორის, წითელი კოპლებით, როგორც კალათში ჩაწყობილი ვაშლებით, ახარბებს თვალებს და ბაგეებს ენით ასველებს.
აქ ზედმეტია მხოლოდ ზეწარი, თეთრი, ხამი ტილოს ზეწარი, სადაც ვერ მოასწრეს დაეწერათ: Happy End.

ფრანი

ბოლოს ხდები ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, უდარდელ ხელებში, მინდობილი ნიავს და ზეცას, გაღიმებული პირით და დაჭყეტილი თვალებით.
ხვდები, რომ ხდები ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, რომლისთვისაც სულ ერთია, ვის ხელს უჭირავს, მთავარია, იფრინოს და ძირს არ დაეშვას, მთავარია, გრძნობდეს, როგორ შეჰყურებენ ქვევიდან ზევით, მოლივლივეს, კისერმოღრეცით, კერპივით. ..
ჰო, ხვდები, რომ ხდები ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, ვისთვისაც ვარდნა დამსხვრევას ნიშნავს, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი დაბრეცილი სახისა და ძაფისკუდა ტანის დამსხვრევას,
ხვდები და ცდილობ, არ დაეშვა – არ დაუშვა ხელი გაგიშვან, არ დაუშვა დაიღალონ, მოიწყინონ, ანდა თვალი სხვისკენ გაექცეთ, არ დაუშვა კერპი დაიმსხვრეს, კისრები გასწორდეს, თავები დაბლა დაიხაროს, თვალებმა მიწის ფერი იგუონ,
ხვდები, გაგწირეს, შენ, დაბრეცილი, ძაფისკუდა ყვითელი ფრანი, იმ წუთიდან, როგორც კი მაღლა აგტყორცნეს და ნიავს მიგანდეს, უდარდელად აგალილვლივეს, ამოგხედეს და მზერას ნატვრაც ამოაყოლეს ზევით, ზეცისკენ…

ამბავი ჯვრისა

შენი ჯვარი ვარ, ზურგზე აგკიდეს და ქანცისგაცლამდე უნდა მათრიო, სიკვდილს შემახედო, შემახვედრო, შემახო და ზედ დამაკვდე.
შენი ჯვარი ვარ, მოგესაჯე, აღარც გახსოვს, როდის იყო, წელში გამართული რომ დადიოდი, ზურგი არ გტკიოდა და ფეხებსაც მყარად ადგამდი.
დახვალ და მწყევლი, გაოფლილი, სისხლიანი, მტვერსა და ტალახში ნათრევ-ნაგვემი, თითქოს შენი თავი არ გყოფნიდა სავაგლახოდ, სადარდებლად. მე კი, გამიშლია მკლავები და ცას მივჩერებივარ, დღითიდღე ვმძიმდები და სულ არ მაწუხებს.
ვწევარ და გაყვედრი, რომ ერთ დროს შრიალა ცაცხვი ვიყავი, სურნელოვანი, ფუტკარდახვეული, არც შეყვარებული წყვილების ტკარცალი მაკლდა და არც ჩაისმოყვარული ქალების ჭორები…
ახლა კი, მხოლოდ შენს კვნესას ვისმენ, მოუხსნელად, ყანყალით რომ დამატარებ და დაუსრულებლად გოდებ და მოსთქვამ,
სწორედ ამ ოხვრა-ვაების საპასუხოდ გიმეორებ, შენ გამო მომჭრეს-მეთქი, ტოტები ამასხიპეს, ტანი დამიჩეხეს, გამრანდეს, შემჭედეს და შენი მოსმენა მომისაჯეს.
სწრაფად მაინც იარე, რომ ეს გზა როგორმე გაილიოს, ამდენ თრევას მეც ვეღარ ვუძლებ, მინდა წამოვდგე, გავიმართო, მხარი გავშალო. მერე კი, შენსავით არ ავწუწუნდები, ჩაგეკვრები და აგზიდავ…

სიზიფეს

ჯერ ქვა მოძებნე
და მტკიცე კვანძის შეკვრა ისწავლე, თორემ იქ, ხელი ხავსისკენ გაგექცევა და შერცხვები. ეს ინსტიქტია, ბოლო წუთებში ყველას უჭირს, და ხანდახან ისეც ხდება, რომ ხავსი მაშველ რგოლად იქცევა და შენ, გალუმპულს, ნახევარი ქალაქის თვალწინ მადლობასაც გათქმევინებენ.
ჯერ ქვა მოძებნე
და ჩუქურთმის გათლა ისწავლე, თორემ კედლებს ისე სწრაფად ამოიყვანენ, ჯერ მუხლამდე, მერე ყელამდე, დაყვირებასაც ვერ მოასწრებ, ბეტონის ყორეში აღმოჩნდები ჩაშენებული და შენს ადგილას, ტაძრის ნაცვლად, უსახური გალავანი იდგება ბოლოს.…
ჯერ ქვა მოძებნე
და ფერები გადაარჩიე, ვიდრე ოსტატს ოქროს ბეჭედს შეუკვეთავდე, იკითხე მათი წარმომავლობა და პოვნის ფაზები: ზოგი ქვა სმენას ამახვილებს, ზოგი აბრმავებს, ზოგი გულს ამსხვრევს, ზოგი ნაღველს შლის და ზოგიც, სულაც, უმიზეზო ოცნებებს იწვევს……
ჯერ ქვა მოძებნე,
და ზომები კარგად გათვალე, ვიდრე შვილის გაჩენას გადაწყვეტდე, თორემ ვინ იცის, მამამ ახალშობილის გადაყლაპვა მოიგუნებოს. თუ მზად გექნება შეფუთული, დაღებულ ხახას რომ შეაგებო, იქნებ შეძლო და გადაარჩინო, თორემ ღმერთები, ხომ იცი რომ საკუთარ შვილებსაც არ ინდობდნენ და მუდამ ძლიერის მხარეზე იდგნენ.
ჯერ ქვა მოძებნე,
და ვიდრე სურვილს ჩაუთქვამდე, კარგად დაფიქრდი, კიდევ გინდა დაბრუნება ამ ქვეყნად, სადაც ქვებიც ამდენს მოთქვამენ?

თუ?

თუ სამყარო სეზონებადაა დაყოფილი და შენ გადამფრენი ხარ?
თუ ყველაფერი სქესის მიხედვით ნაწილდება და სახელებად იშლება?
თუ შენი სიტყვა მხოლოდ ხმაურია და არა ღმერთი, თუნდაც წარსული დროის კატეგორიით?
უნდა დაიწყო ხელები და მკაცრად აუხსნა, გააფრთხილო, დაემუქრო, რომ მოიკვეთავ, მოიკვეთავ და სადარბაზო შესასვლელზე ჩამოჰკიდებ გამხმარ კაუჭად, თუ ცდუნდებიან და კვლავ საწერად გაგექცევიან,
(ერთნაირად მიაქციე ყურადღება მარჯვენასაც და მარცხენასაც, არ გაგაცურონ! ეგენი მზეზე გაწოლილ ხვლიკებს ჰგვანან, კლდის ნაპრალებში რომ სხლეტებიან უცებ )
და სულ ერთია, რის დაწერას აპირებენ, საჩივრის თუ თხოვნის წერილის, ლექსის, ზღაპრის, არაკის თუ გამოცანების,
სულ ერთია ( არ მოტყუვდე!), როგორც კი ბგერა სიტყვას აკინაძავს, მაშინვე გამხელს, ყველა შენს ფიქრს, გულისნადებს, ფარულ ზრახვას გარეთ გამოჰფენს და ისე გაგბაწრავს, როგორც მარილიანი სელის ქსოვილი ფარაონის გარდაცვლილ სხეულს.
და თვალები? შენ გგონია, რომელიმე მათგან სანდოა? აქეთ-იქით დარბიან და ცეცერაობენ დისკოთეკაზე მოხვედრილი გოგოებივით. რაც მთავარია, კარგად იციან შავისა და თეთრის გარჩევა და ერთხელაც ისეთ ფერებს აღმოაჩენენ, სიკაშკაშით რომ იზიდავენ და აბრმავებენ.
ჰოდა, ოცოდე, მკაცრად უნდა აუხსნა, გააფრთხილო, დაემუქრო, რომ ამოითხრი, ამოითხრი და ყორანს მიუგდებ გასართობად მარჯვენსაც და მარცხენასაც.
იქნებ შეწყვიტონ აქეთ-იქით გაპარვა და იმას შეხედონ, რასაც მხოლოდ ქუჩის ხედი, ქალაქის მასშტაბი, ანდა ქვეყნის გეოგრაფია სთავაზობთ.

თემურ ჩხეტიანის ლოცვები:

შენ,
ბოლოს და ბოლოს მეც წამოვალ
მანდ, ცათა შინა
და გაპატიებ,
მაგრამ გეტყვი, რომ იმდენჯერ შეგეშალა, სასწორის პინებზე ვეღარ ეტევა და ზოგი თავზე შემოვიდგი, ზოგიც მხრებზე ჩამოვიკიდე, მომაქვს და მათი სიმრავლის თვითონ მრცხვენია.
იმდენჯერ გამაწბილე, ქვასავით აზვავებულ შენს სიცრუეს ვეღარ ვუყურებდი და მიწაში ვმარხავდი, ზოგს მშენებარე კედლებს ვატანდი, ზოგსაც ვფქვავდი, იქნებ წვიმებს გადაერეცხა.
იმდენჯერ დამემალე, ზღვაში ქვიშა გადავთვალე და ცაზე ვარსკვლავი და შენს ძებნაში ძვლები ისე შემომაცვდა, რომელი გზები და ზიგზაგები, ნემსის ყუნწში გავდივარ და ობობას ქსელს ძაფად ვეხვევი,
იმდენჯერ შეიცვალე, ბოლოს გამჭვირვალედ ვიღებებოდი, შენი ყველა ფერი რომ მიმეღო, სმენა დავიხშე და თვალები ამოვითხარე, პეპლის ჩქამიც რომ არ მომესმინა, კობრასავით გაყუჩებული ენის წვერით გსინჯავდი და ენად ქცეული უძრავად ვიწექი უდაბნოს ხვატში,
მაგრამ რადგან ბოლოს და ბოლოს შემომხვდები,
გაპატიებ,
როგორც მასწავლიდი – სამოცდაათგზის შვიდჯერ,
როგორც დამპირდი,
როგორც მუდამ შენ მპატიობდი…

მინდა, გამცნო,
ჩემი სიხარული აეროსტატის ბურთივით გაიბერა და დამძიმდა, შემარყია და მიმაქროლებს.
მაგრამ დაწყვილება გადაკვეთას სულაც არ ნიშნავს,
აბა, გაიხსენე მატარებლის ლიანდაგები, ან პარალელური წრფეები სასკოლო დაფაზე, ნატურალურ რიცხვთა სისტემები, დღეები…
მინდა გამცნო,
რომ ვისწავლე მხარდამხარ სიარული, ისე, რომ არ შევეხო, არ გადავკვეთო, ვაკვირდები ჩემს ფეხებებს, მის ფეხებს, გამვლელთა ფეხებს, გამართულად სიარული გადაუკვეთელობას ნიშნავს, თორემ თუ ერთი ფეხი მეორეში აგვეხლართა, ან გამოვედეთ, ან დავაბიჯეთ, ხომ წავიქცევით.
ჰოდა,
მინდა გამცნო,
ხანდახან მისკენ არც ვიყურები, მხოლოდ ვუსმენ.
მეუბნება, რომ სიხარული ყველა განზომილებაში სიხარულად რჩება, სამ-ოთხეშიც, პარალელურშიც, ვირტუალურშიც…

“პოეტები ნაბიჯებს არ ითვლია”…

ისინი ითვლიან სტრიქონებს და სიტყვებს სტრიქონებში და მარცვლებს სიტყვებში. ითვლიან სად შეჩერდნენ, შეისვენონ, სული მოითქვან, დაიჩივლონ, ამოიკვნესონ, გაორმაგდნენ, სახე იცვალონ,
ითვლიან და ზომავენ, როგორც ანტიკური ხუროთმოძღვრები, შუა საუკუნეთა ალქიმიკოსები, ებრაელი მევახშეები, მეიდნელი ჩარჩები, სადაზღვევო კომპანიის ოფიცრები, თერძები.
ისინი ითვლიან ემოციებს, ვნებებს, ქარიზმებს, თვითმკვლელობებს, მეგობრებს, კახპებს, მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ადამიანებს, ქუჩის დღეებს, სახლის ღამეებს,
ითვლიან და ზომავენ როგორც კენჭებს, რიყის ქვებს, ნათალ ლოდებს, მარმარილოს, გრანიტს, აგურებს, რომ მერე ზუსტად მოარგონ და ამოაშენონ, თავშესაფრები, ტაძრები და სიმაგრეები, გასაქცევად, დასახუჭად, დასამალად, სააღმსარებლოდ…
მერე კი, ზოგჯერ, ისე ხდება, ეს ტაძრები, სახლები და სიმაგრეები სხვებისთვისაც თავშესაფრად იქცევა ხოლმე, და მაშინ უკვე აღარავის ახსენდება სამშენებლო მასალად ვინ (რომ) გამოიყენეს, დაჭრეს, გარანდეს, გათალეს თუ ჩაადუღაბეს……

სასკოლო ქრესტომათიებში ამ ყველაფრის განმარტებად წერია: ლექსი.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button