როგორ ახერხებდნენ სექსს დინოზავრები?
პალეონტოლოგებს დინოზავრების შესახებ მრავალ საინტერესო და საჩოთირო კითხვაზე გაუციათ პასუხი, თუმცა უამრავი ადამიანისთვის ყველაზე დამაინტრიგებელი საკითხი ალბათ ისაა, როგორ ახერხებდნენ შეწყვილებას 30 ტონიანი ცხოველები, რომლებიც ზომით 4 სართულიან შენობებს აღემატებოდნენ.
შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ამ დეტალის ამოხსნას მეცნიერთა მხრიდან საკმაო ყურადღება დაეთმო და მრავალი კვლევაც ჩატარდა. შედეგად მკვლევართა უმეტესობა მივიდა დასკვნამდე, რომ პრეისტორიულ გიგანტებს სექსი ძაღლების მსგავსად ჰქონდათ.
„ყველა დინოზავრი ძირითადად ერთსა და იმავე პოზას იყენებდა შეწყვილებისთვის”, ამბობდა ბრიტანელი პალეონტოლოგი ბევერლი ჰოლსტედი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მეცნიერი იყო, ვინც ამ საქმეს ხელი მოჰკიდა. „მამრი მდედრის ზურგზე ადიოდა, წინა კიდურებს მხრებზე კიდებდა, ერთ უკანა ფეხს გვერდზე სწევდა და თავის კუდს პარტნიორის კუდზე აჭდობდა.”
სამეცნიერო ილუსტრატორები ცდილობდნენ, გრაფიკულად აესახათ უზარმაზარი მხეცების დამაინტრიგებელი რიტუალი.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური მონაცემები ყოველმხრივ შთამბეჭდავი იყო – ტირანოზავრის სასქესო ორგანოს სიგრძე დაახლოებით 3.5 მეტრს შეადგენდა.
კრისტი როჯერსმა, მინესოტას შტატში მდებარე მაკალესტერის ინსტიტუტის ასისტენტმა პროფესორმა ბიოლოგიისა და გეოლოგიის დარგში, “Discovery Channel”-ს განუცხადა: „ყველაზე სავარაუდო პოზიცია უნდა ყოფილიყო მდედრის უკან მყოფი და მის ზემოთ მოქცეული მამრი. ყველა დანარჩენი ვარიანტი მოუხერხებელი იქნებოდა.”
ექსპერტების ნაწილი ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს და გვთავაზობს ვერსიას, რომ დინოზავრები წყალში ცელქობდნენ. ბიოლოგი სტიუარტ ლენდრი მიიჩნევს, რომ დიდი დინოზავრები ამ პოზაში წაიქცეოდნენ და მიწას დაენარცხებოდნენ, ამიტომ წონასწორობის დასაცავად წყალი დასჭირდებოდათ.