Mythbusterფაქტებიფლორა & ფაუნა

ცხოველებზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენები

არსებობს ცხოველებთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც უმეტესობამ კარგად იცის: სპილოს ფეხზე დამდგარს შეუძლია ძილი, ყველა ვეფხვს უნიკალური ზოლები აქვს და ა.შ. თუმცა არსებობს ფართოდ გავრცელებული ისეთი შეხედულებებიც, რომლებიც სიმართლესთან არც ისე ახლოს დგას.


● ცხვარი სულელი ცხოველია.
ის, რაც ყველას გაუგია ცხვარზე, არის მათი სულელური ქცევები. თუკი ერთი მათგანი სწრაფად სიარულს დაიწყებს, დანარჩენი ფარა ბრმად აედევნება უკან. მიიჩნევა, რომ მათ თითქმის არ აქვთ ინდივიდუალური ინსტინქტები და მოტივაციები, მრავალი ადამიანი კი ცხვარს ბოლო ადგილზე დააყენებს ჭკუის ქონის მხრივ. მეორე მხრივ, ცხოველების შემსწავლელი მეცნიერები ცხვარს ღორის, მღრღნელებისა და მაიმუნების შემდეგ აყენებენ. ზოგიერთ ტესტში მათი მაჩვენებლები ადამიანისას უტოლდება კიდეც. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ინტელექტის საკითხში ცხვრებს ფერმის ცხოველებს შორის საშუალო ადგილი უკავიათ. ისინი საკმაოდ ადვილად ითვისებენ სიახლეებს და ეგუებიან სიტუაციის ცვლილებებს, გონებაში ქმნიან საბინადრო არეალის რუკებს და შესაძლოა, მომავლის გეგმებსაც კი აწყობენ. ერთი შეხედვით, ეს ბევრი არაფერია, მაგრამ იმ მოსაზრებას ნამდვილად ეწინააღმდეგება, რომ ცხვარი ერთ-ერთი ყველაზე სულელი ცხოველია.


● ოქროს თევზს დაბალი ამტანობა აქვს.
ყველა მშობელმა იცის, რომ ოქროს თევზი ბავშვებისთვის საუკეთესო საჩუქარია, თუმცა ცნობილია მათი სიფაქიზე – საჭიროა წყლის ხშირი გამოცვლა, ტემპერატურის სწრაფი ცვლილება შეიძლება სასიკვდილო იყოს და ა.შ. თუმცა ვინც ამ არსებას ახლოს იცნობს, კარგად მოეხსენება მისი გამძლეობის შესახებ. ყოფილა შემთხვევა, როცა ოქროს თევზს აკვრიუმიდან ამოხტომის შემდეგ 13 საათი გაუძლია წყლის გარეშე, ან ქვის იატაკზე 7 საათის განმავლობაში იყო. როგორც აღმოჩნდა, ჟანგბადით ღარიბ გარემოში მოხვედრისას მათ შეუძლიათ სხეულში მიმდინარე პროცესები შეანელონ, როგორც დათვები მიეცემიან ხოლმე ზამთრის ძილს, წყალში დაბრუნებისას კი ძველებური რიტმი აღდგება ხოლმე.


● ღორი უჭკუო არსებაა.
ცხადია ცხოველი, რომელიც უმეტეს დროს ტალახში გორაობას უთმობს, მეორე აინშტაინი ვერ იქნება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ღორი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შერქმეულ სახელზე რეაგირება მათ 1 კვირის ასაკშიც კი შეუძლიათ. მკვლევარებმა ღორები შეაჯიბრეს ფეხაუდგმელ ბავშვებს ჯოისტიკით კონტროლირებად ვიდეოთამაშებში, რომლებიც ობიექტის ამოცნობისა და მართვის უნარს მოითხოვდა. ღორები ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდნენ. მათ ასევე გააჩნიათ ე.წ. გონების თეორია – უნარი, მიხვდნენ, თუ რას ფიქრობენ სხვა ცხოველები ან რა სურთ მოცემულ მომენტში. ეს ტალანტი წარსულში მხოლოდ ძაღლებსა და მაიმუნებზე იყო შემჩნეული.


● ძაღლი ზომიერად ჭკვიანია.
ძაღლი რომ ჭკვიანია, ყველამ იცის, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ ეს ცხოველი უფრო სხარტად აზროვნებს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორმა დენიელ პოვინელმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ძაღლები, შიმპანზეები და 3 წლის ბავშვები. რამდენიმე კალათიდან ერთ-ერთში იდო საჭმელი (ოღონდ ისე, რომ სუნი გარეთ არ გამოსულიყო), ექსპერიმენტში მონაწილეთა დავალება კი ამ კალათის ამოცნობა იყო. დენიელი ამისთვის სხვადასხვა სახის მინიშნებებს იყენებდა, ყველაზე აშკარადან ყველაზე სუსტისკენ: კალათზე ხელის გადასმა, თითის გაშვერა, თავის იქითკენ გაწევა და თვალებით მინიშნება. ვინც სიგნალს სწორად მიხვდებოდა, საჭმელი მას რჩებოდა. პროფესორის გასაკვირად შიმპანზეებმა ცუდად გაართვეს ამ საქმეს თავი, არც ბავშვებს ჰქონდათ კარგი შედეგი, თუმცა ცდებისა და შეცდომების შემდეგ მინიშნებებს ალღო აუღეს. ხოლო რაც შეეხება ძაღლებს – მათ აჩვენეს შიმპანზეებზე 4-ჯერ და ბავშვებზე 2-ჯერ უკეთესი შედეგი. ასე რომ დიდი ალბათობით ძაღლი უფრო გაგიგებთ, ვიდრე თქვენი 3 წლის შვილი.


● მამრს რძე არ უჩნდება.
ალბათ ბევრი დედა ინატრებდა, რომ ქმრებს უფრო მეტად შეეძლოთ მათი დახმარება. ამ შემთხვევაში თხები იღბლიანები აღმოჩნდნენ – მამრ თხას შეიძლება ცური გამოეზარდოს და სრულყოფილად შეითავსოს მეძუძური დედის ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ ეს არაა იშვიათი მოვლენა და მსგავსი შემთხვევები მრავლადაა აღწერილი. ხშირად გაოცებულან მეპატრონეები, როცა ჩვეულებრივ თხას, რომელსაც მამრობითი სქესის ორგანოები და მდედრის განაყოფიერების უნარი აქვს, უცებ ცური უჩნდება და რძის გამოყოფას იწყებს. თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია ამ მოვლენის მეცნიერული მიზეზი, თუ რატომ დასჭრიდათ მამრ თხებს ბონუსად ცურის გამოზრდა.


● ნიანგი ზანტია და ქერცლით დაფარული კანი აქვს.
ნიანგი – ბევრის წარმოდგენაში ეს არის ქერცლიანი ცხოველი, რომელიც სწრაფია წყალში და ნელი – ხმელეთზე. მაგრამ ის რაც ქერცლად გვეჩვენება, რეალურად მათი კანია, რომელიც ზრდასთან ერთად სკდება და ბზარები უჩნდება. მეორე შეცდომა ამ მოსაზრებაში ისაა, რომ ნიანგი ხმელეთზე საკმაოდ სწრაფია. მათ შეუძლიათ სირბილისას 15 კმ/სთ განავითარონ. გამომდინარე იქიდან, რომ მსხვერპლს მხოლოდ მას შემდეგ ესხმიან თავს, როცა საკმარისად მიუახლოვდებიან, ეს მაჩვენებელი საკმარისზე მეტია. ბევრმა ადამიანმა ასევე იცის, რომ ნიანგი თავისი საბინადროს ტოპ მტაცებელია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათი საკბილო დიდი ცხოველები ძირითადად ვეგეტარიანელები არიან – წყლის კამეჩი, გარეული ღორი და ა.შ. რა მოხდება, თუკი მასზე არანაკლებ მძვინვარე მტაცებელს შეეჩეხება? დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა მლაშე წყლის ნიანგებს ზვიგენები მოუნადირებიათ. შესაბამისად, ნიანგი უფრო საშიშია, ვიდრე აქამდე გეგონათ.


● ცხოველები სიკვდილს ვერ აღიქვამენ.
ცხადია, ცხოველები უფრთხილდებიან სიცოცხლეს – იცავენ საკუთარ თავს და პატარებს, ბევრი კი სხვა ცხოველებს ხოცავს შვილების გამოსაკვებად. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთ ცხოველსაც შეუძლია „დასაფლავება” და მინი-რიტულებსაც ასრულებს. ბაბუინებს ამ დროს სტრესის ჰორმონების მატება აქვთ (როგორც ადამიანებს), წითელი მელა კი პარტნიორის დასაფლავებაშია შემჩნეული. სპილოები ხშირად ყარაულობენ გვამებს, მიუხედავად იმისა, სიცოცხლეში ახლოს იყვნენ თუ არა. როდესაც დასავლური ჩხიკვი მკვდარი ფრინველის სხეულს პოულობს, ჯერ გამოიკვლევს, შემდეგ კი სხვებს ეძახის ამბის შესატყობინებლად. დაფიქსირებულია შემთხვევები, რომ ასეთ დროს ისინი რამდენიმე დღე საკვებსაც არ იღებენ.


● სექსი ცხოველების მთავარი საქმიანობაა.
სწორედ ასე ფიქრობს უმრავლესობა, განსაკუთრებით ისეთ არსებებთან მიმართებაში, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან და უხვ შთამომავლობას ტოვებენ – თაგვები, კურდღლები დ ა.შ. მაგრამ ისინი საოცრად პოეტურები ხდებიან, როცა საქმე სიყვარულით ტკბობას ეხება. ზოგჯერ ამ პროცესს წინ უძღვის სიმღერის მსგავსი ჟღერადობა, რომელიც შეწყვილების რიტუალის შემადგენელი ნაწილია. კურდღლები სასიგნალო ბგერებს გამოსცემენ, რათა პარტნიორს გააგებინონ, რომ მზად არიან. თაგვები უფრო წინ მიდიან და სიმღერას ასრულებენ. ამ დროს მათი ხმა ულტრაბგერითია (ადამიანი ვერ აღიქვამს), მაგრამ ჩაწერისა და შესაბამის სიხშირეზე გადაყვანის შემდეგ თანმიმდევრული სიმღერის ფორმას იღებს. მამრები მხოლოდ მდედრთა თანდასწრებით მღერიან, ან როცა მათ სურნელს გრძნობენ. ასე რომ თაგვი უფრო მეტია, ვიდრე გარყვნილი სექს-მანქანა.


● თევზებს მოკრძალებული მადა აქვთ.
უმეტეს შემთხვევაში ეს მართლაც ასეა. მდინარეების თევზების უმეტესობა წყლის ზედაპირთან მფრინავ მწერებს იჭერს ან მათი საცხოვრებლის სიახლოვეს ამოსული გემრიელი მცენარეულობით იკვებება. თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგალითად ევროპული ლოქო ოპორტუნისტ ყველაფრისმჭამელებს მიეკუთვნება და ნებისმიერ ცოცხალ არსებას შეიძლება წაატანოს პირი. გარდა მხოხავ-მცოცავი არსებებისა და თევზებისა, მას მტრედის მონადირებაც შეუძლია: წყლის დასალევად მისულ მტრედთან მშვიდად მიცურავს, შემდეგ წყლიდან ხტება და ფრთას ან ფეხს აგლეჯს. თუ პირის წავლება მოახერხა, წყალში ათრევს და ახრჩობს, რომ შემდეგ მშვიდად შეექცეს. მტაცებელ თევზებს მიეკუთვნება ასევე გველგესლა, თინუსი, პირანია, ზვიგენი და ა.შ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button