ისტორიაუცნაურიფაქტებიყველაზე

ყველაზე სამარცხვინო მომენტები აშშ-ის ისტორიაში

დღესდღეობით ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებთათვის, აშშ ასოცირდება დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან, თანასწორობასთან, მასში ხედავენ აგრესორისგან თავის დაცვის საშუალებას, უყვართ ჰოლივუდი, მაკდონალდსი და ველური დასავლეთი. თუმცა თუკი ამ ზესახელმწიფოს ისტორიაში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არც ისე ცოტაა არაჰუმანური და ამაზრზენი შემთხვევები, რომლებიც მის მიერ გავრცელებულ ღირებულებებს ნამდვილად არ ესადაგება.


● „მაიმუნების” სასამართლო პროცესი
მრავალ საიტზეა განთავსებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი სულელური კანონები და განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის აშშ-ის შტატები იწვევს, თუმცა ეს შემთხვევა სასაცილოზე მეტად დამაფიქრებელი და სახელის გამტეხია ამ უზარმაზარი ქვეყნისთვის. „მაიმუნების” პროცესი ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ამერიკული სასამართლოს მარცხისა. ამ ყველაფრის მიზეზი კი იყო ტენესის შტატში შემოღებული კანონი, რომელიც კრძალავდა ევოლუციის თეორიის სწავლებას სახელმწიფო სკოლებში. მაშინ მხოლოდ კრეაციონიზმი იყო მიღებული და მასწავლებელი ჯონ სკოუპსი აღმოჩნდა ის გაბედული ადამიანი, რომელმაც 1925 წელს დაარღვია კანონი, რათა თავად ეს კანონი აღმოჩენილიყო განხილვის საგანი და სიტუაცია შეცვლილიყო. ჯონი მალე მთელი ამერიკელი ერის ყურადღების ცენტრში მოექცა, ზოგი მხარს უჭერდა, ზოგიც ეწინააღმდეგებოდა. მისი ადვოკატი იყო კლერენს დეროუ – აღიარებული ათეისტი. თავის დროზე ის ღიად უპირისპირდებოდა უილიამ ბრაიანს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი სამჯერ გახდა და ამასთან ფუნდამენტალისტი ქრისტიანი გახლდათ.

მოსამართლედ დაინიშნა ჯონ როლსტონი, ძლიერ კონსერვატორი ქრისტიანი, რომელიც ხშირად იშველიებდა ბიბლიის ფრაზებს და პროცესისას აკრძალა სამეცნიერო გამოკვლევების განხილვა. არანაირი ნამარხები, ქანები ან რაიმე სახის მეცნიერული მტკიცებულება. დინოზავრები 4000 წლის წინ ცხოვრობდნენ, რადგან უილიამ ბრაინმა ასე განაცხადა. ღმერთმა დედამიწა შექმნა ქრისტეს შობამდე 4004 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს 7:30 სთ-ზე. ადვოკატმა დეროუმ სთხოვა ბრაიანს, დამდგარიყო ბიბლიის დამცველად და ექსპერტად. ბრაიანმა იცოდა, რაც ელოდა, თუმცა მაინც დათანხმდა. მაშინ დეროუმ პირველ ადამიანებსა და ევას ადამის ნეკნისგან შექმნაზე დაუსვა კითხვა: „თუკი ეს ასეა, საიდან მოვიდა კაენის ცოლი? ამ შემთხვევისთვის ცალკე შესაქმე განხორციელდა?”

ამის შემდეგ დედამიწის შექმნის თარიღის განხილვა დაიწყო. „რა ხანგრძლივობის იყო პირველი დღე? დღეს ვერ გაზომავ მზის სინათლის გარეშე, ღმერთმა კი მნათობები მეოთხე დღეს შექმნა.” მოსამართლე როლსტონმა ამ დავის გაგრძელება 2 საათით დაუშვა. დეროუ ცდილობდა აეხსნა, რომ ბიბლიური ვერსია წინააღმდეგობაშია მეცნიერებასთან და ამიტომ ის არ უნდა ისწავლებოდეს, როგორც უტყუარი მეცნიერული წყარო. საბოლოოდ სკოუპსი სასამართლო პროცესში დამარცხდა, თუმცა ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ადამიანთა უმეტესობა სწორედ ასეთ განაჩენს ელოდა ტენესის შტატისგან. დეროუმ მიმართა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც საქმე მხოლოდ ფორმალურად განიხილა და მის რეალურ არსს ყურადღება არ მიაქცია. როლსტონს სკოუპსისთვის მისჯილი ჰქონდა 100 დოლარის გადახდა ჯარიმის სახით, მაგრამ ეს იყო მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ნაფიცი მსაჯულების გარეშე. ამიტომ ეს ჯარიმა გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ევოლუციის თეორიის სწავლების აკრძალვა 1967 წლის 13 მაისამდე იყო ძალაში.


● ღირსების მედლები ვუნდედ ლის ინციდენტისთვის
1890 წლის 29 დეკემბერს ვუნდედ ნის (Wounded Knee – დაჭრილი მუხლი) ტერიტორიაზე, სამხრეთ დაკოტაში, აშშ-ის მე-7 კავალერიის 500 კაციანი რაზმი, რომელსაც პოლკოვნიკი ჯეიმს ფორსიტი ხელმძღვანელობდა, გარს შემოერტყა ინდიელთა ბანაკს, სადაც 350 ადამიანი იმყოფებოდა. მათ მიღებული ჰქონდათ ბრძანება, მოეხდინათ ინდიელთა გაუვნებელყოფა და იარაღის ჩამორთმევა, მაგრამ როცა ეს სცადეს, ყრუ ინდიელი სახელად „შავი კოიოტი” ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, ამიტომ უარი თქვა შაშხანის ჩაბარებაზე, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა და კავალერიას ამის უფლება არ ჰქონდა.

ამას მოჰყვა მუშტი-კრივი მასსა და 2-3 ჯარისკაცს შორის, მალევე გასროლის ხმაც გაისმა, თუმცა დაუდგენელია, შემთხვევით თუ გამიზნულად, რომ შავი კოიოტი დაეწყნარებინათ. ამის საპასუხოდ მე-7 კავალერიამ ცეცხლი გახსნა, რადგან ჩათვალეს, რომ ინდიელებს მტრული განზრახვა ჰქონდათ. 120-ზე მეტი ინდიელი შეიარაღებული იყო, თუმცა მათ დანებება ჰქონდათ განზრახული. მაგრამ იმ მომენტში იძულებულნი გახდნენ, საკუთარი თავები და ოჯახები დაეცვათ და საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ჯარისკაცებს.

ჯარისკაცებმა უმოწყალოდ ამოხოცეს მინიმუმ 150 კაცი, ქალი და ბავშვი, ამასთან ბოლო ორი კატეგორია დაუცველი იყო და თავის გადასარჩენად გარბოდნენ ან იმალებოდნენ. საპასუხო ცეცხლმა 30 ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. რაზმის მხრიდან გამოყენებული იყო ტყვიამფრქვევებიც. ცხენზე ამხედრებული ჯარისკაცები თოვლიან დაბლობზე მისდევდნენ დაჭრილ ინდიელებს და ზურგში ესროდნენ.

გარდა იმისა, რომ მთელი ეს ქმედება სამარცხვინო იყო და ჯარისკაცებმა სრული შეუბრალებლობა გამოიჩინეს დაჭრილი, დაუცველი და პატარა ინდიელების მიმართ, მომდევნო ქმედება არანაკლებ აღმაშფოთებელია: არმიის 20 წევრი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ამერიკელი სამხედრო პირისთვის ეს არის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის შეიძლება მიიღოს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ამ მედლის მიღების კრიტერიუმები გაამკაცრეს, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს ზემოთხსენებულ აქტს და იმას, რომ უდანაშაულო ადამიანთა დახოცვის გამო ჯარისკაცები ჯილდოთი წაახალისეს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბრძოლის მომენტში ჯარისკაცები სერიოზული საფრთხის წინაშე არ იმყოფებოდნენ. შეიარაღებულ ინდიელთა ნახევარი მანამდე დახოცეს, ვიდრე იარაღის მომზადებას მოასწრებდნენ. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ამ მოვლენაში ნამდვილად არ გამოუჩენიათ რაიმე სახის მამაცობა და ეს ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა უფრო იყო.


● სამოქალაქო ომი
ამ მოვლენის დაწყებას რამდენიმე მიზეზი უძღოდა წინ. აშშ-ის VI პრეზიდენტი ჯონ ქუინსი ადამსი მას ამერიკული რევოლუციის ბოლო ბრძოლას უწოდებდა და მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომის დაწყებამდე 12 წლით ადრე გარდაიცვალა, იცოდა, რომ მოხდებოდა. ეს ყველამ იცოდა და ელოდნენ კიდეც.

რასობრივი ნიშნით აღმატებულობის ან დაკნინების გამო არსებული დაძაბულობები მხოლოდ და მხოლოდ იზრდებოდა და პრობლემის გადაწყვეტის მომენტს ელოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო წყობილება ემსახურებოდა „იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად”, თუმცა ამ წესში, ცხადია, არ შედიოდნენ შავკანიანები, ინდიელები და ქალები. სრულუფლებიანი ცხოვრება მხოლოდ თეთრკანიან მამაკაცებს ჰქონდათ. აშშ-ის მე-3 პრეზიდენტს ტომას ჯეფერსონს შეგნებული ჰქონდა, რომ მონობა არასწორია, მაგრამ საკუთარი მონა სიკვდილამდე ტყვეობაში ჰყავდა.

სამხრეთის შტატებში უამრავი მდიდარი თეთრკანიანი მემამულე იყო და ისინი უარს ამბობდნენ ბრძოლის გარეშე ამ „პატივსაცემი წეს-ჩვეულების” მიტოვებაზე, შესაბამისად, რადგან სხვა გზა არ დარჩა, ბრძოლა დაიწყო. ამ პერიოდში გამორჩეული და ღირსეული ადამიანი იყო პოლიტიკოსი და კენტუკის შტატის წარმომადგენელი ჰენრი კლეი. 1850 წლის კომპრომისის გამოცემით მან სამოქალაქო ომი 10 წლით გადადო, მოაგვარა რა ტერიტორიული უთანხმოებების ნაწილი და მონებით ვაჭრობა აკრძალა ვაშინგტონში, მოგვიანებით კი თავისი მონები გაათავისუფლა. ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ მისისიპის სენატორმა ჰენრი ფუტმა განაცხადა: „აშშ-ის კონგრესში ერთი ასეთი ადამიანი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო ომი არ მოხდებოდა.”

რადგანაც უკან დახევაზე ყველამ უარი განაცხადა, დაიწყო ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის. სამხრეთის 11 შტატი აშშ-ს გამოეყო და „ამერიკის შტატების კონფედერაცია” ჩამოაყალიბა. პოლიტიკოს ჯეფერსონ დევისის მეთაურობით ეს შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელური შტატი. შედეგად დაიღუპა 600 000 ამერიკელი, რაც იმდროინდელი მოსახლეობის 2%-ს შეადგენდა. იგივე მასშტაბების ომი დღეს რომ განხორციელდეს, 6 მილიონზე მეტ ამერიკელს შეიწირავს. მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა რაოდენობა კი 416 000-ს შეადგენს.


● ორგანიზებული დანაშაული
ცეცხლსასროლი იარაღების ტექნოლოგიის განვითარებას თავისთავად მოჰყვა დანაშაულის ზრდა და მიიღო ორგანიზებული სახე. რეკონსტრუქციის ეპოქიდან 1960-იან წლებამდე კრიმინალები ფლობდნენ ზუსტად იმ იარაღებს, რასაც პოლიცია. დღესდღეობით კი სრულად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, ფლობა ან გამოყენება აშშ-ის მოქალაქეს ეკრძალება.

განსხვავებული სიტუაცია იყო მძვინვარე 20-იან წლებში, როცა ყველა ადამიანს შეეძლო, მაღაზიაში შესულიყო და ნებისმიერი იარაღი ეყიდა. სწორედ ასე იქცეოდნენ განგსტერებიც. ყველაზე პოპულარული იყო 1919 წელს შექმნილი ტომპსონის ფირმის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მას მოჰყვებოდა 1917 წლის ბრაუნინგის ავტომატური შაშხანა M1918. ამ ორ მოდელს ფლობდნენ პოლიციელებიც და კრიმინალებიც, სამართალდამცავების მოქმედების სისტემა კი საოცრად არაადეკვატური იყო.

არავინ იცოდა კრიმინალების ადგილმდებარეობის შესახებ, სანამ ბანკს არ გაძარცვავდნენ და გაიქცეოდნენ ხოლმე. მათ პოლიცია ედევნებოდა და ცეცხლის გახსნა ხშირად პირდაპირ ქუჩაში ხდებოდა, რასაც უდანაშაულო გამვლელები ეწირებოდნენ. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნელ-ნელა მოიპოვა ტექნოლოგიური უპირატესობა, დამნაშავეები დამალვასა და ჩუმად მოქმედებაზე უფრო დიდ აქცენტს აკეთებდნენ, ვიდრე ძალის გამოყენებაზე. FBI-ს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც მათი მიგნება იყო.

სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როცა ცნობილი განგსტერი ჯონ გოტი დააკავეს და ნიუ-იორკის განგსტერული კლანების დაშლა დაიწყო. მაგრამ ორგანიზებული დანაშაული აშშ-ში ჯერ კიდევ მძლავრობს, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთში, სადაც მექსიკელი ნარკობარონები იპყრობენ ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა სან-დიეგო და ლოს-ანჯელესი. მათ ისევ იგივე იარაღები აქვთ: სრულად ავტომატური შაშხანები და რაკეტის სატყორცნი დანადგარები, ნგრევის მოწყობილობები და ძლიერი ზიზღი ამერიკული კანონების მიმართ.


● პრესტონ ბრუკსის იერიში ჩარლზ სამნერზე
1856 წლის 22 მაისს სამხრეთ კაროლინელი დემოკრატი კონგრესმენი პრესტონ ბრუკსი დაუპირისპირდა კონგრესში სიტყვით გამოსულ მასაჩუსეტსელ რადიკალ რესპუბლიკელს ჩარლზ სამნერს. სამნერს განცხადება 3 დღით ადრე ჰქონდა მომზადებული და მასში აკრიტიკებდა ბრუკსის ბიძაშვილს, სამხრეთ კაროლინელ დემოკრატს ენდრიუ ბატლერს.

ბრუკსი ორჯერ დაფიქრდა მოქმედებამდე და რჩევას დაეკითხა ლოურენს კაიტს, თუ როგორ შეიძლებოდა, სამნერთან დუელი გაემართა. მაშინ ეს კანონით იკრძალებოდა, თუმცა იშვიათად აჩერებდა მოქიშპეებს, გამგზავრებულიყვნენ ნიაგარას ჩანჩქერების კანადურ მხარეს და იქ ებრძოლათ. კაიტი ზორბა კაცი იყო, 185 სმ-მდე სიმაღლის და თვლიდა, რომ სამნერი არ იმსახურებდა დუელში მონაწილეობას, რადგან ეს ღირსეული მამაკაცების საქმე იყო.

ამის შემდეგ ბრუკსმა გადაწყვიტა, უბრალოდ ეცემა სამნერი თავისი სასიარულო ჯოხით. მაშინ სასიარულო ჯოხს თითქმის ყველა იყენებდა და ბევრს შიგნით ხმალი ან მუშკეტი ჰქონდა ჩამალული. ბრუკსისა უბრალოდ ჯოხი იყო, დაახლოებით 2.5 სმ სისქის, დამზადებული სამხრეთ-აღმოსავლურ აზიური გუტაპერჩის ხის მაგარი მერქნისგან, ზედა ნაწილი კი 10 ან 14 კარატიანი ოქროთი დაფარული.

სამნერის სიმაღლე დაახლოებით 193 სმ იყო, ბრუკსისა – 167 სმ, მაგრამ სამნერი თავის მერხთან იჯდა და მომდევნო გამოსვლის ტექსტზე მუშაობდა. ისევე როგორც ახლა, მერხები მაშინაც იატაკზე იყო მიჭედებული, ხოლო სკამებს გორგოლაჭები არ ჰქონდა. ბრუკსმა სამნერს მიუგო, რომ მისი წინა გამოსვლა წარმოადგენდა ცილისწამებებს მისი ბიძაშვილის წინააღმდეგ და ამის შემდეგ მთელი ძალით თავისი ჯოხის თავში რტყმა დაუწყო.

სამნერმა აგრესორის მოშორება სცადა, მაგრამ მერხი ხელს უშლიდა და ნორმალური მოძრაობის უნარს ართმევდა. ბრუკსი ისე ძლიერად ურტყამდა, რომ სამნერმა მერხი ამოგლიჯა, რათა თავი დაეღწია მისგან. შემდეგ ბარბაცით გაუყვა გზას, თავიდან კი უხვად ჩქეფდა სისხლი, რამაც მხედველობაში შეუშალა ხელი და მალე ძირს დაენარცხა. ამ დროის განმავლობაში ბრუკსი უკან მიჰყვებოდა და არ ეშვებოდა, ძირს დავარდნილსაც ისევ ურტყამდა, სანამ სხვა სენატორებმა არ გაიგეს ხმაური და ოთახში შეცვივდნენ. ამდენი რტყმისგან ჯოხი გადატეხილიყო.

სამნერი უგონოდ ეგდო და მის გარშემო სისხლის გუბე იდგა. ვერავინ ბედავდა მიახლოებას, რადგან ბრუკსი თავზე ადგა და რევოლვერით ემუქრებოდა ყველას. სამნერს დიდი ხანი დასჭირდა გამოკეთებისთვის და 3 წელი ვერ შეძლო პოსტზე დაბრუნება, ქრონიკული ტკივილი კი სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა. აშშ-ის სამხრეთ ნაწილში თითქმის ყველა აღფრთოვანებული იყო ბრუკსის საქციელით და გამართლებულად თვლიდა ამას, სამაგიეროდ დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და ეზიზღებოდათ სამნერი მისი კარიერის მიწურულამდე. სამხრეთიდან ბრუკსს 1000-ზე მეტი ახალი ჯოხი გამოუგზავნეს, თუმცა ეს უკანასკნელი მალე გადადგა პოსტიდან თავისი ნებით და განაცხადა, რომ მკვლელობა არ ჰქონია განზრახული, რადგან ამ შემთხვევაში სხვა იარაღს გამოიყენებდა.

ჩრდილოეთმა ბრუკსი გააკრიტიკა, ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო მასაჩუსეტსელი რესპუბლიკელი ანსონ ბერლინგეიმი. მისი გამოსვლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრუკსმა დუელში გამოიწვია. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეგონა, უარს მიიღებდა, თუმცა შეცდა და ანსონმა იარაღიც კი შესთავაზა – კენტუკის გრძელი შაშხანები. რადგანაც ბერლინგეიმი ერთ-ერთი საუკეთესო მონადირე იყო ჩრდილოეთში, ბრუკსმა სწრაფად დაიხია უკან. შემდეგ წლებში მას ბრონქიტი დაემართა და საბოლოოდ დაავადების შეტევების სერიამ იმსხვერპლა.


● რასიზმი
ეს საკითხი აქტუალური იყო რეკონსტრუქციის ეპოქიდან 1970 წლამდე. განსაკუთრებით გამორჩეული პერიოდი გახლდათ 1960-იანი წლები და მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლები, თუმცა ამერიკელი პოლიტიკოსები თეთრკანიანი და შავკანიანი ადამიანების თანასწორობის საკითხს თითქმის ქვეყნის დაარსებიდანვე განიხილავდნენ.

„ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი…შემოქმედისგან მინიჭებული აქვთ უფლებები, რომელთა დარღვევა დაუშვებელია” – ეს პირობა არ ქადაგებდა დისკრიმინაციას და არ ჩაგრავდა ინდიელებს, შავკანიანებსა და აზიელებს. თუმცა ქვეყანაში არსებული რეალობა მკვეთრად განსხვავებული იყო და ამის დაიგნორება შეუძლებელი გახლდათ. რასობრივი ნიშნით დაპირისპირებები ხშირად იჩენდა თავს, არც ისე ცოტაა სიძულვილისა და სამარცხვინო ქმედებების მაგალითები. სწორედ ასე იქცეოდა უმრავლესობა, სანამ სამოქალაქო ომი არ მოხდა და მთავრობის შეცვლა გახდა საჭირო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალი წყობილება დამყარდა, შავკანიანებს მიეცათ ხმის მიცემისა და სერიოზული პოსტების დაკავების უფლება, რასისტული აზროვნება მაინც დიდხანს მძლავრობდა.

რეკონტრუქციის ერიდან 1970-იან წლებამდე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შავკანიანებს საშინელ დღეში აგდებდნენ თეთრკანიანთა ბრბოები. ჩამოყალიბდა კუ-კლუქს-კლანი, რათა „დაეცვათ თეთრკანიანების უფლებები”, როგორც ორგანიზაციის წევრები ირწმუნებოდნენ. რეალურად კი ეს იყო საშუალება, თავისუფლად გამოევლინათ თავიანთი რასისტული ზიზღი. ისინი იკრიბებოდნენ, იჭერდნენ შავკანიანებს, რომლებსაც კანონი ოდნავ მაინც ჰქონდათ დარღვეული (ან საერთოდ არ ჰქონდათ და ცილს სწამებდნენ), შემდეგ სცემდნენ, აწამებდნენ და ლინჩის წესით უსწორდებოდნენ. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თავად ასეთი ქმედება გაცილებით მძიმე სახის დანაშაული იყო. ყველაზე უარესი ისაა, რომ თანამდებობის პირები – ვისაც შეეძლო ამის შეჩერება – საერთოდ არ იწუხებდნენ თავს. რასიზმის გამოვლინების ნებისმიერი მაგალითი შემაძრწუნებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ავიღოთ ვილი ბრაუნის ისტორია:

მას ბრალი დასდეს 19 წლის თეთრკანიანი გოგონას გაუპატიურებაში, რადგან დაზარალებულმა განაცხადა, რომ ამოიცნო დამნაშავე. 1919 წლის 26 სექტემბერს პოლიციამ ვილი დააკავა, როგორც ეჭვმიტანილი. მალე მთელი ქალაქი აჯანყებებმა მოიცვა. 4000 ქალის, კაცისა და ბავშვისგან შემდგარი ბრბო ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰას ქუჩებს მოედო. მათ ალყა შემოარტყეს სასამართლო დარბაზს, სადაც ბრაუნი, ქალაქის მერი და პოლიცია იმყოფებოდა, გაძარცვეს იარაღის მაღაზიები და დაიტაცეს 1000-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი, შემდეგ კი სასამართლო შენობის ფანჯრებს ცეცხლი გაუხსნეს.

შენობას ცეცხლი მოედო, ბრბო ბრაუნის გადმოცემას ითხოვდა. მერი რამდენიმე საათი იმყოფებოდა კვამლში, შემდეგ შეძლო გამოძრომა და ბრბოს განუცხადა: „თუკი ვინმეს ჩამოახრჩობთ, მაშინ ეს მე ვიქნები!” ხალხი მაშინვე ეცა მას, ერთმა ბეისბოლის ჯოხი შემოარტყა თავში, მეორემ კისერზე თოკი შემოახვია და მიწაზე თრევა დაუწყეს. შერიფი და მისი მოადგილეები მანქანებით პირდაპირ ბრბოში შეიჭრნენ, რამდენიმეს ხელი და ფეხი მოსტეხეს, მაიორს თოკი მოხსნეს და საავადმყოფოში გააქანეს. მისი გადარჩენა მოხერხდა.

სასამართლოს დაცვამ საბოლოოდ ბრაუნი ჩააბარა ხალხს, მათ კი ეჭვმიტანილი თოკზე დაკიდეს და ასე იყო 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაჭრეს, თოკი მანქანის ბორბალზე მიაბეს და მთელ ქალაქში ათრიეს, ბოლოს კი ლამპიდან ნავთი დაასხეს და ცეცხლი მოუკიდეს. პერიოდულად ამ ყველაფერს სურათებს უღებდნენ. ამის შემდეგ ლინჩის მსხვერპლი ისევ ქუჩებში ათრიეს. გაუპატიურების მსხვერპლმა გოგონამ კი მოგვიანებით მეგობრებთან აღიარა, რომ მას უბრალოდ შავკანიანი ადამიანის მკვლელობის ხილვა სურდა.


● კუდიანებზე ნადირობა
1691-92 წლების ზამთარში, მასაჩუსეტსის ქალაქ სალემში 4 გოგონას შეტევები დაეწყო, გულგამგმირავად ყვროდნენ, გაუგებრად ლაპარაკობდნენ და დაეწყოთ ზოგადი შიში და აგრესია სხვა ადამიანების მიმართ. ეს გოგონები იყვნენ 12 წლის ანა პუტნამი, 11 წლის აბიგაილ უილიამსი, 9 წლის ელიზაბეტ პარისი და 17 წლის მერი უოლკოტი.

ამჟამად ბევრი მკვლევარის მიერ მიჩნეულია, რომ ელიზაბეტსა და აბიგაილს, რომლებმაც ეს სიგიჟე წამოიწყეს, უბრალოდ ყურადღების მიქცევა სურდათ. მაგრამ როგორც კი ბრალი დაედოთ ეშმაკისგან შეპყრობაში ანუ დანაშაულში, რომლისთვისაც სიკვდილით სჯიდნენ, გოგონებმა მაშინვე დაადეს ხელი უამრავ ადამიანს მთელი სალემის მასშტაბით, ზოგჯერ მეზობელ ქალაქებსაც კი გადასწვდნენ და სხვადასხვა ადამიანებს აბრალებდნენ, რომ მათ მიერ იყვნენ სულით შეპყრობილნი და მათი ჯადოქრობისა და ეშმაკთან კავშირის გამო დაემართათ ასეთი რამ.

სალემი შიშმა მოიცვა, ყველას ეშმაკი ელანდებოდა და დაძაბული სიტუაცია ბომბის აფეთქების წინა პერიოდს ჰგავდა. საბოლოოდ ეჭვმიტანილები შეიპყრეს და 19 ადამიანი სახალხოდ ჩამოახრჩვეს ჯადოქრობის ბრალდებით, ხოლო 1 მამაკაცი, 80 წლის ჯაილს კორი, მძიმე ქვებით გაჭყლიტეს, რადგან ის თავს არიდებდა კითხვას, იყო თუ არა დამნაშავე. ადგილობრივმა მოსამართლეებმა ასევე ბრალი წაუყენეს 4 წლის გოგონას დოროთი გუდს და აგრესიულად უსვამდნენ კითხვებს იმის გასარკვევად, იყო თუ არა კუდიანი.

დოროთის, ცხადია, წარმოდგენა არ ჰქონდა, რაში იყო საქმე და წესიერად არც ის იცოდა, ჯადოქრობა ან სატანასთან კავშირი რას ნიშნავდა, ამიტომ მხოლოდ იმას ცდილობდა, დედასთან ყოფილიყო. თუმცა ამ უკანასკნელმა შვილი მიატოვა, რათა საკუთარი თავი გადაერჩინა. მოსამართლეებმა გოგონას უთხრეს, რომ თუკი ჯადოქრობაში გამოტყდებოდა, თავს დაანებებდნენ და ისევ დედასთან დააბრუნებდნენ, რაც მან ცხადია, შეასრულა. „დამნაშავე” ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დოროთის თავს დამტყდარი უბედურების გამო ფსიქიკა შეერყა.

მასობრივი ისტერია მანამ არ შეწყდა, სანამ მმართველ ჯორჯ ფიპსს, რომელმაც იცოდა, რომ ხალხი იხოცებოდა, არ შეატყობინეს, რომ კუდიანობაში მის ცოლსაც დასდეს ბრალი. ჯორჯმა დაუყოვნებლივ გამოსცა ბრძანება, ეს ფარსი შეეწყვიტათ.

მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყეს სასამართლო პროცესებში მონაწილე ან გარეულმა პირებმა ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა იმისთვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები სასიკვდილოდ გაწირეს. აქ გამონაკლისი აღმოჩნდა ერთ-ერთი მოსამართლე ჯონ ჰატორნი. ის ჯერ კიდევ კიცხავდა გასამართლებულ „ჯადოქრებს” და მათი დასჯის გახსენებაზე მხიარულობდა, სიცოცხლის ბოლომდე ოდნავადაც არ ჰქონია სინანულის გრძნობა, არც იმაზე, რომ ციხეში მოხვედრილი ქალები ჯანმრთელობის გაუარესების გამო იტანჯებოდნენ, რასაც შიმშილი და სიბინძურე ემატებოდა. ჰატორნი მიიჩნევდა, რომ ბავშვები „სამართლიანად დასაჯა ყოვლისშემძლემ. ისინი არ იყვნენ ადამიანები, არამედ სატანის ნაშიერები და საუკუნო ცეცხლში დაიწვებიან.” აბიგაილ უილიამსი გაუჩინარდა, ზოგიერთი ცნობით, ნიუ-იორკს მიაშურა და მეძავი გახდა.


● მონობა
მართალია, მონობა დასრულდა, მაგრამ ის აღშფოთება, რასაც შავკანიანები სამართლიანად განიცდიდნენ თეთრკანიანთა მიმართ, ჯერაც არ გამქრალა. აშშ ევროპელებმა დააარსეს და საყოველთაო თანასწორობას ქადაგებდნენ, მაგრამ იმავე დროს მონები გადმოჰყავდათ აფრიკიდან, რათა თავიანთი ქონება გაეზარდათ.

მონები მალე იქცნენ მდიდარი ადამიანების სტატუსის სიმბოლოდ, ისევე როგორც ნებისმიერი სახის სიმდიდრე ან საკუთრება. რაც მეტი მონა გყავდა, მით უფრო მდიდარი და პატივსაცემი იყავი. მონების აუქციონზე ოჯახის წევრებს ჰყოფდნენ და სხვადასხვა ბატონებთან ანაწილებდნენ, შედეგად ისინი ვეღარასდროს ნახულობდნენ ერთმანეთს. მონებს ისევე ეპყრობოდნენ, როგორც შინაურ საქონელს. რეკონსტრუქციის ეპოქიდან მონობის დასასრულამდე თეთრკანიანები თავიანთ ქმედებას ბიბლიური მუხლით ამართლებდნენ: „განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!” [დაბ. 9:27]. ქანაანი ქამის შვილი იყო და ეს მუხლი ცნობილ ქამის წყევლას წარმოადგენს.

ქამის სახელი წარმოდგება მსგავსი სიტყვისგან, რომელიც „მუქს” ან „ყავისფერს” ნიშნავს. ამით ხსნიდნენ ჯერ კიდევ ძვ. წ.-ით პირველ საუკუნეში იმ საკითხს, რომ ზოგ ადამიანს შავი კანი ჰქონდა და ზოგს – ღია. ამ ვერსიით, აფრიკელი ადამიანები დაწყევლილი პერსონაჟის შთამომავლებად ითვლებოდნენ. გასაკვირი არაა, რატომ არ გამოითქმებოდა პრეტენზიები მონობის ინსტიტუტის მიმართ – გაუნათლებელი თეთრკანიანი ამერიკელები ასკვნიდნენ, რომ შავკანიანებს ღმერთმა მიუსაჯა მსახურად ყოფნა. ბატონები კი ცხადია, თავად უნდა ყოფილიყვნენ.


● ინდიელებისგან მიწების მიტაცება
ეს მოვლენა ერთ-ერთი შთაგონება იყო ჰიტლერისთვის, მოეწყო ჰოლოკოსტი. სწორი მოქმედების პრინციპი შემდეგია: დასაწყისში არ იყენებ ძალას. შემდეგ თავს აჩვენებ, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებ იმ ხალხთან, რომლის ჩამოშორებაც გსურს. შემდეგ შეთანხმებას დაარღვევ, ოღონდ ისე, რომ აშკარად არ გამოჩნდეს. ხალხი დაბნეულია, ვერ ხვდება ჭეშმარიტ მიზანს, საბოლოოდ კი რეალობის გააზრებისას შენი შეჩერება ძალიან გვიანია.

საკუთარი ხალხი რომ დააშოშმინო, რათა არ აჯანყდნენ, მათ დროდადრო, წლების განმავლობაში აწვეთებ აზრს, რომ ის ერი, რომლის მიწასაც და საკუთრებასაც ითვისებ, პრიმიტიული და სასტიკია, რომ სინამდვილეში არანაირ ზიანს არ აყენებ მათ. ჰოლოკოსტი ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, სადაც ეს ტაქტიკა განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობა არ ახორციელებდა ისეთ მკვეთრ დევნას ინდიელებზე, როგორიც გერმანიის მიერ ჰოლოკოსტის პერიოდში ხდებოდა, საუკუნეების მანძილზე ქვეყანაში მოქმედებდა ამ ძირძველი ერის საზღვრების შევიწროების პრინციპი, სანამ ოკეანემდე არ მივიდნენ. არ ანაღვლებდათ ის, რომ მათი გაფართოება სხვების შევიწროების ხარჯზე ხდებოდა.

ყველაზე ცნობილი მაგალითი ამ ქმედებების სერიაში არის პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის მიერ 1830 წელს შემოღებული ინდიელთა გადაადგილების აქტი. მისისიპის, ალაბამას, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინასა და ფლორიდის შტატებში მცხოვრები ჩოკტოს, კრიკის, ჩეროკის, სემინოლისა და ჩიკასოს ტომის წევრები თავიანთი საბინადროდან გადაასახლეს დღევანდელი ოკლაჰომას ტერიტორიაზე. ვერც პრეზიდენტი და ვერც იმდროინდელი სხვა თეთრკანიანები ვერ იგებდნენ, თუ რატომ არ სურდათ ინდიელებს მშობლიური მიწის მიტოვება. ზოგიერთი ნებით გაემგზავრა, უმეტესობას კი ძალის გამოყენებით აიძულეს წასვლა, თანაც ფეხით.

ინდიელთა გადაადგილების აქტი კონგრესმა ერთი მოსმენით დაამტკიცა. თუმცა მის შემოღებას ეწინააღმდეგებოდა აბრაამ ლინკოლნი, ასევე დევიდ კროკეტი, რომელიც ცდილობდა იმის ახსნას, რომ ამერიკას არ ჰქონდა უფლება, მიესაკუთრებინა ინდიელთა მიწები, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთს – ამერიკასთან მიმართებაში.

აქტის დამტკიცების შემდეგ 7000 შეიარაღებული პოლიციელი გაემზადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოეყენებინათ და ასე ეიძულებინათ ინდიელები, დამორჩილებოდნენ მათ კანონს. ჩეროკის ტომის 13 000 წევრი დაანაწილეს ბანაკებში, სადაც საშინელი სიცივე იყო და 2000-დან 8000-მდე ადამიანი შეიწირა ქოლერამ, შიმშილმა და ჰიპოთერმიამ. ეს გრძელდებოდა 1831-დან 1847 წლამდე.

19 500 ადამიანი კრიკის ტომიდან, 4300 ჩიკასოდან, 12 500 ჩოკტოდან, 2833 სემინოლიდან და 20 000 ჩეროკიდან ფეხით გაეშურა ოკლაჰომასკენ. გასავლელი მანძილი 300 კმ იყო ჩიკასოსა და ჩოკტოს ტომის ინდიელებისთვის, მაგრამ 1600 კმ – სემინოლისთვის. ათასობით ადამიანი დაიღუპა გზაში, მთლიანად ინდიელთა დევნის პერიოდში კი – ასობით ათასი. თეთრკანიანი პოლიტიკოსების მიერ ეს მოვლენა „ბედისწერად” შეირაცხა. არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ მოუხდია ბოდიში ინდიელთა გადაადგილების აქტის გამო. ამჟამად მას „ცრემლების კვალი” ეწოდება და ნათელი მაგალითია იმ მრავალი შემთხვევიდან, როცა აშშ-ის მთავრობის მიერ ინდიელთა გამიზნული დევნა, შევიწროება და განადგურება ხდებოდა.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button