ხელოვნება

ლეონარდო და ვინჩი – მოგვთა თაყვანისცემა

ლეონარდო და ვინჩი – “მოგვთა თაყვანისცემა” (1481-1482)

1670 წლიდან ინახება უფიცის გალერეაში (ფლორენცია)

ლეონარდოს მამა, პიეტრო ვინჩი, მეორე მუუღლის გარდაცვალების შემდეგ მესამედ დაქორწინდა. ლეონარდოს ურთიერთობა ახალ დედინაცვალთან ვერ აეწყო. დედინაცვალი, სრულიად სამართლიანად, თვლიდა, რომ ოცდაექვსი წლის კაცს თავად უნდა გამოემუშავებინა საარსებო სახსრები და არა მამისათვის ეთხოვა დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო ნიჭიერ მხატვრად ითვლებოდა ფლორენციაში, შეკვეთებს ნაკლებად ღებულოდა. იგი არც ეძებდა შეკეთებს და მათ საკუთარი ფანტასტიური პროექტებით დაკავებას ამჯობინებდა. ასეთი ექსცენტრიკული გამოხდომების შედეგად კლიენტები გაურბოდნენ მას. მამამის ამგვარი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა.

1481 წლის მარტში სკოპეტოს (ფლორენციის მახლობლად, პორტა სან პიერო გატოლინოს ახლოს, ახლ. პორტა რომანა) სან-დონატოს მონასტრის ავგუსტინელმა ბერებმა თხოვნით მიმართეს ამავე მონასტრის ნოტარიუსს, პიეტრო ვინჩის, მოეძებნა მხატვარი, რომელიც თავიანთი ეკლესიის მთავარ საკურთხეველს მოხატავდა. პიეტრომ საკუთარ ვაჟს ლეონარდოს შესთავაზა, რომელსაც მხატვარ ვეროკიოსთან ახალი დამთავრებული ჰქონდა სწავლება. დადებული ხელშეკრულების პირობებით, მხატვარს ორი-ორნახევარი წლის განმავლობაში უნდა დაეხატა 2.5X2.5 მ ზომის სურათი.

სახარების სიუჟეტი

ფერწერული ტილოში ასახვა ჰპოვა სახარების ერთ-ერთმა სიუჟეტმა. ქრისტეს შობამდე ბეთლემის აღმოსავლეთით სასწაულებრივი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელშიც  მოგვებმა, ჩვ. წ-მდე 1450 წელს წინასწარმეტყველ ვალაამის მიერ უწყებული იაკობის ვარსკვლავი იცნეს. ამ წინასწარმეტყველების გამო მთელ აღმოსავლეთში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული რწმენა, რომ იუდეაში დიდი მეუფის შობა არაჩვეულებრივი ვარსკვლავის გამოჩინებით იქნებოდა ნაუწყები.

ძველ დროს, ხალხს სწამდა, რომ დიდი ადამიანების დაბადებასა და სიკვდილს ყოველთვის თან სდევდა ცაზე ვარსკვლავების გამოჩენა ან გაქრობა. ღვთის განგების აღსრულების მოლოდინში მოგვები თვალს ადევნებდნენ ასეთი ვარსკვლავის გამოჩენას ცაზე. როგორც კი საოცარი ვარსკვლავი გამოჩნდა ბრძენთაგან რჩეული აღმოსავლელი მოგვები  მიხვდნენ, რომ ის ღვთიური მეუფის მოსალოდნელ შობაზე მიანიშნებდა და  იუდეველთა სამეფოს დედაქალაქისაკენ იერუსალიმისაკენ გაემართნენ, რომ თაყვანი ეცათ მისთვის.

სასულიერო მწერლობაში არ არსებობს თანხმობა იმაზე, თუ ვინ არიან მოგვები და საიდან იყვნენ ისინი: არაბეთიდან, ძველი ბაბილონიდან, სპარსეთიდან თუ იდუმალი ინდოეთიდან? ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, მოგვები იყვნენ რჩეული წინამძღოლები, სამი ასაკის და სამი მოდგმისანი. მელქიორი – მოხუცებული – სემის შთამომავალი, გასპარი – უწვერული და ჯან-ღონით სავსე ჭაბუკი – ქამის შთამომავალი და ბალთაზარი – მოწიფულობაში ახლად ფეხშედგმული კაცი – იაფეთის შავგრემანი შთამომავალი. მათ მოგვები  ეწოდებათ არა იმიტომ, რომ მაგიით ან ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი, არამედ იმიტომ, რომ სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ამგვარად ეძახდნენ ბუნების ბრძენ მეთვალყურეებს, ვარსკვლავთმრიცხველებს.

წმ. ოქროპირის განმარტებით ვარსკვლავი წარმოადგენდა ანგელოზთა უხილავ ძალას, რომელმაც მიიღო ვარსკვლავის სახე. ეს ჭეშმარიტად საოცარი ვარსკვლავი არ ემორჩილებოდა ბუნების კანონებს. ჩვეულებრივი ვარსკვლავები ჩანან მხოლოდ ღამით, ეს კი კაშკაშებდა დღისითაც. იგი ხან გამოჩნდებოდა, ხანაც ღრუბლებში იმალებოდა, თითქოს მოგვებს დროს აძლევდა შესვენებისთვის. იგი ემსგავსებოდა ღრუბლის სვეტს, ლტოლვილ ებრაელებს უდაბნოში რომ უძღოდა.

როდესაც მოგვები იერუსალიმში შევიდნენ, იქ ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა. შეცბა იუდეველთა მეფე ჰეროდე, რადგან მოგვების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ფარისეველებმა ამცნეს მოახლოებული საფრთხის შესახებ და მის ტახტს დაცემა უწინასწარმეტყველეს და ერთგულებაზე დაფიცება სიძულვილით უარყვეს. ჰეროდე მეფედ არც ღვთის კურთხევით გამხდარა და არც ხალხის სურვილით. მეფობის უფლება მან რომაელ მმართველთა მაამებლობით მიიღო. ეს უფლება მან ოქროს გროვით იყიდა, ძალადობითა და სიცრუით ებრაელ ხალხს გამოსძალა. ამგვარადვე სძულდათ მდიდარ დიდებულებს, რომელთა თავები უბრალო ეჭვის გაჩენისთანავე ძირს ცვიოდა. სძულდათ ებრაელ სასულიერო პირებსაც, რადგან რომაელთა საამებლად, მათი კეისრის, ავგუსტუსისადმი მიძღვნილ წარმართულ ტაძრებში დადიოდა და იუდეველთა შორის მათი პოპულარობის გასაზრდელად, ამ ტაძრების შესამკობად განძეულობას არ იშურებდა. სძულდა ხალხს თავისი უცხოტომელობის, სისასტიკისა და თვალთმაქცობის გამო.

ჰეროდე შეშინდა და გადაწყვიტა მოეკლა ყრმა.

ჰეროდესთან საუბრის შემდეგ მოგვები იერუსალიმიდან ბეთლემისაკენ მთიანი გზით წავიდნენ. უცებ ცაზე ხელახლა გაიბრწყინა ვარსკვლავმა, გზის საჩვენებლად მათკენ სწრაფად დაეშვა და წინ უძღოდა მანამდე, სანამ იმ ადგილს არ დაადგა თავს, სადაც ყრმა იმყოფებოდა. გამოქვებულის შესასვლელთან კიდევ უფრო დაუახლოვდა მიწას. როდესაც დაინახეს ვარსკვლავი ერთ ადგილას უძრავად იდგა და გამოქვებულის შესასვლელს კაშკაშა სინათლეს ჰფენდა, მოგვები ჭეშმარიტი რწმენით და სიხარულით აღივსნენ, რომ  დასრულდა ძველი, წარმართული სამყარო.

გამოქვაბულში მოსულმა მოგვებმა იხილეს წმინდა ოჯახის სიღარიბე და უპოვარება. მათ მუხლი მოიდრიკეს, ჩვეულებისამებრ ფეხსაცმელი გაიხადეს და მიწაზე პირქვე გართხმულნი თაყვანს სცემდნენ ახალშობილს, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს. მოგვებმა ძვირფასი საჩუქრები მიართვეს:  გუნდრუკი, ოქრო და მური.

მარიამი და იოსები განცვიფრებით უმზერდნენ მოგვების მდაბალ თაყვანისცემას, ამბავს იდუმალი ვარსკვლავის სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ ყურადღებით ისმენდნენ. გაკვირვებულნი იყვნენ წარმართების ღვთისმოსაობით, მათი მოგზაურობაც აოცებდათ.

მოგზაურობის მიზნის მიღწევის შემდეგ მოგვები აპირებდნენ ბეთლემიდან კვლავ იერუსალიმში შეევლოთ და ჰეროდეს თხოვნისამებრ მისთვის აღთქმული მესიის სამყოფელი ეუწყებინათ, მაგრამ უფლის ანგელოსმა, რომელიც სიზმარში გამოეცხადათ, მათ ჰეროდეს ბოროტი განზრახვის შესახებ აუწყა და უბრძანა, სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ.

მოგვებმა, ღვთის ნებით, ჰეროდეს დავალება არ შეასრულეს და ბეთლემიდან სხვა გზით წავიდნენ.

მოგვთა თაყვანისცემა – ლეონარდო და ვინჩი. The Adoration of the Magi – Leonardo da Vinci. 1481-1482

ლეონარდო და ვინჩის სურათი

XV საუკუნის ბოლოს, როდესაც ლეონარდო იწყებდა საკუთარ შემოქმედებით გზას, ფლორენციის კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა ე.წ. “პლატონის აკადემია”. იგი აერთიანებდა იმ დროის მეცნიერებს, მწერლებს და ფილოსოფოსებს. აკადემიას მფარველობდა ლორენცო მედიჩი, შესანიშნავად წოდებული. ფლორენციელი მეცნიერების მიერ ანტიკურ ავტორთა თარგმანები და მათი ანალიზი გავლენას ახდენდა ხელოვნების ხვადასხვა დარგებზე. მხატვრებს ვიზუალური ხელოვნება მიაჩნდათ ფილოსოფიური იდეებისა და პოეტური ნაწარმოებების გამომსახველ ფორმად.

ბიტიჩელის “მოგვთა თაყვანისცემით” შთაგონებულმა და ვინჩიმ უჩვეულო კომპოზიცია შემოგვთავაზა, რომელსაც ანალოგი არ აქვს იტალიურ მხატვრობაში. კენეტ კლარკის აზრით, სურათი XV საუკუნის ყველაზე რევოლუციური ნამუშევარია. სურათზე სრული სახით განხორციელდა ლეონარდოს მიერ გამოგონილი “მოლაპარაკე” მხატრობის ენა. ემოციების ასეთი ექსპრესიული გამომსახველობა საუკუნეების შემდეგ მუნჯ კინოში იქნა გამოყენებული. თავად “მოგვთა თაყვანისცემა” ძალიან კინემატოგრაფიულია. ანდრეი ტარკოვსიმ ლეონარდოს ეს სურათი თავის ფილმში “მსხვერპლშეწირვა” გამოიყენა. ფილმის ერთ-ერთი გმირი “მოგვთა თაყვანისცემის” თვალიერებისას ამბობს, რომ ყოველთვის შიშს განიცდიდა ლეონარდოს მიმართ.

სურათის ცენტრში გამოსახულია მარიამი და ყრმა იესო, თითქოს მთელი სამყარო მათ გარშემო ბრუნავს.  მარიამისა და ყრმა იესოს ირგვლივ პერსონაჟები ნახევარწრიულადაა განთავსებული, რომ თაყვანი სცენ ძე ღვთისას. წინა ფონზე თავისუფალი ადგილი თითქოს განზრახ არის დატოვებული მაყურებლებისათვის. სურათის კიდეებზე გამოსახული ორი ფიგურა ორგანულად ასრულებენ წინა ხედს.

სურათის ქვედა ნაწილში ვხედავთ ბერიკაცს და ვაჟს. მათი მზერა სურათისკენ არ არის მიმართული. ახალგაზრდა ჯარისკაცი, ზოგიერთების აზრით, 29 წლის ლეონარდოს ავტოპორტრეტია. პერსონაჟები მნახველს მოგვთა წინაშე ქრისტეს წარდგენის (გამოცხადების) საიდუმლოს აზიარებენ.

ორი ხე ცენტრში – პალმა და მუხა – სურათის ღერძია, რომლის გარშემო იხვევა მთელი კომპოზიციის სპირალი, მარცხნივ ფიქრებში ჩაძირული მოხუცი, ხოლო მარჯვნივ ახალგაზრდა კაცი (იგი მიუთითებს მარიამზე).

სურათზე სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანია, მათ შორის ახალგაზრდა მხედრები, ასევე ცხენები მხედრების გარეშე, რომლებიც ალბათ განასახიერებს ადამიანის მიერ ჯერ კიდევ დაუმორჩილებელ ბუნებას. სურათის სიღრმეებში ლეონარდოს ნახატებისათვის ჩვეული მაღალი მთის მწვერვალებია.

უკანა პლანზე, კომპოზიციის მარჯვენა მხარეს, ნანგრევების ფონზე დახატულია ცხენოსანთა ორთაბრძოლა.

მოგვთა თაყვანისცემა – ლეონარდო და ვინჩი. The Adoration of the Magi – Leonardo da Vinci. 1481-1482

კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ლეონარდოს მხედრების ორთაბრძოლის გამოსახვა, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული სახარების სიუჟეტთან, პასუხს იძლევა  სურათის საწყისი ვარიანტის ანალიზი. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ორთაბრძოლის მეშვეობით სურდა მხატვარს გამოეხატა ნაწარმოების ღრმა შინაარსი.

სურათის მარცხენა მხარეს, უძველესი ცივილიზაციის დიდებული სასახლის ნანგრევებს (ზოგი ვერსიით წარმართული ტაძარი) შორის ხელოვანმა დახატა “თაყვანისცემის” კიდევ ერთი სცენა. მაგრამ იგი განსხვავდება ცენტრალური ხედზე გამოსახული “თაყვანისცემის” სცენისაგან. წყნარი, კონცენტრირებული დაფიქრების ნაცვლად მეორე ხედის გმირები თითქოს ექსტაზით ვარდებიან ცხენის ჩლიქებს ქვეშ, რომელზეც შიშველი მხედარია ამხედრებული, ჩამოკიდებული მუცლით და ცხოველური სახით. ჭეშმარიტად მსოფლიო ბოროტების საშინელი ინკარნაცია!

ცენტრთან ახლოს პერსონაჟთა კიდევ ერთი ჯგუფია. ერთნი მიუთითებენ მხედრებზე და თითქოს გაკვირვებით კითხულობენ, თუ ვინ არიან? სხვები გამაფრთხილებელი ჟესტებით თხოვენ არ გაეკარონ მონსტრს. ასე, რომ მსოფლიო დაყოფილია. ხალხის ნაწილი თაყვანს სცემს ბოროტებას, მეორე ნაწილი – სიკეთეს, რომელიც რელიგიურ ფერწერაში პერსონიფიცირებულია მარიამთან და ყრმასთან, სხვანი კი ეჭვქვეშ არიან.

ზოგიერთის გადმოცემით, ეს მოტივი შუა საუკუნეების ერთ ლეგენდას უკავშირდება, რომელიც მოგვითხრობს, რომ მოგვთა სამეფოები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული, სანამ ბეთლემის ვარსკვლავმა მათ მშვიდობისკენ არ უჩვენა. მართალია სურათზე ვარსკლავი არ ჩანს, მაგრამ მისკენაა მიპყრობილი  მარჯვენა ხედში ზოგიერთი პერსონაჟის მზერა.

სად არის გამოსავალი? რა დასკვნა გამოაქვს კაცობრიობისთვის მხატვარს? პასუხს სწორედ ორთაბრძოლაში ჩაბმული მხედრების სცენა იძლევა. ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ახალგაზრდა იმარჯვებს მტერზე – ურჩხულის სახით გამოსახულ საშინელ მხედარზე (ასეთი მხედარი სურათის საწყის ვარიანტშია გამოსახული). სიკეთის ტრიუმფი ბოროტებაზე – ეს გახლავთ ამ სურათის ძირითადი იდეა.

“მოგთა თაყვანისცემა” დაუსრულებელია, ისევე როგორც და ვინჩის ბევრი ნამუშევარი, რადგან ერთი წლის შემდეგ, 1482 წელს მხატვარმა დატოვა ფლორენცია და მილანში გაემგზავრა, სადაც ჰერცოგმა ლოდოვიკო მორომ (“მავრმა”), სფორცას გვარის დიდებულმა მიიწვია როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი. მასვე დაავალა აკადემიის დაარსება. ბერები რამდენიმე წელი ელოდნენ ნახატის დასრულებას და მხატვრის ხანგრძლივი არყოფნით შეშფოთებულებმა სხვა ფლორენციელ მხატვარს, ბოტიჩელის მოწაფეს ფილიპინო ლიპის (1406—1469) სთხოვეს ახალი სურათის დახატვა (რომლის “მოგვთა თაყვანისცემა” ასევე ინახება უფიცის გალერეაში). ფილიპინოს სურათი ნაკლებად შთამბეჭდავი გამოუვიდა, რადგან არ ჰქონდა ჩადებული სიუჟეტის ის ახალი შინაარსი, რის განხორციელებასაც ცდილობდა ლეონარდო.

Filippino Lippi, Adoration of the Magi, 1496 – The altarpiece eventually delivered to San Donato a Scopeto

ლიტერატურა:

http://shemoqmedi.ge

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/2_1-12.htm

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button