უმწიფარობიდან გამოსვლა, როგორც საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი გზა
გიორგი პატარკაციშვილი, მარიამ კუპრაშვილი, თეკლე ქავთარაძე, ირაკლი მაისურაძე, მარიამ მაღულარია, თორნიკე ჯანიბეგაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I” სტუდენტები
მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი
არის თუ არა უმწიფარობიდან გამოსვლა საზოგადოების გადარჩენის გზა? – კითხვა რომელიც ყველა საუკუნეში ისმოდა და პასუხიც ყველა ეპოქაში განსხვავებულად ჟღერდა. შევეცდებით პლატონის, კანტისა და ზოგადად განმანათლებლების საშუალებით ვისაუბროთ უმწიფარობაზე, მისი დაძლევის ხერხებსა და უმწიფარობიდან გამოსვლაზე, როგორც საზოგადოების გადარჩენის საუკეთესო საშუალებაზე. ასევე შევეცდებით გავავლოთ პარალელი პლატონის გამოქვაბულის მითსა და განმანათლებლების მთავარ ღირებულებებს შორის.
პლატონის გამოქვაბულის მითის გამოძახილია განმანათლებლობის მთავარი იდეები XVII – XVIII საუკუნეში. პლატონიდან განმანათლებლებამდე მრავალმა საუკუნემ განვლო, მაგრამ გამოქვაბულის იდეა, თუმცა სახეცვლილი, განმანათლებლებთანაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც პლატონის ეპოქაში.
პლატონის ეპოქაში და XVII საუკუნის ბოლომდე ადამიანის აზროვნებაში დომინირებს ღმერთი, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული. ცხოვრების ძირითადი მიზანი არის არა ბედნიერება, არამედ — ხსნა. XVIII საუკუნეში კი თითქმის აკვიატებულ იდეად იქცევა ბედნიერების მიღწევაზე ფიქრი. ღმერთმა გაგვაჩინა, რათა ვიყოთ ბედნიერნი. ცხოვრების მთავარ ურთიერთობად ისახება უკვე არა ღმერთთან ურთიერთობა, არამედ ადამიანებს შორის დამოკიდებულება. ბედნიერების მიღწევის საშუალებად კი მიიჩნევა ადამიანური ბუნება. ადამიანი იცნობს და ეთანხმება თავის ჭეშმარიტ ბუნებას, რომელიც უკვე აღარაა გახლეჩილი. სული და სხეული აღარ უპირისპირდება ერთმანეთს. ადამიანის საფუძველი არის საკუთარი თავის სიყვარული. ამ სიყვარულის უგულვებელყოფით ან მასთან ბრძოლით ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების იგნორირება, ღალატი ხდება. განმანათლებლებისთვის ბედნიერება არის სხეულის, გონებისა და გულის სრული ჰარმონია.
კანტი განმანათლებლობას უწოდებს „უმწიფარობიდან გამოსვლას“, ანუ თავისუფალი აზროვნების უნარსა და მსჯელობას. საზოგადოებრივ მანკიერებებს განმანათლებლობა ხსნიდა უვიცობითა და საკუთარი ბუნების უცოდინარობით. „გაბედე იაზროვნო!“ – ეს არის განმანათლებლების დევიზი.
განმანათლებლების ეპოქაში იცვლება ფილოსოფოსის სტატუსიც. დიდროს აზრით, „[ჭეშმარიტი] ფილოსოფოსი [ის ადამიანია] ვინც… ტრადიციას, დრომოჭმულს…, ავტორიტეტს…, ყველაფერს, რაც აზროვნებას თრგუნავს, გადააგდებს და გაბედავს იფიქროს დამოუკიდებლად… და არ დაუშვებს იმას რაც აზრსა და გონიერებას მოკლებულია.“ გადააგდებს და გამოვა გამოქვაბულიდან, დაინახავს საგანთა ნამდვილ ფორმებს და ჩაწვდება მათ ნამდვილ არსს.
თუ აღორძინების ეპოქამდე რელიგია აზროვნების ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორი იყო, მისი დაკნინების შემდგომ, გარკვეული დოგმებით მცხოვრებმა მასამ მაინც ვერ შეძლო აზროვნების ახალ ეტაპზე გადასვლა. უმწიფარობა ადამიანისათვის კომფორტული გარემოა, გარემო რომელშიც ყველა მიუთითებს მას, თუ რაზე იფიქროს, როგორ იაზროვნოს, როგორ იცხოვროს.
„გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!“ ხშირად ადამიანებს არ სურთ გამოვიდნენ უმწიფარობის ასაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ უკვე დიდი ხანია გაათავისუფლა მეურვის ზედამხვედველობისგან. ამის მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ კომფორტი, რომელიც უმწიფარობას ახლავს თან. შემდეგ ჩნდება შიში დამოუკიდებლობისა, გამოწვეული იმით რომ მისთვის არასდროს მიუციათ უფლება ეაზროვნა თავისუფლად, თვითონ შეეფასებინა გარშემო მომხდარი და ჰქონოდა სუბიექტური აზრი, რომელიც თუნდაც ერთი ნაბიჯით დააშორებდა უმწიფარობას (გამოქვაბულს). გამოქვაბულში მჯდომსაც ეზარება წელში გამართვა, ფეხზე წამოდგომა და სინათლისათვის თვალის გასწორება. მისთვის საუკეთესო მდგომარეობა ყოველთვის ხელოვნურ შუქთან, ცეცხლთან ჯდომა იქნება, იგი არასოდეს დაინტერესდება საგანთა ნამდვილი ფორმებით.
მეორე მხრივ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ისევე აწყობთ მასების გამოქვაბულში ყოფნა, როგორც გამოქვაბულში მყოფთ აწყობთ მათ მაგივრად მოაზროვნე მათთვის მისაღები პერსონის არსებობა. კანტი განსაკუთრებულ აქცენტს ამ საკითხში სახელმწიფოს მმართველზე აკეთებს. რაც მაკიაველის მმართველს გვახსენებს: ის ხალხს აძლევს მოჩვენებით თავისულებას, თუმცა სინამდვილეში სულ სხვა რამ სურს: „იმსჯელეთ, რამდენიც გინდათ და რის შესახებაც გინდათ, მაგრამ დამმორჩილდით!“
საბოლოო ჯამში მივდივართ დასკვანმდე, რომ ადამიანების უმწიფარობა, სიცოცხლის ბოლომდე გამოქვაბულში ყოფნა მხოლოდ მათი ბრალი არ არის. არსებობს უამრავი ეგრეთწოდებული გაერთიანება რომელიც მასათა გაკვეული ჯგუფის აზრით, მსოფლიოს მართავს და მათთვის ისეთივე აუცილებელია მარტივად სამართავი, განუვითართებელი, გამოქვაბულში ჩრდილებს მიჩერებული საზოგადოება, როგორც საზოგადოების რაღაც პროცენტი რომელსაც აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები და მოთხოვნილებები.
მეორე მხრივ ამ ყველაფერზე ფიქრი ფსიქოზს უფრო ემსგავსება და ვთვლით რომ გამოქვაბულიდან გამოსვლა ბევრად უფრო სასიამოვნოა, თუ იქიდან გამოსვლაში ხელს გიშლიან, შენ კი ყველა საშუალებით ცდილობ მას თავი დააღწიო, გაექცე და დაინახო კედელზე გამოსახული აჩრდილების ნამდვილი სახე. მას შემდეგ კი, რაც მზეს თვალს გაუსწორებ, იქ დაბრუნება და სხვების დახმარება გამოქვაბულიდან გამოსვლაში ყველაზე გმირულ საქციელად შეძლება ჩავთვალოთ.
შემეცნება ადამიანის არსებობის მთავარი მიზანია, მისი მთელი ცხოვრება სწავლის პროცესს უნდა უტოლდებოდეს. სწავლა ყველას შეუძლია. ყველას შეუძლია იყოს ბრძენი და კეთილი. თუმცა მხოლოდ განათლება არ კმარა გამოქვაბულის საზღვრების გადასაკვეთად. უმწიფარობიდან (გამოქვაბულიდან) გამოსასვლელად ადამიანს სჭირდება გამბედაობა, რათა იაზროვნოს ჩარჩოების გარეშე, დათრგუნოს ავტორიტეტები და შექმნას ინდივიდუალური წარმოდგენები სამყაროზე. მთავარ პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ ადამიანები გაუნათლებლობას, უმწიფარობას არ აღიქვამენ როგორც პრობლემას. აქედან გამომდინარე, არც პრობლემის გადაჭრის ხერხებს ეძებენ. ვფიქრობთ, სწორედ აქ გამოიკვეთება პლატონის „ჭეშმარიტი ფილოსოფოსის“ მისია. ფილოსოფოსი, რომელმაც გამოქვაბულს უკვე დააღწია თავი, სხვებსაც ეხმარება იქიდან გამოსვლაში.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი აზრით, საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი ფილოსოფოსის დახმარებითაც კი, ვერ, ან არ გაიაზრებენ პრობლემას და სამუდამოდ გამოქვაბულში დარჩენას ამჯობინებენ. ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ პრობლემას. ადამიანები იმდენად დაუბრმავებია თავმომწონეობას, რომ მათი უმრავლესობა თვლის რომ თავისუფლად აზროვნებს, ხოლო რაღაც ნაწილს კი მიაჩნია რომ გამოქვაბულს თავი უკვე დიდი ხანია დააღწია. სწორედ ამ თავმომწონეობის გამო ადამიანები ხშირად არ უსმენენ არც ერთმანეთს და არც ფილოსოფოსს.
ჩვენი აზრით, გამოქვაბულიდან თავის დაღწევის საუკეთესო ხერხი იმაზე ფიქრია რომ ჩვენ მუდმივად ამ გამოქვაბულში (უმწიფარობაში) ვიმყოფებით. მუდმივად ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას. ვთვლით, რომ სწორედ ასეთ მიდგომას შეუძლია საზოგადოების პროგრესის გზით წაყვანა. „მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“ სოკრატეს ამ სიტყვებით ვთვლით, რომ კარგად გადმოვცემთ საკითხისადმი ჩვენს დამოკიდებულებას.
ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, გამოქვაბულიდან (უმწიფარობიდან) გამოსვლის უნივერსალური გზა არ არსებობს და არც იმ შეხედულებას ვეთანხმებით, რომ განათლების მიღების, უმწიფარობიდან გამოსვლის, გამოქვაბულიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა წიგნები, რელიგია ან სიკეთეა. საბოლოო ჯამში, რთულია იმაზე საუბარიც, თუ რას მოუტანს საზოგადოებას მასის განვითარების მაღალი საფეხური. თუმცა, ვთვლით, რომ ამ საზოგადოებისთვისვე უკეთესი იქნება შემდგომში თითოეული მათგანის აზრის გათვალისწინებით იმსჯელონ სოციუმის მომავალზე, და არა ისე როგორც დღეს ჩვენს თანამედროვეობაში ხდება: აზროვნებს ადამიანების მცირე ჯგუფი, დანარჩენები კი მათ გადაწყვეტილებებს ელოდებიან.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლევან ცაგარელი – ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი
კურსის ლექტორები:
თენგიზ ვერულავა, თაზო თოხაძე