ჰემინგუეი – ლექცია წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას
ლექცია წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას ლიტერატურის დარგში, 1954 წ.
მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო სიტყვის წარმოთქმის ოსტატი არ გახლავართ და არც რიტორიკასა და მჭევრმეტყველებაში გავწაფულვარ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ალფრედ ნობელის უხვ დანატოვარს განკარგავს.
ყოველი მწერალი, რომელმაც იცის, რამდენ დიდ მწერალს არ მიუღია ეს პრემია, ამ ჯილდოს მოწიწებით იღებს. დიდ მწერალთა ჩამოთვლა არც არის საჭირო – დამსწრეთაგან თითოეულს თავისი სიის შედგენა შეუძლია საკუთარი ცოდნისა და სინდისის კარნახით.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ელჩს იმ სიტყვის წარმოთქმა ვთხოვო, სადაც ყოველი მწერალი საკუთარ გულისნადებს ატევს. მის ნაწერში შეიძლება ისეთი რამ აღმოჩნდეს, თავდაპირველ სიცხადეს რომაა მოკლებული და ამით მწერალმა შესაძლოა მოიგოს კიდეც. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი სინათლეს შეიძენს და ამაზე, ისევე როგორც მწერლის ნიჭიერებაზეა დამოკიდებული, შემოქმედის სახელი მარადიულად იცოცხლებს თუ დავიწყებას მიეცემა.
მწერლობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მარტოკაცის საქმეა. სამწერლო ორგანიზაციები ცდილობენ, დაეხმარონ მწერალს ამ სიმარტოვის დაძლევაში, თუმცა მეეჭვება, რომ ამით ხელი შეუწყონ, შეეწიონ მის შემოქმედებას. იგი იზრდება ხალხის თვალში, როცა ფართო ასპარეზზე გამოდის, მაგრამ ხშირად ეს საზიანოა მუშაობისთვის – მწერალი ხომ მარტოკა მუშაობს და გამუდმებით იმაზე უნდა ფიქრობდეს, შერჩება თუ არა მომავალს მისი სახელი.
ნამდვილი მწერლისათვის ყოველი ახალი წიგნი ხელახალი დაბადებაა, ცდა მიუღწევლის მისაღწევად. იგი მუდამ უნდა ცდილობდეს შექმნას რაღაც ისეთი, რაც მანამდე არავის გაუკეთებია, ანდა უცდია, მაგრამ უშედეგოდ. და ხანდახან, თუ ბედიც წყალობს, გაიმარჯვებს კიდეც.
იოლი იქნებოდა მწერლობა, კარგად დაწერილის სხვაგვარად გადაწერა რომ კმაროდეს. სწორედ იმის გამო, რომ დიდი მწერლები გვყავდა, დღეს მწერალმა თავისი გზით უნდა იაროს იქით, სადაც მას ვეღარავინ მიეშველება.
მწერლის კვალობაზე შეუფერებლად გამიგრძელდა სიტყვა. რაც სათქმელი აქვს, მწერალმა კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ – დაწეროს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.
ინგლისურიდან თარგმნა ნიკოლოზ კვარაცხელიამ