პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – წვიმის გრძელ-გრძელი დიაგანალი

თვალმა ალმაცერ
კაფეს დახედა,
ირევა გროვა
უცხო სახეთა,
ჟენევის კარებს
რომ მოახეტა –
იტალიელი,
ჰუნგრელი, ფრანგი
და ინგლისელი
სახეღაჟღაჟა,
ჟენევის ცა რომ
გააკაშკაშა.
იმ ქვეყნებიდან
მოსული „ვაშა“,
სად ხეებსა სტეხს
ორანგუტანგი.
მეჩვენებოდა
მაშინ მე ასე –
ერთა მშვიდობის
დიდ იდეაზე
თუ ორატორი
ჰქუხდა მეასე
და ფოლიანტებს
შლიდა გულდასმით,
ყოველგან იყო
რაიმე ხვრელი
და ისევ კვეთდა
მახვილი მჭრელი,
რასაც კი სიტყვა
ბრჭყვიალა, ჭრელი
მოსაჩვენებლად
კერავდა თასმით!
მრავალს იმ სიტყვით
მეტეორიტმა
წაართვა სახე,
წაართვა რიტმა.
მისი ნაოჭი,
მისი თეთრი თმა
დროისას ვეღარ
უძლებს ანალიზს.
და როგორც ეს დღე,
უამურ შრომით
რიყეზე ავტო
რბის ხტომა-ხტომით.
და იტალიას
თან მოსდევს წყრომით
წვიმის გრძელ-გრძელი
დიაგანალი!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button