ელექტრო ჰიპერმანქანების გამოჩენამდე ცოტა დრო რჩება
ეჭვს აღარ იწვევს, რომ მომავალში პრაქტიკულად ყველა ავტომობილი ელექტროენერგიაზე იმუშავებს. ელექტროძრავებით არა მარტო მსუბუქი ავტომობილების აღჭურვას აპირებენ, არამედ Formula-1-ის სპორტული ბოლიდებისაც. გარდა ამისა, ენერგიის უვნებელ წყაროზე გადავა ჰიპერმობილებიც – ერთ-ერთი ამგვარი ავტომობილი იქნება მოდელი კოდური დასახელებით – Omega. ითვლება, რომ იგი Aston Martin Valkyrie-ს პირდაპირი კონკურენტი იქნება. როგორც ცნობილია, ეს ავტომობილი 320 კმ/სთ-მდე აჩქარებას 10 წამში ახორციელებს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 400 კმ-ზე მეტს შეადგენს.
Omega-ს მწარმოებელმა, Lotus-მა პარტნიორული ხელშეკრულება დადო კომპანია Williams Advanced Engineering-თან, რომელიც ამ დრომდე სხვა მწარმოებლებისთვის ჰიპერმობილების შექმნაში მონაწილეობდა. გამოცხადდა, რომ ორივე მხარე ერთმანეთს გაუზიარებს გამოცდილებას მაღალი წარმადობის ძრავების ტექნოლოგიაში. ძველად Williams-ი ეხმარებოდა კომპანიებს – Singer-სა და Jaguar-ს სუპერსწრაფი ავტომობილების შექმნაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჯერად შექმნილი ახალი კავშირი დაკავდება ჰიპერმობილ Omega-ს წარმოებით.
როგორც ცნობილია, Omega-ს ექნება ელექტროძრავი, რომელიც მოემსახურება ორივე ხიდს (four-wheel-drive), აკუმულატორის ერთი დამუხტვით შესაძლებელი იქნება 400 კილომეტრის გავლა. თუკი დამუხტვის მარაგი ამოიწურება, სანერვიულო არაფერია – ავტომობილი თავსებადი იქნება სუპერსწრაფ დატენვის ტერმინალთან. თუკი Lotus-ი დაეთანხმება Williams-ის რჩევებს, ჰიპერმობილს დიდი ალბათობით ექნება ნახშირბადის ბოჭკოვანასგან შექმნილი უამრავი დეტალი, რისი წყალობითაც შემსუბუქდება ავტომობილის კორპუსი. აგრეთვე, მანქანა დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება ბრიტანული კომპანიის აკუმულატორით.
ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, როდის იხილავს ფართო საზოგადოება Lotus Omega-ს მუშა პროტოტიპს. გამომცემლობა Autocar-ი თვლის, რომ წარდგენა მოხდება დაახლოებით ორი წლის შემდეგ – დაახლოებით ეს დრო დასჭირდება პროექტს დამუშავებისთვის.