პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მეთორმეტე)

სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს, რომ სომხებისათვის, ვითარცა ჩაგრულ და დევნულ ერისათვის, გულმტკივნეულობს და ამისათვის ხმას იღებს საქვეყნოდ და უშიშრად.

არც ჩვენა ვართ ისეთნი უგულონი, რომ არ ვიგრძნოთ სხვისა ტკივილნი, სხვისა ხოცვა-ჟლეტა, დარბევა და დაწიოკება და არ ვიცოდეთ ფასი და ღირსება ადამიანისა, როცა უბედურთათვის იღვწის და, თუ ხელს არა, ხმას მაინც აწვდის ნუგეშინისცემისას, სიყვარულისას. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდად გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აიყვანს „მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა გალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას“.

ვწუხვართ, რომ საქმემ და სიმართლემ მოითხოვა ბ-ნი გოლმსტრემი სომეხთა მეცნიერთა მწკრივში ჩაგვეყენებინა, მისი ნებითი თუ უნებლიეთი შეცდომა გულახდილად გვემხილებინა და ჩვენი გაოცება გვეთქვა ნეტა რამ და რისთვის დააწერინა იგი ისტორია, რომელიც მარტო სომეხთა ფილოსოფოსებისა და დელინგერების საკადრისია და მარტო იმათს თონეში ცხვება.

გვიკვირს, თუ ბ-ნ გოლმსტრემს არ წაუკითხავს იგი წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა, რომელიც ჩვენ წინა წერილების სხოლიოში დავასახელეთ, ბ-ნ ანუჩინის წერილი ხომ უსათუოდ წაუკითხია, რადგანაც ამბობს, რომ ბ-ნი ანუჩინი წინააღმდეგია იმ თეორიისა, რომელიც ურარტელებს ჰხადის სომხების წინაპრებადაო და ეს მარტო იმას მოასწავებს, რომ ბ-ჩი ანუჩინი მიუდგომელი მეცნიერიაო და ამისთვის აქებს კიდეც. აქ ორი გარემოებაა საოცარი. ჯერ ერთი ისა, ვითომც ქვეყანაზე იყოს იმისთანა თეორია, რომ ურარტელთა სომხობას ამტკიცებდეს. თუ არ არის ამისთანა თეორია, მაშ ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვა საქარეზე გატანილი სიტყვაა, როცა გვარწმუნებს, რომ ბ-ნი ანუჩინი ამ თეორიის წინააღმდეგიაო.

ამაოდ ფიქრობს ბ-ნი გოლმსტრემი არსებობას ამისთანა თეორიისას: იგი არსად არის და ბ-ნი ანუჩინი არარსებულის თეორიის წინააღმდეგი როგორ იქნება? ბ-ნი ანუჩინი მოცლილი კაცი ხომ არ არის სომეხთა მეცნიერებსავით, რომ ქარის წისქვილებს ომი დაუწყოს.

კიდევ ვიტყვით, დღეს მთელს ქვეყანაზე ერთიც მართლა სწავლული და მეცნიერი არ მოიპოვება, – სანთლითაც რომ ვეძებოთ, – ურარტელთა სომხობის თეორიას მისდევდეს, გარდა იმისთანა ჩურუქა მეცნიერებისა, როგორც ვიღაცა ეზოვები და მისნი დამქაშები არიან. ამათაც-კი არა გვგონია გაბედონ ამ არარსებულის თეორიის ღაღადება თავისის სახელით და, იქნება, სხვა-კი გააბრიყვონ, თითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი გლიჯონ. ეს იმათი ხელობაა.

ბ-ნი ანუჩინი თუ ურარტელთა არა-სომხობას ამბობს, ამას ვისიმე წინააღმდეგად კი არ ამბობს, არამედ ამით ემოწმება ყველას, ვისაც ეს საქმე გამოუძიები. ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს, თუნდ ერთი სწავლული და მეცნიერი, ან ევროპიელი, ან რუსი დაგვისახელოს იმ თეორიის მომხრედ, რომელსაც ვითომც ბ-ნი ანუჩინი ეწინააღმდეგება და რომელსაც დღეს ასე თავშეუდებლად მარტო ბ-ნი გოლმსტრემი ჰღაღადებს, დიაღ, მარტო ბ-ნი გოლმსტრემი და სხვა არავინ.

თუნდ ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგი თეორია არსებობდეს, ნეტა რა ნიშანია მიუდგომელობისა, მიუკერძოებლობისა ურარტელთა არა-სომხობის თეორია, რომლის გამო ქებასაც-კი უძღვნის ბ-ნს ანუჩინს ბ-ნი გოლმსტრემი. ნუ თუ აქაც ახია ითქვას: „სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ“.

მეორე გარემოება ის არის, რომ ასე ვრცლად არის ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა ბ-ნ გოლმსტრემის მიერ მოთხრობილი საბუთად ურარტელთა და სომეხთა ვითომდა ერთ ნათესაობისა და ბ-ნი ანუჩინი-კი მარტო სამის სიტყვით უხსენებია, ისიც ბუნდად, – ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ყური არ უთხოვებია, რომ ბ-ნი ანუჩინი ანტროპოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ სომეხნი არმენიაში, წინანდელ ურარტის ქვეყანაში, მერე მოსულნი არიან. გარდა ამისა იგივე ბ-ნი ანუჩინი იმოწმება, რომ იგი ქვეყანა დაიჭირეს სომხებმა დიდის ბრძოლის და ომების შემდეგ ურარტელებთანაო.

არის რამოდენიმე საბუთები, რომლის ძალითაც შესაძლოა ვიგულოთ, რომ ურარტელნი, ანუ პონტიის ქალდები ქართველთა მამა-პაპანი ყოფილანო.

დალოცვილს, რაკი ესე ვრცლად მოგვითხრობდა ურარტელთა სომხობას და ისიც უსაბუთოდ, ერთი სიტყვა, თუნდ ესე მოკლედ, როგორც აქ არის ბ-ნ ანუჩინის ნათქვამი მოყვანილი, ჩვენთვისაც გამოემეტნა, ურარტელთა ქართველობა გაკვრით მაინც მოეხსენებინა. განა ვინ დაემდურებოდა? თუ ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა, მერე სულ მთლად თავით ბოლომდე გადასხვაფერებული, საჭირო იყო ურარტელთა გასომხებისათვის, ქართველთა ასე თუ ისე დასაბუთებული ურარტელობა ბ-ნ ანუჩინისა რატომ დავიწყებია და ჩაუფარცხებია. რასაკვირველია, თვით ბ-ნ გოლმსტრემის საქმეა, – სად რა სთქვას და როგორ, ხოლო ჩვენ-კი ვიტყვით: „საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!“.

ვთქვათ, ისეც იყოს, რომ ურარტელნი სომხები არ ყოფილანო, ჰბძანებს ბ-ნი გოლმსტრემი: ამ საგანს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. აი სწორედ ამაზე ითქმის, ერიჰაა! მაშ რაზე შეაწუხეთ ბ-ნი ნიკოლსკი, ანუჩინი, რომ თითქმის მთელი ფელეტონი ურარტელთა სომხობის დასაბუთებას მოანდომეთ და, სულ ცოტა ვთქვათ, ორიათას-შვიდას-რვაასის წლის ამბავი გაგვიბით და ამ ამბავით ამტკიცებდით სულიერ და ხორციელ სიმტკიცესა და მედგრობას ახლანდელის სომხებისას, ვითარცა მემკვიდრეებისას სახელოვან ურარტელებისას.

მაშ რად ჰღაღადებდა ბ-ნი გოლმსტრემი: „თუ პოვნა გნებავთ ამ საქმის (სომეხთა საქმისა) ჭეშმარიტებისა, პოლიტიკოსებისაგან „ფერუმარილ წაუსმელისა“, გადაუკეთებელისა, უნდა ყურადღება მიაქციოთ“ ძველს, ჭაღარამოდებულს დროს, არქეოლოგებს და სწავლულ მოგზაურებსაო“ . მაშ ეს სიტყვები ისე საქარეზეა გასტუმრებული! აფსუს, სიტყვებო!..

საოცარია, – რომ ამას ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, ესე იგი ის კაცი, რომელმაც თვალი და ყური აუქცია ჭაღარამო დებულს ძველს დროსაც, არქეოლოგებსაც, სწავლულთა მოგზაურთაც და იმ ქვათა ღაღადსაც, რომელნიც, მისის სიტყვით, возопиют!

„კიდევ ბევრს, ბევრს სხვას ჰღაღადებენ არმენიაში ნაპოვნი ქვებიო“, იძახის დიდის პათოსით ბ-ნი გოლმსტრემი. მართალია, ბევრს რასმე ჰღაღადებენ და ვაი რომ იმათს ღაღადს ყურებში ბამბადაცძული მსმენელი შეჰხვედრია. ბევრს რასმე ჰღაღადებენ, მხოლოდ მთლად და ხელაღებით იმის წინააღმდეგს, რაც ბ-ნს გოლმსტრემს ურარტელთა გასომხებისათვის წამოულაგებია „Петербургские Ведомости“-ში. კიდევ ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს: თუ ჩვენ მართალს არ ვამბობთ, აბა ერთი საბუთი, აბა ერთი მართალი სწავლული, მართალი მეცნიერი, აბა ერთი ქვა და მისი ღაღადი წამოგვიყენოს პირში, მაშინ ჩვენ ჩვენს მშვილდს ძირს დავდებთ და ბ-ნ გოლმსტრემის წინაშე ქედს მოვიხრით, ჩვენს შეცდომას შევინანებთ საქვეყნოდ.

სომეხთა ქების განდიდებას ისე გაუტაცნია ბ-ნი გოლმსტრემი, რომ ამის თქმასაც კი შესაძლებელად ჰხადის: „ამ ერმა (სომხობამ) საუკუნეთა განმავლობაში დაამტკიცა თვისი შეურყეველი ერთგულება ქრისტიანულ მართლმადიდებელ აღთქმებისაო“.

რა თქმა უნდა, ყოველს ერს თავისი სარწმუნოება მართლმადიდებელი ჰგონია და ამაში ვერც ვერავინ შეუვა. სარწმუნოება სინიდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი. ხოლო ბავშვმაც-კი იცის, რომ სომხები გრიგორიანები არიან სარწმუნოებით და სულაც არ ეკუთვნიან იმ რჯულს, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია საზოგადოდ რუსეთში და რუსის მწერლობაში საკუთრად. მაშასადამე, ბ-ნის გოლმსტრემის ღაღადი, რომ სომხებმა შეურყეველი ერთგულება აღმოუჩინეს ქრისტიანულ მართლმადიდებელს აღთქმებსაო, არ არის მართალი, იმიტომ რომ ამ სახელით წოდებულს სარწმუნოებას და, მაშასადამე, აღთქმებსა სომეხნი გაეცალნენ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში და მას აქეთ სარწმუნოებით ცალკე გავიდნენ. სად იგი სარწმუნოება, რომელსაც სომხები აღიარებენ, და სად იგი, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია რუსეთში და რუსის მწერლობაში.

რასაკვირველია, სომეხთა სარწმუნოებაც ქრისტიანულია და სომეხთ ვერ დავუკარგავთ დიდს ღვაწლს, ქრისტიანობისათვის მათ მიერ დადებულსა. ქრისტიანობისათვის ბევრი რამ გაუწირავთ, ბევრი სისხლი უღვრიათ და მეტი არ იქმნება ვთქვათ, რომ ქრისტიანობას ანაცვალეს მათ თითქმის მთელი თვისი ისტორია, თვისი სამეფო, თვისი მამული, თვისი სამშობლო და ამით, თვისდა მართლადა სასახელოდ, შეინახეს თვისი რჯული, ენა და ყოველმა ამან შეანახვინა თვით მათი ვინაობაცა, მათი ეროვნული არსებობა.

ვერც ისტორია და ვერც კაცობრიობა ვერ დაივიწყებს სომეხთა ღვაწლს, სომეხთა თავგანწირვას ქრისტიანობისათვის. ამიტომაც ბ-ნს გოლმსტრემს რომ გაეხსენებინა ეს დიდებული ღვაწლი საერთოდ ქრისტიანობის წინაშე, მართალი იქნებოდა და რაკი შიგ ჩაურია „მართლმადიდებლობა“, ბალღსაც სიცილს მოჰგვრის, რომ სომხები შეურყეველად ერთგულნი ყოფილან სხვის სარწმუნოებისა და, მაშასადამე, შერეულნი თვის საკუთარს სარწმუნოებაში. სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც, იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, – თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც გაუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა.

თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტანად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყვნელად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება-კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს. ამიტომ არა გვგონია კეთილმორწმუნე სომხებს ეს ქება ბ-ნ გოლმსტრემისა სასიქადულოდ გაუხდეთ. სომხებს რაც გინდ დააბრალეთ, და ორგულობას სარწმუნოებისას-კი ვერავინ შესწამებს. პირიქით, მათ, თვისდა სასახელოდ, კარგად იციან ფასი თავისის სარწმუნოებისა და ამისათვის უღელი ყოველ გვარის უბედურებისა გულგაუტეხლად უტარებიათ და ჯვარცმულან.

დასასრულ, ერთი ეს უნდა ვიკითხოთ: რა გაჭირება დასდგომია ბ-ნ გოლმსტრემს, რომ საცოდავი ქვებიც-კი უწამებია, შეუწუხებია პატივცემულნი მეცნიერნი და ჯანაბაში გადუკარგავს თვით მეცნიერებაცა.

ეს ჩვენ არ ვიცით და არც დიდი სურვილი გვაქვს ვიცოდეთ. ჩვენ მარტო იმას ვკვირობთ, ჩვენ მარტო ის გვეოცება, რომ აქაც იგივე პროგრამაა გამოჭიმული და დოინჯშემოყრილი, რომელიც სომეხთა მეცნიერთ მემკვიდრეობით დასჩემებიათ: სომეხთა ბამბაც უნდა ჩხრიალებდეს და ქართველების არც კაკალი. ვიყვიროთო და ყვირილიც ეს არის.

აბა სენკოვსკიდამ დაწყებული ბ-ნ გოლმსტრემამდე, ამ სამოცის წლის მანძილზე, ლარი გააბით და გახედეთ, თუ ყველა სომეხთა მეცნიერს ამ ლარზე ხელი არ ეკიდოს, ერთსა და იმავე პროგრამას არ ემსახურებოდეს საოცარის ერთგულობით და ერთსულობით. ებღაუჭებიან ამ პროგრამას კბილით, ხელით, ფეხით და მთელითა ცხოვრებითა მათითა. განა აშკარა არ არის, უნდათ ქვეყანას დაანახვონ, რომ სომეხზე უკეთესი, გამძლე ერი, ყოვლის ნიჭითა და უნარით შემკობილი სხვა არავინ არის მცირე აზიაში და ნამეტნავად ამიერკავკასიაში. მართალია, ამიერკავკასიაში ეს რაღაც „ვრაცები“ ჰყრიან და ცოტად თუ ბევრად ამათაც ახსენებენ, მაგრამ ასეთს საქმეს დავმართებთ, ასე გავუბიაბრუებთ სახელს, რომ სახსენებელიც-კი აღარ დარჩეთ.

თუ ისტორია აქვთ, გავუყალბებთ, ან ჩვენ დავიჩემებთ, მიწა-წყალი აქვთ და ჩვენ ჩამოვართმევთ, და ქვეყანას, ტყუილი იქმნება თუ მართალი, დავაჯერებთ, რომ ქართველობა გადაშენების გზაზეა შემდგარი და დღესა თუ ხვალე ან ამოსწყდებიან დედაბუდიანად, ან გასომხდებიან.

ამ ჩვენს ლანძღვა-გინებაში, რასაკვირველია, ბ-ნს გოლმსტრემს არავითარი წილი არ უდევს და მადლობელნი ვართ, რომ შეგვიბრალა და ავად მაინც არ გვახსენა, სომხებს ზედ არ წაგვაკლა ქათამსავით, სომეხთა მეცნიერებისამებრ. ხოლო ძნელი მოსათმენნი არიან ეს ხუდაბაშოვები, პატკანოვები, ქიშმიშოვები, ეზოვები, არწრუნები და ერთობ იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ თავიანთთათვის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას-კი – ნურას უკაცრავად! – ვერ შევარჩენთ, ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია, ყველა ჭკვათამყოფელი სომეხი დაგვეთანხმება. აი, სწორედ აქ არის თავი და ბოლო, დასაბამი და დასასრული იმ მწვავის განხეთქილებისა, რომელიც ასეთის გულმოდგინებით შთამოსთესეს ჩვენში უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზე აალურსეს ქართველი და სომეხი. ამით, სწორედ ამ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული ქართველებს სომხებზე და სომხებს ქართველებზე, თორემ სად იყო ჩვენში ამ ორმოც-სამოცის წლის წინად ერომანეთის ასეთი ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და თუმცა სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით ქართველის ძულებას და ქართველობით სომხებისას ჩვენში ადგილი არა ჰქონია ჩვენდა საერთო საბედნიეროდ და სასახელოდ, და თუ დღეს ეს ურთიერთობა ასე შერყეულია, სომეხთა მეცნიერთა გულნამცეცობას, უვიცობას, ნაცარქექიაობასა და ოინბაზობას უნდა მიეწეროს. მარტო ერთი ბ-ნი ეზოვი საკმაოა, ადამიანი შეუშინდეს თავისთავსა და სასოწარკვეთილებით ჰკითხოს: ნუთუ ადამიანი მართლა ღვთის სახისა და მსგავსებისაა? ღმერთმა მოჰკითხოს ყველას მისნი შეცოდებანი და შეუნდოს, თუ ამისთანა საქციელი შესანდობარია.

თორემ ჩვენ სომხებისა არა გვშურს-რა.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ საქართველოს უძლურება დაიწყო იმ უბედურ დღეთაგან, როცა-კი პირქვე დაემხო სომხეთი – ეგ ჩვენი წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით ვინახავდით სომხეთს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით. მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასლანმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მოიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი. მინამ სომხეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა მოსეოდა, ჯერ სომხეთი უნდა გადმოელახა. ამიტომაც ჩვენნი უდიდესნი მეფენი და სამეფოს კაცნი არაფერს არა გზოგავდნენ, რომ ეშველათ სომხეთისათვის, როცა-კი გაუჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ჩვენს მეფეებს არ ესმოდათ – რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისათვის სომხეთის არსებობას. დაეცა სომხეთი და სამხრეთის კარი ღია დარჩა საქართველოში შემოსასევად.

თუმცა სომხეთის დაცემის შემდეგ მთელი თითქმის შვიდი საუკუნე კიდევ მაინც გავუძელით ათასჯერ ჩვენზე ძლიერს მტრებსა, მაგრამ მთელი ჩვენი ისტორიული დღენი მოვღალეთ და შევალიეთ სამხრეთის კარის დაკეტა და ვერა გავაწყეთ-რა. ღონემიხდილმა და დაქანცულმა საქართველომ აიღო თავი და შეაფარა დიდ რუსეთის იმპერიას, მტერს არ დაჰნებდა და მეგობართაკენ პირი ჰქმნა და გული მიიბრუნა.

განა ჩვენთვის-კი სანატრელია ესეთი დაქსაქსულობა სომხებისა! ღმერთმა მისცეთ ღონე და უნარი ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდამაც აყრილან და აქა-იქ გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან, ჩვენი სახელის გატეხით ნუ ცდილობენ თავიანთის სახელის კეთებას და შემკობას.

ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით. „მტერისა შინა ყოლასა ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობია“ – ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button