პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მესამე)

რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა და, სწორედ მოგახსენოთ, არც სომეხთა მწიგნობართაგან ერთხელ და ერთხელ დადგენილი პროგრამა იქნებოდა აღსრულებული, რომ მარტო ამაზე გაჩერებულიყო მათი ბაირაღტარი.

ქართველებს რომ ისტორიული ქრონიკები არა აქვთ, ეს კიდევ დიდი უკადრისობა არ არის და ავზნეობას ერისას არ მოასწავებს. საქმე ის არის, ზოგიერთს უცხოელს ქართველები გულკეთილ ერად მიაჩნიათ, კარგის გულისანი არიანო, შესახვედრად საყვარელნი, სასიამოვნონი, თავაზიანები. მართლა ესენი ვართ თუ არა – ამისი თქმა ჩვენი საქმე არ არის. თითქო სომეხთა მეცნიერთ ესეც-კი შურთ ჩვენთვის, თითქო უფიქრიათ, რა საჭიროა ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის თვალით უყურონ ქართველებსა, მოდი აქაც ხელი შევუშალოთო. ვინ მოგახსენათ, რომ ქართველები გულკეთილები არიანო, თითქო იძახის პროფესორი პატკანოვი, როცა გვწამებს ფანატიკოსობას. დიაღ, იგი ეფიცება ქცეყანას, რომ ქართველები ფანატიკოსები არიანო, ესე იგი სხვა უცხო კაცისა და რჯულის მიუკარებელნი, შეუწყნარებელნი და მდევნელნიო. ამის საბუთად ერთი რაღაც ზღაპარი მოჰყავს თამარ დედოფლის დროინდელი.

ფანატიკოსობა, რასაკვირველია, სიბრიყვისა და გონებადახშულობის ავზნეობაა და ამ სიკეთეს როგორ დაიშურებდა ჩვენთვის სომეხთა მეცნიერი.

იქნება, მართლა, ავზნენი, გულღვარძლიანები ვიყვნეთ, ფანატიკოსობა გვჭირდეს, – ჩვენ არც ამაში გამოვეკიდებით. ხოლო რაკი სომეხს პროფესორს ჩვენთვის ფანატიკოსობა შეუწამებია, აშკარაა იმ აზრით იქცევა ასე, რომ სომეხს ამისთანებში ხელს აბანინებს, მითამდა ქართველები არიან ასეთნი ბრიყვნი და ავის ზნისანი და სომხები-კი არაო. ვნახოთ ასეა, თუ აქაც რაღაც ოსტატობაა და თვალთმაქცობა სწავლულისა.

როცა ქალკიდონის მსოფლიო კრებულს (596 წ.) ემოწმა ქართველობა და ამით სარწმუნოებით ერთმანეთს დაშორდნენ ქართველები და სომხები, სომხებმა ცალკე კრება მოახდინეს დვინს და დაადგინეს განაჩენი. ამ განაჩენის ძალით სომეხთა მაშინდელმა პატრიარქმა აბრამმა ასე შეაჩვენა და კრულვა-წყევლას მისცა ქართველობა: „ჩვენ დავწყევლეთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოსი კირიონი და ქართველებზე ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არც ჭამა-სმითა, არც მეგობრობითა და არც შვილების აღზრდითა. არ გაბედონ წასვლა სალოცავად არც სახელ გათქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღებმიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან.

ვინც ამ ბრძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულითა და ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა“.

ამას მოგვითხრობს სომხის ისტორიკოსი კაღანკატვაცი. ისტორია მისი მეცხრე საუკუნეს ეკუთვნის და თვით პატკანოვს რუსულად გადაუთარგმნია. ეს მაღალ ზნეობის და კაცთმოყვარეობის მომასწავებელი განაჩენი შიგ ამ ისტორიაშია ჩართული. სართი დასწრებისააო, სწორედ ამას ჰქვიან, ამაზე უდიდესი ფანატიკოსობა არა გვგონია სხვა იყოს სადმე. ამ სახელოვანის განაჩენის პატრონს განა ხმაღა ამოეღებოდა ჩვენს ფანატიკოსობაზე, რომ ქვეყანაზე გამკითხავი ვინმე იყოს! რატომ აგრე საქებურად გაუჩუმდა ამისთანა წრეს გადასულს ფანატიკოსობას, რაკი აქამდე მიიყვანა საუბარი.

განა მართალი არ არის ყოველ ამის შემდეგ დ.

ბაქრაძე, როცა პატკანოვზე ამბობს: „პატკანოვი უკვე დასკვნილს ქართულს აზრს ან უჩუმდება, ან თუ იგი მოჰყავს, მოჰყავს გადასხვაფერებით, იმგვარად, რომ ბინდი მიჰფინოს მის წინააღმდეგ აზრს, ქართულ ისტორიის წყაროს, თვით ჩვენთა წინაპართა ხასიათს“. თუ ამისთანა ოინებსა და თვალთმაქცობას კადრულობენ და არა თაკილობენ სომეხთა ქებულნი და თავმოსაწონებელნი პროფესორნი, რაღა უნდა მოვთხოვოთ სხვა სომხებს, რომელთაც ცარიელ დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და ყურებს გვიჭედავენ.

ამ სახით, კადნიერმა პროფესორმა ხომ თავზე დაგვახია ჩვენი „ქართლის ცხოვრება“, ხომ სახელი ჩვენი ცოტად თუ ბევრად შეგვილახა მით, რომ ქვეყანას აუწყა, ვითომც უსწავლელი და უმეცარი, ესე იგი უკანასკნელი სომეხი მაშინაც-კი უპირველესი და წინწასული ყოფილა ქართველებზე, როცა ქართველების ოქროს დრო იყო, ხომ ფანატიკოსობაც შეგვწამა, – ახლა სხვა გზიდამ მოგვიარა.

სული ხომ ვითომც ამოგვხადა, ახლა ხორცის გლეჯასაც მიჰყო ხელი. ამ მხრითაც რომ ლახტი არ შემოექნია, ერთსა და უკანასკნელ საგანს სომეხთა მწიგნობრების პროგრამისას უღალატებდა და ამის ჯავრსა და ცოდვას რად გაიყოლებდა.

ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთა „მუშენი“, დაბადების „მოსოხნი“ ანუ „მოსხნი“, ახლანდელნი „მესხნი“, ჰეროდოტის „ტიბარენნი“, სტრაბონის „ტიბერნი“ და „კოლხნი“ შეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა. რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ძველისძველად ამ ქართველ ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე ღალისის მდინარისგან მცირე აზიაში – შავის ზღვის პირამდე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე იგი ადგილები, რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ, აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში დაჩემება რამ უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, – მოუნდება დაამტკიცოს, რომ ზემო დასახელებულნი ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან.

სწორედ ასე მოიქცა ჩვენი გულადი პროფესორი და გვეფიცება, რომ „მოსხები და კოლხები“ ქართველის ნათესაობისანი არ არიანო, და არავითარს საბუთს ამისას არ იძლევა-კი ეს საოცარი მოფიცარი. ბალღო, რადა სტირიო? გამიდის და ვტირიო, სწორედ ეს არის.

ამგვარათვე ხელს იწვდის ტაოსკარზე, ეხლანდელ ჭოროხის ხეობაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უცხო ერის მემატიანენი, მაგალითებრ კონსტანტინე პორფიროგენი (911-959 წ.) იმოწმება, რომ მეათე საუკუნეზე წინათ ქართველთ ბაგრატიდთა ეჭირათ ჭოროხის ხეობა და აქედამ დაიპყრეს თვით არზრუმი და სხვა ნაწილები სომხეთისაო. თუნდ ესეც არ იყოს, მთელი ჭოროხის ხეობა, როგორც უკვე ვთქვით, სავსეა ქართულის ეკლესიებითა და მონასტრებითა ქართულისავე ზედ წარწერებითა და ზოგნი ამათგანი ეკუთვნიან მერვე-მეცხრე საუკუნეს. ყველა ეს უტყუარნი მოწამენი თვით სომხის ვარდაპეტის სარგისიანისაგან არიან წერილნი, ბროსსესაგან განხილულნი და აკადემიის მემუარებში დაბეჭდილნი. თვით ეს სარგისიანი, რომელსაც 1843-1853 წ. დაუვლია ჭოროხის ხეობა, მწუხარებით ამბობს, რომ ღონისძიება არა მქონდა გადმომეღო იგი მრავალი ქართული ზედწარწერანი, რომელნიც მე იქა ვნახეო.

აბიხი, ხანიკოვი და თვით იგი კოხი, რომელიც ერთს შემთხვევაში პატკანოვმა იმოწმა, ამასვე მოგვითხრობენ.

ესეა თუ ისე, პატკანოვი უფრო შორს მიდის ამაზე, და რაკი სხვისის დაჩემების გზაზე დაექანა, თავს ვეღარ იმაგრებს და ჭანეთსაც, მოსე ხორენელის „ჭანივ“-ს, ესე იგი „ქალდეას“, ხელი წაატანა, – „ქალდეა“ შეადგენდა ნაწილს სომხეთის სამეფოსასაო. როდის და სად არის ამისი ისტორიული საბუთიო? – ეკითხება ამ გათამამებულსა და მადაგახსნილს სომხის პროფესორს დ. ბაქრაძე. მართალიც არის. თუ მოსე ხორენელი სწერს, რომ იმ ადგილებში, რომელსაც „ქალდეა“ ერქვა, ჯერ თითქმის ორი ათასის წლის წინათ სომხები იყვნენო, ეხლა ხომ ყველამ იცის, რომ ეს აშკარა ტყუილია. ისიც ეხლა ყველამ იცის, რომ სომეხთა მეისტორიეთა მამამთავარი მოსე ხორენელი ისე სარწმუნო და საქებ-სადიდებელი არ არის, როგორც სომხებსა ჰგონიათ.

ლენორმანი, ეს ყველასაგან დიდ სწავლულად მიჩნეული კაცი, აი რას ამბობს: „შეურყეველ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ, რომ სომხებს არ აბადიათ არარიგი ნაციონალური გადმოცემა პირველ ტიგრანამდე, რომელიც კიროსის თანამედროვე იყო. რაც-კი შეეხება ამაზე წინა დროს, ყველა მოთხრობა სომეხთა მწერლებისა მომდინარეობს მოსე ხორენელის წიგნისაგან, და ეს წიგნიც, როგორც თვით ხორენელისაგანაც სჩანს, არის უბრალო ასლი (კოპიო) მარაბაზ კატინის ცრუსიტყვაობისა, კომპილაციისა. ეს ბატონი კატინა ცხოვრობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეს, ადგა ლიტერატორობის ხელობას, ეკუთვნოდა ედესის სკოლას და ამან შეადგინა კომპილაცია, საცა სიმართლეზე მეტი სიცრუე შეიტანა და სულ ეს ააშენა კტეზიის ქრონოლოგიურ სისტემის მსგავსად და, სხვაც რომ არა იყოს-რა, მარტო ამ სისტემის მიბაძვას უნდა გაეფუჭებინა საქმე, გაეშორებინა ჭეშმარიტებისაგან. გულუბრალო მკითხველის მოსატყუებლად კატინამ ეს ხერხიც მოიხმარა, რომ თავისი კომპილაცია მიაწერა ალექსანდრე მაკედონელის დროს. კატინის დროს ამისთანა ხერხიანობა ძალიან გავრცლებული იყო და ამ გვარის ყალბის წერილებით, ფალსიფიკაციებით მოჰფინეს მთელი ქვეყანა“ .

ჩვენ ეს ლენორმანის საბუთიანი აზრი იმისთვის არ მოგვყავს აქ, რომ მოსე ხორენელი შევუბღალოთ მის პატრონებსა. აქედამ ერთი იმისთანა ოინი გამოიჩეკა მერე, რომ ერთი მაგალითი კიდევ მოგვეცა გავითვალწინოთ უტყუარად, – რა საქებური და სამამაცონი ზნენი სჭირვებიათ სომეხთა მწიგნობართა საერთოდ და მათ ბაირახტარს პატკანოვს საკუთრივ. ლენორმანმა ეს თავისი და ეხლა ყველასაგან მიღებული აზრი მოსე ხორენელზე 1871 წელს გამოაცხადა.

რა თქმა უნდა, ვერაფრად იამებოდათ ეს ამბავი მოსე ხორენელის მაქებარ-მადიდებელთა. განა რა უნდა ექმნათ? ქონდრის კაცი ხომ ვერ შეეჭიდებოდა იმისთანა გოლიათს მეცნიერებისას, როგორიც ლენორმანია. ან რომ გაეხედნა კიდეც, რას გაიტანდა. როგორ უშველა პატკანოვმა თავს? აი ძაღლის კუდი სადა მარხია. გამოვიდა, რომ ეს საბძელი ხომ იწვის, ბარემ ხელები მაინც გავითბოო, და გაითბო კიდეც.

პატკანოვმა ყური მოიყრუა, თითქო არც სადმე ლენორმანია და არც მის მიერ ნათლად გამორკვეული აზრი: აიღო და კარგა ხანს შემდეგ, როცა უკვე ლენორმანის აზრი გამორკვეული იყო, შეუდგა ვითომდა თავისის საკუთარის თაოსნობით მოსე ხორენელის ავისა და კარგის ჩხრეკასა, ვითომ თითონ გამოიძია, თავისს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, – ვითომ თითონ მიაგნო, რაც უკვე მიგნებული იყო სხვისაგან, და ლენორმანის გამონაკვლევი თავისის სახელით გაასაღა. ამ რიგად უკვე აღმოჩენილი ამერიკა აღმოაჩინა და დოინჯი შემოიყარა თავმოწონებისა.

როგორ მოგწონთ ამისთანა საქციელი? თქვენ თუ არ მოგწონთ, აბა ყური დაუგდეთ პატკანოვის ამქრის მწიგნობართა, რას ამბობენ ამ სხვისის ღვაწლის დამჩემებელსა და სხვის ნაცვამით დოინჯშემოყრილ პროფესორზე: „ყველაზე უდიდესი (капитальный) საისტორიო ღვაწლი პატკანოვისა“ სწორედ ეს ღვაწლი არისო. აკი „კაცსა მართალს, თუ მტყუანსა, კაცნივე შეატყობენო“. მიუქარავს ამ ანდაზის მთქმელსა.

თუ მართლა „ყველაზე უდიდესი საისტორიო ღვაწლი“ ესა ყოფილა პატკანოვისა, სხვა უმცირესი რაღა უნდა იყოს? ეს სხვა მეცნიერსა ვკითხოთ, სახელდობრ ბ-ნ მარს, ახლანდელს სომხების პროფესორს პეტერბურგის უნივერსიტეტში. მე პატკანოვის შეგირდი ვარო, იძახის თავმოწონებით ბ-ნი მარი. მწურთვნელის კარგად ხსენება მადლობელის გაწურთვნილისაგან მოსაწონია, მაგრამ ესეც-კი ურიგოდ არ არის ნათქვამი: „ცემა გმართებს გამზრდელისა, თუ ყრმა ჰნახო ავად ზრდილი“.

ბ-ნი მარი, თუმცა პატკანოვისამებრ ოინებში ჯერ თავი არ უჩენია და ღმერთმაც ნუ ჰქმნას, რომ იჩინოს, – სხვაფრივ-კი იმის გზაზე დამდგარა და დიდის რიხით იჭიმება, თითქო მაღლა ფრინველს არ გადაიფრენს და დაბლა ჭინჭველას არ გაიტარებსო.

ერთი აკაკისთან მისი საუბარი გადაათვალიერეთ და დაინახავთ, რარიგად იბღინძება თავისის მეცნიერებით, რარიგად იბერება, რა სხვილ-სხვილად იხარჯება, რა დიდ-დიდ სწავლულებში თავსა სდებს. ამ ბოლოს დროს ბ-ნმა გოლმსტრემმა ამომავალ მნათობად დაგვისახა მეცნიერების ცაზე და ამას იქით, უყურეთ, ცას ქუდად აღარ მიიჩნევს და დედამიწას ქალამნადა. თუმცა ეს როგორღაცა ჰგავს, კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო, მაგრამ ჩვენ რა გვენაღვლება? ჩვენ რა საქმე გვაქვს? კუმ თავისი იცოდეს, ჩვენ – ჩვენი.

თუ რამე კულტურის ნასახი გააჩნიათ ქართველებსაო, თითქმის სულ სომხების მოწყალებითაო, სომხების კულტურა რომ უარ-ჰყონ, ნახევარი კულტურა ქართველებისა თქვენს ჭირს წაიღებსო, ამბობს ეს ახლად ამომავალი მნათობი მეცნიერებისა. იქნება ესეც იყოს, არც აქ ავუხირდებით, იმიტომ რომ ჩვენ სახეში სულაც არა გვაქვს ვიძიოთ, ქართველი სჯობია სომეხს, თუ სომეხი – ქართველს, ამაებზე საუბარი ბრიყვის საქმეა და ჩვენ შორს ვუვლით ამისთანა აბდაუბდას. ჩვენ მარტო ამას ვჩივით, – როცა იმისთანა მეცნიერნი, როგორც ბ-ნი მარია, ამისთანებს იღაღადებენ, საბუთი მაინც უნდა დაგვანახვონ.

ბ-ნი მარი ჩვენს ენასაც კი სწვდა თავისის ბასრის ხმალითა.

ენის მრავალსიტყვაობა ერის მრავალ აზროვნობას მოასწავებს, და როცა ისტორია ორს ენას ერთმანეთს მოახვედრებს, უფრო სუსტი და უძლური ენა ზედ-იჩნევს გავლენას უფრო წინწასულ და უფრო კულტუროვან ენისა.

ნუთუ ამ აზრით, ამ განზრახვით ბ-ნი მარი გვიცხადებს, რომ ქართულმა ბევრი სიტყვა სომხურისა მიითვისაო და ამით შორიდამ გვანიშნებს, – აი ერთი საბუთიც სომხების კულტურისა და ამ კულტურის ზედგავლენისა ქართველებზეო.

„ბანაკი, მუშაკი, სპეტაკი, ჟამი, ქალაქი, სენაკი, კარგი, წესი, მატიანე, პატივი, ჭეშმარიტი“ და ბევრი სხვა სულ სომხური სიტყვებია ქართულში გადატანილიო. ესეც იქნება მართალი იყოს, ხოლო ჯერ კიდევ ღმერთმა იცის – ეს სიტყვები სომხებისაგან მიუღიათ ქართველებს, თუ ქართველებისაგან სომხებს. ჩვენ აქ არც ერთის დამტკიცება გვინდა, არც მეორისა, ხოლო გვიკვირს ასე გადაწყვეტილად ლაპარაკი იქ, საცა არავინ იცის, ჯერ რა გამოვა რისაგან, და ბ-ნმა მარმა რად ინება ასეთი ლაპარაკი?

პირიქით, თუ ლენორმანი სარწმუნო სწავლულია, თუ შეურყეველ ავტორიტეტად ცნობილია ამისთანებში დიდქებული, ლენორმანის სიტყვით, ლინგვისტი ეჟენ ბიურნუფი, რატომ ბ-ნმა მარმა ამათ მაინც ყური არ ათხოვა, თუ დასაჯერად არა, ეჭვის გასაჩენად მაინც.

ლენორმანი ამბობს, – „სრულიად შესაწყნარებელია, რომ დიდი ნაწილი ამ (ქართულის) სიტყვებისა ეკუთვნის სპარსულს ენას და ქართულში შემოსულია შედარებით ახალ დროს არა საჭიროების ძალდატანებით, არამედ ისტორიის მოქმედებით. დანარჩენი ნაწილი-კი ქართულ სიტყვებისა უძველესის დროებისანი და ზედმიწევნით ქართულის თვისებისანი არიან, როგორც ეს დაამტკიცა ჩვენმა დიდებულმა ლინგვისტმა ეჟენ ბიურნუფმაო“.

უძველესნი დრონი ქართველობისა და მათის კულტურისა ასურელ ლურსმულ ნაწერებშია მოხსენებული ჯერ კიდევ 1300 წელს ქრისტეს წინათ, როგორც ამას მერე უფრო ცხადად დავინახავთ, და სომხების ხსენება მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე ქრისტეს წინათ არც კი იყო. მაშ უფრო საგულვებელი არ არის, რომ სომხებს ქართველებისაგან შეევსოთ თავისი სიტყვა-ნაკლულევანება, რაკი ამ საგანზე მივარდა საუბარი?

თუნდ ესეც არ იყოს, თუნდ ყოველივე ეს სამაცდურო საგულებელიც იყოს და სხვა რამ ნიშანწყალი საბუთისა არა გააჩნდეთ-რა, სწავლული გატერიასი, მცოდნე ქართულ-სომხურისა, ხომ ცრუმეტყველი მეცნიერი არ არის. ამანაც-კი გამოსთქვა, რომ სომხურ ენის შინაგან თვისებას ნათლად ვერ მივუხვდი, მინამ ქართული ენა არ ვისწავლეო, რადგანაც სომხურის ენის ბევრი ძირკვები წმინდა ქართულ ელემენტისაგან აწარმოებენო და უქართულოდ იმათი ახსნა შეუძლებელიაო. ლენორმანის და რაულსონის თქმული, რომ სომხების არმენიაში შემოსევამ (მეშვიდე საუკუნის დასასრულს) ბევრი ალაროდიული (ქართული) ჩანთქაო, საბუთს უმატებს გატერიასის ნათქვამს და ამების გამო ბ-ნ მარს ეჭვი მაინც უნდა შეჰპარვოდა, და არა ბრძანება გაეცა, ასე იყოს, როგორც მე მიამება და როგორც გაწურთვნილი ვარ ჩემის მწურთვნელისაგანაო.

მთელს ამ საუბარს ბ-ნ მარისას ერთ ქრთილადაც არ ვიყიდით. ენის გამდიდრება სხვისა სიტყვებითა ერს არ დაამდაბლებს, თუ არ აამაღლებს. რუსული очаг და ჩვენებური „ოჯახი“ მონღოლური სიტყვაა, башка თათრულია, თუ სპარსული, სიტყვისამ „ბაშ“, сакля – „სახლი“ ქართულია, религiя, профессiя, поэзiа, литература და ათასი სხვა მაგისთანა, სულ სხვა ენის სიტყვებია, – და ამით მითამ რაო? ინგლისის ენაში თითქმის ნახევარი სიტყვები ფრანგულია, მოდით და წინ გადაუდგეს ან ენაწმინდა ქართველი, ან ენაწმინდა სომეხი და დაეჟინოს, – ჩვენ გჯობივართო.

მართალია, ბ-ნს მარს მიზეზი სხვამ მისცა ამების ლაპარაკისა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ ამაებზე საუბარი წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი. ბ-ნი მარი სხვაფრივაც ირჯება, თითქო ჩვენზე გულმოსულია და ჯავრს იყრის. კარგა ხანია, რაც დაიქადა, რომ დამაცადეთ, ეგ თქვენი რაღაც „ვეფხის-ტყაოსანია“, – სულ თავზე დაგიფხრეწთო, ინგლისში ერთი მანუსკრიპტი მეგულება, იმას ვიპოვი და დაგიმტკიცებთ, რომ იქიდამ არის ეგ ნათარგმნი, ან გადმოღებულიო, ვაი ჩვენო თავმოსაწონებელო რუსთაველო! თურმე ქურდი ყოფილხარ და სომეხთა მეცნიერთამებრ სხვისი შენად გაგისაღებია! ჩვენ-კი რა დიდებულ კაცად მიგიჩნიეთ, შენს სახელს შევხაროდით! ბ-ნი მარი, რომელიც ვითარცა დიდგულა მეცნიერი, შუბლზე ბუზსაც არ ისვამს, უბრალო სიკვდილის შვილი ხომ არ არის, ტყუილად დაიქადოს რამ და არ იცოდეს, რომ „ისარი და პირით სიტყვა, რა გასტყორცნო, არ მობრუნდეს“. დაიქადა და აკი… აი ის დღეა და ეს დღე, მას აქეთ შვიდი-რვა, თუ არ მეტი, წელიწადი გავიდა, – მაგრამ ქადილი ქადილად დარჩა. ბ-ნმა მარმა კარგად იცის, რა განძია ჩვენთვის „ვეფხის-ტყაოსანი“ კარგად იცის, – რა ბურჯია იგი ჩვენის თავმოწონებისათვის, ქვეყნად ხმის ამოღებისათვის. მაშასადამე, თუ თავში დასაცხები ვისმე რამე უნდა, უკეთესი იქნება აქედამ დაგვცხოს, აქედამ შეგვინგრიოს ციხე-სიმაგრე ჩვენის სახელისა და თავმოწონებისა, თუ არ ამან, სხვა რა გულთა ძვრამ უნდა აგვიხსნას ეს ამისთანა თავდაუჭერავი მუქარა და ქადები მეცნიერისა, ფსიქოლოგიურად რომ ჩავუკვირდეთ?

რა საკადრისია, კაცს ჯერ საბუთი არ ენახოს, არ გაეჩხრიკოს და არც იცოდეს, მართლა ამისთანა საბუთი არის სადმე თუ არა, აიღოს და მთელს ერს შეუგინოს მისი სამართლიანად სახელოვანი კაცი, შეუბღალოს იგი თითქმის წმიდათაწმიდა, რომელსაც შვიდას-რვაასი წელიწადია განუწყვეტლად შესტრფის და შეხარის, შეურყიოს ძირი იმ დიდებულს სახსოვარს, რომელსაც მთელმა ერმავე შიგ ჩაატანა თავისი ცრემლი და თავისი სიხარული, შიგ ჩაახვია თავისი სული და გული, შიგ ჩააწნა თვისი უკეთესნი ფიქრნი, ზრახვანი, გრძნობანი!..

რა საკადრისია! კიდევ ვიტყვით: ამისი საბუთი რომ ხელში ჰქონოდა, ვინ რაღას ეტყოდა, მართალს წინ რაღა დაუდგებოდა! მაშინ თუმცა შევწუხდებოდით, მაგრამ მაინც პატივისცემითა და მოწიწებით თავს მოვიხრიდით მართლის წინაშე. საქმე ის არის, რომ ჯერ საბუთი არ ენახა, და ან რას ნახავდა, რაც არ არის, და მაინც დაიქადა. მე ესე მომელანდაო, სიზმარში ვნახეო, რომ ინგლისში ამისი საბუთი არისო. თუ ეს მართლა სიზმარში მოლანდებული არ არის, მაშ რა იქნა იგი ქადებული საბუთი? რამ ჩაყლაპა? თუ იგი საბუთი არ აღმოჩნდა, ის პატიოსანი და ყოვლად ღირსეული თვისება ჭეშმარიტის მეცნიერისა სადღაა, რომ სთქვას: შევცდი და ვინანიო. განა რომ „სოფლის ნადიმთა მჯდომელი სოფელსავითვე ჭრელია“. განა რომ „ბუისგან ნუ გამოელი ბოლო-კარკაზის ბუდესა“.

მოდით და გულზე ნუ მოხვალთ ამისთანა თავგასულ და შეუნანებელ საქციელისაგან! ვშიშობთ, მაგრამ მაინც ვიტყვით: ნუთუ ამისთანა ქედმაღალმა მეცნიერმა, როგორიც მარია, თითონ რომ ჰკითხოთ, მართალი არა სთქვა? და თუ არა სთქვა, რას გვემართლებოდა? რათ დაიქადა ასეთის გაბედულის რიხიო, და თუ დაიქადა, რათ არ აასრულა ქადებული? რა ანგარიშია, რომ ლამის ხელადამ გამოგვაცალოს ჩვენ ჩვენი საუნჯე და ამისათვის ცარიელ მუქარის და ქადილის დალაბრებული, პირგადაღეჭილი ხმალი მოგვიღერა.

ვისთვის და რისთვის ირჯება, რომ ასე უსაბუთოდ გვეტანება და ხელადამ გვაცლის ჩვენს „ვეფხის-ტყაოსანსა“? ვის შერჭმია თვალში ეკლად ეს ქართველების ეროვნულ ღირსებისა და ვინაობის სახსოვარი, რომ ბ-ნი მარი აგრე თავზე ხელაღებულად იღვწის ამ ეკლის გამოღებისათვის? ყოველივე ეს თქვენ გამოიცანით და ჩვენ-კი დიდი ხანია ვიცით, რომ „ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button