ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ტონბა-ვარჩხილი და ოქროსბეწვიანი ვერძიი

    ყოფილა ერთი მწყემსი. ეს მწყემსი ღვთისნიერი და ძალიან კარგი გულის კაცი ყოფილა. მას კარგის გარდა ცუდი არავისთვის არასდროს უქნია. მისი სახლის კარი შეჭირვებულისა და გაჭირვებულისათვის სულითა და გულით მუდამ ფართოდ გაღებული ყოფილა. სხვისთვის კარგის ქმნასა და დახმარებაზე ის არასოდეს უკან არ დაიხევდა და არც მოწსყინდებოდა თურმე სიკეთის ქმნა. ჰყოლია ამ მწყემსს დიდძალი საქონელი. მის საქონელს არავითარი მავნე არასოდეს ახლოს არ გაჰკარებია, არც რაიმე სახადი შეჰყრია როდისმე. მუდამ აღმა და აღმა თუ მიიწევდა («დუღდა»), თორემ სიღატაკე-გაჭირვება არასოდეს გამოუცდია. ყოველ ზაფხულს მწყემსი თავის საქონელს მთაში მიერეკებოდა თურმე. იქითობასაც და აქეთობასაც ტონბა-ვარჩხილი უნდა გაევლო.

    მწყემსს, რა თქმა უნდა, ტონბა-ვარჩხილი წმინდა წყლად მიაჩნდა, ერიდებოდა და ყოველთვის ცდილობდა, მის ნაპირას საქონელი არასოდეს დაეყენებინა, და, მართლაც, დიდი ხანია იგი საქონელს ერეკებოდა, მაგრამ იქ არასოდეს მოუხვედრებია.

    ერთხელ, მწყემსი საქონელს რომ მიერეკებოდა, ზუსტად ტონბა-ვარჩხილთან ისეთი სქელი ნისლი ჩამოწოლილა, რომ საქონელი ვერსად დაძრულა. უცდია მწყემსს ნისლის გაფანტვისათვის, მაგრამ ნისლი გაფანტვის ნაცვლად, სულ გასქელებულა და გასქელებულა და ბოლოს სულ გაშავებულა. ამასობაში დაღამებულა. როცა ნახა, რომ საშველი არ არის, გაუჩერებია აქ საქონელი, დაუნთია ცეცხლი, გამოუყვანია ერთი საკლავი, ღვთისთვის შეუწირავს და უთხოვია, ცოდვად არ ჩაეთვალა მისთვის ამაღამ საქონლის აქ გაჩერება.

    შუაღამე რომ გამხდარა, ამოსულა ტონბა-ვარჩხილიდან ოქროსბეწვიანი ვერძი, დარევია ცხვრებს და ყველა დაუმაკებია. მეორე დილას აჰყარა მწყემსმა საქონელი. არ იცის არაფერი, რაც მოხდა.

    დოლი რომ დამდგარა, ცხვრებს ყველას ოქროსბეწვიანი კრავები მოუგიათ. გაჰკვირვებია მწყემსს, მაგრამ მიმხვდარა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს და ღვთისთვის მადლობა შეუწირავს.

    რომ უხილავთ ამგვარი ჯერ თვალით უნახავი საოცრება სხვა მწყემსებს, რქის ამოსვლასავით გაჰკვირვებიათ. მწყემსისთვის რომ უკითხავთ, მწყემსს უამბია, თუ როგორ მოუხდა გაჩერება ტონბა-ვარჩხილთან და ის მიუჩნევია მიზეზად.

    ამ დროს ყოფილა კიდევ ერთი მწყემსი, ცუდის გარდა კარგი რომ არასოდეს გაუკეთებია, ისეთი, მაგრამ დიდძალი საქონელი ამასაც ჰყოლია, რადგან საქონელში ეშმაკსაც უძევს წილი. ამ მწყემსს განზრახ გაუჩერებია საქონელი ტონბა-ვარჩხილთან, ესეც შეხვეწნია ღმერთს, მაგრამ საკლავი რომ არ დაუკლავს, ისე შეჰპირებია, თუ მისი ცხვრები ყველანი ოქროსბეწვიან კრავებს მოიგებდნენ, მაშინ გამორჩეულ საკლავს შესწირავდა.

    შუაღამე რომ გამხდარა, ამოსულა ოქროსბეწვიანი ვერძი, გასძღოლია ფარას ტონბა-ვარჩხილისაკენ და იქ ჩაკარგულა. მეორე დილას უნახავს მწყემსს, რომ მისი საქონლის კვალიც არ ჩანდა, წაუშენია შუბლში, მაგრამ რას უშველიდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button