ლიტერატურამოთხრობა

ფრანც კაფკა – სადამსჯელო კოლონიაში

„ეს მეტად თავისებური აპარატია,” – უთხრა ოფიცერმა მკვლევარ მოგზაურს და მისთვის
კარგად ნაცნობ აპარატს აღფრთოვანებული მზერა შეავლო. მოგზაური, ეტყობოდა,
მხოლოდ ზრდილობის გამო დათანხმებულიყო კომენდანტის მიწვევას, რომელიც ერთი
ჯარისკაცის განაჩენის აღსრულების პროცესზე მის დასწრებას გულისხმობდა.
ჯარისკაცისთვის განაჩენი დაუმორჩილებლობისა და უფროსის შეურაცხყოფის გამო
გამოეტანათ. ეგზეკუციისადმი, როგორც ჩანდა, თავად გამოსასწორებელ კოლონიაშიც
არ იჩენდნენ მაინცდამაინც დიდ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, ამ ღრმა, ქვიშიან,
მოტიტვლებული ფერდობებით გარშემორტყმულ პატარა ხეობაში ოფიცრისა და
მკვლევარის გარდა მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა: ბრალდებული – მოჩლუნგო,
მოუვლელთმასახიანი პირღია კაცი და ჯარისკაცი, რომელსაც ხელში მძიმე ჯაჭვი ეჭირა.
ამ ჯაჭვში გამავალი სხვა პატარ-პატარა ჯაჭვები ერთმანეთთან ასევე დამატებითი
ჯაჭვებით ერთდებოდა. ისინი ჯარისკაცისთვის ხელ-ფეხსა და ყელზე შემოეხვიათ.
ბრალდებულს სახეზე ისეთი ძაღლური მორჩილება ეტყობოდა, რომ ახლა
თავისუფლადაც რომ გაეშვათ ფერდობებზე, ეგზეკუციის დაწყებამდე ერთი ჩასტვენა
საკმარისი იქნებოდა მის უკან დასაბრუნებლად.
მოგზაურს აპარატის მიმართ ინტერესი არ ეტყობოდა. ის გულგრილად დააბიჯებდა
ბრალდებულის ზურგს უკან. ამ დროს საბოლოო სამზადისით დაკავებული ოფიცერი ხან
მიწაში ღრმად ჩაფლული აპარატის ქვეშ იყო შემძვრალი, ხან კი, კიბეზე ასული, აპარატის
ზედა ნაწილს ამოწმებდა. ასეთ საქმეებს, როგორც წესი, მექანიკოსებს ავალებენ ხოლმე,
მაგრამ ოფიცერი ამ ყველაფრის მიმართ ისეთ აზარტს იჩენდა, რომ ან ამ აპარატის
განსაკუთრებული ქომაგი გახლდათ, ან რაიმე სხვა მიზეზით ამ საქმეს მის მეტს არავის
ანდობდნენ.„ესეც ასე. ყველაფერი მზადაა“ – დაიყვირა მან ბოლოს და კიბიდან ჩამოვიდა.
ძალიან იყო დაქანცული. სუნთქვისას პირს ფართოდ აღებდა. მუნდირის საყელოში ქალის
ორი ნაზი ცხვირსახოცი გაეჩარა. „ეს უნიფორმები ზედმეტად მძიმე ხომ არ არის
ტროპიკებისთვის?“ – შენიშნა მოგზაურმა, ნაცვლად იმისა რომ, როგორც ოფიცერი
ტროპიკებისთვის?“ – შენიშნა მოგზაურმა, ნაცვლად იმისა რომ, როგორც ოფიცერი
მოელოდა, აპარატზე ეკითხა რამე. „ნამდვილად,” – უპასუხა ოფიცერმა და გაზეთილი
ხელები საგანგებოდ ამ საქმისთვის განკუთვნილ სათლში ჩაიბანა – „მაგრამ ეს უნიფორმა
სამშობლოს გამოხატავს. ჩვენ გვსურს, სამშობლო შევინარჩუნოთ. ახლა კი აპარატს
შეხედეთ,” – განაგრძო მან, ხელები ჩვრით შეიმშრალა და მოგზაურს აპარატისკენ ანიშნა –
„თუ აქამდე ხელით გვიწევდა მუშაობა, ახლა ყველაფერს აპარატი შეასრულებს“.
მოგზაურმა თავი დაუქნია და აპარატს შეხედა. ოფიცერმა, ყოველი შემთხვევისთვის, თავი
დაიზღვია და განაგრძო: „რაღა თქმა უნდა, ხშირია დარღვევებიც, თუმცაღა, ვიმედოვნებ,
რომ დღეს მათ ადგილი არ ექნებათ. საერთოდ კი ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
აპარატი ხომ თორმეტი საათის განმავლობაში შეუჩერებლად მოქმედებს. დარღვევების
დროსაც მნიშვნელოვანი არაფერია მოსალოდნელი, ადვილად მოვაგვარებთ.“
„დაჯდომას ხომ არ ინებებთ?“ – იკითხა მან უცებ და მოგზაურს საზურგიანი სკამი
შესთავაზა. მოგზაურმა უარი ვერ უთხრა. თხრილის კიდეზე მჯდომმა, შიშით ჩაიხედა
თხრილში. ის არც ისე ღრმა იყო. მის ერთ მხარეს მიწის გროვა აღმართულიყო
კედელივით, მეორე მხარეს აპარატი იდგა. „არ ვიცი,” – თქვა ოფიცერმა – „აგიხსნათ თუ
არა კომენდანტმა აპარატის მოწყობილობა“. მოგზაურმა გაურკვევლად გააქნია ხელი.
ოფიცერი უკეთესს ვერც ინატრებდა, რადგან შესაძლებლობა მიეცა, თავად ელაპარაკა
აპარატზე. „ეს აპარატი,” – დაიწყო და ხელით მოსამართ ღერძს დაეყრდნო – „ჩვენი წინა
კომენდანტის გამოგონებაა. მე მის ჩატარებულ პირველსავე ცდებს ვესწრებოდი და, ასევე,
ყველა დანარჩენ სამუშაოშიც ბოლომდე ვმონაწილეობდი. ეს გამოგონება, სხვათა შორის,
მთლიანად მას ეკუთვნის. გსმენიათ წინა კომენდანტის შესახებ? არა? ნამდვილად არ
გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სადამსჯელო კოლონია მისი მოწყობილია. ჩვენ, მისმა
მეგობრებმა, უკვე მისი სიკვდილის ჟამს ვიცოდით, რომ კოლონიის სტრუქტურა
ზედმიწევნით სრულყოფილია. იმდენად, რომ მომდევნო კომენდანტი, ათასი გეგმაც რომ
ჰქონოდა თავში, კიდევ ბევრი წელიწადი ვერ შეძლებდა აქ რამის შეცვლას. ჩვენი
წინასწარმეტყველება ახდა. ახალმა კომენდანტმა ეს თავად აღიარა. საწყენია, რომ ძველ
კომენდანტს არ იცნობდით. თუმცა,” – შეწყვიტა მან უცებ – „ძალიან გამიგრძელდა. და აი, ეს
აპარატი ახლა ჩვენ წინაშეა. როგორც ხედავთ, ის სამი ნაწილისაგან შედგება. სამივე
მათგანმა დროთა განმავლობაში საკმაოდ უბრალო სახელწოდება შეიძინა. ქვედა
ნაწილს საწოლი ჰქვია, ზედას – კალამი, ხოლო შუა, დაკიდებულ ნაწილს – ფარცხს
ვეძახით.“ „ფარცხს?“ – იკითხა მოგზაურმა. ის უყურადღებოდ უსმენდა. მზე საშინლად
აჭერდა მოშიშვლებულ ველს, რის გამოც აზრის მოკრება უჭირდა. ამის გამო ოფიცრით
აღფრთოვანება ეტყობოდა – ვიწრო, საზეიმო, ეპოლეტებით დამძიმებულ, თასმებით
შეკრულ მუნდირში გამოწყობილი ოფიცერი აზარტში შესული განმარტავდა ყველაფერს
და თან ქანჩით აქა-იქ ჭანჭიკებს უჭერდა. როგორც ჩანდა, არც ჯარისკაცი იყო კარგ
დღეში. მსჯავრდებულისთვის მაჯებზე ჯაჭვი გადაეხვია, ცალი ხელით იარაღს
ჩამოყრდნობოდა, თავი ჩაექინდრა და გულგრილად იყურებოდა. მოგზაურს მისი
გულგრილობა არ გაჰკვირვებია, რადგან ოფიცერი ფრანგულად ლაპარაკობდა,
ფრანგული კი ჯარისკაცს და ბრალდებულს, ცხადია, არ ესმოდათ. გასაკვირი ის იყო, რომ
ბრალდებული, ამის მიუხედავად, მთელი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ოფიცრის
განმარტებებს. რაღაცნაირ, გამაბრუებლად ჯიუტ მზერას სწორედ იქით მიმართავდა,
საითაც ოფიცერი მიუთითებდა და როცა მოგზაური კითხვას სვამდა, ბრალდებულსაც,
ოფიცრის მსგავსად, მზერა მოგზაურისკენ გადაჰქონდა.
„დიახ, ფარცხი,” – განაგრძო ოფიცერმა. „სახელწოდება შესაბამისია. ნემსები ფარცხის
კბილებივითაა განლაგებული. მთელი ეს მოწყობილობაც ფარცხივით მოძრაობს, თუმცა
მხოლოდ ერთ ადგილას და გაცილებით დახვეწილად. ამას მალე მიხვდებით.
ბრალდებულს აი აქ, საწოლზე ათავსებენ. ჯერ აპარატს აგიწერთ, თავად პროცედურის
შესრულებას კი ამის შემდეგ შევუდგები. ასე თქვენც უკეთ შეძლებთ თვალყურის დევნებას.
ამასთანავე, კალამში ერთი კბილანა ზედმეტად გალესილია და მუშაობისას ისე
ჭრიალებს, რომ საუბრის გაგება ჭირს. შემცვლელი ნაწილები კი ძნელად იშოვება. ესე იგი,
როგორც ვამბობდი, ამას საწოლს ვეძახით. ის მთლიანად ბამბის ფენითაა დაფარული.
ამის მიზეზსაც მალე მოგახსენებთ. ამ ბამბაზე ბრალდებულს მუცლით ვაწვენთ –
რასაკვირველია, შიშველ მდგომარეობაში – აქ კი ღვედებია ხელების, ფეხების და ყელის
დასამაგრებლად. აი აქ, საწოლის თავთან, სადაც ბრალდებული, როგორც ვთქვი, სახით
წევს, ქეჩის ნაჭერია მოთავსებული. მისი რეგულირება ადვილია, მას პირში ვჩრით
ბრალდებულს, რითიც ყვირილსა და ენაზე კბენას თავიდან ვიცილებთ. რაღა თქმა უნდა,
ბრალდებული იძულებულია, ქეჩი პირში ჩაიდოს, სხვა შემთხვევაში, მას კისრის ღვედი
კეფას გადაუტეხავს.“ „ეს მართლა ბამბაა?“ – იკითხა მოგზაურმა და წინ გადაიხარა. „რა
თქმა უნდა,” – მიუგო ოფიცერმა ღიმილით – „თავად მოსინჯეთ“. ამ სიტყვებით მან
მოგზაურის ხელი აიღო და საწოლზე გადაატარა. „ეს ბამბა განსაკუთრებულადაა
დამზადებული, ამიტომ უცნაურად გამოიყურება. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“.
მოგზაურს თანდათან დაეტყო ინტერესი აპარატის მიმართ. მან თვალები ხელით
მოიჩრდილა და აპარატს ქვემოდან ახედა. ეს უდიდესი მოწყობილობა გახლდათ.
საწოლი და კალამი ერთი სიგრძის იყო და რუხ ყუთებს მიაგავდა. სიმაღლეში კალამი
ორი მეტრით აღემატებოდა საწოლს. ისინი კუთხეებში მდებარე, მზის შუქზე მოკაშკაშე
თითბრის ოთხი ძელით ერთდებოდა. ყუთებს შორის ფოლადის რკალზე ფარცხი ეკიდა.
ოფიცერი მოგზაურის აქამდელ დაბნეულობას თითქოს ვერ ამჩნევდა, სამაგიეროდ, მისი
ახლად გაჩენილი ინტერესი არ გამოჰპარვია. ახსნა-განმარტებები შეწყვიტა და მოგზაურს
აპარატის გულდასმით დათვალიერების საშუალება მისცა. ბრალდებული ცდილობდა,
მოგზაურისთვის მიებაძა. იმის გამო, რომ ხელით მოჩრდილვა არ შეეძლო, მაღლა
ყურების დროს თვალები ეჭუტებოდა.
„ესე იგი, ბრალდებული უკვე წევს,” – თქვა მოგზაურმა, სავარძელზე გადაწვა და ფეხები
გადააჯვარედინა.
„დიახ,” – უპასუხა ოფიცერმა, ქუდი უკან გადაიწია და ხელი ცხელ სახეზე გადაისვა – „ახლა
მისმინეთ! როგორც საწოლს, ასევე კალამს, თავიანთი ელემენტები აქვთ. საწოლს ის
თავისთვის, კალამს კი ფარცხისთვის სჭირდება. ბრალდებულის შებორკვისთანავე
საწოლი ამოძრავდება და პატარ-პატარა ბიძგებით დაიწყებს რხევას როგორც
ვერტიკალური, ასევე, ჰორიზონტალური მიმართულებით. თქვენ ალბათ გინახავთ მსგავსი
აპარატები სამკურნალო დაწესებულებებში. უბრალოდ ჩვენს აპარატში ყოველი ბიძგი
ზუსტადაა გათვლილი. ისინი ზედმეტი სიზუსტით უნდა შეესაბამებოდეს ფარცხის
მოძრაობას, რადგან, საბოლოო ჯამში, სწორედ ფარცხს ეკისრება განაჩენის აღსრულება.
„რას წარმოადგენს ეს განაჩენი?“ – იკითხა მოგზაურმა. „თქვენ რა, არც ეს იცით?“
წარმოთქვა ოფიცერმა და განცვიფრებისგან ტუჩზე იკბინა. „ბოდიშს ვიხდი, თუ ჩემი ახსნაგანმარტებები ცოტა არეულია. პატიებას გთხოვთ ამის გამო. ადრე ამ ახსნა-განმარტებებს
წინა კომენდანტი იძლეოდა. ახალმა კომენდანტმა ამ დიდ პატივზე უარი განაცხადა.
თუმცა ის, რომ ასეთ პატივსაცემ სტუმარს…“ – აქ მოგზაურმა ხელის მოძრაობით სცადა,
ხსენებული პატივი აერიდებინა, მაგრამ ოფიცერმა არ დაიშალა – „ასეთ ძვირფას სტუმარს
რომ განაჩენის ფორმასაც არ აცნობს, ეს კიდევ ერთი სიახლე გახლავთ, რომელიც…“ – და
მას სალანძღავი სიტყვები მოადგა პირზე, თუმცა თავი შეიკავა და განაგრძო – „ჩემთვის ეს
არ გახლდათ ცნობილი. ამაში ბრალი არ მედება. ისე კი, ყველაზე უკეთ მე შემიძლია
ჩვენეული განაჩენების ხასიათი გაგაცნოთ. მე ხომ…“ – და მან ხელი გულისჯიბეზე დაირტყა

„ყოველთვის თან მაქვს წინა კომენდანტის მიერ შესრულებული შესაბამისი ნახაზები.
„თავად კომენდანტის ნახაზები?“ – იკითხა მოგზაურმა – „გამოდის, რომ ის ყველაფერს
მოიცავდა თავის თავში? ჯარისკაციც იყო, მოსამართლეც, კონსტრუქტორიც, ქიმიკოსიც
და მხაზველიც?“
„სწორედ ასეა,” – თავი დაუკრა ოფიცერმა და მოგზაურს ფიქრიანად მიაჩერდა. მერე,
თითქოს ამოწმებსო, ხელებზე დაიხედა. საკმარისად სუფთა არ ეჩვენა, რომ ნახაზებს
შეხებოდა. ამიტომ სათლთან მივიდა და ხელები კიდევ ერთხელ დაიბანა. ამის შემდეგ
ტყავის საქაღალდე ამოიღო და თქვა: „ჩვენი განაჩენი მკაცრი არ გახლავთ. ის მცნება,
რომელიც ბრალდებულმა დაარღვია, მას ტანზე უნდა დაეწეროს. მაგალითად ამას,” – მან
ბრალდებულისკენ გაიშვირა თითი – „ტანზე დაეწერება შემდეგი სიტყვები: პატივი ეც
უფროსსა შენსა!“
მოგზაურმა შიშით გახედა ბრალდებულს. იმ დროს, როცა მოგზაურს ოფიცერი მასზე
უთითებდა, ბრალდებული თავჩაქინდრული იჯდა და ყურთასმენას რამდენადაც შეეძლო,
ძაბავდა, რომ ოფიცრის ნათქვამიდან რამე მაინც გაეგო. თუმცა სქლად მოკუმული
ტუჩების მოძრაობაზე ადვილად შეატყობდით – არაფერი ესმოდა. მოგზაურს ბევრი
კითხვა გაუჩნდა, მაგრამ, ბრალდებულის სახის შემხედვარემ, ესღა იკითხა: „თვითონ თუ
იცის თავისი განაჩენი?“ „არა,” – უპასუხა ოფიცერმა და განმარტება დააპირა, მაგრამ
მოგზაურმა სიტყვა გააწყვეტინა:„როგორ, საკუთარი განაჩენი არ იცის?“ „არა,” – გაიმეორა
ოფიცერმა და ცოტა ხნით გაჩერდა, თითქოს მოგზაურისგან ამ კითხვის კიდევ უფრო
დაკონკრეტებას ელისო, შემდეგ კი განაგრძო: „თქმას აზრი არც ექნებოდა, ის ხომ ისედაც
ყველაფერს საკუთარ ტანზე გამოცდის.“ მოგზაურმა გაჩუმება დააპირა, როცა
ბრალდებულის მზერა იგრძნო. ბრალდებულს თითქოს იმის გაგება სურდა, მოსწონდა თუ
არა მოგზაურს აღწერილი პროცესი. ამიტომ მოგზაური ისევ წინ გადაიწია და იკითხა:
„იმედია, ის მაინც იცის, რომ ბრალი ედება“. „არც ეგ იცის,” – უპასუხა ოფიცერმა და
ღიმილი მიაგება, თითქოს მისგან კიდევ რაღაცის აღმოჩენას ელისო. „არა,” –
ჩაილაპარაკა მოგზაურმა. „ამ შემთხვევაში მას არც ის ეცოდინება, რა შეფასება მოჰყვა
თავდაცვის მცდელობას?“ „მას არ ჰქონია თავის დაცვის საშუალება,” – ჩაილაპარაკა
ოფიცერმა და მოგზაურს თვალი აარიდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკება და არ სურს
ამ თავისთავად გასაგები ამბებით მოგზაურს თავი მოაბეზროსო. „კი მაგრამ, თავის დაცვის
საშუალება მაინც ხომ უნდა ჰქონდეს,” – თქვა მოგზაურმა და სავარძლიდან წამოდგა.
ოფიცერმა იგრძნო, რომ დიდი ხნით მოუწევდა აპარატის შესახებ ახსნა-განმარტებების
შეწყვეტა. ამიტომ ის მოგზაურთან მივიდა, მკლავზე ჩამოეყრდნო და ბრალდებულისკენ
მიახედა. ეს უკანასკნელი, რადგან მთელი ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი,
ომახიანად წამოდგა. ამ დროს ჯარისკაცმა ჯაჭვი დაჭიმა. ოფიცერმა დაიწყო: „ვითარება
ასეთია: მე სადამსჯელო კოლონიაში მოსამართლის მოვალეობას ვასრულებ, ჩემი
ახალგაზრდობის მიუხედავად, რადგან სწორედ მე ვედექი გვერდში წინა კომენდანტს
ყველა საქმეში და აპარატიც ყველაზე უკეთ მესმის. ჩემი მთავარი პრინციპი, რის
მიხედვითაც განაჩენი გამომაქვს, ასეთია – დანაშაული არასდროს იწვევს ეჭვს. სხვა
სასამართლოები ამ წესით ვერ იხელმძღვანელებენ. ისინი რამდენიმე ინსტანციისაგან
შედგებიან და მათ ზემოთ ყოველთვის დგას უფრო მაღალი სასამართლო დაწესებულება.
ჩვენთან ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, წინა კომენდანტის დროს არ იყო. ახალმა
კომენდანტმა, სხვათა შორის, უკვე გამოთქვა სურვილი ჩემს სამართალში ჩარევისა, თუმცა
მე აქამდე ვახერხებდი და მომავალშიც მოვახერხებ მის უგულებელყოფას. თქვენ ამ
შემთხვევის განმარტება გნებავდათ. ის ისეთივე მარტივია, როგორც ყველა სხვა
შემთხვევა: დღეს დილით ერთმა მეთაურმა განცხადება შემოიტანა. ის ჩიოდა, რომ ამ
კაცმა, რომელიც მასთან მსახურადაა მიმაგრებული და კართან ძილი ევალება, თავისი
ვალდებულება სრულად არ შეასრულა. საქმე ისაა, რომ მსახური ვალდებულია, საათის
ყოველ ჩამოკვრაზე მეთაურის კართან გაიჭიმოს და ხმამაღლა წარმოთქვას
მისასალმებელი სიტყვა. დავალება, როგორც ხედავთ, მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი,
რადგან მსახური ვალდებულია, უდარაჯოს და, ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში,
ემსახუროს მეთაურს. წუხელ მეთაურმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა, თუ როგორ ასრულებს
მსახური დაკისრებულ ვალდებულებას. ზუსტად ორ საათზე მან კარი გააღო და იქვე
მოკუნტული, მძინარე მსახური აღმოაჩინა. მოიტანა მათრახი და მას სახეზე გადაჰკრა.
მობოდიშების ნაცვლად, მსახური თავის ბატონს ფეხებში ეცა, დაეჯაჯგურა და უყვირა:
„ახლავე გადააგდე მათრახი, თორემ შეგჭამ.“ აი, ასეთია ვითარება. ერთი საათის წინ
მეთაური ჩემთან მოვიდა. მე მისი ჩვენება ჩავიწერე და განაჩენიც გამოვიტანე. შემდეგ
მსახურისთვის ბორკილები დავადებინე. ყველაფერი ძალზედ მარტივია. მსახური რომ
მეხმო და დამეკითხა, მხოლოდ გაუგებრობას მივიღებდი. ის იცრუებდა. შემდეგ, ჩემი
ზეწოლის წყალობით, ამ ტყუილს ისევ გადათქვამდა, სხვა ტყუილით შეცვლიდა და ასე
დაუსრულებლივ. ახლა კი დაკავებული მყავს და არ ვათავისუფლებ. – გასაგებად
გიხსნით? მაგრამ დროს ნუ დავკარგავთ. ეგზეკუცია უკვე დაწყებული უნდა გვქონდეს, მე კი
აპარატის განმარტებაც არ მომიმთავრებია.“ ოფიცერმა მოგზაურს ისევ სავარძელში
ჩაჯდომა აიძულა, თავად კი აპარატს მიუბრუნდა და განაგრძო: „როგორც ხედავთ,
ფარცხს ადამიანის ფორმა აქვს. ეს ნაწილი ტანისთვისაა განკუთვნილი, ეს ფარცხები –
ფეხებისთვის, თავისთვის კი მხოლოდ პატარა სარჭია გამოყოფილი. გასაგებია?“ – თქვა
მან და მოგზაურისკენ ზრდილობიანად დაიხარა. მზად იყო, ყველა კითხვაზე ამომწურავად
ეპასუხა.
მოგზაური შუბლშეჭმუხნული მისჩერებოდა ფარცხს. ინფორმაცია სასჯელაღსრულებაზე
მას არ აკმაყოფილებდა, თუმცა ცდილობდა, არ დავიწყებოდა, რომ საქმე
სასჯელაღსრულებით კოლონიასთან ჰქონდა, სადაც ხანდახან განსაკუთრებული ზომების
მიღება იყო საჭირო და რომ ყველაფერს სამხედრო კუთხით უნდა მისდგომოდა. გარდა
ამისა, იმედებს ახალ კომენდანტზე ამყარებდა, რომელსაც, როგორც ჩანდა, ნელ-ნელა,
მაგრამ მაინც ახალი წესრიგის შემოღება ჰქონდა დაგეგმილი, რაც ამ გონებაშეზღუდული
ოფიცრის თავში ვერ შესულიყო. ამ ფიქრებში მყოფმა მოგზაურმა იკითხა: „კომენდანტი
თუ დაესწრება ეგზეკუციას?“ „არ არის ცნობილი,” – უპასუხა მოულოდნელი კითხვით
გაღიზიანებულმა ოფიცერმა და ზრდილობიანი სახე მოეღუშა. „სწორედ ამიტომ უნდა
ავჩქარდეთ. ეგ კი არა, ახსნა-განმარტებების შემოკლებაც მომიწევს, რაც უნდა სამწუხარო
იყოს ჩემთვის. მაგრამ ხვალ, როცა აპარატს გაწმენდენ (უნდა ითქვას, რომ გაჭუჭყიანება
მისი ერთადერთი ნაკლია), მე შემიძლია, დამატებითი ახსნა-განმარტებებიც
შემოგთავაზოთ. ახლა კი მთავარი: როცა ბრალდებული უკვე საწოლზე წევს და საწოლიც
უკვე მოქმედებაშია, ანუ ძაგძაგებს, ფარცხი მისკენ დაიხრება. ის თავისთავად ისეა
მოწყობილი, რომ წვეტებით მხოლოდ ოდნავ ეხება სხეულს. აპარატის
ამოქმედებისთანავე ეს ფოლადის ბაგირი ღერძზე იჭიმება და თამაშიც დაწყებულია.
საქმეში ჩაუხედავი ადამიანი სხვადასხვა სახელს შორის განსხვავებებს ვერ ხედავს.
მისთვის ფარცხი ყოველთვის ერთნაირად მუშაობს. მისი წვეტები ცახცახით ერჭობა
სხეულში, რომელსაც თავის მხრივ საწოლი აცახცახებს. ფარცხი შუშისგანაა დამზადებული,
რათა ყველას შეეძლოს განაჩენის აღსრულების სიზუსტეში დარწმუნება. ნემსების
დამაგრება თავიდან ცოტა გაჭირდა, მაგრამ მრავალი ცდის შემდეგ ეს პრობლემა
მოგვარებულია. ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ახლა ყველას შეუძლია შუშის მიღმა
თვალის დევნება და დანახვა, თუ როგორ კეთდება წარწერა სხეულზე. ხომ არ ინებებთ,
ოდნავ ახლოს მოიწიოთ და ნემსები ახლოდან დაათვალიეროთ?“
მოგზაური ზანტად წამოდგა, აპარატთან მივიდა და ფარცხისკენ დაიხარა. „თქვენ
ხედავთ,” – დაიწყო ოფიცერმა – „ორმაგი ნემსების რამდენიმე მწკრივს. ყოველ გრძელ
ნემსს თან მოკლე ნემსი ახლავს. ამასთან, გრძელი ნემსი წერს, მოკლე კი წყალს ასხამს,
რათა სისხლი გადარეცხოს და ნაწერი გაასუფთაოს. სისხლიანი წყალი ღარებში გადის და
მთავარ ღარში ჩაედინება, შემდეგ კი გამავალი მილით ორმოში გროვდება.“ ოფიცერმა
თითით მოხაზა გზა, რომელიც წყალს უნდა გაევლო. როცა მან წყლის წარმოსახვით
ნაკადს მეტი თვალსაჩინოებისთვის პეშვები შეუშვირა, მოგზაურმა თავი ასწია და
ზურგსუკან ხელის ცეცებით სავარძლისკენ დაიხია. ამ დროს შეშინებულმა შენიშნა, რომ
ოფიცრის რჩევას, ახლოდან დაეთვალიერებინა ფარცხი, ბრალდებულიც მიჰყოლოდა.
მძინარე ჯარისკაცისთვის ჯაჭვი გამოექაჩა და ახლა შუშისკენ იყო დახრილი. კარგად
ჩანდა, უნდოდ მომზირალი, როგორ ცდილობდა, რომ თვითონაც დაენახა ის, რასაც
ოფიცერი და მოგზაური ათვალიერებდნენ, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო,
ვერაფერი გაერჩია. ხან ერთგან, ხან მეორეგან იხრებოდა, მინას მიშტერებული.
მოგზაურმა მისი უკან გაწევა დააპირა, რადგან ბრალდებულის ასეთი საქციელი,
სავარაუდოდ, წესების დარღვევად ითვლებოდა. მაგრამ ოფიცერმა ცალი ხელი მაგრად
ჩასჭიდა, მეორეთი კი მიწაყრილიდან მიწის გუნდა აიღო და მძინარე ჯარისკაცს ესროლა.
ჯარისკაცი ამან მაშინვე გამოაფხიზლა, ბრალდებულის თავხედობაზე თვალები
გაუფართოვდა, თოფი ხელიდან გააგდო, ქუსლებით მიწას დაებჯინა და ბრალდებული
უკან მოქაჩა. ეს უკანასკნელი მაშინვე მიწაზე გაიშხლართა და ჯარისკაცმა ახლა ზემოდან
დაუწყო ყურება მის ფართხალსა და ჯაჭვების ჟღარუნს. „წამოაყენე!“ – დაიყვირა
ოფიცერმა, როცა შენიშნა, რომ ბრალდებულმა უკვე ზედმეტად მიიპყრო მოგზაურის
ყურადღება. მოგზაური გულგრილად მოშორდა ფარცხს. ახლა ბრალდებულის ბედიღა
ადარდებდა. „ფრთხილად მოეპყარი!“ – ისევ იყვირა ოფიცერმა. მან აპარატს შემოუარა,
მკლავებში ამოსდო ხელი ბრალდებულს, რომელსაც ფეხები ეკეცებოდა და ჯარისკაცის
დახმარებით წამოაყენა.
„ახლა კი ყველაფერი გასაგებია ჩემთვის,” – უთხრა მოგზაურმა მიახლოებულ ოფიცერს.
„გარდა ყველაზე მნიშვნელოვანისა,” – უპასუხა ოფიცერმა, მკლავზე ხელი ჩასჭიდა და
მაღლა აახედა. „აი, იქ, კალამში, განთავსებულია მბრუნავი მოწყობილობა, რომელიც
მოძრაობას განსაზღვრავს. ეს მბრუნავი მოწყობილობა განაჩენის შესაბამისი ნახაზის
მიხედვით უნდა დაყენდეს. მე ისევ წინა კომენდანტის ნახაზებს ვიყენებ. აი, თან მაქვს
ისინი“. მან ტყავის საქაღალდიდან რამდენიმე ფურცელი ამოაძვრინა. „მაგრამ ხელში ვერ
დაგაჭერინებთ – ამაზე ძვირფასი არაფერი მაბადია. დაბრძანდით, აქედან გიჩვენებთ, თან
ისე, რომ ყველაფრის დანახვა შეძლოთ.“ მან პირველი ფურცელი გაშალა. მოგზაური მზად
იყო, რამე საქებარი ეთქვა, მაგრამ ქაღალდზე მხოლოდ ლაბირინთისებური, ერთმანეთის
გადამკვეთი ხაზები ჩანდა, რომლებიც ისე მჭიდროდ გაევლოთ ფურცელზე, რომ მათ
შორის ადგილი თითქმის არ დაეტოვებინათ. „წაიკითხეთ,” – თქვა ოფიცერმა. „არ
შემიძლია,” – უპასუხა მოგზაურმა. „აქ ხომ ყველაფერი ძალზე ნათელია,” – თქვა ოფიცერმა.
„ზედმეტად სრულყოფილია,” – ორჭოფულად მიუგო მოგზაურმა – „მაგრამ მე ამის
გაშიფვრა არ ძალმიძს“.„დიახ,” – თქვა ოფიცერმა და საქაღალდე სიცილით შეინახა. ეს არ
არის ლამაზად გამოყვანილი ნაწერები მოწაფეთათვის. დაკვირვებით კითხვას
საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში ბოლოს თქვენც კი შეძლებთ მათ გაგებას. უბრალო შრიფტს
აქ, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებ. ის მაშინვე როდი კლავს. არამედ, დაახლოებით,
თორმეტი საათის შემდეგ. გამოანგარიშებით, მეექვსე საათი გარდამტეხია. წარწერა
განსაკუთრებულად უნდა მოიქარგოს. ჩვეულებრივი ნაწერი სხეულს გარშემო მხოლოდ
ვიწრო სარტყელად შემოევლება. დანარჩენი სხეული ქარგებისთვისაა
გათვალისწინებული. ახლა შეგიძლიათ ფარცხისა და მთელი აპარატის მუშაობის
შეფასება? – აი ხომ ხედავთ!“ ოფიცერი კიბეზე ახტა, რგოლი დაატრიალა და
დანარჩენებს ჩამოსძახა: „ყურადღება! განზე გადექით!“ და ყველაფერი ამოძრავდა.
რგოლს რომ არ ეჭრიალა, დიდებული სანახავი იქნებოდა. თითქოს ამ ჭრიალით
ელდანაცემმა ოფიცერმა რგოლს მუშტი მოუღერა. შემდეგ, თითქოს მოგზაურს
უბოდიშებსო, ხელები გაშალა და სასწრაფოდ ქვემოთ დაეშვა, რათა აპარატისთვის ახლა
ქვემოდან ედევნებინა თვალყური. რაღაც ჯერ კიდევ ვერ იყო წესრიგში. ეს რაღაც
მხოლოდ ოფიცერისთვის იყო შესამჩნევი. ის ისევ აძვრა აპარატზე, კალამში ხელით
რაღაც მოსინჯა და ჩამოსვლა რომ დაეჩქარებინა, კიბეზე ჩამოსვლის ნაცვლად რკინის
ღერძზე ჩამოსრიალდა და მოგზაურს ძალიან ხმამაღლა, ზედმეტად დაძაბულად
ჩაჰყვირა ყურში: „ხვდებით, რა ხდება? ფარცხი წერას იწყებს. როგორც კი სხეულზე
ასოების პირველი წყება მომთავრდება, ბამბის მბრუნავი ფენა სხეულს ფრთხილად
გადააბრუნებს მეორე გვერდზე და ფარცხს საწერად სხეულის ახალ ფართს სთავაზობს.
ამასობაში ჭრილობა ბამბის მხარეს ექცევა. ეს ბამბა საგანგებოდაა დამზადებული, სისხლს
მაშინვე იწოვს და სხეულს ნაწერის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ამზადებს. ფარცხის
კიდეში განლაგებული კბილანები სხეულის შემდგომი გადაბრუნებისას ჭრილობას ბამბას
აგლეჯენ და ორმოში ისვრიან. ფარცხი კი მოქმედებას აგრძელებს და თორმეტი საათის
განმავლობაში სულ უფრო ღრმად ჩადის სხეულში. პირველი ექვსი საათი ბრალდებული
თითქმის ძველებურად ცოცხლობს, მხოლოდ ტკივილით იტანჯება. ორი საათის შემდეგ
პირიდან ქეჩის ნაჭრის გამოღებაც შეიძლება, რადგან ბრალდებული უკვე ისეთი
ღონემიხდილია, ყვირილის თავიც აღარ აქვს. აი, აქ, თავთან, ჯამში, რომელიც
ელექტროენერგიით ცხელდება, ბრალდებულს თბილ ფაფას უსხამენ. მას შეუძლია იმდენი
ჭამოს, რამდენსაც ჯამიდან ენით მოიხელთებს. ამაზე უარს არავინ ამბობს. ყოველ
შემთხვევაში, მე ასეთი ჯერ არ შემხვედრია, გამოცდილება კი საკმაოდ დიდი მაქვს. მადა
ბრალდებულს მხოლოდ მეექვსე საათზე ეკარგება. ამ დროს, ჩვეულებისამებრ, მისკენ
ვიხრები და ამ მოვლენას ვაკვირდები. ბოლო ლუკმებს ბრალდებული თითქმის აღარ
ყლაპავს. მხოლოდ პირში ატრიალებს და ორმოში აფურთხებს. ამ დროს ჩაკუზვა მიწევს,
ფურთხი სახეში რომ არ მომხვდეს. მეექვსე საათისთვის კი ბრალდებული საოცრად
მშვიდი ხდება! ამ დროს ყველაზე ჩლუნგიც კი გონს მოდის. ეს თვალებიდან იწყება და
ვრცელდება. ეს სანახაობა კაცს ფარცხის ქვეშ დაწოლას მოანდომებს. არადა რა ხდება –
ბრალდებული ნაწერის გარჩევას იწყებს. ის ტუჩებს თითქოს ასოებს აყოლებს. როგორც
უკვე ნახეთ, თვალებითაც კი ძნელია ნაწერის გარჩევა, ჩვენი ბრალდებული კი მას
ჭრილობით შიფრავს. ეს დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ბრალდებულს ექვსი
საათი სჭირდება ნაწერის მთლიანად ამოსაკითხად. შემდეგ კი ფარცხი ბრალდებულს
ბოლომდე ხვრეტს და ორმოში აგდებს, სადაც ის სისხლიან წყალზე და ბამბაზე მოადენს
ზღართანს. სასჯელაღსრულება დამთავრებულია და მე და ჯარისკაცი ბრალდებულს
მიწას ვაყრით. მოგზაურს ყური ოფიცრისკენ დაეხარა, ხელები პიჯაკის ჯიბეებში ჩაეწყო და
ისე ადევნებდა თვალს მანქანის მუშაობას. ბრალდებულიც მანქანას მისჩერებოდა, თუმცა
ვერაფერი გაეგო. ოდნავ დახრილი, მოძრავ ნემსებს მიშტერებოდა, როცა ჯარისკაცმა
ოფიცრის ნიშანზე უკნიდან პერანგი და შარვალი დანით ისე გაუჭრა, რომ სხეულიდან
ორივე ჩამოუსრიალდა. ბრალდებულმა სხეულიდან ჩამოცვენილი ტანსაცმლის ხელით
დაჭერა სცადა, რათა სიშიშვლე დაეფარა, მაგრამ ჯარისკაცმა ჰაერში ასწია და
უკანასკნელი ძონძებიც შემოაცალა. ოფიცერმა მანქანა აამუშავა. ახლად გამეფებულ
სიჩუმეში ბრალდებული ფარცხის ქვეშ დააწვინეს და ჯაჭვების ნაცვლად ღვედებით
შებორკეს, რაც ბრალდებულისთვის თავიდან დიდი შვება აღმოჩნდა. ფარცხი კიდევ
უფრო დაბლა დაეშვა, რადგან ბრალდებული ზედმეტად გამხდარი იყო. ტანზე წვეტების
შეხებამ მას ჟრუანტელი მოჰგვარა. სანამ ჯარისკაცი მისი მარჯვენა ხელით იყო
დაკავებული, მან მარცხენა ხელი უმისამართოდ გაიშვირა. მოგზაური სწორედ იმ მხარეს
იდგა. ოფიცერი მოგზაურს თვალს არ აშორებდა, თითქოს მის სახეზე ეგზეკუციის შესახებ
შთაბეჭდილების ამოკითხვა სურსო.
ამ დროს მაჯებისთვის განკუთვნილი ერთი ღვედი გადატყდა. ეტყობა, ჯარისკაცს ის
მაგრად დაეჭიმა. ჯარისკაცმა ოფიცერს დახმარება სთხოვა და ღვედის ნატეხი გაუწოდა.
ოფიცერი მასთან მივიდა, სახით მოგზაურისკენ მიბრუნდა და თქვა: „მანქანა ძალიან
რთულადაა აგებული, მუდმივად რაღაც ტყდება ან წყდება. მაგრამ ამან საერთო
შეფასებისას არ უნდა დაგვაბნიოს. ღვედის შეცვლა სწრაფად შეიძლება, ჯაჭვს
გამოვიყენებთ, თუმცა, ამით მარჯვენა ხელის ვიბრაციას თავისი სინაზე დაეკარგება.“ და
სანამ ჯაჭვებს ამაგრებდა, დაამატა: „მანქანის შესანახი სახსრები ახლა ძალიან
შეზღუდულია. წინა კომენდანტის დროს მე შესაძლებლობა მქონდა, სპეციალურად და
მხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილი თანხები განმეკარგა. არსებობდა საწყობი, სადაც
ყველა საჭირო ნაწილი ინახებოდა. გამოგიტყდებით და, მათ ლამის მთლიანად
ვფლანგავდი. მხედველობაში მაქვს ძველად, და არა ახლა, როცა ახალი კომენდანტი
მხოლოდ მიზეზებს ეძებს ძველი წესების გასაუქმებლად. ახლა მანქანისთვის
გამოყოფილი ბიუჯეტი მთლიანად მის ხელშია, და როცა ახალი ღვედი მჭირდება, ის
სამტკიცად ძველ, გატეხილ ღვედს მთხოვს. ძველის ახლით შეცვლას ათი დღე სჭირდება.
მიღებული ნაწილი უხარისხოა და უვარგისი. ამ დროის განმავლობაში, ღვედის გარეშე
მანქანას ვერ ვამუშავებ, ეს კი არავის ადარდებს.“
მოგზაურის აზრით, სხვის საქმეებში ზედმეტად ჩარევა სახიფათო იყო. ის არც ამ
სადამსჯელო კოლონიის წარმომადგენელი გახლდათ, და არც იმ ქვეყანის, რომელსაც ეს
კოლონია ეკუთვნოდა. რომც მოენდომებინა ამ ეგზეკუციის განსჯა ან ჩაშლა, ხომ
შეეძლოთ ეთქვათ – უცხო ხარ, ამიტომ ჩუმად ყოფნა გიჯობსო. ამაზე ვერაფერს
უპასუხებდა. მხოლოდ იმის თქმა თუ შეეძლო, რომ საკუთარი თავის უკვირს, რადგან მისი
მოგზაურობის მიზანი, სიმართლე ითქვას, მხოლოდ დათვალიერებაა და არამც და არამც
სხვისი სასამართლო დადგენილებების შეცვლა. თუმცაღა, უნდა ითქვას, საქმის ვითარება
ძალზე მაცდური იყო. სასამართლო უწყების უსამართლობა და ეგზეკუციის სისასტიკე
ნათლად ჩანდა. მოგზაურს ანგარებას ვერავინ დასწამებდა. ბრალდებული არც მისი
ნაცნობი იყო, არც თანამემამულე. ამასთანავე, მოგზაური მისდამი არც განსაკუთრებული
თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. მოგზაურს ჰქონდა მაღალი უწყებების
რეკომენდაციები, აქაც განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა და ის ფაქტი, რომ ამ
ეგზეკუციაზე დასასწრებად მიიწვიეს, აშკარად მიუთითებდა, რომ მისგან სასამართლოს
შეფასებას ითხოვდნენ. ეს ვარაუდი იმითაც მტკიცდებოდა, რომ ახლანდელი კომენდანტი,
როგორც მოგზაურმა ამ საუბრებიდან გაარკვია, ამგვარი სამართლის წინააღმდეგი
გახლდათ და ოფიცრის მიმართ თითქმის მტრულადაც იყო განწყობილი.
ამ დროს მოგზაურს გაცოფებული ოფიცრის ყვირილი მოესმა. მას რის ვაივაგლახით
ჩაეტენა პირში ქეჩის ნაჭერი ბრალდებულისთვის, რომელმაც თავი ვეღარ შეიკავა,
თვალები დახუჭა და გადმოარწყია. ოფიცერმა მას მალევე გამოაცალა ქეჩა დ სცადა,
თავით ორმოსკენ მიებრუნებინა, მაგრამ გვიანღა იყო – პირიდან გადმოღვრილი
საზიზღრობა უკვე მანქანაზე გადასხმულიყო. „ყველაფერი კომენდანტის ბრალია!“ –
დაიყვირა ოფიცერმა და, გაშმაგებული, ძელის ნჯღრევას მოჰყვა. „მანქანას საღორესავით
აბინძურებენ.“ აკანკალებული ხელებით მიუთითებდა მოგზაურს მანქანისკენ. „ აკი
საათობით ვცდილობდი კომენდანტის დარწმუნებას, რომ ეგზეკუციის წინა დღეს
ბრალდებულისთვის საკვები შეეწყვიტათ. მაგრამ ახალი ჰუმანური კურსის მომხრენი სხვა
აზრის ბრძანდებიან. კომენდანტის ქალბატონები განაჩენის აღსრულების წინ
ბრალდებულს ტკბილეულობით უტენიან პირს. მთელი ცხოვრება აყროლებული თევზის
მეტი არაფერი აქვს ნაჭამი და ახლა ტკბილეულობა უნდა მიირთვას! კარგი, ამას კიდევ
შევეგუებოდი, მაგრამ ახალი ქეჩის მოტანა რა გახდა, სამი თვეა ამას ვიხვეწები. ამ ქეჩის
პირში ჩადება ზიზღის გარეშე შეუძლებელია, ის ხომ ასობით მომაკვდავი ბრალდებულის
ნაპირალი და გაღეჭილია.“
ბრალდებულს თავი ჩამოედო და მშვიდად იყურებოდა. ჯარისკაცი მისი პერანგით
მანქანას წმენდდა. ოფიცერი მოგზაურს მიუახლოვდა. ამ უკანასკნელმა, თითქოს რაღაცას
მიუხვდაო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მაგრამ ოფიცერმა ხელში ხელი ჩასჭიდა და
გვერდზე გაიყვანა. „საიდუმლო საუბარი მსურს თქვენთან,“ – თქვა მან – „თუ ნებას
დამრთავთ“. „რა თქმა უნდა,” – უპასუხა მოგზაურმა და თავდახრილი, მოსასმენად
მოემზადა.
„ამ მეთოდსა და მიმართულებას, რომლით აღფრთოვანების საშუალებაც თქვენ მოგეცათ,
დღეს აშკარა მომხრეები აღარ ჰყავს. ერთადერთი ასეთი ადამიანი და ასევე ძველი
კომენდანტის ერთადერთი შემცვლელი მე გახლავართ. ამ მეთოდის შემდგომი
განვითარება მე აღარ ძალმიძს, რადგან მთელი ჩემი ენერგია უკვე არსებულის
შენარჩუნებაზე იხარჯება. ძველი კომენდანტის სიცოცხლეში კოლონია მისი მომხრეებით
იყო სავსე. დარწმუნების უნარი ნაწილობრივ მეც მაქვს, მაგრამ კომენდანტის მსგავს
ძალაუფლებას ვერ ვფლობ. ამის გამო მისი მიმდევრები სოროებში შეძვრნენ. ისინი ჯერ
კიდევ ბევრნი არიან, მაგრამ ამას არ აღიარებენ. დღეს, განაჩენის აღსრულების დღეს,
ჩაის სახლში რომ შეხვიდეთ და აქეთ-იქით მიაყურადოთ, სავარაუდოდ, მხოლოდ
ორაზროვან საუბრებს მოისმენთ. ესენი სუყველა ძველი კომენდანტის მიმდევრები არიან,
მაგრამ ახალი კომენდანტისა და მისი იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ჩემთვის არავითარი
ხეირი არ მოაქვთ. და აი, მე თქვენ გეკითხებით: განა შეიძლება ამ კომენდანტისა და მისი
ქალების გამო, რომელთა ზეგავლენის ქვეშაც ის იმყოფება, ხელოვნების ასეთი ნიმუში“ –
და მან ხელი მანქანისკენ გაიშვირა – „განადგურდეს? განა შეიძლება ამის დაშვება?
თუნდაც სრულიად უცხოსგან, რომელიც ამ ჩვენს კუნძულზე სულ რამდენიმე დღითაა
ჩამოსული? დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩემი სასამართლოს წინააღმდეგ შეთქმულება
მზადდება. კომენდატურაში უკვე სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს,
რომლებზე დასწრებაც მეკრძალება. თქვენი დღევანდელი სტუმრობაც მიდასტურებს
საქმის ასეთ ვითარებას. ეგ მშიშრები ახლა უცხო ადამიანს მიგზავნიან. ძველად ეგზეკუციას
სრულიად სხვა სახე ჰქონდა! ჯერ კიდევ წინა დღით ხეობა ხალხით ივსებოდა. ყველას
უნდოდა ნახვა. დილით ადრე მოდიოდა კომენდანტი თავის ქალბატონებთან ერთად.
ბანაკს ფანფარების ხმა აღვიძებდა. მე ვაცნობებდი მზადყოფნის შესახებ. ყველა
მაღალჩინოსანი ვალდებული იყო, დასწრებოდა ამ პროცესს. საზოგადოება მანქანის
ირგვლივ იყრიდა თავს. ეს დაწნული სავარძელი იმ დროიდანაა საცოდავად
შემორჩენილი. მანქანა ბზინავდა სისუფთავისგან. თითქმის ყოველ ეგზეკუციაზე ძველ
ნაწილებს სათადარიგოებით ვცვლიდი. ასობით ადამიანის თვალწინ – მაყურებელი
თითისწვერებზე იდგა აი, იმ მაღლობამდე – კომენდანტი თავად აწვენდა ბრალდებულს
ფარცხის ქვეშ. რასაც ახლა ბინძური ჯარისკაცი ასრულებს, წინათ იმის გაკეთება მე
მევალებოდა და ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის. ასე იწყებოდა ეგზეკუცია! არც ერთი
ზედმეტი ბგერა არ უშლიდა ხელს მანქანის მუშაობას. ზოგიერთი აღარც უმზერდა
სანახაობას, თვალდახუჭულები იწვნენ სილაში. ყველა მათგანმა იცოდა – სამართლიანობა
უნდა აღსრულებულიყო. სრულ სიჩუმეში ბრალდებულის კვნესაღა ისმოდა, ქეჩით
ჩახშობილი. დღეს მანქანა ვეღარ ახერხებს, ისეთი კვნესა აღმოახდენინოს ბრალდებულს,
როგორსაც ქეჩა ვერ ჩაახშობს. ადრე ნემსების წვეტები უმწარეს სითხეს გამოყოფდნენ,
რომლის გამოყენებაც დღეს აკრძალულია. და ასე დგებოდა მეექვსე საათი! შეუძლებელი
იყო ხალხის მოგერიება, ყველას ახლოდან სურდა დანახვა. კომენდანტის
განკარგულებით, განსაკუთრებული უპირატესობა ბავშვებს ენიჭებოდათ. მე ჩემი
კომპეტენცია უფლებას მაძლევდა, იქვე ვმდგარიყავი. ხშირად, ჩამუხლულს, ორივე ხელში
ბავშვები მყავდა აყვანილი. როგორი გაცისკროვნებული გამომეტყველება ეუფლებოდა
ჩვენს გატანჯულ სახეებს. როგორ დაგვკრავდა ღაწვებზე ამ ძლივს მიღწეული და უკვე
წარმავალი გამარჯვების სხივი! რა დიდებული დრო იყო, მეგობარო!“ ოფიცერს
დავიწყებოდა, ვინ ედგა გვერდით. ის მოგზაურს გადაეხვია და თავი მხარზე ჩამოადო.
საგონებელში ჩავარდნილმა, მოთმინებადაკარგულმა მოგზაურმა განზე გაიხედა.
ჯარისკაცს წმენდა მოემთავრებინა და ახლა თუნუქის ქილიდან ჯამში ბრინჯის ფაფას
ასხამდა. ბრალდებული უკვე მთლიანად გამოკეთებული ჩანდა. მან თვალი მოჰკრა ახალ
ულუფას და მაშინვე ენით გაიწია მისკენ. ამაზე ჯარისკაცმა ჯამი უკან გასწია, რადგან,
როგორც ჩანს, ფაფის დრო ჯერ არ დამდგარიყო. ჯარისკაცი საძაგლად იქცეოდა –
ბრალდებულის თვალწინ ჯამში ჭუჭყიან ხელებს ურევდა და ფაფას ტლეკდა.
ოფიცერი სწრაფად მოეგო გონს. „თქვენი აფორიაქება არც მიფიქრია,” – თქვა მან – „ ვიცი,
იმ დროის გაანალიზება შეუძლებელია. თანაც მანქანა ჯერ კიდევ განაგრძობს მუშაობას
და ამით უკვე ბევრს, ძალიან ბევრს ამბობს თავზე, თუნდაც მარტოდმარტო იდგეს ამხელა
ხეობაში. გვამიც, საბოლოოდ, ძველებური სინაზით ეშვება ორმოში, თუნდაც მის ირგვლივ
აღარ იდგეს ასობით ადამიანი. მაშინ მოაჯირით გვიწევდა ორმოს შემოსაზღვრა. ახლა ის
დიდი ხნის მოშლილია.“
ოფიცრისგან სახე რომ დაემალა, მოგზაური უაზროდ იყურებოდა აქეთ-იქით. ოფიცერს
ეგონა, უდაბურ ხეობას ათვალიერებსო, ამიტომ ხელებში ჩააფრინდა, გარშემო შემოუარა,
თვალებში ჩახედა და ჰკითხა:„გრძნობთ, რა სირცხვილია?“
მაგრამ მოგზაური დუმდა. ოფიცერი ცოტა ხნით მოსწყდა მას. ფეხები განზე გადგა, დოინჯი
შემოიწყო, გაყუჩდა და მიწას ჩააშტერდა. შემდეგ კი მოგზაურს გამამხნევებლად გაუღიმა
და თქვა: „გუშინ, როცა კომენდანტმა მოგიწვიათ, თქვენთან ახლოს ვიმყოფებოდი. გავიგე,
როგორ დაგპატიჟათ. კარგად ვიცნობ კომენდანტს. მაშინვე მივხვდი, რა მიზანიც ჰქონდა
თქვენს დაპატიჟებას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვს, ჩემ
წინააღმდეგ გამოსვლას ჯერ კიდევ ვერ ბედავს. თუმცა თქვენი, როგორც პატივსაცემი
უცხოელის აზრი ჩემ შესახებ, მისთვის მნიშვნელოვანია. ზუსტად გათვალა. თქვენ მხოლოდ
მეორე დღეა, რაც კუნძულზე იმყოფებით, არ იცნობდით ძველ კომენდანტსა და მის
შეხედულებებს, ევროპული მსოფლხედვით საზღვრავთ, სავარაუდოდ, პრინციპულად
ეწინააღმდეგებით სიკვდილით დასჯას როგორც ზოგადად, ისე კონკრეტულად და
განსაკუთრებით – ამ მანქანით მის აღსრულებას, და ბოლოს – თქვენ ხედავთ, რომ
სასჯელის აღსრულება არასაჯაროდ და, სამწუხაროდ, მწყობრიდან გამოსული მანქანით
ხორციელდება. განა ყოველივე ეს, ერთად აღებული, კომენდანტის აზრით, არ გაიძულებთ
ჩემი მეთოდი უსამართლოდ ჩათვალოთ? ხოლო თუ უსამართლოდ ჩათვლით, რა თქმა
უნდა, არ გაჩუმდებით (ისევ და ისევ კომენდანტის აზრით) და თქვენი მტკიცებულებების
ერთგული დარჩებით. თქვენ, რა თქმა უნდა, ბევრი ქვეყნის თავისებურებები გინახავთ და
მეცნიერულად განსჯით, აქედან გამომდინარე, იქნებ მთელი ძალით არც გაილაშქროთ ამ
მეთოდის წინააღმდეგ, როგორც ამას, ვთქვათ, თქვენს სამშობლოში გააკეთებდით.
მაგრამ ეს კომენდანტისთვის აუცილებელი არც არის. მისთვის მხოლოდ ერთი
უყურადღებო, გაუფრთხილებელი სიტყვაც საკმარისია. არ არის აუცილებელი, ეს სიტყვა
თქვენს მრწამსს გამოხატავდეს, თუ ის გარეგნულად მისი სურვილის შესაბამისი იქნება.
ჭკვიანურად რომ დაგკითხავთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მის გარშემო ქალბატონებს
ყურები ექნებათ დაცქვეტილი. ისინი იტყვიან: „ჩვენთან სამართალაღსრულება
სხვაგვარად ხდება,” ან: „ჩვენთან განაჩენის გამოტანამდე ბრალდებული უნდა
დაიკითხოს,” ან: „ჩვენთან, სიკვდილით დასჯის გარდა, სხვა სასჯელიც არსებობს,” ან:
„წამება ჩვენთან შუასაუკუნეების მერე გადავარდა“. ეს შენიშვნები, ერთი შეხედვით
მართებულია, და თქვენც ბუნებრივად გეჩვენებათ. უწყინარი შენიშვნებია, რომლებიც ჩემს
ქმედებებს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ როგორი რეაქცია ექნება მათზე კომენდანტს?
თვალწინ მიდგას, როგორ სწრაფად სწევს სკამს გვერდზე და აივნისკენ მიიჩქარის.
როგორ მიჰყვებიან უკან ქალბატონები. უკვე მესმის მისი ხმა – როგორც ქალბატონები
უწოდებენ – მქუხარე ხმა. და აი, ის იწყებს საუბარს: „დასავლეთის უდიდესი მკვლევარი,
რომელიც უფლებამოსილია, ყველა ქვეყანაში გადაამოწმოს სამართალწარმოება,
მიიჩნევს, რომ ჩვენი სასამართლო, თავისი ძველი ფორმით, ზედმეტად არაჰუმანურია.
ასეთი პერსონის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ჩემთვის შეუძლებელია ამ მეთოდის
ატანა. ამიტომ დღეიდან ვაწესებ – და ა. შ.“ თქვენ გინდათ შეაწყვეტინოთ და უთხრათ, რომ
თქვენ არ გიგულისხმიათ ის, რაც მან თქვა, რომ არ მოგიხსენებიათ ჩემი მეთოდი
არაჰუმანურად, რომ პირიქით, თქვენი ღრმა რწმენით, მას სწორედაც რომ უჰუმანურეს და
უადამიანურეს მეთოდად მიიჩნევთ, რომ მანქანითაც აღფრთოვანებული ხართ – მაგრამ
უკვე ძალზე გვიანაა. ქალბატონებით სავსე აივანზე გასვლა შეუძლებელია. თქვენ
ცდილობთ შეგამჩნიონ, ყვირილს აპირებთ, მაგრამ ერთ-ერთი ქალბატონი პირზე ხელს
გაფარებთ და ჩემი და ძველი კომენდანტის შედევრის დღეებიც დათვლილია.“
მოგზაურმა ღიმილი ძლივს შეიკავა. რა ადვილი ყოფილა მისი მოვალეობა, რომელიც მას
ძნელად ეჩვენებოდა. მან ორჭოფულად მიუგო: „თქვენ აჭარბებთ, როცა ჩემი გავლენის
შესახებ საუბრობთ. ის არც ისე დიდია. კომენდანტს წაკითხული აქვს ჩემი
რეკომენდაციები, მისთვის ცნობილია, რომ მე არ ვარ მართლმსაჯულების მცოდნე. და თუ
ამის შესახებ აზრს გამოვთქვამ, ეს მხოლოდ პირადი აზრი იქნება, სხვა კერძო პირის
აზრებისგან არაფრით განსხვავებული. კომენდანტის აზრთან შედარებით კი, რომლის
უფლებებიც ამ კოლონიაში თითქმის ყოვლისმომცველია, ძალზედ უმნიშვნელო. თუ მას,
თქვენი ფიქრით, ამ მეთოდზე ასეთი განსაკუთრებული აზრი აქვს, მაშინ ვშიშობ, მეთოდის
დასასრული ჩემი მოკრძალებული ჩარევის გარეშეც მოახლოებულია.“
ნეტა თუ ხვდებოდა ამას ოფიცერი? არა, ის ვერაფერს ხვდებოდა. მან თავი მხნედ გააქნია
და ბრალდებულსა და ჯარისკაცს გახედა, რომლებსაც ბრინჯისთვის თავი ენებებინათ და
განცვიფრებისგან მხრებს იჩეჩავდნენ. ოფიცერი მოგზაურს მიუახლოვდა, ისე, რომ სახეზე
არ შეუხედავს, მის პიჯაკს დააშტერდა და ადრინდელზე ხმადაბლა თქვა: „თქვენ არ
იცნობთ კომენდანტს. თქვენ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ჩვენზეც და მასზეც
გარკვეულწილად გულუბრყვილო წარმოდგენა გაქვთ. თქვენს გავლენას, მერწმუნეთ,
ბოლომდე ვერ აფასებთ. მე კი ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ეგზეკუციას მხოლოდ
თქვენ დაესწრებოდით. კომენდანტის ეს განკარგულება ჩემთვის დიდი დარტყმა უნდა
ყოფილიყო, მე კი მას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ. ზედმეტი ქირქილისა და
ზიზღნარევი გამოხედვების გარეშე, რასაც ხალხმრავალი ეგზეკუციის დროს თავიდან ვერ
აიცილებდით, თქვენ მოისმინეთ ჩემი განმარტებები, აპარატი დაათვალიერეთ და მზად
ხართ, ეგზეკუციას დაესწროთ. თქვენეული განაჩენი უთუოდ მზად გაქვთ. უმნიშვნელო
ეჭვებს დღევანდელი ეგზეკუცია გააქარწყლებს. ახლა კი მე თქვენ თხოვნით მოგმართავთ:
დამეხმარეთ ამ საქმეში კომენდანტის წინააღმდეგ!“
მოგზაურმა გაგრძელება აღარ აცალა. „ეს შეუძლებელია!“ – შესძახა მან – „ამას ვერ
შევძლებ. თქვენი დახმარება, ისევე როგორც თქვენთვის ზიანის მოყენება, ჩემს ძალებს
აღემატება.“
„თქვენ შეგიძლიათ!“ – თქვა ოფიცერმა. მოგზაურმა შიშით გახედა მის შეკრულ მუშტებს.
„თქვენ ეს შეგიძლიათ!“ – გაიმეორა ოფიცერმა კიდევ უფრო დაჟინებით. „მე მაქვს გეგმა,
რომელსაც განვახორციელებთ. ტყუილად ფიქრობთ, რომ თქვენი გავლენა საკმარისი
არაა. მე ვიცი, რომ ის საკმარისია. მაგრამ მართალიც რომ იყოთ, განა აუცილებელი არ
არის ამ მეთოდის შესანარჩუნებლად ნებისმიერი, თუნდაც არასაკმარისი საშუალებები
მოვსინჯოთ? ყური უგდეთ ჩემს გეგმას. მის განსახორციელებლად, პირველ რიგში,
აუცილებელია, რომ დღეს კოლონიაში ამ მეთოდზე აზრის გამოთქმისას მეტად
თავშეკავებული იყოთ. თუ პირადად არ გკითხეს, ინიციატივას ნუ გამოიჩენთ.
აუცილებლობის შემთხვევაში კი, თქვენი მოსაზრებები მოკლე და ზოგადი უნდა იყოს. უნდა
გეტყობოდეთ, რომ გიჭირთ ამაზე საუბარი, რომ ნაწყენი ხართ და რომ, თუკი ღიად
საუბარი გახდა საჭირო, წყევლა-კრულვას არ დააკლებდით. მე არ გთხოვთ, მოიტყუოთ.
არანაირად. მხოლოდ მოკლე-მოკლე პასუხები უნდა გასცეთ, აი, მაგალითად, ასე: „დიახ,
ეგზეკუციას დავესწარი.“ ან: „დიახ, ყველა განმარტება მოვისმინე.“ აი, მხოლოდ ეს, სხვა
არაფერი. წყენისთვის, რომელიც თქვენს სიტყვებში უნდა იგრძნობოდეს, საკმარისი
მიზეზია, თუნდაც კომენდანტთან შედარებით განსხვავებულად გამოხატული. ის, რა თქმა
უნდა, ყველაფერს სხვანაირად გაიგებს და თავისებურად გაშიფრავს. აი, ამას ეყრდნობა
ჩემი გეგმა. ხვალ, კომენდანტის თავმჯდომარეობით, კომენდატურაში გამგეობის ყველა
მაღალჩინოსნისთვის დიდი სხდომა გაიმართება. კომენდანტს, რა თქმა უნდა, ეხერხება
ასეთი სხდომების შოუდ გადაქცევა. გალერეაც კი ააშენეს, რომელიც მუდამ სავსეა
მაყურებლით. მე ვალდებულება მავალებს, კონსულტაციებში მონაწილეობა მივიღო,
თუმცა ზიზღისგან მაძაგძაგებს. თქვენ ამ სხდომაზე აუცილებლად მიგიწვევენ. ჩემი გეგმის
მიხედვით თუ იმოქმედებთ, ეს მოწვევა დაჟინებულ თხოვნადაც კი შეიძლება იქცეს. მაგრამ
თუკი მოხდა და, გაუგებარი მიზეზების გამო არ მიგიწვიეს, მოსაწვევი აუცილებლად უნდა
მოითხოვოთ. მას რომ ყველა ვარიანტში მიიღებთ, ეჭვგარეშეა. მაშ ასე, ესე იგი ხვალ
კომენდანტის ქალბატონებთან ერთად ზიხართ ლოჟაში. თქვენს იქ ყოფნაში რომ
დარწმუნდეს, კომენდანტი დროდადრო ზემოთ ამოიხედავს. სხვადასხვა არაარსებითი,
სასაცილო, მხოლოდ მსმენელზე გათვლილი საკითხის განხილვის შემდეგ, რასაც ხშირ
შემთხვევაში პორტის მშენებლობა (ისევ და ისევ პორტის მშენებლობა!) წარმოადგენს,
სასამართლოზე საუბრის დროც მოვა. თუკი კომენდანტი დააყოვნებს ან გადადებს ამ
ამბავს, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ საკითხი დაისვას. წამოვდგები და საზოგადოებას
დღევანდელი ეგზეკუციის შესახებ მოვახსენებ. ძალიან მოკლედ, მხოლოდ ამ მოხსენებას
გავაკეთებ. მართალია, ისეთი მოხსენება იქ მიღებული არ არის, მაგრამ მე მაინც
გავაკეთებ. კომენდანტი ჩვეული მეგობრული ღიმილით მადლობას გადამიხდის და ამ
ხელსაყრელ შემთხვევას ხელიდან აღარ გაუშვებს. „ამ წუთას“ – დაახლოებით ასე
დაიწყებს საუბარს – „მომხდარი ეგზეკუციის შესახებ გვაცნობეს. ამ განცხადებას იმასღა
დავამატებდი, რომ ეგზეკუციას ესწრებოდა ეს გამოჩენილი მკვლევარი, რომლის
სტუმრობაც, მოგეხსენებათ, ჩვენი კოლონიისთვის დიდი პატივია. მისი დასწრების გამო,
ჩვენი დღევანდელი სხდომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაშ ასე, ხომ არ
გვეკითხა ამ დიდი მკვლევარისთვის, რა აზრისაა ის ეგზეკუციის ძველ სახეზე და მისი
აღსრულების მეთოდებზე?“ ირგვლივ, რა თქმა უნდა, ტაში და საერთო თანხმობა გაისმის,
მე ყველაზე ხმამაღლა ვეთანხმები. კომენდანტი თქვენკენ იხრება და ამბობს: „მაშ, მე მას
ყველას სახელით დავუსვამ ამ კითხვას.“ თქვენ მოაჯირისკენ მიდიხართ და ზედ ხელებს
აწყობთ, ყველას თვალწინ, რომ ქალებმა თქვენი თითებით თამაში არ დაიწყონ. და აი,
ბოლოს და ბოლოს თქვენი გამოსვლის დროც დგება. არ ვიცი, როგორ გავუძლებ ამ
დარჩენილ დაძაბულ წუთებს. საუბრისას თავი არაფრით შეიზღუდოთ, სიმართლით
აახმაურეთ იქაურობა, მიახალეთ, დიახ, მიახალეთ კომენდანტს თქვენი აზრი, თქვენი
მტკიცე და შეურყეველი აზრი. ან იქნებ არ გსურთ ეს, იქნებ ეს თქვენს ხასიათს არ
შეჰფერის, ან თქვენს სამშობლოში ასეთ დროს სხვაგვარად იქცევიან? ამასაც არა უშავს,
ესეც საკმარისი იქნება. ნუ წამოდგებით, მხოლოდ ორიოდე სიტყვაც იკმარებს, თუნდაც
ჩურჩულით ნათქვამი, რომ ქვემოთ მსხდომი მოხელეების ყურამდე მიაღწიოს, ეს
საკმარისია. ნუ ისაუბრებთ იმაზე, რომ ეგზეკუციას თითქმის არავინ ესწრება, რომ მანქანა
ჭრიალებს, რომ ღვედია გამტყდარი, ჭუჭყიანი ქეჩის ნაჭერი კი გულს ურევს
ბრალდებულს. არა, ამ ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. და მენდეთ, ჩემი სიტყვები მას
დარბაზიდან თუ არ გააქცევს, დაჩოქებით მაინც დააჩოქებს, რათა იძულებული გახდეს და
აღიაროს – ძველო კომენდანტო, ქედს ვიხრი შენ წინაშე. აი, ესაა ჩემი გეგმა. ხომ
დამეხმარებით მის განხორციელებაში? რა თქმა უნდა, დამეხმარებით. უფრო მეტიც,
ვალდებული ხართ, დამეხმაროთ.“ ოფიცერმა მოგზაურს ხელები მკლავებში ჩაავლო.
სუნთქვააჩქარებულმა ბოლო წინადადება იმხელა ხმით ამოიყვრა, რომ ჯარისკაცმა და
ბრალდებულმა ყურები დაცქვიტეს. თუმცა ვერაფერს ხვდებოდნენ, საჭმელს მოწყდნენ და
ღეჭვა-ღეჭვით გაიხედეს მოგზაურისკენ.
მოგზაურმა თავიდანვე გადაჭრით იცოდა, რაც უნდა ეპასუხა. ცხოვრებაში საკმაო
გამოცდილება მიეღო საიმისოდ, რომ ასეთ დროს არ ეყოყმანა. არსებითად ის იყო
მართალი და უშიშარი ადამიანი. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცისა და ბრალდებულის
მზერამ წამით დააფიქრა. მაგრამ ბოლოს, როგორც აპირებდა, თქვა: „არა“. ოფიცერს
თვალები აუელვარდა, თუმცა მზერა წამითაც კი არ მოუწყვეტია მისთვის. „გსურთ
განგიმარტოთ?“ – იკითხა მოგზაურმა. ოფიცერმა თავი უხმოდ დაუკრა. „მე ამ მეთოდის
წინააღმდეგი გახლავართ“ – თქვა მოგზაურმა, – „თქვენს ნდობას არავითარ შემთხვევაში
ბოროტად არ გამოვიყენებ, მაგრამ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ნდობას გამომიცხადებდით,
დავფიქრდი – მქონდა თუ არა უფლება, ამ მეთოდის წინააღმდეგ გამოვსულიყავი და
ექნებოდა თუ არა ჩემს ჩარევას წარმატების თუნდაც მცირე შანსი. ვისთვის უნდა
მიმემართა უპირველეს ყოვლისა, ცხადი იყო – კომენდანტისთვის. თქვენ ამაში კიდევ
უფრო დამარწმუნეთ, თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე თქვენ არ მიგიყვანივართ. პირიქით,
თქვენი შეხედულებები მეტად ამაღელვებელია, თუმცაღა მათ ჩემი გადაბირება არ
ძალუძთ.“
ოფიცერი დუმდა. ის მანქანისკენ მიბრუნდა, მეტალის ღერძს ხელი შეავლო, შემდეგ კი
უკან გადახრილმა კალმისკენ აიხედა, თითქოს ამოწმებდა, ხომ ყველაფერი წესრიგშიაო.
როგორც ჩანდა, ჯარისკაცი და ბრალდებული ამასობაში დამეგობრებულიყვნენ.
ბრალდებულმა, თუმცა მაგრად იყო შებორკილი, მოახერხა და ჯარისკაცს რაღაც ანიშნა.
ჯარისკაცი მისკენ დაიხარა. ბრალდებულმა მას ყურში ჩასჩურჩულა. ჯარისკაცმა თავი
დაუკრა.
მოგზაური ოფიცერს მიჰყვა. „თქვენ ჯერ არ იცით, რას ვაპირებ,“ – თქვა მან. მე მოვახსენებ
კომენდანტს ჩემს აზრს, მაგრამ არა სხდომაზე, არამედ პირადად. აქ იმდენ ხანს არ
ვრჩები, რომ რაიმე სხდომებში მივიღო მონაწილეობა. გამგზავრებას ხვალ დილითვე
ვაპირებ, შესაძლებელია გემსაც გავყვე.“ ოფიცერი თითქოს არც უსმენდა. „მაშასადამე,
სამართალაღსრულება არ მოგეწონათ,“ – ჩაილაპარაკა მან ღიმილით, ისე, როგორც
მოხუცებს ეღიმებათ ხოლმე ბავშვურ სისულელეებზე, როცა ამ ღიმილს მიღმა ნამდვილ
ფიქრებს მალავენ.
„მაშასადამე, დროა,“ – თქვა მან უცებ და მოგზაურს ანთებული მზერა მიაგება, რომლითაც
თითქოს თანამონაწილეობისკენ მოუხმობდა.
„რისი დროა?“ – იკითხა ანერვიულებულმა მოგზაურმა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
„თავისუფალი ხარ,“ – უთხრა ოფიცერმა ბრალდებულს მის ენაზე. ბრალდებულმა თავიდან
არ დაიჯერა. „თავისუფალი ხარ-მეთქი,“ – გაიმეორა ოფიცერმა. ბრალდებულს სახეზე ამ
დროის განმავლობაში პირველად დაეტყო სიცოცხლე. ნუთუ ეს სიმართლე იყო? თუ
მხოლოდ ოფიცრის წუთიერი ახირება, რომელიც შესაძლოა კიდეც შეცვლილიყო? ან
იქნებ უცნობმა მოგზაურმა უბოძა მას ეს მოწყალება? რა იყო ეს? ამდაგვარი კითხვები
ეწერა ბრალდებულს სახეზე. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. რაც უნდა
ყოფილიყო, მას სურდა, თუკი ამის უფლება მისცეს, თავისუფალი ყოფილიყო. ამიტომ
ბრალდებული, როგორც შეეძლო, აწრიალდა.
„ღვედები არ გამიწყვიტო!“ – იყვირა ოფიცერმა – „დამშვიდდი, ახლავე აგიხსნით.“ ამ
სიტყვებით მან ჯარისკაცს ნიშანი მისცა და ისიც საქმეს შეუდგა. ბრალდებული თავისთვის,
უხმოდ იცინოდა. ხან მარცხნივ, ოფიცრისკენ აბრუნებდა სახეს, ხანაც მარჯვნივ,
ჯარისკაცისკენ იყურებოდა და არც მოგზაურს ივიწყებდა. „გადმოიყვანე,“ – უბრძანა
ოფიცერმა ჯარისკაცს. ფარცხის გამო ფრთხილად უნდა ემოქმედათ. ბრალდებულს
მოუთმენლობის გამო რამდენიმე ადგილას უკვე გაკაწვროდა ზურგი. მაგრამ ოფიცერი
მას ყურადღებას აღარ აქცევდა. ის მოგზაურს მიუახლოვდა, ჯიბიდან ტყავის საქაღალდე
ამოაძვრინა, გადაფურცლა, როგორც იქნა იპოვნა საჭირო ფურცელი და მოგზაურს
გაუწოდა. „წაიკითხეთ,“ – თქვა მან. „არ შემიძლია,“ – უპასუხა მოგზაურმა – „აკი გითხარით,
არ შემიძლია ამ ფურცლების კითხვა“. „კარგად დააკვირდით,“ – გაიმეორა ოფიცერმა და
მოგზაურს გვერდით დაუდგა, რათა მასთან ერთად წაეკითხა. როცა არც ამან გაჭრა, მან,
თითქოს ფურცლის შეხება აკრძალული აქვსო, ნეკა თითით ჰაერში მოხაზა ასოები, რათა
მოგზაურისთვის ასე გაეადვილებინა კითხვა. მოგზაურმა თავს ძალა დაატანა, სხვა თუ
არაფერი, ოფიცერისთვის რომ ესიამოვნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ოფიცერმა
ნაწერის დამარცვლა დაიწყო, ბოლოს კი წინადადება თავიდან ბოლომდე წარმოთქვა:
„იყავ სამართლიანი! – წერია აქ. ახლა ხომ შეგიძლიათ წაკითხვა“. მოგზაური
ქაღალდისკენ დაიხარა. ოფიცერს ისევ შეეშინდა, არ შეეხოსო და ფურცლები განზე
გასწია. მოგზაური აღარაფერს ამბობდა, მაგრამ აშკარა იყო, ნაწერის ამოკითხვა მაინც არ
შეეძლო. „იყავ სამართლიანი! – ასე წერია,“ გაიმეორა ოფიცერმა. „შესაძლებელია“ –
უპასუხა მოგზაურმა – „მჯერა, რომ ასე წერია“. „კეთილი,“ – თქვა ნაწილობრივ
დაკმაყოფილებულმა ოფიცერმა და ფურცლებით ხელში კიბეზე აძვრა. მან ფურცლები
დიდი სიფრთხილით მოათავსა კალამში და კბილანა-რგოლების გადაწყობას შეუდგა. ეს
არ იყო ადვილი. საქმე, როგორც ჩანდა, პატარ-პატარა რგოლებს ეხებოდა და
ზედმიწევნით სიზუსტეს მოითხოვდა. ამიტომ დროდადრო ოფიცერს მთელი თავით
უწევდა კალამში შეძრომა.
ქვემოდან მოგზაური თვალს არ სწყვეტდა ამ საქმიანობას. კისერი დაუბუჟდა და მზის
ჭარბმა შუქმა თვალები ატკინა. ჯარისკაცი და ბრალდებული ერთმანეთს ართობდნენ.
ბრალდებულის შარვალი და პერანგი, რომლებიც ორმოში ეყარა, ჯარისკაცმა ხისტის
წვერით ამოიღო. პერანგი საშინლად დასვრილიყო, ამიტომ ბრალდებულმა ის წყლიან
სათლში ამოავლო. შარვალ-პერანგის ჩაცმის შემდეგ ბრალდებულსა და ჯარისკაცს
ხმამაღლა გაეცინათ, რადგან ტანსაცმელი უკანა მხარეს ორად იყო გაჭრილი. როგორც
ჩანს, ბრალდებული თავს ვალდებულად თვლიდა, ჯარისკაცის გართობაზე ეზრუნა,
ამიტომ მის წინ ტრიალს მოჰყვა. ბრალდებული ჩამუხლულიყო და სიცილისგან ხელებს
მუხლებზე იტყაპუნებდა. თუმცა ბატონების თანდასწრების გამო ორივე ცდილობდა,
თავშეკავებული ყოფილიყო.
ოფიცერმა, როგორც კი კიბეზე საქმიანობა მოამთავრა, ყველაფერი კიდევ ერთხელ
დეტალურად მოათვალიერა. კალამს აქამდე ღია თავსახური დააფარა, შემდეგ კიბიდან
ჩამოვიდა, ჯერ ორმოში ჩაიხედა და მერე ბრალდებულს გახედა. კმაყოფილი იყო იმით,
რომ ამ უკანასკნელს ტანსაცმლის ამოღება უკვე მოესწრო. ამის შემდეგ ოფიცერი
ხელების დასაბანად წყლიანი სათლისკენ გაემართა. ბინძური წყლით უკმაყოფილო,
მეტად დამწუხრდა იმაზე, რომ ხელების დაბანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ ისინი
მიწაში ჩაყო. ამ ალტერნატივამ სრულებით არ დააკმაყოფილა, მაგრამ სხვა გზა არ
ჰქონდა. შემდეგ წამოდგა და მუნდირის ღილების შეხსნას შეუდგა. ამ დროს ხელში ქალის
ცხვირსახოცები მოხვდა, მანამდე საყელოში რომ ჩაეტენა. „აიღე შენი ცხვირსახოცები,“ –
თქვა მან და ისინი ბრალდებულისკენ ისროლა. „სახსოვარი ქალბატონებისგან,“ –
განმარტა მან მოგზაურის მისამართით.
მიუხედავად სიჩქარისა, რომლითაც მან მუნდირი გაიხადა, შემდეგ კი მთლიანად
გაშიშვლდა, ტანსაცმელს მაინც დიდი სიფრთხილით ეპყრობოდა. მუნდირის
აქსელბანდებს განსაკუთრებული მზრუნველობითაც კი გადაუსვა თითი და ფოჩიც
გაუსწორა. თუმცა ამ ზრუნვას არაფრით შეესაბამებოდა ის, რომ ოფიცერი ტანსაცმელს
გასწორებისთანავე უკმაყოფილოდ ისროდა ორმოში. უკანასკნელი ნივთი, რაც შერჩა,
დაშნა აღმოჩნდა, ყაწიმითურთ. ქარქაშიდან ამოიღო და გადატეხა. შემდეგ კი ეს
ყველაფერი – დაშნის ნაწილები, ქარქაში და ყაწიმი – ისეთი ძალით მოისროლა
ორმოსკენ, რომ იქიდან ყურისწამღები ჟღრიალი გაისმა.
ახლა ის შიშველი იდგა. მოგზაურმა ტუჩზე იკბინა. სიტყვას არ ძრავდა. მან იცოდა, რაც
მოხდებოდა, მაგრამ უფლება არ ჰქონდა, ოფიცრისთვის რამე აეკრძალა. თუკი
სამართალაღსრულების ამ მეთოდს, რომელიც ოფიცრისთვის ასე ძვირფასი იყო,
მართლაც აკრძალვა ემუქრებოდა (სავარაუდოდ, მოგზაურის ჩარევის წყალობითაც, რაც
მას თავის პირდაპირ მოვალეობად მიაჩნდა), მაშინ ოფიცრის საქციელი სრულიად
მართებული იყო. მის ადგილზე მოგზაურიც სწორედ ასე მოიქცეოდა.
ჯარისკაცს და ბრალდებულს ჯერ ვერაფერი გაეგოთ და თავიდან ოფიცრისკენ არც კი
იყურებოდნენ. ბრალდებული ცხვირსახოცების დაბრუნებით მეტად გახარებული ჩანდა.
თუმცა ამ სიხარულმა დიდხანს არ გასტანა – ჯარისკაცმა სწრაფად და მოულოდნელად
ცხვირსახოცები ხელიდან გამოსტაცა. ბრალდებული შეეცადა, კუთვნილი ცხვირსახოცები
როგორმე ამოეძვრინა ჯარისკაცის ქამრიდან, მაგრამ ამაოდ – ჯარისკაცი ფხიზლობდა.
ასე, ნახევრადხუმრობით ჩხუბობდნენ ერთხანს და გონს მხოლოდ მაშინ მოეგნენ, როცა
ოფიცერი სრულიად გაშიშვლდა. ბრალდებული განსაკუთრებით შეძრული ჩანდა
მოსალოდნელი ცვლილებების მოლოდინში. რაც მას დაემართა, ის ახლა ოფიცრის
ხვედრი გამხდარიყო და ყველაფერი, სავარაუდოდ, აღსრულებისკენ მიდიოდა. ეტყობა,
უცხო მოგზაურს გაეცა ამის განკარგულება. გამოდის, რომ ეს შურისძიება იყო. მიუხედავად
იმისა, რომ მისი წამება ბოლომდე არ განხორციელდა, მასზე შურს ბოლომდე იძიებდნენ.
ბრალდებულს უტყვად გაეღიმა და ეს ღიმილი სახიდან აღარც მოსცილებია.
ამასობაში ოფიცერი მანქანას მიუბრუნდა. თუკი აქამდეც აშკარა იყო, რომ მას მანქანა
ძალიან კარგად ესმოდა, ახლა ის კიდევ უფრო საზარლად მართავდა მექანიზმს და
აპარატიც გასაოცრად ემორჩილებოდა ოფიცერს. საკმარისი იყო, ფარცხისთვის ხელის
მიახლოება და მან მაშინვე ზემოთ-ქვემოთ დაიწყო მოძრაობა, სანამ იმ სასურველ
მდგომარეობას არ მიაღწია, რომელიც მასზე ოფიცრის მოსათავსებლად იყო საჭირო.
საწოლის კიდესთან შეხებისთანავე საწოლმა ძაგძაგი დაიწყო. ქეჩის ნაჭერი ზუსტად
ოფიცრის პირისპირ აღმოჩნდა. ჩანდა, როგორ არ სურდა ოფიცერს ქეჩის პირში ჩადება,
მაგრამ ყოყმანმა მხოლოდ ერთს წამს გასტანა – ოფიცერმა თავს ძალა დაატანა და ქეჩა
პირში ჩაიდო. ყველაფერი მზად იყო. ღვედებიღა ეკიდა აქეთ-იქიდან, მაგრამ მათ
სავარაუდოდ აღარ გამოიყენებდნენ – ოფიცრის შებორკვა საჭიროებას არ
წარმოადგენდა. ამ დროს ბრალდებულმა ჩამოშვებული ღვედები შენიშნა. მისი აზრით,
ეგზეკუცია სრულყოფილი არ იქნებოდა, თუ ღვედებს არ დაამაგრებდნენ. მან ჯარისკაცს
ნიშანი მისცა და ისინი სასწრაფოდ ოფიცრის შესაბორკად გაეშურნენ. ამ უკანასკნელს
ცალი ფეხი უკვე გაეშვირა ჩასართავის გადასაბრუნებლად, რომლითაც კალამი უნდა
ამუშავებულიყო. ამ დროს მასთან მისული ჯარისკაცი და ბრალდებული შეამჩნია, ფეხი
უკან გამოსწია და შებორკვისთვის მოემზადა. მაგრამ ასე ჩამრთველს ვეღარ სწვდებოდა.
არც ჯარისკაცს და არც ბრალდებულს ჩამრთველის პოვნა არ შეეძლოთ, მოგზაურს კი
გადაეწყვიტა, არ ჩარეულიყო. თუმცა ჩარევა საჭირო აღარ გახდა. როგორც კი ღვედები
შეკრეს, მანქანა თავისით ამუშავდა. საწოლმა ძაგძაგი დაიწყო. ნემსები კანზე აცეკვდნენ,
ფარცხი ჰაერში ადი-ჩადიოდა. მანქანასმიჩერებულ მოგზაურს უცებ გაახსენდა, რომ
კალამში წესით ერთი რგოლი უნდა აჭრიალებულიყო. მაგრამ არაფრის ხმა არ ისმოდა.
მანქანა უხმოდ აგრძელებდა მუშაობას.
ამის გამო მანქანისადმი ინტერესი სრულიად განელდა. მოგზაურმა მზერა ჯარისკაცისა და
ბრალდებულისკენ გადაიტანა. ბრალდებული უფრო მხნედ იდგა. ის მანქანას ინტერესით
აკვირდებოდა, ხან მისკენ დახრილი, ხან ფეხისწვერებზე აწეული; საჩვენებელი თითი
მანქანისკენ გაეშვირა და ჯარისკაცს გამუდმებით რაღაცას უჩვენებდა. მოგზაურს ეს
აღიზიანებდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე დარჩენილიყო, მაგრამ გრძნობდა –
ამ ორის ყურებას ვეღარ იტანდა. „წადით სახლებში!“ – თქვა მან. ამაზე ჯარისკაცი იქნებ
თანახმა ყოფილიყო, მაგრამ ბრალდებულისთვის მოგზაურის ბრძანება სასჯელის
ტოლფასი აღმოჩნდა. მან ხელისგულები შეაერთა, მხურვალედ სთხოვა მოგზაურს
დარჩენის უფლება და როცა ამ უკანასკნელმა უარის ნიშნად თავი გადააქნია,
ბრალდებული მის წინაშე მუხლებზე დაეცა. მოგზაური მიხვდა, რომ ბრძანებებით
ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ მათი ძალით გაგდება მოინდომა. ამ დროს კალამში
რაღაც ახმაურდა. მოგზაურმა მაღლა აიხედა. ნუთუ კბილანა მაინც მოიშალა? მაგრამ არა,
ეს რაღაც სხვა იყო. კალმის თავსახური ნელა აიწია და ბოლოს მთლიანად გაიხსნა. ჯერ
კბილანა ამოიწვერა, მერე კი კბილანას რგოლიც გამოჩნდა, გეგონებოდა, რაღაც ძალა
კალამს აქეთ-იქიდან ჭეჭყავს და ამ რგოლს ადგილი აღარ ჰყოფნისო. რგოლი კალმის
კიდემდე მიიწია, იქიდან გადმოგორდა, სილაში დაბზრიალდა და იქვე დაეცა. ამ დროს
ზემოთ კიდევ ერთი რგოლი ამოიჩარა, იმას სხვა, უფრო დიდი და შედარებით მცირე
რგოლები მიჰყვნენ, ზოგი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავებული. ყველა
მათგანი ერთსა და იმავე მოძრაობებს იმეორებდა და სილაში ეცემოდა. ყოველ ჯერზე
ჩნდებოდა შეგრძნება, რომ კალამი ბოლოს და ბოლოს დაცარიელდა, მაგრამ სწორედ ამ
დროს რგოლების ახალი ჯგუფი ცვიოდა კალმიდან, სილაში ბზრიალებდა და იქვე
ვარდებოდა. ამასობაში ბრალდებულს სრულიად გადაავიწყდა მოგზაურის ბრძანება,
კბილანების რგოლებით აღტაცებული იყო, სურდა შეხებოდა მათ, ჯარისკაცს დახმარებას
სთხოვდა, მაგრამ ყოველ ჯერზე შიშით მიჰქონდა ხელი უკან, რადგან რგოლების ახალი
წყება შეუჩერებლივ ცვიოდა კალმიდან და ბრალდებულს (ყოველ შემთხვევაში,
დაგორების პროცესში) შიშს ჰგვრიდა.
მოგზაური, ბრალდებულისგან განსხვავებით, მეტად შეწუხებული ჩანდა. მანქანა აშკარად
იშლებოდა. მისი მშვიდი მოქმედება მაცდუნებელი იყო. მოგზაურს დაეუფლა შეგრძნება,
რომ აუცილებლად უნდა დახმარებოდა ოფიცერს, რადგან მას თავის თავზე ზრუნვა არ
შეეძლო. მაგრამ მთელი ყურადღებით რგოლებისკენ მიპყრობილი, მანქანის დანარჩენი
ნაწილების მუშაობას თვალყურს ვეღარ ადევნებდა. ახლა კი, უკანასკნელი რგოლის
გადმოვარდნის შემდეგ ფარცხისკენ დახრილ მოგზაურს კიდევ ერთი, უფრო
გასაბრაზებელი სიურპრიზი ელოდა. ფარცხი არ წერდა. ის მხოლოდ სხეულში
ჩარჭობილიყო, საწოლი კი სხეულს აღარ აბრუნებდა, არამედ მხოლოდ ნემსებზე აცვამდა
ცახცახით. მოგზაურმა ჩარევა და ყველაფრის შეჩერება სცადა. ეს აღარ იყო თვითგვემა,
რისკენაც ოფიცერი მიისწრაფვოდა, ეს უკვე პირდაპირი მკვლელობა გახლდათ.
მოგზაურმა ხელები მანქანისკენ გაიშვირა. ამ დროს ფარცხი, ზედ ჩამოცმული სხეულით,
გვერდზე გაიწია, რაც მას ჩვეულებრივ მხოლოდ მეთორმეტე საათზე უნდა გაეკეთებინა.
სისხლი ნიაღვრებად ასხამდა ყველა მხარეს. ის არ იყო წყალში გაზავებული, რადგან
წყლის პატარა მილებსაც ემტყუნათ. და ბოლოს, მოშლილიყო გრძელი ნემსებიც – ისინი
აღარაფრით შორდებოდნენ სხეულს, რომელიც, სისხლისგან თითქმის დაცლილი,
ორმოზე ზემოდან ეკიდა და შიგ არ ვარდებოდა. „მომეხმარეთ!“ – გასძახა მოგზაურმა
ჯარისკაცს და ბრალდებულს, თავად კი ფეხებში სწვდა ოფიცერს. მას სურდა, დანარჩენებს
თავი დაეჭირათ და ასე ნელ-ნელა აეხსნათ ოფიცერი ნემსებიდან. მაგრამ იმ ორს
ოფიცერთან მიახლოება ვერ გადაეწყვიტა. ბრალდებულმა მათ ზურგიც კი აქცია.
მოგზაური იძულებული გახდა, მათთან მისულიყო და ოფიცრის თავთან მიეთრია ორივე.
ამ დროს, თითქმის საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, მან გვამის სახეს მოჰკრა თვალი.
გვამი თითქმის ცოცხალს ჰგავდა. არავითარი განწმენდა, რაზეც მანამდე ოფიცერი
ლაპარაკობდა, მის სახეს არ აჩნდა. მას ვერ მიეღწია იმისთვის, რასაც დანარჩენები ამ
მანქანის მეშვეობით ჰპოვებდნენ. ტუჩები თითქმის დაემუწა. მის ღიად დარჩენილ,
ცოცხალივით თვალებში სიმშვიდე და დამაჯერებლობა იკითხებოდა. შუბლში რკინის
დიდი სარჭის წვეტი ჰქონდა ჩარჭობილი.
როცა მოგზაური მის უკან მიმავალ ჯარისკაცსა და ბრალდებულთან ერთად კოლონიის
პირველ სახლებს მიუახლოვდა, ჯარისკაცმა ხელი ერთ-ერთი სახლისკენ გაიშვირა და
თქვა:„ეს ჩაის სახლია“.
ეს გახლდათ სახლის პირველ სართულზე მდებარე, ღრმად შესული, დაბალი, სოროსავით
ოთახი, გამურული კედლებითა და ჭერით. ქუჩის მხრიდან ფართოდ იყო მოღებული. ჩაის
სახლი თითქმის არ განსხვავდებოდა კოლონიის სხვა სახლებისგან, რომლებიც,
კომენდატურის სასახლისებური შენობის გარდა, საკმაოდ ღარიბულად
გამოიყურებოდნენ, მაგრამ მან მოგზაურზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქოს
ისტორიული ღირებულების ყოფილიყო. მოგზაურმა ძველი დროის სიძლიერე იგრძნო.
თანამგზავრების წინ მიმავალი, შენობას მიუახლოვდა, საჩაიეს წინ მდგარ ცარიელ
მაგიდებს შორის გაიარა და შიგნიდან გამოსული აყროლებული ჰაერი ჩაისუნთქა.„ბებერი
აქ მარხია,“ – თქვა ჯარისკაცმა, – „სასულიერო პირებმა სასაფლაოზე დაკრძალვის
უფლება არ მისცეს. დიდხანს ფიქრობდნენ, სად დაემარხათ. ბოლოს აქ დამარხეს. ამის
შესახებ ოფიცერი, რა თქმა უნდა, არ მოგიყვებოდათ, რადგან ყველაზე მეტად რცხვენოდა
ამ ამბის. რამდენჯერმე, ღამით, ბებრის ამოთხრაც კი დააპირა, მაგრამ გააგდეს აქედან.“
„სად არის საფლავი?“ – იკითხა მოგზაურმა, რადგან ჯარისკაცის ნაამბობის დაჯერება ვერ
შეძლო. ჯარისკაცი და ბრალდებული სწრაფად მოშორდნენ და ხელები იქით გაიშვირეს,
სადაც, მათი აზრით, საფლავი მდებარეობდა. ისინი მოგზაურს უკანა კედლისკენ
გაუძღვნენ. რამდენიმე მაგიდას სტუმრები უსხდნენ – სავარაუდოდ, ნავსადგურის მუშები,
ჩაფსკვნილი კაცები მოკლე, შავად მბზინავი წვერით. დაფლეთილ პერანგებზე პიჯაკები
არ ეცვათ. ეს იყო ღატაკი, დაბალი ფენა. მოგზაურის მიახლოებისას ისინი ფეხზე
წამოდგნენ, კედელს აეკრნენ და ასე მიაჩერდნენ მას. „ეს უცხოელია,“- გაისმა ირგვლივ
ჩურჩული – „საფლავის ნახვა სურს“. მუშებმა ერთ-ერთი მაგიდა გვერდზე გასწიეს და მის
ქვეშ მართლა გამოჩნდა საფლავის ქვა. ჩვეულებრივი ქვა იყო, საკმარისად დაბალი
იმისთვის, რომ მაგიდის ქვეშ დაემალათ. მასზე ძალიან პატარა ასოებით გაეკეთებინათ
ეპიტაფია, რომლის წასაკითხადაც მოგზაურს ჩამუხვლა მოუწია. ქვაზე ეწერა: „აქ
განისვენებს მოხუცი კომენდანტი. მისმა მიმდევრებმა, რომლებსაც ახლა თავიანთი
ვინაობის გამჟღავნება არ ძალუძთ, გათხარეს მისთვის ეს საფლავი და დაადგეს მას ეს
ქვა. წინასწარმეტყველების თანახმად, გარკვეული წლების შემდეგ კომენდანტი აღსდგება.
ის ამ სახლიდან უწინამძღვრებს თავის მიმდევრებს კოლონიის ხელახლა დასაპყრობად.
გწამდეთ და ელოდეთ!“ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მოგზაური წამოდგა. მის გარშემო
მდგარი მუშები ისე იცინოდნენ, თითქოს წარწერა მასთან ერთად წაიკითხეს, სასაცილო
ეჩვენათ და ახლა მისგან ამ აზრის გაზიარებას ითხოვენო. მოგზაურმა არაფერი შეიმჩნია,
მუშებს ხურდა ფული დაურიგა, დაელოდა, სანამ საფლავს ისევ მაგიდას დაადგამდნენ,
შემდეგ კი იქაურობა დატოვა და ნავსადგურისკენ გაუყვა გზას.
ჯარისკაცი და ბრალდებული საჩაიეში ნაცნობს შეხვდნენ, რის გამოც შეყოვნება მოუწიათ.
თუმცა, როგორც ჩანს, მალევე გაეცალნენ იქაურობას და თითქმის დაეწივნენ მოგზაურს,
რომელსაც ნავებისკენ მიმავალი გრძელი კიბის ნახევარი უკვე გაევლო. სავარაუდოდ,
სურდათ, ბოლო წუთს ეიძულებინათ მოგზაური, ისინიც თან წაეყვანა. სანამ მოგზაური
ქვემოთ მენავეს გემთან მიყვანაზე ურიგდებოდა, ეს ორი კისრისტეხით დაეშვა კიბეზე,
უხმოდ, რადგან ხმის ამოღება ვერ გაებედათ. მაგრამ, როცა იქამდე ჩაირბინეს, მოგზაური
უკვე ნავში იყო და მენავემაც ის-ის იყო, მოსწყვიტა ნავი ნაპირს. მათ ჯერ კიდევ შეეძლოთ
ნავში ჩახტომა, მაგრამ მოგზაურმა ნავის ძირიდან მძიმე, გაკვანძული თოკი აიღო და
მუქარით აიძულა ისინი, განზრახვაზე უარი ეთქვათ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button